საეკლესიო სამართალი - შეიძლება თუ არა თავისმკვლელთა მოხსენიება - კანონი და გამონაკლისები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
შეიძლება თუ არა თავისმკვლელთა მოხსენიება - კანონი და გამონაკლისები

თვითმკვლელობის ცოდვა
ეკლესიის დამოკიდებულება თვითმკვლელობისადმი

ეკლესია უძველესი დროიდანვე კრძალავდა ლოცვას მათთვის, ვინც ნებაყოფლობით ისპობდა ღმრთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს. რაღა რჩებოდათ დამწუხრებულ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს? მათ ძლიერ სურთ შეუმსუბუქონ ხვედრი თავისმკვლელს და თვითონაც საჭიროებენ ეკლესიის დახმარებას. მაშ, შეიძლება თუ არა ჟამისწირვაზე (ლიტურგიაზე) თავისმკვლელის მოხსენიება?

ოჯახის წევრებს და ახლობლებს (ასევე, ნათესავებსა და მეგობრებს) შეუძლიათ მიცვალებულის მოსახსენებელი ლოცვა და ტრაპეზი სახლში მოაწყონ, პირადად ილოცონ თავისმკვლელისთვის, გაიღონ მოწყალება და აღასრულონ მრავალი კეთილი საქმე თვითმკვლელი ნათესავის სულის საოხად.

რატომ არ აეგება წესი თავისმკვლელს და არ იხსენიება ლიტურგიაზე?

ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ისპობენ სიცოცხლეს, ამით ეწინააღმდეგებიან ღმრთის ნებას და განგებულებას, ისინი (ამ საქციელით) უარს აცხადებენ ღმრთის შვილობაზე და ეკლესიის მომავალ, სამარადისო მემკვიდრეობაზე - ცათა სასუფეველზე.

ლიტურგიაზე მოიხსენიებიან მხოლოდ ის გარდაცვლილნი, რომლებმაც წუთისოფელი დატოვეს ცხონების იმედით, ღმრთის მხურვალე რწმენით და სასოებით, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადის ღმერთთან იცხოვრებენ. თავისმკვლელნი კი უარყოფენ სულის ცხონებას, სული სხეულს განეშორება ცოდვის ჩადენის მომენტში, მისთვის უცხო ხდება სიმშვიდე და სიმყუდროვე.

წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელის 14-ე განწესებაში უარყოფითი პასუხი ეძლევა კითხვას შეიძლება თუ არა თავისმკვლელთა მოხსენიება ჯამისწირვაზე:

"კითხვა: თუ ვინმე ცნობადაკარგული შეიმთხვევს რაიმე სასიკვდილოს, ან გადაიგდებს თავს სიმაღლიდან, შეიძლება ჟამისწირვის ჩატარება მისთვის თუ არა?

პასუხი: მღვდელმა უნდა განიხილოს, ნამდვილად ცნობადაკარგული იყო თუ არა, როდესაც ჩაიდინა ეს საქმე, ვინაიდან მიცვალებულის ახლობლებს ბევრჯერ სურთ მისთვის ჟამისწირვის (ლიტურგიის) ჩატარება, ამის გამო ტყუიან მის დასახმარებლად და ამბობენ, რომ გონება დაკარგული ჰქონდა. ხოლო ხანდახან ისიც ხდება, რომ კაცთაგან წყენის, ან სხვა რამ გაჭირვების გამო სულმოკლეობით ჩაიდენს ვინმე ამას. მაშინ არ არის საჭირო, რომ ჟამისწირვა შესრულდეს მისთვის, რადგანაც თვითონ არის თავისმკვლელი. ამის გამო მღვდელმა ძალზე დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს, რომ არ დაისაჯოს" (დიდი სჯულისკანონი. წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის პასუხები).

გამონაკლისები

თუკი ადამიანი იყო დაავადებული მძიმე ფსიქიური სნეულებით, იყო შეურაცხადი, და თვითმკვლელობა ჩაიდინა არა თავისი ნებით, არამედ მძიმე ვითარებათა ზემოქმედებით შეიძლება დაშვებულ იქნას მისი საეკლესიო მოხსენიება.

ასეთ შემთხვევებში მღვდელმა, როგორც ეს წმ. ტიმოთეს 14-ე კანონშია მითითებული, დეტალურად უნდა გამოიკვლიოს საქმის ვითარება და დაღუპულის სულიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მან ასევე უნდა შეაგროვოს გარდაცვლილის დაავადების დამადასტურებელი დოკუმენტები და განსახილველად გაუგზავნოს ქალაქის ეპარქიის მმართველს (ეპისკოპოსს, არქიეპისკოპოსს, მიტროპოლიტს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დოკუმენტების გაყალბება და საეკლესიო ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა. თავისმკვლელის სულს ეს მხოლოდ ავნებს, რადგან ღმერთის მოტყუება შეუძლებელია. თანაც, მიცვალებულის მოხსენიება მას მექანიკურად, ავტომატურად როდი აცხოვნებს.

თვითმკვლელობა მძიმე ცოდვაა

თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, რადგან სიცოცხლე ღმრთისგან ბოძებული ნიჭია და ყოველ ადამიანს ღმერთმა თავისი გზა განუკუთვნა, რომლის შეწყვეტის უფლება არავის აქვს. ყოველი ქრისტიანი ისწრაფვის მიიღოს "ურცხვენელი და მშვიდი" აღსასრული. მან იცის, - მიწიერ ცხოვრებას მოჰყვება მეორე - მარადიული სიცოცხლე, სადაც მას ელოდება ან უსასრულო ნეტარება ან უსასრულო სატანჯველი. და მასზეა დამოკიდებული, მშვიდობას მოიპოვებს ის ამ დაუსრულებელ სიცოცხლეში თუ ტანჯვას. სწორედ ამიტომაც საშინელია პასუხი კითხვაზე, შეიძლება თუ არა თავისმკვლელთა ლიტურგიაზე მოხსენიება.

ცხოვრებაში თავის მოკვლის მრავალ მიზეზს ასახელებენ, ზოგიერთი შეგნებულად უმხედრდება ღმრთის ნებას, გაურბის თავსდატეხილ პრობლემებს და ჭირვებებს, და ივიწყებს, რომ ეს ყოველივე განგებულებითაა დაშვებული და ყოველი უბედურება, ნებისმიერი სნეულება ჩვენი სულის სარგოდ გვევლინება.

მაგალითად, მრავალტანჯულ იობს ყველაფერი ჰქონდა, - ოჯახიც და სიმდიდრეც, ასევე საზოგადოების პატივისცემაც. მაგრამ, უფალმა დაუშვა მისი გამოცდა და მდიდარი იობი უცებ გაღატაკდა (დაეწვა სახლი და დაეღუპა საქონელი), ათი შვილის (შვიდი ვაჟისა და სამი ქალიშვილის) მამა უცებ უშვილო გახდა (ყველანი ერთ დღეში ტრაგიკულად დაეღუპა), და ბოლოს, თვით იობს საშინელი და იმ დროისთვის სამარცხვინო სენი - კეთრი შეეყარა. მიუხედავად ამ არნახული ჭირვებისა, იობს აზრადაც კი არ ჰქონია დაეგმო თავისი ბედი, თავისი ცხოვრება და მტკიცედ სწამდა, რომ უფალი მას არ მიატოვებდა. მართლის რწმენა სრულიად დაჯილდოვდა. მან დაიბრუნა ჯანმრთელობა, აღადგინა ოჯახი (ხოლო დაღუპული შვილები ცხონდნენ), დაიბრუნა სიმდიდრეც.

უფალი არ გვიგზავნის იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის ატანაც შეგვიძლია. უნდა გვწამდეს, ვიყოთ მომთმენნი და განუწყვეტლივ ვევედრებოდეთ უფალს ჩვენს ლოცვებში.

როგორ იხსენიებენ თავისმკვლელ მართლმადიდებელთ?

მაგრამ, მაინც, შეიძლება თუ არა თავისმკვლელთა მოხსენიება და რითი შეიძლება შევეწიოთ თავისმკვლელის სულს? დიახ, თავისმკვლელის ლიტურგიკულ მოხსენიებაზე არსებობს კანონიკური აკრძალვა (იხ. ზემოთ წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის 14-ე კანონი). მაგრამ არავინ კრძალავს მისი სულისთვის ლოცვას ოჯახის პირობებში, ასევე მოწყალების გაღებას მის სახელზე.

უნდა გავიღოთ მოწყალება გარდაცვლილი თავისმკვლელის საოხად, მღვდლის კურთხევით ავიღოთ ლოცვითი კანონი გარდაცვლილისთვის და გვწამდეს, რომ ღმერთი მორწმუნეთა ლოცვით შეუმსუბუქებს ხვედრს დაღუპულს.

სიკვდილის დღეებში (წლისთავებში) შეიძლება სახლში მიცვალებულის საოხი ტრაპეზის გაწყობა, მაგრამ საზოგადო მოსახსენიებლები მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეებში არ ტარდება. მართლმადიდებლური გადმოცემით, თვითმკვლელობის შემდეგ ადამიანის სული არ გადის ჩვეულებრივ ორმოცდღიან მოგზაურობას (იხ. საზვერეების შესახებ). ამიტომაც, უმჯობესია მთელი ეს დრო დავუთმოთ ბეჯით ლოცვას მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად, რათა უფალმა ცოდვილს საიქიო ხვედრი შეუმსუბუქოს.

როგორ ვილოცოთ თავისმკვლელთათვის?

მღვდლის კურთხევით თავისმკვლელისთვის შეიძლება ავიღოთ ყოველდღიური საკითხავი კანონი (ლოცვები, საგალობლები, ფსალმუნები). ლოცვა უნდა ტარდებოდეს არა ეკლესიაში, არამედ კერძო სახლში, ან ბერის სენაკში, დასაშვებია რამოდენიმე ქრისტიანთან ერთად ლოცვა.

წყარო: pravoslavium.ru
Назад к содержимому