სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ეზეკიელის წინასწარმეტყველება მკვდართა აღდგომის შესახებ
ამ სტატიაში განხილული იქნება ეზეკიელის წინასწარმეტყველება, რომელიც ერთდროულად მესიანურიც არის და ესქატოლოგიურიც, ანუ ის გვიმხელს აპოკალიფსის (სოფლის აღსასრულის) ზოგიერთ ჭეშმარიტებას — ეს არის წინასწარმეტყველება მკვდართა აღდგომის შესახებ.
ეს ნაწყვეტი წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნიდან კარგად არის ცნობილი ეკლესიურად მცხოვრებ ქრისტიანთათვის, ვინაიდან ის იკითხება დიდი პარასკევის მსახურებაზე, ვნების შვიდეულში:
"იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე. შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო. მითხრა: ძეო კაცისაო! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. მითხრა: უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისაო, და უთხარი ამ ძვლებს: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი" (ეზეკ. 37:1-14).
პირველ რიგში, განვიხილოთ, რატომ მიეკუთვნება ეს წინასწარმეტყველება მესიანურებს.
უფალს ეზეკიელის სული გადაჰყავს მინდორზე, რომელიც მოფენილია ადამიანთა მშრალი ძვლებით და წინასწარმეტყველს "ძე კაცისას" უწოდებს.
ეჭვგარეშეა, რომ ეს მესიანური მიმართვაა.
ეს სახელწოდება გამოიყენა არა მარტო წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა, არამედ წინასწარმეტყველმა დანიელმაც:
"ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე" (დან. 7, 13).
დასასრულ, ქრისტე ბრძანებს საკუთარ თავზე:
"არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (ინ. 3, 13).
უფალი მეტყველებს საკუთარ თავზე, როგორც ძე კაცისაზე, და გულისხმობს მის მიერ აღებულ ადამიანურ ბუნებას.
ასე უწოდებს მამა ღმერთი თავის ძეს, როცა ის ხორციელად იშვება და გამოჩნდება ამ ქვეყანაზე.
მაგრამ ჯერ კიდევ განკაცებამდე, უფალი წინასწარმეტყველ ეზეკიელისადმი მიმართვით — "ძეო კაცისა" — უკვე გამოყოფს ამ მიმართვის მესიანურ მნიშვნელობას.
ღმერთი ამბობს: "უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისაო, და უთხარი ამ გამხმარ ძვლებს".
ნათელია, რომ არც ერთ ადამიანს ქვეყნად, თუნდაც დიდ წინასწარმეტყველს, არ ძალუძს უთხრას მშრალ ძვლებს ის, რაც მათ შეემთხვათ.
ძვალი ძვალს შეეწყო, გადაეწნო მყესებით, კუნთებით, მოიცვა კანმა და გაჩნდა ადამიანთა სხეულები, მაგრამ ჯერ კიდევ უსულონი, რადგან სული არ იყო მათში.
შემდეგ უფალი ეუბნება ეზეკიელს, წარმოთქვას წინასწარმეტყველური სიტყვა, და შევიდა ამ სხეულებში სული, და ისინი გაცოცხლდნენ…
ცხადია, რომ თვითონ ადამიანი ვერც სიტყვით და ვერც საქმით ვერ აღასრულებს ასეთ სასწაულს — ამისი გაკეთება მხოლოდ ღვთის სულს ძალუძს.
ღვთის სული კი გამოდის მამა ღმერთისან ღმრთის ძის მიერ:
"კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა" (ინ. 20:21-22).
ამრიგად, წინასწარმეტყველი ეზეკიელი არის ხატება და მოწმობა იმისა, რომ იესუ ქრისტეს, ღვთის ძისა და ძე კაცისას სიტყვით მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.
"მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით ... " (ეზეკ. 37:13-14).
ღმერთი წინასწარმეტყველის მეშვეობით ეუბნება ყველა მის მორწმუნეს, რომ ასეთი გრანდიოზული და კოსმიური მოვლენა, რომელიც აღემატება ყოველგვარ ადამიანურ გაგებას, ჭეშმარიტად აღსრულდება.
ეს იყო ძველ აღთქმაში, ხოლო ახალში — თავად ქრისტემ გამოაცხადა მკვდართა აღდგომის ხატება, როცა აღადგინა ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარე, რომლის სხეული საფლავში უკვე იხრწნებოდა.

მართალი ლაზარეს აღდგინება
უფალი ავლენს თავის ყოვლისშეძლებას, თავის ძალაუფლებას სიკვდილზე და ხელმწიფებას სიცოცხლეზე, და მისთვის აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია.
სახარებისეული მონაკვეთი მართალ ლაზარეს აღდგომის შესახებ ასევე იკითხება ვნების შვიდეულის მსახურებაზე, ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს, რათა გვანუგეშოს ჩვენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ვიწვნიეთ მწუხარება ქრისტეს ჯვარცმის ტანჯვისა და სიკვდილის გამო, აგრეთვე მოგვცეს სასოება, რომ არავინ მოკვდება, რადგან იქნება აღდგომა მკვდრეთით.
თუ ქრისტე აღსდგა, მაშინ ჩვენც აღვდგებით!
მკვდართა აღდგომას ჩვენ მოვიხსენიებთ არა მხოლოდ ვნების შვიდეულის მსახურებებზე, არამედ ყოველ ლიტურგიაზე, როდესაც ვგალობთ სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსს), აგრეთვე, როდესაც ვკითხულობთ ცისკრის ლოცვებს.
სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) დასასრულს ვაღიარებთ:
"მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ".
ამ აღიარებაშია ჩემი რწმენა და სასოება მამა ღმერთის, მისი ერთარსი ღვთის ძის — იესუ ქრისტესა, და სულიწმიდის მიმართ, რომ ის აღმადგენს მკვდრეთით და მომცემს ახალ სიცოცხლეს ახალ სხეულში, რადგან მოვინათლე მის წმიდა და სამოციქულო ეკლესიაში და ერთგულად ვიცავ ჩემს რწმენას.
ეკლესია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სწორედ რწმენა, და არა ის — მართალი ვარ თუ ცოდვილი; ბევრი მაქვს სათნოებები თუ ცოტა; მივაღწიე უვნებობას თუ ვერა…
ჩვენი საქმეებისთვის ღმერთი იმდენ მადლს გვაძლევს, რამდენიც თვითონ იცის და სურს.
კარგად არის ცნობილი, რამდენი იშრომა მოციქულმა პავლემ ქრისტეს სახარების ქადაგებაში და, ამის გაცნობიერებით, ის მაინც ამბობს:
"რადგანაც თუ ვახარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ" (1 კორ. 9:16).
ხოლო თავისი მოწამეობრივი აღსასრულის წინ თავის მოწაფეს წერს:
"კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს..." (2 ტიმ. 4:7-8).
თვით მთავარმოციქული პავლეც კი, რომელმაც მრავალი დიდი და ღვთისთვის სათნო საქმე აღასრულა, მოწმობს, რომ მისთვის მზადდება საზღაური არა საქმეებისთვის, არამედ იმისთვის, რომ "რწმენა შეინახა" (2 ტიმ. 4:7-8).
სახარებისეული თხრობიდან ცნობილია, რომ გონიერმა ავაზაკმა, რომელიც ქრისტესთან ერთად იყო ჯვარცმული მისგან მარჯვნივ და, რომელსაც არ ჩაუდენია არანაირი კეთილი საქმე, მხოლოდ რწმენითა და სინანულით შევიდა სამოთხეში.
ყოველი ცოდვილი ადამიანი, რომელმაც განვლო სიცოცხლე, თუნდაც არა სრულიად მართლად, მაგრამ მაინც შეინარჩუნა რწმენა მრწამსის საფუძველზე და ეყრდნობა ღმერთს, რომ ის აღადგენს მას მკვდრეთით, როგორც თავადვე აღსდგა, არ დაკარგავს თავის საზღაურს.
მართლმადიდებლურ .წყაროებზე. დაფუძნებით მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
