Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ეზეკიელის წინასწარმეტყველება ქრისტეს პირველი და მეორედ მოსვლის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ეზეკიელის წინასწარმეტყველება ქრისტეს პირველი და მეორედ მოსვლის შესახებ
წმიდა წერილი
მესიანური წინასწარმეტყველება, რომელიც განხილული იქნება ამ სტატიაში, იმყოფება ეზეკიელის წიგნის 21-ე თავში:
 
"შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე კიდარი და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება. დავამხობ, დავამხობ, დავამხობ და აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო" (ეზეკ. 21:30-32).
 
ამ წინასწარმეტყველების კონტექსტი ასეთია: ეზეკიელი იუდეიდან ტყვედ იქნა წაყვანილი თავის თანამედროვეთა გარკვეულ ნაწილთან ერთად და ბაბილონის ტყვეობაში მყოფი უწინასწარმეტყველებს მათ იუდეველთა სამეფოსა და მათი მეფის მომავალს.
 
ის იუწყება ღმრთის მსჯავრზე და ამბობს, რომ მეფე დაემხობა, რადგან სამეფო გვირგვინი მან უღირსად ატარა და მის შემდეგ ისრაელში არავინ იქნება მეფე იუდეველთაგან, სანამ არ მოვა მესია, რომელსაც სამართლიანად ეკუთვნის ეს გვირგვინი.
 
ისტორიაში ასეც მოხდა: იუდეველთა უკანასკნელი მეფე, სედეკია მოკლა ნაბუქოდონოსორმა, მთელი იუდეველი ხალხი ბაბილონის ტყვეობაში წაასხა, ხოლო იერუსალიმი და ტაძარი დაანგრია.
 
ბაბილონის სამოცდაათწლიანი ტყვეობის შემდეგ დავითის მოდგმიდან სამეფო ტახტზე არავინ ასულა.
 
ჰეროდე, რომელიც ისრაელის მეფე იყო ქრისტეს პირველი მოსვლის დროს, იდუმეველი გახლდათ, ესავის მოდგმისა, და არა იუდეველი, ის იყო ისააკის მეორე ძის შვილი, რომელმაც იდუმეველთა მოდგმა დააფუძნა.
 
ხოლო იუდეველები მოდიან იაკობისგან (უფრო ზუსტად მისი მეოთხე შვილისგან, იუდასგან), რომელსაც ღმერთმა მისცა მეორე სახელი - ისრაელი და მასთან დადო აღთქმა.
 
ჰეროდე იდუმეველის გამეფებაზე ისააკ პატრიარქი თავის ძეს ესავს ასე უწინასწარმეტყველებს:
 
"შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას (იაკობს) ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ მის უღელს" (დაბ. 27:40).
 
ის, რომ ქრისტეს პირველი მოსვლის დროს (წინასწარმეტყველებაში ის იწოდება "ხალხთა იმედად") იუდეველებს უკვე აღარ ეყოლებათ ხელისუფლება პატრიარქი იაკობიც წინასწარმეტყველებს:
 
"არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49:10).
 
და აი, ეზეკიელ წინასწარმეტყველიც თავისი წინასწარმეტყველებით ადასტურებს, რომ იუდეა უკვე აღარ იმეფებს ისრაელში ჭეშმარიტი მეფის - ქრისტეს მოსვლამდე.
 
მაგრამ ამ წინასწარმეტყველებას კიდევ უფრო ღრმა ესქატოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ის ქრისტეს მეორედ მოსვლასაც ეხება.
 
ამრიგად, ბიბლიურ წინასწარმეტყველებათაგან ნათელი ხდება, რომ გამოთქმა: "მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება", ბოლო ჟამს ეხება.
 
მხოლოდ ჟამთა აღსასრულს მოხდება ასეთი მოვლენა, რადგან ღმრთის განგებულებით, მაცხოვრის პირველი მოსვლის დროს ასეთი რამ არ მომხდარა.
 
ამპარტავნები ჩვენს დღეებშიც დომინირებენ, ამაყები ბატონობენ და ჰყვავიან, ხოლო მორჩილება და თავმდაბლობა გაქელილი და დამცირებულია.
 
აქ იბადება კითხვა, ვინ არის ეს "ურჯულო, ბოროტეული მთავარი ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს", და რომლის შესახებაც არის ნათქვამი წინასწარმეტყველებაში (იხ. ეზეკ. 21:30-32)?
 
ეს არის ეშმაკი. მის შესახებ ქრისტემ ასე თქვა: "მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (ინ. 14:30).
 
მართლაც, მაცხოვარმა თავისი პირველი მოსვლისას დაამხო სატანის ძალაუფლება, რომელიც უკვე ვეღარ გაბატონდება ადამიანებზე, მაგრამ ის ვერ გაბატონდება მხოლოდ ქრისტეს მორწმუნე ადამიანებზე.
 
ამას ადასტურებენ არა მარტო წმინდანთა ცხოვებანი, არამედ ყოველი ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანიც.
 
დანარჩენ ადამიანებზე, ბნელეთის ძალები ადრინდელივით მოქმედებენ.
 
როგორც მოციქული პავლე ამბობს, ადამიანები სცოდავენ: "ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:2).
 
რა თქმა უნდა, ეშმაკს ახლაც აქვს ძალა იმ ზომით, რა ზომითაც ამას ღმერთი დაუშვებს, ამიტომაც აგრძელებს ის თავისი ბოროტებების ჩადენას.
 
დასასრულ ბნელეთის მთავარი შეიმუსრება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მაცხოვარზე გადავა აბსოლუტური ხელმწიფება, მისი მთელი სისავსე.
 
ამის შესახებ უკვე ითქვა მოცქულ პავლესთან:
 
"ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესუს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,  და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესუ ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთისა და მამისა" (ფლპ. 2:9-11).
 
მაშინ დადგება დღე უფლისა და მოვა სასუფეველი ღმრთისა, და იქნება ნება მისი როგორც "ცათა შინა", ასევე "ქვეყანასა ზედა".


საიტი "აპოკალიფსისი". 2025 წ.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому