Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ფსალმუნთა განმარტება. სიტყვა ფსალმუნების შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ფსალმუნთა განმარტება
სიტყვა ფსალმუნების შესახებ
 
ექვთიმე ზიგაბენის თხზულების მიხედვით
 
განმარტება ფსალმუნების რაობის შესახებ ფილოსოფოსთა შორის უპატივცემულესი ეფთვიმე ზიღაბენისა, ბიზანტიელი სწავლული ბერისა ( 1188), და ქება წინასწარმეტყველისა დავითისა, დაყოფილი თავებად, სამახსოვროდ და მკითხველთა საგულისხმოდ.
 
 
თავი 1. ვინ შექმნა ფსალმუნი?
 
ფსალმუნნი, ანუ ფსალმუნთა კრებული შექმნა წინასწარმეტყველმა დავითმა, ღმრთის ყრმამ, როგორც უწოდებს მას თვით ღმერთი: "შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთვის და დავითისთვის მონისა ჩემისა" (4 მეფ. 20:6), განკაცებული ძე ღვთისას მამა, როგორც ნათქვამია: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა" (მთ. 1:1).
 
ხოლო მოკლე სიტყვით რომ გამოვთქვათ მისი სხვა კერძო სახელები, ვიტყვით ასე: ამ წიგნის მამა არის დავითი, რომელიც აბრაამის მერე ერთი იყო ერების მამა, - ჩვენი საკუთარი ორფეოსი - მგალობელი; სათნოებათა პირველი ფერმწერი; - დავითი, პირველი მაუწყებელი ერთარსება ღმერთეების სამი პირისა, მწყემსი და შესანიშნავი მხედარი, წინასწარმეტყველი და, ამასთანავე, მეფე, - დავითი, რომელიც გახდა გული, ენა და კალამი პირველი მეფისა - ზეციერი მეუფისა, რომელმაც მოიპოვა ყველა ის სათნოება, რომლებიც ადამიანს განაღმრთობს.
 
აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელი დავითი საღმრთო მაქსიმეს მიხედვით ნიშნავს: "მძლე ხელის მქონეს", სხვების თანახმად კი: "ერთადერთს, სასურველს და საყვარელს".
 
ეს ჭეშმარიტად დიდი დავითი იესეს შვილი იყო, თავის ძმებს შორის უმცროსი, გარეგნულად შეუხედავი, მაგრამ სულიერად მშვენიერი, და სხვა მხედართმთავართა, წინასწარმეტყველთა და რჯულის მოძღვართა შორის უმდიდრესი საღმრთო ნიჭითა და მრავალმხრივი განვითარებით გამორჩეული; უმდაბლესი გულითა და უკეთილესი ბუნებით, უახოვნესი სულითა და უჯანსაღესი სხეულით; საკუთარი თავის მიმართ უაღრესად მომთხოვნი, სხვების მიმართ კი დამთმობი; იგი იყო მაღალი და მრავალხატოვანი, მაგრამ, ამავდროულად, საოცრად თავმდაბალი და უბრალო აზრების მატარებელი; სასიამოვნო ზნეობის მქონე, ენით სხარტი, გონებით დიდი, აღტაცებული არსებათა მჭვრეტელობაში და განსაკუთრებით - ღმერთის მჭვრეტელობაში, თვითნასწავლი და ღვთივნასწავლი, მთლიანად სულიწმიდის იარაღი. მაგრამ ამჟამად გვერდს ავუვლი სხვა სათნოებებს და მის საქებრად ვიტყვი მხოლოდ ორი მათგანის: სიბრძნისა და ახოვნების შესახებ.
 
თავისი სიბრძნის შესახებ ყველაზე ღრმააზროვნად და ნათლად თავად დავითი ამბობს: "ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი" (ფსალმუნში: "უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა...", - 151-ე). სიბრძნე სხვა არაფერია, თუ არა სიტყვისა და საქმის ჰარმონია. სიტყვიერ მეცნიერებათა შორისაც სიმწყობრის მეცნიერება ფილოსოფიის ყველაზე საუკეთესო და უმაღლესი საგანია, რადგან იგი ათანხმებს თავის თავს და ფილოსოფიის სილამაზის ყველა ნაწილს, როგორც თავის თავთან, ასევე ერთს მეორესთან და, ამდენად, არის თანხმობა, ანუ მსგავსება ყველაფერში. მაშასადამე, ვინც გრძნობს თავის თავში მწყობრ ცოდნას, ის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავის თავში გრძნობს ყველა არსების გაჭვრეტის უნარს.
 
დავითმა ხელები და თავისი სამოღვაწეო ძალა ორღანოს მოახმარა, თითები და სიმწყობრის ცოდნა - საფსალმუნეს (მუსიკალური ინსტრუმენტი) იმიტომ, რომ ორღანო უფრო მარტივი და უხეშია, ხოლო საფსალმუნე უფრო დხვეწილი და, შესაბამისად, გაწაფულ ცოდნას მოითხოვს. უმაღლესი აზრით "ხელებში" უნდა მოვიაზროთ საქმიანი სათნოება, რომელიც შეადგენს, როგორც ორღანო, კეთილმსახურ, მწყობრ და თავისთავად თანახმიერ ცხოვრებას; "თითებში" კი უნდა ვიგულისხმოთ გონებით მისაწვდომი დასაბამი და მიზეზები, როგორც საფსალმუნის სახით შედგენილი, გონის გონიებისმიერი სამსჯავრო, რომელიც ზეგარდმო იღებს შთაგონებას საღმრთო მადლით და (თითქოსდა) საფსალმუნის სიმებს და უმაღლესი დასაბამის დახმარებით, ანუ სულიწმიდით, ადგენს გალობებს.
 
ერთ ადგილზე ის ამბობს: "უჩინონი და დაფარნულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე" (ფსალმ. 50:8), საოცარი ქებაა აღვლენილი! მეფე წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით აჩვენებდა, რომ მას ჰქონდა სიბრძნე და ხედვა არა მარტო ხილულ ქმნილებათა, არამედ იცოდა ისეთი ენით გამოუთქმელი საიდუმლოებების შესახებაც, როგორიცაა ის, რომ სამება ღმერთი არსით არის ერთი, რომ ძე ღვთისა განკაცდება. სხვა ადგილზე კვლავ ამბობს: "უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ მყავ მე მცნებათა შენთა" (ფსალმ. 118:98); ამას იგი ამბობს თავისი მომუშავებული სათნოებების შესახებ, რომლითაც მას პირველობა ეპყრა სხვებთან მიმართებით.
 
ახოვნების შესახებაც ის თავად ამოწმებს: "ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა" (ფსალმ. 151:7; შდრ. 1 მეფ. 17:43). ყურადღება მიაქციე მკითხველო, არა მხოლოდ მის ახოვნებას, არამედ გაცილებით მეტს, სიმშვიდესა და სიმდაბლეს. იმის ნაცვლად, რომ გვეთქვა აქ მრავალზე და დიადზე, რაც მისი დამსახურების წარმომაჩინებელი იქნებოდა, ანუ უცხოტომელ მტერთა სიმრავლეზე, მათ კადნიერებაზე, შეიარაღებაზე, სამხედრო ხელოვნებასა და მომზადებაზე, იმ გოლიათის სითავხედეზე, ან უკეთ - სპილოზე, მის გამოცდილებაზე, მამაცობაზე, მისი სხეულის სიდიდეზე, იუდეველთა გაუბედაობაზე, ერის შეშფოთებაზე, თვით მეფის, საულის გაურკვევლობაზე; იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, რომ ფილისტიმელი გოლიათისა ყველას ეშინოდა, ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც, და რომ დავითი თუმც ყველაზე უმცროსი იყო ასაკით, ტანით პატარა, უიარაღო და ბრძოლაში გამოუცდელი, მაინც თამამად გამოვიდა მტრის წინააღმდეგ, რომელსაც თვლიდა არა უმეტეს, ვიდრე მკვდრად. ესოდენ საშინელი მხეცი დაამარცხა ყველაზე მარტივი გზით და მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი და, ამით, იუდეველთა ყოველგვარი შიში გაფანტა, შეწყვიტა მათი გოდება და გადააარჩინა მხედრობა, ასევე მეფეც, წინაპართა საფლავები, მამათა რჯული, ყველა ტომი და ასაკი.
 
თუმცა, ვამბობ, ესოდენ ბევრი და დიდი შეეძლო ეთქვა დავითს თავის საქებად, მიუხედავად ამისა, თავისი სიმდაბლით, არაფერი დიდი არ წარმოუთქვამს, ყველაზე მშვიდი და მდაბალი სახით ყვება საკუთარი ახოვანი ორთაბრძოლის შესახებ გოლიათთან.
 
ასეთი სრულყოფილების მქონე და ესოდენ დიდი დავითი (აღარ განვავრცობ სიტყვას ყოველი მისი დიდი საქმის დაწვრილებითი აღწერით) თავიდანვე მცირდება თავისი მამის, იესეს მიერ (რადგან ის მხოლოდ მის ხილულ, ხორციელ სიმცირეს ხედავდა), და ქვეითდება ცხვრების მწყემსის თანამდებობაზე და არა სრულყოფილ მწყემსად, არამედ ფრიად არასრულყოფილად, რომელიც კვალდაკვალ დაჰყვებოდა მეწველ ცხვრებსა და ბატკნებს, რაც არასრულყოფილთა და უაღრესად მცირეწლოვანი მწყემსების საქმიანობას წარმოადგენდა. ამდენად დაამცირა მამამისმა დავითი! მაგრამ ღმერთი ზეგარდმო იღებს მას შვილად და როგორც მეფისწულს, ჯერ ადგინებს მას ისეთ მდგომარეობაში, სადაც პირუტყვებზე ზრუნვის მაგალითზე შეუძლია შეისწავლოს მწყემსობა ანუ სამეფო მეცნიერება, რაც შემდგომში მას ადამიანებთან ურთიერთობაში უნდა გამოეყენებინა.
 
იგი წინასწარ წვრთნიდა მას სიფხიზლით, ბრძოლით; დასამწყემსი ფარის გამო განსაცდელების დათმენით; ლომებთან, დათვებთან, ნადირებთან ორთაბრძოლით; შიმშილით, სიცივით, სიცხე-პაპანაქებით; ასწავლიდა სამწყსოს წინამძღვრობას, მის გაყვანას საძოვარზე. ჩრდილში, წყაროსთან, მდინარესთან; მოხმობას და ფარის ერთ ადგილზე თავმოყრას კომბლით, ხმით, საყვირით; მხიარულებასა და შიშსაც; უდგენდა ცხოვრების წესს, იცავდა საშიშროებისგან, მკურნალობდა; და ყველაფერ ამის მიზანი იყო ის, რომ ცხვრები ყოველთვის ყოვილიყვნენ დანაყრებულნი, ჯანსაღნი და მხნენი.
 
მაგრამ რატომ გადავდოთ სათქმელი დიდი ხნით? მცირე დროის გასვლის შემდეგ იესეს სახლში მოდის წინასწარმეტყველი სამოელი დავითის მეფედ საკურთხებლად (იხ. 1 მეფ. 16-ე თავი). მას უნდა; წარმოუდგინონ სამეფო კანდიდატი. ოთახში შემოდიან სხვა შვილები, ლამაზები, შესახედავად ბრწყინვალენი. აიწია მათზე რქა ზეთით, მაგრამ უფალმა უფრო ზევით ასწია რქა და არ მოიწონა ისინი, იმის მსგავსად, როგორც იესემ არ მოიწონა დავითი და დაამდაბლა. ამის შემდეგ თავად დავითი წარმოსდგა და მაშინვე ხდება მისი ცხება მეფედ და წინასწარმეტყველად, - ზეთით რქიდან და ზეთით სულიწმიდის. ეს იყო პირველსახე ქრისტე მაცხოვრისა, რომელიც ღმერთის მიერ ცხებული იყო კაცობრიობის მეუფედ.
 
რა ხდება ამის შემდეგ? იწყება ომი ფილისტიმელებთან; საშინელი, მძიმე ომი. აირია საქმეები, როგორც მეფის, ასევე,ზოგადად ერის. ამ დროს ცხადდება თვით გამათავისუფლებელი, წინასწარმეტყველი და ამასთანავე - მეფე. კვლავ არავინ აქცევს მას ყურადღებას, კვლავ უარყოფენ მას და კვლავ ჯობნის იგი მოთმინებით თავის ძმებს, სიტყვა-პასუხით - საულს, ახოვნებით - გოლიათს და ყველას ერთად, იმათ, ვინც მანამდე იყო და იმათ, ვინც მას შემდეგ, - ამ უსაზღვროდ გმირული ორთაბრძოლით. იგი ერთი ათავისუფლებს, გამოცხადდა რა ყველასთვის და ყველას ნაცვლად.
 
რა მოხდა შემდეგ? დავითი ბჭობს საულთან, მასთან ერთად იბრძვის და ერთად ამარცხებენ მტერს, თვითონ ავსებს საულის ნაკლოვანებას. ხილულ მტრებს ამარცხებს იარაღით, უხილავ მტრებს კი, ანუ დემონებს, რომლებიც საულს თრგუნავდნენ, სულის მწყობრი გალობით.
 
შემდეგ იქორწინა, ყველასგან განდიდდა: "და ვიდოდეს დედანი განცხრომილნი და იტყოდეს: სძლო საულ ათასთა და დავით ბევრეულთა" (1 მეფ. 18:7). ამის შემდეგ კი კვლავ შურისძიებსი მსხვერპლი ხდება, კვლავ იდევნება, იმალება, ალყას არტყამენ და თვითონ ალყის შემომრტყემელებს არტყამს ალყას; არ სარგებლობს შემთხვევით შური იძიოს საულზე და ამით დაამთავროს ომი; შურისძიების ნაცვლად ეხმარება. გარბოდა, მაგრამ იმის კი არ ეშინოდა, რომ თავად არ განეცადა რაიმე ბოროტი, არამედ საულს არ შემთხვეოდა რაიმე ისეთი, რასაც ის დავითს განუმზადებდა.
 
ამგვარად შეაერთა ერთმანეთთან ორი საპირისპირი სულიერი განწყობა - თვინიერება და სიმამაცე. სიმამაცე მას მეტი ჰქონდა, ვიდრე ყველას ერთად, თვინიერება კი - თვით სიმამაცეზე მეტი. რა დარჩა კიდევ? დავითი მეფობს, წინასწარმეტყველებს, მოწმობს ღმერთზე და დამოწმებულია ღმრთის მიერ, - იღებს მოწმობას ღმერთისგან, რომ მისი საყდარი მარადის იქნება და მკვკდრეობად მიიღებს ქვეყანას, და თავისი შთამომავლობით ვარსვკლავებს გადააჭარბებს.
 
შემდეგ, ჰოი, უბედურებავ! როგორი ცვალებადობაა! რჩეული უეცრად ხდება მეძავი, წინასწარმეტყველი - უგუნური; ღმერთშემოსილს ხორციელი სიყვარულის სიცოფე იპყრობს; ჭეშმარიტი მზაკვარი ხდება, მწყემსი - მტაცებელი, მზრუნველი - კაცის მკვლელი. ხდება ცვლილება მის აზრებში, რასაც დანაშაული მოჰყვება. ამ დროიდან იწყება მუსიკალური ჰანგების შეწყვეტა. აქ ადგილი აქვს ცხოვრების ცვლილებას და ზღვა ბოროტებას. აქ ღმერთისგან შთაგონების მიმღები არა მხოლოდ კარგავს ზეგარდმო შთაგონებას, არამედ, აგრეთვე, მამა კარგავს შვილებს, და შვილები ხდებიან ერთნი უწმინდურნი და დების შეურაცხმყოფელნი, მეორენი - კიდევ უფრო უწმინდურნი, ძმათამკვლელები და მამისმკვლელები. მეფე ხდება მოხეტიალე, უშიშარი მხედარი - ლტოლვილი, მწყემსი - მთის მაწანწალა.
 
დასასრულ, ეს ცნობილი სახლი და საყდარი მიწაზე ემხობა. ისადგურებს შიმშილი, დამაშვრალობა და საშინელი წუხილი ჩადენილი ცოდვის გამო; ახალი, სამმაგი და ყოველდღიური მსხვერპლი; ღამღამობით ცრემლის ნიაღვარი, შემუსვრილობა და გულისმიერი ოხვრა, მოუკლებელი ლოცვა და ბაგით აღიარება. ის იყო ჭრილობები, ეს კი წამალია ან მოშანთვა, ანდა სრული მოკვეთა დაწყლულებული ნაწილებისა.
 
მაგრამ მთავარი სათქმელი, ამასობაში, შორს დაგვრჩა, სიტყვა კი, რომელსაც ყოველთვის ფეხდაფეხ უნდა მივსდევდეთ, გაგვიგრძელდა. ცოდვით დაცემის შემდეგ, კვლავ დგას წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველი გვერდით ისე, როგორც მკურნალი სნეულის გვერდით და რომელმაც არ იცის თავის თავს როგორ დაეხმაროს, და როგორც ადრე უახლოვდებოდა მცხებელი, ასევე უახლოვდება ახლა გამზადებული არა მარტო ცხებულის ღირსების წასართმევად, არამედ თვით ზეთისცხებით გადაცემული სულისაც, იმ შემთხვევაში, თუკი ის (დავითი) არასწორად მოიქცეოდა მკურნალობასთან დაკავშირებით, ანუ თუ ჭრილობას დამალავდა ან არ იზრუნებდა მის გამოსაძიებლად.
 
იქვე, მის გვერდით იდგა თვით სასჯელის აღმასრულებელიც; ზუსტად ისე, როგორც ადრე ეცხადებოდა იგი მცველად და ძლიერ შემწედ, ახლა ეცხადება შურისძიების ანგელოზად, მახვილით განგმირვის მზადყოფნით, თუკი დავითი საკუთარი თავის მიმართ ბრალდებით გამოსული, თავისი განაჩენით არ დააკმაყოფილებს ღვთის მართლმსაჯულებას.
 
ამგვარად, აქ იდგნენ სამართლიანობის წარმომადგენელი ნათამი და შურისმაძიებელი ანგელოზი და, კიდევ, პირუთვნელი მსაჯული (დავითი), - რომელმაც თავის თავს გამოუტანა განაჩენი და შხამიანი ისარი უფრო სწრაფად ამოიძრო საკუთარი სხეულიდან, ვიდრე ამ ისრით თავს იგმირავდა, - და ყოველთა ამათ შემდეგ, - უფალი, რომელმაც არა მხოლოდ შეუკრა ჭრილობის პირი, არამედ ისეთი ხელოვნებით შეუხორცა ჭრილობა, რომ მისგან კვალიც კი აღარ დარჩენილა. მან ხომ არამარტო მიუტევა, არამედ განწმინდა კიდევაც ცოდვისგან. ამის შემდეგ - კვლავ ნიჭი, კვლავ სული; კვლავ მუსიკა და გალობა; ისევ ხელმწიფება ყველაზე და, აღთქმა იმისა, რომ მის შთამომავლობაში დაიბადებოდა ის, ვინც ძეა ღმრთისა.


თავი 2. ფსალმუნების ამოცანა და მიზანი

ამგვარად, დავითი, რომელმაც, ერთი მხრივ, ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში, მეორე მხრივ - ბევრი რამ წესრიგში მოიყვანა და საკუთარ თავშიც უამრავი ცვლილება გამოსცადა, ფსალმუნთა წიგნში გადმოგვცემს მთელ თავის ისტორიას და მოგვითხრობს ამ მოულოდნელი ცვლილებების შესახებ. აი, გარკვეულწილად მისი შრომის პირველი ამოცანა და მიზანი.
 
მეორე, ყველაზე მთავარი, რაზედაც აქ საუბარია, ეს არის არქეოლოგიის (ძველი) ისტორიების წარმოჩენა, და არა მხოლოდ ებრაელ ერთან დაკავშირებული, არამედ უფრო ადრინდელი ეპოქებისაც. ასე, მაგალითად, ბევრ თავის ფსალმუნში დავითი დაწვრილებით მოგვითხრობს პატრიარქების დაბადების, მათი საქმიანობის, მოგზაურობის, გადასახლების, ეგვიპტეში გადასვლის, მონობის, ეგვიპტიდან გამოსვლის, რჯულის მიღების, კიდობნის, სამღვდელოების, ერის რიცხოვნობის, რჯულის გამეორების, ისუ ნავეს ძის მიერ აღთქმული მიწის განაწილების, მსაჯულების, მეფეებისა და მათი შემდგომი მოვლენების შესახებ.
 
მესამეც, მასში შედის ბუნების გამოკვლევა, ანუ საუბარია ცის, მიწისა და მათი შემადგენლობის შესახებ; საუბარია ცხოველებზე, სიტიქებსა და, საერთოდ, ღვთის ყველა ქმნილებაზე.
 
მეოთხეც, ფსალმუნები შეიცავს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის განკაცების შესახებ; ასახულია აგრეთვე ეგვიპტეში გაქცევა, იქიდან დაბრუნება, საქადაგებლად გამოსვლა, მოძღვრება, სასწაულთქმედებანი; საუბარია სინაგოგასთან დაკავშირებით, შურიანობისა და შეურაცხყოფის შესახებ, მისი სიცოცხლის ხელყოფის ჩანაფიქრზე, გაცემაზე, დაპატიმრებაზე, ცემაზე, დაცინვაზე, ჯვრის შესახებ ფეხებისა და ხელების განმსჭვალვაზე, კვართის წილისყრით განაწილებაზე, მწარე სასმელზე, სულის აღმოსვლაზე, საფლავად დადებაზე, აღდგომაზე, ზეცაში ამაღლებაზე, მარჯვენით მჯდომარეობაზე, გამარჯვებასა და გამეფებაზე ყველასა და ყველაფერზე.
 
მეხუთეც, ფსალმუნებში გადმოცემულია იმის შესახებ, თუ რა იყო და რა იქნება ზემოთ აღწერილის შემდგომ, ანუ წარმართების მოხმობაზე, მოწაფეების განდიდებაზე, სასწაულებზე, მთელი მსოფლიოს სახარებისადმი დამორჩილებაზე, ეკლესიის დაფუძნებასა და გაძლიერებაზე, იუდეველთა ტყვეობაზე; იმის შესახებ, რაც მაცხოვრის მეორედ მოსვლასა და სამსჯავროს ეხება, და რაოდენ საშინელია იგი, მომავალ საყოველთაო აღდგომასთან დაკავშირებით, მსჯავრისა და მიგების შესახებ.
 
მეექვსეც, მათში შედის ღვთისმეტყველება მამის, ძის და სულიწმიდის შესახებ.
 
მეშვიდეც, საუბარია უხილავ გონიერ ქმნილებათა შესახებ, ანუ ანგელოზებსა და დემონებზე, გონზე, სულზე, სულიერ შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებზე.
 
მერვეც, სათნოების, ბოროტებისა დ აზნეობრივი აღზრდის შესახებ.
 
მეცხრეც, განგების შესახებ, დემონების მანქანებასა და მათ თვისებებზე, ვნებების განკურნებასა და მათთან ბრძოლაზე, და ქრისტეს მხედრის ხელოვნებაზე.
 
მეათეც, მასში მოცემულია ყველაზე ძირფესვიანი და ამაღლებული სწავლება მცნებების შესახებ, რომელიც მცირედით თუ ჩამორჩება სახარებისეული მცნებების განწესებებს.


თავი 3. ფსალმუნების მაღალი მნიშვნელობა და სარგებელი
 
 ფსალმუნის შინაარსის საერთო განყოფილებები, რიცხვობით ათია; ისინი მოიცავენ ფსალმუნების მთელ შემადგენლობას. არის კიდევ სხვა, კერძო ქვეყანგოფილებები, როგორიცაა, მაგალითად: ფსალმუნი ქების, ფსალმუნი სამადლობელი, ფსალმუნები, რომლებიც შეიცავენ ვედრების ანუ ლოცვას შევედრებულის მისაღებად. სანუგეშო, სამოღვაწეო და ბოლოს, ფსალმუნები, რომლებიც შეიცავენ ცხოვრების ხელოვნებას, ანუ წესებს. ისინი არა მხოლოდ აღძრავენ რაიმეს გასაკეთებლად ან არგასაკეთებლად, არამედ რჩევასაც იძლევიან როგორც გზებთან, ასევე მოღვაწეობის დროსთან დაკავშირებითაც.
 
მოკლედდ, რომ გამოვთქვათ, ფსალმუნები - ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საავადმყოფო, სადაც ნებისმიერი სნეულება იკურნება; ეს არის უეჭველი სამკურნალო საშუალება და რაც ფრიად საკვირველია, მისი სიტყვა ყველა ადამიანს მიესადაგება; ეს არის ამ წიგნისთვის დამახასიათებელი საოცარი თავისებურება.
 
ჭეშმარიტად არ არსებობს ადამიანში ისეთი ქმედება, განზრახვა, ვნება, აზრი, რომლის წინააღმდეგაც ვერ იპოვიდი აქ განკურნების საშუალებას. ჭეშმარიტად, ის წარმოადგენს ყოველგვარი მჭვრეტელობისა და ცხოვრების წესების სიუხვეს; ეს არის საზოგადოებრივი საუნჯე შეგონებებისა, რომელიც, ამასთან, მხოლოდ იმას შეიცავს, რაც სასარგებლოა. იგი დაძველებულ ჭრილობებსაც კურნავს და ახალ დაჭრილსაც ტკივილებისგან სწრაფ შვებას აძლევს. ამასთან, დაზიანებისგან იცავს ჯერ კიდევ დაუზიანებელს და საერთოდ აქარვებს ყოველგვარ ტანჯვას.
 
ყველაფერი ეს ერთდება ერთგვარ სიხარულის მომცემელ სიმშვიდესა და კეთილგონიერ ნუგეშთან, რათა ნუგეშისმომცემელი იმედიანობით შევითვისოთ ჩვენთვის სასარგებლო ამ სიტყვებისაგან. ეს იმის მსგავსია, რასაც გამოცდილი მკურნალები აკეთებენ, როდესაც განსაკუთრებით მწვავე წამლების გამოყენებისას, თაფლს ცხებენ იმ ჭურჭელს, საიდანაც წამალი მიეწოდება სნეულს. ზუსტად ასევე, ჩვენც, როდესაც ფსალმუნებს ვგალობთ, ერთი შეხედვით მხოლოდ ხმებსა და სიტყვებს გამოვცემთ, სინამდვილეში კი ჩვენს სულებს აღვაშენებთ, ვითვისებთ რა ღვთის სიტყვებს და მათში ჩადებულ სწავლებას.
 
