საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიის აპოლოგეტიკა. თ. IX - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიის აპოლოგეტიკა
 
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
კოსმოსი - ღმერთის თვალი

თავი IX. ბიბლია და ანთროპოლოგია

განვიხილოთ შემდეგი სამი საკითხი:
 
როგორ გაჩნდა ადამიანი?
   
როდის გაჩნდა ადამიანი?
 
რას წარმოადგენს ადამიანი?
 
 
ვნახოთ როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვებს და როგორი დამოკიდებულება აქვს მეცნიერებას ბიბლიური გამოცხადებისადმი.
 
 
როგორ გაჩნდა ადამიანი?
 
ამ საკითხზე ე. წ. "ევოლუციური თეორიის" მომხრეთაგან დაწერილია მრავალი სისულელე. ეს თორია, უგულებელყოფს რა ბიბლიურ მოწმობას ადამიანის შექმნის შესახებ, თავისებრად ცდილობს განმარტოს დედამიწაზე მისი გაჩენა. ასე, მაგალითად, ის ამტკიცებს, რომ ადამიანი თავის დღევანდელ მდგომარეობაში გაჩნდა უფრო დაბალი ტიპის ადამიანის გარდაქმნით, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, გამოვიდა პირიტუყვისგან, მაგალითად, მაიმუნისგან, მაგრამ ამავე თეორიით თვით მაიმუნიც რომელიღაც ახლოს მდგომი სახეობიდან წარმოებული გარდაქმნების ნაყოფია, მაგალითად, ბაყაყისგან, ხოლო ბაყაყი, ევოლუციის თეორიის მიხედვით, შეიძლებოდა წარმოშობილიყო რომელიმე მცენარისგან, მცენარეები კი წარმოიშვნენ არაორგანული კრისტალებისგან, - მოკლედ, რომ ვთქვათ, ევოლუციის თეორია ცდილობს ამტკიცოს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე თვითნებურად წარმოიშვა, მკვდარი მატერია შეირხა და თავისი ევოლუციური პროცესი დაიწყო. ამაში იმოწმებენ დარვინს, თითქოსდა მან შეძლო სიცოცხლის სახეობათა გარდაქმნის დაკვირვება უკუმიმართულებით "ელექტრობიდან და ალბუმინიდან". თითქოსდა სწორედ ამაში მდგომარეობს ევოლუციის თეორია.
 
დოქტ. რ. ლანკასტერი, ამ თეორიის მიმდევარი, ოქსფორდში, თავისი მოხსენების დასასრულს, რომელიც ადამიანის მსგავსი მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობის საკითხს ეძღვნებოდა, ამბობდა: "ცხოველები, თავის მხრივ, უფრო დაბალი ცოცხალი მატერიისგან წარმოიშვნენ, ხოლო ეს უკანასკნელი - კიდევ უფრო უმარტივესი ქიმიური ელემენტების შენაერთებისგან".
 
პროფ. ჯ. ტომპსონი კიდევ უფრო გულახდილია: "აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ერთგვარი პირველყოფილი ჩანასახი, რომელიც არავინ იცის როგორ გაჩნდა, მილიონი წლების შემდეგ ადამიანად ჩამოყალიბდა".
 
მეცნიერების ამ უკიდურესი დასკვნებიდან გამომდინარე, შევეცდებით ვუპასუხოთ სამ მნიშვნელოვან კითხვას:
 
შესაძლებელია თუ არა მკვდარი მატერიისგან სიცოცხლის თვითჩასახვა?
 
არის თუ არა ადამიანი უქვემოესი ორგანიზმების უფრო მაღალ ორგანიზმებად ევოლუცირების (გარდაშობის) შედეგი?
 
წარმოიშვა თუ არა კაცობრიობა ადამისგან, როგორც ამას გვიდასტურებს ბიბლია?
 
 
1. პირველ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვიპოვით იმაზე დიდ ავტორიტეტს, ვიდრე ლორდ კალვინია. ერთ-ერთ თავის სტატიაში ის ამბობს: "შეიძლება თუ არა იმაზე აბსურდული რამ არსებობდეს, ვიდრე რწმენა იმისა, რომ რამოდენიმე ატომმა, შეერთების გზით, თვით შეძლო ბეწვის, მიკრობის ან ცხოველის წარმოშობა?! აქ მეცნიერებამუნდა აღიაროს უზენაესი შემოქმედებითი ძალის ჩარევა. ორმოცი წლის წინ, ერთხელ ლიბიხთან ერთად ველზე სეირნობისას დიდ ქიმიკოსს ვკითხე, რას ფიქრობს ის ჩვენს ირგვლივ მოფენილი ყვავილების თვითჩასახვაზე, შეეძლოთ თუ არა ისინი წმიდად მექანიკური პროცესის შედეგად გაჩენილიყვნენ? "ამას ვერ დავუშვებ, მიპასუხა მან, რადგან მე არ მწამს იმისა, რომ ბოტანიკის წიგნი, რომელიც აღწერს ყვავილებს, უბრალოდ ქიმიური პროცესის შედეგია, ამდენად, ვერ დავუშვებ ყვავილების თვითჩასახვის იდეას".
 
თავის მოხსენებაში, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისადმი იყო მიმართული, ლორდ კალვინმა თქვა: "დაე ნუ იფიქრებენ ისინი (ევოლუციის მომხრეები), რომ რომელიღაც ელექტრონული ფოკუსის შედეგად შეძლებენ შექმნან ცოცხალი უჯრედი. არასოდეს არ ენდოთ ასეთ სულელურ ფანტაზიას. ყოველი მცდელობა შექმნილიყო თუნდაც უმნიშვნელო არაორგანული ნივთიერება ან ბაქტერია ან თუნდაც ერთი ორგანული ცოცხალი უჯრედი არასოდეს დაგვირგვინებულა და არც არასოდეს დაგვირგვინდება წარმატებით! არავითარი ხელოვნურ პროცესს არ შეუძლია სიცოცხლის ჩასახვა".
 
სულაც არ არის გასაკვირი, რომ სამეცნიერო სამყარომ დიდი ხანია ზურგი აქცია თვითჩასახვის თეორიას, როგორც სრულიად უსაფუძვლოს. ოლივერ ლოჯი ამბობს: "მცდელობა დაამტკიცონ ევოლუციის თეორია, რაოდენ მრავალრიცხოვანნიც იყონ, დღემდე სრულიად წარუმატებელი რჩება". თვით ჩარლზ დარვინის შვილმა, გეორგ დარვინმა ბრიტანეთის საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში (1905 წ. 16 აგვ.) განაცხადა: "სიცოცხლის საიდუმლო ისევე შეუღწევადია, როგორც ყოველთვის".
 
ცნობილი პროფესორი ჰენრი დრუდმონდი თავის წიგნში "ბუნებრივი კანონი სულიერ სამყაროში" ძალიან მჭიდროდ ეხება დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხს. დეტალურად განიხილავს რა მონაცემებს სიცოცხლის თვითჩასახვასთან დაკავშირებით, დასასრულს, შეჯამების სახით ბრძანებს: "უახლესი მეცნიერების თვალში ბუნება ორად არის გაყოფილი. ფიზიკურ კანონებს შეუძლიათ ახსნან არაორგანული სამყარო; ბიოლოგიის კანონები მოგვახსენებენ ორგანული სიცოცხლის განვითარების შესახებ; მაგრამ ერთისა და მეორეს შეხების წერტილებზე, იმ გაუგებარი ზღვრის შესახებ, რომელიც ცოცხალსა და მკვდარს შორის ძევს, მეცნიერება დუმს. უნებლიედ იტყვი, თითქოსდა ღმერთმა ყველაფერი რაც ცაშია და მიწაზე მისცა ბუნებას, მაგრამ წერტილი, სადაც სიცოცხლე ჩნდება, თავისი უშუალო გამოვლენისთვის დატოვა" (Г. Друммонд, «Естественный закон в духовном мире» стр. 60).
 
იქვე ის ბრძანებს: "მცდელობა სიცოცხლე გამოწვეულ ყოფილიყო მკვდარი მატერიისგან წარუმატებლად დამთავრდა, და საკითხი უნებლიე ჩასახვის შესახებ მიტოვებულ იქნა. ახლა ყველგან აღიარებულია, რომ სიცოცხლე შეიძლება აღმოცენდეს უკვე არსებული სიცოცხლისგან. ჰეკსლი კატეგორიულად აცხადებს, რომ ბიოგენეზისმა, ან სწავლებამ სიცოცხლის სიცოცხლისგან წარმოშობის შესახებ, "ყველა მონაკვეთზე გაიმარჯვა" ("Critigues and Addresses" p. 239).
 
ტინდალიც კი, რომელიც არ მალავდა, რომ მისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა საწინააღმდეგო დასკვნა, მაინც იძულებული გახდა ეთქვა: "მე ვამტკიცებ, რომ საერთოდ არ არსებობს თუნდაც იოტისოდენა სანდო და ცდაზე დამყარებული მტკიცებულება იმის სასარგებლოდ, რომ სიცოცხლე, ოდესმე აღმოცენებულა წინმსწრები სიცოცხლისგან დამოუკიდებლად" ("Ninteenth Century" p. 507).
 
ორივე ბანაკის მეცნიერთა ყველა ამ განცხადებიდან სრულიად ცხადი ხდება, რომ დედამიწაზე სიცოცხლის თვითჩასახვის თეორია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სიცოცხლის გაჩენის ფაქტი, რომელიც დაფარულია ღმერთში, საბოლოოდ შეწყნარებულია არა მარტო რელიგიის, არამედ მეცნიერების მიერაც.





2. არის თუ არა ადამიანი უქვემოესი ორგანიზმის უმაღლეს ორგანიზმად გარდაქმნის შედეგი?
 
ჭეშმარიტი მეცნიერების განაჩენი განსაზღვრულია, ის თავისთავად გამომდინარეობს წინა საკითხის გადაწყვეტიდან. თვით ევოლუციის თეორიის მომხრეებიც ღიად აღიარებენ თავიანთი სწავლების არამდგრადობაზე. იგივე ტინდალი ამბობს: "მათ, ვინც მხარს უჭერენ ევოლუციის თეორიას, სრულიად შეგნებული აქვთ მის სასარგებლოდ გამოთქმული თავიანთი მოსაზრებების სრული განუსაზღვრელობა". ტომპსონი და ჰედესი, კითხვაზე: როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ადამიანი? - თავიანთ გაერთიანებულ სტატიაში ასე პასუხობენ: "ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი წარმომავლობა... ფაქტები გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ ევოლუციის მოცემული თეორიები საკმაოდ განუსაზღვრელია და მეცნიერებაში მყარ ადგილს ვერ იკავებენ". მეცნიერთა შეხედულებების განსხვავებულობა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი სამეცნიერო აგებულებანი დააფუძნონ ამ თეორიას ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მათ უსუსურობას. მასზე კამათისას, თვით მისმა მომხრეებმა პატარ-პატარა ნაფლეთებად დახიეს იგი იმდენად, რომ მისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.
 
ჯორჯ სტოკსს, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ეპოქის დროინდელ ადამიანთა შორის ერთ-ერთ უდიდეს პიროვნებად მიაჩნდათ და, ლორდ კალვინის თქმით, - ცოდნით და გამოცდილებით მოიცავდა ბუნებრივი ფილოსოფიის მთელ სფეროს, ჩვეულებად ჰქონდა მეცნიერებთან მსჯელობისას ეთქვა: "დაამტკიცეთ თქვენი ფაქტები?" მას არ ესმოდა, როგორ შეუძლიათ მეცნიერებს ილაპარაკონ ევოლუციის თეორიაზე, თუკი ისინი ვერ ფლობენ მის დამამტკიცებელ ფაქტებს; მისი თქმით, მეცნიერებაში არსებული მსგავსი უცნაური მოვლენა კაცობრიობის ისტორიამ არ იცის. ფაქტები სწორედაც რომ მას ეწინააღმდეგებიან და პირდაპირ უარყოფენ კიდევაც მას.
 
გიზო, როდესაც მოცემულ მდგომარეობას ეხება, საკმაოდ მოსწრებულად შენიშნავს: "სახეობების გარდაქმნის სისტემა ერთნაირად უარიყოფა მეცნიერების და საღი აზროვნების მიერაც. ის არ ეფუძნება არც ერთ ხელშესახებ ფაქტს, არც რაიმე სამეცნიერო დაკვირვების მონაცემებს ან ისტორიულ გადმოცემას; ყველა აღიარებული ფაქტი, ყველა აღმოჩენილი ძეგლი, სხვადასხვა საუკუნეებსა და ადგილებში, არსებულ სახეობათა შესახებ მოწმობენ, რომ ისინი არ დაქვემდებარებიან არანაირ გარდაქმნას, არანაირ მნიშვნელოვან და მყარ ცვლილებას; ათასი, ორი და სამი ათასი წლის წინათაც ეს სახეობები ისეთი იყო, როგორიც ის დღესაა" ("Размышления о сущности христ. веры", стр. 14).
 
მეცნიერთა ამგვარი მოწმობების შემდეგ, თავისთავად წარმოიშვება ადამიანის წარმომავლობის საკითხის ორ მიმართულებად დაყოფა:
 
1) წარმოიშვა თუ არა ადამიანი უდაბლესი ცხოველური სამყაროდან? და 2) წარმოიშვა თუ არა ცივილიზებული ადამიანი უდაბლესი პრიმატებისგან?
 
რაც შეეხება პირველს, მას შეგვიძლია პირდაპირ ვუპასუხოთ - არა, რადგან, ეს რომ ასე იწყოს, მაშინ მეცნიერება აღმოაჩენდა სახეობათა გარდამავალ ფორმებს, მაგრამ მეცნიერებას ასეთი მონაცემები არ გააჩნია. არის ადამიანი, და არის მაიმუნი, ხოლო მათ შორის არ არის არაფერი, თან მაიმუნიც ათასწლეულების განმავლობაში მაიმუნად რჩება.
 
დ. ვ. დაუსონი ამბობს: "გარდამავალ ფორმათა არანაირ ნარჩენებს მეცნიერება არ იცნობს". ადამიანის უძველესი ნაშთები მისი განვითარების სტადიებზე არ მეტყველებენ". პროფ. ოუენი ამატებს: "ადამიანი თავისი კლასის ერთადერთი სახეობაა და თავისი სახეობის ერთადერთი წარმომადბენელია". პროფ. პოსტმა, ასურელმა მეცნიერმა, რომელიც ერთხელ ბრიტანეთის მუზეუმს ეწვია, მისი დათვალიერების დროს ექსპერტს ჰკითხა: "რა სახის მტკიცებულებები არსებობს დარვინის ევოლუციის თეორიის გასამართლებლად?" რაზეც ექსპერტმა უპასუხა: "მთელ მუზეუმში ამგვარი თეორიის დამადასტურებელი ერთი ბეწო მარცვალიც კი არ არსებობს", რადგან ის დაკვირვებებსა და ფაქტებს არ ეფუძნება".
 
ასე წყდება საკითი ადამიანის ცხოველთა სამყაროდან წარმოშობის შესახებ. მასზე მსჯელობას დავასრულებთ გიზოს სიტყვებით: "ადამიანი არ არის მაიმუნი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში გარდაიქმნებოდა და სრულყოფილ იქმნებოდა ბუნების ელემენტების ბუნდოვანი ხეტიალის გზით; ასეთი დაჩემებული განმარტება ადამიანის წარმოშობისა ახასიათებს ერთ ჰიპოთეზას, წარმოსახვის ნაყოფს, რომელიც ადამიანებს აცდუნებს თავსამტვრევი მიგნებებით და, რომელიც შთაგონებულია ბუნების არასაკმარისი წვდომით. მის გამართლებას ცდილობენ განუსაზღვრელ-შორეული დროით და უცნობი მოვლენებით. სახეობათა საფუძვლიანი განსხვავებები და არსებობა, რომელიც მყარად არის დასაბუთებული მრავალი ცნობილი მეცნიერისა (კიუვიე, ფლურენსი, კოსტი, კარტფაჟი) და ფაქტების ყველა მკაცრი დამკვირვებლის მიერ, ჯერაც გაბატონებულია მეცნიერებაში, ისევე, როგორც ცოცხალ სინამდვილეში" ("Размышления о сущности христ. веры", стр. 15).
 
რაც შეეხება მეორეს, მეცნიერება უდიდესი სიზუსტით უთითებს, რომ ადამიანი იმდენად არ პროგრესირებს თავის განვითარებაში, რამდენადაც განიცდის ცვლილებას პირუკუ მიმართულებით, ანუ უფრო გადაშენებისკენ მიდის.
 
ჰორაციუს ჰეილი ამტკიცებს, რომ "პირველყოფილი ადამიანი ალბათ ისეთივე ინტელექტუალურ თვისებებს ფლობდა, როგორსაც მისი შთამომავლები". დ. ვ. დაუსონი ასევე წერს, რომ "ადამიანის ძველი ნაშთების მიხედვით, მისი პირველყოფილი მდგომარეობა უკეთესი იყო".
 
მეცნიერების გვიანდელი აღმოჩენები არა მარტო უარყოფენ ევოლუციის თეორიას, არამედ ამტკიცებენ მთელ ბიბლიურ მოცემულობას ამ მიმართებით. ცნობილია, რომ ადამიანის ყველაზე უძველესი ნაშთები აღმოაჩინეს ბელგიაში, საფრანგეთში და ჰიბრალტარში. ჩონჩხთა თავის ქალები, რომლებიც ეკუთვნიან ე. წ. პალანტროპიულ ანუ გამყინვარების შემდგომ საუკუნეს, რომელიც აშკარად შეესაბამება ბიბლიის წარღვნამდელ ისტორიას, ადასტურებს, რომ ძველ ადამიანს ჰქონდა ოთხი დამახასიათებელი ნიშანი:
 
1) ის ფლობდა ბრწყინვალე ინტელექტუალური ძალებსა და გემოვნებას; 2) სიცოცხლის საკმაო ხანგრძლივობას; 3) დიდ სიმაღლეს, რომელიც შვიდ სრულ ფუტს აღწევდა; 4) უზარმაზარ კუნთოვან ძალას, მგზნებარე ტემპერამენტსა და სისასტიკეს.
 
ბუნებრივია, რომ ყველა ეს მონაცემი სრულიად გამორიცხავს აზრს ევოლუციის თეორიის შესახებ, მაგრამ ამავდროულად აბსოლუტურად ადასტურებს ცნობებს, რომლებიც ბიბლიის ფურცლებშია ჩაწერილი:
 
1) დაბ. 1:27-ში ვკითხულობთ: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი". ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შექმნილი ადამიანი უნდა ყოფილიყო ინტელექტუალური ნიჭის და ბრწყინვალე გემოვნების მფლობელი.
 
2) დაბ. 5 აჩვენებს, რომ ძველი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღწევდა 900 წელს, და ნაპოვნი ნაშთები იგივეს ამტკიცებენ, ანუ მათ მფლობელთა სიცოცხლის დიდ ხანგრძლივობაზე.
 
3) დაბ. 6:4 პირდაპირ გვაუწყებს: "ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად". იქნებ ეს უძველესი ნამარხები სწორედ იმ ბუმბერაზებს ეკუთვნით?
 
4) დაბ. 6:5 და 11 მოწმობენ იმაზე, რომ თავისი არსებობის პირველი ათას ხუთასი წლის განმავლობაში, ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ გაუმჯობესებულიყო (ევოლუციის თეორიის თანახმად), პირიქით, ირყვნებოდა და თანდათანობით ქვემოთ ეშვებოდა.
 
"დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად..." "წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით". იგივეზე მეტყველებენ ბუმბერაზთა ჩონჩხები, - ისინი იყვნენ ძლიერები, მაგრამ მხურვალენი და სასტიკები.
 
ამრიგად, ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც "ევოლუციას" სრულიად არ ძალუძს ახსნას კითხვა: "როგორ გაჩნდა ადამიანი?" - ბიბლია მასზე იძლევა სრულ პასუხს, რომელიც არა მარტო ჰარმონიულად ერწყმის მთელი წმიდა წერილის სწავლებას, არამედ ასევე სრულ თანხმიერებაშია უახლეს მეცნიერულ მონაპოვრებთან ამ საკითხში. ამ ყველაფრისგან კი გამოდის, რომ ადამი - წარმოიშვა არა მაიმუნისგან, არამედ ღმრთისგან; და რომ ჩვენი ცხოვრება არის არა არაფრისგან, არამედ ღმრთის სულისგან.


გაგრძელება იქნება.


წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.

პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому