სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
მოაღწია თუ არა ჩვენამდე ბიბლიის ორიგინალმა?
ავტორი: ანდრია დესნიცკი.
შინაარსი
ორიგინალი თუ ასლი?
ბიბლია – ეკლესიის წიგნი
საიდან გაჩნდა ბიბლიური კანონი?
სენსაციური აღმოჩენები?
ბიბლიური კანონი. წერილის საზღვრები
"მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი"
უცხო წიგნები
არსებობს თუ არა ზღვარი წერილსა და გადმოცემას შორის?
***
ხშირად გვესმის, რომ ქრისტიანული წერილი დამახინჯებულია: თითქოსდა ორიგინალს ჩვენამდე არ მოუღწევია, იესუ თავის დროს ერთს ქადაგებდა, ხოლო მისმა მოწაფეებმა (პირველ რიგში პავლემ) მის ქადაგებას დაუმატეს რაღაც საკუთარი, განსხვავებული. გარდა ამისა, პრესა პერიოდულად იუწყება რაიმე ახალი „სენსაციური“ დოკუმენტის აღმოჩენის შესახებ, რომელიც სახარებისეულ ისტორიას სრულიად სხვა შუქზე წარმოაჩენს… მაშ, გვაქვს თუ არა ჩვენ წმიდა წერილის ნამდვილი ტექსტი?
ორიგინალი თუ ასლი?
ბიბლიური წიგნების ორიგინალები – ანუ ხელნაწერები, რომლებიც საკუთარი ხელით შეასრულეს წინასწარმეტყველმა მოსემ ან მოციქულმა პავლემ – ჩვენამდე, რა თქმა უნდა, არ მოღწეულა. მათ დროს საწერ მასალას წარმოადგენდა პაპირუსი – ფართო, გრძელი ფურცლები, რომლებიც ნილოსის დელტასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ სხვა დაჭაობებულ ადგილას გავრცელებული მცენარის ღეროებისგან მზადდებოდა, ან, ბევრად იშვიათად, პერგამენტი – რომელიც მზადდებოდა ცხოველთა კანისგან, დამუშავების განსაკუთრებული წესით. მაგრამ პერგამენტი საკმაოდ ძვირი იყო, ხოლო პაპირუსი – საკმაოდ ხანმოკლე: იშვიათად თუ შენახულა პაპირუსის რომელიმე წიგნი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს.
არსებითად, ყველა ის ორიგინალური უძველესი ხელნაწერი, რასაც ჩვენამდე მოუღწევია, არის კერძო მიმოწერისა და საქმიანი ნაშრომების ნაწყვეტები, რომლებიც ოდესღაც ეგვიპტურ ნაგავსაყრელებზე გადააგდეს (მხოლოდ ეგვიპტეში, მშრალი ჰავის წყალობით, შესაძლებელია მათი შენარჩუნება), აგრეთვე წარწერები მყარ ზედაპირებზე (თიხის ფირფიტებზე, ნამტვრევებზე, ქვაზე). ხოლო ყველა უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები ჩვენამდე მოღწეულია უფრო გვიანდელი ასლების სახით. ჰომეროსის პოემების პირველი ცნობილი სიები მათი შემქმნელის გარდაცვალებას სულ მცირე ნახევარი ათასწლეულით არის დაშორებული. ძველ საბერძნეთში ყველაზე კითხვადი და პატივსაცემი ნაწარმოების – „ილიადას“ – ხელნაწერებმა ჩვენამდე მოაღწია ექვსასზე ოდნავ მეტი რაოდენობით, ევრიპიდეს ტრაგედიების ხელნაწერთა რაოდენობაა – დაახლოებით სამასი, ხოლო რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ანალების პირველი ექვსი წიგნი, საერთოდ, მხოლოდ IX საუკუნის ერთადერთი ხელნაწერი ეგზემპლარის სახით არის შემორჩენილი.
შედარებისთვის: დღეისთვის ცნობილია ხუთი ათასზე მეტი ხელნაწერი, რომლებიც შეიცავს ახალი აღთქმის ამა თუ იმ ნაწილებს. მათგან უძველესი შესრულებულია ეგვიპტეში, პაპირუსზე, I–II საუკუნეების მიჯნაზე, ანუ მოციქულთა გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. ისინი, კერძოდ, შეიცავს ამონარიდებს იოანეს სახარებიდან, რომელიც დაწერილია I საუკუნის ბოლოს.
მაგრამ, საბოლოოდ, საიდან არის ცნობილი, რომ ესა თუ ის ხელნაწერი მართლაც შეიცავს ჰომეროსის პოემების ან ბიბლიის ნამდვილ ტექსტს? ჩვენს დროში ყალბი ნაწარმოების აღმოჩენა საკმაოდ ადვილია. ხელნაწერებს სწავლობენ და ერთმანეთს ადარებენ; რაც შეეხება ახალ აღთქმას, ამით დაკავებულია მთელი სამეცნიერო ინსტიტუტი გერმანიის ქალაქ მიუნსტერში. და კიდევ, ყალბი შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე მანუსკრიპტი, მაგრამ არა ათასი.
თუმცა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც უძველესი ტექსტი ჩვენამდე მოღწეულია ერთი-ორი ასლის სახით, შესაძლებელია მისი ნამდვილობის დადასტურება ან უარყოფა მრავალი მონაცემის საფუძველზე. ხომ არ ეშლება ავტორს იმ პერიოდის ისტორიული დეტალები, რომელსაც აღწერს? კარგად იცნობს თუ არა იმ ადგილის გეოგრაფიას, სადაც მოქმედება ვითარდება? რა ენაზე წერს, რა სიტყვებს იყენებს? დასტურდება თუ არა მისი ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით? ციტირებენ თუ არა მის წიგნს სხვა ავტორები, ცნობილია თუ არა ის გვიანდელი დროის მკითხველისთვის? ასე რომ, ნაყალბევის გარჩევა არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ახალი აღთქმის ჩვენამდე მოღწეულ ხუთ ათას ხელნაწერში გვხვდება გარკვეული განსხვავებული ვარიანტები (ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მომდევნო პუბლიკაციებში), მაგრამ რაიმე სხვა ცნობას, სახარებისეულის გარდა, მათში ვერ დავინახავთ. არც ერთ მათგანში არ წერია, რომ იესუ არ იყო ძე ღვთისა ან არ მომკვდარა ჯვარზე. თუკი ეს ყველაფერი არის ფალსიფიკატორთა რომელიღაც უზარმაზარი ბანდის საქმიანობის შედეგი, რომლებიც მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში მოღვაწეობდნენ არაუგვიანეს II საუკუნის დასაწყისისა, მაშინ, ცხადია, ამ ქვეყნად რაიმე დამაჯერებელი ისტორიის შექმნა საერთოდ შეუძლებელი ყოფილა.
ბიბლია – ეკლესიის წიგნი
ბიბლია ლაპარაკობს არა მხოლოდ ქრისტეზე, არამედ საკუთარ თავზეც – რაღაც პრინციპულად განსხვავებულს, ვიდრე, მაგალითად, ყურანი. ეს არის ერთ-ერთი იმ აშკარა ბანალობათაგანი, რომლის დავიწყებისკენაც არის მიდრეკილი ადამიანი.
მუსლიმებს სწამთ, რომ ყურანი არის ღვთის გამოცხადება, რომელიც მიენიჭა ერთადერთ ადამიანს – მუჰამედს, რომელმაც საღვთო "კარნახით" ჩაწერა იგი და საკუთრივ არც ერთი სიტყვა არ დაუმატებია მისთვის. ამიტომ მათთვის ყურანის ნებისმიერი მიწიერი ტექსტი მხოლოდ ზეციური ყურანის ასლია, ნამდვილი ღვთის სიტყვისა, რომელზე უდიდესი დედამიწაზე არაფერი არსებობს, არ არსებობდა და არც იარსებებს. ჯერ იყო ყურანი, შემდეგ კი მისგან დაიბადა ისლამი. სწორედ ამიტომ, ყურანი, ისლამის თვალსაზრისით, არათარგმნადია: მისი ნებისმიერი თარგმანი ოდენ დამხმარე სახელმძღვანელოა, ხოლო ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ არაბული ტექსტი.
ქრისტიანისთვის დედამიწაზე გადმოსული ღვთის სიტყვა არის – პირველ რიგში – არა წიგნი, არამედ პიროვნება, იესუ ქრისტე, რომელიც არსებობდა საუკუნეთა უწინარეს და დედამიწაზე დააფუძნა თავისი ეკლესია. მოგვითხრობენ, რომ ერთხელ მართლმადიდებელი მღვდელი აშშ-ში შეხვდა ერთ-ერთი პროტესტანტული გაერთიანების ქუჩის მქადაგებელს. "გნებავთ, გიამბოთ ეკლესიაზე, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული?" – შესთავაზა მან მხიარულად. "გნებავთ, გიამბოთ ეკლესიაზე, რომელმაც დაწერა ბიბლია?" – უპასუხა მას მღვდელმა.
და ის მართალი იყო, რადგან თავად ქრისტემ არ დაგვიტოვა არანაირი წერილობითი ტექსტი. თავდაპირველად სახარებაც კი ზეპირი თხრობით გადაიცემოდა, ხოლო ეპისტოლეები, როგორც სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებული სამწყსო მოძღვრების სწავლებები, დაწერეს სხვადასხვა მოციქულებმა (პირველ რიგში პავლემ). და იმ დროისთვის, როდესაც დასრულებულ იქნა ახალი აღთქმის უკანასკნელი წიგნი – იოანეს სახარება – ქრისტიანული ეკლესია უკვე არსებობდა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში… ამიტომ, თუკი ჩვენ გვსურს, გავიგოთ ბიბლია, მივმართოთ ქრისტიანულ ეკლესიას, რადგან ბიბლიის პირველწყარო სწორედ ის არის.
საიდან გაჩნდა ბიბლიური კანონი?
მაგრამ საერთოდ საიდან ვიცით, რომ ბიბლია არის წმიდა წერილი? იქნებ ის უბრალოდ იმ უძველეს გადმოცემათა ერთ-ერთი კრებულია, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირეა? მით უმეტეს, ყოველ დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და ქრისტეებს უწოდებდნენ, მაშ, განა თითოეულს უნდა ვერწმუნოთ და თითოეულის თხზულება წერილად ვცნოთ?
წიგნი შეიძლება წერილი გახდეს მხოლოდ მორწმუნეთა საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს მის ავტორიტეტს, განსაზღვრავს მის კანონს (ზუსტ შემადგენლობას), განმარტავს მას და, ბოლოს, გადაწერს მას სხვადასხვა თემებისთვის. ქრისტიანებს სწამთ, რომ ეს ყველაფერი წმიდა სულის მონაწილეობის გარეშე როდი ხდებოდა, რომელიც მეტყველებდა ბიბლიური წიგნების ავტორებში, და რომლის შეწევნაც ჩვენთვის დღესაც აუცილებელია ამ წიგნის მართებული გაგებისთვის. მაგრამ სული არ აუქმებს ადამიანის პიროვნებას – პირიქით, ნებას აძლევს მას, სრულიად გამოვლინდეს.
ხოლო ვინაიდან ეს პროცესი ისტორიაში ვითარდება, ქრისტიანობისათვის უცხოა წარმოდგენა ერთხელ და სამუდამოდ მოცემული გამოცხადების შესახებ, რომლის შესრულება მხოლოდ ეკისრება მომდევნო თაობებს. არა, როგორც განკაცდა ქრისტე – ძე ღვთისა, ისევე თვით ქრისტიანობაც განხორციელდება ჩვენს მიწიერ ისტორიაში და მთელი თავისი შინაგანი ერთიანობის პირობაშიც კი იძენს გარკვეულ ახალ ნიშან-თვისებებსა და თავისებურებებს ყოველ თაობასა და ყოველ ერში.
ამიტომ ახალაღთქმისეული კანონიც – ანუ იმ წიგნთა ნუსხა, რომლებიც შედიან ახალ აღთქმაში – მყისვე არ ჩამოყალიბებულა. ასე, მაგალითად, აღმოსავლეთში დიდი ხნის განმავლობაში გარკვეული სიფრთხილით ეკიდებოდნენ გამოცხადების წიგნს, სავარაუდოდ, მისი მისტიკური ხასიათის გამო, ხოლო დასავლეთში – მოციქულ პავლეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს, რადგანაც ის, როგორც სტილით, ისევე შინაარსით შესამჩნევად განსხვავდება მისი სხვა ეპისტოლეებისაგან (თუმცა არ ეწინააღმდეგება მათ). თუმცა, დასძენდნენ ქრისტიანი ღვთისმეტყველები, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას არ დაუწერია ეს ეპისტოლე, მისი დამწერი ნებისმიერ შემთხვევაში არის ეკლესია.
