Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - მოციქულები - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
მოციქულები
მახარობელთა სიმბოლოები
I
   
12 მოციქულის სახელები და მათი მნიშვნელობა
 
1) ანდრია (ბერძნ. ანდრეას, "მამაცი", "კაცი ძლიერი"), სიმონ-პეტრეს ძმა, რომელიც გადმოცემის მიხედვით იყო პირველ წოდებული, რადგან, იყო რა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, უფალმა თავის ძმაზე უადრეს მოუწოდა მას იოერდანეზე.
 
2) სიმონი (ებრ. შიმონ - "შესმენილი" ლოცვაში), იონას ძე, რომელსაც ეწოდა პეტრე (საქმე 10:5, 18). ბერძნ. სიტყვა "პეტროსს" შეესაბამება არამეული "კიფა", რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც "ქვა". ეს სახელი უფალმა უბოძა სიმონს, როდესაც მან უფალი ღმრთის ძედ აღიარა ფილიპეს კესარიაში (მთ. 16:13, 18).
 
3) სიმონი (კანანელი ანუ ზილოტი) (არამ. კანაი, ბერძნ. ზელოტოს, რაც ნიშნავს "მოშურნეს"), გალილეის ქალაქის კანას მკვიდრი; გადმოცემით ის იყო ის სიძე, რომლის ქორწილში იყვნენ იესუ ქრისტე და მისი დედა, სადაც ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია (ინ. 2:1-11).
 
4) იაკობი (ებრ. ზმნიდან აკაბ - "გამარჯვება") ზებედეს და სალომიას ძე, მახარობელ იოანეს ძმა. პირველი მოწამე მოციქულთა შორის, რომელიც ჰეროდემ მოაკვლევინა (42-44 წწ. ქრ. შ.-დან): "იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა" (საქმე 12:2). იაკობ მცირისგან განსასხვავებლად, მას ჩვეულებისამებრ იაკობ უფროსს უწოდებენ.
 
5) იაკობ მცირე, ძე ალფესი. 12 მოციქულთა შორის მოწოდებულ იქნა თვით უფლის მიერ. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ქადაგებდა ჯერ იუდეაში, შემდეგ თან ახლდა მოც. ანდრია პირველწოდებულს ედესში. სახარებას ავრცელებდა ღაზაში, ელევთეროპოლში და მის თანამოსაზღვრე ადგილებში, საიდანაც გადავიდა ეგვიპტეში. აქ, ქალაქ ოსრაცინში (ზღვისპირა ქალაქი პალესტინის გვერდით), ჯვარზე გააკრეს (მრავალი წყარო იაკობ ალფეს ძეს აიგივებს უფლის ძმა იაკობთან, რომელსაც ეკლესია ახსენებს 70 მოციქულთა კრებაზე. სავარაუდოდ, ეს გაუგებრობა მოხდა იმის გამო, რომ ორივე მოციქულს იაკობ მცირეს უწოდებდნენ).
 
6) იოანე (ბერძნ. ფორმა იოანნეს ებრ. სახელწოდებიდან იოჰანან, "უფალი მოწყალეა"), ზებედესა და სალომიას ძე, იაკობ უფროსის ძმა. მოციქული იოანე წოდებულია მახარებლად, როგორც მეოთხე სახარების ავტორი და ღვთისმეტყველად, როგორც ქრისტიანული სწავლების სიღრმეების გამხსნელი, ის არის ასევე "გამოცხადების" (აპოკალიფსის) ავტორი.
 
7) ფილიპე (ბერძნ. "ცხენების მოყვარული"), ბეთსაიდას მკვიდრი, მახარობელ იოანეს თქმით, "ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე" (ინ. 1:44). ფილიპემ მოიყვანა იესუსთან ნათანაელი (ბართლომე).
 
8) ბართლომე (არამ. ტალმას ძე) ნათანაელი (ებრ. ნეტანიელ "ღმრთის ნიჭი", "ღმრთის საბოძვარი"), გალილეას კანას მკვიდრი, რომელზეც იესუმ თქვა, რომ ის არის "ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა" (ინ. 1:47).
 
9) თომა (არამ. ტამა, ბერძნ. თარგმანში დიდიმე, რაც ნიშნავს "ტყუპს"), ცნობილია მით, რომ თვით უფალმა მისცა ნება ხელები ჩაეყო მის ჭრილობებში და განეხილა ისინი, რათა აღმოეფხვრა ეჭვები მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ.
 
10) მათე (ბერძნ. ფორმა ძვ. ებრ. სახელისა მატტათა – "უფლის ნიჭი"), მოიხსენიება საკუთარი ებრაული სახლითაც ლევი. სახარების ავტორი.
 
11) იუდა (ებრ. იეჰუდა, "ქება უფლისა") თადეოსი (ებრ. ქება), იაკობ მცირის ძმა.
 
12) და ბოლოს, უფლის გამყიდველი იუდა ისკარიოტელი (ასე იწოდა დაბადების ადგილის მიხედვით - ქ. კარიოტი), რომლის ადგილას უკვე ქრისტეს ამაღლების შემდეგ, მოციქულთა მიერ წილისყრით არჩეულ იქნა მატთია - "ნიჭი უფლისა (საქმე 1:21-26). მატთია მიჰყვა იესუს მისი ნათლობის დღიდანვე და მისი მკვდრეთით აღდგომის მოწმეც იყო. უახლოეს მოციქულთა შორის ირიცხება ასევე მოციქული პავლე, კილიკიის მხარის ქ. თარშიშის მკვიდრი, რომელსაც სასწაულებრივად მოუწოდა თვით უფალმა (საქმე 9:1-20). პავლეს თავდაპირველი სახელი იწო - სავლე (საულ, ებრ შაულ, "ღმრთისთვის ნავედრები" ან "ღმრთის მსახურად მიცემული"). სახელი პავლე (ლათ. პაულუს, "მცირე") - მეორე, რომაული სახელია, რომელიც მოციქულმა მიიღო მოქცევის შემდეგ რომის იმპერიაში უფრო მოხერხებული ქადაგებისთვის.
 
 
II
 
70 მოციქული
 
12 მოციქულისა და პავლეს გარდა, მოციქულებად იწოდებიან კიდევ 70 რჩეული მოწაფე (ლკ. 10:1), რომლებიც არ იყვნენ იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების მუდმივი თვითმხილველები და მოწმეები. მათი სახელები სახარებებში ნახსენები არ არის. საღვთისმსახურებო ტრადიციაში სამოცდაათი მოციქულის ხსენების ზეიმობისას ეკლესია მათ სახელებსაც წარმოთქვამს. ეს სია შედგენილ იქნა V-VI სს-ში და ატარებს სიმბოლურ ხასიათს; მასში შევიდა ქრისტეს მიმდევართა და მოწაფეთა ყველა ცნობილი სახელი, როგორც მოციქულთა, ასევე მოციქულებრივ კაცთა.
 
გადმოცემა 70 მოციქულს განაკუთვნებს, როგორც მახარობელ მარკოზს (ლათ. "ურო"), ასევე ლუკასაც (ლათ. სახელის ლუციუსის ან ლუკიანეს (ლუციანეს) შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს "მანათობელს", "ნათელს"). ამრიგად, ამ დღეს ეკლესია იხსენიებს არა მარტო 70 მოციქულს, არამედ მთელ პირველ ქრისტიანულ თაობას.
 
სახარების დამწერი მოციქულები - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე - იწოდებიან მახარობლებად.
 
მოციქულები პეტრე და პავლე - მოციქულთა თავებად, ანუ მთავარმოციქულებად.
 
მოციქულებს ზოგჯერ მიაკუთვნებენ წმინდანებსაც, რომლებიც ქადაგებდნენ ქრისტიანულ სწავლებას წარმართთა შორის, მაგალითად, მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი და მისი დედა დედოფალი ელენე, ასევე სხვები.
 
ქრისტეს 12 მოციქულთაგან თითოეულის ხსენების დღე ცალ-ცალკეა დაწესებული. მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან აწესებს ასევე ქებულ და დიდებულ 12 მოციქულთა კრებას (13 ივლისი) (ახ. სტ.). ხოლო წინა დღეს (12 ივლისს), აღესრულება ქებულ და დიდებულ მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხსენება.
 
 
III
 
რატომ ხდებოდა, რომ განკაცებული ღმერთის გვერდით მყოფ მოციქულებს, თითქოსდა ბოლომდე არ სჯეროდათ მისი?
ნუთუ მათთვის ცხადი არ იყო, რომ ქრისტე - ღმერთია?
 
მოციქულები, როგორც უფალ იესუ ქრისტეს უახლოესი მოწაფეები, მისი უამრავი დარიგების, ქადაგების, მოქმედების და მის მიერ აღსრულებული უამრავი სასწაულის მოწმენი იყვნენ. რა თქმა უნდა, მაცხოვარი არაერთხელ მიანიშნებდა მათ, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ის - უბრალო ადამიანი კი არ არის, არამედ განკაცებული ღმერთია.
 
თითქოსდა, მოციქულთა რწმენას უკვე მაშინვე, იესუ ქრისტეს მიერ თავისი მიწიერი მსახურების დროს, შეეძლო ურყევობის მდგომარეობამდე მიეღწია. მაგრამ სახარება წარმოგვიჩენს არაერთ შემთხვევას, როდესაც მოციქულები ეჭვობდნენ და მერყეობდნენ რწმენის გამოვლინებასთან დაკავშირებით.
 
"რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?" (მთ. 8:26); "მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა" (მთ. 14:31); "რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო" (მთ. 18:8) - აი მხოლოდ მცირედი შენიშვნები, რომლებიც იესუ ქრისტემ თავის მოწაფეთა მიმართ წარმოთქვა და, რომლებიც მათ მიერ გამოვლენილ ეჭვსა და მერყეობაზე უთითებენ.
 
გავიხსენოთ, რომ როდესაც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, და ცნობა მისი აღდგომის შესახებ მოციქულებამდე მივიდა, ყველა მათგანმა უცებ როდი ირწმუნა ეს სასწაული. სახარება გვაუწყებს, რომ როდესაც მენელსაცხებლე დედებმა ანგელოზისგან მაცხოვრის აღდგომის შესახებ შეიტყვეს, "გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც. ... მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ" (ლკ. 24:9-11).
 
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად მათი ეჭვები და მერყეობანი რწმენის სფეროში დაკავშირებული იყო იმ სწავლა-მოძღვრებით და ზნეობრივ ჭეშმარიტებათა ამაღლებულობასთან, რომელიც მიჰქონდა მათ ცნობიერებამდე ქრისტე მაცხოვარს.
 
მაგრამ ვითარება შეიცვალა, როდესაც მოციქულები დარწმუნდნენ, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა. ამრიგად, მაცხოვრის აღდგომა გახდა სასწაულთა ის სასწაული, რომელმაც უძლიერესი გავლენა მოახდინა მათი რწმენის გაძლიერებაზე ჯვარცმული ქრისტეს მიმართ, რომელიც იუდეველთათვის იყო საცდური, ხოლო ელინთათვის - სიშლეგე (1 კორ. 1:23).
 
მათი რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდა მაშინ, როდესაც ისინი განსაკუთრებული სახით იქნენ ნაკურთხნი და განათლებულნი სულიწმიდის მიერ, რომელიც მათზე ორმოცდამეათე დღეს გადმოვიდა. სულიწმიდის განსაკუთრებული განმანათლებლური ზემოქმედებით მოციქულებისთვის რწმენის ჭეშმარიტებები კიდევ უფრო ნათელი და გასაგები გახდა. თვით უფალი იესუ ქრისტე, თავის ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე ამასთან დაკავშირებით ასე არიგებდა მოციქულებს: "ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ" (ინ. 16:13-14).
 
საღმრთო მადლის განმანათლებლური მოქმედება ყველა მორწმუნისთვის აუცილებელია, ვინც კი ქრისტეს და მისი ეკლესიის სწავლების სრულყოფილ შემეცნებას ელტვის. ასეთი შემეცნება ვარაუდობს სრულყოფილ საეკლესიო ცხოვრებას: ასკეტურ ღვაწლს, საეკლესიო საიდუმლოებებსა და სატაძრო მსახურებებში მონაწილეობას, კეთილ საქმეთა ქმნას და სათნოებებში სრულყოფას.
 
 
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
Назад к содержимому