სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
თავი X. ბიბლია და გეოლოგია
იობის წიგნში ვკითხულობთ: "მიუთხარ მიწას და გასწავლის" (იობი 12:8). ეს არის წმიდა წერილის გასაოცარი მითითება მეცნიერებაზე დედამიწის შესახებ, როგორც შემაგონებელ წყაროზე! ამიტომაც ჯეროვანი იქნება თუ ამ საკითხზეც შევჩერდებით და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა მოწმობებსაც გავეცნობით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავხსნათ წერილის საკუთრივი სწავლება ამ საგანზე, რათა გასაგები გახდეს, თუ რა გამოთქვა ფსალმუნთმგალობელმა: "ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა" (ფსალმ. 103:24). ჩვენი ყურადღება შევაჩეროთ ბიბლიის პირველ თავზე. წერილის სწორედ ეს ნაწილი ხდება ხოლმე თავდასხმის ყველაზე ხშირი ობიექტი გეოლოგიის თვალსაზრისით.
ფ. ჰ. კაპრონი გენიალურად ამბობდა, რომ ბიბლიის პირველი ფურცლები სრულ ჰარმონიაშია მეცნიერების მთელ შემდგომდროინდელ მონაცემებთან. ეს მან განაცხადა თავისი საუკუნის დიდი მოაზროვნის, მაგრამ ათეისტის, ჰერბერტ სპენსერის სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც ამის გამო სულაც არ იყო მიდრეკილი წერილის ჭეშმარიტების აღიარებისკენ. მსჯელობს რა იმის შესახებ, რასაც ის "შეუცნობელის გამოვლინებას" უწოდებს, რაშიც ის, ცხადია, სამყაროში არსებულ საღმრთო ძალებს გულისხმობს, ჰერბერტ სპენსერი ამტკიცებს, რომ ამ გამოვლინებებს მეცნიერების ბაზისზე ხუთი განსაზღვრული ფორმა უნდა გააჩნდეს, რომელსაც ის ამგვარად აყალიბებს: სივრცე, დრო, მატერია, მოძრაობა და ძალა.
ბიბლიის დასაწყის სტროფებს თუ მივმართავთ, როგორც ეს კაპრონმა თქვა ("Конфликт истины"), ვიპოვით გასაოცარ ფაქტს, რომ მათში ამ ხუთი "შეუცნობელის" გამოვლინების ფორმებზე მოწმობს სულიწმიდა და თითქმის იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს სპენსერმა მოგვცა:

დ. ვ. დაუსონი, რომელსაც მეცნიერ-გეოლოგთა შორის პირველი ადგილი უპყრია, თავის ნაშრომში "ქვეყნიერების წარმოშობა" მოცემული აქვს სრულიად დამოუკიდებელი მოწმობა, თუმცა იმგვარი, რომელიც ფორმით ზემოთდამოწმებულის მსგავსია. ფაქტების სამეცნიერო სიზუსტესთან მიმართებაში, რომელიც დაბადების პირველ თავშია ჩაწერილი, ის ამბობს:
"ფრიად საინტერესოა, რომ მეცნიერება მისდევს ბიბლიის თანმიმდევრობას, კერძოდ:
მატერია - დედამიწა (დაბ. 1:2).
სიბნელე უფსკრულზე (დაბ. 1:2).
მოძრაობა - სული ღმრთისა იძვროდა (დაბ. 1:2).
ნათელი - და იქმნა ნათელი (დაბ. 1:3).
სითბო - და შექმნა ღმერთმა ორი დიდი მნათობი (დაბ. 1:16).
იგივე მეცნიერი წიგნში "გეოლოგიის შეხება ისტორიასთან" ამბობს: "ამჟამად სრულიად უეჭველია, რომ შესაქმის თანმიმდევრობა, რომელიც დაბადების პირველ თავშია მოცემული, ემთხვევა ასტრონომიული და გეოლოგიური კვლევების შედეგებს, თანაც თანხვედრას ვერანაირად ვერ მივაწერთ უბრალო შემთხვევითობას".
სხვა გეოლოგი, პროფ. ტრისტრამი, თავის ნაშრომში "ბუნებრივი ისტორია" ამ მოწმობას კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვან სიტყვას ამატებს: "გეოლოგიური კვლევები ადასტურებენ თანმიმდევრობას, რომელიც წერილშია მითითებული".
ეს არის მეცნიერების ყველაზე ბოლო დასკვნა; ამრიგად, კაცობრიობა, სულ უფრო და უფრო რწმუნდება იმაში, რომ ბიბლია არა მარტო იწერებოდა "პოეტური თავდაჯერებულობით", არამედ მეცნიერული აკურატულობითაც.
"დაბადბის პირველი თავი, წერს პემბერი "დედამიწის ადრეულ საუკუნეებში", ისევე,როგორც შემდეგ, არსებითაც არც ხილვაა, არც ალეგორია, არამედ ზუსტი ისტორია, ამიტომაც მას უნდა მოვეპყრათ, როგორც ფაქტების ბუკვალურ გადმოცემას".
