საუბრები ბიბლიაზე - ბიბლიის აპოლოგეტიკა. თ. VII - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ბიბლიის აპოლოგეტიკა
 
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
ინდური ბრაჰმანი
თავი VII. ბიბლია და აღმოსავლეთის წიგნები
  
არცთუ იშვიათად ზოგიერთი ადამიანი ცდილობს აღმოსავლეთის ე. წ. "წმიდა წიგნებს" მიანიჭოს იგივე ავტორიტეტი, წმიდა წერილის ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც ბიბლიას გააჩნია. ყველასთვის როდია მსგავსი შედარება გასაგები და ყველას როდი შეუძლია მისი შემოწმება, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ამ წიგნებს არ იცნობს. ამიტომაც, სწორი წარმოდგენა რომ გვქონდეს, საჭიროა თუნდაც მოკლედ გავეცნოთ მათ შინაარსს.
 
მსგავსი სახის მრავალ წიგნთა განხილვისას, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ შემდეგი ხუთი:
 
ბრამინების, ანუ ინდუსების ვედები.
 
სპარსელთა ზენდ ავესტა.
 
კონფუცის წიგნები.
 
ტრიპატაკა, ანუ ბუდისტების წმიდა წერილი.
 
ყურანი, ისლამის კანონები მაჰმადიანებთან.

I. ბრაჰმანების, ანუ ინდუსების ვედები
 
ინდუიზმის სისტემაში ბრამინები წარმოადგენენ უმაღლეს კასტას. "ვედა" სანსკრიტზე ნიშნავს "ცოდნას" ანუ "წმიდა მეცნიერებას". ვედების წერილი შედგება ჰიმნების ოთხი კრებულისგან, ცალკეული მუხლებისგან და მსხვერპლშეწირვათა ფორმულებისგან, კერძოდ:
 
1) რიგვედა, ანუ სადიდებელი ჰიმნები, რომელთა რაოდენობა 1028-მდე აღწევს; 2) სამავედა, ანუ ფსალმუნთა ვედები; 3) აიურვედა, ანუ ლოცვათა ვედები, - მცირე რაოდენობით შემორჩა; 4) ატარვავედა, ანუ ატარვიველების ვედები, რომლებიც დაახლოებით ოც წიგნს მოიცავს და, რომლებშიც განსაკუთრებულ ღვთაებრივ ძალთა საპატივცემოდ შესულია განსაკუთრებული ჰიმნები და შეფუცვები უწმინდურ სულთა წინააღმდეგ. პირველი სამი ცნობილია სახელწოდებით "Тгауi Vidya", ანუ "სამმაგი მეცნიერება", და ორიგინალს წარმოადგენენ;  მეოთხე ვედა ეხება უფრო გვიანდელ პერიოდს.
 
ყველა ამ ვედას დროთა განმავლობაში მიემატა მრავალი სხვადასხვა განმარტება, მისტიკური განსჯა და ლეგენდები. დამატების სახელწოდებაა "ბრაჰმანები", მაშინ როდესაც ორიგინალური წერილის სახელწოდებაა "სანჰიტი".
 
ინდუსების რწმენით, ვედები თვით ბრაჰმას მიერ იყო მოცემული. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველი მათი სიტყვა "გამოვიდა, როგორც სუნთქვა თვით-არსის პირიდან". სიტყვა "ბრაჰმა ნიშნავს "მსოფლიო სულს", ყოფიერების მიზეზს.
 
მანუ, ძველ ინდუსური ტექსტების ყველაზე აღიარებული ავტორი, ამტკიცებს, რომ ბრაჰმა ოქროს კვერცხში დაიბადა. იქ ერთი წელი ცხოვრობდა, შემდეგ კვერცხი ორ ნახევრად გაჰყო და მისგან ცა და მიწა შექმნა. ინდურ მუზეუმში არსებობს ბრაჰმის გამოსახულება ოთხი თავითა და ოთხი ხელით.
 
მაგრამ, ბრაჰმას უკვე დიდი ხანია აღარ უკავია ის მაღალი მდგომარეობა, რომელსაც მას ადრე ინდოეთის ღმერთებს შორის ანიჭებდნენ. ახლა მას თითქმის არც ეთაყვანებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ მან ყველა თავისი ფუნქცია შეასრულა, არადა, ვედებს ჯერაც ორას მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.
 
ვედების შინაარსი, უეჭველად, უძველეს დროებას ეხება. მათი ავტორები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ძველი წერილები შეკრებილია და თანამედროვე ფორმით გადმოცემულია ქრ. შ-მდე 1000 წელს პირის მიერ, რომლის სახელი იყო "Vyаsа", ანუ შემკრები.
 
ვედების რელიგიაში ბევრი რამ დაკავშირებულია ცრურწმენასთან და ბუნების ძალთა და მოვლენათა თაყვანისცემასთან. რიგვედას ჰიმნები მიმართულია აგნისკენ (აგნი - ცეცხლის ღვთაება), და ინდრასკენ (ინდრა - ზეცის ღვთაება), ასევე სომასკენ (განმაღმრთობელი ფხვნილი, რომელსაც მცენარე "Somа"-ს ნარკოტიკული წვენისგან იღებენ) და მრავალი სხვა მცირე ღვთაებებისადმი.
 
ვედების ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინა, ბუდისტების ტრიპიტაკის მსგავსად წარმოადგენს სწავლებას სულთა გადასახლების, გარდასახვის შესახებ, ანუ თუ როგორ გადადის სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სხვა სხეულში. ამ სწავლებით ადამიანი მრავალგვარ გარდასახვებში შეიძლება იყოს: ხან პრინცი, ხან მონა, ხან ვეფხვი, ხან ბაყაყი, ხან გველი ან მაიმუნი, ტკიპაც და მცენარეც კი. ამრიგად, გადასახლება, მილიონობით წელი გრძელდება, სანამ სული არ მიაღწევს არსებობის უღლისგან გათავისუფლებას ინდივიდუალურობის დაკარგვითა და თვით-არსთან, ანუ ყოვლისამავსებელ სულთან, ან კიდევ სულიერ საწყისთან შერწყმით. ასეთი შერწყმა თითოეული მართლმორწმუნე ინდუსის ცხოვრების მიზანია.
 
სანსკრიტული ენის პროფესორი სერ მ. მონიერ-უილიამსი გვაძლევს ვედების სწავლების შემდეგ სამწუხარო რეზიუმეს: "თქვენი ავადმყოფური მდგომარეობა, ასწავლიან ისინი, მომდინარეობს იმის უცოდინრობიდან, რომ თქვენი ჭეშმარიტი ბუნება ერთია ღმრთის ბუნებასთან; რომ თქვენი სული არის სამყაროს ერთადერთი თვითარსი სულის (Аtman) ნაწილი, - ნაწილი ცნობილი საწყისისა (ბრაჰმისა), რომელიც ტკბობას საკუთარი თავის უსაზღვრო გამოვლინებებში ჰპოვებს, მაგრამ უცოდინრობის გარკვეულ სახეს იწვევს ყოველ მისგან მომდინარე სულზე. განკურნების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს თქვენ მიერ თვით-შეგნების მოპოვება; მაგრამ ის რომ მიიღო, საჭიროა უთვალავი სინანულის, მარხვის, მომლოცველობის და განწმენდის გავლა არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ სიკვდილის შემდგომ არსებობაში, სადაც რვა მილიონ ოთხასი ათასჯერ  უნდა გარდაისახო ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში. მხოლოდ მრავალი საუკუნის გასვლის შემდეგ შეიძლება გახდე თვით-არსთან შეერთების ღირსი, რომლისგანაც წარმოვიშვენით".
 
აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი მსგავსი სწავლების ბუნებრივი შედეგები, რომელთა შესახებ კითხვაც გვიწევს თანამედროვე ინდოეთის ცხოვრების აღწერაში. ერთი სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნდა ტაიმსში (1904 წლის 5 დეკ.) წერდა სიკვდილის უამრავი რაოდენობის შემთხვევაზე, რომელიც იქ გველთა ნაკბენისგან ხდებოდა (წელიწადში 20 000-მდე), და ველური ცხოველების მიერ ხორბლის მინდვრების საშინელ გაჩანაგებაზე, რომლის მიზეზიც იყო ინდუსების ცრურწმენა, რომელიც ხელს უშლიდა მათ წინააღმდეგობა გაეწიათ, როგორც ერთი, ასევე მეორე მოვლენისთვის. ინდუსები ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავენ ან გარდასახულ ადამიანს, ან განხორციელებულ ზებუნებრივ არსებას. იმავე მიზეზით აღმერთებენ ისინი კობრას და სხვა შხამიან გველებსა და ცხოველებს. "საშინელია იმისი ყურება, როგორი პასიურები და უმწეონი ხდებიან ინდუსები, როდესაც ანტილოპების ან მაიმუნების ჯოგები ანადგურებენ მათ ნათესებს".
 