ფსალმუნები ღმერთთან საუბარია; ისინი ჩვენთან ანგელოზებს აახლოვებენ და ეშმაკებს განაძევებენ. აღგვიძრავენ ნათლ წყობას სულში, გვიმსუბუქებენ დღიურ შრომას, ემსახურებიან საფრთხის შიშისგან დაცვას; საღმრთო სწავლების დამწყებთათვის - ეს არის პირველი და ძირითადი შეგონება, სწავლაში წარმატებულთათვის - იგი ცოდნის მიმყნობაა, სწავლას ვინც ამთავრებს, იმათთვის - შეძენილი ცოდნის გამამყარებელია.
 
ფსალმუნი - ეს არის დაუძლეველი ფარი, ყველაზე უკეთესი დამამშვენებელი მეფეეებისა და ქვეშევრდომებისთვის, მმართველებისა და მათზე დაქვემდებარებულთათვის, მხედრებისა და, მხედრული ხელოვნების სრულიად არმცოდნეთათვის; განათლებულთა და გაუნათლებელთათვის, დაყუდებულებისა და სახელმწიფო მოღვაწეთათვის, სამღვდელოთა და საეროთათვის, ხმელეთზე მცხოვრებთა და კუნძულის მკვიდრთათვის, მიწათმოქმედთა და მეზღვაურთათვის, ხელოსნებისა და ყოველგვარი ხელობის უცოდინართათვის, მამაკაცებისა და დედაკაცებისთვის, მოხუცებისა და ყმაწვილებისთვის, ყველანაირი წარმოშობის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, პროფესის ადამიანისთვის; სამკაული როგორც ზოგადად, ისე, კერძოდ, თითოეულისთვის და თანაც ყოველ წუთს, როგორც საკუთარ სახლში, ისე საკრებულოში, ტაძარში, მინდორში, უდაბნოში, გზაში და, საერთოდ, ყველგან.
 
მოკლედ, რომ გამოვთქვათ, ფსალმუნი ადამიანისთვის იგივეა, რაც ჰაერის მობერვა, სინათლის მოფენა, ან ცეცხლისა და წყლის გამოყენება, ისეთი რამ, რაც ყველასთვის აუცილებელი და სასარგებლოა. უაღრესად საკვირველია, რომ მუშაკნი, გალობენ რა ფსალმუნებს მუშაობისგან მოუწყვეტლად, ამ გალობით სამუშაოს ამსუბუქებენ. მიზანი კი ყველაფერ ამისა, ერთია, კერძოდ ის, რომ გავხდეთ კეთილგონიერი მოწაფენი მთელი ამ სწავლებისა, ბრძენი აღმსრულებელები მასში მოცემული მცნებებისა და ღმრთის მსგავსნიც კი.
 
ამდენად, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორია ამ წიგნის მიზნები, სახელდობრ, სარგებელი და დანიშნულება. ამის შემდგომ გვმართებს იმის თქმა, ნამდვილად დავითის მიერ არის თუ არა დაწერილი მთლიანად ფსალმუნები; როგორ დასახელებას ატარებს იგი, რა არის საფსალმუნე, ფსალტი, ფსალმუნი, ფსალმუნთმგალობელი, დიაფსალმა, გალობა, ჰიმნი, ქება, აღმსარებლობა, ლოცვა, აღთქმა; რა არის ფსალმუნის გალობა და რა არის გალობანი; რამდენი ფსალმუნია სულ და რატომ არის მაინცდამაინც ამდენი, ვის მიერ არის ერთ წიგნში შეკრებილი; რამდენი იყო გალობის ლოტბარი, რამდენი გუნდი და რამდენი მგალობელი თითოეულ გუნდში, და რატომ იყო ამდენი გუნდი; რით განსხვავდება საფსალმუნე სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებისგან, როგორი წყობა აქვთ ფსალმუნებს, რა არის ზოგიერთი არსებული გაურკვევლობის მიზეზი; რამდენი თარგმანი არსებობდა წმიდა წერილისა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე და ვის მიერ იყო ეს თარგმანები შესრულებული; რისთვის შემოიღეს გალობა; რატომ არის რომ სულიწმიდის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთია, ფსალმუნში ითქმის ხან მხოლობით, ხან მრავლობით რიცხვში. ახლა კი, ყოველივე ამაზე, დაწვრილებით და ჩვენ მიერ ჩაწერილი რიგის მიხედვით ვისაუბრებთ.


თავი 4. ვინ დაწერა ფსალმუნები?

ზოგიერთნი ამბობენ, რომ არა მხოლოდ ერთ დავითს დაუწერია ყველა ფსალმუნი; მათი აზრით, მათ შორის არის ისეთებიც, რომელთაგან ზოგი იდითუმმა დაწერა, ზოგიც - კორეს ძეებმა, ზოგიც - ასაფმა, ზოგიც - იემენმა, ზოგიც - ეთამ ისრაიტელმა, ზოგიც - სოლომონმა, ერთი ფსალმუნი კი, თვით მოსემაც დაწერაო. ესო, ამბობენ, ზედაწარწერილიდან ჩანსო. ერთ წიგნად კი, ამბობენ, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზდრამ შეკრიბაო. ზოგიერთი ფსალმუნი მხოლოდ "ალელუიაით" არის წარწერილი, ზოგიც სხვა რამე წარწერას ატარებს (მეტ-ნაკლებად გარკვეულს), მაგრამ ავტორის სახელის გარეშე. ზოგიც საერთოდ არ არის ზედაწარწერილი. მათი აზრით, ამიტომაც იწოდება ფსალმუნთა ეს კრებული განურჩევლად - "ფსალმუნთა წიგნი" ანუ "ფსალმუნნი" (და არა, მაგალითად, დავითის ფსალმუნნი), მსგავსად მოციქულთა საქმეების ამსახველი წიგნისა.
 
