საუბრები ბიბლიაზე - ძველი აღთქმის წმიდა წერილი 0 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ძველი აღთქმის წმიდა წერილი
მოსე და მეფე დავით წინასწარმეტყველი
ავტორი: მღვდ. გენადი ეგოროვი.
 
წყარო: წყარო: Свящ. Геннадий Егоров. Священное писание Ветхого Завета [Текст] : курс лекций. Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. – Москва. Изд-во ПСТГУ, 2011.


***
 
წინამდებარე ლექციათა კურსი განკუთვნილია სასწავლო სახელმძღვანელოდ ბიბლეისტიკის დარგში იმ სტუდენტთათვის, რომლებიც სწავლობენ "თეოლოგიის" სპეციალობის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის მსმენელთათვის.

***



წინათქმა
 
 
წინამდებარე სასწავლო სახელმძღვანელო წარმოადგენს ძველი აღთქმის წმიდა წერილის ლექციათა რედაქტირებულ კურსს, რომელიც განკუთვნილია წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მსმენელთათვის, და წარმოადგენს წმიდა წერილის შესწავლის შესავალს. კურსის მთავარი მიზანია - მოამზადოს სტუდენტები ბიბლიის დამოუკიდებელი შესწავლისთვის და, შეძლებისდაგვარად, ჩანერგოს მათში ამ საქმის სიყვარული. ძველი აღთქმის წიგნთა ზოგადი მიმოხილვის გარდა, ლექციებში განიხილება ისაგოგიკისა და ეგზეგეზის ძირითადი ცნებები, დამოწმებულია წმიდა მამათა განმარტებები, ასევე განმარტებულია წმიდა ისტორიის სოტერიოლოგიური და მესიანური მნიშვნელობები.
 
ლექციათა კურსის შეზღუდულობა ნებას არ გვაძლევს დეტალურად მიმოვიხილოთ ბიბლიურ წიგნთა შინაარსი და ძველაღთქმისეული ისტორიის მოვლენები. რადგან მოცემული კურსის მოსწავლეებს უკვე გააჩნიათ ზოგადი წარმოდგენა ძველაღთქმისეულ ისტორიაზე, აქ ყურადღება ეთმობა პრინციპულ საკითხებს, რომელთა გაგება აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად. ამასთან სასწავლო მასალის აღქმის გასაადვილებლად კონსპექტის ტექსტში შეტანილია საკმაო მოცულობის ციტატები წმიდა წერილიდან.
 
მოცემული საგნის მრავალი თანამედროვე სახელმძღვანელოს ეპიგრაფად არჩეულია მაცხოვრის სიტყვები: "წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის" (იოანე 5:39). უფლის მსმენელები წერილის მცოდნეები იყვნენ, მაშასადამე, ამ ფრაზის აზრი იმაშია, რომ ძველი აღთქმა მოწმობს ქრისტეზე. კურსის ჩარჩოებში მოცემულია მცდელობა მოსწავლეებს ვაჩვენოთ ძველი და ახალი აღთქმების განუყოფელი ერთიანობა, მთელი საღმრთო წერილის ქრისტოცენტრულობა და, ბოლოს, მისი გარდაუვალი მნიშვნელობა და აქტუალობა.
 
სხვა ფუძემდებლური პრინციპი, რომელსაც მუდმივად ითვალისწინებს ავტორი ლექციათა მომზადების პროცესში, ჩამოყალიბებულია მეექვსე მსოფლიო კრების 19-ე კანონში. ის ბრძანებს: "ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით, ამოკრიბონ საღვთო წერილიდან ჭეშმარიტების შესაგონებელი და შესამეცნებელი ადგილები და, ამასთან, არ გადავიდნენ ღმერთშემოსილი მამების გადმოცემებსა და მათ მიერ დადებულ ზღვარს. როცა წმიდა წერილის სიტყვას გამოიკვლევენ, სხვაგვარად არ განმარტონ იგი, არამედ როგორც ეს თავიანთ ეპისტოლეებში ჩამოაყალიბეს ეკლესიის მნათობებმა და მოძღვრებმა და, წინამძღვრები ამით უფრო დაკმაყოფილდნენ, ვიდრე საკუთარი სიტყვების შედგენით, რათა წმიდა წერილის არასაკმარისი ცოდნა არ გახდეს ჭეშმარიტებისაგან გადახრის მიზეზი. სწორედ ზემოხსენებულ მამათა სწავლებებით უნდა შეიმეცნოს მრევლმა, რა არის სასარგებლო და რა - უსარგებლო, რა არის ასარჩევი და რა - დასაგმობი და, ცხოვრების გამოსწორება დაიწყოს, რათა აღარ იტანჯებოდეს უმეცრების სენით, არამედ სწავლას ყურ-მიპყრობილი თავს აიძულებდეს ბოროტებისაგან განრიდებას და, სასჯელის მოწევის შიშით, საკუთარ ცხონებას აღაშენებდეს".
 
წმიდა მამებისეული ეგზეგეზის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ ის, რომ მამები წმიდა წერილს, წარმოადგენენ, როგორც ერთ მთლიანობას, ამიტომაც ავტორი თავის ამოცანას ხედავს ჩაუნერგოს მკითხველს ჩვევა წმიდა წერილის ესა თუ ის მონაკვეთი გააანალიზოს მთელი ბიბლიის, და არა მხოლოდ კონკრეტული წიგნის ან თავის კონტექსტში.
 
 
შესავალი
 
"ნუ უგულებელყოფ, მეგობარო, საღმრთო წერილის დამატკბობელ სმენას. ეშმაკის მზაკვარებაა მისი უგულებელყოფა, რომელიც შესაძლებლობას არ მოგვცემს დავინახოთ საგანძური, და მით არ მოვიპოვოთ სიმდიდრე. "საღმრთო სიტყვათა მოსმენას არაფერი მოაქვს", - ასე ჩაგვჩიჩინებს მტერი, რათა არ იხილოს ის საქმენი, რომლებიც მისი სმენისგან წარმოიშვებიან".
 
ღირ. ისიდორე პელუსიელი
 
 
წმიდა წერილის შესწავლის აუცილებლობისა და სარგებლიანობის შესახებ
 
სერაფიმ საროველი ამბობდა დიდად სასარგებლოაო კაცისთვის ერთხელ მაინც გულდასმით წაიკითხოსო მთელი ბიბლია. ასე რომ, მოდი, ნუ უგულებელვყოფთ ამ რჩევას. სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ ბევრი თანამედროვე მართლმადიდებელი ადამიანი ძველი აღთქმის წიგნების კითხვას სრულიად არასავალდებულო და უსარგებლო საქმედ მიიჩნევს; ხოლო მრავალრიცხოვან და ქრისტიანული შინაარსის მქონე ბროშურებთან შედარებით დროის უაზრო ფლანგვადაც კი; თუმცა, თეორიულად, ალბათ, ყოველ ჩვენთაგანს წარმოუდგენია, რომ ეს ასე არ არის და, რომ თვით მაცხოვრისგან, მოციქულთაგან და წმიდა მამათაგან გადმოცემული გვაქვს მცნება შევისწავლოთ და ჩავწვდეთ წმიდა წერილს.
 
ჩვენთვის წმიდა წერილი - ეს, უპირველეს ყოვლისა არის მოწმობა ღმრთისა და ქრისტეს შესახებ, და თუ ჩვენ თუნდაც მცირედით მაინც ვიცავთ ღმრთის მცნებას: "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (მეორე რჯლ. 6:5), რადგან "ეს არის პირველი და მთავარი მცნება" (მათე 22:37-38); და თუნდაც მცირედით მაინც მივაყურადებთ ამ მცნებას, მაშინ, ალბათ, წმიდა წერილი, - როგორც წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ ღმერთი მთელი ჩვენი გულითა და სულით, მთელი ჩვენი შეძლებით, - ჩვენთვის ნებისმიერ სხვა წიგნზე უფრო ძვირფასი უნდა გახდეს.
 
წმიდა წერილს ჩვენ ასევე ვუწოდებთ საღმრთო გამოცხადებას. ეს არის ის, რისი გაცხადებაც ღმერთს ნებავს საკუთარ თავზე, საკუთარ ქმედებებზე ქვეყნიერებაში, ადამიანთან დამოკიდებულებაში, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, წმიდა წერილი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
 
საკუთრივ, მთელი ჩვენი კურსი აგებული იქნება სწორედ ამ პირველ მცნებაზე, და თუ მცირედით მაინც შევძლებ ჩაგინერგოთ სიყვარული წმიდა წერილის კითხვის მიმართ, ძალიან მოხარული ვიქნები და ჩემს მიზანს მიღწეულად ჩავთვლი. წერილისადმი სიყვარული და ინტერესი რომ შთაგაგონოთ, მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ამონაწერი წმიდა მამათა თხზულებებიდან.
 
წმ. იოანე ოქროპირი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში მსმენელებს ეუბნება იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობენ ისინი საერო ხელობებს, რამდენს ზრუნავენ საკუთარ სახლზე, მეურნეობაზე, შემდეგ კი ამბობს: "აბა მითხარით, რომ გთხოვოთ, რომელი თქვენთაგანი, ვინც აქ ესწრებით, შეძლებთ, წამიკითხოთ ერთი ფსალმუნი ანდა რომელიმე ადგილი წმინდა წერილიდან? ვერც ერთი! და გასაკვირი მარტო ეს კი არ არის, არამედ ის, რომ თქვენ, ესოდენ ზარმაცები ყოველგვარ სულიერ საქმესთან მიმართებაში, სატანისეულ საქმეში ცეცხლზე სწრაფები აღმოჩნდებით ხოლმე. თუკი ვინმეს აზრად მოუვა ეშმაკეული სიმღერები, გარყვნილი და მრუში მელოდიები მოგკითხოთ, გაირკვევა, რომ მრავალმა თქვენგანმა ისინი ზეპირად იცის და სრული სიამოვნებით მღერის. და რითი გაიმართლებენ თავს, თუკი მათ ამასში დასდებ ბრალს? ისინი ამბობენ: მე ბერი კი არ ვარ, არამედ, ცოლშვილიანი ადამიანი და ოჯახში ვხლაფორთობ. მთელი ბოროტება სწორედ აქედან მოდის, რომ გგონია, თითქოს საღმრთო წერილის კითხვა მხოლოდ ბერების საქმე იყოს, მაშინ, როდესაც თავად უმეტესად გვესაჭიროება ის. ვინც ერში ცხოვრობს და ყოველდღიურად ახალ-ახალ წყლულებს იღებს, მისთვის უმეტესად არის საჭირო მკურნალობა. ამიტომ წერილის კითხვის ზედმეტად მიჩნევა გაცილებით უარესია, ვიდრე მისი არწაკითხვა. ამგვარი აზრი სატანის მიერაა ჩაგონებული. არ გსმენიათ პავლე რომ ამბობს, რომ ეს ყოველივე დაიწერა სამოძღვრებელად ჩვენდა" (1 კორინთ. 10:11)?!" (святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 2. § 5) (ქართ. წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტ. წმინდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. მეორე ჰომილია მათეს სახარებაზე. § 5, 6. თბილისი 2016. გვ. 24-25 – "აპოკ". რედ.).
 