მაგრამ რაც შეეხება სახარებებს, აქ ყველაფერი მარტივია. თავიდანვე ეკლესიამ იცოდა ის ოთხი სახარება, რომლებიც შევიდნენ კიდეც ახალი აღთქმის კანონში, და ვერც ერთ ჩვენამდე მოღწეულ სიაში ვერ აღმოვაჩენთ სხვა სახარებებს. სწორედ მათში ხედავდა ეკლესია ქრისტეს ნაცნობ და საყვარელ სახეს, და სხვა არაფერი უბრალოდ არც სჭირდებოდა მას.
ორიგენე უკვე III საუკუნის დასაწყისში ასახელებს ამ ოთხ სახარებას, "რომლებიც უპირობოდ მიიღება ღვთის ეკლესიაში". ხოლო IV საუკუნეში კირილე იერუსალიმელი მიუთითებდა: "ახალ აღთქმაში შედის მხოლოდ ოთხი სახარება, დანარჩენები კი ცრუდ იწოდებიან ამ სახელით და მავნებელნი არიან. მანიქეველებმა დაწერეს თომას სახარება, რომელიც სახელს უტეხს სახარებებს და წარწყმედს უბრალოთა სულებს. მიიღეთ აგრეთვე თორმეტ მოციქულთა საქმენი და მათ თან შვიდი საყოველთაო ეპისტოლე: იაკობისი, პეტრესი, იოანესი და იუდასი; და როგორც მათზე და მოწაფეთა უკანასკნელ შრომებზე გამოსახული ბეჭედი, – პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე".
მართალია, ადრეული ქრისტიანები ზოგჯერ ამათთან ერთად სხვა წიგნებსაც მიაგებდნენ პატივს, რომლებიც თითქმის იმავე დროს იყო დაწერილი და აგრძელებდნენ მოციქულთა გადმოცემას, მაგალითად, ერმას "მწყემსი" ან კლიმენტი რომაელის ეპისტოლეები. დღეს ასეთ წიგნებს, რომლებიც ბიბლიის კანონში არ შესულან, მაგრამ მის საზღვარზე არიან, უწოდებენ აპოკრიფებს. ისინი სრულად ეთანხმებიან ახალ აღთქმას და სულაც არ ესწრაფვიან სახარებისეული ისტორიის რაიმე სენსაციური ვერსიის გადმოცემას.
საბოლოოდ ახალაღთქმისეული კანონი ჩამოყალიბდა მხოლოდ IV საუკუნის ბოლოს და პრაქტიკულად უკვე 17 საუკუნეა ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში ის მოითვლის იმავე 27 წიგნს, და ეს საკითხი არსად და არასოდეს ყოფილა სადავო (ერთადერთი ეგზოტიკური გამონაკლისი არის ეთიოპიის ეკლესია, რომელმაც წერილს რამდენიმე ადრეული აპოკრიფი დაუმატა). რა კრიტერიუმებით იქნა ეს წიგნები აღიარებული კანონიკურად? ვინაიდან იგივე მოციქულმა პავლემ, მაგალითად, დაწერა კიდევ ერთი ეპისტოლე ლაოდიკეელთა მიმართ, ხოლო ზოგიერთი ეკლესიის მიერ უარყოფილი სახარება ატარებს მოციქულთა – პეტრეს, თომასა და იუდას (არა ისკარიოტელის) სახელებს – რატომ არ შეიტანეს ისინი კანონში? და პირიქით, რატომ შევიდა მასში ლუკას სახარება და წმიდა მოციქულთა საქმენი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ავტორი საერთოდ არ იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების თვითმხილველი?
საქმე იმაშია, რომ წიგნის სტატუსი საერთოდ არ არის დამოკიდებული მისი სავარაუდო ავტორის სტატუსზე. ძველად "საავტორო უფლებას" უფრო მარტივად უდგებოდნენ, ცნობილ სახელებს ანიჭებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც დაწერილი იყო იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, ვინც ამ სახელებს ატარებდნენ. ასე, მაგალითად, ქრისტიანულ საგალობელთა ერთ-ერთი უძველეს კრებულს ეწოდება "სოლომონის ოდები", მიუხედავად იმისა, რომ არავის, ცხადია, უფიქრია, თითქოსდა ისინი შეიძლება დაეწერა თავად მეფე სოლომონს. ამიტომ ის სახარებებიც, რომლებიც ატარებენ მოციქულთა სახელებს, შესაძლოა, სინამდვილეში დაწერილ ყოფილიყო სხვის მიერ. საქმე ავტორობაში არ არის – ეკლესია წმიდა წერილად აღიარებდა იმ წიგნებს, რომლებშიც იგი, როგორც სარკეში, ამოიცნობდა თავისი რჯულის ყველაზე სრულ და ზუსტ გადმოცემას. და ვერცერთი გარეგანი კრიტერიუმით ვერ აიხსნება მისი არჩევანი.
ხოლო ძველ აღთქმასთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო რთულია. მის კანონი სხვადასხვა ქრისტიანულ საზოგადოებაში განსხვავებულია. ასე, მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს 50 წიგნს, დაახლოებით ამდენივეს (მინიმალური განსხვავებებით) ითვლიან სხვა მართლმადიდებლები და კათოლიკეები, რომლებიც მიჰყვებიან ადრეული ეკლესიის გადმოცემას. მაგრამ იუდეველები, რომელთა კანონიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა I საუკუნის ბოლოს, უკვე ქრისტიანობისგან განცალკევების შემდეგ, თანახში (ასე ეწოდებათ მათ ბიბლიას) ითვლიან 39 წიგნს.
პროტესტანტები ჯერ კიდევ რეფორმაციის დროიდან მიჰყვებიან ძველი აღთქმის იუდაურ კანონს, ამიტომ მათ მიერ გამოცემულ ბიბლიაში არ შედის ზირაქის სიბრძნე, ტობითი, ივდითი, მაკაბელთა წიგნები და ზოგიერთი სხვა წიგნი, რომლებიც, თუმცა, შინაარსით, სრულიად ეთანხმებიან ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებს. კათოლიკეები ამ წიგნებს უწოდებენ დევტეროკანონიკურს (მეორადკანონიკური), პროტესტანტები – აპოკრიფულს, ხოლო მართლმადიდებლები – არაკანონიკურს. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მართლმადიდებლურ გამოცემებში ისინი აუცილებლად შედიან, რადგანაც ძველი ქრისტიანები მათ წერილის ნაწილად აღიარებდნენ.
სენსაციური აღმოჩენები?
წიგნები, სადაც გადმოცემული იყო ბიბლიური ისტორიის სხვა ვერსია და ქადაგებული იყო სხვა რჯული, არსებობდა დიდი ხნის წინ, და ამას არავინ ასაიდუმლოებს. მაგრამ ეკლესია თანმიმდევრულად აცხადებდა მათ ცრუდ ან, სულ მცირე, საეჭვოდ და არ შეჰქონდა ის ბიბლიის შემადგენლობაში. გარდა იმ აპოკრიფებისა, რომლებიც წმიდა წერილის "ზღვარზე" დგანან და სრულად ეთანხმებიან მას (როგორიცაა იგივე კლემენტ რომაელის ან ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლენი, რომლებიც მოციქულთა უმცროსი თანამედროვენი იყვნენ); ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან არსებობდა "ალტერნატიული წმიდა ისტორიები", რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ არა მარტო ბიბლიას, არამედ ერთმანეთსაც. ასე რომ, დენ ბრაუნი (გახმაურებული "და ვინჩის კოდის" ავტორი – რედ. შენიშვნა) სულაც არ არის პირველი ფალსიფიკატორი.
კანონიკური სახარებები, მაგალითად, თითქმის არაფერს ამბობენ იესუს ბავშვობაზე – მხოლოდ ლუკა მოგვითხრობს ერთ ეპიზოდს, როდესაც მშობლებმა დაკარგეს იგი იერუსალიმში, შემდეგ კი ტაძარში იპოვეს. მაგრამ განა საინტერესო არ არის, თუ რა გადახდა მას დაბადებიდან იმ მომენტამდე, როცა ის საქადაგებლად გამოვიდა? ასე გაჩნდა "სახარება ბავშვობისა", რომელსაც მოციქულ თომას მიაწერენ. აი, ნაწყვეტები ამ თხზულებიდან:
"ამის შემდეგ ის კვლავ გადიოდა ერთ დასახლებაში, როდესაც ერთმა ბიჭმა მიირბინა მასთან და მხარში უბიძგა. იესუ განრისხდა მასზე და უთხრა: "შენ ამის იქით ვეღარ წახვალ", – ბავშვი მყისვე დაეცა და მოკვდა… ერთხელ მოძღვარმა დაწერა ანბანი და დიდხანს ეკითხებოდა იესუს. მაგრამ ის პასუხს არ აძლევდა. იესუმ უთხრა მოძღვარს: თუ შენ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ და კარგად იცი ასოები, მითხარი, რა არის ალფა, და მე გეტყვი, რა არის ბეტა. მოძღვარი განრისხდა და თავში დაარტყა. ბიჭს ეტკინა და დასწყევლა იგი, რის შედეგადაც მოძღვარი უსულოდ დაეცა. ბიჭი კი დაბრუნდა იოსების სახლში. იოსები შეწუხდა და დედას (ღვთისმშობელს) უთხრა: "ნუ გაუშვებ მას გარეთ, რადგან ყველა, ვინც კი მის რისხვას იწვევს, კვდება"".
განა ჰგავს ასეთი "იესუ" იმას, ვინც მხოლოდ არწმუნებდა და არ სჯიდა, კურნავდა, აღადგენდა მკვდრეთით და არ კლავდა, ითმენდა ცემას და თავის მტრებს არ პასუხობდა? უფრორე, აქ ("ბავშვობის სახარებაში") ჩვენ წინაშეა არცთუ კეთილი ჯადოქარი, რომელიც ოდნავ წინააღმდეგობასაც კი ვერ ითმენს. მაშ, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ ეკლესიამ ვერ იცნო ასეთი ქრისტე და უარყო ხსენებული წიგნი, როგორც არასარწმუნო.
ასეთი ტექსტები ძველად ბევრი იყო, მათი პოვნა ან შედგენა დღესაც გრძელდება (იგივე დენ ბრაუნი). უფრო მეტიც, ხშირად აღმოჩნდება, რომ ახალი ნაწარმოები იმეორებს ძველ იდეას – ასე, მაგალითად, დღევანდელი თეოსოფები ხშირად შეიარაღებულნი არიან ძველი გნოსტიკოსების ტრაქტატებით. თავის დროზე ეს წიგნები შესაძლოა პოპულარულიც ყოფილიყო, მაგრამ, ბიბლიის ან ყურანისგან განსხვავებით, ისინი რომელიმე სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების წმიდა წერილი ვერ გახდნენ. მაშინაც კი, როდესაც გარკვეული დროით ისინი ეპატრონებოდნენ ადამიანთა გონებას, საბოლოოდ მაინც დავიწყებას ეძლეოდნენ.
რა თქმა უნდა, კანონიკური სახარებები არ შეიცავს იესუს ცხოვრების ყველა გამონათქვამსა და დეტალს. მოციქულთა საქმეებიც კი იმოწმებს ერთ გამონათქვამს, რომელიც სახარებებში არ არის: "გახსოვდეთ უფალ იესუს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება" (საქმე 20:35). ალბათ, ზოგიერთი აპოკრიფული წიგნიც შეიცავს რაიმე სარწმუნო დეტალებს. მაგრამ თუკი ეს წიგნები, ზოგადად, არ ასახავენ ქრისტეს იმ სახეს, რომელიც ნაცნობია ეკლესიისათვის, მაშინ ძნელია მათი ნდობა კერძო საკითხებშიც.
რას ვიზამთ, ადამიანები იოლად ექვემდებარებიან ცდუნებას სახარება გამოიყენონ წამიერი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. მაგრამ სახარება, ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, ცოცხალი და ქმედითია, და მარადის ასეთად დარჩება, რადგან ის არის ღვთის ჭეშმარიტი სიტყვა.
ბიბლიური კანონი. წერილის საზღვრები
ბიბლია დევს წიგნის თაროზე – შეგვიძლია ხელში ავიღოთ, გადავხედოთ სარჩევს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა გამოცემაში ბიბლიაში შემავალი წიგნების ნუსხა შეიძლება სრულიად ერთნაირი არ იყოს. რატომ ხდება ასე? და საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს ნუსხა (რომელსაც ზოგჯერ "კანონსაც" უწოდებენ)? რას ნიშნავს რომელიმე წიგნის ამ ნუსხაში შეტანა?
"მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი"
თავად სიტყვა „კანონი“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს "წესს, საზომს, ნიმუშს". ეკლესიაში ის საკმაოდ ფართოდ გამოიყენება – ასე შეიძლება, არსებითად, ეწოდოს საეკლესიო ცხოვრების ნებისმიერ ნორმას: ხატწერის კანონები განსაზღვრავენ ხატწერის ტექნიკას, კანონიკური სამართალი – იურიდიულ საკითხებს. მაგრამ ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ბიბლიურ კანონზე, ანუ წმიდა წერილში შემავალ წიგნთა ნუსხაზე.
დღეს ჩვენთვის ადვილია გავხსნათ ბიბლია და ვნახოთ, რა არის დაბეჭდილი მისი ყდის ქვეშ, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ბეჭდვის გამოგონებამდე სრული ბიბლია საერთოდ იშვიათობა გახლდათ: წიგნები უაღრესად ძვირი იყო, თანაც, მაშინდელი ტექნოლოგიით ტომი ძალიან დიდი და მძიმე გამოდიოდა. ამიტომ, ძირითადად გადაწერდნენ ცალკეულ წიგნებს ან კრებულებს, რომლებიც საღმრთო მსახურებისათვის იყო საჭირო.
მაგალითად, ცნობილი ოსტრომირის სახარება (XI საუკუნის სლავური ტექსტი ნოვგოროდიდან) – ეს სულაც არ არის ის, რის ხილვასაც მივეჩვიეთ თანამედროვე გამოცემებში, არამედ სახარებისეულ საკითხავთა საღვთისმსახურებო კრებულია სხვადასხვა აღდგომიდან მოყოლებული კვირა დღეებისა და დღესასწაულთათვის. ასეთი წიგნები შუა საუკუნეებში უფრო ხშირად გვხვდებოდა, ვიდრე ბიბლიური ტექსტების ჩვენთვის ჩვეული სრული გამოცემები, რადგან მათზე მოთხოვნილება უფრო დიდი იყო. მართლაც, ტრადიციულ საზოგადოებაში წერილი არსებობდა, პირველ რიგში, საეკლესიო ცხოვრების კონტექსტში, ხოლო ისინი, ვინც მიმართავდნენ მას "განტვირთვის საათებში", ძალიან და ძალიან ცოტანი იყვნენ, თუნდაც წიგნების უზარმაზარი ღირებულების გამოც. დაახლოებით ასე იყო საქმე პალესტინაშიც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს: ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ მას წერილის გრაგნილით ხელში, – ეს არის წინასწარმეტყველ ესაიასი შაბათის საკითხავი სინაგოგაში.
მაგრამ ბიბლიურ ტექსტს უბრალო ადამიანებიც მიმართავდნენ: მათ შეეძლოთ წაეკითხათ ან ესმინათ წერილი საღმრთო მსახურების დროს და ხალისით იმოწმებდნენ მას (ხშირად არაზუსტად). ქრისტე თავის ქადაგებებში განუწყვეტლივ შეგვახსენებს: "როგორც წერია", "მათ აქვთ რჯული და წინასწარმეტყველნი". ეს, რა თქმა უნდა, მითითებებია წერილზე. მაგრამ ქრისტე არასოდეს აზუსტებს, თუ რომელი წიგნები შედის ამ წერილში. ის განიხილავს უამრავ სხვა სადავო საკითხს – ოღონდ ამას არა. ამრიგად, შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, რომ მის დროს არ არსებობდა არანაირი მნიშვნელოვანი უთანხმოება წერილის შემადგენლობაზე.
მოციქულები, რომლებიც კამათობდნენ წარმართებთან, პირველ ერეტიკოსებთან და იმ იუდეველებთან, რომლებიც არ ცნობდნენ ქრისტეს, განუწყვეტლივ მიუთითებენ წერილის ავტორიტეტზე – და არსად განსაზღვრავენ მის საზღვრებს. უფრო მეტიც, მოციქული იუდა (იაკობისი) თავისი ეპისტოლეს მე-9 მუხლში გადმოგვცემს კიდეც ერთ ამბავს აპოკრიფული "მოსეს ამაღლებიდან", რომელიც არ შედიოდა წერილის შემადგენლობაში. და ეს არის ყველაზე თვალსაჩინო, მაგრამ არა ერთადერთი კავშირი ახალაღთქმისეულ ტექსტებსა და იმ დროის აპოკრიფებს შორის. როგორც ჩანს, ისინი თავიანთ ქადაგებაში იყენებდნენ ზოგიერთ წიგნს, რომელიც დღეს წერილის შემადგენლობაში არ შედის.
უცხო წიგნები
არსებობდა თუ არა ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და მისი პირველი მოწაფეების დროს მკაფიოდ განსაზღვრული კანონი? როგორც ჩანს, არა. ადამიანები კითხულობდნენ ერთსა და იმავე წიგნებს; მაგრამ მათი ავტორიტეტი, როგორც ჩანს, შესაძლოა, გარკვეულწილად განსხვავებული ყოფილიყო: ერთია რჯული, ანუ ხუთწიგნეული, რომელზეც დაფუძნებული იყო საზოგადოების მთელი ცხოვრება, და სხვაა – გადმოცემა მოსეს ამაღლების შესახებ, რომელიც არასოდეს დადგება ცენტრალურ ადგილას.
XX საუკუნის შუა წლებში მკვდარი ზღვის მიდამოების გამოქვაბულებში, უპირველესად ქუმრანის სახელით ცნობილ ადგილას, აღმოჩენილ იქნა მრავალი ხელნაწერი, რომლებიც იქ დამალულ იქნა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს, იუდეველთა წარუმატებელი აჯანყების დროს რომის ბატონობის წინააღმდეგ. წიგნები ამ კრებულში ძალიან სხვადასხვაგვარი იყო. ერთ გრაგნილში შეიძლებოდა ერთად ყოფილიყო როგორც ის ფსალმუნები, რომლებსაც დღეს ბიბლიაში ვხედავთ, ისევე ზოგიერთი სხვა, მათი მსგავსი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ რაიმე განსაკუთრებულ "ქუმრანის კანონზე": საბოლოო ჯამში, ჩვენს დროშიც გამოიცემა ტექსტებისა და ლოცვების კრებულები, სადაც კანონიკური ფსალმუნების გვერდით ვხედავთ სხვა ლოცვებსა და საგალობლებს. გარდა ამისა, თავად ქუმრანის ბინადარნი, სავარაუდოდ, განზე იდგნენ იმდროინდელი იუდაიზმის ძირითადი მიმართულებისგან, რომელიც წარმოდგენილი იყო ფარისევლებითა და სადუკევლებით, ამიტომ მათი მაგალითი არც ისე საგულისხმოა.
როდის გაჩნდა კანონი? ბუნებრივია, პირველად უნდა გაჩენილიყო ძველი აღთქმის წიგნთა ნუსხა. იუდაური გადმოცემა, რომელსაც მრავალი ქრისტიანიც იზიარებს, ამბობს, რომ ეს მოხდა ისრაელიანთა ტყვეობიდან დაბრუნებისთანავე, მწიგნობარ ეზრას მოღვაწეობის დროს, მაგრამ ამის დაჯერება საკმაოდ ძნელია: ძალიან დიდი დრო აშორებს ეზრას კანონიკურ წიგნთა პირველ ჩამონათვალებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სეპტუაგინტა (1), რომელშიც შევიდა ის წიგნები, რომლებიც არ არის შეტანილი თანამედროვე ებრაულ კანონში: ტობითი, ივდითი, სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის ძის სიბრძნე, მაკაბელთა წიგნები და სხვა. ზოგიერთი მათგანი დაწერილ იქნა პირდაპირ ბერძნულად, მაგრამ ზოგიერთი არსებობდა ებრაულ ორიგინალშიც – იესუ ზირაქის ძის წიგნის ებრაული ტექსტის დიდი ნაწილი აღმოჩენილ იქნა უკვე ჩვენს დროში.
______________
1. სეპტუაგინტა – ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი, შესრულებული დაახ. ძვ. წ. III–II საუკუნეებში.
______________
გონივრულად მიგვაჩნია შემდეგი დასკვნა: მთავარი წმიდა წიგნები იუდეველებთან ყველგან ერთნაირი იყო, მაგრამ "დამატებითი ნუსხა" შეიძლება გარკვეულწილად განსხვავებულიყო სხვადასხვა საზოგადოებაში. როგორც ჩანს, ეს ყველას აწყობდა – მაგრამ მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის ბოლომდე. ამ დროს დაანგრიეს იერუსალიმის ტაძარი, წიგნები, არსებითად, იუდეველთა ყველაზე მთავარი სიწმიდე გახდა, ხოლო მეორე მხრივ – მოხდა მათი საბოლოო განშორება ქრისტიანთაგან. მიუხედავად იმისა, რომ ამათაც და იმათაც საერთო ჰქონდათ რჯული და წინასწარმეტყველნი, ქრისტიანებმა მათ დაუმატეს საკუთარი წმიდა წიგნები, რომელთა აღიარებაზეც იუდეველებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
სწორედ I–II საუკუნეების მიჯნაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა იუდაური კანონი, და ყველა არსებული ვარიანტიდან შეირჩა ერთი, რომელსაც დღეს მასორეტულს ვუწოდებთ. რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ის ყველაზე გავრცელებული იყო პალესტინაში, მაგრამ მაინც არა ერთადერთი.
იუდეველები ძველ აღთქმას ყოფენ "რჯულად" (ძველ ებრაულად "თორა"), "წინასწარმეტყველებად" ("ნევიიმ") და "წერილებად" ("ქეთუვიმ"). მთელი ბიბლიის სახელწოდება შედგენილია ამ სამი ნაწილის სახელწოდებათა პირველი ასოებით: თა-ნ-ახ (ასო "ქ" "ქეთუვიმიდან" სიტყვის ბოლოს იკითხება როგორც "ხ"). ამასთან, იუდაური დაყოფა წიგნებისა კანონის შიგნით არ ემთხვევა ქრისტიანულს: "წინასწარმეტყველებს" განაკუთვნებენ ადრეულ ისტორიულ წიგნებსაც, ხოლო დანიელს მიაკუთვნებენ "წერილებს", როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ეს წიგნი დაწერილ იქნა მაშინ, როდესაც "წინასწარმეტყველთა" შემადგენლობა უკვე სრულად იყო განსაზღვრული და მისთვის ახალი წიგნის დამატება დაუშვებელი იყო.
რა ვიკითხოთ ეკლესიაში?
პირველ ქრისტიანებს, როგორც ადვილი მისახვედრია, რაბინთა გადაწყვეტილებებთან კავშირი არ ჰქონდათ, ამიტომ წერილის ქრისტიანულ კანონზე I საუკუნეში ლაპარაკი ჯერაც ნაადრევია. თავისთავად, სურვილი, შეედგინათ ბიბლიურ წიგნთა საკუთარი ნუსხა, დროთა განმავლობაში სწორედ იმავე მიზეზით გაჩნდა: გამოჩნდნენ სხვადასხვა სექტები და ერესები, რომლებიც საკუთარ წმიდა წიგნებს გვთავაზობდნენ, და ამ წიგნებისაგან საჭირო იყო მორწმუნეთა დაცვა. ამიტომაც საჭირო გახდა წმიდა წერილის ნუსხების შედგენა.
მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაიწყებს ქრისტიანთა მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში შედგენილ ბიბლიურ წიგნთა ნუსხების ერთმანეთთან შედარებას, გაკვირვება დაეუფლება: რატომ განსხვავდება ნუსხები ერთმანეთისაგან ასე შესამჩნევად და რატომ არაფერს ამბობდნენ მამები ამის შესახებ? გასაგები იქნებოდა, თუ ერთი ღვთისმეტყველი განაცხადებდა: "მე კლიმენტი რომაელის ეპისტოლეეები ახალი აღთქმის ნაწილად მიმაჩნია", ხოლო მეორე უპასუხებდა მას: "არა, ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიტანოთ იქ, როგორც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება". მაგრამ არანაირი კამათი არ ყოფილა, უბრალოდ, ვიღაც აერთიანებდა ამ წიგნებს, ვიღაც კი – არა. ასე, მაგალითად, დასავლური ნუსხები ხშირად ტოვებდნენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს, რომელიც ახალი აღთქმის ყველა დანარჩენ ეპისტოლეს არ ჰგავს, ხოლო აღმოსავლური – იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას, რომლის გაგება უბრალო მორწმუნისთვის საკმაოდ ძნელია. ძველ აღთქმასთან დაკავშირებითაც არ არსებობდა ერთიანობა: ზოგი გვთავაზობდა მოკლე ნუსხას, რომელიც ემთხვეოდა იუდაურ კანონს, ხოლო სხვები – სრულს, რომელიც მოიცავდა სეპტუაგინტას ყველა ან, სულ მცირე, ზოგიერთ წიგნს მაინც.
როგორც ჩანს, მამები იმას კი არ ცდილობდნენ არაორაზროვანი წესი მიეცათ ყველა დროისთვის, არამედ მიეთითებინათ თავისი სამწყსოსათვის, თუ რომელი წიგნების აღიარება შეიძლება წმიდად, და რომლისა - არა. მაგალითად, IV საუკუნეში წმიდა ათანასე ალექსანდრიელი 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლეში ჩამოთვლის "კანონიზებულ" წიგნებს (ეს არის კანონის, როგორც წმიდა წიგნთა ნუსხის, პირველი ხსენება ქრისტიანულ ლიტერატურაში) და "არაკანონიზებულს, მაგრამ მამების მიერ განკუთვნილს საკითხავად". პირველ კატეგორიაში შედის ებრაული კანონის ყველა წიგნი, ესთერის გარდა, და ჩვენთვის ჩვეული ახალი აღთქმის 27 წიგნი; მეორეში – ესთერი, სოლომონის სიბრძნე, ზირაქის სიბრძნე, ტობითი, ივდითი, აგრეთვე ახალაღთქმისეულ კორპუსთან მიერთებული წიგნები – "დიდაქე" და ჰერმესის (ერმას) "მწყემსი". ყველა დანარჩენი წიგნი, ამბობს წმიდა ათანასე, არ უნდა იკითხებოდეს, მაგრამ ამ არასაჭირო წიგნთა ნუსხას არ ასახელებს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ წმ. ათანასე უარყოფს მაკაბელთა წიგნებს? არ არის აუცილებელი ასე ვიფიქროთ. შესაძლებელია, ამ ადგილას და ამ დროს ისინი უბრალოდ ხელთ არ ჰქონდათ, და ამიტომ მათზე საუბარი საჭირო არ იყო.
სხვათა შორის, მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის, რატომღაც, არ არის ესთერის წიგნი – ერთადერთი ყველა ბიბლიურ წიგნთაგან. შესაძლოა, ეს უბრალოდ შემთხვევაა, ან შესაძლოა, ეს წიგნი უკვე მაშინვე აცბუნებდა ხალხს, რადგან ძალიან ბევრია მასში სიძულვილი მტერთადმი... მაგრამ ამის შესახებ საუბარი მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია.
ყოველივე ამ მსჯელობის შედეგად, IV–V საუკუნეებისათვის ყველა ქრისტიანულმა საზოგადოებამ თანხმობა განაცხადა, რომ ახალ აღთქმაში აღიარონ 27 წიგნი, რომელთაც დღესაც ვიპოვით ნებისმიერ ბიბლიაში, ეთიოპიურის გარდა (2).
_____________
2. ეთიოპიური ეკლესიის კანონში ახალი აღთქმის 27 წიგნის გარდა შედის აგრეთვე ზოგიერთი ადრეული აპოკრიფი (მაგ., ენოქის წიგნი).
_____________
არსებობს თუ არა ზღვარი წერილსა და გადმოცემას შორის?
ამდენად, ახალი აღთქმა, პრაქტიკულად, მთელ საქრისტიანოში შეიცავს ერთსა და იმავე 27 წიგნს, მაგრამ რაც შეეხება ძველ აღთქმას, აქ სრული ერთიანობა არ შეიმჩნევა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს 50 წიგნს, დაახლოებით ამდენივეს (მინიმალური განსხვავებებით) ითვლიან სხვა მართლმადიდებლები და კათოლიკეები. მაგრამ პროტესტანტები ბიბლიურად აღიარებენ მხოლოდ იმ 39 წიგნს, რომლებიც შევიდა იუდაურ კანონში; შეიძლება ითქვას, რომ ისინი უბრალოდ ბაძავენ მათ.
მაგრამ რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება კათოლიკეებთან და მართლმადიდებლებთან? მიაჩნიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღებოდა საეკლესიო კრებებზე. ბიბლიურ კანონთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, იხსენიებენ ლაოდიკიის კრებას აღმოსავლეთში (დაახლ. 360 წ.) და კართაგენის მესამე კრებას დასავლეთში (397 წ.). მაგრამ, სინამდვილეში, ამ კრებათა დადგენილებები შორს არიან ყველა საკითხის საბოლოო მოგვარებისგან.
ასე, მაგალითად, ლაოდიკიის კრების დადგენილებებმა ჩვენამდე რამოდენიმე ხელნაწერით მოაღწია. ზოგიერთი მათგანი შეიცავს 60-ე, ყველაზე ბოლო კანონს, ბიბლიურ წიგნთა ნუსხით; სხვები მთავრდება 59-ე კანონით. ამან გააჩინა საფუძველი ეჭვი შეეტანათ 60-ე კანონის ნამდვილობაში, რომელიც ჩამოთვლის "წიგნებს, რომლებიც უნდა იკითხებოდეს" – მოკლე ნუსხას ძველი აღთქმის წიგნებისა ბარუქისა და იერემიას ეპისტოლეების დამატებით, და ახალი აღთქმის 26 წიგნს, მაგრამ გამოცხადების გარეშე.
კართაგენის მესამე კრების 47-ე კანონი კი მოითხოვს, რომ "კანონიკური წიგნების გარდა, არაფერი იკითხებოდეს ეკლესიაში ღვთაებრივი წერილის სახელით" და ჩამოთვლის ძველი აღთქმისა წიგნებისა და ახალი აღთქმის 27 წიგნის ჩვენთვის ნაცნობ სრულ ნუსხას.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს უთანხმოება არავის აწუხებდა. როდესაც 691–692 წლებში ტრულის კრებაზე ეპისკოპოსები შეუდგნენ წინა კრებათა დადგენილებების გაერთიანებასა და კოდიფიკაციას, მათ დაადასტურეს როგორც ლაოდიკიის, ისე კართაგენის ადგილობრივ კრებათა ავტორიტეტულობა, მაგრამ არ მიუთითეს, თუ რომელ ნუსხას უნდა მიჰყოლოდნენ. ამ ორი კრების გარდა, ისინი მიუთითებენ აგრეთვე "მოციქულთა დადგენილებების" ტექსტზეც. მის 85-ე (ასევე ბოლო) კანონში დამოწმებულია კანონიკური წიგნების ნუსხა, სადაც ახალი აღთქმა წარმოდგენილია გამოცხადების გარეშე, მაგრამ კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლით.
ჩნდება განცდა, რომ ბიბლიის ზუსტ შემადგენლობას მამები სულაც არ განიხილავდნენ პირველ რიგში და არც კი განსაკუთრებით ცდილობდნენ აშკარა შეუსაბამობათა აღმოფხვრას: ამგვარ კანონში უბრალოდ არ იყო განსაკუთრებული პრაქტიკული საჭიროება. ლაოდიკიისა და კართაგენის კრებათა განწესებები არ ავლებენ რაიმე ზღვარს ჭეშმარიტ და ერეტიკულ წიგნებს შორის, არამედ მხოლოდ განსაზღვრავენ, თუ რომელი წიგნები შეიძლება იკითხებოდეს ეკლესიაში, როგორც წერილი, და რომელი არა; თუ ერთ ეკლესიაში წაიკითხავენ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას, მეორეში კი – არა, ამ უთანხმოებაში არაფერი იქნება საშინელი, მთავარია, რომ ამ წიგნის ადგილი არ დაიკავოს რომელიმე ერეტიკულმა თხზულებამ.
მწვავე კამათი (წერილის კანონთან დაკავშირებით) დაიწყო დასავლეთში უკვე რეფორმაციის ხანაში და ის ეხებოდა მხოლოდ ძველ აღთქმას. თუმცა, ეს იყო კამათი არა მარტო ბიბლიური კანონის ზუსტი შემადგენლობის შესახებ, არამედ მისი მნიშვნელობის შესახებაც. პროტესტანტები ამ დროს საუბრობდნენ წერილის განსაკუთრებულ ავტორიტეტზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ყველა სხვა წიგნისგან. ამ პრინციპს ეწოდა Sola Scriptura – ანუ მხოლოდ წმიდა წერილი შეიძლება იყოს ეკლესიის მოძღვრების საფუძველი. თუკი ასეა, მაშინ საკითხი იმისა, თუ რა შედის წერილში და რა არ შედის, მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.
მაგალითად, კათოლიკე ღვთისმეტყველებს ჯოჯოხეთის განსაწმენდელის (3) იდეის მხარდასაჭერად (და, საერთოდ, იმ იდეისა, რომ მიწიერ ეკლესიას შეუძლია გავლენა მოახდინოს თავისი წევრების სიკვდილისშემდგომ ბედზე) მოჰყავდათ მეორე მაკაბელთა წიგნის (12:39-45) თხრობა იუდა მაკაბელზე, რომელმაც გარდაცვლილი ძმების განსაწმენდად ღმერთს მსხვერპლი შეწირა. კათოლიკეებისათვის ეს წიგნი წერილის შემადგენლობაში შედის, მაშასადამე, ლოცვა მიცვალებულთათვის ბიბლიურად არის დაწესებული. მაგრამ პროტესტანტების თვალსაზრისით, ეს წიგნი არ არის ბიბლიური, და მაშინაც კი, თუკი იგი თავისთავად კარგი და საინტერესოა, მისი ავტორის მტკიცებებს არ გააჩნია სამოძღვრო ავტორიტეტი.
_____________
3. განსაწმედელი კათოლიკურ მოძღვრებაში აღნიშნავს მდგომარეობას სიკვდილის შემდეგ, სადაც სულები განიწმიდებიან ცათა სასუფეველში შესვლამდე.
_____________
მართლმადიდებლურმა სამყარომ არ იცოდა ამგვარი მასშტაბური და პრინციპული კამათი ტობითის, ივდითისა და სხვა წიგნების ღირსების შესახებ. შედეგად, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც მართლმადიდებლები, მიჰყვებიან რა ლაოდიკიის კრებას, კანონიკურად აღიარებენ იმავე წიგნებს, რასაც პროტესტანტები, მაგრამ ბიბლიის თავიანთ გამოცემებში შეაქვთ არაკანონიკური წიგნებიც ისევე, როგორც კათოლიკეებს. ამრიგად, ბიბლიური კანონი თავად ბიბლიაზე მცირე გამოდის.
მაგრამ უცნაურად ეს შეიძლება მოგვეჩვენოს მხოლოდ რეფორმაციის კონტექსტში, მაგრამ არა აღმოსავლეთში, სადაც მიზნად არ ისახავდნენ გადმოცემისგან გაემიჯნათ წერილი. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ზოგჯერ მათ კონცენტრული წრეების სახით გამოსახავენ: ცენტრშია სახარება, შემდეგ – სხვა ბიბლიური წიგნები (ცხადია, პავლეს ეპისტოლენი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლევიტელთა წიგნი), შემდეგ – მსოფლიო კრებათა განჩინებანი, მამათა თხზულებანი და გადმოცემის სხვა ელემენტები, ცალკეულ სამრევლოთა ღვთისმოსაობრივი ჩვეულებების ჩათვლით. პერიფერია აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ცენტრთან, გადამოწმდეს მისით – მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ სად მთავრდება ზუსტად წერილი და სად იწყება გადმოცემა, რას მივაკუთვნოთ მაკაბელთა წიგნები ან კლიმენტი რომაელის ეპისტოლენი. უფრო მნიშვნელოვანია მათი ავტორიტეტულობის ხარისხის განსაზღვრა სხვა წიგნებთან და ჩვეულებებთან მიმართებაში.
საზღვრები გავლება ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, რჯულსა და ცრურწმენას შორის, ეკლესიურობასა და ერესს შორის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზღვრები წერილსა და გადმოცემას შორის, რომლებიც, როგორც სხვა მრავალი რამ ეკლესიაში, ერთი სულის მოწმობას ემსახურება (1 კორ. 1:10).
წყარო: foma.ru
სტატია ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
