სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
მათეს სახარება
განმარტება:
მოკლე ისაგოგიური მიმოხილვა
პირველი სახარების ავტორი
ქრისტიანულ ეკლესიას ყოველთვის მტკიცედ სწამდა და სწამს, რომ სახარების ავტორი, რომელსაც პირველი ადგილი უპყრია ახალაღთქმისეულ კანონში, არის მათე, ყოფილი მეზვერე, ქრისტეს მოციქული; ასე რომ, ამაში ეჭვი არ შეჰქონდათ მწვალებლებსა და ჭეშმარიტების მტრებსაც კი. ამის შესახებ არ არის საჭირო მრავალრიცხოვანი მოწმობების მოტანა ძველი მამების თხზუულებებიდან; საკმარისია მივუთითოთ ორიგენეს სიტყვებზე, რომელიც საერთოდ ოთხი სახარების მიმართ ითქვა: ἃ καὶ μονά ἀναντίῤῥητα ἐςὶν ἐν τῇ ὑπο τὸν οὑρανὸν εκκλησίᾳ τοὺ Θεοῦ (См. у Евсевия Hist. Lib. VI. сар. 25 (1) О подлинности четырех Евангелий см. Введение в Правосл. Богословие еп. Макария стр. 409-444).
_______________________
1. "როგორც გადმოცემით ვისწავლეთ ოთხი სახარების შესახებ, რომლებიც არის ერთადერთი უეჭველი ცის ქვეშ არსებულ ღვთის ეკლესიაში, რომ პირველი დაიწერა ოდესღაც მებაჟის, მოგვიანებით კი იესუ ქრისტეს მოციქულის მათეს მიერ ებრაულ ენაზე, ებრაელი ქრისტიანებისთვის" (Церковная история / Евсевий Кесарийский; Ввод. ст., коммент. И.В. Кривушина. - Научное издание. СПб.: «Изд. Олега Абышко», 2013. URL: https://azbyka.ru/otechnik/Evsevij_Kesarijskij/tserkovnaja-istorija/6_25#source) (ქართ. ენაზე: ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. 25. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 263) – "აპოკ." რედ.
_______________________
მოკლე ცნობები მათე მახარებლის შესახებ
წმ. მოციქული და მახარობელი მათე (ღვთითბოძებული), როგორც ეს არის ნათქვამი ძველ არაბულ ენაზე არსებულ მის ცხოვრებაში, მოციქულ იაკობ ალფესის ძმა, მოდგმით იყო იუდეველი, ცხოვრობდა ნაზარეთში, და თავის მოქცევამდე იყო მებაჟე, ანუ ღალის ამკრეფი. სხვა მახარობლებთან ის მოხსენიებულია, როგორც ლევი ალფესი, მოციქულებრივი პატივისთვის, ხოლო თვით მათე, თავმდაბლობით, საკუთარ თავს ადრინდელი სახელით ახსენებს და ამით თავის ადრინდელ ცოდვილ მდგომარეობას აღიარებს (Четьи Минеи ноября 16-го дня); რადგან "მებაჟეთა სამსახური, ოქროპირის შენიშვნით, კადნიერი და უსირცხვო იყო. მათ ახასიათებდათ სიხარბე, ანგარება, უპატიებელი და სრულიად გაუმართლებელი მტაცებლობა, რომელსაც ისინი ეწეოდნენ რჯულის სახელით" (Homil. XXX in Matthaeum).
როდესაც კაპერნაუმიდან წამოსულმა უფალმა მათეს საბაჟოს ჩაუარა, უთხრა მას: "გამომყევიო" (მთ. 9:9, 12; შეად.: მკ. 2:13-17; ლკ. 5:27-29), მაშინ, მათემ, იესუ ქრისტეს საპატივცემოდ გაშლილი სუფრის შემდეგ, დატოვა ყველაფერი და გაჰყვა მას, რის შემდეგაც პატივად ერგო ყოფილიყო თორმეტ მოციქულთა შორის, ხოლო უფლის ამაღლების შემდეგ მათე გარკვეული დროის განმავლობაში (არა უნაკლებეს რვა წლისა) სახარებას უქადაგებდა პალესტინელ იუდეველთ, იერუსალიმიდან მოციქულთა გასვლის შემდეგ კი, ქადაგებით მიაშურა სხვა ხალხებს; ის იყო მაკედონიაში, ეთიოპიაში (იხ. Ludolfi. Comment. Ad Hist. Aethiop. Pag. 280) და სპარსეთში (იხ. Амвросий Мед. In. Psalm. 45).
მიუხედავად ამისა, დეტალურმა ცნობებმა მათე მახარებლის სამოციქულო ღვაწლის შესახებ ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია, ასე რომ ნამდვილად ცნობილია მხოლოდ ის, თუ სად და როდის დაასრულა მან თავისი წმიდა ცხოვრება. წმ. იპოლიტე ამბობს, რომ მათე ჩაქოლეს იერაპოლში, პართეველთა ქალაქში, ქრისტეს შობიდან დაახლ. 60 წელს. ხოლო არაბი ცხოვრების აღმწერელი ამბობს, რომ ის მოწამეობრივად აღესრულა ეთიოპიურ ქალაქ ბეშბერში. მისი წმ. ნაწილები იმყოფება ნეაპოლიტანური სამეფოს ქალაქ სალერნაში.
დაწერის დრო
ძველი საეკლესიო მწერლები ერთხმად აღიარებენ, რომ მათემ თავისი სახარება სხვა მახარობლებზე უადრეს დაწერა (იხ. ევსები. Hist. Lib. VI. Cap. 25). თუმცა, განსაზღვრულად უცნობია, რომელ წლებში აღასრულა მან თავისი ეს ღვაწლი. ყველაზე სავარაუდოდ (თვითმხილველთა უმრავლესობისა და ძველი წყაროების მიხედვით) მისი სახარება განეკუთვნება მერვე წელს ქრისტეს ამაღლებიდან, ანუ ქრისტეს შობიდან 42-ე წელს.
უახლესი დანიშნულება
წმ. მათემ, ორიგენეს თქმით, თავისი სახარება დაწერა ებრაულ ენაზე, ებრაელი ქრისტიანებისთვის" (τοῖς ἀπὸ Ἰουδαϊσμοῦ πιςέυσασί) (ევს. იქვე). ეს ძველი მოწმობა სრულიად მართლდება და დასტურდება თვით სახარების ხასიათით; რადგან მათე მახარობელი ამტკიცებს, რომ იესუს წარმომავლობა, შობა, საქმეები და ხვედრი, სრულ შესაბამისობაშია მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებთან და აღთქმებთან. ხოლო მტკიცებულების ეს ფორმა დამაჯერებელია და საჭიროა მხოლოდ ებრაელთათვის; პირიქით, წარმართებისთვის ის არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. "მათე ლაპარაკობს ქრისტეს მხოლოდ ხორციელ ცხოვრებაზე, - შენიშნავს თეოფილაქტე, - რადგან ის წერდა ებრაელთათვის, რომლებისთვისაც საკმარისი იყო მხოლოდ ცოდნოდათ, რომ ქრისტე იშვა აბრაამისგან და დავითისგან; რამეთუ ებრაელი მორწმუნე მშიდდება, თუკი მას დავაჯერებთ, რომ ქრისტე არის დავითისგან" (იხ. თეოფილაქტეს წინასიტყვაობა მათეს სახარების განმარტებაზე).
სახარების დაწერის ადგილი
წმ. ირინეოს ლიონელისა (Adv. Haeres. Lib. III. cap. 1) და მღვდელმოწამე იპოლიტეს (De vitis Apostolor) მოწმობით, მათეს სახარება დაიწერა იერუსალიმში, ქვეყნის უმთავრეს ქალაქში, სადაც წმ. მათე თავიდან ზეპირად ქადაგებდა. დაწერის ადგილად იგივე ქალაქია აღნიშნული ძველ კოდექსებშიც.
სახარების დაწერის ვითარება
ძველი საეკლესიო მწერლები წარმოგვიდგენენ სხვადასხვა შემთხვევებს, რომლებმაც უბიძგეს წმ. მათეს დაეწერა თავისი სახარება. წმ. ეპიფანე სახარების დაწერის მიზეზად ასახელებს სხვა მოციქულებს (Haeres. 31. pag. 185); ევსები - მახარობელის გასვლას იერუსალიმიდან და ქადაგებას სხვა ხალხებისადმი (Hist. Lib. III. cap. 24), ხოლო ოქროპირი - ქრისტიანობისკენ მოქცეულ ებრაელთა თხოვნას. "მათემ, როგორც ამბობენ, თავისი სახარება დაწერა ებრაულ ენაზე მორწმუნე ებრაელთათვის, რომლებიც მივიდნენ მასთან და სთხოვეს, რათა წერილობითად გადმოეცა ის, რასაც ქადაგებდა" (Homil. 1. In Matth.)
მაგრამ ყველა ეს შემთხვევა შეიძლება გავაერთიანოთ, ანუ წმ. მათემ, სხვა მოციქულთა დავალებით, პალესტინელ ქრისტიანთა თხოვნით და იმის გამო, რომ უწევდა ქადაგებად გასვლა სხვა ხალხებში, დაწერა თავისი სახარება, რათა მისი პალესტინელი მოწაფეებისთვის ყოფილიყო იგი იესუ ქრისტეს შესახებ ნაქადაგები სწავლების სახელმძღვანელო და წერილობითი მოსაგონარი.
მათეს სახარების მიზანი
მათეს სახარების ხასიათიდან ჩანს, რომ მის უახლოეს მიზანს წარმოადგენს მითითება მესიაზე, რომელიც არის იესუ ქრისტე, რომელსაც ხურო იოსების ძეს უწოდებდნენ, რადგან მასზე აღსრულდა ყველა უძველესი აღთქმა, წინასახეები და წინასწარმეტყველებანი, რომელიც გამოთქმული იყო მესიაზე.
სახარების შინაარსი და დაყოფა
მათეს სახარებაში გადმოცემულია ისტორია იესუ ქრისტეს წარმომავლობასა და სიყრმეზე, აღწერილია მისი მომზადება საზოგადოებრივი მსახურებისთვის, მოთხრობილია მისი სწავლების, საქმეებისა და ხვედრის შესახებ, რომელიც მის თავზე მოიწია ებრაელი ხალხის მეთაურთა ბოროტებითა და გარყვნილებით.
ამრიგად, მათეს სახარებაში მოცემულია ოთხი ძირითადი ნაწილი:
პირველი - მოგვითხრობს იესუ ქრისტეს წარმომავლობასა და სიყრმეზე, გადმოსცემს მის მოდგმას, იუდეის ბეთლემში შობას, მოგვთა თაყვანისცემას, ეგვიპტეში გაქცევას და ნაზარეთში დასახლებას (თთ. 1-ლი და მე-2);
მეორე ნაწილი - აღწერს მის მომზადებას საზოგადოებრივი მსახურებისთვის, ანუ იოანე ნათლისმცემლის ქადაგებას, იესუს ნათლისღებას იორდანეში და ეშმაკისგან გამოცდას უდაბნოში (თ. მე-3 და მე-4:1-11);
მესამე ნაწილი - გადმოგვცემს იესუ ქრსიტეს სწავლებასა და საქმეებს, ასევე იმას, თუ როგორ გავლენას ახდენდა ეს ყოველივე სხვადასხვა მსმენელისა თუ მხედველის გულსა და გონებაზე (4:11-20:16);
მეოთხე ნაწილი - შეიცავს მისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეების ისტორიას, კერძოდ: დიდებით შესვლა იერუსალიმში; მამხილებელი ქადაგებანი, რომლებიც მან წარმოთქვა იერუსალიმის ტაძარში; წინასწარმეტყველება იერუსალიმის დანგრევაზე და სამყაროს აღსასრულზე დარიგებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მორწმუნენი ამ აღსასრულის მოლოდინში; საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს აღწერა; წინასწარმეტყველება მისი გაცემის შესახებ პასექის უახლოესი დღესასწაულისთვის; ევქარისტიის დაწესება, ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა და მოციქულთა გაგზავნა საქადაგებლად ყველა ხალხთან; აღთქმა მორწმუნეთადმი, რომ ის მათთან იქნება აღსასრულამდე სოფლისა (20:17 – 28:20).
მთელი ეს ისტორია იმიტომ შედის სახარების შემადგენლობაში, რომ წარმოადგენს მტკიცებულებას მთავარი წინადადებისა: "იესუ ძე იოსებისა და მარიამისი, არის ჭეშმარიტი და აღთქმული მესია".
მათეს სახარების პირველდაწყებითი ენა
როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს მათემ ებრაელებს თავიანთ დიალექტზე დაუწერა სახარება (Advers, Haeres.Lib. III. cap. 1). "მათემ თავისი სახარება დაწერა ებრაულ ენაზე", ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი (Огласит. поучение 14-е); იგივეს ადასტურებენ პაპიასი, ნეტ. იერონიმე და სხვა ცნობილი ძველი მწერლები (იხ. ევსები. Hist. Lib. III. cap. 39; Lib. IV. cap 3,4; Lib. V. cap 9,10). პანთენმა, ალექსანდრიული სასწავლებლის ხელმძღვანელმა (II ს-ის მიწურული), ქრისტიანობის საქადაგებლად ინდოეთში ყოფნისას იპოვა მათეს სახარების ებრაული დედანი, რომელიც იქ მოციქულ ბართლომეოსს შეუტანია (ევსები. Hist. Lib. V. cap. 10). ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ ეს ებრაული დედანი მის დროს ინახებოდა კესარიაში, მოწამე პამფილუსის მიერ შედგენილ ბიბლიოთეკაში (Catal. Script. Eccles. Cap. 2; cn. Adversus Pelaginos. Lib. III. cap. 1).
თუმცა, ორიგენეს ცნობით, მათეს სახარების ებრაულ დედანს არ ჰქონია საეკლესიო გამოყენება (Homil. VIII in Matth.); პირიქით, მისი ბერძნული თარგმანი ძველ და გვიანდელი დროის ეკლესიაში ყოველთვის სარგებლობდა დედნისთვის შესაფერისი უდიდესი პატივისცემით (იხ. კირილე ალექს. Stromat. 1, 9 pag. 280). იერონიმესა (Praefat. In Evangelia) და ავგუსტინეს (De consensu Evangel. Lib. 1. cap. 2) ცნობით ეს თარგმანი შესრულებულია მოციქულთა დროს და მიეწერება ის ან იაკობს, უფლის ძმას (სინოპსისი), ან იოანე ღვთისმეტყველს (თეოფილაქტე მათეს სახარების შესავალში), ან კიდევ ლუკა მახარობელსა და მოციქულ პავლეს (ანასტასი სინელთან, მერვე ჰომილიაში დაბადების წიგნზე).
შენიშვნა: ევსების თქმით პაპიასი მათე მახარებლის შესახებ ამბობს: "მათემ ებრაულ ენაზე შეადგინა გამონათქვამები..." (Ματθάιος Eβραϊδι διαλεκτω τὰ λογὶα συνεγράψατο) (ევს. Нist. Lib. III сар. 39); ნეტ. იერონიმეს თქმით: მათემ იუდეაში დაწერა სახარება ებრაულ ენაზე იუდეველთაგან მოქცეულ ქრისტიანთათვის (Matthaeus evangelium in Judaea Ebraeo sermone edidit оb еоrum vel maxime causam gui in Jesum crediderunt ex Judaeis) (Praefat in Matth.). თეოფილაქტეს თქმით: "მათემ, ქრისტეს ამაღლებიდან რვა წლის შემდეგ, ყველაზე პირველმა დაწერა სახარება ებრაულ ენაზე მორწმუნე იუდეველთათვის. ხოლო ებრაული ენიდან ბერძნულად, როგორც ამბობენ, გადმოთარგმნა ის იოანემ" (თეოფილაქტე ბულგარელი. მათეს სახარების განმარტება. შესავალი).
გამოყენებული ლიტერატურა: Исагогика, или Введение в книги Священнаго Писания Новаго Завета, составленное Вологодской духовной семинарии учителем Алексеем Хергозерским. - Санкт-Петербург : Тип. Имп. Акад. наук, 1860.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ. "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
თავი 1
1-17
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.
9. ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია.
10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია.
11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.
12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი.
13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი.
14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი.
15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი.
16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17. ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
***
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum) (IV ს.):
წიგნი მადლის საგანძურის მსგავსია. რადგან, როგორც ვინმე ჰპოვებს მდიდრის საცავში რაიმე ისეთს, რასაც ისურვებს, ასევე ამ წიგნში ყოველი სული ჰპოვებს იმას, რაც სჭირდება. რას ნიშნავს მათეს სიტყვები: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა"? და, როგორ ამბობს ესაია: "ნათესავი მისი ვინ მიუთხრას" ("მისი მოდგმა ვინ გამოთქვას")? (ეს. 53:8) ესაია ღაღადებს, რომ ქრისტეს საღმრთო წარმომავლობა აუხსნელია, ხოლო მათე მის ხორციელ წარმომავლობას გადმოგვცემს.
***
მათეს არ უთქვამს: "იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა", არამედ "ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა". მაგრამ რატომ აჩვენა იოანემ თავისი სახარების დასაწყისშივე მისი ღვთაებრივი ბუნება, როდესაც ბრძანა: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა" (ინ. 1:1)? იმიტომ, რომ იოანე, იმყოფებოდა რა წარმართთა შორის დევნულებაში, სახარებაც ბერძნულად მათთვის დაწერა, რომლებმაც არ უწყოდნენ არც ის, რომ ღმერთს ჰყავს ძე, არც ის, როგორ აღესრულა მისი შობა; ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჯერ წარმართებისთვის ეჩვენებინა მისი განკაცების საიდუმლო, რადგან მათ არ იცოდნენ, ვინ იყო იგი. შედეგად, თავიდან აუცილებელი იყო მათთვის აეხსნა, რომ ძე ღმრთისა არის ღმერთი, შემდეგ კი ის, რომ განკაცდა, რადგან ამბობს: "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ" (ინ. 1:14). როგორც უკვე ვთქვით, მათე სახარებას იუდეველთათვის ებრაულ ენაზე წერდა, რათა, მისი მკითხველი იუდეველები რწმენაში განმტკიცებულიყვნენ. იუდეველებმა ხომ ყოველთვის იცოდნენ, რომ არსებობს ძე ღმრთისა და როგორი სახით არის ის - ძე ღმრთისა. ამიტომაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო გადმოეცათ მისი ღვთაებრიობის ბუნება, რომელიც მათ ისედაც მშვენივრად უწყოდნენ.
მაგრამ რატომ ახსენებს თავიდან დავითის სახელს, თუმცა დროის მიხედვით მას აბრაამი უსწრებს? პირველი და მარტივი განმარტება ასეთია: მახარებელი ვარაუდობდა უფლის გენეოლოგია აეთვალა აბრაამიდან, მაგრამ მას რომ თავიდანვე ეთქვა უფალი აბრაამის ძე არისო და შემდეგ დავითისა, მას აუცილებლობით კვლავ აბრაამთან დაბრუნება მოუწევდა და მისი ორჯერ ხსენება გახდებოდა საჭირო.
სხვა განმარტება ასეთია, - მეფობის ღირსება უმეტესია, ვიდრე ბუნებისა; ამრიგად, თუმც აბრაამს დროითი უპირატესობა გააჩნია, დავითს ეს უპირატესობა ღირსების მიხედვით აქვს" (PG 56:612; PG 56:612-613).
წმ. ათანასე დიდი (IV ს.):
"ქრისტე მღვდელიცაა და მეფეც; ის - მღვდელია, რადგან საკუთარი თავი შეწირა ჩვენთვის; ის - მეფეა, რადგან გამეფდა ცოდვისა და სიკვდილის დასამხობად" (ჰომილიებიდან მათეს სახარებაზე).
ბ. ი. გლადკოვი (19-ე ს. - მართლმადიდებელი სასულიერო მწერალი და საზოგადო მოღვაწე):
მათე მახარობელმა თავისი სახარება დაწერა ებრაელთათვის. ხოლო რადგან მათთვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ იესუ არის ის ჭეშმარიტი მესია, ღმერთი მათ მამამთავრებს რომ შეჰპირდა, და გვარტომობით არის დავითისა და აბრაამის თესლისგან, მახარებელი მათეც თავის სახარებას სწორედ იესუ ქრისტეს გენეოლოგიით იწყებს.
სერგიევ-პოსადის ყოვლადწმიდა სამების მონასტრის "ფურცლები":
"სად მოიპოვა მათე მახარებელმა იესუ ქრისტეს გენეალოგიური ნუსხა? იუდეველებს ჰქონდათ ჩვეულება, ეწარმოებინათ ჩანაწერები, თუ ვინ ვისი მამა, პაპა ან პაპის პაპა იყო. ასეთი ჩანაწერები ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ყოველი ახალი ოჯახი, რომელიც ცალკე იწყებდა ცხოვრებას, ასეთ ჩანაწერებს აკეთებდა იმ ოჯახიდან, რომელსაც გამოეყოფოდა. ასეთი ჩანაწერები არსებობდა იოსების ოჯახშიც. მათე მახარებელმა ისინი მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან ან იოსების ძე იაკობისგან, ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრისგან და ჩართო სახარებაში. დავითის სამეფო გვარში ცოცხლობდა ღვთის აღთქმის შესრულებისა და ქრისტეს შობის იმედი".
ექვთიმე ზიგაბენი (11-ე ს. მართლმადიდებელი ბერი):
წარმომავლობაში (გენეოლოგიაში) (γενεσις) (ბერძნ. γενέσεως - წარმომავლობა) იოანე ოქროპირი გულისხმობს შობას, რადგან სიტყვა γενεσις (გენესის) საზოგადო აზრით ნიშნავს კიდევაც შობას (1). ზოგიერთი კი ამბობს, რომ როგორც ქრისტემ, რომელიც ზებუნებრივად იშვა ქალწულისგან, განაახლა ბუნებრივი შობა, ასევე მახარობელმა განაახლა შობის ბუნებრივი სახელწოდება, როდესაც ის წარმომავლობას (გვარტომობას) უწოდა. სახელი იესუ - ებრაულია და ნიშნავს მაცხოვარს. "ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან" (მთ. 1:21).
__________________
1. სიტყვა-სიტყვით მათეს სახარება ბერძნულად იწყება ასე: "Βίβλος γενέσεως Ιησοῦ Χριστοῦ..." ("წიგნი წარმომავლობისა იესუ ქრისტესი..." - "აპოკ." რედ.
__________________
ხოლო შენ, როდესაც გესმის განსხვავებულ პირთა აღმნიშვნელი ერთი სიტყვა იესუ, ნუ დაბრკოლდები, რადგან: იყო იესუ ქრისტე და იყო სხვა იესუც, - ძე ნავესი, - ამიტომაც მახარობელმა მარტო ის კი არ თქვა, "წიგნი შობისა იესუსი", არამედ "იესუ ქრისტესი", რითაც ერთი იესუ მეორისგან განასხვავა. მაგრამ ვინმე შეიძლება დააბრკოლოს იმან, რომ ეს წიგნი შეიცავს იესუ ქრისტეს არა მარტო შობას, არამედ საერთოდ მის ცხოვრებას და განგებულებას.
ამ ეჭვებს ჩვენ გავფანტავთ მით, რომ შობა მთელი მისი საღმრთო განგებულების, ცხოვრების და ჩვენი გამოხსნის სათავეა. უდიდეს გაკვირვებას ბადებს და ყოველგვარ სასოებასა და მოლოდინს აღემატება ის, რომ ღმერთი ადამიანი ხდება; ამის შემდეგ, ყველაფერი შემდგომი უკვე ბუნებრივად და თავისთავად აღსრულდება. ამრიგად, ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის გამო იწოდა კიდეც ეს წიგნი წიგნად შობისა.
ამგვარადვე უწოდა მოსემ თავის პირველ წიგნს "ცისა და მიწის დაბადება" (დაბ. 2:4), თუმცა ის ლაპარაკობს არა მარტო ცასა და მიწაზე, არამედ ყოველ ქმნილებაზე. ან კიდევ: რადგან ქრისტე იშვა ზებუნებრივად, სწორედ უთესლოდ და ქალწულისგან, - და ბუნებრივადაც, რადგან ქალწულისგან შობილი მისავე რძით იკვებებოდა, სახარებამ ამ შობას წარმომავლობა უწოდა (მთ. 1:1), სადაც იგულისხმა ის, რაც ზებუნებრივია, ქვემოთ კი თქვა: "ხოლო იესუ ქრისტეს შობა ასე მოხდა" (მთ. 1:18), განგვიმარტა რა ის, რაც იყო ბუნებრივად.
ზოგიერთები ამბობდნენ, რომ იესუს გენეზისი - ეს არის მისი ჩამოსვლა ქვეყნად, სწორედ ის, თუ როგორი სახით მოვიდა იგი ადამიანებთან.
"ძე დავითისა, ძე აბრაამისი". დავითის ძეს მახარობელი უწოდებს ქრისტეს უწოდებს, ხოლო აბრაამის ძედ - თვით დავითს, მიმართავს რა აღთქმისკენ მსმენელთა ყურადღებას. ოდესღაც ღმერთმა აბრაამს და დავითს აღუთქვა, რომ მათი თესლიდან დაიბადებოდა ქრისტე, და რადგან მსმენელები, როგორც უკვე ვთქვით, იუდეველნი იყვნენ, მათთვის ცნობილი იყო ეს აღთქმა.
მახარობელმა აბრაამზე უწინარეს დავითი მოიხსენია, რადგან ის ყველას პირზე ეკერა, როგორც დიდი წინასწარმეტყველი, როგორც საკმაოდ სახელოვანი მეფე და, თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი. ხოლო აბრაამი თუმც კი ცნობილი იყო, როგორც პატრიარქი, მაგრამ რადგან დიდი ხნის წინ იყო გარდაცვლილი, ისეთი პატივით არ სარგებლობდა. მართალია, ღმერთმა აღთქმა მისცა ერთსაც და მეორესაც, მაგრამ აბრაამისადმი მიცემული აღთქმის შესახებ, როგორც ძველზე, დუმდნენ, ხოლო დავითის აღთქმაზე, როგორც უახლესზე, ყველა ლაპარაკობდა. ამიტომაც ამბობდნენ: "წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი" (ინ. 7:42). ასე რომ, არავინ უწოდებდა მას აბრაამის ძეს, არამედ ყველანი ხმობდნენ ძედ დავითისა. ამიტომ, იქიდან მოყოლებული, რაც ცნობილი გახლდათ, ადის იქამდე, რაც ძველია.
რადგანაც მათე მახარებელი წერდა იმათ, ვინც წინადაცვეთილთაგან იყვნენ, მისგან აღწერილი გვარტომობა აბრაამს არ სცილდება; იწყებს მისგან და ჩამოდის ქრისტემდე, რითაც გვიჩვენებს, რომ ის აბრაამისა და დავითის თესლისგან იშვა, როგორც ეს აღთქმული იყო ძველად. არაფერი ისე არ ანუგეშებდა მორწმუნე იუდეველთ, როგორც ცნობა, რომ ქრისტე იშვა აბრაამისა და დავითის თესლისგან, რადგან ისინი მხსნელს ყოველთვის იქიდან ელოდნენ.
ლუკა, რომელიც თეოფილეს მიერ ესაუბრება ყველა მორწმუნეს, გადმოგვცემს სრულ გენეოლოგიას. ის ქრისტეთი იწყებს და ადის ადამამდე, რათა აჩვენოს, რამდენი თაობა ჰყოფდა ახალ ადამს ძველისგან და რამდენ თაობაში ბატონობდა ცოდვა. ამიტომაც სამტკიცებელ საგანთა განსხვავებამ მტკიცებულებათა განსხვავება წარმოშვა. მათემ, აუცილებლობის გამო ახსენა აბრაამი, და მისგან ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ჩამოდის ქრისტემდე, რომლის გენეალოგიაც გადმოგვცა. ხოლო ლუკა, რომელსაც არ სჭირდებოდა აბრაამის ხსენება, აუცილებლობის გამო იწყებს ქრისტედან და ადის ადამამდე, - რაც ებრაელთათვის ჩვეული იყო, - და ამ ასვლით აყალიბებს გენეოლოგიას" (მათეს სახარების განმარტება).
პროფ. ა. ვ. ივანოვი (1837-1911):
იწყებს რა თავის სახარებას ქრისტეს განკაცებით, წმიდა მახარობელი მათე უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს მის წარმომავლობაზე აბრაამიდან და დავითიდან. როგორც ნეტ. თეოფილაქტე ბრძანებს, რადგან ის "იუდეველებს წერდა, მათთვის საკმარისი იყო მიენიშნებინა, რომ ქრისტე წარმოდგებოდა აბრაამისა და დავითისგან; მშვიდდება მორწმუნე იუდეველი, როდესაც მას ესმის, რომ ქრისტე არის დავითისგან". ხოლო მახარობელი თავის წიგნს ასე იწყებს: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა", და ამ გენოლოგიაში აბრაამიდან და დავითიდან იოსებამდე მოდის, მარიამის ქმრამდე, "ვისგანაც იშვა იესუ, რომელსაც ჰქვია ქრისტე" (მთ. 1:16); და ეს იმ მიზნით, რათა, ერთი მხრივ, იუდეველებს აჩვენოს მასში ჭეშმარიტი მესია - ქრისტე - მეორე მხრივ, კი დაარწმუნოს იუდეველნი მათი მამამთავრებისთვის, აბრაამისა და დავითისთვის მიცემული აღთქმის აღსრულებაში (დაბ. 12:3; 22:18; 2 მეფ. 7:12-16)...
რაც შეეხება იმას, რომ მათემ თავის სახარებას წარმომავლობა (გენეზისი) უწოდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახელწოდება იუდეველთათვის სიყრმითგანვე ცნობილი და წმიდა იყო: მას კეთილგონიერი და ღვთისმოშიში მკითხველისთვის უნდა გაეხსენებინა დაბადების წიგნი (βίβλος γενέσεως - დაბ. 2:4), რომელიც დევს რჯულისა და მთელი წერილის დასაბამსა და საფუძველში, ამიტომაც იყო ყველაზე ჯეროვანი ახალი აღთქმის პირველი წიგნის ამ სიტყვებით დაწყება.
როგორც დაბადების წიგნში ნაუწყები იყო პირველი ადამიანის შექმნა, ასევე სახარებაში ნაუწყებია კაცი - იესუს დაბადება და მის მიერ მთელი კაცობრიობის აღორძინება. ამრიგად, მათემ, შესთავაზა რა თავის მკითხველებს სახარება იუდაურ ენაზე და უწოდა მას "წარმომავლობა" (გენეზისი), პირდაპირ მიუთითა იუდეველთა წიგნზე შობისა, და ერთგვარად მოისურვა თავისი წიგნით მათთვის შეეცვალა წიგნი შესაქმისა.
წმ. ჰილარიუს პიქტავიელი (დაახლ. 315 - 367):
"ის, რაც მათემ წარმოადგინა ქრისტეს სამეფო გენეოლოგიაში, ლუკამ მის სამღვდლო წარმომავლობაში აჩვენა (2): თითოეული მათგანი, ერთი პირველ, ხოლო სხვა მეორე ჩამონათვალში, სამეფო და სამღვდლო ტომებისადმი უფლის კუთვნილებას წარმოაჩენენ. და მოდგმის თანმიმდევრობაც სწორად არის დადგენილი, რადგან კავშირი ამ ორ ტომს შორის, რომელიც დაიწყო დავითის ქორწინებით, დასტურდება გენეოლოგიის გაგრძელებით სალათიელიდან ზორობაბელამდე.
__________________
2. მათეს და ლუკას შორის ქრისტეს გენეალოგიის განსხვავება პრობლემას წარმოადგენდა ძველი ეგზეგეტებისთვის. ჰილარიუს პიქტავიელი ამ განსხვავებას ხსნის იმით, რომ ლუკას საფუძველზე, იესუ გამოვიდა ლევის ტომიდან, რომელსაც არ გააჩნდა თავისი ტერიტორია და ამიტომაც შერეული იყო სხვა ტომებთან. ამრიგად, ცხადი ხდება ქრისტეს სამეფო წარმომავლობაც (იუდასგან) და სამღვდლოც (ლევისგან).
__________________
ამრიგად, იმ დროს, როდესაც მათე უფლის წარმოშობას განიხილავს მამობრივი ხაზით და იწყებს იუდასგან, ლუკა ლაპარაკობს იმაზე, რომ ის მომდინარეობს ნათანისგან, რომელიც იყო ლევის ტომის; და ყოველი თავისებურად აჩვენებს ჩვენი უფლის იესუ ქრსიტეს დიდებას, რომელიც არის მარადიული მეფე და მღვდელმთავარი; დიდებას, რომელიც წარმოჩინდა ასევე მის ხორციელ წარმომავლობაში ამ ორი მოდგმისგან. არ არის მნიშვნელოვანი, რომ განიხილება იოსების წარმომავლობა, და არა მარიამის, რადგან ეს ერთი და იგივე ტომია, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ნათესაური კავშირებით.
მათეც და ლუკაც მოწმობენ ამის შესახებ, როდესაც ჩამოთვლიან მამებს უფრო ერთი ხალხისადმი მათი კუთვნილების მიხედვით, ვიდრე მოდგმისადმი, რადგანაც ტომი, რომელიც თავის საწყისს იღებს ერთი ადამიანისგან, არსებობას აგრძელებს ოჯახში, რომელიც დაკავშირებულია მემკვიდრეობის ერთ თანმიმდევრობასთან და ერთ წარმომავლობასთან. ქრისტე უნდა წარმოჩენილიყო, როგორც ძე დავითისა და აბრაამისი, ამიტომაც იწყება სახარება ასე: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა"; და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ადგილი უპყრია ან როგორი თანმიმდევრობით არის საგვარტომო ჩამონათვალი, რადგან გასაგებია, რომ წმიდა ოჯახი ერთი ფესვიდან წარმოდგება.
ამრიგად, თუკი იოსები და მარიამი ეკუთვნიან ერთ ტომს, და თუკი მახარებელი აჩვენებს, რომ იოსები არის აბრაამის მოდგმისგან, ჩვენ ვსწავლობთ, რომ ამ მოდგმას ეკუთვნის მარიამიც. ეს თანმიმდევრობა დაცულია რჯულშიც: თუკი ოჯახის თავი კვდება ისე, რომ არ ტოვებს ვაჟიშვილებს, მაშინ მისი ძმებიდან უფროსი ვალდებულია ცოლად აიყვანოს გარდაცვლილი ძმის ცოლი და ნაშობი შვილები დააბრუნოს გარდაცვლილის ოჯახში; ამგვარი სახით დაცული იქნება მემკვიდრეობის თანმიმდევრობა პირველშობილობის მიხედვით, რადგან ისინი ჩაითვლებიან იმათ მამებად, ვინც დაიბადება მათ შემდეგ, სახელისა თუ მოდგმის მიხედვით" (Комментарий на Евангелие от Матфея).
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.):
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.):
წყარო: PG 56:613; PG 56:614
"აქ ხორციელი შობა იგულისხმება, რადგან დაუსაბამო ძე ღვთისა დავითის ძედ ბოლო ჟამს მოგვევლინა. მას ორი მამა ჰყავს: ხორციელად - დავითი, საღვთოდ და სულიერად - მამა ღმერთი. დავითისგან შობა ექვემდებარება დროს და გენეალოგიურ გამოძიებას, საღვთო შობა კი - არც დროს, არც ადგილს და არც გენეალოგიურ აღრიცხვას, რადგან ნათქვამია: "ვინ გამოთქვამს მის მოდგმას?" (ეს. 53:8).
გახსოვთ ის დამოძღვრა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეთ ჩვენგან? როდესაც გთხოვდით, რომ ყოველივე, რაც ითქმება ღრმა დუმილითა და ღმრთისმოსაური სიჩუმით მოგესმინათ? დღეს ჩვენ წმიდა კარიბჭეში უნდა შევაბიჯოთ. სწორედ ამიტომ შეგახსენებთ ამ დარიგებას. თუკი იუდეველებს მანამდე, ვიდრე ცეცხლოვან მთაზე შეაბიჯებდნენ - ცეცხლში, წყვდიადში, სიბნელესა და ქარიშხალში, უფრო სწორად, კი არ შეაბიჯებდნენ, არამედ, ყოველივეს შორიდან იხილავდნენ, ჯერ კიდევ სამი დღით ადრე ებრძანათ, ცოლებთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ და ტანსაცმელი გაერეცხათ, თუკი თვით ისინიც კი და მათთან ერთად მოსე, შიშისგან თრთოდნენ და ცახცახებდნენ, მაშ რაოდენ აღმატებული სიბრძნისმოყვარება უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, როდესაც ესოდენ დიდებული სიტყვების მოსმენა მოგველის და ცეცხლოვან მთასთან შორს დგომა კი არ მოგვიწევს, არამედ თვით ცადაღსვლა. ტანსაცმელი კი არ უნდა გავრეცხოთ, არამედ - შესამოსელი სულისა და ყოველგვარი ცხოვრებისეული მინარევებისგან გავთავისუფლდეთ.
არც წყვდიადს, არც კვამლსა და არც ქარიშხალს არ იხილავთ თქვენ, არამედ, თავისი გამოუთქმელი დიდებით ზეციურ საყდარზე დაბრძანებულ მეფეს - მის წინაშე წარდგომილი ანგელოზებითა და მთავარანგელოზებით და წმიდათა დასებით - ათასობით და ათიათასობით ზეციური მხედრობანი რომ ახლავთ თან. ასეთია ქალაქი ღმრთისა, რომელიც იტევს ახლადშობილთა ეკლესიას, მართალთა სულებს, ანგელოზთა მედღესასწაულე ერთობას, სისხლით სხურებას, რომლის მიერ ყოველივე ერთიანდება, ზეცამ მიიღო მიწიერი და მიწამ - ზეციური, დამყარდა ანგელოზთა და წმიდათაგან დიდი ხნიდან ნანატრი მშვიდობა. ამ ქალაქში აღმართულია ბრწყინვალე და დიდებული ჯვარი: აქაა ქრისტეს ალაფი, ჩვენი ბუნების საწყისი, ჩვენი მეუფის მიერ მოპოვებული.
ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებითი სიზუსტით სახარებიდან შევიტყობთ. და თუკი შენ შესაბამისი სიმშვიდით მოგვყვები, ჩვენ შევძლებთ, რომ ყველგან მიგიყვანოთ და გაჩვენოთ, თუ სად არის (ჯვარზე) მიმსჭვალული სიკვდილი, სადაა ჩამოხრჩობილი ცოდვა, სადაა ამ ომის, ამ ბრძოლის აურაცხელი და განსაცვიფრებელი ძეგლი. იქ ნახავ შებორკილ მტანჯველსაც - დატყვევებულ ბრბოს თანხლებით და იმ ციხე-სიმაგრესაც, საიდანაც ეს ბილწი დემონი ძველ დროში ყოველმხრივ თავდასხმებს აწყობდა. ნახავ ავაზაკის თავშესაფარსა და ბუნაგს, - უკვე გატეხილსა და განადგურებულს, რადგან მეფე აქაც მოვიდა. არ დაიქანცები, საყვარელო! შენ ძალგიძს, დიდხანს ისმინო მაშინ, როდესაც ვინმე ჩვეულებრივი ომის, ნაალაფევისა და გამარჯვებების შესახებ გიამბობს და ამგვარ მონათხრობს არანაირ საჭმელსა და სასმელზე არ გაცვლი. და თუკი შენთვის ამგვარი ამბები ასე სასიამოვნოა, მაშინ ჩემი - კიდევ უფრო მეტად.
წარმოიდგინე, რისი მოსმენა მოგიწევს: ღმერთი როგორ აღსდგა ზეციდან და სამეფო საყდრიდან, როგორ გარდამოვიდა მიწაზე და თვით ჯოჯოხეთში, როგორ წამოიწყო მან ბრძოლა, როგორ ებრძოდა ეშმაკი ღმერთს, და, ამასთან არა აშკარად ღმერთს, არამედ, ღმერთს - კაცობრივ ხორცში რომ მალავდა თავს. და რაც ყველაზე საოცარია, შენ ნახავ, როგორ დაირღვა სიკვდილით სიკვდილი, როგორ გაუქმდა წყევლა წყევლით, როგორ დაემხო ეშმაკის სატანჯველი სწორედ იმითი, რითაც ძლიერება მოიხვეჭა. მაშ, შევუდგეთ და თვლემას ნუ მივეცემით! მე უკვე ვხედავ, როგორ იღება კარი ჩვენს წინაშე. სრული წესიერებითა და კრძალულებით შევაბიჯოთ მასში. ეხლა ჩვენ პირდაპირ კარიბჭეში შევალთ. და რა კარიბჭეა იგი? "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისი" (მთ. 1:1). შენ რას მეუბნები? დაგპირდი, რომ ღმრთის მხოლოდშობილ ძეზე ვისაუბრებდით და ამის სანაცვლოდ იხსენებ დავითს, ადამიანს, მთელი თაობების მიღმა რომ ცხოვრობდა და მას მამად და პირველმშობლად იხსენიებ? დაიცადე, ნუ შეეცდები, ყველაფერი დაუყოვნებლივ შეიტყო. არამედ თანდათანობით და ცოტ-ცოტა გაიგე. შენ ხომ ჯერ კიდევ კარიბჭეში დგახარ?! ზღურბლზე: რად გეჩქარება სიწმიდეში შესვლა? ჯერ ხომ გარედან ყველაფერი კარგად არ დაგითვალიერებია? მე ჯერ შენ არაფერს გეტყვი უპირველესზე - ზეციურ შობაზე, უფრო სწორად, არაფერს ვამბობ არც მეორეზე - მიწიერ შობაზე, რადგანაც ისიც აუხსნელი და გამოუთქმელია. ამაზე ჩემზე წინ ესაია წინასწარმეტყველმა გითხრა სწორედ მაშინ, როდესაც გაუწყებდა უფლის ვნებასა და ამ სოფლისადმი მის უდიდეს მზრუნველობას. მან, გულშეძრულმა იმის ხილვით, თუ ვინ იყო იგი, და რად იქცა, და სად მოვიდა, ხმამაღლა და მკაფიოდ შესძახა: "ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე?" (ეს. 53:8).
ამგვარად, ამჯერად სიტყვას იმ ზეციურ შობაზე კი არ დავიწყებთ, არამედ ამ შორეულ, მიწიერ შობაზე, ათასობით მოწმე რომ ჰყავდა. სწორედ მასზე ვილაპარაკებთ იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიერ მიღებული სულის მადლით იქნება ეს შესაძლებელი. მთელი სისრულით არც ამ შობის წარმოდგენაა შესაძლებელი, რამდენადაც ისიც საიდუმლოებითაა აღსავსე.
ამგვარად, როდესაც ამ შობის შესახებ ისმენ, ნუ წარმოიდგენ, რომ რაიმე ნაკლებადმნიშვნელოვანს ისმენ. არამედ წარმართე გონება შენი და შიშით აღივსე, რამდენადაც გესმის, რომ ღმერთი დედამიწაზე მოვიდა. ეს იმდენად საოცარი და სასწაულებრივი იყო, მადიდებელ გუნდად შეკრებილმა ანგელოზებმა მთელ ქვეყანაზე ქება აღავლინეს და წინასწარმეტყველნი უფრო ადრე იყვნენ განცვიფრებულნი იმით, რომ "ღმერთი გამოჩნდა მიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთ შორის" (ბარუქ. 3:38). და ჭეშმარიტად, უკიდურესად განმაცვიფრებელია მოსმენა იმისა, რომ გამოუთქმელი, ამოუხსნელი და მიუწვდომელი ღმერთი, თანასწორი მამისა, ქალწულებრივი საშოდან მოვიდა, დედაკაცის მიერ შობა კეთილინება და წინაპრებად დავითი და აბრაამი ჰყავდა. და რას ვამბობ, დავითი და აბრაამი მეთქი, - თვით ის დედაკაცები, ადრე რომ ვახსენე! ამას ყოველთვის რომ გაიგონებ, შეიწყნარე და რაიმეს დამამცირებელს ნურც კი იეჭვებ. პირიქით, განსაკუთრებით განგაცვიფროს იმან, რომ დაუსაბამო მამის ძემ, ჭეშმარიტმა ძემ, დავითის ძედ წოდება ინება, რათა შენ ძედ ღმრთისად ექციე. კეთილინება ყოფილიყო მონად თავისი მამისა, რათა შენ მონა, მის მიერ მეუფის მამად ექციე. ხედავ, როგორი კეთილუწყებაა დასაწყისშივე? თუკი საკუთარ ღმრთისძეობაში დაეჭვდები, მაშ, მას ერწმუნე, როდესაც ისმენ, რა აღესრულა მასთან მიმართებაში. ადამიანური განსჯის მიხედვით განა გაცილებით ძნელი არ არის იმის მიღება, რომ ღმერთი განაკცდა, ვიდრე იმისა, რომ ადამიანი გახდა ძე ღმერთისა?!
ამგვარად, როდესაც გესმის, რომ ძე ღმრთისა დავითისა და აბრაამის ძედ იქცა, მაშინ ნუღარც ის დაგაეჭვებს, რომ შენც ძე ადამისი, ღმრთის ძედ იქცევი. ტყუილუბრალოდ და ამაოდ ის ხომ საკუთრ თავს ესოდენ არ დაიმდაბლებდა, ჩვენი ამაღლება რომ არ სურვებოდა?! ის იშვა ხორცით, რათა შენ იშვა სულით; იშვა დედაკაცისგან, რათა შენ დედაკაცის ძე აღარ ყოფილიყავ. აი, რატომ იყო ეს შობა ორმაგი: ერთი მხრივ, ჩვენი მსგავსი და მეორე მხრივ - ჩვენი ამამაღლებელი. იმით, რომ იშვა დედაკაცისან, იგი მოგვემსგავსა ჩვენ; იმით, რომ იშვა არა სისხლთგან, არა კაცის თუ ხორცის ნებით, არამედ - სულიწმიდისგან, იგი გვიწინასწარმეტყველებს ჩვენს მომავალ, ამაღლებულ შობას, რომლის მონიჭებასაც იგი სულის მადლით გვიპირებდა.
შემდეგ ყველაფერი ასეც მოხდა. ასეთივე იყო ნათლისღება; მასშიც იყო რაღაც ძველი და იყო რაღაც ახალი: ნათლისღება წინასწარმეტყველისგან გვაჩვენებდა ძველს, ხოლო გარდამოსვლა სულისა მიანიშნებდა ახალზე. მსგავსად იმისა, როგორც ვინმე, ჩადგება რა ორ საპირისპირო მხარეს მყოფს შორის, ხელებს განიპყრობს და შეაერთებს მათ, სწორედ ამგვარადვე მოიმოქმედა ძემ ღმრთისამ: ძველი აღთქმა შეაერთა ახალთან, საღმრთო ბუნება - კაცობრივთან, თავისი - ჩვენთან.
ხედავ ღმრთის ქალაქის ბრწყინვალებას?! ხედავ, რაგვარი ელვარებით განგანათლა შესასვლელშივე?! ხედავ, რომ მაშინათვე გიჩვენა მეფე - შენივე სახით - როგორც ბანაკის შუაგულში?! აქაც კი მიწაზე მეფე ყოველთვის არ მოივლინება ხოლმე მთელი დიდებულებით, არამედ ხშირად პორფირსა და დიადემას გვერდზე გადადებს და უბრალო მეომრის სამოსით იმეოსება. მაგრამ მიწიერი მეფე ამას იმისთვის აკეთებს, რათა თავის გამოაშკარავებით მტერი არ მიიზიდოს; ზეციური მეფე კი პირიქით, თავის გამოაშკარავებით მტერი მასთან შებრძოლებას რომ არ განრიდებოდა, ხოლო თავისიანები არ შეეშფოთებინა, რადგანაც იგი სახსნელად მოვიდა და არა შესაშინებლად. აი რატომაა, რომ მახარებელმა მაშინათვე მოიხსენია იგი შესაბამისი სახელით - იესუ. სახელი იესუ ბერძნული არ არის; იესუდ იგი ებრაულად იწოდება, რაც ბერძნულ ენაზე მხსნელს (Σωτηρ) ნიშნავს. მხსნელად კი იწოდება იმიტომ, რომ მან იხსნა თავისი ხალხი.
ხედავ, როგორ აღაფრთოვანებს თავის მსმენელს მახარებელი? რამდენადაც იგი, ჩვეულებრივი სიტყვებით ლაპარაკობს და მათი საშუალებით განგვიცხადებს იმას, რაც ყოველგვარ სასოებაზე აღმატებულია. ორივე სახელი, რომელიც მას მიეცა, კარგად იყო ცნობილი იუდეველთათვის. რამდენადაც მოვლენები, რომელთა აღსრულება ჯერიყო, იმდენად საოცარი გახლდათ, რომ თვით ამ სახელებსაც წინ უძღოდა ხატებები, რათა ამ საშუალებით წინასწარვე განრიდებულიყო ყოველგვარი მიზეზი ახლადმოვლინებულზე დრტვინვისა.
ამგვარად, მოსეს შთამომავალს, რომელმაც ხალხი აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ერქვა ისუ. ხომ ხედავ ხატს? მაშ, განჭვრიტე ჭეშმარიტებაც! მან აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, ხოლო ამან - ზეცაში და ზეციურ სიკეთეებთან; მან მოსეს სიკვდილის შემდეგ, ამან კი - შემდგომად სჯულის აღსრულებისა; მან - როგორც წინამძღოლმა, ამან - როგორც მეფემ. ხოლო იმისთვის, რომ როდესაც სახელ იესუს მოისმენ, მსგავსების გამო ცდომილებამ არ შეგიპყროს, მახარებელი დააზუსტებს: იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა. ის ისუ არ იყო დავითის ძე, არამედ სხვა შტოდან მოდიოდა. მაშ, რად უწოდა მათემ თავის სახარებას წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, როდესაც ის მხოლოდ იესუ ქრისტეს გენეალოგიას კი არ შეიცავს, არამედ, მთელ საღმრთო განგებულებას? იმიტომ, რომ ქრისტეს გენეალოგია უმთავრესია მთელ საღმრთო განგებულებაში და ის ყოველი, ჩვენთვის მომადლებული სიკეთის საწყისად და საფუძვლად გვევლინება. ისევე, როდესაც მოსე უწოდებს თავის პირველ წიგნს ცისა და მიწის დაბადებას, მიუხედავად იმისა, რომ მასში მხოლოდ ცისა და მიწის შესახებ არ მოგვითხრობს, არამედ, ყოველივეზე, რაც მათ შორის იმყოფება; ასევე მახარებელმა უწოდა თავის წიგნს უმთვრესის მიხედვით იმ საქმეთაგან ყველაზე (ჩვენი ცხონებისთვის) რომ აღესრულა. ყველაზე გასაოცარი, ყოველგვარ იმედსა და სასოზე აღმატებული ჭეშმარიტად ისაა, რომ ღმერთი კაც იქმნა და მას შემდეგ, რაც ეს აღესრულა, ყოველივე დანარჩენი გასაგებიცა და ბუნებრივიც გახდა.
მაგრამ რატომაა, რომ მახარებელმა თავიდან კი არ თქვა - ძისა აბრაამისა და მხოლოდ მას მერე - ძისა დავითისა? არა იმიტომ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სურდა გენეოლოგიის აღმავალი ხაზით წარმოჩენა, რადგან ამ შემთხვევაში ის ლუკას მსგავსად იმოქმედებდა. ის კი პირიქით აკეთებს. მაშ, რატომ მოიხსენია პირველად დავითი? იმიტომ, რომ ამ ადამიანის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც მის საქმეთა დიდებულების გამო, ასევე ეპოქის გამოც, რადგანაც აბრაამზე გვიან აღესრულა. თუმც ღმერთმა აღთქმა ორივეს მისცა, აბრაამის აღთქმაზე, როგორც უფრო ძველზე ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ხოლო აღთქმას, რომელიც დავითს მიეცა, როგორც არცთუ დიდი ხნისას და ახალს, ყველა ამოწმებდა.
იუდეველები თავად ამბობდნენ: "წერილი ხომ ამბობს ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი?" (ინ. 7:42). და არავინ უწოდებდა მას აბრაამის ძეს, არამედ, ყველა დავითის ძედ იხსენიებდა. იმიტომ, რომ როგორც ცხოვრების პერიოდით, - როგორც უკვე აღვნიშნე, - ასევე სახელგანთქმული მეფობით დავითი ყველას გაცილებით უკეთ ახსოვდა. აი, რატომაა, რომ დავითის მერე მაცხოვრებ ყველა მეფეს, რომელთაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, მისივე სახელით იხსენიებდნენ და არა მარტო ადამიანები, არამედ, თვით ღმერთი.
ამგვარად, ეზეკიელი და სხვა წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ მათთან მივა და მკვდრეთით აღადგენს დავითი. ისინი გარდაცვლილ დავითს კი არ გულისხმობენ, არამედ მის კეთილ საქმეთა მობაძავს. ამგვარადვე ეზეკიას ეუბნება ღმერთი: "მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის" (4 მეფ. 19:34), ასევე სოლომონსაც მიმართავს, რომ დავითის გამო არ განყოფს სამეფოს მისას მის სიცოცხლეში (3 მეფ. 11:34). ამ ადამიანის საქმენი დიდი იყო როგორც ღმერთის, ასევე - კაცთა წინაშე. აი, რატომაა, რომ მახარებელი გენეოლოგიას იწყებს უშუალოდ უფრო სახელგანთქმულიდან და მხოლოდ შემდეგ მიმართავს უძველესს პირველმშობელს - აბრაამს. ხოლო გენეოლოგიის კიდევ უფრო შორს გაგრძელებას იგი იუდეველთათვის ზედმეტად მიიჩნევს. ეს ორი ადამიანი განსაკუთრებულ განცვიფრებას აღძრავდა. ერთი როგორც წინასწარმეტყველი და მეფე, მეორე როგორც პატრიარქი და წინასწარმეტყველი.
მაგრამ საიდან ჩანს, - იკითხავ შენ, რომ ქრისტე დავითისგან მოდის? თუკი იგი უმამაკაცოდ იშვა, მხოლოდ დედაკაცისგან, ხოლო ქალწულის გენეოლოგია მახარებელს მოცემული არა აქვს, მაშ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი იყო? აქ ორი საკითხია: რატომ არ არის მოცემული დედის გენეოლოგია და რატომ იხსენიება იოსები, რომელსაც ამ შობაში არანაირი წილი არ ჰქონია? როგორც ჩანს, პირველი ზედმეტი იყო, მეორე კი - საჭირო. პირველ რიგში რისი გადაწყვეტაა აუცილებელი? ქალწულის დავითისგან წარმოშობის საკითხი. მაშ, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ იგი დავითისგან მოდის? უსმინე: ღმერთი ავალებს გაბრიელს: მიდი "ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი" (ლკ. 1:27). ამაზე ნათლად რისი ცოდნაღა გსურს, როდესაც აშკარად გესმის, რომ ქალწული დავითის სახლისგან და ტომისგან იყო?!
ეს ააშკარავებს, რომ იოსებიც იმავე ტომიდან იყო წარმომდგარი, რადგანაც არსებობდა კანონი, რომელიც ავალებდა, რომ საკუთარი ტომის გარდა ცოლი სხვაგან არსად არ უნდა აერჩიათ. იაკობ მამათმთავარმა კი იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე წარმოდგებოდა იუდას ტომიდან. მან თქვა: "არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49:10). შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად თავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისთვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება.
იუდეველებს ნება არ ჰქონდათ, ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ, სხვა მოდგმიდან და სახლიდან, ამიტომ თუკი სიტყვებს: "სახლისაგან და ტომისა დავითისა", მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქალწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენელიც იყო თავად.
შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან რჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო, ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის რჯულს არ დაარღვევდა. განა იგი, ასეთი მშვიდი და ვნებათაგან უცხო, ეჭვით აღძრულმაც რომ არ მოინდომა ქალწულის დასასჯელად გამეტება, განა იგი ხორციელი სიამოვნებისთვის დაარღვევდა რჯულს? ის, ვინც რჯულზე აღმატებულად განსჯიდა (რადგანაც განტევება მისი და თანაც საიდუმლოდ განტევება შეიძლებოდა მხოლოდ იმ ადამიანს მოემოქმედა, რომელიც მართლაც განსჯიდა რჯულზე აღმატებულად), განა ოდესმე რაიმეს, რჯულის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებდა, და თანაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე?!
ამგვარად, ნათქვამი ცხდყოფს, რომ ქალწული დავითის ტომიდან იყო. ახლა იმის თქმაც საჭიროა, თუ რატომ გვაძლევს მახარებელი იოსების და არა მის გენეალოგიას? მაშ, რატომ? იუდეველებისთვის არ არსებობდა ტრადიცია, რომელიც გენეოლოგიას ქალის ხაზით წაიყვანდა. ამიტომ ტრადიციის დაცვიდან გამომდინარე, რათა დასაწყისშივე ამ ტრადიციის დამრღვევად არ გამოჩენილიყო, ხოლო მეორე მხრივ კი თვით ქალწულის გენეოლოგიაც ეჩვენებინა, მახარებელმა არაფერი თქვა მის წარმოშობაზე და იოსების გენეოლოგია წარმოადგინა.
ქალწულის გენეოლოგია რომ აღეწერა, ამას მას სიახლის დანერგვად ჩაუთვლიდნენ, ხოლო, თუ იოსების შესახებ არას იტყოდა, მაშინ ქალწულის წინაპრების შესახებ ვეღარაფერს შევიტყობდით.
ამრიგად, იმისთვის, რომ გვცოდნოდა, თუ ვინ იყო მარიამი, საიდან იყო წარმოშობით იგი და ამასთან იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო ჩვეულება, მახარებელმა მისი დამწინდველის გენეოლოგია წარმოგვიდგინა და გვაჩვენა, რომ ის დავითის სახლიდან არის. და რამდენადაც ეს დამტკიცებულია, ამით მტკიცდება ისიც, რომ ქალწულიც იმავე მოდგმიდან იყო, რამდენადაც ეს მართალი ადამიანი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არ დაუშვებდა, რომ ცოლი სხვა მოდგმიდან მოეყვანა. სხვათაშორის, შესაძლებელია, სხვა, უმეტესად საიდუმლო მიზეზზე მითითება, რომლის გამოც არ არიან ნახსენები ქალწულის წინაპრები. მაგრამ ამის გაცხადების დრო ამჟამად არ არის, რადგანაც ისედაც უკვე ბევრია ნათქვამი.
ამგვარად, რამდენადაც აქ საკითხების განხილვა ამოიწურა, ახლა შევეცადოთ, სიზუსტით გავიხსენოთ ის, თუ რა განგვემარტა ჩვენ, კერძოდ: რატომაა, რომ პირველად იხსენიება დავითი, რატომაა, რომ მახარებელმა თავის წიგნს უწოდა წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, რითი იყო შობა იესუ ქრისტესი მსგავსი ჩვენი შობისა და რით - განსხვავებული, რითი დასტურდება მარიამის წარმოშობა დავითისგან, რატომაა ნაჩვენები იოსების გენეოლოგია და არაფერია ნათქვამი ქალწულის წინაპრებზე. თუ თქვენ ყოველივე ამას დაიმარხავთ, ამით ჩვენც გვიბიძგებთ, რომ შემდგომი განმარტებისას უმეტესი გულმოდგინებია გამოვიჩინოთ. მაგრამ თუ დაუდევრად მოეპყრობით მას და დაივიწყებთ, მაშინ ჩვენც ნაკლებად მოგვესურვება განმარტებების გაგრძელება. მიწათმოქმედსაც ხომ აღარ სურს ხოლმე, იზრუნოს თესვაზე, თუკი მანამდე დათესილს მიწა არ აღმოაცენებს. ამგვარად, გთხოვთ, რომ ნათქვამზე იფიქროთ. ამგვარი ვარჯიში უდიდეს და მაცხოვნებელ სიკეთეს წარმოშობს სულისთვის. თუკი ჩვენ ამგვარი ვარჯიშებისთვის ვიცლით, შეგვიძლია, სათნოვექმნათ ღმერთს, და ჩვენი ბაგეც, სულიერ საუბრებში ვარჯიშით განიწმინდება ძვირი, ბილწი და სალანძღავი სიტყვებისგან; ჩვენ თვით დემონებისთვის საშინელნი შევიქმნებით, თუკი საკუთარ ენას ამგვარი იარაღით აღვჭურვავთ; უმეტესად მოვიზიდავთ ღმრთის მადლსაც. უფრო გამჭრიახი გახდება ჩვენი მზერაც. ღმერთმა იმისთვის გვიბოძა ენაც, თვალიც და ყურიც, რომ ყოველი ნაწილი მას ემსახურებოდეს, რომ ჩვენ მის საამებლად ვლაპარაკობდეთ, რომ მის საამებლად ვიქმოდეთ, რომ გამუდმებით სადიდებელ გალობას აღვუვლენდეთ მას, რომ მადლიერებას გამოვხატავდეთ და ამგვარად განვწმენდდეთ საკუთარ სინდისს. ისევე, როგორც ჯანსაღდება სუფთა ჰაერით გაგრილებული სხეული, სულიც, ამგვარი ვარჯიშებით ნაკვები, უმეტესად განიბრძნობა.
განა არ შეგინიშნავს, რომ თუ ყოფნა გამუდმებით კვამლში გვიხდება, ხორციელი თვალებიდან ცრემლი მოედინება? ხოლო სუფთა ჰაერზე, მინდვრად, წყაროებთან და ბაღებში ისინი ჯანსაღდება და მახვილდება? ასევე ემართება სულიერ თვალსაც. თუკი ის სულიერი სწავლების მინდორში იკვებება, მაშინ სუფთა, მკაფიო და მახვილია, ხოლო, თუ ცხოვრებისეული საზრუნავის კვამლში ჩაეფლო, მაშინ შეუჩერებლივ ღვრის და ადინებს ცრემლებს, როგორც ამ, ისე მომავალ ცხოვრებაში. მართლაც კვამლის მსგავსია კაცთა საქმენი. ამიტომაც ამბობს ერთი ვინმე: "მოაკლდა ვითარცა კვამლსა დღეთა ჩემთა" (ფსალმ. 101:4).
მაგრამ წინასწარმეტყველს ამ სიტყვებით მხოლოდ ადამიანური ცხოვრების სიმოკლისა და არამდგრადობის გამოთქმა სურდა, მე კი ვიტყოდი, რომ ისინი მხოლოდ ამ აზრით არ უნდა გვემოსდეს, არამედ როგორც ცხოვრების სიმძიმეზე მითითება. ჭეშმარიტად ისე არაფერი აბეჩავებს და აშფოთებს სულიერ თვალს, როგორც ცხოვრებისეულ საზრუნავთა სიუხვე და წადილთა სიმრავლე. სწორედ ესაა შეშა ხსენებული კვამლისთვის. ისევე როგორც ჩვეულებრივი ცეცხლი, ნესტიან და სველ ნივთიერებას რომ მოედება ხოლმე, სქელ კვამლს გამოიღებს, ასევე ძლიერი და მხურვალე ვნება - მოდუნებულ და სუსტ სულს დაუფლებული - დიდ კვამლს წარმოშობს. აი, რატომაა აუცილებელი ცვარი სულისა და მისი მსუბუქი მობერვა ამ ცეცხლის ჩასაქრობად, კვამლის გასაფანტად და ჩვენი გონების ფრთოვანმყოფელად. შეუძლებელია, ყოვლად შეუძლებელი, რომ ამგვარი ბოროტებით დამძიმებული მიილტვოდეს ზეცისკენ. არა, ჩვენ კარგად უნდა ვიყოთ შემოსარტყლულები იმისთვის, რომ ეს გზა თავსვიდოთ და უფრო მეტიც, ამ შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება, თუკი სულის ფრთებს არ შევისხამთ.
ამგვარად, თუკი ჩვენ გვჭირდება მსუბუქი გონებაც და სულის მადლიც, რომ ამ სიმაღლეს მივაღწიოთ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ გაგვაჩნია; თუკი, პირიქით, მხოლოდ ამის საწინააღმდეგო და სატანისეული სიმძიმე გვაქვს წამოკიდებული, მაშ, როგორღა შევძლებთ, მივილტვოდეთ, როდესაც ამგვარი სიმძიმე ქვემოთ გვიზიდავს? ვინმეს აზრად რომ მოსვლოდა ჩვენს მიერ თქმული სიტყვების ზუსტ სასწორზე აწონვა, მაშინ ათასი დინარის ცხოვრებისეულ საუბარზე ასი დინარის, ან უკეთ რომ ვთქვათ, თვით ათი დინარის სულიერ საუბარსაც კი ვერ მოაგროვებდა. განა უკიდურესაც სამარცხვინო, განა უკიდურესაც სასაცილო არ არის, რომ საკუთარ მსახურებს, როგორც წესი, საჭირო საქმეებისთვის ვიყენებთ, ხოლო ენას, ჩვენივე სხეულის ნაწილს იმგვარადაც კი არ ვეპყრობით, როგორც მსახურებს, არამედ პირიქით, მას სრულიად უსარგებლო და ამაო საქმეებისათვის ვიყენებთ?! და მხოლოდ ამაო რომ იყოს! ჩვენ მას უვარგის და მავნე მოსახმარად ვაქცევთ, არანაირი სიკეთე რომ არ მოაქვს. ჩვენთვის სასარგებლო რომ იყოს ის, რასაც ვლაპარაკობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი ღმრთისთვისაც სათნო იქნება.
ამასთან, ჩვენ მხოლოდ იმას ვლაპარაკობთ, რასაც ეშმაკი ჩაგვაგონებს: ხან დავცინით ვინმეს, ხან ვმახვილსიტყვაობთ; ხან ვწყევლით და ვაწყენინებთ ვინმეს, ხან ვიფიცებით, ვცრუობთ და ფიცს ვარღვევთ; ხან წყენის გამო სიტყვის თქმაც კი არ გვინდა, ხან ამაოდვმეტყველებთ და ვყბედობთ მოხუც დედაკაცზე უარესად და იმას ვამბობთ, რაც საერთოდ არ გვეხება.
აბა მითხარით, რომ გთხოვოთ, რომელი თქვენთგანი, ვინც აქ ესწრებით, შეძლებთ, წამიკითხოთ ერთი ფსალმუნი ანდა რომელიმე ადგილი წმიდა წერილიდან? ვერც ერთი! და გასაკვირი მარტო ეს კი არ არის, არამედ ის, რომ თქვენ, ესოდენ ზარმაცები ყოველგვარ სულიერ საქმესთან მიმართებაში, სატანისეულ საქმეში ცეცხლზე მალები აღმოჩნდებით ხოლმე. თუკი ვინმეს აზრად მოუვა ეშმაკეული სიმღერები, გარყვნილი და მრუში მელოდიები მოგკითხოთ, გაირკვევა, რომ მრავალმა თქვენგანმა ისინი ზეპირად იცის და სრული სიამოვნებით მღერის. და რითი გაიმართლებენ თავს, თუკი მათ ამაში დასდებ ბრალს?
ისინი ამბობენ: მე ბერი კი არ ვარ, არამედ, ცოლშვილიანი ადამიანი და ოჯახში ვხლაფორთობ. მთელი ბოროტება სწორედ აქედან მოდის, რომ გვგონია, თითქოს საღმრთო წერილის კითხვა მხოლოდ ბერების საქმე იყოს, მაშინ, როდესაც თავად უმეტესად გვესაჭიროება.
ვინც ერში ცხოვრობს და ყოველდღიურად ახალ-ახალ წყლულებს იღებს, მისთვის უმეტესად არის საჭირო მკურნალობა. ამიტომ წერილის კითხვის ზედმეტად მიჩნევა გაცილებით უარესია, ვიდრე მისი არწაკითხვა. ამგვარი აზრი სატანის მიერაა ჩაგონებული.
არ გსმენიათ პავლე რომ ამბობს, რომ "ეს ყოველივე დაიწერა სამოძღვრებელად ჩვენდა" (1 კორ. 10:11)? შენ კი, ვისაც ვერ გაგიბედავს, დაუბანელი ხელებით აიღო სახარება, განა არ ფიქრობ, რომ რაც მასში წერია უაღრესად მნიშნელოვანია?! აი რად მიდის ყოველივე უკუღმა. თუკი იმის გაგება გსურს, რამდენად დიდია წერილისგან მიღბული სარგებელი, საკუთარ თვს დააკვირდი, რა გემართება მაშინ, ფსალმუნებს რომ ისმენ და რა - მაშინ, როდესაც სატანური სიმღერები გესმის? როგორი განწყობით ატარებ დროს ეკლესიაში და როგორით ზიხარ თეატრში? მაშინ დაინახავ განსხვავებას ამ ორ სულიერ მდგომარეობას შორის, მიუხედავად იმისა, რომ სული ერთი და იგივეა.
აი, რად თქვა პავლემ: კეთილ ჩვეულებებს ბოროტი საუბრები ხრწნიანო. აი რატომაა საჭირო ჩვენთვის განუწყვეტელი სულიერი გალობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი უპირატესობა პირუტყვებზე, თუმცაღა სხვა მხრივ ჩვენ მათ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. ესაა საკვები სულისა, ესაა მისი სამკაული, ესაა მისი გალავანი; და პირიქით: არმოსმენა წერილისა სულისთვის შიმშილი და დაღუპვაა. მათთვის ამბობს უფალი "მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას" (ამოს. 8:11). შეიძლება იყოს რაიმე უარესი იმაზე, რომ შენ საკუთარ თავს გადასცემ იმ ბოროტებას, რომლისთვისაც ღმერთი სასჯელს გვიქადის, საკუთარ სულს საშინელი შიმშილით აწამებ და ამქვეყნად ყოველივეზე უმეტესად ასუსტებ.
ჩვეულებრივი სიტყვა სულს ანადგურებს კიდეც და კურნავს კიდეც; სიტყვა აღძრავს მასში მრისხანებასაც და სიტყვავე კვლავ დაარცხობს მას; უწესო სიტყვა აღაგზნებს ვნებას, ღირსეული სიტყვა უმანკოებისკენ მიმართავს. თუკი სიტყვა საერთოდ ფლობს ამგვარ ძალას, მაშინ მითხარ, როგორ ხდება, რომ შენ არად აგდებ წერილს? თუკი უბრალო უწყება ასე ძლიერმოქმედია, მაშინ გაცილებით მეტად მოქმედებს უწყება, რომელსაც სულის ქმედება ახლავს თან. საღმრთო წერილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ცეცხლზე უმეტესად არბილებს გასასტიკებულ სულს და ყოველივე მშვენიერის ქმნად განამზადებს მას.
პავლემაც, როდესაც შეიტყო, რომ კორინთელები ამპარტავნები და ქედმაღლები გახდნენ, სწორდ ამ საშუალებით დაამდაბლა ისინი და უმეტესად მშვიდებათ აქცია. ისინი თავს იმაღლებდნენ იმით, რაც სირცხვილად და შეურაცხყოფად უნდა ჩაეთვალათ. მაგრამ, ნახეთ, რაგვარი გარდაქმნა მოხდა მათში მას შემდეგ, რაც წერილი მიიღეს. ამის შესახებ თავად მასწავლებელი მოწმობს, როდესაც ეუბნება მათ: "იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში" (2 კორ. 7:11).
ამ სიტყვებით შეგვიძლია ვმართოთ მოსამსახურეებიც, ბავშვებიც, ქალებიც და მეგობრებიც. სწორედ ამ გზით უდიდესი მამები, მეგობრები ღმრთისა, მისწვდნენ სრულქმნილებას. ამგვარადვე დავითმა ცოდვის აღსრულების შემდეგ, როგორც კი მოიგო სიტყვა, მაშინათვე საკუთარ თვში სინანულის უმშვენიერესი სახე ჰპოვა (2 მეფ. 12:13). მოციქულებიც სიტყვის საშუალებით იქცნენ იმად, რადაც შემდეგ იქცნენ და სიტყვით მოაქციეს მთელი ქვეყნიერება.
შენ იკითხავ, კი მაგრამ, რას არგია ვინმეს, თუკი ის ისმენს სიტყვას და არ აღასრულებს, რასაც მას ეუბნებიან? მხოლოდ მოსმენაც კი არცთუ მცირე სარგებლობას მოიტანს. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი საკუთრ თვს მაინც შეიცნობს, დამწუხრდება, ხოლო ოდესმე იქამდე მივა, რომ მოსმენილი აღასრულოს. ის კი, ვინც ისიც კი არ იცის, რომ სცოდავს, განა ოდესმე ცოდვის ქმნას მიატოვებს? შეძლებს საკუთარი თავის შეცნობამდე მისვლას?
ამგვარად, ნუ უგულებელვყოფთ წმიდა წერილის მოსმენას. ეს - ეშმაკის განზრახვაა: ნება არ მოგვცეს, ვიხილოთ საუნჯე, რათა არ გავმდიდრდეთ. მას ეშინია, რომ მოსმენილი საქმეშიც არ გადაიზარდოს; იმიტომაც ჩაგვაგონებს, რომ მარტოდენ მოსმენას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
ამდენად, რაკიღა იცით მისი ეს მზაკვრული განზრახვა, ყოველმხრივ მოიზღუდეთ თავი, რათა ღვთის სიტყვის იარაღით დაცულნი არა მხოლოდ თვად თქვენ არ აღმოჩნდეთ ტყვეობაში, არამედ, ეშმაკის თავიც შემუსროთ და ამგვარად გამარჯვების ნიშნებით შემკულებმა მიაღწიოთ მომავალ სიკეთეებს. მადლითა და კაცთმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესუ ქრსიტესი, რომლისა არს დიდება და ხელმწიფება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. ტ. V. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. მეორე ჰომილია მათეს სახარებაზე. 1:1. თბილისი 2016 წ. გვ. 16-26) (Беседы на святого Матфея евангелиста. PG 57, 13-33).
ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887):
წარმომავლობა (γενέσεως): წინაპრები ჩამოთვლილია ან დაღმავალი თანმიმდევრობით, როგორც არის ეს მათე მახარებელთან, ან აღმავალი თანმიმდევრობით, როგორც ლუკასთან (ლკ. 3:23 და შემდგ.). საზოგადოდ აღმოსავლელ და კონკრეტულად ებრაელ მწერლებს ჩვეულებად ჰქონდათ, რომელიმე ცნობილი პირის ცხოვრების აღწერისას, მიეთითებინათ მისი გვარტომობის ცხრილი, როგორც ეს ჩანს მოსეს, რუთის, მეფეთა და პარალიპომენონის წიგნებიდან. მაგრამ მათე მახარობელს, ათავსებდა რა თავის წიგნში უფლის გვარტომობას, უეჭველად, მხედველობაში უმნიშვნელოვანესი მიზანი ჰქონდა, კერძოდ, ეჩვენებინა, რომ იესუ ქრისტე სწორედ იმ პირთაგან წარმოიშვა, რომელთაც ძველთაგანვე მიეცათ აღთქმა, რომ მათგან დაიბადებოდა მესია, როგორც ეს შემდეგ მახარობლის მომდევნო სიტყვებიდან გამოჩნდება. გარდა ამისა, პირველი სახარებისა და ამავდროულად მთელი ახალაღთქმისეული წიგნების დასაწყისში განთავსებული უფლის გენეალოგია ბრწყინვალე გადასვლას წარმოადგენს ძველი აღთქმიდან ახლისკენ.
იესუ ქრისტესი: იესუ (ეს ებრაულის ბერძნული თარგმანია, ებრაულად ის წარმოითქმის როგორც იეშუა, შემოკლებით იეჰოშუადან) ნიშნავს ღმერთ მაცხოვარს ან უბრალოდ მაცხოვარს (შეად. ათანასე დიდი 4, 513). ეს სახელი ჩვეულებრივი იყო იუდეველთათვის. მაგრამ აქ, ქრისტესთან მიმართებაში, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და მის მიერ კაცთა მოდგმისთვის აღსრულებული საქმის გამომხატველი გახლდათ (შეად. განმ. მთ. 1:21).
ქრისტე (χριστός – ხრისტოს): ქრისტე ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცხებულს - იმავეს, რასაც ებრაული მაშიახ - მესია, რის გამოც იწოდება კიდეც მაცხოვარი ქრისტედ, ანუ მესიად, რაც ერთი და იგივეა (შეად. ინ. 1:41; 4:25). ებრაელებში მეფეებს და მღვდელმთავრებს, ზოგჯერ წინასწარმეტყველებსაც, ზეთს ცხებდნენ, რის გამოც ისინი ცხებულებად იწოდებოდნენ (מָּשִׁ֛יחַ - მაშიახ (ლევ. 4:3, 5, 16: 5:15; ფსალმ. 104:15; 1 მეფ. 24:7, 11; ფსალმ. 2:2; ეს. 45:1 (შეად. დან. 9:25-26, 3 მეფ. 19:16). ცხებულობა ნიშნავდა იმასვე, რასაც რჩეულთა მიძღვნა ღმრთისადმი განსაკუთრებული მსახურებისთვის ან დედამიწაზე ღმრთის ეკლესიისთვის. მისი გარეგანი ნიშანი იყო საცხები პირის თავზე ზეთის დასხმა, რაც ღმრთის განსაკუთრებულ ნიჭთა გადმოღვრის სახეს წარმოადგენდა. ამ მნიშვნელობით სახელი ქრისტე - მესია - ცხებული უპირატესად ეკუთვნის უფალ იესუს, როგორც მეფეს, მღვდელმთავარსა და წინასწარმეტყველს, რომელსაც ზომით როდი მიეცა სული (შეად. ინ. 3:34), არამედ მის თანამოზიარეებზე უმეტესად (შეად. ფსალმ. 44:8).
ძისა დავითისა: სიტყვა ძე იუდეველებში გამოიყენებოდა სხვადასხვა მნიშვნელობით: ის აღნიშნავდა ძეს საკუთრივი აზრით (შეად. მთ. 1:21 და სხვა), შემდეგ - მიშვილებულ პირს (საქმე 7:21; ებრ. 11:24), შემდეგ - საერთოდ შთამომავალს (ლკ. 19:9; საქმე 2:17 და სხვა); გარდა ამისა მას მრავალი არასაკუთრივი მნიშვნელობაც გააჩნდა. აქ ეს სიტყვა ნიშნავს დავითის შთამომავალს, დავითის სახლის გვიანდელ წევრს. მახარებლისთვის, რომელიც თავის სახარებას თავდაპირველად მორწმუნე იუდეველთათვის წერდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მიეთითებინა იესუზე, როგორც დავითის შთამომავალზე, რადგან, აღთქმების თანახმად, რომელიც ამ მეფე-წინასწარმეტყველს მიეცა (2 მეფ. 7:4 და შემდგ. 1 პარ. 17:11 და შემდგ. ფსალმ. 88:4 და შემდგ. ეს. 11:1 და შემდგ.), სწორედ მისი მოდგმისგან უნდა წარმოშობილიყო მესია; და ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო იუდეველებში, რომ შეუძლებელი იქნებოდა იესუს მესიობაში მათი დარწმუნება, თუკი არ დამტკიცდებოდა, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად წარმოდგება დავითის მოდგმისგან (შეად. იერ. 23:5; ფსალმ. 131:10, 11; საქმე. 13:23; ინ. 7:42 და სხვა.).
ძისა აბრაამისა: ჯერ კიდევ დავითამდე აბრაამს, ებრაელი ერის მამამთავარს, ღმრთისგან მიეცა აღთქმა, რომ მისი შთამომავლობისგან წარმოიშვებოდა მესია (ქრისტე) მაცხოვარი (დაბ. 12:3; 21:12; შეად.: ებრ. 11:11-12; გალატ. 3:16), და იმავე მიზეზთა გამო მახარებლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა, რომ ქრისტე წარმოდგება სწორედ მორწმუნეთა მამის - აბრაამისგან. ამრიგად, სიმდაბლეში დაბადებული იესუ, ძე მარიამისა და თავისი მოჩვენებითი მამისა იოსებისი, აღთქმის მიხედვით, იყო შთამომავალი მორწმუნეთა მამის აბრაამისა და ებრაელ მეფეთაგან უდიადესისა - დავითისა.
მაგრამ რატომ არ უწოდა მახარებელმა იესუს ჯერ აბრაამის ძე, და შემდეგ ძე დავითისა? - რადგან დავითი განსაკუთრებულად იყო სახელგანთქმული იუდეველებში, როგორც მისი საქმეების, ასევე დროის სიახლოვის გამო, რადგან აბრაამთან შედარებით ბევრად გვიან გარდაიცვალა. თუმცა ღმერთმა აღთქმები მისცა ერთსაც და მეორესაც, ოღონდ აბრაამისთვის მიცემულ აღთქმაზე, როგორც დიდი ხნის წინანდელზე, ნაკლებად ლაპარაკობდნენ, ხოლო დავითისთვის მიცემული აღთქმა, როგორც უახლესი, მუდმივად პირზე ეკერათ (შეად. ინ. 7:42). და არავინ უწოდებდა იესუს აბრაამის ძეს, არამედ ყველა დავითის ძედ ხმობდა. ამის გამო ახსენა მახარებელმა ჯერ დავითი, როგორც უფრო ცნობილი, და შემდეგ მიმართა აბრაამს, როგორც მამამთავარს, და რადგან ესაუბრებოდა იუდეველთ, ზედმეტად ჩათვალა გვარტომობის უფრო გვიანდელი მოდგმებიდან დაწყება" (ოქროპირი; შეად. თეოფილაქტე).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI ს.):
რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ, წინასწარმეტყველთა მსგავსად, "ხილვა" ან "სიტყვა", ნაცვლად "შობისა"? ისინი ხომ ასე წერდნენ: "ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე, რომ იხილა" (ეს. 1:1); ან: "სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი" (ეს. 2:1). წინასწარმეტყველები ურჩ და უგულისხმო ადამიანებს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ, - ეს არის საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვაო, რათა ისინი შიშით მოჰკიდებოდნენ მათ ნათქვამს და აბუჩად არ აეგდოთ. ხოლო წმიდა მათე მიმართავდა მორწმუნე, კეთილგონიერ და მორჩილ ადამიანებს... სხვა სათქმელიც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდის მიერ წარმოესახათ, ამიტომაც უწოდებდნენ მას "ხილვას", ხოლო წმიდა მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობისმიერად იყო მასთან, უსმენდა და ხორციელად ხედავდა. ამიტომაც არ თქვა: "ხილვა, რომელიც ვიხილე", ან "ჭვრეტა", არამედ თქვა: "წიგნი შობისა". სახელი "იესუ" ბერძნული კი არ არის, არამედ ებრაულია, და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რადგან სიტყვით "იაო" ებრაელებში ნაგულისხმევია ცხონება.