შემდეგ ის ქადაგებს: "როდესაც ღვთისმსახურების შესახებ ამბობ, რომ დროც კი არ გაქვს სახლში წერილი წაიკითხო, მაშინ რატომ არ ისმენ მას ღვთისმსახურებაზე? ისმინეთ და შეძრწუნდით: დიაკვანი ყველას ხატად დგას და, ხმამაღლა შეჰღაღადებს: "მოხედენ", - და ამას ის არაერთხელ აკეთებს. ეს ხმა, რომელსაც ის გამოსცემს, ეკლესიის ზოგადი ხმაა, მაგრამ არავინ უსმენს. ამის შემდეგ წიგნისმკითხველი იწყებს: "ესაიას წინასწარმეტყველებისაგან საკითხავი" - და კვლავ არავინ უსმენს, თუმცა წინასწარმეტყველება შეიცავს ზეკაცობრივ სიტყვებს. შემდეგ ყველას გასაგონად ამბობს: "ესე ბრძანებს უფალი" - და კვლავ არავინ უსმენს, მაგრამ ამას რაღას ვიტყვი: შემდეგ იკითხება საშინელი და შემაძრწუნებელი რამ, და არც მას უსმენს ვინმე. და რას ამბობენ ამის საწინააღმდეგოდ ზოგიერთნი? ისინი ამბობენ, - "ყოველთვის ერთი და იგივე იკითხებაო" - და სწორედ ეს უფრო გღუპავთ თქვენ. ეს ყოველივე რომ გცოდნოდათ, მით უფრო არ გმართებდათ გულისხმიერება, რადგან სანახაობებზეც ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, მაგრამ ვერ ძღებით მისით. რომელ ერთსა და იმავეზე ბედავ ლაპარაკს, როდესაც არც კი იცი რა ჰქვიათ წინასწარმეტყველებს? არა გრცხვენია იმისი თქმა, რომ არ ისმენ, რადგან ერთი და იგივეს კითხულობენ, მაშინ როდესაც წაკითხულის დამწერთა ვინაობა არ უწყი, თუმცა სულ ერთსა და იმავეს ისმენ, რადგან თვითონვე ამბობ, ერთი და იგივე იკითხებაო. ამას შენს გასაკიცხად რომ ვამბობდე, თავის მართლების სხვაგვარი მიზეზისთვის უნდა მიგემართა, და არა იმგვარისთვის, რომელიც შენვე გამტყუნებს" (Цит. по: Свт. Иоанн Златоуст. Сокровище Божественных Писаний. М., 1999, с. 34–36).
 
"საყვარელნო, ნუ ვიქნებით დაუდევარნი, საკუთარი ცხონების მიმართ - "ყოველივე ეს დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11). წერილის კითხვა - დაცვაა ცოდვათაგან, ხოლო მისი უცოდინრობა - დიდი ორმოა, უღრმესი უფსკრულია; ცხონების წარმწყმედელია საღმრთო სჯულის უცოდინრობა. ამ უცოდინრობამ შვა მწვალებლობანი, უზნეო ცხოვრება, მან გადმოაყირავა ყველაფერი, რადგან შეუძლებელია, უნაყოფოდ დარჩეს ის, ვინც მუდმივი გულმოდგინებით სწავლობს წმიდა წერილს" (Там же, с. 93–94). აი, როგორ დამაჯერებელი და ძლიერი სიტყვებით მიმართავდა თავის მსმენელს წმ. იოანე ოქროპირი თითქმის 1600 წლის წინათ. მაგრამ იმ დროიდან დღემდე, სამწუხაროდ, თითქმის არაფერი შეცვლილა.
 
წმინდანთა ცხოვრებაში ვხვდებით ასეთ ფაქტს, - ზოგიერთმა წმინდანმა, აბსოლუტურად უწიგნურმა და განუსწავლელმა, თავისი ღვაწლის სიმაღლით ისეთი მადლი მოიხვეჭა, რომ წმიდა წერილი ზეპირად იცოდა და ყოველთვის ზუსტად ახდენდა მის ციტირებას. გავიხსენოთ, მაგალითად, ღირ. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება; ეგვიპტელი მეუდაბნოვეებიდან - ღირ. პატერმუფი, ღირ. ორე, რომელთა შესახებ ამბობენ, რომ მათ წმიდა წერილის ცოდნა ზებუნებრივად მიიღეს და ესეც წმიდა წერილის შესწავლის ერთ-ერთი გზაა.
 
ამის განმარტებას მათეს სახარების ჰომილიებში იძლევა წმ. იოანე ოქროპირი: "წესით წერილის შეწევნა არც უნდა დაგვჭირვებოდა, არამედ ისეთი სიწმიდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენს სულებს წიგნების სანაცვლოდ შეწეოდა მადლი სულისა. და ჩვენი სულები იმგვარადვე უნდა დაწერილიყო სულით, როგორც ეს წიგნებია მელნით დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამგვარი მადლი განვაგდეთ, ამიტომ ამ მეორე გზით მაინც ვისარგებლოთ" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений: В 12 т. Репринт по изд. СПб. Духовная Академия, 1898-1906. М.: Православное братство "Радонеж", 1991-2004. Т. 7, кн. 1. Беседы на Евангелие от Матфея. М., 1993, с. 5).
 
იგივე წმინდანი, პასუხობს რა მსმენელებს იმაზედ, რომ ისინი ზოგჯერ კითხულობენ წმიდა წერილს, მაგრამ მისი გაგება ვერ ძალუძთ, შემდეგს ამბობს: "გევედრებით, ნუ უგულებელყოფთ წერილის კითხვას, მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა წაკითხული; ორსავ შემთხვევაში რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ მას. გამუდმებული ვარჯიში წარუშლელად ჩაბეჭდავს მეხსიერებაში წაკითხულს და ხშირად, რაც დღეს გაუგებარი ჩანდა, ხვალ - ხელახლა გადაკითხვისას - გასაგები გახდება, რადგანაც კაცთმოყვარე ღმერთი უხილავად გაგვინათებს გონებას" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Книгу Бытия. Беседа XXXV. § 2) (ქართ.: 35-ე ჰომილია დაბადების წიგნზე. ჰომილიები. I ტ. შესაქმის განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2015 წ. გვ. 406, 407), - ასეთი გამონათქვამები არცთუ იშვიათია წმიდა მამებში, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ადამიანის მორჩილებით გაჯერებული მოდომება, მიმართული წმიდა წერილის შესწავლისკენ, ყოველთვის დაჯილდოვდება ღმრთისგან ამ ადამიანის გონების განათლებით.
 
აი, კიდევ სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები: "სულს, რომელსაც დღე და ღამე სურს ღმრთის სჯულში წვდომა, ვერაფერი მისცემს ამაში ისეთ სარგებლობას, როგორსაც საღმრთო წერილის შესწავლა; რადგან წერილშია დაფარული სულიწმიდის მადლის სიღრმე, რომელიც, თუკი შემეცნებულ იქნება, სულში უდიდეს სიტკბოებას წარმოქმნის, და აამაღლებს მას მიწიერსა და ქვეყნიერზე, აამაღლებს ზეცად და განაწყობს მხოლოდ საღმრთოზე ფიქრში ისე, რომ ამქვეყნად ანგელოზურ ცხოვრებაზე მეტად არაფერი მოესურვება" (Симеон Новый Богослов, преп. Творения в 3-х томах. СТСЛ, 1993. Т. 1, с. 285). ნახეთ, წლის განმავლობაში როგორი სულიერი სიკეთეების მოპოვება ყოფილა შესაძლებელი, თუკი ბეჯითად შევისწავლით ჩვენს საგანს.
 
იმავეს ბრძანებს ღირ. იოანე კიბისაღმწერელი. "სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელებს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვის, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ" (Лествица, возводящая на небо преподобного Иоанна Лествичника, игумена монахов Синайской горы. М.: Изд. «Лествица», 1999 (20:20) (ქართ.: ღირსი იოანე სინელი. კიბე ანუ კლემაქსი. სიტყვა 20. § 23. https://orthodoxy.ge/tserilebi/kibe/20.htm).
 
წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ და ახლაც გვაფრთხილებენ, რომ წმიდა წერილის შესწავლა არ შეიძლება მის წმიდად მექანიკურ გადაკითხვამდე დავიყვანოთ; ჩვენი შემეცნება ვერ იქნება სრულად წარმატებული, შესაბამის განმარტებებსაც რომ გავეცნოთ. წერილის ნამდვილი შემეცნება ეძლევა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით ცდილობს იმის აღსრულებას, რასაც წერილში ხვდება. მაგრამ ამისთვისაც ის ღმრთის შეწევნას უნდა ითხოვდეს, "რადგან, - ნეტ. თეოდორიტეს თქმით, - ნამდვილად საჭიროა სიბრძნე და კეთილგონიერება, როგორც შემეცნებისა და ღმრთის სიტყვათა გულისხმისყოფისთვის, ასევე მათი დაცვისა და აღსრულებისთვის. შეუძლებელია მათი გულისხმისყოფა ღმრთის სულის განათლების ვერმიმღებთათვის, და  მათი დაცვა ზეგარდმო შეწევნის უარმყოფელთათვის" (Феодорит Кирский, блж. Творения. СТСЛ, 1906–1907. Серия: творения святых отцов в русском переводе. Изд. при МДА. Т. 29, с. 270).
 
1912 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის იმდროინდელი რექტორი ეპისკოპოსი თეოდორ პოზდეევსკი ამბობდა: "ღმრთის სიტყვისთვის რომ შეგვეხედა, არა როგორც ჭეშმარიტებათა ერთობლიობისთვის, რომელიც ოდენ ადამიანური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გვებოძა, არამედ, როგორც ღმერთშემოსილი ცხოვრების უზენაეს ჭეშმარიტებათა და სამყაროს ზნეობრივი წყობის კანონთა გამოცხადებისთვის, თავისთავად ცხადია, რომ ამ ჭეშმარიტებათა შემეცნებაც სხვა გზით აღესრულებოდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. არვისთვის არის საიდუმლო, რომ, როდესაც სულ უფრო და უფრო ვუღრმავდებით წმიდა წერილის შინაარსს, მისი სიტყვების აზრს, ჩვენი ეს მცდელობები ყოველთვის თითქმის ამაოდ რჩება, თითქოსდა რაღაც საფარველი გვიშლისო ხელს წმიდა მზერით შევიმეცნოთ წერილის დაფარული აზრები. და ეს იმიტომ, რომ "ღმრთის სჯული სულიერია", ადამიანი კი "ხორციელი და ცოდვას მიყიდული" (რომ. 7:14), და ვერასოდეს, რა თქმა უნდა, ხორცის კანონით მცხოვრები კაცი, ვერ გულისხმაყოფს სულიერი და ღმერთშემოსილი ცხოვრების კანონებს, რადგან, ისინი რომ ვიცოდეთ, მათ თვით ცხოვრებით უნდა მივუახლოვდეთ და გამოცდილებით შევიმეცნოთ. აი რატომ ადარებდა ღმრთის სიტყვას საგანძურით სავსე დაკეტილ ზანდუკს წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, როდესაც ღმრთის სიტყვის შემეცნების მეთოდებზე მსჯელობდა. ეს ზანდუკი უსარგებლოდ შეიძლება ატარო საკუთარ ზურგზე და ვერასოდეს ამოიღო მასში დამალული საგანძური, თუკი მისი გასაღები არ გექნება. ხოლო ღმრთის სიტყვაში დაფარული სულიერი საგანძურის გასაღები ერთია - ზნეობრივი სისუფთავე და სიწმინდე; აი რატომ არის, რომ ღმრთის სიტყვა, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს მთელ ღმრთითშემეცნებას, საჭიროა ვისწავლოთ არა იმდენად გონებით, რამდენადაც წმიდა გულით, რომელსაც თვით ღმრთის ხილვა ძალუძს" (Феодор (Поздеевский), архиеп. Жизнеописание. Избранные труды. СТСЛ, 2000, с. 348–349).
 
მოვიტან ღირ. სიმეონის კიდევ ერთ ციტატას. ის ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც შეიძლება წერილი ზეპირადაც კი ისწავლა, მაგრამ მექანიკურად იმოწმებს მის ნებისმიერ ადგილს, ემსგავსება იმ ადამიანს, ვინც საგანძურით სავსე სკივრს საკუთარი მხრებით დაატარებს. ყველაზე დიდი, რასაც შეიძლება მან მიაღწიოს - არის ის, რომ ამ სიმძიმის ტარებით ზურგის რაიმე დაავადებას შეიყრის, მასში დაფარული საგანძური კი მაინც მიუწვდომელი დარჩება მისთვის.
 
მცნებათა აღსრულება, სათნოებათა დაცვა კი ბევრად სასარგებლოა, - ის ამბობს, რომ "მცნებათა დაცვისგან იშვებიან სათნოებანი, ხოლო სათნოებათაგან აშკარავდებიან საიდუმლონი, რომლებიც წერილის ასოშია დამალული. მაშინ, ვინც სათნოებებში წარემატება და იცავს მცნებებს, მას ეხსნება შემეცნების კარი - ანუ ის საიდუმლოებანი, რომლებიც საღმრთო წერილის სკივრშია ჩამალული". ასე რომ, როგორც ხედავთ, ძლიერ საჭირო ყოფილა წმიდა წერილის კითხვა, მაგრამ ამასთანავე უნდა ვეცადოთ ჯეროვნად შევისწავლოთ იგი, ხოლო საბოლოო სარგებლობას მივიღებთ მაშინ, როდესაც წერილში აღმოჩენილ ჭეშმარიტებებს გამოვიყენებთ და გავატარებთ ჩვენს ცხოვრებაში.


ზოგადი ცნობები წმიდა წერილის შესახებ

კატეხიზმოს კურსიდან გახსოვთ, რომ წმიდა წერილად იწოდება "წიგნები, რომლებიც ღმრთითკურთხეულმა ადამიანებმა - წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა - დაწერეს სულიწმიდის შთაგონებით. ჩველებრივ ამ წიგნებს უწოდებენ ბიბლიას". წმიდა წერილის წიგნები, მათი დაწერის დროიდან გამომდინარე, იყოფიან ორ განყოფილებად: "ის წმიდა წიგნები, რომლებიც დაიწერა ქრისტეს შობამდე, და მას ეწოდება ძველი აღთქმის წიგნები, და ისინი, რომლებიც დაიწერა ქრისტეს შობის შემდეგ, რომელთაც უწოდებენ ახალი აღთქმის წიგნებს".
 
ბიბლიის ჩვენეულ გამოცემაში, ძველი აღთქმის წმიდა წერილში შედის 50 წიგნი, მათგან 39 კანონიკურია, ხოლო 11 არაკანონიკური. იმთავითვე უნდა ვთქვათ, თუ რას ნიშნავს ეს, რადგან ახალი აღთქმის კურსსი თქვენ ვერ შეხვდებით ახალაღთქმისეული არაკანონიკური წიგნების ცნებას,- ყველა წიგნი, რომელსაც კი შეიცავს ახალი აღთქმის წმიდა წერილის მთელი კორპუსი, კანონიკურია. თუკი გადავშლით ძველი აღთქმის წმიდა წერილს, შევამჩნევთ 11 არაკანონიკურ წიგნს, როგორებიცაა: სიბრძნე სოლომონისა და სიბრძნე იესუ ზირაქის ძისა; იერემიას ეპისტოლე, მაკბელთა წიგნები და სხვა (1).
 
________________________
 
1. ჩვენი კურსის შეზღუდული მოცულობის გამო არაკანონიკურ წიგნთაგან აქ მოკლედ იქნება განხილული მხოლოდ მაკაბელთა წიგნები, რადგან მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ "გადავდოთ ხიდი" ძველაღთმისეული ბიბლიური ეპოქიდან ახალაღთქმისეულ ეპოქაზე.
 
________________________
 
ეს წიგნებიც ძველ დროში დაიწერა, და ზოგიერთი მათგანი ორიგინალში ბერძნულადვე იყო დაწერილი, ხოლო ზოგიერთი - ებრაულ ენაზე, თუმცა, ეს წიგნები ეკლესიამ ღმრთითშთაგონებულ წიგნებად არ აღიარა - ამის შესახებ განსაკუთრებულად შევჩერდებით.
 
მოკლედ, ეს წიგნები აღიარებულნი არიან საკმაოდ სასარგებლო, დამმოძღვრელ წიგნებად, რომლებიც შეიცავენ ღმრთითგამოცხადებული სწავლების მარცვლებს, მაგრამ რომლებიც მთლიანობაში ღმრთითშთაგონებულად ვერ ჩაითვლებიან, რადგან მათში საკმაოდ ძლიერია ადამიანური ბრძნობის ელემენტი. ამიტომაც მამებმა ეს წიგნები მოათავსეს სხვა ძველაღთქმისეულ წიგნთა სიაში, რომლებიც განკუთვნილნი არიან ქრისტიანთა და ახალმოქცეულთა საშინაო საკითხავებად, რადგან მათში მოცემულია მაღალზნეობრივი სწავლებანი.
 
პროტესტანტები ამ წიგნებს უარყოფენ და მათ აპოკრიფებს უწოდებენ. კათოლიკეებმა ტრიდენტის კრებაზე (1545 წ.) არაკანონიკურ წიგნთა უმეტესობა შეიტანეს კანონში. ამიტომაც მათთან ისინი ზოგჯერ მეორეკანონიკურ წიგნებად იწოდებიან.
 
რაც შეეხება ტერმინს "აპოკრიფი" უნდა განვმარტოთ, რომ წმიდა წერილთან მიმართებაში ის პირველად გამოიყენეს გნოსტიკოსებმა, რომლებიც ასე უწოდებდნენ "საიდუმლო" წიგნებს, რომლებიც თითქოსდა მოციქულებმა დატოვეს "განდობილთათვის", განსხვავებით ყველასთვის ცნობილი წიგნებისა, რომლებიც მარტივთათვის იყო განკუთვნილი. რადგან ეს ყალბი წიგნები შეიცავდნენ ეკლესიის მიერ დაგმობილ სწავლებებს, სახელწოდება "აპოკრიფი" დროთა განმავლობაში დაუმკვიდრდა ყველა იმ წიგნს, რომელიც წმიდა წერილის ნაწილად ყოფნაზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ ეკლესიის მიერ იყო უარყოფილი. თემატურად და ჟანრობრივად ისინი უახლოვდებიან ბიბლიურ წიგნებს, მაგრამ, არაკანონიკურ წიგნთაგან განსხვავებით, სასარგებლოდ და დამმოძღვრელ წიგნებად არ არიან აღიარებულნი. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ძველაღთქმისეული აპოკრიფებიდან შეიძლება დავასახელოთ იუბილეთა წიგნები, ენოქის წიგნი, თორმეტი პატრიარქის აღთქმა, მაკაბელთა მეოთხე წიგნი.
 
უნდა აღინიშნოს, რომ კანონიკურ წიგნთა სია პრაქტიკულად ემთხვევა თანამედროვე იუდაიზმში მიღებულ კანონს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იუდაური კანონი პირველადია საეკლესიოსთან შედარებით? სულაც არ არის სავალდებულო. კანონთა საბოლოო ფიქსაცია, რომელსაც დღეს აღიარებენ იუდეველები, მოხდა ქრისტეს შობიდან II საუკუნის დასაწყისში. ის ხდებოდა ახალი ტრადიციის ჩამოყალიბების თანადროულად, რომელიც იერუსალიმის ტაძრის დანგრევით იყო გამოწვეული და საჭირო გახდა თემური ცხოვრება დაფუძნებოდა რაიმე ახალ, ადრინდელისგან განსხვავებულ საფუძვლებს.
 
ამის შედეგად ფაქტობრივად გაჩნდა ახალი რელიგია, რომელიც თავისი ასაკით ქრისტიანობაზე ბევრად ახალგაზრდაა. ქრისტეს ეკლესია უფროა ძველაღთქმისეული ეკლესიის მემკვდირე, თუკი ძველ აღთქმას განვიხილავთ, როგორც მომზადებას ახალი აღთქმის მისაღებად (იხ. იერ. 31:31). სხვათა შორის, ტრადიციულად მიიჩნევდნენ, რომ ძველაღთქმისეულ წიგნთა კანონი მოცემული იყო ჯერ კიდევ მღვდელმსახურ ეზრას დროს, ანუ ქრისტეს შობამდე V ს-ში. ამის შესახებ ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ. ამიტომაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია - ეკლესიის განსაზღვრება ამა თუ იმ წიგნის ღირსებასთან დაკავშირებით. ის, თუ რომელი წიგნი მიიჩნევა კანონიკურად და უნდა იკითხებოდეს ეკლესიაში, დაწესებულია წმიდა მამათა და მსოფლიო კრებათა დადგენილებებით.
 
აქ უნდა დავამატოთ, რომ წერილის საეკლესიო ტექსტს ყოველთვის წარმოადგენდა სეპტუაგინტა, სამოცდაათი კომენტატორის თარგმანი, რომლებმაც ქრისტეს შობამდე III ს-ში წმიდა წერილი გადათარგმნეს ბერძნულ ენაზე ეგვიპტელი მეფის პტოლემეოს ფილადელფოსის ბიბლიოთეკისთვის (Корсунский И.Н. Перевод VXX (толковников). Его значение в истории греческого языка и словесности. Сергиев Посад, 1897). იოანე ოქროპირთან ერთად ვიტყვით, რომ "ეს იყო ღმრთის განგებულების საქმე, რათა ამ წიგნებით ესარგებლათ არა მარტო ებრაული ენის მცოდნეებს, არამედ ქვეყნიერების ყველა მცხოვრებს" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений: В 12 т. Репринт по изд. СПб. Духовная Академия, 1898–1906. М.: Православное братство «Радонеж», 1991–2004. Т. 4, кн. 1. Беседы на на книгу Бытия. М., 1993, с. 26).
 
ამრიგად, ჩვენს ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ ძველი აღთქმის 39 კანონიკურ, ღმრთითშთაგონებულ წიგნს. მაგრამ თუკი გადავშლით, მაგალითად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის პოეტურ ეპისტოლეს ამფილოქესადმი იმის შესახებ, თუ რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ, დავინახავთ, რომ მასთან ჩამოთვლილია მხოლოდ 22 წიგნი. რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ წმ. გრიგოლის დროს ნაკლები იყო კანონიკური წიგნები? არა, ეს ნიშნავს მათ განსხვავებულ დათვლას და განსხვავებულ დაყოფას.
 
საიდან არის აღებული რიცხვი 22? ებრაული ალფავიტის რაოდენობიდან, ასეთივე სახით აითვლებიან ისინი ებრაული ბიბლიის ტრადიციაში. ტექსტის შემადგენლობა იგივეა, უბრალოდ ზოგიერთი წიგნები გადაჯგუფებულია. როგორ? აი წმ. გრიგოლი გვთავაზობს ასეთ თანმიმდევრობას: ის ამბობს, რომ თავიდან მოდის მოსეს ხუთწიგნეული, იესუ ნავესი, მსაჯულთა და რუთი; შემდეგ მეფეთა ორი წიგნი - ანუ არა ოთხი, როგორც ახლა ვითვლით, არამედ ორი, რადგან ეს ოთხი წიგნი ორ-ორად არის შეერთებული. პარალიპომენონი, როგორც ერთი წიგნი და ეზრა - ანუ, 12 წიგნი, რომელსაც მან ისტორიული წიგნები უწოდა. შემდეგ მოდის 5 წიგნი, რომლებსაც ის პოეტურს უწოდებს, ესენია: იობის, დავითის, - ანუ ფსალმუნი, და სოლომონის 3 წიგნი: ეკლესიასტე, ქებათა ქება და იგავნი; შემდეგ მოდის წინასწარმეტყველთა 5 წიგნი: 12 მცირე წინასწარმეტყველთა, როგორც ერთი წიგნი, და ოთხი დიდი წინასწარმეტყველის წიგნები: ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და დანიელისი, - დაყოფა პრაქტიკულად ისეთივეა, როგორსაც ახლა ვიყენებთ პრაქტიკული საჭიროებისთვის.
 
შევნიშნავთ, რომ ის არ გამოყოფს ხუთწიგნეულს, როგორც რჯულმდებლობითს, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ, არამედ უთითებს სამ მკაფიო კრიტერიუმზე. ესენია: ისტორიული, სამოძღვრო და წინასწარმეტყველური წიგნები.
 
დღეს მიღებულია წიგნთა ოთხნაწილედი დაყოფა (Филарет (Дроздов), митр. Московский, свт. Пространный христианский катехизис. М.: Синодальная типография, 1895).
 
1) რჯულმდებლობითი წიგნები, რომლებიც შეადგენენ ძველი აღთქმის მთავარ საფუძველს. მათ განეკუკთვნებიან: დაბადება,გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი და მეორე რჯული.
 
2) ისტორიული წიგნები, რომლებიც უპირატესად შეიცავენ ღვთისმოსაობის ისტორიას: იესუ ნავეს ძე, მსაჯულთა წიგნები, რუთი, მეფეთა, პარალიპომენონი, ეზრა, ნეემია და ესთერი.
 
3) სამოძღვრო წიგნები, რომლებიც შეცავენ ღვთისმოსაობის სწავლებას: იობი, ფსალმუნი, სოლომონის იგავები, ეკლესიასტე, ქებათა ქება.
 
4) წინასწარმეტყველური წიგნები, რომლებიც შეიცავენ წინასწარმეტყველებებს მომავალზე, უფრო მეტად იესუ ქრისტეზე. დიდ წინასწარმეტყველთა წიგნები, როგორიცაა: ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი. ასევე თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები: ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია და მალაქია.
 
ებრაელთა კანონს აქვს ოდნავ განსხვავებული დაყოფა: რჯული, წინასწარმეტყველები და წერილი - 3 ნაწილი. სწორედ ასე, ძველაღთქმისეულ ტრადიციასთან შესაბამისად, ელაპარაკებოდა წერილის შესახებ ქრისტე თავის მოციქულებს (ლკ. 24:44). რჯული (თორა) - ეს არის მოსეს ხუთწიგნეული. წინასწარმეტყველური წიგნები (ნებიიმ) მოიცავს არა მარტო იმ წიგნებს, რომელთაც ჩვენ წინასწარმეტყველურს ვუწოდებთ, არამედ ისტორიულ წიგნებსაც. ეს სულაც არ არის შემთხვევითი: ამის შესახებ ჩვენ თავის ადგილას ვიტყვით, თუ რატომ გამოდის ასე.
 
წინასწარმეტყველებს ებრაულ ბიბლიაში განაკუთვნებენ ე. წ. ადრეულ წინასწარმეტყველთ: იესუ ნავეს, მსაჯულებს, სამუილს (თანამედროვე დასავლურ გამოცემებში შეიძლება შეგხვდეთ, რომ მეფეთა პირველი და მეორე წიგნები იწოდებიან სამოუილის პირველ და მეორე წიგნებად, ხოლო მესამე და მეოთხე წიგნებს უკვე უშუალოდ ეწოდებათ მეფეთა წიგნები) - გვიანდელ წინასწარმეტყველთ: ესაიას, იერემიას, ეზეკიელს და 12 წინასწარმეტყველს ერთ წიგნად.
 
მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სიაში ჩვენ ვერ ვხვდებით წინასწარმეტყველ დანიელის წიგნს, რომელიც ებრაულ კანონში წინასწარმეტყველურ წიგნებს არ განეკუთვნება. წერილი (ქეთუბიმ) - ეს არის ყველა სხვა დანარჩენი წიგნი: პოეტური წიგნები, ანუ ფსალმუნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ე. წ. ხუთი გრაგნილის წიგნები - ქებათა ქება, რუთი, იერემიას გოდება, ესთერი, ეკლესიასტე და ისტორიული წიგნები, რომელთაც განეკუთვნებიან: დანიელის წიგნი, ეზრა და პარალიპომენონი.
 
როგორც ხედავთ ეს სულ სხვა დაყოფაა. ჩვენს კურსში რამოდენიმეჯერ მივუბრუნდებით მას ზოგიერთი საინტერესო დეტალის გასარკვევად.
 
ბოლო შენიშვნა ეხება წერილის დაყოფას თავებად და მუხლებად. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ თავა მოიცავს წიგნის ლოგიკურად დასრულებულ ფრაგმენტს. ასევე საზღვრებს მუხლებს შორის ჩვენ აღვიქვამთ, როგორც განსაზღვრული აზრის მატარებელთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაყოფანი არ ეკუთვნით წმიდა მწერლებს, ისინი წერდნენ მიყოლებით, და სადაც საჭირო იყო ახალი განყოფილების დაწყება აკეთებდნენ მინიშნებებს.
 
ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ დროში მოხერხებული "ნავიგაციისთვის" გამოიყენებოდა წერილის ტექსტის დაყოფა ფრაგმენტებად, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. შეიძლება შევნიშნოთ, რომ პარემიებად დაყოფა არ შეესაბამება თანამედროვე დაყოფას თავებად, რომელიც პირველად გაკეთდა XII ს-ში. მუხლებად დაყოფა გაჩნდა კიდევ უფრო გვიან, XV ს-ში. ამიტომაც ზოგჯერ სასარგებლოა წერილის კითხვა ამ დაყოფების გათვალისწინების გარეშე. ამ მიზნით, ზოგიერთ გამოცემაში ტექსტი იბეჭდება მთლიანად, ხოლო თავებისა და მუხლების აღნიშვნები კეთდება ველებზე.

 
გაგრძელება იქნება.
 
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
 
წყარო: Свящ. Геннадий Егоров. Священное писание Ветхого Завета [Текст] : курс лекций. Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. - Москва : Изд-во ПСТГУ, 2011.
Назад к содержимому