1. დედამიწის ასაკი
სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვანაირად უდგება ამ დიდი საკითხის გადაწყვეტას. ზოგიერთი, მიუხედავად ზემოთდამოწმებული არგუმენტებისა, მაინც ბიბლიური თხრობის საწინააღმდეგოდ მიდის და უარყოფს "ექვს დღეში" სამყაროს შექმნასთან დაკავშირებულ ბიბლიურ სწავლებას. მათი აზრით გაქვავებული ნახშირის საბადოთა მეცნიერული გამოკვლევა აჩვენებს, რომ დედამიწის ფორმირება ჩვენს დრომდე მილიონი წლებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ამასვე უთითებენ წიაღისეული ცხოველები, რომელთაც ზოგიერთ გეოლოგიურ ფენებში პოულობენ; ასევე - მთის ქანების ჩამოყალიბება. პლეიფერმა ისიც კი თქვა, "დედამიწა მარადიულიაო" (Illustrations of "Huttanion Theory of the Earth").
ზედმეტი არ იქნება თუ გავეცნობით მეცნიერების გამოჩენილ წარმომადგენელთა შეხედულებებს დედამიწის ასაკთან დაკავშირებით. ყურადღებას იპყრობს გასაოცარი სხვაობა გამოთვლათა შედეგებში, რომელიც უმეტეს და უმცირეს რიცხვებში კოლოსალურ რიცხვს 9.000.000.000 წელს აღწევს. აი ამ რიცხვთა ცხრილი:
პროფ. რამზაი ("Age of the Earth as an Abode fitted for Life") დედამიწის ასაკს განსაზღვრავს 10 000 მლნ. წლით.
ე. დიუბუა . . . . 1.000 » »
ჰუდრიჩი. . . . . . 700 » »ჩ. ლაიელი . . . . . 400 » »ჩ. დარვინი ("Ogigin of the World") . . . . 300 » »ოლივერ ლოჯი ("Address City Temple") . . . . 100 » »გ. დარვინი ("The Tides") . . . . . 60 » »პროფ. სოლასი ("Age of the Earth") . . . 55 » »ლორდ კელვინი. . . . 24 » »დრ. კროლი ("Stellar Evolution") . . . . . 20 » »პროფ. ტეიტი ("Recent Advances in Physical Sciences") . . . 10 » »
რა თქმა უნდა, ყველა ზემოთჩამოთვლილი რიცხვი როდია მიღებული ერთი და იგივე სამეცნიერო მონაცემის გამოთვლით, ამიტომ ისინი შეიძლება შეთანხმებულ იქნან ერთმანეთთან. ასე, მაგალითდ, ზოგიერთი ნაკლები რიცხვი მოცემუოლია ფიზიკის კანონებზე დაფუძნებით; ისინი მოიცავენ პერიოდს იმ მომენტიდან, როდესაც დედამიწა იყო გავარვარებულ მდგომარეობაში და დღემდე, მაშინ როდესაც სხვა რიცხვები პირდაპირ წარმოადგენენ იმ პერიოდის გეოლოგიური გამოთვლების შედეგს,რომელიც "შესაქმის კვირეულის" სახელწოდებითაა ცნობილი, თანაც თითოეული დღე, რომელიც დაბადების წიგნის პირველ თავშია აღწერილი, ედრება ამ რიცხვთა ერთ მეექვსედს. ყველა, ვინც კი ამ თეორიას ემხრობა, ამბობს, რომ "მეშვიდე დღე" ჯერაც გრძელდება.
არ შევალთ რა ამ თეორიათა დეტალებში, მხოლოდ ვიტყვით, რომ გვიანდელი გამოთვლები, რომლებიც ზემოთხსენებულ საფუძვლებზეა წარმოებული ეკუთვნის პროფ. სოლასს და გეორგ დარვინს (55 და 60 მლნ. წელი), და, მათ თანახმად, დაბადების ერთი დღე უდრის 10 მლნ. წელიწადს.
ამრიგად, საკითხმა - თუ რა დროის განმავლობაში შეიქმნა სამყარო, წარმოშვა კონფლიქტი ბიბლიასა და მეცნიერებას შორის, თუმცა, ცხადია, რომ სირთულეები, რომლებიც ამ ნიადაგზე აღმოცენდა ბიბლიის არასაკმარის შესწავლაზეა დამოკიდებული.
ბიბლია სულაც არ ამბობს და არც კი გულისხმობს იმას, რომ დედამიწა შეიქმნა ექვს დღეში, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს. ჯერ კიდევ ასი წლის წინ ტომას ჩალმერსი წერდა: "მოსეს პირველ წიგნს არ გააჩნია დედამიწის ასაკზე მითითება".
ბიბლია იწყება სიტყვებით: "დასაბამად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1:1). ვის შეუძლია თქვას, როდის იყო ეს "დასაბამი"? ის შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენამდე მილიონობით და უფრო მეტი ხნის წინათ, და ვინ შემოგვედავება? ყოველ შემთხვევაში, თეოლოგებიც და ცდისეული მეცნიერების წარმომადგენლებიც შეთანხმებულნი არიან, რომ ბიბლიის პირველი მუხლი მომდევნო მუხლებისგან განცალკევებულად უნდა განვიხილოთ, რადგან მასში ნაუწყებია უხსოვარი შორეული წარსული, როდესაც ყოვლადძლიერმა დედამიწის საფუძვლები გააჩინა.
2. ბურუსიანობის თეორია
ბურუსიანობის თეორია ვარაუდობს, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ჩამოყალიბდნენ ღრუბლის მსგავს ანაორთქლთა, ანუ გავარვარებულ აირთა შეგროვების გარკვეულ პროცესში, რომელიც მილიონობით წლები გრძელდებოდა და, რომლებსაც წრიული მოძრაობა ახასიათებდათ. დროდადრო გავარვარებული აირების ძირითადი ცენტრალური ბირთვიდან გამოიყოფოდნენ მატერიის ნაწილაკები და დამოუკიდებლად აყალიბებდნენ ზეციურ სხეულებს. ეს სხეულები, ინერციით აგრძელებდნენ რა ბრუნვას იმავე მიმართულებით, ბოლოს და ბოლოს, დედამიწად და სხვა პლანეტებად გარდაიქმნენ.
რა თქმა უნდა, რაოდენ მომხიბლავიც გინდ იყოს მოცემული თეორია ზოგიერთი ასტრონომისთვის, ის, მიუხედავად ამისა, არც მეტი და არც ნაკლები, "ბურუსიანი" თეორიაა. ამტკიცო დასაბამიდანვე, ჩვენი პლანეტის არსებობის დასაწყისიდანვე, რომ თითქოსდა ის მოძრავი იყო სარიკსოა იმის საფუძველზე, რომ რვა პლანეტიდან ორი, კერძოდ: მერკური და ვენერა, თუმც ბურთისმაგვარი ფორმებისაა, საერთოდ არ ავლენენ მოძრაობას საკუთარი ღერძის გარშემო.
ბრუნავენ რა მზის გარშემო, ორივე პლანეტა მისკენ ერთი და იმავე მხარეს არიან მიქცეულნი, მსგავსად იმისა, როგორც ეს მთვარესთან მიმართებაში შეიმჩნევა. ამასთან მერკური თავის გზას მზის გარშემო გადის 88 დღეში, ხოლო ვენერა - 224 დღეში. ამ მონაცემთა საფუძველზე ძნელი არ არის დავასკვნათ, რომ მერკური საკუთარი ღერძის გარშემო წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ ბრუნავს, ვენერა კი კიდევ უფრო ნელა, კერძოდ: ის აღარულებს ერთ სრულ შემობრუნებას შვიდი ან რვა თვის განმავლობაში. არავის შეუძლია არგუმენტად გამოიყენოს და თქვას, რომ ამგვარი ნელი ბრუნვა ამ პლანეტების ბურთისებრი წარმომავლობით აიხსნება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ პლანეტათა ბრუნვის სიჩქარე უცვალებელია.
ამიტომ ბურუსიანობის თეორიას ჩვენი ცნობიერების შეშფოთება არ ძალუძს, და, რადგან მას საერთო გააჩნია ევოლუციის თეორიასთან, ნაკლებად მოგვცემს წარმოდგენას სამყაროს შექმნაზე, მსგავსს იმისა, როგორსაც ვიღებთ წმიდა წერილიდან. იქ ნათქვამია: "მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს" (ფსალმ. 32:9).
უინტერესო არ იქნება, თუ აქ დავიმოწმებთ ამონაწერებს ი. დელევსკის სტატიიდან, რომელიც აჯამებს სხვადასხვა მეცნიერთა ყველაზე უკანასკნელ გამოთვლებს, რომლებიც დედამიწის სავარაუდო ასაკის განსაზღვრისკენ არის მიმართული.
ვსარგებლობთ სტატიით: "დედამიწის ასაკი - 150-200 მლნ. წელია", რომელიც 1937 წლის 21 ნოემბერს გაზეთ "Заря"-ში დაიბეჭდა.
"მიიღებს თუ არა ჩვენი დედამიწა მეცნიერებისგან ნამდვილ "მეტრიკულ მოწმობას", რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მის ასაკს თუ ეს კითხვა ჯერაც ეჭვებისა და მერყეობის სტადიაში რჩება? ასტრონომები, ფიზიკოსები და გეოლოგები ერთმანეთს ამ პრობლემის გამო ეჯიბრებიან, და არაერთი მახვილგონივრული ჰიპოთეზა დამარცხდა ამ შეტაკებაში ბრძოლის ველზე.
თავდაპირველად გეოლოგები არ ფიქრობდნენ დედამიწის ასაკის მიახლოვებით განსაზღვრასაც კი. ისინი ვარაუდობდნენ დროის უზარმაზარ პერიოდებს, რომელიც ათვლას არ ექვემდებარება.
შემდეგ გეოლოგები შედგნენ დადებით გამოთვლათა გზაზე და, დედამიწის ქერქის სედიმენტარული პლასტების გმაოკვლევის საფუძველზე, ქერქის გამყარებიდან მისი ასაკი რამოდენიმე ასეულობით მილიონი წლით განსაზღვრეს.
ამის შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ ფიზიკოსები, რომლებმაც გამოითვალეს მზის ასაკი მისი სითბური ენერგიის გახარჯვისა და მისი დიამეტრის შემჭიდროვების საფუძველზე. ეს გამოთვლა მზისთვის იძლეოდა რამოდენიმე ათეულ მილიონ წელიწადს. მაგრამ, რადგან მზე დედამიწის და ყველა პლანეტის "მშობლად" მიიჩნევა, გამოდიოდა, რომ მზის "შვილის", ანუ დედამიწის ასაკს ფიზიკოსები (ტომსონი და კელვინი) 150-200 მლნ. წლით განსაზღვრავდნენ.
გეოლოგებმა პროტესტი განაცხადეს. ისინი ფიზიკოსებს სთავაზობდნენ უფრო შეთანხმებულნი ყოფილიყვნენ. დავა მრავალი წელი გაგრძელდა.
შემდეგ უეცრად აღმოაჩინეს რადიაქტიურობა. ფიზიკოსები დამარცხდნენ. მაგრამ კონფუზია გეოლოგებმაც მიიღეს.
აღმოჩნდა, რომ რადიაქტიური მეთოდი დედამიწის ასაკისთვის იძლეოდა ციფრს, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ის, რასაც გეოლოგები იძლეოდნენ (ფიზიკოსებისთვის დათმობების გათვალისწინებით).
რადიაქტიური მეთოდი ეფუძნება რადიაქტიური ნივთიერებების დეზინტეგრაციის ფაქტს... რადიუმი იშლება, რის შემდეგაც წარმოშობს ჰელიუმსა და რადონს. შემდეგ რადონიც იშლება და წარმოშობს სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც ცხოვრობენ და კვდებიან, ტოვებენ რა მომდევნო შთამომავლობას. ბოლოს და ბოლოს, ვიღებთ ინერტულ ტყვიას.
რადიაქტიურ ნივთიერებებში ჰელიუმისა და ტყვიის შემცველობის პროპორციის საფუძველზე გამოითვალეს ქანების ასაკი, რომლებიც რადიაქტიურ ნივთიერებებს შეიცავდნენ. ამრიგად, დედამიწის ყველაზე უძველესი ქერქის ასაკი განისაზღვრა ნახევრიდან ორ მილიარდ წლამდე.
ამრიგად, ქერქის ჩამოყალიბების დროიდან დედამიწის ასაკი, რომელიც შეიცავდა რადიაქტიურ ნივთიერებებს, განისაზღვრა 2 მილიარდი წლით. მაგრამ რას წარმოადგენს ეს ციფრი - მინიმუმს თუ მაქსიმუმს?
ურანზე და თორიუმზე უმეტეს რადიაქტიურობას, თუმცა უფრო სუსტს, ფლობენ კალიუმი და რუბიდიუმი. ჯერ კიდევ 1926 წელს ჰოლმსმა და ლაუსონმა დედამიწის ასაკის განსაზღვრის შესაძლებლობა კალიუმისა და რუბიდიუმის რადიაქტიურობის საფუძველზე ივარაუდეს...
დღეისთვის დედამიწის ქერქში არსებობს 14 000-ჯერ მეტი კალციუმი, ვიდრე კალიუმ 40-ის იზოტოპი. აქედან ბრიუერი აკეთებს დასკვნას, რომ დედამიწის ასაკის უმაღლესი ზღვარი 3 მლრდ. წელიწადს უნდა წარმოადგენდეს.
მაგრამ მაშინ გამოდის, რომ დედამიწის ასაკი უნდა გამოიხატებოდეს იმავე რიგის ციფრით, რაც სამყაროს ასაკია: ირმის ნახტომისა და სპირალური ნისლიანობის ვარკსვლავთა სისტემისა. ადრე სამყაროს ასაკის ციფრს რამოდენიმე ტრილიონი ან რამოდენიმე ათეული ტრილიონი წლით ("ხანგრძლივი მასშტაბი") განსაზღვრავდნენ.
დღეს უფრო მიდრეკილნი არიან "მოკლე მასშტაბისკენ", რომლის თანახმადაც დედამიწის ასაკი 1000 ან 10 000-ჯერ ნაკლები ციფრით აისახება, ანუ რამოდენიმე მილიარდი წლით. თუკი ასეა, მაშინ დედამიწას აქვს იგივე ასაკი, რაც სამყაროს. ისეთი ასტრონომები, როგორებიც არიან ერნესტ ოპიკი, არტურ ჰოლმსი, კნიპერი ემხრობიან დედამიწისა და სამყაროს ერთი ასაკის თეორიას.
მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ თითქმის უეჭველი ეგონათ დედამიწის მზისგან წარმოშობის თეორია; ვარკსვლავებისა ნისლეულობისგან, რომლისგანაც ჩამოყალიბდა ჩვენი გალაქტიკა: ირმის ნახტომი (ცის იკანკლედი). დედამიწა, რა თქმა უნდა, თავის "წინაპრებზე" ახალგაზრდად მიაჩნდათ. იდეა დედამიწისა და სამყაროს ასაკის ერთნაირობაზე... ახალ კონფლიქტს ისწებს ზეცის ისტორიის ჩვენეულ გაგებაში. სად არის გამოსავალი?
გამოსავალი არის იმაში, რომ უნდა ვაღიაროთ ჰიპოთეზების სრული ან ნაწილობრივი არადამაკმაყოფილებლობა, რომლებიც საფუძვლად დაედო, როგორც დედამიწის, ასევე სამყაროს ასაკის გამოთვლებს".
ჩვენი დასკვნა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ყველა სამეცნიერო მონაცემი და გამოთვლა, რომლებიც დღემდე იყო ნაწარმოები, რათა თუნდაც მიახლოვებით განესაზღვრათ დედამიწის ასაკი, ვერ მივიდა დადებით შედეგამდე და ცალკეულ მეცნიერებათა და თვით მეცნიერთა შეთანხმებამდე. ამიტომაც უნდა ველოდოთ, რომ, როდესაც მეცნიერება გააკეთებს ახალ აღმოჩენებს, და უფრო მიუახლოვდება სამყაროსა და დედამიწის აგებულებისა და წარმოშობის შემეცნებას, მაშინ მათი ასაკის ციფრები არ იქნება ღმრთის გამოცხადების მონაცემთა საწინააღმდეგო.
3. დედამიწის ადრინდელი მდგომარეობა
დაბადება 1:2 გვამცნობს, რომ "მიწა იყო უხილავი და განუმზადებელი, ბნელი იდო უფსკრულზე..."
უცებ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აქ წინააღმდეგობაა პირველ მუხლთან, რომელშიც უბრალოდ ნათქვამია ცისა და მიწის თავდაპირველ შექმნაზე. გამოდის, რომ პირველ და მეორე მუხლებს შორის არსებობს გარკვეული შუალედი, რომელიც დედამიწის მდგომარეობაში მიმდინარე ცვლილებებზე მიგვითითებს, რომლის შემდეგაც მიწა გამოსადეგი გახდა მასზე ადამიანის საცხოვრებლად. დედამიწის აი ეს გარდაქმნა არის აღწერილი მოკლედ დაბადების პირველ თავში და, როგორც ჩანს, ის მოხდა "ექვსი დღის" განმავლობაში.
რაც შეეხება დედამიწის მდგომარეობას იმ უცნობ პერიოდში, როდესაც ის პირველად შეიქმნა, და როგორები იყვნენ მისი ბინადრები, თუკი ისინი იყვნენ, და რა ხდებოდა მასზე დედამიწის გარდაქმნამდე პერიოდში, რომელიც დაბადებაშია აღწერილი, პირდაპირი მითითებები არ გვაქვს. ეს ყველაფერი საღმრთო გამოცხადების მიზნის ძირითადი მიზნის გარეთაა, რომელიც განკუთვნილია ჩვენი დედამიწის კაცობრიობის "საუკუნისთვის", ანუ იმისთვის, რომელმაც თავისი "არსებობა" დაიწყო თანამედროვე მდგომარეობაში გარდაქმნის მომენტიდან. ერთია, რომ ბიბლია გვაძლევს მინიშნებებს იმ შორეულ დროზე, და გვეუბნება, რომ დედამიწა თავის პირველქმნილ მდგომარეობაში იყო უმაღლესად სრულყოფილი და ბრწყინვალე ქმნილება.
ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა" (ეს. 45:18). აშკარაა, რომ აქ კეთდება მითითება იმაზე, რომ დაბ. 1:2-ს არა აქვს კავშირი დედამიწის პირვანდელ შექმნასთან და, რომ იმ დროს, ის არ იყო "უხილავი და უდაბური", რადგან "საუკაცრიელოდ არ შექმნილა".
იობის წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც ღმერთი "დედამიწას აფუძნებდა" (იობი 38:4-7), რაზეც უთითებს უეჭველად დაბადების წიგნის 1:1 მუხლი, მაშინ ეს ხდებოდა "დილის ვარსკვლავებისა და ღვთისშვილების" საერთო გალობის თანხლებით, მაშინ სიხარულისგან "ყიჟინობდნენ ღვთისშვილები" (იობი. 38:7). უეჭველად, ეს უთითებს დედამიწის სრულყოფილ შექმნაზე მისი პირვანდელი სახით.
მართლაც, დრ. ბულინგერი უთითებს იმ ფაქტზე, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნება სიტყვით "შექმნა" გულისხმობს "სრულყოფილ და მშვენიერ საქმეს".
გარდა ამისა, ორიგინალის საფუძველზე, დაბ. 1:3-ის სიტყვები, რომლებიც გადათარგმნილია ასე: "მიწა იყო უხილავი და განუმზადებელი, ბნელი იდო უფსკრულზე...", შეიძლებოდა სრული წარმატებით გადათარგმნილიყო ასეც: "მიწა კი გახდა უხილავი და განუმზადებელი", რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. შეიძლება გავაკეთოთ შედარება დაბ. 19:26-თან, სადაც იდენტური სიტყვა ორიგინალში გადათარგმნილია სწორედ ამგვარად: "ხოლო ლოტის ცოლი ... იქცა მარილის სვეტად" ... საინტერესოა, რომ როტერგამის მიერ თარგმნილ ბიბლიურ ტექსტში დაბ. 1:2 ასეც იკითხება: "მიწა კი უხილავი და უკაცრიელი გახდა".
4. დედამიწის ადრინდელი ბინადრები
ზუსტად არაფერია ცნობილი ჩვენთვის, თუ რატომ გახდა "უხილავი და უკაცრიელი" ოდესღაც ბრწყინვალე და სრულყოფილი მიწა. ამასთან დაკავშირებით იერემიასთან გვაქვს ოდენ ზოგადი მინიშნება: "შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი. შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად. შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან" (იერ. 4:23-25). დაახლოებით იგივეა ნათქვამი ესაიასთანაც: "აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ (ეს. 24:1). ორივე წინასწარმეტყველის ხილვა დედამიწასთან დაკავშირებულ მსჯავრს გამოხატავს; ხილვა ერთნაირად შეიძლება განეკუთვნებოდეს, როგორც მომავალს, ასევე წარსულსაც. დედამიწის "გაპარტახება" და "გაცამტვერება", წინასწარმეტყველთა ხილვის თანახმად, სრულდება ღმრთის მსჯავრის მიზეზით, რომელიც ადამიანთა ცოდვის შედეგად მოიწევა. ამიტომაც, ხომ არ უნდა დავუშვათ აზრი, რომ დედამიწა, როგორც ეს ბიბლიური მინიშნებებით ცხადი ხდება, ოდესღაც წარმოადგენდა სატანისა და მისი ანგელოზების საცხოვრებელს, და, რომ მათმა დაცემამ გამოიწვია კატასტროფა.
როგორც ჩანს, სატანა და მისი მსგავსნი ფლობდნენ გარკვეულ სხეულებრიობას, თანაც სასჯელი გამოიხატა ამ სხეულებრივი გარსის გაუქმებაში, მსგავსად იმისა, როგორც სიკვდილი, რომელიც ღმერთმა სასჯელად მოუვლინა კაცობრიობას ჩადენილი ცოდვისთვის, აცლის ჩვენს სულს იმავე სხეულებრივ საცხოვრისს. თუკი ეს ნამდვილად ასეა, მაშინ იოლი ასახსნელია რატომ ცდილობენ "ბოროტი სულები" იმ დროიდან რაც გინდ დაუჯდეთ დაეუფლონ ადამიანის სხეულს, შევიდნენ მასში ამა თუ იმ გზით. შეპყრობილობის შემთხვევები, რომლებიც ქრისტეს დროს იყო ცნობილი, ჩვენს დროსაც იმავე მიზეზით შეიძლება აიხსნას.
ამასთან დაკავშირებით უინტერესო არ იქნება თუ ყურადღებას მივაპყრობთ ბიბლიურ ტექსტებს, რომლებშიც სატანა დღემდე იწოდება ხან "ამა სოფლის ღმერთად" (1), ხან "ამ ქვეყნის მთავრად" (ინ. 12:31; 14:30; 16:11), ხან კიდევ "ჰაერის ძალთა მთავრად" (ეფეს. 2:2) და სხვა. უდაბნოში სატანისგან თავისი გამოცდის მომენტში ქრისტე არ შედავებია სატანას, როდესაც ის ქვეყნიერების ყველა სამეფოზე პრეტენზიებს აცხადებდა (ლკ. 4:5-8). საიდუმლო წინასწარმეტყველება (ეზეკ. 28:12-19), როგორც ჩანს ასევე სატანასთან კავშირში უნდა მოვიაზროთ, თუმცა იქ ის "ტვიროსის მეფედ" (12-ე მ.) და "ცხებულ ქერუბიმად" (14-ე მ.) იწოდება.
______________________
1. ჩვენი შენიშვნა: ძვ. ქართულ ტექსტში ვკითულობთ: "რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი..." (2 კორინთ. 4:4)., ე. ი. ურწმუნოებს გონება "ამა სოფლის ღმერთმა", ანუ სატანამ დაუბნელა, რათა "არ გამოუბრწყინდეს მათ ქრისტეს დიდების სახარების ნათელი". საპირისპიროდ არის ეს ადგილი თარგმნილი ახალქართულ თარგმანში, სადაც წერია: "ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა" (2 კორ. 4:4), ანუ აქ ურწმუნოთა გონების დაბნელება მიეწერება არა სატანას, არამედ ჭეშმარიტ ღმერთს... (ძვ. ბერძნ.: "θεός τοῦ αἰῶνος τούτου..." ("ღმერთმა ამის სოფლისათა"). ახალქართული და პარალელურად ძველქართული ტექსტები იხ. საიტზე: https://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/2korintelta-4.htm (ახ. ქართული ტექსტი); https://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/2korintelta1-7.htm (ძვ. ქართული ტექსტი). – "აპოკ." რედ.
______________________
როგორც ჩანს, თავიდან სატანა დიდებით იყო შემოსილი: "სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული. მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი" (ეზეკ. 28:13-14). რაოდენ საოცარი სურათია, რომელიც თვალწინ გვიშლის უცნობ დროებას, როდესაც სატანა დედამიწაზე ბინადრობდა! შემდეგ, როგორც ჩანს, ურჯულოებისა და ღვთისგან განდგომის გამო, ის დაემხო თავისი სიმაღლიდან. იქ სწორედ ასეა ნათქვამი: "სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა. ... უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის" (ეზეკ. 28:15-17).
სატანის ანგელოზებიც, იმდროინდელი დედამიწის ბინადარნი და სატანისადმი დაქვემდებარებულნი, როგორც ჩანს მასთან ერთადვე დაემხნენ, და მათაც გაიზიარეს საერთო ხვედრი. მათი ცოდვა - სიამაყეა, მაშინ როდესაც ადამიანის ცოდვა მდგომარეობს - დაუმორჩილებლობაში. "გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე" (ეზეკ. 28:17). აქედან ხომ არ მომდინარეობს ღმრთის სიტყვის მრავალრიცხოვანი მითითება "ამპარტავნებაზე", როგორც ყველაზე ამაზრზენ ცოდვაზე, რომელიც სძულს ღმერთს: "მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი" (იგავნი 8:13); ასევე მითითებები იმაზე, რომ სიამაყე და ამპარტავნება სატანისგან მოდის. ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში სიამაყე ასეც იწოდება - "ეშმაკის სასჯელი" (1 ტიმ. 3:6). განა ნიშანდობლივი არ არის ეს ყველაფერი!
უნებლიედ გვახსენდება ესაიას სიტყვები: "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!" (ეს. 14:12). ის დაეცა სიამაყის ცოდვით, ამიტომ დღესაც უზენაესი სიბრძნე ამბობს, რომ "დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა" (იგავნი 14:18).
ხომ არ მიგვანიშნებს ეს ყველაფერი და წმიდა წერილის განსაზღვრული მოწმობები არა მარტო სატანის დაცემაზე, არამედ იმ განადგურებაზეც, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს დედამიწას იმ მომენტამდე, როდესაც ღმერთმა გარდაქმნა იგი და მასზე დაასახლა ახალი ბინადარი - ადამი, რომლისგანაც წარმოიშვა ჩვენი კაცობრიობა? რადგან კარგად არის ცნობილი, რომ როგორც წარღვნამდელი მსოფლიო "გარყვნილებისთვის" დაექვემდებარა სასჯელს "წყლით წაირღვნა და დაიღუპა" (2 პეტ. 3:6), - ასევე მომავალშიც, ჩვენს კაცობრიობას ელოდება კიდევ უფრო მეტი სასჯელი მისი დაცემისთვის, როდესაც მოიწევა ცეცხლი ისე, რომ "ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტ. 3:10).
ამრიგად, ვის შეუძლია უარყოს დედამიწის კატასტროფის შესაძლებლობა, იმავე საფუძველზე, რომელიც მოხდა ბიბლიის მეორე მუხლში აღწერილ დრომდე?
იგნაციუს დონელი თავის ნაშრომში "ცეცხლის საუკუნე" ვითომცა გეოლოგიურ გამოკვლევათა საფუძველზე ამტკიცებს, რომ პრეისტორიულ დროში დედამიწამ კომეტის კუდში გაიარა და ჩათრეულ იქნა ცეცხლისა და ქვების ქარბორბალაში, რამაც გამოიწვია მისი ის მდგომარეობა, რომელიც დაბადების წიგნის 1:2 მუხლში აღწერილია სიტყვებით: "უხილავი" და "უკაცრიელი". მაშ, თუკი ასეა, მაშინ ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქვისა და ცეცხლის ქარბორბალასა და ეზეკიელის "ცეცხლოვან ქვებს" (ეზეკ. 28:14) შორის არსებობდეს რაიმე კავშირი?
პრეისტორიულ დროში დედამიწისა და სხვა ზეციურ სხეულთა განადგურება შესანიშნავად არის გამოხატული იობთან, სადაც ნაუწყებია იმ არსების საცხოვრისის განადგურება, რომელიც თავისი ამპარტავნებით ბედავს წინ აღუდგეს ღმერთს: "გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა? მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით; მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები; ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება..." (იობი. 9:4-7).
მსგავსი ცვლილებების შემდეგ, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო ღმრთის რისხვის გამოვლინების შედეგად, რომელი სიტყვებით იყო შესაძლებელი დედამიწის მდგომარეობის აღწერა, თუ არა ამით: "მიწა იყო უხილავი და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე..." (დაბ. 1:2).
დედამიწის მომზადება ადამიანისთვის
კატასტროფის შემდგომი დედამიწის აღწერიდან იწყება თხრობა მის გარდაქმნაზე, ანუ გარდასახვაზე, რომელსაც შეცდომით დედამიწის "პირველდაწყებით შესაქმეს" უწოდებენ.
სინამდვილეში ადამიანი და სხვა ცოცხალი არსებები შეიქმნა სწორედ დედამიწის გარდაქმნის ამ პერიოდში, მაგრამ თვით დედამიწა შესაქმის შედეგად გაჩნდა მრავალი საუკუნით ადრე, და ახლა მხოლოდ განახლებულ იქნა, როგორც ამის შესახებ არის ნათქვამი წმიდა წერილში: "გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას" (ფსალმ. 103:30).
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სიტყვები, რომლებიც გამოყენებულია დაბადების პირველ თავში: "გააჩინა" და "შექმნა". მაგალითად, დაბადების წიგნის პირველი თავის 16-ე მუხლში, არ არის ნათქვამი, რომ ღმერთმა შექმნა მზე და მთავარე, მაგრამ - "... შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი". სიტყვა "Создал" (შექმნა) ეს არის სიტყვა "сделал" (გააკეთა)-ს სლავური ფორმა (ასეა ქართულ ბიბლიაშიც: სიტყვა "შექმნა" არის სიტყვა "გააკეთას" (ἐποίησεν) ძველქართული ფორმა - "აპოკ." რედ.). სწორედ ასე ჟღერს ის სხვა თარგმანებშიც. ყურადღებითი კითხვა აჩვენებს, რომ ეს ორი სიტყვა მთელი თავის განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა იდეის გადმოსაცემად.
სიტყვა "შექმნა" ნიშნავს - რაიმეს გაკეთებას არაფრისგან, მაშინ როდესაც სირტყვა "გაკეთება" - ნიშნავს რაიმეს შექმნას უკვე არსებული მასალისგან. მივაქციოთ ყურადღება დაბ. წიგნის 1:1- მუხლს, სადაც ნათქვამია: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა (სლავ.: сотворил – "აპოკ. რედ.) ცა და მიწა" (დაბ. 1:1) და შევადაროთ ის გამ. 20:11-ს, სადაც წერია: "რადგან ექვს დღეში შექმნა (გააკეთა) (სლავ.: создал, ქართ.: გააკეთა - "აპოკ." რედ.) უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია..." (გამ. 20:11). პირველ შემთხვევაში ლაპარაკია შესაქმეზე, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ უკვე შექმნილის გარდაქმნაზე ან გადაკეთებაზე. იგივე იდეაა დაცული სიტყვებში: "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა" (დაბ. 2:2) (2).
______________________
2. სეპტუაგინტაში ყველა ამ ადგილას გამოყენებულია სიტყვა ἐποίησεν, რომელსაც აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა. მისი ძირითადი აზრია - გაკეთება. აი, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობა ძველბერძნულში წმიდა წერილის მიხედვით: შექმნა, გააკეთა, წარმოშვა, აღძრა, დაუშვა, დაამწყვდია, აღასრულა, დაამხო, მოამზადა, მოაწყო, მიიღო, დაამყარა, ააშენა, დაამზადა, გააჩინა, გაკეთდა, აღასრულა, შეგვადგინა, მოაწყო. ყველა ეს მნიშვნელობა შეგიძლიათ შესაბამისი ადგილებითურთ წმიდა წერილიდან იხილოთ სეპტუაგინტის თარგმანში საიტზე: https://manuscript-bible.ru/S/7065.htm#ZSlwb2kvaHNlbg$
______________________
ყოველი ადამიანი, ვინც კი იწყებს ბიბლიის შესწავლას, უნდა ამჩნევდეს ამ განსხვავებას, რადგან მისი შეუმჩნევლობა ნიშნავს უგულებელყო ჭეშმარიტების გამოკვლევის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგალითად, როგორ არ უნდა შევნიშნოთ ის ფაქტი, რომ "შესაქმის" მეორე დღეს ღმერთი არ ქმნის წყალს, რადგან ის ადრე უკვე შექმნილი იყო, არამედ უბრალოდ განყოფს მას (მ. 7). იგივე უნდა ითქვას ხმელეთზეც, ღმერთი კი არ ქმნის მას, არამედ მხოლოდ ათავისუფლებს და გამოყოფს წყლისგან (მ. 9).
განსაკუთრებული სიცხადით ეს აზრი ხაზგასმულია დაბ. 2:3-ში, სადაც მოცემულია პირველი თავის ერთგვარი დასკვნა: "აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა" (დაბ. 2:3). ეს ადგილი ბუკვალურად ასე იკითხება: "... რაც შექმნა, რათა აღეშენებინა" (ძვ. ქართულშია: "და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად". – "აპოკ." რედ.). ყოველივე ზემოთთქმულიდან გამოდის, რომ აღშენება ანუ განახლება მიწის პირისა არ უნდა ავურიოთ პირველდაწყებით შესაქმესთან.
ამრიგად, ყოველგვარი თავდასხმა ბიბლიაზე, რომელიც ეფუძნება გეოლოგიური ხასიათის არგუმენტებს ან ქვანახშირის საბადოებს, არსებითად რაიმე მნიშვნელობის არმქონეა, რადგან, თვით ბიბლიის თანახმად, დედამიწა ადამამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა, თუმცა, არავინ უწყის როდის შეიქმნა.
მეორე მხრივ მსგავსი სახის ყოველგვარი თავდასხმები შეიძლება გავანეიტრალოთ მათი შედარებით ღმრთის ყოვლისშემძლეობასთან. განა ღმერთისთვის რაიმე შეუძლებელია? მისი ნებით განა არ შეიძლებოდა დედამიწა აღმოცენებულიყო ყველა მინერალთან და საბადოსთან ერთად ისე, რომ არ დასჭირვებოდა ამ მინერალთა განვითარების სტადიები და სხვა? თუკი მან იმთავითვე ზრდასრულ ადამიანად შექმნა ადამი, არ დაუქვემდებარა იგი სიყრმის ასაკს, ბიოლოგიურ განვითარებასა და მოწიფულობას, რატომ არ შეეძლო მას შეექმნა დედამიწა მთელი თავისი სილამაზითა და სიმშვენიერით, რომელიც სრულიად გამოსადეგი იქნებოდა საცხოვრებლად?
ქრისტეს სასწაულები, განსაკუთრებით ისეთები, სადაც წყალი გარდაიქმნება ღვინოდ ან, სადაც მაცხოვარი ორი პურით და ხუთი თევზით აპურებს ათასობით ადამიანს, მოწმობს იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც მბრძანებლობს სიცოცხლესა და სამყაროზე, ძალმოსილია ნებისმიერი რამ შექმნას არაფრისგან. ეს აოცებს ადამიანს, რადგან მისთვის ამგვარი რამ უჩვეულოა, მაგრამ განა ნაკლებად გამაოგნებელია ის საქმეები, რომელსაც ღმერთი ყოველდღიურად იქმს სამყაროსა და ბუნებაში? - ისინი არ გვაოცებენ, რადგან ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გვგონია; თუმცა, როგორც ერთნი, ასევე მეორენი დამოკიდებულნი არიან საღმრთო კანონებსა და ძალებზე, რომლებიც მხოლოდ მისი უზენაესობის ხელშია.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Г.И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2025 წ.