აღნიშნული აზრის დამცველები ამბობენ, თითქოს ეს ადასტურებს, რომ ყველა ფსალმუნი დავითის არ არის. "საფსალმუნედ" კი "ფსალმუნთა წიგნი" იწოდება არა საკუთრივი მნიშვნელობით, რადგან საკუთრივ "საფსალმუნე" (ანუ საქებარ-სადიდებელი) მუსიკალური ინსტრუმენტია, ორღანოსნაირი, ებრაელების მიერ "ნავლიად" წოდებული. ეს სახელწოდება (საფსალმუნე ანუ საქებარ-სადიდებელი) მიიღო ბერძნული სიყვიდან "ქების შესხმა" (რაც ნიშნავს სიმებიანი ინსტრუმენტის, "ნავლის" თანხლებით ფსალმუნების, ანუ საგალობლების გალობას, როგორიც იყო საკუთრივ ამ ინტსრუმენტის დანიშნულება), მსგავსად იმისა, როგორც სალოცავმა სახლმა (სამლოცველომ) თავისი სახელი მიიღო სიტყვიდან "ლოცვა". შემდეგ ეს სახელწოდება გადატანილ იქნა არცთუ მთლად საფუძვლიანად ფსალმუნების შემცველ წიგნზე.
 
ზოგიერთი განმმარტებელი ამტკიცებს და მეც იმათ აზრს ვიზიარებ, რომ პირიქით, ყველა ფსალმუნი დავითის დაწერილია, მათ შორის ისიც, რომელიც მოსეს სახელით არის წარწერილი. ის რომ მოსეს მიერ ყოფილიყო დაწერილი, მაშინ თავისი სიძველიდან გამომდინარე, ფსალმუნებში რიგითობით პირველ ადგილზე იქნებოდა, ან უკიდურეს შემთხვევაში, შევიდოდა მოსეს წიგნებში, ზუსტად ისევე, როგორც მათში შედის მისი გალობები: ერთ წიგნში "გამოსვლათა", მეორე წიგნში "რიცხვთა" და მესამე - "მეორე რჯულში". ასევე უნდა ვიფიქროთ სხვა ფსალმუნებთან მიმართებითაც, რომლებიც სხვათა (არა დავითის) სახელით არის ზედაწარწერილი, რომ ისინიც დავითის მიერ არის დაწერილი.
 
ზუსტად ასევე, ორი ფსალმუნიც, რომლებსაც ზოგიერთი კომენტატორი სოლომონს მიიაწერს. ისინი რომ სოლომონის ყოფილიყო, მაშინ ქრონოლოგიურად, უკიდურეს შემთხვევაში, "მეფეთა წიგნებში" უნდა ყოფილიყო ან "ნეშტთა", ან, სულ მცირე, სადმე მათ შესახებ უნდა დარჩენილიყო ამგვარი შენიშვნა: "და გამოთქუნა სოლომონ სამ ათასნი იგავნი, და იქმნეს გალობანი მისნი ხუთ ათას" (3 მეფ. 4:29). მისი ფსალმუნების შესახებ წმიდა წერილში არსად მოიხსენიება. რაც შეეხება, დასასრულ, დანარჩენ ზედაწარწერილს, როგორიცაა იდითუმი, ძენი კორესთა, ასაფა, იემენი, ეთამი, ფიქრობენ, რომ დავითმა ისინი დასების ლოტბარებად დანიშნა, ხოლო აირჩია ისინი ლევიტელთა მუხლიდან და შემდეგ წილისყრით გაანაწილა რიგითობით, რათა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე გალობით ღმერთი ედიდებინათ, და რომ მან, თითქოს, ჩამოთვალა ყველა ინსტრუმენტის სახე, და თითოეულ ამ მგალობელს დაუნიშნა გამორჩეულად ფსალმუნი, რომელიც უნდა შეესრულებინა მუსიკის თანხლებით ამა თუ იმ დასს.
 
ამდენად, თითოეული გუნდის ლოტბარს, კერძოდ, წარუწერა რა გარკვეული ფსალმუნი, შემდეგ ისინი მათ გადასცა, რათა გარკვეული გუნდითა და გარკვეული მუსიკის თანხლებით შეესრულებინათ. სხვა ფსალმუნები კი (წარუწერელი რომელიმე კონკრეტული გუნდის ლოტბარის სახელზე) სრულდებოდა ყველა გუნდის მიერ და მთელი ორკესტრის აკომპანიმენტით. ამიტომაც არ არის ეს ფსალმუნები ზედაწარწერილი. ეს იქიდანაც ჩანს, რაც ნათქვამია "ნეშტთა პირველ წიგნში", სახელდობრ: "მას დღესა შინა დაადგინა დავით აღსარებად და ქებად უფლისა, ასაფ და ძმანი მისნი" (1 ნეშ. 16:7); ასევე 38-ე სფალმუნის ზედაწარწერილიდან: "დასასრულსა, იდითუმისთვის ფსალმუნი დავითისი". აშკარაა, რომ დავითმა ჯერ დაწერა ეს ფსალმუნი და შემდეგ გადასცა იდითუმს შესასრულებლად. შემდეგ 43-ე ფსალმუნსაც ასეთი ზედაწარწერილი აქვს; "დასასარულსა, ძეთა კორესთაი გულისხმისყოფისთვის".
 
ზუსტად ასე ყველა ფსალმუნი, სხვისი სახელით წედაწარწერილი (ანუ არა დავითის სახელით), წარწერილია არა "ამა თუ იმისი", არამედ - "ამას თუ იმას", ეს კი აშკარად აჩვენებს, რომ ეს ფსალმუნები დავითის მიერ არის დაწერილი და მანვე გადასცა იმ პირებს შესასრულებლად, ვისი სახელებითაც არის ისინი წარწერილი. თუკი ამაში ვინმე შეგვეწინააღმდეგებოდა და იტყოდა, რომ ბევრი ფსალმუნი წარწერილია, როგორც "დავითის ფსალმუნი", ასეთ არგუმენტზე ვუპასუხებთ: "ბევრიც წარწერილია ასევე "ფსალმუნი დავითისი", რაც სხვა სახელებთან მიმართებით (რომლებიც ზედაწარწერებშია) ვერ შევხვდებით. ასე იმიტომ არის ზედაწარწერილი, რომ გვაჩვენოს, - ეს ფსალმუნები სწორედ დავითის მიერ არის დაწერილი და არა სხვისგან მისთვის გადაცემული (დავუშვათ, შესასრულებლად), ან - მისთვის მიძღვნილი ვინმესგან. სწორედ ეს (რომ ზოგან წერია "დავითის", ზოგან "დავითისი") საკამათოს ხდის ავტორის ვინაობას. 89-ე ფსალმუნს კი, რომელიც მოსეს მიეწერება, ასეთი ზედაწარწერილი აქვს: "გალობაი მოსესი, კაცისა ღმრთისაი". წარწერა, ვფიქრობ, გვასწავლის, რომ ფსალმუნი მიესადაგება იმათ, რომლებიც საღმრთო წერილის, ანუ მაცხოვნებელი ნათლისღების საშუალებით, იქმნენ ღვთის კაცებად. "მოსე" სწორედ რომ წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ნათელღებულნი ხომ წყლიდან ამოიყვანებიან და შემდეგ "ღვთის კაცებად" იწოდებიან. რაც შეეხება იმ ფსალმუნებს, რომელთა შესახეაც ამბობენ, რომ ისინი სსოლომონს ეკუთვნისო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოლომონის სახელი მოიცავს მინიშნებას იესუ ქრისტეს შესახებ, რადგან "სოლომონი" ნიშნავს "მშვიდობის დამამყარებელს". ასეთია სწორედ იესუ ქრისტე, ორმელსაც ბუნებითად აქვს მშვიდობა, არამეთუ მან თქვა: "მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ" (ინ. 14:27).
 
იმ ფსალმუნებთან დაკავშირებით, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ წარწერა, უნდა შევნიშნოთ, რომ (მაგალითად) მეორე ფსალმუნი ბევრი "ფსალმუნნის" ებრაულ ძეგლისწერაში ყოველთვის უშუალოდ შეერთებულია პირველთან, როცა ფსალმუნები რიგითი ნომრების გარეშეა წარმოდგენილი. მეორე ფსალმუნი კი უდავოდ დავითს ეკუთვნის და ამის მოწმენი მოციქულები არიან, რომლებიც წიგნში "საქმე მოციქულთა" ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართავენ: "რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა..." (საქმე 4:25). ამით, ამასთანავე, მიენიშნება იმაზედ, რომ პირველი ფსალმუნიც დავითს ეკუთვნის.
 
ყოველგვარ ეჭვგარეშე 94-ე ფსალმუნიც მას ეკუთვნის, როგორც ამას მოციქული პავლე მოწმობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში შემდეგი სიტყვებით: "ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა" (ებრ. 3:8); "მას დღესა მისებრ" განსაზღვრავს გარკვეულ დღეს დავითის დროიდან. უსახელო ფსალმუნები (რომლებიც ავტორის სახელის გარეშეა, მაგრამ გარკვეული ზედწარწერა მაინც აქვთ) მიეკუთვნება აგრეთვე დავითს, როგორც ამას პირველმოწამე სტეფანე გვასწავლის წიგნში "საქმე მოციქულთა", სწორედ ის ეუბნება იუდეველებს: "რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე" (საქმ. 7:45, 46). ეს სიტყვები ნასესხებია 131-ე ფსალმუნიდან, ეს ფსალმუნი კი, ცნობილია, რომ ზედაწარუწერელია. ამასთან, ის ფსალმუნები, რომლებზეც მხოლოდ "ალელუიაი" აწერია, დავითს ეკუთვნის. ასე, მაგალითად, პირველი მათგანი, კერძოდ 104-ე წიგნში "ნეშტთა" მიეწერება დავითს. მიზეზი, თუ რატომ არის ზოგიერთი ფსალმუნი საერთოდ წარუწერელი, ვფიქრობ, ის არის, რომ თითოეული მათგანი შედგენილი იყო არა მხოლოდ რომელიმე გარკვეული ტომის ან ნათესავის სახელზე, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; ხოლო უსახელო ფსალმუნები მიემართება თვით უფალს. სიტყვით "ალელუიაი" კი იმიტომ არის ზოგიერთი ფსალმუნი ზედაწარწერილი, რომ ისინი ღვთის სამადლობელსა და სადიდებელს შეიცავენ, მაგრამ ყველაფერ ამის შესახებ საკმარისად არის ნათქვამი, დროა დანარჩენზეც ვისაუბროთ.


გაგრძელება იქნება.

წყარო: წმ. ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი. ფსალმუნთა განმარტება სამ ნაწილად. ნაწილი I. თბილისი 2009 წ.
 
პუბლიკაცია ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому