სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ძველი აღთქმის წმიდა წერილი
წინამდებარე ლექციათა კურსი განკუთვნილია სასწავლო სახელმძღვანელოდ ბიბლეისტიკის დარგში იმ სტუდენტთათვის, რომლებიც სწავლობენ "თეოლოგიის" სპეციალობის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის მსმენელთათვის.
***
ავტორი: მღვდ. გენადი ეგოროვი.
განყოფილება I
მოსეს ხუთწიგნეული
ხუთწიგნეულად იწოდება წმიდა წერილის პირველი ხუთი წიგნი. მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უპყრია წმიდა წერილის სხვა წიგნთა შორის, რადგან მასში მოცემულია ბიბლიური გამოცხადების ფუნდამენტური ჭეშმარიტებანი. ჯერ-ერთი, ამ წიგნებში გვეძლევა ყველაზე საზოგადო სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი, სამყაროს შესაქმის შესახებ და ადამიანის ადგილის შესახებ ამ სამყაროში. და მეორეც, მოცემულია, როგორც პირველდაწყებითი ადგილი ადამიანისა ამ ქმნილ სამყაროში, ასევე ცოდვით დაცემის ისტორია და ამ ქვეყნიერების დაზიანების ისტორია.
ამის შემდეგ - ვეცნობით ღმრთის მოწყალების ისტორიას კაცთა მოდგმისადმი, კაცობრიობის გამოხსნის ისტორიას, ასევე, თუ შეიძლება ითქვას, - ღმრთის საქმიანობის ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია პირველდაწყებით პატივში კაცთა მოდგმის აღდგენასთან და აღთქმას იმის შესახებ, რომ ეს ჭეშმარიტად მოხდება. სწორედ ხუთწიგნეულის გვერდებზე ვხედავთ იმ მიზეზს, რომლის გამოც ხდება ბიბლიური წიგნების გეოგრაფიული თვალსაწიერის არსებითი შევიწროება, მთელი კაცობრიობიდან ერთი ხალხის ვიწრო ჩარჩოებამდე.
ტერმინი "ხუთწიგნეული" პირველად ჩნდება ორიგენესთან და ტერტულიანესთან, ანუ ქრისტიან ავტორებთან. თვით ძველი აღთქმის ტექსტში ეს წიგნები ან "რჯულად" იწოდება, ან კიდევ "მოსეს რჯულად", ან "ღმრთის რჯულმდებლობით წიგნებად". მათი ტრადიციული იუდაური სახელწოდებაა "რჯული" – "თორა".
ებრაულ ტრადიციაში ბიბლიის თითოეული წიგნი მისი პირველი სიტყვის მიხედვით იწოდება (თანამედროვე პოეზიაში არსებული ანალოგიის მიხედვით, სადაც ავტორის მიერ სახელწაუწერელი ლექსი მისი პირველი სიტყვის მიხედვით იწოდება). სეპტუაგინტის, ანუ წმიდა წერილის ბერძნული თარგმანის ტრადიციაში, თითოეული ამ წიგნთაგან მისი ძირითადი შინაარსის მიხედვით იყო დასათაურებული, ამიტომაც ამ წიგნებმა მიიღეს ასეთი სახელწოდებები: პირველი წიგნი - დაბადება (შესაქმე) (ბერძნულიდან "გენეზის" - წარმოშობა ანუ ჩამოყალიბება), მეორე წიგნი - გამოსვლა, მესამე - ლევიანნი, მეოთხე - რიცხვნი და მეხუთე წიგნი - მეორე რჯულთა.
როგორც ადრე ითქვა, ძველი აღთქმის წმიდა წერილის ამა თუ იმ წმიდა წიგნის მნიშვნელობა ჩვენთვის განისაზღვრება ახალ აღთქმაში მისი მოხსენიებითა და დამოწმებებით. ამ წიგნთაგან სამი ხუთ ყველაზე ციტირებად წიგნთა შორის შედის, ესენია: დაბადება, გამოსვლა და მეორე რჯულთა, ისეთ წიგნებთან ერთად, როგორიცაა ფსალმუნი და ესაიას წინასწარმეტყველება.
რა სახის მოვლენებს მოიცავს ხუთწიგნეული? ქვეყნიერების შექმნიდან დაწყებული, ის მოიცავს პირველქმნილი კაცობრიობის, პატრიარქთა ეპოქის, აბრაამის დროების, აბრაამის შთამომავლობის ეგვიპტეში გადასახლების ისტორიას, შემდეგ იქიდან ებრაელთა გამოსვლისა და იმ მიწის საზღვრებამდე მგზავრობის ისტორიას, რომელიც ღმერთმა აბრაამის შთამომავლებს მემკვიდრეობად აღუთქვა.
უნდა ითქვას, რომ XVII ს-მდე არავის უდავია მოსეს ავტორობაზე. მაგრამ XVII ს-დან დაწყებული ასეთი მცდელობები უკვე გვხვდება, თუმცა რაიმე დამაჯერებელი შედეგი ჯერაც არავის მიუღია. უფრო სერიოზული არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ მაინც, ეს წიგნები ძალიან გვიან იყო დაწერილი, ვიდრე ტყვეობის შემდგომი ეპოქის ჩათვლით, წამოყენებულ იქნა XIX ს-ში. მაგრამ XX ს-ის ისტორიულმა, პალეოგრაფიულმა და არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, ბევრწილ გააუფასურეს XIX ს-ის მეცნიერების მიღწევები, დააბრუნეს რა მეცნიერები იმასთან, რომ ეკლესიამ თავისი დასაბამიდანვე იცოდა ამ წიგნის ავტორის ვინაობა, რომ მათი დამწერი მოსეა (См., напр., статью «Археология библейская» в Православной энциклопедии (Т. III. М., 2001)).
თუმცა, ეს არ გამორიცხავს რაიმე გვიანდელ რედაქციებს, რომლებიც შეიძლება ამ წიგნთა ტექსტებში შეგვხვდეს. მაგალითად, არაფერი უშლიდა ხელს უფრო გვიანდელ გადამწერს რომელიმე ადგილის აღწერის დროს, რაიმე დაემატებინა, ან ამ ადგილისთვის სახელი მიეცა, და ეს ჩანართი სრულაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ მთლიანობაში ეს ფრაგმენტი სწორედ იმ დროს არის დაწერილი, როდესაც ესა თუ ის ტოპონიმი მართლაც გამოიყენებოდა.
თავი 1. დასაბამი
წმიდა წერილის პირველი წიგნი - დაბადების წიგნი (იქივე "შესაქმე") - მოიცავს პერიოდს ქვეყნის შექმნიდან ვიდრე პატრიარქ იაკობის ეგვიპტეში გადასახლებამდე თავის ძეებთან ერთად და მთავრდება იაკობის გარდაცვალებითა და მისი დაკრძალვით, აგრეთვე იოსების გარდაცვალებით.
წიგნში შეიძლება გამოიყოს ოთხი დიდი განყოფილება:
პირველი - ეს არის ქვეყნიერების შექმნა, რომელიც აღწერილია პირველ ორ თავში.
მეორე – პირვანდელი ქვეყნიერების ისტორია ადამიანის დაცემიდან იწყება და ამ პირველი ქვეყნიერების წარღვნაში დაღუპვით მთავრდება (მესამე თავიდან მერვე თავის ჩათვლით).
მესამე - ეს არის პატრიარქალური ეკლესიის ისტორია, რომელიც დაიწყო წარღვნის შემდეგ და, ფაქტობრივად, მოიცავს მთელ დარჩენილ ნაწილს, ანუ დაბადების წიგნის მერვე თავის ბოლოდან ორმოცდამეათე თავის ჩათვლით. აქ ჯერ საუბარია წარღვნის შემდგომი ადამიანების ცხოვრებაზე, ნოედან აბრაამამდე, შემდეგ კი გადმოცემულია რჩეული ხალხის წარმოშობისა და ჩამოყალიბების ისტორია. ეს უკანასკნელი განყოფილება შეიცავს ოთხ ნაწილს, რომლებიც პატრიარქ აბრაამს, მის ძეს ისააკს, შვილიშვილ იაკობისა და შვილთაშვილ იოსებს ეძღვნება.
ამ თავში განვიხილავთ დაბადების წიგნში აღწერილ მოვლენებს ქვეყნიერების შექმნიდან და ცოდვით დაცემიდან ვიდრე წარღვნის წყლებით ქვეყნიერების განახლებამდე.
1.1. ბიბლიური თხრობა ქვეყნიერების შექმნის შესახებ
დაბადების წიგნის თხრობა იწყება ქვეყნიერების შექმნით: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა". მე დეტალურად არ განვიხილავ შექმნის თითოეული დღის შედგენილობას, ამ საკითხე ეძღვნება ვრცელი და ხელმისაწვდომი ლიტერატურა. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს თვით სიტყვა "შექმნა" (ებრ. "ბარა"). "ბერეშით ბარა ელოჰიმ" - ასე იწყება ეს მონაკვეთი ებრაულად. სიტყვა "ბერეშით" დაბ. 1.1-ის გარდა წმიდა წერილში კიდევ 4-ჯერ გვხვდება (იერ. 26.1; 27.1; 28.1; 49.34) ერთი და იგივე კონტექსტში: "მეფობის დასაწყისში".
"შექმნის" მნიშვნელობით აქ ნახმარია ზმნა, რომელიც წმიდა წერილში არც ერთხელ არ მიეწერება რაიმე ადამიანურ მოქმედებას, ანუ ამით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ენობრივი საშუალებების ფარგლებში, გვინერგავენ აზრს, რომ მართლაც რაღაც სრულიად ახალი მოხდა, კერძოდ ამაში ვხედავთ მითითებას არაფრისაგან შექმნაზე. ხოლო ბერძნულ ტექსტში "შექმნის" აღსანიშნავად ნახმარია ზმნა "ποιέω" ("პოიეო" - ბერძნ.: Ἐν ἀρχῇ ἐποίησεν ὁ θεὸς τὸν οὐρανὸν καὶ τὴν γῆν (დაბ. 1:1)). – ზმნა, რომელიც ასევე ნახმარია პოეტური შემოქმედების აღსანიშნავად: ღმერთი აქ წარმოდგენილია როგორც შემოქმედი, როგორც შემთხზველი, როგორც პოეტი, ხელოვანი, რომელიც ქმნის ამ ქვეყნიერებას.
სიტყვები: "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" – გვახსენებს იოანეს სახარების პირველ მუხლებს: "დასაბამიდან იყო სიტყვა" (ინ. 1:1, 3), შემდეგ კი ნათქვამია: "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (ინ. 1:3).
ჩვენ გვაქვს უფლება, და ძველი აღთქმა გვაძლევს ამის საშუალებას, ამ დასახელების ერთგვაროვნობა არ მივიჩნიოთ შემთხვევითობად, რადგან სხვა ძველაღთქმისეულ წიგნებში არსებობს უფრო პირდაპირი მითითებები წმიდა სამების მეორე პირის – ღვთის იპოსტასური სიბრძნის – უშუალო მონაწილეობაზე შესაქმეში. კერძოდ, სოლომონის იგავთა წიგნში, მერვე თავში, შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი: "უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. როცა არ იყო უფსკრულები" - ლაპარაკობს თვით სიბრძნე - როცა არც წყალუხვი წყაროები იყო.
მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული" (იგავ. 8:22-31).
ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ იოანეს სახარების წინასიტყვაობაში ვხედავთ მითითებას: "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა", ანუ ყოველივე ღვთის სიტყვით არის შექმნილი. გარდა ამისა, გამოთქმა "თავდაპირველად" გვიჩვენებს, რომ, ღირსი მაქსიმე აღმსარებლის თქმით: "დროის ათვლა ქვეყნისა და მიწის შექმნიდან იწყება". ამრიგად, "ღმერთმა ქვეყანა შექმნა არც მარადისობაში და არც დროში, არამედ დროსთან ერთად" (Вильгерт Владимир, свящ. Архимандрит Таврион (Батозский). Жизнеописание, воспоминания духовных чад, проповеди. М.: Отчий дом, 2001, с. 17), რომელიც არის ყოფიერების ცვალებადობა.
"მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2). ეს სიტყვები სულიწმიდაზე მიუთითებს, და მოწმობს, რომ შესაქმეში წმიდა სამების ყველა პირი მონაწილეობდა. დაბადების წიგნის პირველი მუხლების გარდა, წმიდა წერილის კიდევ რამდენიმე ტექსტი საუბრობს ქვეყნიერების შექმნაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მითითება გვხვდება მაკაბელთა მეორე წიგნში, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა ყოველივე არაფრისგან შექმნა. ამის შესახებ დედა ეუბნება თავის შვილებს, როდესაც, განამტკიცებს რა მათ მდევნელთა წინაშე, მოუწოდებს შეხედონ ყოველ ქმნილებას და შეიცნონ, რომ "არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს" (2 მაკ. 7:28). შემდეგ, 103-ე ფსალმუნში შეგვიძლია დავინახოთ ძალზედ პოეტური აღწერა: "შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა" (ფსალმ. 103:2-3) და ა. შ. "მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს ... სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი" (ფსალმ. 32:9, 6).
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს: "ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიხედვით, პირველ დღეს, ანუ კვირას (აღდგომას), დაიწყო ქვეყნისა და ქმნილების შექმნა, ვინაიდან ამ დღეს შეიქმნა ნათელი. კვირას, იესუ ქრისტეს აღდგომით, დაიწყო ქმნილების აღდგენა, და კვირას, სულიწმიდის გარდამოსვლით, ის დასრულდა. მთელი ქმნილება შეიქმნა მამის მიერ ძისა და სულიწმიდის მონაწილეობით; განახლდა ძის მიერ მამის კეთილნებელობითა და სულიწმიდის შეწევნით; ხოლო დასრულდა სულიწმიდის მიერ, რომელიც მამისაგან გამოვალს და ძის მეშვეობით იგზავნება ქვეყნად" (Иерофей (Влахос), митр. Господские праздники. Симферополь: Таврия, 2002, с. 357-358).
დაბადების წიგნის პირველ მუხლებში ასევე მითითებულია ქვეყნიერების შექმნის გარკვეული თანმიმდევრობა, პრინციპულად ხაზგასმულია ქმნილების არაღვთიურობა და თეოგონიის (ღმერთთა წარმოშობის) არარსებობა, რომელსაც სხვადასხვა წარმართულ რელიგიებში ვხვდებით (იხ., მაგ.: Ранняя космогоническая поэзия // Фрагменты ранних греческих философов. Ч. 1. М., 1989. С. 33-80): აქ არ არის ღმერთთა ბრძოლა, ქვეყნის დაბადება, ერთი ღმერთის მიერ მეორის შთანთქმა და ა.შ. ყოველივე იქმნება ღვთის უბრალო სიტყვით: "თქვა ღმერთმა: იყოს... და იქმნა ასე". კერძოდ, ხაზგასმულია, მაგალითად, მნათობთა არაღვთიურობა და მათი ფუნქციური დანიშნულება, რომ ისინი განწესებულია განათებისათვის და ღამისა და დღის გამოსაყოფად.
აღსანიშნავია სიმეტრიული თხრობა შექმნის შესახებ, რომელიც თითქოს კეტავს თავის წრეს, მივყავართ ადამიანთან, რომელიც მიწისაგან შეიქმნა, მაგრამ, თავდაპირველად შექმნილისგან განსხვავებით, რომელსაც ხატი და სახე არ გააჩნდა, იგი შეიქმნა ღვთის ხატად (Грилихес Леонид, прот. Шестоднев в контексте Священного Писания // Альфа и Омега. 2005. № 2/43). ეს თხრობა დაბადების წიგნში მაშინათვე მიგვითითებს ადამიანის უნიკალურ ადგილზე ქვეყნად. ის თითქოს ღვთაებრივი ბეჭედია, რომლითაც არის აღბეჭდილი მთელი ქმნილება, რომელიც "ძალიან კარგია" (დაბ. 1:31).
1.2. ბიბლიური თხრობის შესაბამისობა სამეცნიერო ჰიპოთეზებთან ქვეყნიერების შექმნის შესახებ
აქტუალურ თემას წარმოადგენს "ექვსთა დღეთა" შედარება სამეცნიერო შეხედულებებთან ქვეყნიერების წარმოშობის შესახებ. ის მრავალჯერ გვხვდება როგორც საეკლესიო ავტორთა, ასევე ანტისაეკლესიო მიმართულების თხზულებათა ფურცლებზე, რადგან სწორედ სამეცნიერო მონაცემებით ცდილობდნენ წმიდა წერილის ჭეშმარიტების უარყოფას და ამის მეშვეობით ზოგადად ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენებას. შედეგად, დაიწერა მრავალი შრომა, რომელიც მიეძღვნა სამეცნიერო მონაცემთა შესაბამისობაში მოყვანას იმ აღწერილობასთან, რომელსაც დაბადების წიგნში ვხედავთ.
მაგრამ მე საერთოდ არ შევუდგები ამჟამად არსებულ ჰიპოთეზების განხილვას. ზუსტი მეცნიერებები გვასწავლიან: სანამ ამოცანის ამოხსნას შევუდგებით, ჯერ უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ მისი ამონახსნის არსებობის პრინციპული შესაძლებლობა. ის შესაძლოა არ არსებობდეს. ჩვენ ვიცით, რომ პირველქმნილი ქვეყანა და ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, გაჰყო ერთმა მოვლენამ - ცოდვით დაცემამ. რა მოხდა ცოდვით დაცემისას? დაეცა თავად ადამიანი, მან დაკარგა პირველყოფილი სიწმიდე, რომელიც ჰქონდა, დაკარგა თავისი პირველყოფილი შესაძლებლობები. და ადამიანის დანაშაულის გამო მიწა (მაგრამ არა სამოთხე) დაიწყევლა. რა გვაქვს საბოლოოდ? "ტყავის კვართით" შემოსილი ადამიანი თავისი დაცემული გონებით შეიცნობს დაწყევლილ ქვეყნიერებას, ის დაემორჩილა ამაოებასა და ხრწნილებას, და, ამ ქვეყნის შესწავლით, ცდილობს შეადაროს ის, რასაც ხედავს, იმას, რაც აღწერილია დაბადების წიგნში, სადაც შექმნის თითოეულ აქტს ახლავს სიტყვა: "და იხილა ღმერთმა, რომ კარგია".
ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიცვალა ქვეყანა. ამიტომ, მაშინაც კი, თუ მოვიფიქრებთ მისი არსებობის ყველაზე ზუსტ მოდელს ცოდვით დაცემის შემდეგ, მას მაინც ვერ განვავრცობთ მანამდელ დროზე. ამიტომ შესაქმის ექვს დღესთან დაკავშირებული "წინააღმდეგობები" - როგორიცაა ბიბლიური ქვეყნერების სურათის აშკარა გეოცენტრიზმი; ნათლისა და მცენარეეების შექმნა მნათობთა შექმნამდე; განსაკუთრებული რიგი ცოცხალ არსებათა ნაშთების აღმოჩენებში – ეწინააღმდეგება მხოლოდ ქვეყნის თანამედროვე მოწყობას და მეტს არაფერს. მაშინ კი ქვეყანა უბრალოდ სხვანაირი იყო. ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ქმნილება ამ დაცემამდე, გარდა ამისა, არც ის ვიცით, თუ როგორი იყო ადამიანის გონება მის დაცემამდე, და ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ნაჩქარევია მცდელობა იმისა, რასაც ახლა ვხედავთ, შევადაროთ იმას, რისი დანახვაც შეგვეძლო ადამის ადგილას რომ ვყოფილიყავით.
მაგრამ არსებობს კიდევ კითხვები, რომლებიც ეხება ცოდვით დაცემის შემდგომ ქვეყანას. როგორ ავხსნათ ბიბლიური ქრონოლოგიის შეუსაბამობა დედამიწისა და მის მკვიდრთა სავარაუდო ასაკთან? და რატომ არ არის ადამიანის ნაშთები უძველეს ცხოველთა ნაშთებს შორის? აქ უნდა ითქვას შემდეგი. ერთი, ნაშთების განლაგების რიგი მოწმობს იმაზე, თუ ვინ რა თანმიმდევრობით მოკვდა, და არა გაჩნდა. მეორეც, ქვეყანა შექმნილია ადამიანისთვის. რა გვიშლის ხელს ვივარაუდოთ, რომ ადამიანი სამოთხიდან დაწყევლილ მიწაზე გადმოასახლეს უკვე მას შემდეგ, რაც მასზე გარკვეული პროცესები მოხდა და იგი მეტ-ნაკლებად ვარგისი გახდა სასიცოცხლოდ (მაგალითად, გადაშენდნენ დინოზავრები). ხომ არსებობს ერთი გარკვეული მომენტი მიწის წყევლასა და ადამიანთა გაძევებას შორის. ხოლო სამოთხის გარეთ, ამ მომენტის განმავლობაში, შესაძლოა გასულიყო ნებისმიერი რაოდენობის წელი. ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ იგი სამეცნიერო თვალსაზრისით არაწინააღმდეგობრივია. მაშინ აზრი არა აქვს შევადაროთ "ქვეყნიერების ასაკი" ბიბლიაში მითითებულ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამ კუთხით უინტერესო ხდება ევოლუციონისტთა და კრეაციონისტთა პოლემიკაც. ვინაიდან ორივენი თავიანთი შეხედულებების დასამტკიცებლად ოპერირებენ ფაქტებით, რომლებიც დაცემულ ქვეყნიერებას ეხება.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ, განახლდება, რომ იგი მომავალი ცეცხლისთვის ინახება, და რომ მასზე ყველა საქმე დაიწვება, რომლის შემდეგაც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც "დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტ. 3:7-13). სხვათა შორის, რატომ არ შევადაროთ ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ბიბლიური გამოცხადება მეცნიერების მონაცემებს? მაგრამ ასეთი გამოკვლევები პრაქტიკულად არ გვხვდება.
ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფრთხილად უნდა მივუდგეთ როგორც ცდებს შეთანხმებისა, და, პირიქით, შეუსაბამობათა გამოვლენისა სამეცნიერო მონაცემებსა და ბიბლიურ თხრობას შორის, ისე იმ დასკვნებს რწმენის ჭეშმარიტებისა ან მცდარობის შესახებ, რომლებიც ამ ცდების საფუძველზე კეთდება.
1.3. ადამიანის შექმნა
შესაქმის წიგნის დასაწყისში ვხედავთ ორ თხრობას ადამიანის შექმნის შესახებ (დაბ. 1:26–28; 2:7, 18–25). რატომ არის ასე? ამ თხრობათაგან ერთში (დაბ. 1:26–28) ადამიანის შექმნა ჩაყენებულია ქმნილებასთან დაკავშირებით ბიბლიური თხრობის საერთო ჭრილში. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი იქმნება ერთ დღეს სხვა ცხოველებთან ერთად. ამ გაგებით, ადამიანი არ არის პატივდებული იმით, რომ მისთვის გამოყოფილი იყოს რაიმე განსაკუთრებული დღე, რომელშიც ის იქნებოდა შექმნილი; ადამიანი სრულად ეკუთვნის ამ ქმნილ სამყაროს – ეს ერთი მხრივ.
მეორე მხრივ, ადამიანის შექმნას წინ უძღვის ერთგვარი თათბირი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ თხრობაში, ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე ნათქვამია: "თქვა ღმერთმა: იყოს... – და იქმნა". უფრო მეტიც, ზოგჯერ კომენტატორები აღნიშნავენ, რომ წიგნის პირველ მუხლში ზმნა "ბარა" ("შექმნა"), რომელიც პრინციპულად ახლის შექმნას აღნიშნავს, კიდევ ორჯერ მოიხსენიება ამ თხრობაში, კერძოდ, სიცოცხლის შექმნასთან და ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით.
ასე რომ, ადამიანის შექმნისას თხრობა ჩერდება და ითქმის: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" და განისაზღვრება დანიშნულება: "ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ... მთელს დედამიწას ... და შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:26–27).
აქ ნათლად არის ხაზგასმული ადამიანის განსხვავება მთელი დანარჩენი ქმნილებისგან. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ადამიანი ხდება იმ ღირსების თანაზიარი, რომ იყოს ღვთის ხატის მატარებელი. ზოგჯერ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თავდაპირველად ნათქვამია: "შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად" , ხოლო იქმნება ადამიანი "ხატად". ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ხატი და მსგავსება უბრალოდ სინონიმებია, ზოგჯერ კი ფიქრობენ, რომ აქ მაინც სხვადასხვა რამ აღინიშნება, და ხატი მიეკუთვნება, ვთქვათ, უფრო ამა თუ იმ მოვლენის შინაგან არსს, ხოლო მსგავსება – გარეგნულს.
წმიდა ბასილი დიდი ამ მონაკვეთს ასე განმარტავს: "ერთი გვაქვს შექმნის შედეგად, მეორეს კი ვიძენთ ჩვენი თავისუფალი ნებით. თავდაპირველი შექმნისას ღმრთისგან გვებოძება ღვთის ხატად დაბადება; ჩვენივე ნებით კი ვიძენთ ყოფიერებას ღვთის მსგავსად" (Василий Великий, свт. Десятая беседа на Шестоднев // Журнал Московской Патриархии. 1972. № 1. С. 29–30). ანუ ღვთის მსგავსება არის ის მიზანი (ამოცანა), რომელსაც იღებს შექმნილი ადამიანი, და რომლისთვისაც ეძლევა მას სამოთხეში ყველა სხვა მცნება.
მეორე თხრობა ადამიანის შექმნის შესახებ (დაბ. 2:7, 18–25) უფრო დეტალურია. ჩვენ მასშიც ვხედავთ ადამიანის ამ ორმაგობას, ანუ მის კუთვნილებას როგორც მატერიალური, ქმნილი სამყაროსადმი, ისე სულიერი სამყაროსადმი: "შექმნა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა" (დაბ. 2:7).
წმიდა მამებთან გვხვდება აზრი, რომ მანამ, სანამ ღმერთი ადამიანს სიცოცხლის სუნთქვას შთაბერავდა, ადამი იყო პირუტყვის მსგავსი. ანუ ერთი მხრივ, აღინიშნება ადამიანის მატერიალურობა, ხოლო მეორე მხრივ – მისი ესოდენ ამაღლებული ღირსება, როცა ადამიანი პატივდებულია სიცოცხლის სუნთქვით თვით ღმრთისაგან.
შემთხვევით როდი ბრძანებს ფსალმუნებში დავითი: "რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე" (ფსალმ. 8:5-7). ანუ ადამიანში თავს იყრის ორი სამყარო: მან, თითქოს, საკუთარ თავში უნდა დააახლოვოს მთელი მატერიალური სამყარო ღმერთთან.
ზოგჯერ გვიწევს მოსმენა მოსაზრებისა თითქოსდა სიტყვები "შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა" (დაბ. 2:7) ადამიანის სული ბუნებით ღვთაებრიობას ნიშნავს.
ტერმინი "შთაბერა", რა თქმა უნდა, შეიძლება მრავალნაირად განიმარტოს. ცხადია, ის არის წმიდა წერილის ერთ-ერთი ნათელი ანთროპომორფიზმი, ანუ როდესაც ღმერთის მიმართ გამოიყენება სიტყვები, რომლებიც ჩვეულებრივი კაცის შესახებ ითქმის. მაგალითად: "და შეხედა ღმერთმა", "და იგრძნო ღმერთმა საკმევლის კეთილსურნელება"; ან, ვთქვათ, "დაჰფარა ღმერთმა თავისი ხელით", ან "მოვიდა მათი ღაღადისი ჩემს ყურამდე". ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ღმერთს აქვს ხელები, ფეხები და ყურები. ეს კეთდება იმისთვის, რათა აღვნიშნოთ ღვთის ესა თუ ის მოქმედება.
ეკლესიას არასოდეს მიუჩნევია, რომ ადამიანის სული თავისი ბუნებით ღვთაებრივია. ადამიანი სრულიად ქმნილი არსებაა, მათ შორის ადამიანის სულიც ქმნილებაა. ანუ არ შეიძლება ითქვას, რომ ღვთაებრივი ბუნების რაიმე ნაწილი გადმოვიდა და ადამიანის სული გახდა.
ღვთის სიტყვა გვიჩვენებს, რომ ადამიანისათვის ბუნებრივია მადლშემოსილი მდგომარეობა. არ არსებობს ღმერთისაგან დამოუკიდებელი და "წმინდად" ადამიანური ბუნება. მადლს მოკლებული ადამიანი უკვე აღარ არის ადამიანი სიტყვის სრული გაგებით. იგი კვლავ "პირუტყვის მსგავსი" ხდება.
შემდეგი მოქმედება იყო ევას შექმნა. პირველად ბიბლიაში გამოთქმა "არ არის კარგი" ("არა კეთილ არს ყოფად...") გვხვდება იმასთან დაკავშირებით, რომ მთელ ქმნილებაში არ ჰყავდა ადამს "მისნაირი შემზე" (დაბ. 2:18), და ღმერთი ამბობს: "არ არის კარგი ადამის მარტო ყოფნა" (დაბ. 2:18). ამგვარად, ხაზგასმულია ადამიანის მოთხოვნილება, ჰყავდეს თავისი მსგავსი. რისთვის? გავიხსენოთ მაცხოვრის პასუხი კითხვაზე, თუ რომელია ყველაზე დიდი მცნება სჯულში. მაცხოვარი მას ორნაწილედად წარმოაჩენს: "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" და "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (რჯლ. 6:5; მათ. 22:37, 39).
აუცილებელია აღინიშნოს, რომ როდესაც ევაზეა ლაპარაკი, მაშინ გამოიყენება სხვა სიტყვა: "ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი აღუშენა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (ძვ. ქართ.: "და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა") (დაბ. 2:22) — თითქოსდა კი არ "შექმნა (ბარა)", არამედ "აღუშენა". ევა არ არის პრინციპულად ახალი, ადამისაგან განსხვავებული ქმნილება; აქ, პირიქით, მინიშნებაა კაცთა მოდგმის ერთიანობაზე და ამ ბუნების სრულ ერთობასა და იდენტურობაზე, რომელიც ამიერიდან ორ სქესში იწყებს არსებობას. მაგრამ არის გარკვეული პირველადობა და მეორადობა იმაში, რომ ევა აღებულია თავისი ქმრისგან, თუმცა ადამი ამბობს: "ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი" (დაბ. 2:23) — ანუ ეს ფაქტობრივად არის alter ego ("სხვა მე"). ევა ადამის "შემწედ", მისნაირად იწოდება (2:18). მიტრ. ფილარეტის აზრით: "ეს კეთდება ადამიანთა ერთი ბუნებისა და სხვა ცხოველთაგან განსხვავების ნიშნად; ასევე მის (ადამის) უახლოესი თანამსახურებისა (1 კორ. 1:9) და მასთან მუდმივი თანაზიარებისა (ერთად არსებობის) და განუყოფელი თანაცხოვრების ნიშნად" (Филарет (Дроздов), митр. Московский, свт. Записки, руководствующие к основательному разумению книги Бытия. М., 1867. Ч. 1, с. 46).
ევას გამოჩენასაც წინ ღვთაებრივი თათბირი უძღვის (დაბ. 2:18). სქესთა გაყოფის აუცილებლობა შეიძლება სხვადასხვაგვარად აიხსნას. ასკეტური ტრადიცია ამტკიცებს, რომ ევას შექმნა მოხდა ცოდვით დაცემის წინასწარცოდნისა და ადამიანთა შემდგომი გამრავლების აუცილებლობის გამო. თანამედროვე საღვთისმეტყველო ლიტერატურაში უფრო მეტი აქცენტი კეთდება ქორწინებაში თანაზიარობისა (ერთობისა) და სიყვარულში სრულყოფილებაზე. ეს განმარტებები არ არიან ურთიერთგამომრიცხავნი.
შეიძლება დავსვათ შეკითხვა: არსებობდა თუ არა ქორწინება სამოთხეში? თუ შთამომავლობის გაჩენა, რომლებიც უნდა "გამრავლებულიყვნენ" და აევსოთ ქვეყანა, სხვა სახით უნდა მომხდარიყო? აქ მოსაზრებებიც განსხვავდება. წმიდა იოანე ოქროპირის ადრეულ თხზულებებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ სამოთხეში ქორწინება არ არსებობდა და იგი ცოდვის შედეგია. აქ ღირს თვით წმიდა მამის სიტყვები დავიმოწმოთ:
ის ამბობს: "პირველქმნილი ცხოვრობდა სამოთხეში, და ქორწინებაზე სიტყვაც კი არ თქმულა. დასჭირდა მას შემწე – და ისიც გამოჩნდა; ამასთან, ქორწინება ჯერაც არ იყო აუცილებელი. ის არც აქამომდე იარსებებდა, ადამიანები მის გარეშე იცხოვრებდნენ სამოთხეში, როგორც ცაში და ღმერთთან ზიარებით დატკბებოდნენ; ხორციელ ვნებას, ჩასახვას, მშობიარობის სნეულებებს და, საერთოდ, ყოველგვარ ხრწნილებას არ ჰქონდა წვდომა მათ სულებზე, არამედ, ნათელი ნაკადულის მსგავსად, წმინდა სათავიდან რომ მოედინება, ადამიანები იმ სავანეში განვითარდებოდნენ და თავს ქალწულობით შეიმკობდნენ.
მითხარი, რომელმა ქორწინებამ შვა ადამი? მშობიარობის რომელი სნეულებებიდან იშვა ევა? ამაზე ვერაფერს იტყვი. მაშ, ამაოდ რატომ გეშინია და უფრთხი, რომ ქორწინების შეწყვეტისთანავე შეწყდება კაცთა მოდგმაც? ანგელოზთა ურიცხვი ლაშქარი ემსახურება ღმერთს, ათასის ათასნი ემსახურებიან მას და ბევრის ბევრნი დგანან მის წინაშე (დან. 7:10), და არც ერთი მათგანი არ წარმოშობილა მემკვიდრეობით, მშობიარობით, მშობიარობის სნეულებებითა და ჩასახვით. ამრიგად, მით უფრო შუძლია ღმერთს ქორწინების გარეშე შექმნას ადამიანები, ისევე, როგორც შექმნა იგი პირველად, რომელთაგანაც შემდგომ ყველა ადამიანი წარმოიშვა" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений: В 12 т. (Репринт по изд.: СПб. Духовная Академия, 1898–1906). М.: Православное братство «Радонеж», 1991–2004. Т. 1, с. 307–308.).
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ სიტყვა "ქორწინება" შეიძლება სხვადასხვაგვარად გავიგოთ. ამ შემთხვევაში წმიდა მამა ქორწინების სულიერ მხარეზე კი არ საუბრობს, არამედ მის ხორციელ შემადგენელ ნაწილზე, ედავება რა მათ, ვინც ქალწულობის წინააღმდეგი იყვნენ და კაცობრიობის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. ბევრი წმიდა მამა მიიჩნევდა, რომ სამოთხეში გამრავლების წესი (სახე) განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ხოლო აწინდელი ფორმა დამკვიდრდა ცოდვით დაცემის შემდეგ.
თუმცა "ეფესელთა მიმართ" ეპისტოლეს განმარტებაში, სადაც მოციქული პავლე ქორწინებას ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობას ამსგავსებს, იგივე წმიდა იოანე ოქროპირი საუბრობს ქორწინებაზე, როგორც საიდუმლოზე, რომელზეც "როგორც რაღაც დიდსა და საკვირველზე მიუთითდებდა ნეტარი მოსეც, ან უმჯობესია ვთქვათ– ღმერთი" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений: В 12 т. (Репринт по изд.: СПб. Духовная Академия, 1898–1906). М.: Православное братство «Радонеж», 1991–2004. Т. 11, с. 172). ანუ ქორწინება შეიძლება გავიგოთ, როგორც სიყვარულში წმიდა თანაზიარების (ერთობის) ხატი, რომელიც ყოველგვარ ცოდვასა და ვნებითობას არის მოკლებული.
ამიტომაც არსებობს ეკლესიაში ქორწინების უგულებელყოფის ან შეურაცხყოფის აკრძალვა, რაც დამტკიცებულ იქნა კრებათა მიერ. ეკლესიაში ქორწინება, ამქვეყნიური გაგებით, ყველასათვის სავალდებულო არ არის, რადგან ადამიანურ ჰიპოსტასთა (პირთა) სულიერი ერთობა შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ ეკლესიის მეშვეობითაც, ქორწინების გვერდის ავლით. მონაზვნობა ამ ერთობის განხორციელების განსხვავებული გზაა.
კაცისა და ქალის კავშირი დაბადების წიგნში წარმოდგენილია, როგორც განუყრელი და მარადიული, რაც დაკავშირებულია ადამიანის უკვდავებასთან, რადგან ის კი არ უნდა მომკვდარიყო, არამედ მარადისობისთვის იყო შექმნილი.
როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები: "მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს" (დაბ. 2:24), თუ სხვა ღმრეთის გარდა სხვა მამა არ არსებობდა?
ამ კითხვის მაგალითზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ცალკეულ მუხლს თუ ავიღებთ წმიდა წერილიდან, კონტექსტის გაუთვალისწინებლად, მაშინ, მის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს ყველაზე მოულოდნელი დასკვნები. ამით ყოველთვის სარგებლობდნენ სხვადასხვა მწვალებლობათა (ერესთა) ფუძემდებელნი. თუკი შევხედავთ კონტექსტს, როგორც ეს ყოველთვის საჭიროა განმარტებისას, მაშინ დავინახავთ, რომ ეს სიტყვები არის ადამის სიტყვების გაგრძელება, რომელიც ამბობს დედაკაცზე, რომ ის "ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი" (დაბ. 2:23).
პირველ რიგში, ეს სიტყვები შეიძლება იყოს მიმართული ადამისადმი, როგორც ბრძანება მისი შთამომავლებისთვის, ვინაიდან უკვე მიცემული იყო მცნება: "ინაყოფიერეთ და გამრავლდით" . მეორეც, ამ სიტყვებს ზოგიერთი კომენტატორი მიაკუთვნებს მოსეს, როგორც დაბადების წიგნის მწერალს, რომელმაც გარკვეული კომენტარი გააკეთა ქორწინების დადგენილებაზე. მათეს სახარებაში ქრისტე ამ სიტყვებს მიაკუთვნებს ღმერთს (მათ. 19:5). როგორც უნდა იყოს, ისინი, რა თქმა უნდა, ეხებიან შემდგომ მოდგმებს, რომლებიც ადამისა და ევასაგან უნდა წარმოშობილიყვნენ.
გარდა ამისა, მიტრ. ფილარეტ მოსკოველის განმარტებით, მცნება – "მიეწებება თავის დედაკაცს" – ეხება ერთობლივ თანაცხოვრებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეხება მამის ან დედისადმი დამოკიდებულებას. თუკი ეს მცნება საუბრობდა ვალდებულებაზე, სამუდამოდ მიეტოვებინა და დაევიწყებინა მამა-დედა, მაშინ რატომ ბრძანებს დეკალოგი (აღთქმის ათი მცნება): "პატივი მიაგე მამასა შენსა და დედასა შენსა" (გამ. 20:12)? როგორ უნდა მიაგოს პატივი, თუკი ადამიანი მათ სამუდამოდ მოწყდა? ასე რომ, საუბარია მოვლენის სრულიად გარკვეულ მხარეზე, და წინააღმდეგობა არ შეინიშნება.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი მიიჩნევდა, რომ აქ არის წინასწარმეტყველება: "პირველმა კაცმა, ადამმა, როგორც პირველმა წინასწარმეტყველმა, ეს იწინასწარმეტყველა ქრისტესა და ეკლესიაზე, – რომ მიატოვებს ჩვენი უფალი და მაცხოვარი თავის მამას, ღმერთს, და თავის დედას - ზეციურ იერუსალიმს, და მოვა ქვეყანაზე თავისი სხეულის, ანუ ეკლესიის გულისთვის, და აღაშენებს მას თავისი ნეკნისგან; რის გამოც სიტყვა ხორციელ იქმნა" (Цит. по Феофан Затворник, свт. Толкование посланий апостола Павла. Послание к ефесеям. М., 1998, с. 434).
გაგრძელება იქნება.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2026 წ.
წყარო: Свящ. Геннадий Егоров. Священное писание Ветхого Завета [Текст] : курс лекций. Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. - Москва : Изд-во ПСТГУ, 2011.
