სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
"განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ!"
მაშ, შეიძლება ადამიანი განრისხდეს?
"განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა"
(ფსალმ. 4:5-6).
დღეს ჩვენ წავიკითხავთ მეოთხე ფსალმუნს, რომელიც ასევე მეფე დავითის შემოქმედებას ეკუთვნის. ამ ფსალმუნიდან დასამოძღვრად ავირჩიეთ სიტყვები: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა"
ამ ფსალმუნის ზედწერა ასევე დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რომელიც დავითს თავს გადახდა მისი შვილისგან, აბესალომისგან დევნის პერიოდში. საერთოდ დავითი - გასაოცარი ადამიანია, და მისი ცხოვრებაც გასაოცარია.
უფალმა დაუშვა გაევლო მას ორი უმძიმესი დევნულება თავის ცხოვრებაში, და ორივე ეს დევნულება ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან იყო. ერთი - საულისგან, რომელიც დავითმა დაიახლოვა, მამობრივი სიყვარულით შეიყვარა, მაგრამ შემდეგ დევნიდა მას, როგორც დაუძინებელ მტერს, ხოლო მეორე დევნულება დავითმა საკუთარი შვილისგან განიცადა.
ორი უმძიმესი განსაცდელი: ერთი - მამისგან (ანუ ადამიანისგან, რომელიც ძალიან ახლოს იდგა ამ სტატუსთან), და მეორე - საკუთარი შვილისგან.
გარწმუნებთ, ბევრი რამის შესწავლა შეგვიძლია ამ წმიდა კაცისგან, რომელმაც იგემა გამცემლობის სიმწარე და მრავალი გაჭირვება, ასევე უფლის მუდმივი მხარდაჭერის სიხარული. ამიტომაც, თუკი ჯერაც არ დაგიწყიათ ფსალმუნის კითხვა, ახლა სწორედაც რომ ამის დროა.
ამ ფსალმუნის სახელწოდება ასეთია - "გალობათა დასასრულს. დავითის ფსალმუნი". აქ საჭიროა მცირედი განმარტება. საქმე იმაშია, რომ სიტყვა "დასასრულს" არცთუ იშვიათად შეგვხვდება სხვა ფსალმუნებშიც. ჯერ-ერთი ეს არის მითითება ფსალმუნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მეორეც, ხშირად "დასასრულს" ითქმება მომავლის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ფსალმუნი შეიცავს წინასწარმეტყველებას, რომელიც დრო-ჟამთა მიწურულს უნდა აღსრულდეს, მაგალითად მკვდართა აღდგომის ან ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს. და კიდევ, მესამე, - "დასასრულს" შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ფსალმუნი დაწერილი იყო რომელიღაც მნიშვნელოვანი მოვლენის დასრულებისთანავე.
მაგალითად, ეს მეოთხე ფსალმუნი, როგორც მიაჩნიათ, დაწერილი იყო სწორედ აბესალომისგან დევნულების დასასრულს. ამაზე უთითებს ფსალმუნის ძირითადი შინაარსი - დავითი მიმართავს თავის მადევრებს და აძლევს მათ მნიშვნელოვან დარიგებას, ასეთი რამ კი ჩვეულებისამებრ ხდება იმის შემდეგ, რაც განსაცდელის ქარიშხალი ჩადგა.
და აი, ერთ-ერთი ამ დარიგებათაგანი საკმაოდ მოკლეა, მაგრამ ფრიად შინაარსობრივია: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ".
შეიძლება თუ არა ისე განრისხდე, რომ არ შესცოდო? რაზე მიგვანიშნებს დავითი?
მართლმადიდებლური ასკეტიკის თვალსაზრისით, ადამიანში გამოიყოფა სულის სამი ძალა: "ძალა სიტყვიერი (გონიერი), ძალა გულისთქმისა (სურვილისა) და ძალა გულისწყრომისა (გაღიზიანებისა, გაბრაზებისა)" (იხ. წმ. გრიგოლ ნოსელი. კანონიკური ეპისტოლე მელიტინელი ეპისკოპოსის წმიდა ლიტოსადმი. დიდი სჯულისკანონი. თბილისი. 2024. გვ. 344). ნუ შეშინდებით, ჩვენ ახლა არ ვისაუბრებთ ამ ძალათაგან თითოეულზე, არამედ მხოლოდ შევნიშნავთ, რომ გულისწყრომის (გაღიზიანების, გაბრაზების) ძალა ყოველ ჩვენთაგანში ანთროპოლოგიურად არის ჩადებული, ანუ ჯერ კიდევ ადამიანის შექმნის დროს.
გულისწყრომა იმისთვის ჩაიდო ადამიანში, რათა აღეძრა იგი ცოდვის მოსურვებისა და იმ ზრახვათა წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენში ნერგავს სატანა. აი, მაგალითად, ადამი და ევა, ხელმძღვანელობდნენ რა სულის ამ ძალით, მათ უნდა მიეფურთხებინათ გველისთვის, არ ესმინათ მისი და საუბარიც კი არ უნდა გაემართათ მასთან. ნუ გულისწყრომის ძალა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს ჩვენი სინდისის მახვილია, რომლითაც უნდა ვიომოთ ჩვენი ვნებებისა და ჩვენი ცხონების მტრის წინააღმდეგ.
მაგრამ, ადამიანში დაცემის შემდეგ ყველაფერი გადმოყირავდა, და მან ეს ძალა უკვე არა სატანის, არამედ მისი მსგავსი ადამიანების, თავისი ძმების წინააღმდეგ მიმართა, როგორც ეს კაენმა ჩაიდინა. ან კიდევ, როგორც ხშირად ხდება, მრისხანებენ საკუთარ თავზე უკვე ჩადენილი ცოდვის შემდეგ, და სასოწარკვეთამდე მიდიან, რაც ასევე უკიდურესი უგუნურებაა.
ამიტომ, განრისხება შეიძლება და საჭიროა, რადგან ის თვით ღვთისგან არის ჩადებული ჩვენში, მაგრამ ეს მახვილი ჯეროვანი მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ - ვნებების წინააღმდეგ, მათთან საბრძოლველად. თუ ასე გამოვიყენებთ გულისწყრომის ძალას, მაშინ არ შევცოდავთ. ამის შესახებ ლაპარაკობს კიდევაც დავითი: განრისხდით ცოდვაზე, და მაშინ აღარ შესცოდავთ.
არსებობს სხვა შეხედულებაც დავითის სიტყვებზე, რომელსაც ასევე საგულისხმო გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს:
დავითი მოუწოდებს იმისკენ, რათა ადამიანმა, რომელიც მრისხანების ვნებით არის შეპყრობილი, ნაჩქარევად არ იმოქმედოს და ბევრი არ ილაპარაკოს. განსაკუთრებით ეს ეხება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ან ძალიან ახლო ადამიანებთან ურთიერთობას. "შვიდგზის გაზომე და - ერთხელ გაჭერი" - ხშირად ვამბობთ ამ ანდაზას, რადგან ის ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ნუ აჩქარდები, - გვეუბნება დავითი, - თუკი რაიმეს თქმას ან კეთებას აპირებ. ჩაწექი საწოლში, შენს გულში განსაჯე, დამშვიდდი შენს სარეცელზე, დილით კი გადაწყვიტე რა უნდა თქვა და რა გააკეთო. და ამგვარად შენს მრისხანებაში არ შესცოდავ.
ათიდან ცხრა უაზრო, სულელული და უგუნური საქციელი თუ წარმოთქმული სიტყვა მრისხანების ვნებაშია ჩადენილი. ადამიანები დავითის ამ უბრალო რჩევას რომ მისდევდნენ, არ მოუწევდათ სიცოცხლის ბოლომდე იმ მრავალი სისულელის გამო წუხილი, რომლებიც ხშირად, ვაი, რომ, გულწრფელი სინანულის მიუხედავადაც კი გამოუსწორებელია.
დასასრულ, დავითის უკანასკნელი მნიშვნელოვანი აზრი ამ ფსალმუნში ასეთია:
თუკი შენ მაინც შესცოდე, როგორც დავითის მდევნელებს დაემართათ, მაშინ, ამბობს იგი: "რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ" (რაც გულში იზრახოთ, ის სარეცელზე შეინანეთ) (ფსალმ. 4:5), ანუ დაფიქრდით თქვენს საქმეებსა და სიტყვებზე, და გულწრფელად შეინანეთ. შესწირეთ სიმართლის მსხვერპლი და უფალს მიენდეთ, რადგან ყოველი გულწრფელად მონანული ადამიანისას უფალი აუცილებლად შეისმენს და შეგიწყალებტ, თუნდაც თქვენგან განაწყენებულ ადამიანს თქვენი მიტევება არ შეეძლოს.
ამ სიტყვებს ეფუძნება ძილისწინა სინანული. ყოველდღიურობის ამაოებასი ჩვენთვის ფიქრიც კი ძნელია, მაგრამ ძილის წინ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და გავიხსენოთ დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები, შევინანოთ ისინი, ხოლო ვისაც შეუძლია, ჩაწერონ ისინი ფურცელზე, რათა უახლოეს აღსარებაზე არ დაავიწყდეთ ისინი.
ძილის წინ ფიქრს მიეცით თავი, კარგად მიმოიხილეთ თუ რა იზრახეთ და იფიქრეთ თქვენს გულში განვლილი დღის განმავლობაში, ყოველი ვნებიანი ლტოლვა და გრძნობა, ყოველი ცუდი აზრი; ეს სინანულის გრძნობაზე მოგიყვანთ და გულს დაგიამებთ. მაშინ მრისხანება და ცოდვილი გულისწყრომა გადაივლენ, და გულით დამშვიდდებით.
მაშ, რაზეა მეოთხე ფსალმუნი?
იმაზე, რათა სწორად წარვმართოთ გულისწყრომა (ბრაზი, მრისხანება), ანუ საკუთარი და არა სხვათა ვნებებისა და ცოდვების წინააღმდეგ; იმაზე, რათა მრისხანების დროს ვდუმდეთ და არ ვიჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, და ასევე იმაზეც, რათა შეცოდების შემთხვევაშიც კი, სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ, არამედ ყოველ ღამე, ძილის წინ, სარეცელზე მწოლიარეებმა შევინანოთ. და არა თუ შევინანოთ, არამედ ღმერთს სიმართლის მსხვერპლიც შევწიროთ. ხოლო მსხვერპლი სიმართლისა ეს არის "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული", რომელსაც ღმერთი არ შეურაცხყოფს (იხ. ფსალმ. 50).
სწორედ ამისკენ მოუწოდებდა დავითი თავის მადევრებსაც, რომლებიც საკუთარ მრისხანებაში, დაუფიქრებლად სცოდავდნენ მის წინააღმდეგ, და დევნიდნენ მას. ამისკენ მოგვიწოდებს დავითი ჩვენც, როდესაც ნებსით თუ უნებლიეთ ვინმეს გადავემტერეთ, ბოროტება ჩავიდინეთ მის მიმართ ან გული ვატკინეთ.
ამრიგად, მოდი განვისწავლოთ საკუთარი თავი ამ სიტყვებში: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა" (ფსალმ. 4:5-6).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით. 2025 წ.