სატანიზმი - სატანიზმი - პრობლემის ბიბლიური გააზრების მცდელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
უსჯულოება > სატანიზმი
სატანიზმი
პრობლემის ბიბლიური გააზრების მცდელობა
სატანიზმი
შინაარსი:
 
 
შესავალი, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს სევდიან ეპილოგს
 
1. სატანიზმისა და მისდამი წინააღმდეგობის ისტორია
 
ა) სეკულარიზაცია
 
ბ) დროის საცდური
 
გ) უნდა ველოდოთ თუ არა ანტიქრისტეს მოსვლას
 
2. "სახელი მისი არის ლეგიონი"
 
3. "ცისკრვის ვარსკვლავის" დაცემა
 
4. სულიერი ბრძოლა
 
5. "სიკვდილის ჩრდილსა და წყვდიადში
 
6. "ჯოჯოხეთო, სად არის შენი გამარჯვება!"
 
7. "მწამს ღვთისა"
 
8. მოედინება თუ არა ერთი წყაროდან ტკბილი და მწარე წყალი?
 
9. ასტროლოგია
 
 
***
 
ავტორი: დეკ. ოლეგ სტენიაევი.
 
შესავალი, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს სევდიან ეპილოგს
 
 
ბოროტი ძალები დღეს ისე გააქტიურდნენ, რომ ბნელეთის მზაკვარი თავადის მიმდევრებს ღია ლეგალიზაციის შესაძლებლობა მიეცათ და არც ერიდებიან თავიანთი შეხედულებების გამომზეურებას. დღეს შეიძლება შევხვდეთ უამრავ ახალგაზრდას, რომელიც აქტიურად ბრავიურებს სატანური სიმბოლიკით. ისინი ატარებენ გადმოყირავებულ ჯვრებს, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების ღია გამოწვევას. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ზოგიერთი როკ-ჯგუფის გამოსვლის დროს, როდესაც ტყავის ქურთუკებით შემოსილი ახალგაზრდები, მოხატულები არიან ეშმაკისა და დემონთა გამოსახულებებით.
 
სატანისტებში ძალიან გავრცელებულია სურათი, რომელზეც წარმოდგენილია მსხვერპლშეწირვა, სადაც თხის გარეგნობის მქონე ეშმაკს ქრისტიან ყრმას სწირავენ.
 
დემონური მუსიკის გარდა არსებობს სატანური წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, კინოფილმები. ლუციფერის მიმდევრებს თავიანთი საიტიც აქვთ ინტერნეტში. პოლიტიკის სამყარო ბუკვალურად გამსჭვალულია სატანური იდეებით, სიმბოლოებით და განწყობით.
 
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეგისტრირებულია "სატანის ეკლესია", რომელიც სრულიად ლეგალურად მოქმედებს.
 
ოკულტური მომსახურეობები დღეს მრავალი ადამიანისთვის ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა გახდა. გაზეთებში შეგვიძლია ვნახოთ ასეთი განცხადებები:
 
"მაღალეფექტური მაგია, მძლავრი შელოცვები. წარმატება გარანტირებულია";
 
"სიყვარულის მძლავრი მაგია. გათვალვის, შეფუცვის, გაფუჭების მოხსნა. ნათელმხილველობა. ჯადოქრობის სკოლა. იაფად. გარანტიით";
 
"მკითხაობა. ნათელმხილველობა. შელოცვები" და ა. შ.
 
იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი სამყარო გადაიქცა ოკულტურ ცენტრად. აქ შეიძლება ვიღაცის "გათვალვა" ან მისი მოხსნა. საქმე იქამდეც მიდის, რომ როდესაც მართლმადიდებელი სასულიერო პირები აპროტესტებენ ჯადოქრებისა და მოგვების სახელისუფლებო სტრუქტურებში შესვლას, ე. წ. დემოკრატიული პრესა თავს ესხმის მათ და ამ მართლმადიდებელთა ლანძღვას იწყებს. ქ. პერმში (რუსეთი - "აპოკ". რედ.) ერთ-ერთი ჯადოქარი ქალი ასეთი სიტყვებით ემუქრებოდა მის წინააღმდეგ გამოსულ მღვდელმთავარს: "ქალაქის ისტორიაში პირველად, გაგარინის ბულვარზე ჩამოვატარებთ ექვსას სამოცდა ექვს კილოტონა ანგელოზურ ცეცხლს და მივიტანთ მას მეგობრობის მოედნამდე, კინოთეატრ "ისკრამდე" (რუს.: Искра - ნაპერწკალი - "აპოკ." რედ.). აქ აინთება სრულიადსამეცნიერო ღამისთევის კოცონი, რომელიც დასრულდება მსოფლიო მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის მტრების შურისმგებელი იარაღის დემონსტრირებით. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ. დაე ობივატელებმა გვიწოდონ ფაშისტები". პერმის დემოკრატიულ გამოცემებში ეს ჯადოქარი ქალი (ვინმე ჩერეპანოვა) ცდილობს ტერმინ ჯადოქრის გათეთრებას. კერძოდ ის წერს: "ჯადოქრის სახე - ღრმად დადებითია, რადგან არსებითად ჯადოქარი - ეს არის ქალი, რომელსაც გააჩნია სისტემური ჰუმანიტარული განათლება".
 
მაშ ასე, ბოროტების ძალნი უკვე საბრძოლველად იწვევენ ეკლესიას და უპირისპირდებიან ზოგადსაკაცობრიო მორალის ნორმებს. მათ სურთ საფუძვლამდე დაანგრიონ ქრისტიანული ღირებულებების სამყარო. რა შეგვიძლია ვუპასუხოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე გადავიდნენ სატანის მხარეს?
 
მე, როგორც მისიონერს ხშირად მიწევს სხვადასხვა ადგილებზე ლექციების ჩატარება, სადაც ვესაუბრები სატანისტებსაც და კიდევ ჯერაც მერყევთაც, მთავარი კითხვები, რომელთაც ისინი გვაძლევენ ასეთია:
 
"განა ეშმაკი არ არის მძლავრი პიროვნება, რომლის წინააღმდეგობა ადამიანს არ ძალუძს?"
 
"შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელიც უკვე სატანისტი გახდა, კვლავ ღმერთს დაუბრუნდეს?"
 
"რატომ არის ბოროტება ჯადოქრობა და მაგიზმი? ხომ არის ისეთი ცნებები, როგორიცაა "თეთრი" მაგია? სატანისტ ანტონ ლავეის იდეები ზოგჯერ შემოსილია ეთიკური შეფერილობით".
 
"ადამიაინ თუ სატანისტი გახდა, განა ასე არ გადაწყვიტეს ვარსკვლავებმა?"
 
"ჩვენ, ყველა ცოდვილები ვართ და ყველანი ჯოჯოხეთში წავალთ. ამიტომაც ამ ცხოვრებაში გვიჯობს ვემსახუროთ მას, ვისთანაც მარადისობას გავიზიარებთ".
 
ამ და სხვა მსგავს კითხვებზე გავცემთ პასუხს წინამდებარე ნაშრომში.


სატანიზმისა და მისდამი წინააღმდეგობის ისტორია
 
 
"…ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი"
 
(2 კორინთ. 2:11)
 
ა) სეკულარიზაცია
 
სატანიზმს, როგორც ადამიანთა შეგნებულ ჩაბმას ეშმაკთან ურთიერთობაში და მისდამი თაყვანისცემას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. უკვე ადრინდელი შუასაუკუნეების პერიოდში ჩვენ ვხვდებით დემონურ "სულიერ პრაქტიკათა"  გამოვლინებებს. უნდა აღინიშნოს, რომ შუასაუკუნეები - ეს არის საზოგადოების დაძაბული, ზოგჯერ აღგზნებული რელიგიური ცხოვრების პერიოდი. ეკლესიის სწავლბეა ამ დროისთვის ატარებს საყოველთაო ხასიათს, ის რაც ასე გვაკლია ჩვენ. ცხოვრება ჩვენი წინაპრების მიერ აღიქმებოდა, როგორც ერთი მთლიანობა. ის (ცხოვრება) არ იყოფოდა საერო და რელიგიურ სფეროებად. იყო ცხოვრება ქრისტეში და ქრისტესთან ერთად, და ყველაფერი, რაც მის მიღმა მდებარეობდა აღიქმებოდა ან, როგორც ცოდვად, ან კიდევ ჯადოქრობად. სატანიზმამდე, მისი სუფთა სახით, საქმე ჯერ კიდევ არ მიდიოდა. მაგრამ იმავე დროს ისეთი გამოვლინებები, როგორიც იყო საეკლესიო განაწესის დარღვევა, გაჯიუტება მწვალებლობებსა და სქიზმებში, ეშმაკისეულ საცდურად აღიქმებოდა. მჟღერი გამოთქმა "გამოლოცვა" ძალიან ბევრს ნიშნავდა...
 
სეკულარიზაცია, როგორც ცხოვრების განდრეკა რელიგიური საწყისებისგან უჭველად ეშმაკის მიერ იყო ინსპირირებული. მზაკვარი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა შემოქმედის ადგილზე ქმნილება დაეყენებინა და მისი (სატანის) ძალისხმევით ნაშობი ჰუმანიზმი უღმერთოებისთვის კაც-ღმერთობის ახალი "რელიგია" გამხდარიყო.
 
 
ბ) დროის საცთური
 
როგორც განათლებულ გარემოში, ასევე უბრალო გლეხებში, შუასაუკუნეებში უკიდურესობამდე იყო გამძაფრებული საკუთარი ცოდვილიანობის გრძნობა და ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოვების განწყობა.
 
ჩვენს წინაპრებს გააჩნდათ ისტორიული პერსპექტივა, ის შენარჩუნებული იყო ლიტურგიკული პასქალიის ჩარჩოებში. დრო, უფლის მეორედ მოსვლისადმი ტოტალური განწყობის ძალით, გამიწიერებული ჰორიზონტალურობით კარგავდა მიწიერ გამოხატულებას და ამაღლების მოლოდინით სუნთქავდა.
 
შეიძლბა პირდაპირ ითქვას, რომ რადგან მორწმუნე ადამიანის ცხოვრება მოიაზრება მარადიულობის კატეგორიით, წუთები, საათები, დღეები, თვეები და წლები არ აღიქმებიან რაიმე ფატალურობით, როგორც ეს უღმერთოებთანაა. პირველი, ვინც დროს ყურადღება მიაქცია, ალბათ იყო ეშმაკი, რადგან მხოლოდ ის "უფრთხილდება დროს", რომელიც ქვიშის საათივით, ადრე თუ გვიან ყველაფერს დაკარგავს. სწორედ მას მიჰბაძეს უღმერთოებმაც, რომლებსაც საიქიო ცხოვრებისა უკვე აღარ სწამდათ.
 
ეშმაკი, გარდაიქცა რა იმად, რაც უფალს არ შეუქმნია, დაკარგა ქმნილი რეალობის შეგრძნება. ამიტომ ცდილობს ჩვენც შეგვკრას დროითი შეზღუდულობით, მით, რაც უკვე აღარ არის, ან მით, რაც შესაძლოა კიდევ იქნება.
 
ჩვენი წინაპრები ჩვენზე უფრო გონიერნი იყვნენ. ისინი არ ცხოვრობდნენ არარსებულით, გამონაგონით ან წარსულით. ცხოვრებას ისინი აღიქვამდნე, როგორც მიმდინარეს იმის წინაშე, ვისთვისაც "ერთი დღე როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე 3:8).
 
შეიძლება თუ არა წარსულის დამსახურებებმა ანუგეშოს მორწმუნენი? წმიდა წერილი ასწავლის: "როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ... თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ" (ეზეკ. 3:20). ხოლო ის, რომ ცოდვილიანობისა და განდგომილების სული ყოველში რომ ბუდობს, ჩვენმა წერილში განსწავლულმა წინაპრებმა კარგად უწყოდნენ. მოციქულები გვასწავლიან: "თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში" (1 იოანე 1:10). არ ცდილობდნენ ჩვენი წინაპრები მეტი მზრუნველობა ჰქონოდათ მომავლისთვის. სახარება გვასწავლის: "ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი" (მათე 6:34).
 
ვაი, რომ ჩვენ სულ სხვანაირად ვცხოვრობთ. ზაფხულში ვეუბნებით საკუთარ თავს: აი მოვა შემოდგმოა, და მაშინ შევუდგები საქმეს. ახლა ხომ ისე ცხელა და დასვენების დროა... შემოდგომით ველოდებით პირველ თოვლს და საკუთარ თავს ვეუბნებით: აი დაიწყება საშობაო მარხვა, როდესაც სულიერი ღვაწლი უფრო საჭიროა და ა. შ.
 
ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ კვირის, შვიდეულის, წელიწადის წრებრუნვით არა იმიტომ, რომ ყველაფერი მეორდება, არამედ იმიტომ, რომ მიმართულია მარადისობისკენ, იმ ცხოვრებისკენ, რომელიც უცვალებელია.
სატანიზმი
უნდა ველოდოთ თუ არა ანტიქრისტეს მოსვლას?
 
ესქატოლოგიური მოლოდინები ძლიერდებოდა მრგვალი თარიღების მოახლოვებისას (100 წ., 1300 წ., 1500 წ., და ა. შ.). პირადი სიკვდილისა და საიქიო მისაგებელის თემა დომინირებდა, როგორც ქადაგებებში, ასევე ხელოვნებაშიც. სიკვდილიანობას ენიჭებოდა მეტი მნიშვნელობა, ვიდრე განსახლებას. მომავალი საშინელი სამსჯავროს თემა ავსებდა ადამიანთა ცნობიერებას. მაგრამ დემონთა იკონოგრაფიული საშინელი სახეების წინაშე მორწმუნეები ისე არ ძრწოდნენ, როგორც მაცხოვრის ხატის წინაშე. დემონებს უბრალოდ უფრთხოდნენ, ღმრთის ნების დარღვევისა კი ეშინოდათ, რადგან - უყვარდათ იგი.

მსგავს ვითარებაში ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო სატანურ რიტუალებზე და ორგანიზაციებზე. საერთოდ შუასაუკუნეები აყალიბებენ ეშმაკზე წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც ეშმაკი არის შურისმგებელი, მძლავრი და ბოროტი, რომელიც საბოლოო ჯამში იწვნევს გარდაუვალ დამარცხებას.
 
მიუხედავად ამისა "ბნელ სულთა" სამყაროსთან ადამიანის ნებაყოფლობითი შეხება ამ დროებასაც ახასიათებს. ჯერ-ერთი ძველრუსულ ლიტერატურაში გვხვდება მაგიური პრაქტიკების, როგორც სპეციფიკური, ასევე არასპეციფიკური ანტიქრისტიანული ხასიათის მრავალგზისი ხსენება.
 
დასავლეთში ამ მაგიურმა რიტუალურობამ მნიშვნელოვანი საზრდო ჯვაროსანთა ლაშქრობების პერიოდში მოიპოვა, როდესაც ჯვაროსანთა შემადგენლობაში მყოფი რაინდები გაეცნენ მრავალგვაროვან აღმოსავლურ ოკულტურ პრაქტიკებს. სახასიათოა, მაგალითად, ტამპლიერთა დიდი ორდენი, რომლის ხელთ კონცენტრირებული იყო მნიშვნელოვანი სიმდიდრე და საფრანგეთში სამეფო ძალაუფლების ნაწილიც კი. ეს ორდენი XIV ს-ის პირველ ნახევარში მეფე ფილიპე IV ლამაზმა გაანადგურა. კოცონზე დაწვეს ორდენის მაგისტრი, რომელმაც სიკვდილამდე მთელი რიგი შეფუცვებისა და წყევლა-კრულვების წარმოთქმა მოასწრო, და რომლებიც, სავარაუდოდ, სატანურ ხასიათს ატარებდა.
 
"შუასაუკნეობრივი სატანიზმის" სხვა ფორმას წარმოადგენს ჯადოქრობა, რომელიც საყოველთაოდ იყო გავრცელებული. პროფესიონალ ჯადოქრებს მიმართავდნენ მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად (მათ შორის მხატვრული ლიტერატურიდან ცნობილი რიტუალებით, როდესაც ცვილისგან დამზადებულ ფიგურებს ჩხვლეტენ ნემსებით, რასაც თან შესაბამისი შელოცვები ახლავს), სასიყვარულო ბანგისთვის, მოუსავლიანობის აღმოსაფხვრელად და სხვა. ერთი სიტყვით, ნებისმიერი შემთხვევისთვის.
 
ყველაზე დიდი გაქანება "შავმა" მაგიამ ამ დროისთვის დასავლეთ ევროპაში მიიღო, რამაც ასახვა ჰპოვა უზარმაზარი რაოდენობის სასამართლო საქმეებსა და ე. წ. "ჯადოქართა პროცესებში". XIII-XVIII საუკუნეებში ასეულობით ათასი ადამიანი დაისაჯა. მცდარი განაჩენების (მაგ.: ჟანა დ'არკი) საკმაოდ მაღალი პროცენტის მიუხედავად მრავალი საქმე ეჭვსაც კი არ ტოვებს იმაში, რომ განსჯილს საქმე ჰქონდა საიდუმლო მაგიურ პრაქტიკებთან.
 
ნიშანდობლივია, რომ შუასაუკუნეების რუსეთი პრაქტიკულად არ გადაწყდომია ჯადოქართა პროცესებს და მათ მასობრივ დაწვას, XV ს-ის მესამე ნახევრის მოკლე პერიოდის გარდა. ამასთან სატანური რიტუალების პროფესიონალური ფლობა ჩვენს ქვეყანაშიც არსებობდა. ასე, მაგალითად, დაცულია "გამოსაკითხი სიტყვა" ვინმე შემფუცველისა, რომელიც დაწვეს იმის გამო, რომ მან ჯადოქრული ბანგი მიხეილ თევდორეს ძე რომანოვის ეტლს მოაპნია. ეს ამბავი მიხეილის მეფედ კურთხევიდან უახლოეს დღეებში მოხდა.
 
შუასაუკუნეების ადამიანი დემონთა სამყაროს ეცნობა კიდევ ერთი სფეროთი, რომელსაც შეპყრობილობას უწოდებენ და ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურულ ძეგლებში. შეპყრობილობა, როგორც წესი, აღიქმებოდა როგორც უშუალო ხორციელი კავშირი ადამიანისა დემონთან. აქედან მომდინარეობდა სრული რწმენა ინკუბუსებისა და სუკუბუსებისადმი (დემონთა "მდედრობითი" და "მამრობითი" გარდასახვებისადმი - "აპოკ." რედ.) და გამუდმებული მცდელობანი თავი დაეცვათ მათი კონტაქტისგან. ერთი ასეთი შემთხვევა აღწერილია XVII ს-ის რუსულ მოთხრობაში "Повесть о бесноватой жене Соломонии" ("მოთხრობა ეშმაკით შეპყრობილ ქალ სოლომონიაზე"). ძალიან მოკლედ ეს მოთხრობა გვიყვება შემდეგ ამბავს: "უეცრად სოლომონიამ დაინახა დემონი, რომელიც მასთან ბანჯგვლიანი მხეცის სახით მივიდა, და შებილწა იგი. დემონი ხშირად დადიოდა მასთან, ხან ტყეში, ხან კიდევ მინდორში. ერთხელ ხელებითა და ფეხებით მიამაგრა იგი (სოლომონია) კედელზე და გაშოლტა, სხეული კი კლანჭებით დაუსერა და ჰკითხა: "გწამს თუ არა ჩვენი და მამისა ჩვენისა სატანასი?" მან კი არაფერი უპასუხა".
 
მოთხრობა ძალიან შთამბეჭდავად აღწერს სოლომონიასთან მავალ დემონთა გარეგნობას: "ისინი იყვნენ შავები, მახინჯები და საშინელნი". აქვე ხაზია გასმული ეკლესიის მნიშვნელობაზე დემონებთან ბრძოლაში: სოლომონია მხოლოდ მაშინ თავისუფლდება დემონისგან, როდესაც ეზიარება უფლის წმ. ხორცსა და სისხლს. მასში მცხოვრები დემონი, სრულიად აღიქვამს საიდუმლოს ძალას და ქალწულს შემდეგი სიტყვებით ტოვებს: "დამწვი მე შენ, დამწვი". მოთხრობის ავტორი კი ამატებს: "შეიცნო წყეულმა თავისი წარწყმედა".
 
XVII საუკუნეში სატანის თაყვანისცემა ხარისხობრივად ახალ დონეზე ადის. პირველად ევროპის ისტორიაში ეშმაკისადმი მსახურება იძენს ორგანიზებულ ხასიათს, ჩნდება ახალი კულტი, ჩნდებიან ბელიარის მოგვები. XVII ს-ის დასაწყისი ღირსშესანიშნავია იმით, რომ 1614 წ-ს, ციხეში გარდაიცვალა უნგრელი გრაფინია ე. ბატორი, რომელიც ადამიანურ მსხვერპლშეწირვას ატარებდა და კანიბალიზმშიც იყო მხილებული.
 
XVII ს-ის მეორე ნახევარში საფრანგეთში ჩნდება ეშმაკის თაყვანისმცემელთა ღრმად კონსპირირებული ჯგუფები. მათი წევრები იყვნენ თავადაზნაურები, საზოგადოების მაღალი წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ატარებდნენ "შავ მესას".
 
"შავი მესა" - ეს არის ქრისტიანული ღვთისმსახურების დამახნიჯებული ფორმა, "გაუკუღმართებული ღვთისმსახურება", რომელსაც, როგორც წესი, ეკლესიიდან მოკვეთილი მღვდელმსახურები ატარებენ. ამ მკრეხელური "მსახურების" ატრიბუტებს წარმოადგენენ გადმოყირავებული ჯვრები, შავი ბალახონები წაწვეტებული თავსაბურავებით, მეძავი ქალების შარდითა და სისხლით სავსე თასები, ვერცხლისფერი ბარძიმები, გონგი, ხელოვნური ფალოსი, პენტაგრამა, შავი სანთლები (რომელთაც მოუნათლავ ყრმათა ქონისგან ამზადებდნენ). "საკურთხევლად" გატიტვლებულ ახალგაზრდა ქალებს იყენებდნენ.
 
"შავი მესის" დროს წარმოითქმებოდა შეფუცვები, რომლებიც პირდაპირ ქრისტიანული ჰიმნების საწინააღმდეგოა. ასე, მაგალითად, "მამაო ჩვენოს" ანტიპოდს წარმოადგენს ტექსტი "Domini satanas". ლუდოვიკო XIV-ის დროს უკვე 60 000-მდე მოგვი არსებობდა, რომლებიც რეგულარულად ატარებდნენ "შავ მესას".
 
"შავი მესის" ერთ-ერთი აღწერილობა გვამცნობს, რომ მისი ჩატარების დროს ქალის მკერდზე დადეს ხელსახოცი ჯვრით, მუცელზე კი - თასი. შემდეგ აღსრულდა ყრმის მსხვერპლშეწირვა, რომლის სისხლით თასი აავსეს. ყრმის სხეული დაწვეს მაგიური ფერფლის დასამზადებლად, სისხლით კი "ეზიარნენ".
 
ამგვარად, გაჩნდა ყოველგვარი წინაპირობა სატანიზმის, როგორც აგრესიული, ანტიქრისტიანული კულტის სრული იდეოლოგიური გაფორმებისთვის.
 
სატანური სექტების ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა და სატანისტთა პროგრამული დოკუმენტების შედგენა მოხდა აშშ-სა და ინგლისში XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. ის დაკავშირებულია ალისტერ კროულის (1875–1947) და ანტონ (ენტონი) ლავეის (1930–1997) სახელებთან.



ალისტერ კროული (1875 - 1947)

 
ალისტერ კროული, როგორც ჩანს, დაიბადა მემკვიდრეობით სატანისტთა ოჯახში. უკვე ბავშვობიდანვე იოლად აგლეჯდა მტრედებს თავებს და სვამდა მათ სისხლს. ამავდროულად, სიყმაწვილეში, მას აზრად მოუვიდა, რომ სწორედ მას უნდა აეღო ქრისტიანობის განადგურების მისია და გამხდარიყო აპოკალიფსური მხეცი. კემბრიჯის კურსდამთავრებული კროული მონაწილეობდა მთელ რიგ მისტიურ ორდენებში ("ლალისებრი ვარდისა და ოქრის ჯვრის ორდენი", "ვერცხლის ვარსკვლავი", "აღმოსავლური ტაძრის ორდენი"). ბოლო ორდენში ის მჭიდრო ურთიერთობაში იყო SS-ის მაღალჩინოსნებთან.
 
კროულიმ აღასრულა მთელი რიგი ექსპედიციები, კერძოდ, ჰიმალაებსა და ეგვიპტეში. ოკულტიზმის ადგილობრივ მოდიფიკაციებთან გაცნობის საფუძველზე მან ჩამოაყალიბა საკუთარი სწავლების ძირითადი პრინციპები, რომელმაც მიიღო სახელწოდება Magick ("მეჯიკ" - მაგია, მაგიური - "აპოკ." რედ.). ეს სწავლება ჩამოყალიბებულია ისეთ წიგნებში, როგორიცაა "კანონთა წიგნი", "მაგიის თეორია და პრაქტიკა", "ტოტის წიგნი". კროულის უმთავრესი აზრია ის, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება გააჩნია. ის წერს: "ყოველი ადამიანი უფლებამოსილია უშიშრად განახორციელოს თავისი ნება, რომ მას შეუძლია წინააღმდეგობაში შევიდეს სხვა ადამიანების ნებასთან, რადგან, თუკი ის თავის ადგილას იმყოფება, სხვებმა მას გზა არ უნდა გადაუღობონ". ამასთან, კროულის აზრით, მსოფლიოში კარმიული გარდაქმნისა და გარდასახვის კანონები მოქმედებენ. ის მიიჩნევდა, რომ "სატანა - კაცობრიობის მტერი კი არ არის, არამედ სიცოცხლე, ნათელი და სიყვარულია".
 
ამ ინგლისელი მისტიკოსის ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან მოსწონდა ჰიტლერს, საფუძვლად დაედო სატანურ კულტებს, და თვით ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას - სატანის ეკლესიას. ოკულტური ტექნოლოგიების თვალსაზრისით კროულიმ სატანიზმში შეიტანა ისეთი "სიახლე", როგორიცაა მაგიურ რიტუალებში ნარკოტიკების გამოყენება (ჰაშიში, ოპიუმი, კაქტუსი პეიოტლი, ბუზხორცას (სოკო) ნამყენი). ის თავისი სწავლების ადეპტებში აქტიურად ახორციელებდა სექსუალურ ორგიებს, რომელთაც "იზიდასა და ადონისის მისტერიებს" უწოდებდა.
 
კროული მიიჩნევდა, რომ სატანა თავის მოგვს ანიჭებს აბსოლუტურ ძალაუფლებას, და ეშმაკის მსახურთა ამოცანა მხოლოდ მაგიური განაწესების განუხრელ მიმდევრობაში მდგომარეობს. ხოლო ისინი, ვინც შეცდომებს უშვებენ წეს-ჩვეულებებში და ამახინჯებენ რიტუალებს, უნდა განადგურდნენ. მოცემულ იდეას კროული ახორციელებდა პრაქტიკაშიც, როდესაც მან ერთხელ "შავი მესის" დროს შემცდარი ასისტენტი მოჰკლა.
 
კროული აქტიურად უჭერდა მხარს ადამიანურ მსხვერპლშეწირვას. მსხვერპლი, მისი აზრით, უმჯობესია არჩეულ იქნას იმათგან, ვინც უმეტესად ფლობს სუფთა ძალას. ამ აზრით ყველაზე შესაფერის მსხვერპლად მას მიაჩნდა მამრობითი სქესის ყრმები, რადგან სატანისადმი მათი მსხვერპლად შეწირვის დროს ეშმაკს შეეწირება ყველაზე მძლავრი სულიერი ენერგია. თბილსისხლიანი ცხოველების შეწირვას მხოლოდ მაშინ მიიჩნევდა კროული დასაშვებად, როდესაც არ იყო ადამიანის შეწირვის შესაძლებლობა.
 
ძირითადი "შრომები", რომლებიც გადმოსცემენ სატანიზმის თეორიას, ამერიკელი სატანისტის ანტონ (ენტონი) ლავეის კალამს ეკუთვნის. ლავეის კარიერა უკიდურესად უცნაურია. ის იყო მომთვინიერებელი, სან-ფრანცისკოს პოლიციის თანამშრომელი და მუსიკოსიც კი. გარდაიცვალა იგი "უმაღლესი მსახურისა" და "სატანის ეკლესიის" დამაარსებლის რაგნში, რომელიც 1966 წელს დააფუძნა.



ანტონ (ენტონი) ლავეი (1930 - 997)

 
ლავეის ძირითადი წიგნებია "სატანის ბიბლია", "სატანური რიტუალები", "ეშმაკის ბლოკნოტი", "სატანური ჯადოქარი". ქვემოთ ჩვენ უფრო დეტალურად განვიხლავთ ამ "ნაშრომთა" ძირითად პოზიციებს.
 
თვალშისაცემია ის, რომ კომპოზიციიურად ლავეის სატანური სწავლების ძირითადი პრინციპები სრულიად შეგნებულად არის გადმოცემული "ანტიმცნებების" სახით. ასე, მაგალითად, მეორე თავში ავტორი ამტკიცებს: "რამდენიც გინდ აკაკუნეთ კარზე, - მას არ გაგიღებენ, ამიტომ თვითონ შეამტვრიეთ კარი", მესამე კი ღაღადებს: "გძულდეს მტერი შენი მთელი შენი გულით, და თუ ვინმე ერთ ლოყაში გაგარტყამს - რაც შეიძლება ძლიერ დაარტყი მეორეში; ვინც მეორე ლოყას მიუშვერს ის არის მშიშარა ძაღლი".
 
სატანა, ლავეის აზრით, ადამიანური ნატურის ყველა ბნელი მხარის კონცენტრაციაა. "ყოველ მათგანში ზის სატანა და ამოცანა მხოლოდ იმაშია, რათა გამოვავლინოთ და შევიცნოთ იგი. ადამიანებში მოცემული სატანური საწყისი, - ყველაზე უმთავრესი და უმძლავრესია. მათით  უნდა ვამაყობდეთ, და არ უნდა გვრცხვენოდეს. საჭიროა მისი კულტივირება, რასაც ვაკეთებთ ჩვენს ტაძარში სხვადასხვა მაგიური შელოცვების დახმარებით", - ამტკიცებდა ა. ლავეი ჟურნალისტ მ. სტურუასადმი მიცემულ ინტერვიუში. "საიქიო ცხოვრება არ არსებობს, უკიდურეს შემთხვევაში სამოთხისეული, - ამბობდა იგი, - ამიტომაც საჭიროა ვიჩქაროთ მიწიერ სიამოვნებათა ტკბობით".
 
ასე, მაგალითად, ბიბლიის ათ მცნებას ა. ლავეიმ დაუპირისპირა "თერთმეტი სატანური წესი დედამიწაზე", ცხრა სახარებისეულ ნეტარებას - ცხრა "სატანური მდგომარეობა", შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას - ცხრა "სატანური ცოდვა", ქრისტიანულ სათნოებებს - "სატანური პროგრამები" და ა. შ. ცხადია, რომ ა. ლავეის სისტემა პირდაპირ არის დამიზნებული ღმრთის მცნებათა წინააღმდეგ და თავისთავად ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.
 
სატანიზმის სულიერი სიცარიელი და უიმედობა აქ ყველაზე ძლიერი ძალით შეიმჩნევა. ტყუვდებიან რა თავად და სხვებსაც ატყუებენ თავიანთი ცრუ სწავლებით, ამახინჯებენ რა წმიდა წერილის ჭეშმარიტებებს, სატანისტები ვნებენ საკუთარ თავს და სულ უფრო შორს და შორს იკვალავენ გზას ჯოჯოხეთისა და მარადიული წარწყმედისკენ, მითუმეტეს, რომ ისინი სამოთხისეულ ცხოვრებას საერთოდ არც კი აღიარებენ. მათთვის უცხოა ის ბრძოლა და ღვაწლი იწოდებოდნენ ჭეშმარიტი ღმერთის რელიგიად, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია სექტებისა და მთელი სამყაროს ცრუსწავლებებისთვის, რადგან ისინი ეთაყვანებიან ეშმაკს.
 
ა. ლავეი ასე აყალიბებს თავის ძირითად მდგომარეობებს, რომლებიც ხაზს უსვამენ სატანის "ღირსებებს":
 
1. სატანა წარმოადგენს მოწყალებას ზომიერების ნაცვლად,
 
2. სატანა გვთავაზობს რეალურ არსებობას სულიერი და აუსრულებელი ოცნებების ნაცვლად,
 
3. სატანა გვთავაზობს უსაზღვრო სიბრძნეს პირმოთნე თვითმოტყუების ნაცვლად,
 
4. სატანა გვთავაზობს კეთილ დამოკიდებულებას მათდამი, ვინც ამას იმსახურებს, მტრებისადმი სიყვარულის ნაცვლად,
 
5. სატანა გვთავაზობს შურისძიებას პატიების ნაცვლად,
 
6. სატანა გვთავაზობს პასუხისმგებლობას პასუხისმგებელთა მიმართ ფსიქიურ ვამპირთა მშფოთვარების ნაცვლად,
 
7. სატანა წარმოადგენს ადამიანს, როგორც ერთ-ერთ ცხოველთაგანს, ზოგჯერ უკეთესს, ვიდრე დანარჩენებია, ძირითადად კი ოთხფეხა ცხოველებზე უარესს, რომელიც თავისი "ღვთაებრივი, სულიერი და ინტელექტუალური განვითარების" წყალობით ყველა ცხოველს შორის უბოროტესი გახდა.
 
8. სატანა ნებას გვრთავს ჩავიდინოთ ყველა ცოდვა, რომლებსაც მივყავართ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ დაკმაყოფილებამდე,
 
9. სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარია, რადგან მთელი მისი არსებობის განმავლობაში მას უქმედ ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევს".
 
როგორც ვხედავთ, "სატანური ბიბლიის" პოსტულატები ყველაზე პრიმიტიულ ხასიათს ატარებენ და ეფუძნებიან ნიცშეს იდეების ხორციელ გაგებას ნაშრომში "ასე ამბობდა ზარატუშტრა". ხოლო პუნქტები 3, 4, 5 და 7 ღმრთის მცნებათა ბუკვალური ანტიპოდებია.
 
გარკვეულწილად უფრო დახელოვნებულია თეზისი ეკლესიისა და სატანის ურთიერთთანაარსებობის შესახებ. რაღაცაში ის გვაგონებს ბოგომილების შუასაუკუნეობრივ მწვალებლობას, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეშმაკი უფალს "თანაშეეწეოდა" დედამიწის შექმნისას. ქრისტიანული სწავლება ამ მზაკვრული აზრიდან ქვას ქვაზე აღარ ტოვებს: დაცემული ანგელოზი, მთიები, უფალზე შეუდარებლად დაბალია, ის უხორცო ძალთა მხოლოდ ნაწილია. ღმერთი მიუშვებს ხოლმე მას აღასრულოს ესა თუ ის საქმენი, მაგრამ მას არ შეუძლია გაუტოლდეს უფალს, ყოველთა შემოქმედს. სატანის მოწინააღმდეგეა მთავარანგელოზი მიქაელი, და ამ ფაქტით ლავეის თეზისი სამუდამოდ შერცხვენილია.
 
თავის დარიგებებში ა. ლავეი უთითებს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს სატანისტი დედამიწაზე. ასეთი წესი თერთმეტია:
 
1. არასოდეს გამოთქვა შენი აზრი და არასოდეს უპასუხო ვინმეს მანამ, სანამ არ შეგეკითხებიან,
 
2. ნუ გაუზიარებ შენს უსიამოვნებებს სხვა ადამიანებს, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მოგისმენენ,
 
3. უცხო ადამიანის სახლში ყოფნისას, ყოველგვარი პატივი მიაგე პატრონს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, არ შეხვიდე იმ სახლში,
 
4. თუკი სტუმარი შენს სახლშივე გაღიზიანებს, მას სასტიკად და ყოველგვარი მოწყალების გარეშე უნდა მოეპყრა,
 
5. ნუ მიმართავ სექსუალურ მოქმდებებს, სანამ არ მიიღებ ნებადამრთავ სიგნალს,
 
6. ნურაფერს აიღებ იმისგან, რაც შენი არ არის, თუკი ის დამამძიმებელი ტვირთი არ იქნება სხვა ადამიანისთვის, და ის ითხოვს დახმარებას მის ტარებაში,
 
7. აღიარე მაგიის ძალა, თუკი ის წარმატებით გამოიყენე, ხოლო თუ შენ უარყოფ მაგიის ძალას მისი წარმატებით გამოყენების შემდეგ, დაკარგავ ყველაფერს, რაც კი მიგიღია,
 
8. ნურაფერზე ინანებ, რაც პირდაპირ შენ არ გეხება,
 
9. ნუ ავნებ პატარა ბავშვებს,
 
10. ნუ მოკლავ ცხოველებს, რომლებიც ადამიანებს არ ჰგვანან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავს გესმიან ან საჭმელად გჭირდება,
 
11. როდესაც ღია სივრცეში სეირნობ, ნურავის შეაწუხებ; თუკი ვინმე შენ შეგაწუხებს, სთხოვე შეწყვიტოს უწესივრობა, და თუ არ გაჩერდება, გაანადგურე იგი".
 
ამ ტექსტში ჩვენ ვაწყდებით სატანიზმის მიმიკრიას, მცდელობას სატანური იდეოლოგია გატანილ იქნას, როგორც კეთილსახოვნება რეტუშირებული ფსქიოლოგიური დარიგებების დახმარებით.
 
ა. ლავეიმ მნიშვნელოვანწილად დაიჭირა მისი თანამედროვე ამერიკული საზოგადოების განწყობა, მას მხოლოდ ოკულტურ-ინფერნალური პრაქტიკის დამატებაღა სჭირდებოდა. თვით ა. ლავეი ამბობდა: "ჩვენ ვქადაგებთ იმას, რაც ამერიკული ცხოვრების წესი გახდა. უბრალოდ ყველა როდი ფლობს გამბედაობას საგნებს საკუთარი სახელები შეარქვას".
 
თვით აშშ-ში სატანის ეკლესიის გამოჩენას თავშეკავებით შეხვდნენ. კერძოდ, კულტის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში ამერიკულ ტელეეკრანებზე გამოჩნდა სულ ორი ფილმი, რომლებიც აკრიტიკებდა ამ რელიგიურ ორგანიზაციას. მეორე მხრივ, სატანისტების მოძრაობამ აშკარა მხარდაჭერა ჰპოვა ამერიკელ ახალგაზრდებში და შემოქმედებით სფეროში.
 
80-იან წლებში ლავეი ეცადა ყველა სატანური სექტის სახელით უარეყო ადამიანთა მოტაცება, ნარკობიზნესი, ბავშვებზე ძალადობა, ცხოველთა და ბავშვთა მსხვერპლშეწირვა. ეს კეთდება იმ მიზნით, რათა სატანურ კულტს და ორგანიზაციებს უფრო რესპექტაბელური იერსახე მიანიჭოს და ახალი ადეპტები მიიზიდოს. მაგრამ ახალ-ახლმა სკანდალებმა ა. ლავეის ხელი შეუშალა მოეტყუებინა საზოგადოება. ასე, მაგალითად, 1972 წელს "კოვენის" ხელმძღვანელის ("კოვენი" - სატანის ეკლესიის 13 კაციანი განყოფილება) ჩარლზ მენსონის სექტამ - რეჟისორ რომან პოლანსკის აგარაკზე მოჰკლა მსახიობი შარონ ტეიტი და მისი მეგობრები. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს დანაშაული ატარებდა რიტუალურ ხასიათს, რადგან შენობის კედლებზე მკვლელებმა დატოვეს საკულტო ნახატები, კერძოდ, გადმობრუნებული ქრისტიანული ჯვრები და პენტაგრამები (ხუთქიმიანი ვარსკვლავები).
 
მაგრამ სატანისტებს მსგავსი ტრაგედიები ვერ აჩერებდა, მათ ხომ "უფრო დიდი მიზნები ჰქონდათ თვალწინ". ისინი ოცნებობდნენ და ოცნებობენ თავიანთი რწმენა მოსდონ მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ ადამიანთა სულებზე გაჩაღებული ეს ნადირობა წარუმატებელი როდი გამოდგა. კაცობრიობის მტრის თაყვანისმცემელთა რაოდენობა დღეს მილიონებს აღწევს. მარტო აშშ-ში ყველაზე მცირე 3 მილიონი ადამიანი განაკუთვნებს თავს ეშმაკის თაყვანისმცემელთა რიგებს. არსებობს მსოფლიო სატანური სექტები, როგორიცაა "მწვანე ორდენი", "სატანის ეკლესია", "დრუიდების საერთაშორისო ორგანიზაცია" (დაახლ. 5 მლნ. ადამიანი), "სეტის ტაძარი" და სხვა.
 
ყველაზე ამაზრზენ გამოვლინებებს სატანიზმმა სწორედ ჩვენს დროში მიაღწია. ეშმაკისადმი რწმენის აღსარება სულ უფრო და უფრო სისხლიანი, აგრესიული და არაადამიანური ხდება. რიტუალურ მკვლელობათა თითქოსდა ჩამქრალი პრაქტიკა კვლავ და თანაც არნახული ძალით აღორძინდა.
 
მსოფლიოში სატანიზმის ყველაზე პატივდებულ ნიშნად წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავი მიიჩნევა. ვარსკვლავის ყოველი წერტილი ეშმაკის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც სამყაროს სხვადასხვა მხარესაა მიმართული. მრავალი ქვეყანა თავის ჰერალდიკაში იყენებს ამ ვარსკვლავს. ეს სიმბოლო გამოიყენება ბოროტი სულების გამოსაძახებლად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხუთქიმიანი ვარსკვლავი გამოხატავს ადამიან-სატანისტის ოკულტურ ძალას საჰაერო სივრცეში და მიწაზეც.



სატანისტები

 
მუშტი, რომლის ნეკა და საჩვენებელი თითები რქებივით წინ არის გაშვერილი, "მძიმე როკისადმი" კუთვნილების ნიშანს წარმოადგენს. ესეც ოკულტური სატანიზმის ერთ-ერთი ქვეგანყოფილებაა. მრავალი თანამედროვე როკ-ჯგუფი თავისი შემოქმედებით, ცდილობს მოააახლოვოს ანტიქრისტეს მოსვლა. მუსიკაში გაჩნდა ისეთი ცნებაც, როგორიცაა "მოდა ლუციფერზე", რომელიც მოიცავს ისეთ ცნობილ ჯგუფს, როგორიცაა "როლინგ სტონუზი", რომელმაც გამოსცა სიმღერა "სიმპათია ეშმაკისადმი". გარდა ამისა, ამერიკის სატანური ეკლესიის არაფორმალური ლიდერი გახდა დასავლეთში პოპულარული მომღერალი ჯინ მენეფილდი.
 
ჩვენს ქვეყანაში (იგულისხმება სტატიის ავტორის ქვეყანა რუსეთი - "აპოკ." რედ.) პირველი სატანური სექტები 70-იან წლებში გამოჩნდა, კერძოდ, ქალაქებში: მოსკოვში, ლენინგრადსა და ოდესაში. თანდათანობით სექტების ადეპტები მრავლდებოდნენ, დღეს რუსეთის ფედერაციაში არანაკლებ 10 000-მდე სატანისტია. მარტო მოსკოვში 20 სხვადასხვა მიმართულების 30-მდე სატანური ჯგუფია, რომელთა წევრების რაოდენობა 2 000 ადამიანს აღწევს.
 
რუსეთში ყველაზე მსხვილი სატანური და ყველაზე განშტოებადი და ზედმიწევნით შენიღბული სატანური ორგანიზაციებია: "სამხრეთის ჯვარი" ("მოსკოვის სატანის ეკლესია"), "შავი ანგელოზი", "შავი საძმო". "სათაგური", "ცისფერი ლოტოსი", ცენტრი "იუნივრი" და სხვა.
 
სატანური სექტების უმრავლესობა უმჭიდროვესად არის დაკავშირებული ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, დამნაშავეთა დაჯგუფებებთან. მათი ფინანსური წყაროები ძირითადად მომდინარეობენ ნარკოტიკებით, იარაღით, დონორული ორგანოებით ვაჭრობისგან, ასევე ადეპტების შემოწირულობებიდან. ზოგიერთი სექტის სათავეში დგანან მრავალმხრივ გამოცდილი სპეციალისტ-ფსიქიატრები, რომლებიც ფლობენ ცნობიერებაზე ზემოქმედების მძლავრ მეთოდებს (მაგალითად, "შავი საძმოს" მეთაური შავი გრაფინია).
 
ხსენებულ სექტებში აღესრულება დემონური რიტუალები (სავალდებულო მსახურებაა "შავი მესა" ვალპურგის ღამეს, ასევე ჰელოუინზე, ზამთრისა და ზაფხულის მზის დგომაზე, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობაზე, ღამით ყოველ სავსემთვარეობას). მრავალი სექტა აქტიურად ეწევა პროზელიტიზმს. საკუთარი რიტუალური საქმიანობის სფერო მოიცავს ადამიანური მსხვერპლშეწირვის ამაზრზენ ჩვეულებებს. ამ უკანასკნელთა შორის შეიძლება დავასახელოთ 1993-1994 წლებში, ოპტის უდაბნოში მღვდელმსახურთა და მომლოცველთა რიტუალური მკვლელობა; 1989 წელს ხუთი გოგონას მკვლელობა. სატანისტების "სინდისზეა" მინსკის საკათედრო ტაძრის შებილწვა 1996 წელს, სასაფლაოს შებილწვა ყაზახეთში 1996 წელს, ბავშვების გაუპატიურება სატანური ორგიების დროს, ადამიანთა მოტაცება და ცხოველთადმი სადისტური მოპყრობა.
 
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სატანიზმი ორგანიზაციულად და იდეოლოგიურად ჩამოყალიბდა და გაძლიერდა. მან თავის ორბიტაში ახალ-ახალი ძალები ჩაითრია. ეს სრულიად პასუხობს აპოკალიფსისის გაფრთხილებას ანტიქრისტეს დროების შესახებ. სატანიზმი ხდება უფრო დახვეწილი, მოდერნიზებული, და ცდილობს ადამიანთა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც.
 
ქრისტეს ეკლესია ამ ვითარებაში კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, რომელიც მის წინაშე "ჯოჯოხეთის ბჭემ" დააყენა. მისი ისტორიული გამარჯვება თვით სამყაროს ბუნებაშია ჩადებული, რადგან "რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (2 კორინთ. 6:14-15).
 
იქმნება დემონური ცნობიერების, ტერმინოლოგიისა და მენტალიტეტის ახალი ტიპი. ჩვენ ახლა ვაკვირდებით ახალი კულტურის აღმოცენებას, კულტურისა, რომელიც "ფანჯრიდან მოპარება". გვიახლოვდება "ახალი სამყაროს" რელიგია, რომელსაც "ძველი ღირებულებების" სამყაროს განადგურება სწყურია ("ძველ ღირებულებას" უწოდებენ დღეს ქრისტიანული ცივილიზაციის ნარჩებნებს ევროპაში). სატანას გაერთიანებულ ევროპაში, ძველ და ახალ სამყაროში თავისი აღლუმის გამართვა სწყურია, მას სურს მიწასთან გაასწოროს მთელი პლანეტა და აავსოს იგი არა მარტო საკუთარი შნაარსით ("ახალი აზროვნებით"), არამედ მოიცვას იგი თავისი მყოფობითაც (სეკულარიზაციით).
სატანიზმი
"სახელი მისი ლეგიონი"
(მარკ. 5:9)
 
თვით ებრაული სახელი სატანა (ებრ. სატან, ბერძნული ტრანსლიტერირეტული - სატანას), ძველი აღთქმაში არაერთმნიშვნელოვანია. ის ნიშნავს შინაგან პოლიტიკურ "მოწინააღმდეგესაც", - დისიდენტს (იხ. 3 მეფ. 5:4) და ამავე სიტყვით (სატან) ბიბლიაში აღინიშნება გამყიდველი ომში - დეზერტირი (რომელიც თავს არიდებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს) (1 მეფ. 29:4); ამავდროულად ეს ნიშნავს ოპონენტ "წინასწარმეტყველს", საკუთარი თავის მამხილებელს (1 მეფ. 19:23), და ა. შ. მაგრამ ამ სიტყვის უმთავრესი მნიშვნელობა წმიდა წერილში გახლავთ კერძო სახელი ერთ-ერთი დაცემული ანგელოზისა - ეშმაკისა, იმგვარ სახელებთან ერთად, როგორებიცაა:
 
 
აბადონი (გამოცხ. 9,11),
 
აპოლიონი (გამოცხ. 9, 11),
 
ბელზებელი (მათე 12, 24),
 
ბელიარი (2 კორინთ. 6,15),
 
 
მით აღინიშნებიან ასევე:
 
 
ცილისმწამებელი (გამოცხ. 12,10),
 
სუპოსტატი (მოწინააღმდეგე) (1 პეტრე 5,8),
 
უფსკრულის ანგელოზი (გამოცხ.8,11),
 
წუთისოფლის თავადი (2 კორინთ. 4,4),
 
კაცის მკვლელი (იოანე 8,44),
 
ძველი გველი (გამოცხ. 20,2),
 
ეშმაკთა თავადი (მათე 12, 24),
 
ჰაერის ძალთა თავადი (ეფეს. 2,2),
 
ამა ქვეყნის თავადი (იოანე 14, 30),
 
ნელი საწუთროს მპყრობელი (ეფეს. 6,12),
 
უკეთური (მათე 13,19).
 
რა ვიცით სატანის შესახებ? - ვისი ბაირაღის ქვეშ იკრიბება სულ უფრო და უფრო მეტი მამაკაცი და დედაკაცი ამ დედამიწაზე? როგორ გავექცეთ მის საცდურებს და როგორ ვეწინააღმდეგოთ მის ძალაუფლებას?
 
 
მთიების (ცისკრის ვარსკვლავის) დაცემა
 
ღმრთის სიტყვა მოგვითხრობს, რომ თავის დაცემამდე ლუციფერი იყო უდიადესი ღმრთის ანგელოზთა შორის, რომლის ზეგავლენით, მისი უნიკალური თვისებების წყალობითა და მის მიერ მოხიბლულ იქნა მთელი საწუთრო (გამოცხ. 12:9).
 
დასაბამიდან ღმრთის ყოველი ქმნილება "ძალიან კარგი იყო" (დაბ. 3:31). ვიდრე დაეცემოდა სატანის შესახებ ნათქვამია: "ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი" (ეზეკ. 28:13-14).
 
წმ. კირილე იერუსალიმელი ასწავლიდა: "მან კი შესცოდა არა იმიტომ, რომ ბუნებითგან მიიღო აუცილებელი მიდრეკილება ცოდვისკენ (ასეთ შემთხვევაში ცოდვის მიზეზი გახდებოდა მისი შემოქმედი); არამედ, შექმნილ იყო რა კეთილ არსებად, საკუთარი ნებით მიიდრიკა ცოდვისკენ" (კატექ. ქადაგ.). სატანა და სხვა სულები, რომელთაც გააჩნდათ თავისუფლება, "საკუთარი ნებით, სიკეთის უარყოფით, ცოდვისკენ მიიდრიკნენ" (წმ. ბასილი დიდი. ევნომეველთა წინააღმდეგ).
 
წმ. იოანე დამასკელი ასწავლის, რომ: ეშმაკს თავიდან (სანამ დაეცემოდა) "ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი" (მართლმ. სარწმ. ზუსტი გადმოცემა. სატანას და ეშმაკების შესახებ). ის იყო ამ პლანეტის ერთგვარი მფარველი ანგელოზი. მაგრამ, როგორც ზემოთ მითითებული ტექსტიდან ვნახეთ ("... მთელი საწუთროს მაცდური" (გამოცხ. 12:9)), მისი ამბიციები მხოლოდ დედამიწით არ დაკმაყოფილდა და ზეცის დაპყრობაც მოისურვა. მაგრამ, როგორი იყო მისი იმედგაცრუება, ბოღმა და შური, როდესაც სამოთხეში, სწორედ ადამის სახით მზაკვარმა დაკარგა ყველაფერი და ძალაუფლებაც მთელ დედამიწაზე, აქედან კი ზეცად აღსვლის შესაძლებლობაც. აქ ძევს მიზეზი იმისა, რომ სატანა ემტერება არა მარტო კაცთა მოდგმას, არამედ მთელ ქმნილ სამყაროს.
 
თავიდან გააჩნდა რა ღმრთისადმი მგზნებარე სიყვარული, ეშმაკი მაქსიმალურად ცდილობდა თავის უფალთან მიახლოვებას. ღმრთისგან განსაკუთრებული მისიის მიღებით ის გახდა განსაკუთრებული და უნიკალური ანგელოზი, მაგრამ ვერ შეინარჩუნა თავისი სულიერი მოწოდების სიმაღლე. სურდა რა მთლიანად შერწყმოდა უზენაესს შემოქმედისადმი თავისი მიახლების მომენტში, მან (სატანამ) მკრეხელურად იფიქრა, თავისი სილამაზით გატოლებოდა ღმერთს და თანასწორად შერწყმოდა მას. ამის შესახებ ნათქვამია ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში: "გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე" (ეზეკ. 28:17).
 
მზაკვარმა და მკრეხელმა სატანამ მისი სიამაყის სულით აცდუნა ცის ვარსკვლავთა (ანგელოზთა) მესამედი (გამოცხ. 12:4).
 
 
სულიერი ბრძოლა
 
ცაში გამართულმა ბრძოლამ სატანასა და მთავარანგელოზ მიქაელს შორის, დემონებსა და უფლის ანგელოზებს შორის ლუციფერს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ: "და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები" (გამოცხ. 12:7-9).
 
დაკარგა რა დედამიწაზე ბატონობის შესაძლებლობა, ეშმაკმა გადაწყვიტა ესარგებლა ადამიანის სულით, როგორც იარაღით, ვის მიერაც შეძლებდა თავისი ამაყი ამბიციების განხორციელებას. ევას ცდუნებისას მზაკვარი მას სთავაზობს გაიმეოროს მისი დამღუპველი გამოცდილება. ის დედაკაცს ეუბნება: "უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:4-5).
 
ერთი მხრივ, სატანა ადამიანებს ჰპირდება უკვდავებას - "არ მოკვდებით"; მეორე მხრივ კი - სთავაზობს მათ საკუთარი თავი გაუტოლონ უფალს: "შეიქნებით ღმერთივით". იყო რა პირველი შემცოდე, რომელმაც დაცემის მისეული გამოცდილება გადასცა მესამედს ანგელოზთა, იმავე ბოროტებას უკვე ადამიანთა გულებშიც თესავს. ამ აზრით არსებობს მხოლოდ ერთი ცოდვა, აღსრულებული ეშმაკის მიერ და ყოველ დანარჩენ ცოდვაში ეს დემონური მემკვიდრება აშკარად შეიგრძნობა. აი რატომ ასწავლის წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომ: "ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8).
 
 
"ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ"
 (იობი 28:3)
 
ჩვენი პირველმშობლების ცოდვით დაცემის შემდგომი ჟამი (როდესაც მათ არ ისმინეს ღმრთისა და ნებაყოფლობით მიჰყვნენ ეშმაკის რჩევას) ყველაზე საშინელი იყო კაცთა მოდგმის ისტორიაში. ეს პერიოდი, რომელიც მთავრდება ღმრთის ძის გოლგოთისეული ტანჯვით, თავისი ვნებითი სიმხურვალით შეიძლება მხოლოდ ანტიქრისტეს მომავალ პერიოდს შევადაროთ, როდესაც ბოროტების ძალნი კვლავ მიიღებენ თავისუფლებას, ოღონდ "მცირე დროით" (გამოცხ. 20:3).
 
ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანში მოხდა საშინელი ცვლილებები. წმ. მაკარი დიდთან ვკითხულობთ: "ადამმა, დაარღვია რა უფლის მცნება და ისმინა რა გველის, მით საკუთარი თავი მიჰყიდა და დაუთმო ეშმაკს, და ამ მშვენიერი ქმნილების სულში (ანუ ადამიანში - "აპოკ". რედ.) - შესახლდა ეშმაკი" ("სათნოთმოყვარება", გვ. 158). ძველი აღთქმის დროება ეს არის დროება სიკვდილის აჩრდილისა. ვის შეეძლო მაშინ გადარჩენა? ნათქვამია: "თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად, ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით" (ეზეკ. 14:19-20). ეშმაკი განუყოფლად მეფობდა იმ დროს ადამიანთა გულებში. ჩვენ ვკითხულობთ: "ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე" (3 ეზრა 9:15).
 
კაცობრიობა, მაშინ იმდენად დაემონა ეშმაკის ნებას, იმდენად შთაეფლო მის ცოდვილ ცნობიერებაში, რომ უკვე ვერც წინასწარმეტყველნი, ვერც "მართალნი" შემძლენი ვერ იყვნენ გადაელახათ ჯოჯოხეთის გავლენა, რის გამოც საჭირო გახდა, რათა თვით ღმრთის ძე გადმოსულიყო ამ ქვეყნად "ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხონებისათვის", და თვით ქვესკნელშიც ჩასულიყო, რათა ეხსნა ადამიანი.
ქრისტეს აღდგომა
"სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?"
 (ოსია.13,14)
 
მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ჩვენმა უფალმა ჯვარზე შესძახა "აღსრულდა! თავი დახარა და სული განუტევა" (იოანე 19:30), ეშმაკმა დაკარგა ყოველგვარი ძალაუფლება კაცთა მოდგმაზე და მისმა მმართველობამ დედამიწაზე დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმურობა. სწორედ ამაზეა ლაპარაკი იოანეს სახარებაში: "და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3:14-15). სპილენძის გველმა, რომელიც მოსემ უდაბნოში აღმართა, თვისი მეტალისებრი სიმტკიცით ღმრთის ნებით შეზღუდა გველთა შესაძლებლობა მოეწყლათ ისრაელიანნი. ყოველი, თუნდაც უკვე გველით დაკბენილი, შეხედავდა რა სპილენძის გველს, სიკვდილს გადარჩენილი იყო.
 
ქრისტემ კი უბრალოდ დიდი ჯაჭვით კი არ შეკრა გველი და "შეკრა იგი ათასი წლით", არამედ "უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს" (გამოცხ. 20:1-3).
 
ამრიგად, ეშმაკი დღეს მოკლებულია ყოველგვარ ძალაუფლებას და შეიძლება გავიგოთ მოგვ კვიპრიანეს გაკვირვება იმაზე, რომ სატანამ ვერ შეძლო მორეოდა ქრისტიან ქალწულ იუსტინას. მაშინ კვიპრიანე ჯერაც არ იყო მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და არ იცოდა უფლის ძლიერება. მაგრამ რით ავხსნათ ის პანიკა, რომელსაც განიცდის მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი ისეთი მოვლენების წინაშე, როგორიცაა ჯადოქრობა, მაგია, ოკულტიზმი, გათვალვა, წახდენა და ქრისტეს მიერ დალეწილი ბნელეთის მთავრის სამეფოს სხვა ნამსხვრევები. რატომ უნდა ეშინოდეთ მართლმადიდებელ ქრისტიანთ ეშმაკის, დემონების, ჭინკების, ვამპირების, შავი კატების, უცხოპლანეტელების, მოჩვენებებისა და კიდევ ათასგვარი უწმინდურების, განა შიში უფლისა არ დევნის სხვა ყოველგვარ შიშს?! წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: "ღმრთის შიშის მქონეს არაფრის ეშინია". ჭეშმარიტად, როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი:
 
"რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს, არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება, იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან. რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა. ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება" (იგავნი 1:29-33). ამრიგად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ უარვყოთ "თავქარიანთა დაუდევრობა" და "ვიცხოვროთ მშვიდად ისე, რომ ბოროტის შიში არ გვქონდეს".
 
სწორედ შიშის, ურწმუნოების, შებილწვის, სიძულვილის, მემრუშეობის, ცრუმორწმუნეობის, სიცრუის მეშვეობით ცდილობს მზაკვარი ჩვენს დაუფლებას. აქ მთავარია გვახსოვდეს წმიდა წერილის სიტყვები:
 
"მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი" (გამოცხ. 21:8).
 
შიში ვარაუდობს, თაყვანისცემას თუ არა, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის (მათე 4:10), პატივისცემასაც. ბიბლიაში ლაპარაკია იმაზე, რომ ჭეშმარიტი შიში სიყვარულისგანაც იშვება, მაგრამ მისი ბუნება, ადამიანური შიშისგან განსხვავებით სულ სხვაა: "უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს" (ზირ. 1:13).
 
მათეს სახარებაში ნათქვამია: "ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს" (მათე 8:30-33).
 
წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ღორების მაგალითზე უფალმა გვაჩვენა, რას უზამდა ეშმაკი კაცთა მთელმოდგმას, ღმრთის განგებულება რომ არ ზღუდავდეს მის მისწრაფებას. სატანამ პირდაპირ ახლა რომ ძალაუფლება მიიღოს, სამყაროს კონფლიქტები დაფარავდა. დაიძვრებოდნენ ბირთვული რაკეტები, გაჩაღდებოდა ომი, დაიწყებოდა ეთნიკური და "რელიგიური" წმენდები. ერთი დასავლელი მქადაგებლის წიგნში წავიკითხე, რომ "ცივი ომის" პერიოდში ამერიკის ბირთვულ ბუნკერებში უეცრად ამოქმედდა სისტემა, რომელიც რუსული რაკეტების სტარტზე იუწყებოდა (ეს ცრუ სიგნალები იყო). მაგრამ ყოველთვის, როდესაც ამერიკელები ამზადებდნენ "ადექვატურ ზომებს", მათში ტექნიკური ხარვეზები იჩენდნენ თავს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რამდენჯერ დაუშვა უფალმა ასეთი ხარვეზები რუსულ სარაკეტო სისტემებშიც. ჭეშმარიტად, ის ზღვარი, რომლის მიღმა შეიძლება დაიწყოს ბირთვული, ეკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და ნებისმიერი სხვა კატასტროფა, ყოველთვის საღმრთო განგებულების კონტროლქვეშაა. და როგორც გინდ ცდილობდეს მზაკვარი თავისი ემისრების მეშვეობით უბიძგოს, დაამხოს ან გადააგდოს კაცობრიობა დაშვებულ ზღვარს მიღმა, ამგვარ ძალაუფლებას მოკლებულია. ის შეზღუდულია შემოქმედის ნებით.
 
იობის წიგნში ნათქვამია, რომ უფალი ზღუდავდა ეშმაკის ძალაუფლებას იობზე, სიტყვებით: "აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი" (იობი 2:6). ამ სიტყვებით ღმერთმა მზაკვარს ერთგვარი ზღვარი დაუწესა, რომლის გადალახვა მას არ ძალუძს. ბიბლია პირდაპირ გვასწავლის, რომ თვით საშინელ განსაცდელებშიც საცთურთა ზღვარი არსებობს, რომლის მიღწევისას უფლის შეწევნა არ დააყოვნებს. ნათქვამია: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13).
 
სატანა და ბოროტი სულები შეზღუდულნი არიან არა მარტო ჩვენს ცდუნებებში, არამედ სივრცეში გადაადგილების შესაძლებლობებშიც. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სულებს, მოჩვენებებსა და მოგვებს ასტრალში შეუძლიათ გავიდნენ კედელში და ამგვარად ეწვიონ ჩვენს საცხოვრისს. წმ. იოანე დამასკელი მსგავს ცრუმორწმუნეებზე ამბობს, რომ ისინი - თხზავენ სისულელეებს და უკიდურესად უმეცარნი არიან. ის წერს: "მხოლოდ ჩვენმა უფალმა და ღმერთმა იესუ ქრისტემ ქმნა ესე (ანუ გავიდა დახშულ კართა მიღმა - ავტ.), როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა მოციქულებთან დახშული კარებიდან შევიდა. ხოლო თუ ჯადოქრებიც აკეთებდნენ ამას და დღემდე აკეთებენ, მაშინ უფალს გაკვირვების ღირსი რამ არაფერი უქნია, როდესაც მოციქულებთან შევიდა ისე, რომ კარები დაკეტილი იყო". შემდეგ წმ. იოანე დამასკელი უარყოფს შესაძლებლობას იმისა, რომ გარდაცვლილთა სულებს (მოჩვენებებს) შეეძლოთ საკუთარი ნებით სერინობა, ვის სად და როდის მოესურვება. ის უარყოფს ასევე ადამიანის გათვალვის და წახდენის შესაძლებლობას: "და კიდევ, თუკი ჯადოქარი ჭამს ყრმის ღვიძლს, როგორ შეუძლია მას შემდეგ ცხოვრება?"
 
არ შეიძლება ეშმაკისა და მისი ანგელოზების ყველგანარსებულად წარმოდგენა. ბოროტ სულთა ბუნება და ყოფიერება შეზღუდულია სივრცესა და დროში. სატანას არ შეუძლია რაიმე შეცვალოს ჩვენს წარსულში, მას მიჩენილი აქვს განსაზღვრული დრო და მისი შესაძლებლობები შემოფარგლულია.
 
მხოლოდ უფალ ღმერთზეა ნათქვამი, რომ ის შემოუსაზღვრელია დროით: "ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე 3:8). მხოლოდ შემოქმედი ღმერთია შემოუსაზღვრელი მთელ სამყაროში. ფსალმუნთმგალობელი დავითი შესძახებდა: "უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას. საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი. და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე" (ფსალმ. 138:5-12).
 
ამ აზრით ღმერთს არც წარსული გააჩნია და არც მომავალი. მისთვის ყოველთვის აწმყოა. ბიბლია გვასწავლის: "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი" (იაკობი 1:17).
 
აი რატომ შეიძლება ჩვენ ყოველ სიტყვას, აზრსა და ყოველ საქციელს უფალში მარადიული მნიშვნელობა ჰქონდეს.
 
სატანა, შეზღუდულია რა დროითაც და სივრცითაც, ყოველ ადამიანზე ვერ იმოქმედებს. ის ამისთვის მისდამი მორჩილ დემონთა არმიას იყენბს, მაგრამ ისინიც ერთმანეთისადმი სიძულვილით არიან გამსჭვალულნი და მათ შორისაც არ არის თანხმიერება. იქ სადაც ირღვევა შემოქმედთან ურთიერთობის წესი და რიგი - ქაოსი და არეულობა ისადგურებს.
 
ბოროტ სულებს არ შეუძლიათ ჩვენი სულის სიღრმეში შეღწევა, ჩვენი აზრების დაუფლება. ადამიანი ეშმაკით შეპყრობილიც რომ იყოს, ეშმაკს მაინც არ ძალუძს ადამიანის აზრების წაკითხვა. ის მხოლოდ ყურადღებით გვაკვირდება და ცდილობს ჩვენი მდგომარეობის გარკვევას. მან იცის, რომ ყველაზე დავარდნილი ცოდვილიც კი შეიძლება "თვალის დახამხამებაში შეიცვალოს" (წმ. იოანე ოქროპირი).
 
დემონები ყოველდღიურად გვაკვირდებიან, ისინი შიშობენ არ დაგვკარგონ თავიანთი გავლენის ზონიდან. რადგან წერილში ნათქვამია: "ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი" (გოდება იერემიასი 3:21-23).
 
დიახ! "მისი მადლი არ დალეულა. ის ყოველ დილით განახლდება". ყოველი დღეს თითოეული ადამიანისთვის შეიძლება ცხონების დღე გახდეს, დღე უფლისგან ბოძებული საკვირველი ცვლილებებისა, დღედ ეშმაკის "ყოველ საქმეთა და ყოველ ანგელოზთა" უარყოფისა (ნათლისღების წეს-განგებიდან).
 
ამრიგად, როგორც გინდ ეცადონ სატანისგები ეშმაკი წარმოადგონონ "ყოვლისშემძლე" და "ძლიერ" არსებად, ჩვენ ვხედავთ იმ განსხვავებას, რომელიც შემოქმედსა და ქმნილებას შორის არსებობს. და ეს განსხვავება ისეთია, როგორიც მეთუნესა და მის მიერ ქმნილ თიხის ჭურჭელს შორის. "ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?" (ესაია 45:9). სატანა ვერაფერს შეუბედავს უფალს და ძრწის მისი სახელის წინაშე. ნათქვამია: "ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც" (იაკობი 2:19).
 
ამ აზრით, ზოგიერთი მკრეხელური ქცევა, რომელსაც ადამიანის ჩადის, ბოროტ სულებსაც უნდა აძრწუნებდეს. შემოქმედის ნების უარყოფაში ადამიანებმა უკვე თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი გადააჭარბეს.
 
 
 
"მწამს ღვთისა"
 (საქმე.27:25)
 
როგორ გადალახოს ადამიანმა საკუთარ თავში დემონური რმწმენა, რომლის შესახებაც ნათქვამია "ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც" (იაკობი 2:19). და რითი განსხვავდება ეს დემონური რწმენა, რომელიც ათეისტთა ურწმუნოებაზე აღმატებულია, ქრისტიანთა რწმენას?
 
უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ დემონური ანუ მკვდარი რწმენა, ეს არის რწმენა "საქმის გარეშე" (იაკობი 2:20). საკუთრივ, ასეთი რწმენა არის ცრუმორწმუნეობა (ამაო რწმენა - ანუ არაფრის მაქნისი და უსარგებლო). მას რელიგიური გრძნობა დაჰყავს "საბაზრო-სასაქონლო" ურთიერთობამდე. წარმართი ან ცრუმორწმუნე ადამიანი რწმენაში საკუთარ ხორციელ უპირატესობას ეძებს. იგონებს "რელიგიას", რომელიც მას ეხმარება უფრო კომფორტულად აარიდოს თავი ჯვრის სიმძიმეს.
 
ერთხელ ერთი ადამიანისგან მესმა: "მე დავდივარ ტაძარში, ვლოცულობ, მაგრამ რატომღაც ჩემი ცხოვრება სულ უკან და უკან მიდის. რატომ არ ზრუნავს ღმერთი ჩემზე? ადრე უკეთესი ხელფასი მქონდა, გამაჩნდა მშვენიერი სამსახური, ახლა კი რაღა შემრჩა? მეგობარმა ქალმა მითხრა, რომ მსგავსი რამ ბევრს სჭირს, ვინც კი მართლმადიდებლობას უბრუნდება". მე ვფიქრობ, რელიგიისადმი ამგვარ მომხმარებლურ დამოკიდებულებას მრავალი ადამიანი შეჰყჰრია.
 
დაუშვებელია ამგვარი მომხმარებლური დამოკიდებულება. თვით ლათინური სიტყვა რელიგია ხომ ღმერთთან კავშირს ნიშნავს. ეს არ არის კავშირი კულტურის სამყაროსთან, ფულის დინებასთან, ეს არ არის კავშირების დამყარება ამა ქვეყნის ძლიერებთან, - არამედ ეს არის ქმნილების წყურვილი და შიმშილი ღმრთის მიმართ. შედეგად, ნებისმიერი მცდელობა მორიგი სუროგატით დამახინჯდეს რწმენის ჭეშმარიტი აზრი, გახლავთ ეშმაკისეული მცდელობა შეცვალოს რწმენის პრინციპები და შეგვიტყუოს სხვა, არა უფლისმიერი, "ღირებულებების" სამყაროში.
 
როდესაც ჩვენი ცხოვრების ღირებულებებად და მნიშვნელოვან მოვლენებად ვაქცევთ: სექსს, ფულს, ღვინოს, ნარკოტიკებს, მზაკვარი სული მთელ რიგ ცვლილებებს ახორციელებს ადამიანში. რადგან სატანა არ არის შემოქმედი, ამ სიტყვის ერთადერთი აზრით, ის "მცნებისგან იღებს საბაბს", და გვინერგავს "ყველა სურვილს, რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია" (რომ. 7:8). ანუ ეშმაკი სიმართლის ერთგვარი ანტიპოდი გახდა.
 
ამ აზრით სატანიზმი ეს არის "რელიგია შავი გასასვლელიდან". ისინი არ უარყოფენ ღმრთის არსებობას, მაგრამ ამასთან ჯიუტად სურთ ემსახურონ მხოლოდ ეშმაკს. აღიარებენ რა ბიბლიის სიწმიდეს, ისინი ღმრთის მცნებებში ცოდვის მიზეზებს ეძიებენ.
 
ერთი ქალი მიყვებოდა, რომ უეცრად მისმა სატანისმა ქალიშვილმა აქტიურად დაიწყო ბიბლიის შესწავლა, და რაღაცეების ჩაწერა თავის ბლოკნოტში. დედამ, რომელსაც შვილის ასეთი ქცევა კეთილ ნიშნად მოეჩვენა, ჰკითხა მას: "გინდა ქრისტიანი გახდე?" სატანისტმა უპასუხა: "არა. უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სატანური ბიბლია, და მე მირჩიეს ქრისტიანული ბიბლიის წაკითხვა, ოღონდ ყველაფერი უნდა გავაკეთო პირუკუ".
 
ის, რომ ღმერთი არსებობს, ყოველ სატანისტს სჯერა, შემოქმედის არსებობისა სწამთ წარმართებსაც, ოკულტისტებსაც, მოგვებსაც და ექსტრასენსებსაც. მაგრამ მათ სწორედაც რომ მისი ყოფიერება სწამთ. მაგრამ არის სხვაგვარი რწმენა, რწმენა არა ღმრთის არსებობისა, არამედ ღმრთისადმი რწმენა, რაც გულისხმობს მისდამი სიყვარულს და ნდობას.
 
ოდესღაც მოციქულმა პავლემ აბობოქრებული ზღვის ზვირთებში, გემზე, რომელიც ეს-ესაა უნდა ჩაძირულიყო, სწორედ ასეთი სიყვარულით სავსე რწმენა აღიარა. მან თქვა: "მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა" (საქმე 27:25).
 
ღმრთისადმი რწმენა - ეს მარტო მისი არსებობის აღიარება როდია, ეს უპირველეს ყოვლისა გახლავთ შემოქმედის მცნებებისადმი მორჩილება, მისი წმიდა სჯულის შესრულებისადმი მისწრაფება, ეს არის ღმრთისადმი სიყვარული, როდესაც "არ შეეჭვდები შენს გულში, არამედ იწამებ, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება" (მარკოზი 11:23).

გაგრძელება იქნება.

წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Oleg_Stenyaev/satanizm-biblejskij-opyt-osmyslenija-problemy/

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 2022 წ.
Назад к содержимому