"ამბობენ, აგრძელებს იმავე სტატიის ავტორი, რომ ინდოეთში ჩვენ ვაწყდებით დოგმატებს, რომლებიც მოქცეულნი ყველაზე მდაბალ ცოცხალ არსებებსა და ყველაზე ამაღლებული მეტაფიზიკას შორის, და განვითარების საფეხურებს ბარბაროსობიდან ვიდრე თანამედროვე ცივილიზაციამდე; მას, ვისაც სმენია ინდუსების მონათხრობი "დედოფალ კობრაზე", ის ამის უარყოფას არ დაიწყებს".
 
საშინელება, რა თქმა უნდა, მდგომარეობს არა მარტო პირუტყვთა თაყვანისცემაში, არამედ ამ კულტის იმ მიღმიერ მხარეში, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ყოველგვარი ცრურწმენის სიგიჟეს, და ამ ხალხის ნამდვილ მათრახს წარმოადგენს.
 
ინდუსების ცხოვრებაში უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს შეფუცვებსა და ჯადოქრობას, ვიდრე ლოცვას. ატარვავედის მთელი ჭრელი სამყარო ცრურწმენებისა და დემონთა კულტის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არის მრავალრიცხოვანი რიტუალები, რომლებიც მჭიდრო ბადესავით ბოჭავენ ინდუსების მთელ ცხოვრებას და იჭრებიან ოფიციალურ კულტშიც. ყველაფერი, რისიც კი შეიძლება ადამიანს ეშინოდეს, და რისგან გათავისუფლებასაც შეიძლება ცდილობდეს, მტრები იქნებიან ეს თუ მოწინააღმდეგეები, უბედური შემთხვევები, სნეულებები თუ წარუმატებლობები, ეს ყველაფერი უქმდება შეფუცვების დახმარებით. ყველაფერი, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ მიიღწევა იმავე საშუალებებით: ხან იდევნება ჯადოქარი ფარეხიდან თუ ეზოდან, ხან იგლიჯება ბალახი, რომელშიც შეიძლება მოაზრებულ იქნას ყველა ბოროტი სული და სხვა. თუკი ეშმაკი (ინდუსების წარმოდგენით) ადამიანს კეფაზე შეაჯდება ჭრილობის სახით, ან ადამიანი დაავადდება კეთრით, ფაღარათით თუ სიგიჟით, - ყველაფერზე არსებობს შეფუცვები და სასმელები, რომლებში ეძიებენ კურნებას ინდუსები. სწრაფმავალი ანტილოპის რქა ხელს უწყობს გამოჯანსაღებას, საკვირველთმოქმედი მცენარეები და ყოვლისმკურნალი სასმელები უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ, თვით სომა და ქვები, რომელთა დახმარებითაც აღმოწვავენ მას, აგნისთან და ვარუნასთან ერთად (სიტყვა "var", ნიშნავს "შემორტყმას", "შემოფარებას") დევნიან სიყვითლეს.
 
მისნობა და ჯადოქრობა ინდუსების ინტიმურ ცხოვრებაზეც ვრცელდება; ასევე მტრობასა და ბრაზზე; შეიძლება სიყვარულზე იმოქმედონ მისნობით; უარყოფილი გოგონა თავის გულისსწორს ბალიშის ქვეშ ამოუდებს ბალახს ან ჯადოსნურ ჯოხს ჩააწობს თაფლში, რათა ყმაწვილმა იგრძნოს, რაოდენ ტკბილია მისი ტუჩები.
 
ჯადოქრობა რელიგიურ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ის ცხოვრების ცალკეულ შემთხვევებზე ვრცელდება, რომლებშიც ის იკავებს მედიცინის ადგილს და თავდაცვის საშუალებადაც გვევლინება, როდესაც ის საერთოდ მოიცავს მთელ ადამიანურ ყოფიერებას და წარმოადგენს ძალას სასიცოცხლო ბრძოლაში. უკვდავი ოქროსგან დამზადებული ავგაროზი (ამულეტი) ხანგრძლივი სიცოცხლის მომნიჭებელია; ჯადოსნური სასმელები იძლევიან მამრობით შთამომავლობას; ყოველგვარი ჯადოსნობა ამინდთან დაკავშირებით ბუნებას მორჩილს ხდის; მტრობა და დანაშაული შეიძლება ჩაირეცხოს წყლით (Проф. П. Д. Шантепи де-ля Сосей).
 
ერთი სიტყვით ეშმაკის კულტი ინდუსებში ღვთაებათა კულტზე დაბალი რანგის როდია, და ეს ყველაფერი მათ ამოწერილი აქვთ ვედებიდან. მაშ, როგორ შეიძლება ის შევადაროთ ბიბლიას, წიგნს, რომელიც ადამიანებში ამკვიდრებს ჭეშმარიტი ღმერთისადმი რწმენას და ჭეშმარიტ ცხოვრებას.


II. ჰებრთა ანუ სპარსთა ზენდ-ავესტა
 
ავესტა ნიშნავს "შემეცნებას" და წარმოადგენს ორიგინალურ წერილს. ზენდი ნიშნავს "კომენტარებს" და ავესტას შემდგომ დამატებას წარმოადგენს, მსგავსად იმისა, როგორც ბრამანების კომენტარები ავსებენ სანხიმა-ვედას ორიგინალს.
 
ზოროასტრი, ძველი სპარსეთის სახელგანთქმული ფილოსოფოსია, რომლიც მიიჩნევა რელიგიის დამფუძნებლად ან რეფორმატორად, რომელიც ზენდ-ავესტას სწავლებაშია გამოხატული. ის ცხოვრობდა დაახლოებით 500 წელს ქრ. შ.-მდე. მაგრამ მეცნიერები თანხმდებიან იმ აზრში, რომ თუკი ის საერთოდ არსებობდა, მაშინ მას რამოდენიმე საუკუნით ადრე უნდა ეცხოვრა. ზენდ-ავესტას რამოდენიმე ადრეული წერილი განეკუთვნება 700-800 წ. ქრ. შ.-მდე.
 
თავდაპირველად, აყვავებულ ძველ სპარსეთში, მიდიაში და ზემო ტიბეტში, ზოროასტრიზმის რელიგიის ოცამდე წიგნი არსებობდა, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის დროისთვის სწრაფად დაკნინდა. ყველაფერი, რაც კი ძველი წერილებიდან დარჩა შედგება სულ რაღაც ოცდაათ თუ ორმოც ჰიმნამდე, რომელთაც 100 000-ზე მეტი მიმდევარი არ ჰყავს. მათგან ცხრა ათასამდე მოდის სპარსეთზე, დანარჩენები კი დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე არიან გაფანტულნი.
 
ზენდ-ავესტას ნარჩენები შეკრებილ იქნა და თანამედროვე მდგომარეობამდე მოყვანილ იქნა დაახლოებით 300 წ. ქრ. შ. შემდეგ.
 
ისინი მოიცავენ მზის, მთვარის, წყლის და ცეცხლის ხოტბა-დიდებებს, ასევე შეიცავენ ისტორიას და ლოცვებს.
 
ზოროასტრიზმის სწავლების ძირითად ნიშან-თვისებას წარმოადგენს მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს - ორმუზდსა და არიმანს შორის. სასიცოცხლო ბრძოლის დასასრულს "საკუთარი სინდისის მიერ გამართლებული" მართალი გადადის "ვიწრო ხიდს" ღმრთისკენ, სადაც მას ელოდება უსასრულო ნეტარება, მაშინ როდესაც ცოდვილს "რომელიც დაწყევლილია საკუთარი სინდისის მიერ" მარადიული სიკვდილი ელოდება.
 
ამ სწავლების ნაწილი ენათესავება უნიტარიზმს, მაგრამ უმეტესწილად უსისტემო აბდა-უბდას წარმოადგენს, რომლისგანაც შეიძლება მხოლოდ ცალკეული ნაწყვეტების გამოყოფა, რომლებსაც ზოგიერთები "შესანიშნავ რელიგიას" უწოდებენ...
 
მართალია ჰებრები უცვალებლად იღებენ იმ ქვეყნის ენას, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ "ენის სიწმიდისადმი" თავიანთი ცრუმორწმუნეობრივი დამოკიდებულებით, რომელზეც არის დაწერილი ზენდ-ავესტა, ისინი უფლებას არ იძლევიან გადათარგმნონ ის სხვა ენებზე, თუმცა თვით მათი მღვდლები ძველ-სპარსულ წერილებს ერისკაცებზე უკეთესად როდი კითხულობენ.
 
მიუხედავად იმისა, რომ ორმუზდი - სიკეთის სული ყველას მფარველად მიიჩნევა, ვინც კი სიკეთეს იქმს, არიმანის ბოროტი სულის წინაშე ქედმოხრა ძალიან განვითარებულია შიშის გრძნობისა და მისი ძალაუფლებისადმი ცრუ წარმოდგენის გამო.  ეს ხდება ავესტას საფუძველშივე არასწორი სწავლების მიზეზით, სადაც ნათქვამია: "დასაბამიდან იყო ორივე სული, რომლებიც ტყუპების მსგავსები იყვნენ და თითოეული თავისთავად არსებობდა... როდესაც ორივე სული ერთმანეთს შეხვდა, მათ, უპირველეს ყოვლისა შექმნეს სიცოცხლე და სიკვდილი, რათა, ბოლოს და ბოლოს, ქვესკნელი განკუთვნილიყო ბოროტთათვის, ხოლო ზეცა მართალთათვის. ამ ორი სულისგან არასწორმა სულმა თავისთვის აირჩია ბოროტი საქმე, ხოლო კეთილმა სულმა სამართლიანობა..."
 
არიმანი განიხილება, როგორც ორმუზდის მოწინააღმდეგე ყველა საქმეში სამყაროს შექმნიდანვე. ყველგან, სადაც არ არის სრული აყვავება, წარმატება, მოსავალი, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და წარმატება, - იქ მოიაზრება ბოროტი სულის ჩარევა, და მიიღება ზომები, ასე ვთქვათ, მისი გულის მოლბობისა ან შეფუცვებისთვის. ქვეყნად მცხოვრებლებზე არიმანი ავრცელებს დაავადებებსა და სიკვდილს. მან 9999 სნეულება გამოაგზავნა დედამიწაზე და ორმუზდი ვალდებულია მივიდეს ძველ არიამანთან, თავის ნათესავთან აშურთა მოდგმიდან, და დიდი დაპირებებით უნდა აღძრას იგი იმისკენ, რომ უკუაგდოს ეს უბედურებანი.
 
სნეულებათა ამ დემონურ წარმომავლობას ეთანხმება ისიც, რაც ნათქვამია მკურნალობის ხელოვნებაში, რომ არსებობს სამი სამკურნალო საშუალება - დანა, სასმელი და შეფუცვა. ამ სამიდან ყოველთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს უკანასკნელს. მაგრამ სნეულების ცნება ავესტაში ფართოვდება, და ადამიანთა ყველანაირ ჭირვებაზე ვრცელდება, მეტიც, ცოდვაც კი, თავისი არსით, ადამიანის დემონური წახდენით არის გამოწვეული. ამის შესაბამისად გადარჩენა ხშირად განიხილება, როგორც მკურნალობა.
 
მკვდართა განწმენდები, გაუდაბურებულ ადგილთა დამუშავება, სნეულებათა მკურნალობა - ეს ყველაფერი გადაწნულია სურვილთან გათავისუფლდნენ დემონის თავდასხმებისგან, რადგან დემონი მოიაზრება ყველგან, სადაც კი არის უწმინდურება, სიბინძურე, სიკვდილი და ხრწნადობა. ამის საფუძველზე ვითარდება მთელი ირანული ცხოვრება.
 
რამდენადაც გინდ მოახდინონ ორმუზდის - სიკეთის სულის, იდეალიზება, არიმანს მაინც უმეტესი ადგილი უკავია ყოველი სპარსელის სიცოცხლესა და სულში, და უბიძგებს მას ჯადოქრობისა და შეფუცვებისკენ. ეშინიათ რა ეშმაკის და ებრძვიან რა მას, ფაქტობრივად ისინი ყოველთვის მარცხდებიან მის მიერ, რადგან არ გააჩნია ღია და ჭეშმარიტი საშუალება. ავესტა მას არ იძლევა. მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანია ბიბლიის გამოცხადება, რომელიც უთითებს ქრისტეზე, როგორც სატანის მძლეველზე!
 

გაგრძელება იქნება.

წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.

პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому