Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - საეკლესიო კანონთა კომენტატორები და მათი მნიშვნელობა 2 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
საეკლესიო კანონთა კომენტატორები და მათი მნიშვნელობა
წმიდა საეკლესიო კრება
ავტორი: პროფ. მიხაილ ანდრიას ძე ოსტროუმოვი. ამონაწერები ნაშრომიდან: Очерк православного церковного права. Отдел второй. О памятниках церковного права, как источнике науки церковного права.
 
 
იოანე ზონარას კომენტარები
 

1. ბიოგრაფიული ცნობები

ბერი იოანე ზონარა (Ζωναρᾶς) (1), სავარაუდოდ, წარმოშობით იყო იმ გვარიდან, რომელიც ბიზანტიაში ცნობილია, უკიდურეს შემთხვევაში, კონსტანტინე პორფიროგენეტის დროიდან, რომლის დროსაც მის წინაპარს სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეპყრა (2).
 
თვით ზონარა ბერად აღკვეცმდე კომნენოსთა კარზე მსახურობდა: ის იყო ვიგლას დიდი დრუნგარიუსი და პროტოასიკრიტი (μέγας δρουγγαρίος τῆς βίγλας καὶ πρωτοασηκρῆτις), ანუ საიმპერატორო ლეიბ-გვარდიის ანუ დაცვის უფროსი (3). სავარაუდოდ მას ერში ნიკოლოზი ერქვა; უკიდურეს შემთხვევაში 1156 წლის კრებაზე დამსწრეთა შორის, მანუელის დროს, მეფის კარის მოხელეთა შორის ირიცხება პროტოასიკრიტი ნიკოლოზ ზონარა (μεγαλεπιφανέστατος πρωτοασηκρῆτις Νικόλαος ὁ Ζωναρᾶς) (4). თუკი ეს ნიკოლოზი და იოანე ერთი და იგივე პიროვნებაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ზონარა ბერად უკვე 1156 წლის შემდეგ აღკვეცილა.
 
თავისი ქრონიკის წინასიტყვაობაში ზონარა ამბობს, რომ საერო ცხოვრებიდან მისი განშორების მიზეზი ძალზედ ახლობელი ადამიანების დაკარგვა გახდა, ხოლო თვით ქრონიკებიდან ვიგებთ, რომ მისი სამონასტრო დაყუდების ადგილად დედაქალაქიდან დაშორებით მდებარე კუნძული სახელდება, სადაც წიგნები ძნელად ხელმისაწვდომი იყო (5).
 
კანონთა განმარტების ზოგიერთ ხელნაწერში ის წმ. გლიკერიის მონასტრის ბერად იწოდება (6), რომელიც იმავე სახელწოდების კუნძულზე იმყოფებოდა პროპონტიდაში (7). სავარაუდოდ ამ მონასტერში დაწერა (ან დაასრულა) მან ყველა თავისი თხზულება, რადგან ყველა მისი სამეცნიერო ნაშრომის დასათაურებაში ისინი იწოდებიან ნაშრომებად "ბერ იოანე ზონარასი, რომელიც იყო ვიგლას ყოფილი დრუგარიუსი და პროტოასიკრიტი".
 
მისი პირველი ნაშრომი გახლდათ ქრონიკა; რადგან მის შესავალში ავტორი ამბობს, რომ მისი დაწერის დაწყებამდე სრულ უმოქმედობაში იყო და ვერ პოულობდა საკუთარ თავში საკმარის ენერგიას, რათა, მეგობართა თხოვნით, ხელი მოეკიდა საწერ-კალმისთვის და წიგნებისთვის (8). ის წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოს ან მის შემოკლებულ გადმოცემას (ἐμοὶ δ’ ἐπιτομὴν ἰστορίας πεποιημένῳ) (9), რომელიც შედგენილია საუკეთესო წყაროების მიხედვით, რომელთაგან ზოგიერთი სადღეისოდ დაკარგულია (10).
 
წინამორბედ ქრონიკებთან შედარებით ზონარას ისტორია წარმოადგენს თვალსაჩინო ღირსებას, როგორც თავისი წყაროების სიუხვით, ასევე იმ უმაღლესი მოთხოვნილებებით, რომლის დაკმაყოფილებასაც ის ესწრაფვის (11).
 
ზოგიერთ ადგილებში ის მაინც ეხება გვიანდელი დროის ზოგიერთ პირსა და მოვლენას, ეს კი უთითებს იმაზე, რომ მისი ისტორია დაიწერა ალექსი კომნინოსის გარდაცვალებიდან გარკვეული ხნის შემდეგ (12). ზონარას კიდევ უფრო ღირსშესანიშნავი შრომაა მის მიერ მოცემული საეკლესიო კანონთა განმარტება, რომელიც, როგორც შეიძლება ვიფიქროთ, დაწერილია მანუილის მეფობის დროს, შედეგად, არისტინეს განმარტებათა გამოჩენის შემდეგ.
 
თვით განმარტებებიც გვაქვს მითითება ამ დროზე. ჯერ-ერთი, პეტრე ალექსანდრიელის 10-ე კანონის განმარტებას მიერთებულია მსჯელობა, რომელიც მიმართულია ნიკოლოზ მუზალონის (1147 – 1151) წინააღმდეგ, რომელიც მანუელის დროს 1147 წელს აღსაყდრებულ იქნა საპატრიარქო ტახტზე, რომელმაც, როგორც კინამი მოწმობს ჯერ ნებაყოფლობით დატოვა თავისი კათედრა კრეტაზე და რამოდენიმე წელი უსაქმოდ ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში (13); მეორეც, ნეოკესარიის კრების მე-7 კანონის განმარტებაში ზონარა ამბობს: "გვინახავს პატრიარქიც და სხვადასხვა მიტროპოლიტებიც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მეორედ დაქორწინებული მეფის საქორწილო ნადიმში", ეს კი ზუსტად შეესაბამება მანუილს, რომელიც, პირველი მეუღლის ირინას გარდაცვალების შემდეგ, 1159 წელს მეორედ დაქორწინდა რაიმუნდ ანტიოქიელის ქალიშვილზე (14).
 
აქედან არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ზონარას მიერ კანონთა განმარტებები დაწერილია 1159 წლის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ამ მონაცემებიდან გამოდის, რომ ზონარამ ეს განმარტებები დაწერა არისტინეს განმარტებების გამოცემის შემდეგ, როგორც ვარაუდობენ ამას პროფესორი პავლოვი (15) და მის კვალობაზე ცახარიეც (16).
 
მაგრამ საკუთარი ინიციატივით როდი მოჰკიდა ხელი ზონარამ ამ შრომას, არამედ ქედი მოუხარა ამ ღვაწლისკენ მომწოდებელ უმაღლეს ავტორიტეტს, რათა დაუმორჩილებლობის გამო არ გაკიცხულიყო, როგორც თვითონ ამბობს ამის შესახებ თავისი განმარტებების შესავალში (оὐ γὰρ ἀφ’ ἑαυτοῦ τῷ πονήματι ἐγχειρῶ, ἀλλὰ παραχληϑεὶς ὑτέκυψα, καὶ τῷ πόνῳ δέδωκα ἐμαυτὸν, ῖνα μὴ δε’ ἀνηκοίαν κατακριϑῶ) ("რადგან არა საკუთარი ნებით შევუდგები ამ შრომას, არამედ (სხვისი) თხოვნით დავმორჩილდი და ვიტვირთე, რათა ურჩობის გამო არ განვიკითხო) (17).
 
ნათელია, რომ მან დავალება მიიღო ზემდგომისგან, შესაძლოა თვით მანუილ კომნენოსისგან, როგორც ამას ვარაუდობს დიუ-კანჟი (18), და პატრიარქ ლუკა ქრიზოვერისგან (19), მსგავსად იმისა, როგორც შემდეგ იგივე მანუილმა და პატრიარქმა მიქაელ ანქიალმა დაავალეს ახალი განმარტებების დაწერა ბალსამონს, რომელსაც, სხვათა შორის, სხვა მიზნები მიუთითეს.
 
ამ ორი უმთავრესი შრომის - "ისტორიისა" და "კანონთა განმარტებების" გარდა, - ზონარას ასევე ეკუთვნის ტრაქტატი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ორი ძმა ერთსა და იმავე ქალზე დაქორწინდნენ (20), ტრაქტატი ღამით (ძილში) თესლის უნებლიე დინებაზე (შებილწვაზე) (21), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგალობელი, აღსანიშნავი მით, რომ ყოველი სტიქერა მასში მოკლედ გადმოსცემს მწვალებლობებს, რომლებიც უკუგდებულ იქნა ღვთისმშობლის შეწევნით, დაწყებული არიოზიდან, საბელიოზიდან, მანიქეველებიდან, მარკიონიტებიდან და დამთავრებული იტალებით (ლათინებით) (22), სიტყვა ჯვრის თაყვანისცემაზე, წმ. სილიბისტროს ცხოვრება, მაცხოვრის მირქმის გახსენება და სიტყვა სოფრონ იერუსალიმელზე (23).
 
წერილები რომლებიც მიეწერება ზონარას, მიეწერება ასევე მიქაელ გლიკას (24), ხოლო მისთვის მიწერილი ლიტერატურული ლექსიკონი, რომლის საფუძველში დევს ლექსიკონი, რომელსაც კირილე ალექსანდრიელს მიაწერენ, უახლესი ვარაუდით ეკუთვნის, ბერ ანტონის (მელისა) (25).
 
არსებობს ცნობა, რომ ზონარამ დაწერა თხზულება ლათინთა წინააღმდეგ (26). ნაშრომთა ესოდენი რაოდენობა გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ზონარა საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ზონარა ღრმა სიბერეში გარდაიცვალა. არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ თავისი სიცოცხლის ბოლოს ის წმ. გლიკერიის მონასტრიდან ათონზე გადასახლდა (27).
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავტ, რომ ზონარა იყო მაღალი განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ფლობდა ისტორიისა და იურისპრუდენციის ღრმა ცოდნას. მაგრამ ამავდროულად ეს იყო დიდი ხასიათიც, რომელიც გამოირჩეოდა ცხოვრების ასკეტური სიმკაცრით, მსჯელობის დამოუკიდებლობითა და ჰუმანურობით.
 
ზონარა კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საზოგადოების საერო ცხოვრებას და ნაკლოვანებებს. თავის ისტორიაში და განმარტებებში ის არა მარტო ამათრახებს თვით იმპერატორთა ბიწიერებას და გარყვნილებას, არამედ გმობს ტირანიას და მონათმფლობელობას. "ახლა, - ამბობს ის ქალკიდონის კრების 28-ე კანონის განმარტებაში, - სამეფო ძალაუფლება ტირანიაში გადაიზარდა, ხოლო სენატი შევიწროებულია და დაკარგა თავისი მნიშვნელობა" (28).
 
ეპისკოპოსებში ის გმობს სიმონიას და საერო საზრუნავით დასაქმებას. "ეს ბოროტება დღემდე ხდება, - ამბობს ის, - და არავინ ეწინააღმდეგება ამას, არც პატრიარქი, არც მეფე, არც ეპისკოპოსი" (29). მაგრამ ეს მკაცრი მსაჯული თავის სულში იყო სამართლიანი და ჰუმანური ადამიანი. მისი აზრით "უმჯობესია ცოდვა დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე უდანაშაულო დაისაჯოს" (30). ϓπερφυέστατος Zωναρᾶς (უაღმატებულესი ზონარა), ამბობენ ბალსამონი (31) და ბლასტარისი (32) მის შესახებ.



იოანე ზონარას გამოსახულება ანდრია თევეტუსის (Andreas Thevetus) ნაშრომიდან:
„Les vrais pourtraits et vies des hommes illustres" (1584)


გაგრძელება იქნება.


_________________________

წყაროები და შენიშვნები:
 
1. ზონარასთან დაკავშირებული ლიტერატურა ვრცელია, მაგრამ ეხება მას როგორც ისტორიკოსს. ის მითითებულია კრუმბახერთან (Ibid. S. 145). Ср. Ulysse Chevalier, Repertoire des sources historiques du Moyen-Age. p. 2368. Cave, Histor. II, 201. – Oudinus, Commentar. II, 983. – Fabricius, Bibl. gr. ed. Harless. V, 141; VII, 465. 475, VIIІ, 821; IХ, 743. XI, 79. 222 – 8; XII, 202. – Сeillier, Histoire des auteurs ecceles. XIV, 156–9, 1174. – Beveregius, Synodicon, Prolegom. XV. – Biener, De collect. canon. p. 30. – Нeimbach, Encyclop. Ersch und Gruber, 86, S. 461. – Mortreuil, Hist. IIІ, 480; 423. – Русск. литерат. в предыдущем §.
 
2. Сoinfebis, in Porfirogenito, 8.
 
3. Du Cange, Glossariun, Appendix, II, стр. 61 и 62, დრუნგარიუსის, როგორც მსაჯულის მნიშვნელობის შესახებ. ამ აზრით ზონარა იყო საიმპერატორო ტრიბუნალის ვიცე-თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარე თვით იმპერატორი გახლდათ.
 
4. Migne, CXL, соl. 148.
 
5. იხ. Migne, CXXXIV, col 801, А.
 
6. Mortreuil, Histoire, III, 430. Красножен, Толкователи канон. кодекса восточн. церкви, стр. 90, примеч. Григоровича, Путешеств. 88–89, примеч.
 
7. Zachariae, SJIt. III, 450: წმ. გლიკერიის მონასტერი და კუნძული აქ ნახსენებია მანუელ კომნენოსის ნოველაში (1158 წ.). შეად. II მსოფლ. კრების 12 კანონის ბალსამონისეულ განმარტებას.
 
8. Migne, СХХХІV, cоl. 39–42.
 
9. Annal. III. 26. Migne, іb. col. 312, А.
 
10. პირველი 13 წიგნი, შედგენილია ძველი აღთქმის, იოსებ ფლავიოსის, ევსების ქრონიკების, თეოდორიტეს, ქსენოფონტეს, პლუტარქეს, ჰეროდოტეს და არიანეს მიხედვით. რომის ისტორია კართაგენის დანგრევამდე უმთავრესად შედგენილია დიონ კასიუსის მიხედვით, რომლიდანაც ზონარამ შემოგვინახა თითქმის 21 წიგნი, შედეგად, დიონის მთელი ნაშრომის თითქმის მეოთხედი. ისტორიისთვის, კართაგენის დანგრევიდან მოყოლებული, ზონარა კვლავ დიონ კასიუსის წიგნებით სარგებლობს, და ამ უკანასკნელთაგან იღებს მასალას, კერძოდ 44-დან 80-ეს ჩათვლით. ბიოგრაფიულ დეტალებს ის ავსებს პლუტარქედან. ალექსანდრე სევეროსის დროიდან ვიდრე კონსტანტინემდე ის ისტორიულ მოვლენებს გამოსახავს დიონის ანონიმი გამგრძელებლის მიხედვით, ხოლო საეკლესიო ისტორიას გადმოსცემს ევსების მიხედვით. 322-დან 450 წლამდე ის სარგებლობს ჩვენთვის უცნობი და სადღეისოდ უკვე დაკარგული წყაროებით. ლეონ I-დან ვიდრე იუსტინე II-მდე (457-565) კვლავ უცნობ ავტორს ეფუძნება, მაგრამ საკმაოდ ფასეულ წყაროს. მომდევნო პერიოდი 965 წლამდე ასახულია თეოფანეს, პროკოფის, ნიკიფორე პატრიარქის, გეორგი ამარტოლის უფრო სრულყოფილი რედაქციების, კედრინის და ლეონ გრამატიკოსის ნაშრომთა საფუძველზე. თუ რა წყაროებით სარგებლობდა ზონარა 965-1118 წლების ისტორიის გადმოცემისას, ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, მაგრამ უეჭველია, რომ ის სარგებლობდა სკილიცათი და პსელოსით. Krumbacher, S. 143–144.
 
11. Krumbacher, Geschichte der byzant. Literatur, 142–144.
 
12. Павлов, Правосл. Обозр. 1876, апp. 733. Hirsch, Byzant. Studien. Leipz. 1876, стр. 377. შესაძლოა ის დაიწყო ჯერ კიდევ მონაზვნობამდე და მხოლოდ მონაზვნობაში დასრულდა, თუკი ბერად მანუილის დროს აღიკვეცა. ყოველ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები მოსაზრება, რომ ზონარათი სარგებლობს გლიკა, ხოლო გლიკათი - მანასია, რომელიც მანუილ კომნენოსის თანამედროვე იყო. Krumbacher, S. 146. Hirsch, 440; 404. იმის შესახებ, რომ ის კუნძულზე, ცხოვრობდა, სადაც წიგნები ძნელად ხელმისაწვდომი იყო, თავისი ნაშრომის IX წიგნის ბოლო თავში თვითონვე ლაპარაკობს.
 
13. Сinnamus, Histor. 88–89 (русск. перевод, стр. 90). Demetracopulos, Biblioth. eccles. I, 266: ნიკოლოზ მეთონელი ეპისკოპოსის სიტყვა, დაწერილი მუზალონის დასაცავად. ათონურ სინტაგმაში და რუსულ თარგმანში ეს განმარტება მიეწერება ბალსამონს, და არა ზონარას; მაგრამ ის უეჭველად ზონარას ეკუთვნის: ა) ბევერეგისთან დაბეჭდილია, როგორც ზონარა კომენტარი (II, 17), b) ხელნაწერებში, რომლებიც მხოლოდ ზონარას განმარტებებს შეიცავენ, ბალსამონის კომენტარების გარეშ, ის ასევე მოთავსებულია პეტრე ალექსანდრიელის 10-ე კანონთან, თუმცა დასათაურების გარეშე, სადაც ნათქვამია: "დამატებითი განმარტებანი, რომელიც მთლიანად არის მიმართული მუზალონის წინააღმდეგ" (Павлов, там же, 736, примеч. 14. Красножен, 61, примеч. 12). შესაძლოა, რომ ეს დასათაურება ვინმე სხვამ დაურთო, რომელმაც მიუთითა ზონარას ამ ტრაქტატის დაფარული ტენდენცია (თვით ბალსამონმა ხომ არა?). შეად. Пp. Лаврова, Печатное письмо. Чтения в общ. люб. духов. просв. 1877, II, стр. 175.
 
14. Сinnamus, р. 228 (русск. перев., стр. 233).
 
15. Павлов, там же, 738. ამის წინააღმდეგ გამოდიოდა პროფ. ლავროვი, Чтения общ. люб. духовн. просвещ. 1877, II, стр. 174 и след.
 
16. Zachariae, Die Synopsis canonum. Sitzungsberichte der preussischen Akademie, 1887, II (Juni bis December), S. 1158. თავის ბერძნულ-რომაული სამართლის ისტორიაში ის ამტკიცებს, რომ ზონარამ თავისი განმარტებები დაწერა 1159 და 1169 წლებს შორის. S. 37, 3. Аufl.
 
17. Σύνταγμα, II, 2. წინასიტყვაობა, რომელიც არ არის ბევერეგისთან.
 
18. Migne, СХХХІV, р. 25–26.
 
19. თუკი ზონარა თავის განმარტებებს წერდა 1159 წლის შემდეგ, მაშინ მას ამ შრომის შექმნას დაავალებდა მხოლოდ ლუკა ქრიზოვერგი, რომელიც საპატრიარქო ტახტზე იყო 1153 და 1169 წლებს შორის.
 
20. Σύνταγμα, IV, 592. – Cotelerii, II, 883 (Migne, СХХХV, 429). Русск. перев. у Павлова, 50 глава Кормчей. Стр. 441.
 
21. Σύντ. IV, 598. Lеиnсl., I, 351–361 (Migne, CXIX, col. 1011).
 
22. ყველა იხ.: Migne, СХХХV, col. 413–428.
 
23. Migne, СХХХІV, col. 21–22 (Oudin, Comment., II, 987).
 
24. Migne, СХХХІV, соl. 23–24 (Oudin, Comment., II, 990–1).
 
25. Krumbacher, ibid. S. 145. Ср. S. 289.
 
26. Cave, Hist. litter. IX, р. 202. – Δημητρακοπουλος, Ὀρϑοδοξος. Ἑλλας, 15. მაგრამ არც Poemata de processione Spiritus S., ზონარასი და არც სხვა პოლემიკური თხზულებანი დღემდე აღმოჩენილი არ არის.
 
27. XVI ს-ის მოგზაურმა Andreas Thevetus-მა თითქოსდა ათონზე, წმ. ილიას მონასტერში ნახა ზონარას საფლავის ძეგლი წარწერით: εἰς τὸ παρὸν μνημεῖον ὁ Ζωναρᾶς κεῖται (დაახლ.: "ამ საფლავში ზონარაა დაკრძალული"). მაგრამ ამავდროულად ის იუწყება სრულიად წარმოუდგენელ დეტალებს, მაგალითად, პატრიარქის შესახებ, რომელიც Саllineus-ად იწოდებოდა. ამასთან დაკავშირებული ადგილი თევეტუსის (Thevetus) თხზულებიდან, Pourtraits et vies des hommes illustres, Paris, 1584, I, 26–27, დამოწმებულია დიუ-კანჟთან ზონარას ისტორიის წინასიტყვაობაში. იხ. Migne, CXXXIV, col. 11 nota 7.
 
28. შეად. Annales, XIII, 3. Du-Саngе, Praefatio. Migne, col. 15.
 
29. ქალკედონის კრების მე-3 კანონის განმარტება. Annal. VII, 17.
 
30. ადგილობრივ კრებათა კანონების განმარტებანი. გვ. 91.
 
31. წმ. ათანასეს მიერ მონაზონ ამონისადმი მიწერილი ეპისტოლეს განმარტებიდან.
 
32. Синтагма, гл. 11 буквы Е.


_________________________

წყარო: Очерк православного церковного права : Ч. 1-. / [Соч.] М. Остроумова, экстра-орд. проф. Харьковск. ун-та. – Харьков, тип. Губ. правл., 1893. / Ч. 1: Введение в православное церковное право.

 
https://azbyka.ru/otechnik/Mihail_Ostroumov/ocherk-pravoslavnogo-tserkovnogo-prava-chast-1-vvedenie/2_40#source
Назад к содержимому