ქრისტეებად (χριστός ("ხრისტოს") ბერძნულად "ცხებულს" ნიშნავს) იწოდებოდნენ მეფეები და მღვდელმთავრები, რადგან ისინი წმიდა ზეთით იცხებოდნენ, რომელიც მათ თავზე რქიდან გადმოიღვრებოდა. უფალი ქრისტედ იწოდება, როგორც მეფე, რადგან ის ამაღლდა ცოდვაზე, და მღვდელმთავრადაც, რადგან ჩვენს გამოსახსნელად თვითონ შეწირა საკუთარი თავი მსხვერპლად. ხოლო ცხებულია იგი ჭეშმარიტი საცხებლით, სულიწმიდით, და სხვათა უპირატესადაც, რადგან სხვას ვის გააჩნდა სული ისე, როგორც უფალს? წმინდანებში სულიწმიდის მადლი მოქმედებდა, ხოლო ქრისტეში არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე თავის ერთარს სულთან ერთად იქმოდა სასწაულებს.
იმის შემდეგ, რაც მათემ თქვა "იესუსი", მან მიამატა "ძისა დავითისა". ეს იმიტომ, რომ არ იფიქრო, თითქოსდა ის სხვა ვინმე იესუზე ლაპარაკობდეს, რადგან იყო სხვა ცნობილი იესუც, ებრაელთა ბელადი მოსეს შემდეგ. მაგრამ ის ნავეს ძედ იწოდებოდა, და არა დავითის ძედ. ის დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იყო არა იიუდას ტომიდან, საიდანაც დავითი იყო, არამედ სხვა ტომიდან.
რატომ დააყენა მათემ დავითი უწინარეს აბრაამისა? იმიტომ, რომ დავითი უფრო სახელგანთქმული იყო; ის აბრაამზე გვიან ცხოვრობდა და ქებული მეფე გახლდათ. მეფეთაგან ის პირველი ესათნოვა ღმერთს და მიიღო აღთქმა ღმრთისგან, რომ მისი თესლიდან აღდგებოდა მხსნელი, რის გამოც ქრისტეს ყველა დავითის ძეს უწოდებდა. თვით დავითმაც შეინარჩუნა საკუთარ თავში ხატი ქრისტესი: როგორც ის გამეფდა ღმრთითუარყოფილი და მოძულებული საულის ნაცვლად, ასევე ქრისტე მოვიდა ხორცით და გამეფდა ჩვენზე იმის შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობას და ხელმწიფებას, რომელიც მას ყველა ცოცხალ არსებაზე და დემონებზე ჰქონდა".
წმ. ქრომატი აკვილეველი (V ს.):
ამრიგად, წმიდა მათემ სახარების წერა დაიწყო ასეთი შესავლით: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა, აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი..." და ა. შ. თანმიმდევრობით. მათე, როგორც უკვე ვთქვით, მოგვითხრობს უფლის ხორციელად შობას და ამიტომაც თაობათა ჩამოთვლას იწყებს აბრაამიდან, სადაც გამოჰყოფს იუდას მოდგმას, და მოდის იოსებამდე და მარიამამდე.
მაგრამ დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ, მახარობელმა, რომელიც გენეოლოგია დაიწყო აბრაამიდან და თანმიმდევრობით ჩამოთვალა ყველა სახელი, ქრისტეს, ჩვენს უფალს, უწოდა მხოლოდ ძე დავითისა და ძე აბრაამისა: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა". ჩვენ, უკიდურეს შემთხვევაში ის ვიცით, რომ მახარობლებმა ამგვარი თანმიმდევრობა უმიზეზოდ როდი აირჩიეს.
თითოეული მათგანი - აბრაამიც და დავითიც - უფლის აღთქმით და მოდგმის წარჩინებულობით ხორციელად ღირსეული მამამთავრები ხდებიან. მართლაც, აბრაამს, რომელიც წინადაცვეთით იუდეველი ხალხის ბელადი გახდა, უფალმა აღუთქვა, რომ მის თესლში, ანუ ქრისტეში, იკურთხებოდა ყველა ხალხი, რომელმაც სხეული მიიღო აბრაამის მოდგმიდან, როგორც მოციქულმა აუხსნა ეს გალატელებს: "ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: "მის თესლთაც", როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა ("შენს თესლსაც"), რომელიც არის ქრისტე" (გალატ. 3:16). შედეგად, ხორციელი წინადაცვეთით აბრაამი - პირველია იუდეველთა მოდგმაში, ასევე დავითიც - პირველია იუდეველთა მოდგმაში სამეფო ღირსებით, რადგან ღმერთმა მას აღუთქვა, რომ მისი წიაღიდან იშვებოდა მარადიული მეფე, უფალი იესუ. რადგან დავითი პირველი მეფე იყო იუდას ტომიდან, რომლისგანაც ღმრთის ძემ მიიღო კაცობრივი ხორცი, ამიტომ უსაფუძვლოდ როდი მიიჩნია მათემ უფალი იესუ ქრისტე დავითის და აბრაამის ძედ, რადგან იოსები და მარიამი წარმოშობით იყვნენ დავითის, ანუ სამეფო მოდგმიდან; ხოლო დავითი აბრაამისგან, რომელიც გახდა მორწმუნე ხალხთა მამა და ხორციელად პირველი იყო იუდეველთა მოდგმაში" (Трактат на Евангелие от Матфея).
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.
(ძვ. ქართ.: აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი).
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum):
ღმერთმა ინება, რათა აბრაამი, მართალთა მამა (3), წმინდანთათვის სანიმუშო ყოფილიყო, როდესაც მას უთხრა: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ" (დაბ. 12:1) (4), რათა ამის შესახებ ცოდნოდა ყველა ადამიანს, ვინც კი ისურვებდა აბრაამის ძედ ყოფნას და მიეღო აღთქმის ის ცოცხალი მიწა, რომლის შესახებაც დაწერილია: "მწამს, რომ ვიხილავ უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში" (ფსალმ. 26:13). ... ხოლო ისინი, ვინც არ ისურვებს ემსგავსოს აბრაამს, ვერ გახდება ძე აბრაამისა.
"აბრაამმა შვა ისააკი", რომელიც თარგმანში ნიშნავს "სიცილს". მაგრამ ეს წმიდა სიცილია, და არა ბაგეთა უგუნური ხითხითი, ეს გულის გონიერი სიხარულია, რაც იყო ყველასთვის ქრისტეს საიდუმლო. რადგან მსგავსად იმისა, როგორც იგივე ისააკი, - როდესაც მშობლებს უკვე დაკარგული ჰქონდათ იმედი, მაგრამ ღრმა სიბერეში მიენიჭათ იგი, როგორც სიხარული, რათა გასაგები ყოფილიყო, რომ ისააკი გახლდათ არა ბუნების ძე, არამედ მადლისა; - ასევე ჩვენი ისააკიც (5) ახალ დროში იშვა იუდეველი დედისგან ყველას სიხარულად, როგორც უთხრა მწყემსებს ანგელოზმა: "აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი" (ლკ. 2:10).
ამიტომ მოციქულთანაც ნათქვამია: "როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და იყო რჯულქვეშ" (გალ. 4:4) (6). მაგრამ ეს იშვა ქალწულისგან, ხოლო ის - ხანდაზმული დედაკაცისგან, და ორივე - ბუნებრივი მოლოდინის წინააღმდეგ. ის - იმის შემდეგ, რაც დედამ დაკარგა დაბადების უნარი, ეს - მანამ, სანამ დედა მიიღებდა შობის უნარს. მაგრამ ის - უკვე დაუძლურებული ბებრისგან, ეს კი - უბიწო ქალწულისგან, რადგან იმ ისააკს შვილები უნდა ეშვა რჯულში, რომლიც გარდაუვალად გაიხრწნება, ხოლო ქრისტეს - მადლში, რომელიც იქნება მარადის.
"ისააკმა შვა ესავი და იაკობი" ორი საუკუნის ხატად. ესავი თავიდან ფეხებამდე დაფარული იყო ბალნით, რაც ნიშნავდა პირველ საუკუნეს, რომელიც თავიდან ბოლომდე დაიფარა უკეთურების სასტიკი ჯაგრით. ხოლო იაკობი სახილველადაც სასიამოვნო იყო და ჰქონდა ფაქიზი კანი: ის მიანიშნებდა მომავალ საუკუნეზე, რომელიც მთლიანად იბრწყინებს ღვთისმოსაობის სილამაზით, და მასში არ იქნება არანაირი სისასტიკე ან ცოდვის ბნელი დაღი.
როდესაც ესავი გამოდიოდა დედის საშოდან, იაკობს მისი ქუსლი ეჭირა (რის გამო ებრაულად ეწოდა კიდეც იაკობი, ანუ "ქუსლის მიმყოლი") (7), და როგორც გამოვიდა ესავის ფეხები, გამოჩნდა იაკობის თავიც; ზუსტად ასევე, ამ საუკუნის მიწურულს უკვე გამოჩნდება მომავალი საუკუნის დასაწყისი. და როგორც ესავი დევნიდა იაკობს, ასევე წუთისოფლის ძენი გამოეკიდებიან მომავალი საუკუნის შვილებს; და თვით იაკობი, ასევე მისი შვილები ძლევენ ბოროტებს არა წინააღმდეგობით, არამედ გაქცევით. რადგან, როგორც მაშინ, როდესაც დედა მივიდა იაკობთან და უთხრა მას: "ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და გაიქეცი შუამდინარეთში, ჩემს ძმასთან, ლაბანთან, ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას" (დაბ. 27:43-44); ასევე ეკლესიაც ყოველდღიურად არიგებს თავის შვილებს, რომლებიც დევნულებას განიცდიან, და ასწავლის: "როდესაც დაგიწყებენ ძებნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს" (მთ. 10:23) (8); "ნუკი იძიებთ შურს, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას" (რომ. 12:19) (9).
"იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები". ჩვენმა იაკობმაც (10) შვა თორმეტი მოციქული, სულით, და არა ხორცით, სიტყვით, და არა სისხლით. რადგან როგორც ის თავისი თორმეტ შვილთან ერთად ჩავიდა ეგვიპტეში, რათა გამრავლებულიყო; ასევე ქრისტეც, თავის თორმეტ მოციქულთან ერთად, მოვიდა ქვეყნად, და გამრავლდა მთელ მსოფლიოში, როგორც ამას თვით საქმე აჩვენებს.
__________________
შენიშვნები:
3. ყველა ციტირებულ ტექსტთა შორის მხოლოდ ეს განმარტავს ყოველ ფიგურას გვარტომობაში. ეს ალეგორიული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალეგორია (რომელიც უმთავრესად ნახსენებ სახელთა ეტიმოლოგიას ეფუძნება) აგებულია იმაზე, რომ ძველ აღთქმას განიხილავს, როგორც სიმბოლურ და წინასწარმეტყველურ მომზადებას ახალი აღთქმისთვის, თანაც ისე, რომ შესამჩნევი იყოს თანმიმდევრობა აღთქმათა შორის, ამით კი ქრისტიანობის მნიშვნელობა ძველი აღთქმისთვის. თვით ინტერპრეტაცია ძალიან გრძელია, რათა ის მთლიანად დავიმოწმოთ, - ამიტომ შემოკლებულ იქნა იმ პერსონაჟთა სასარგებლოდ, რომელთაც განსაკუთრებული ისტორიული ან სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნიათ.
4. სინოდ. თარგმანში: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ" - მთარგმნ. შენიშვნა.
5. ანუ ქრისტე. - მთარგმნ. შენ.
6. გალ. 4:4. სინოდ თარგმანშია: "დაემორჩილა რჯულს"
7. შეად. დაბ. 27:36. Supplantator-ს გვიანდელ საეკლესიო მწერლებში უპირატესად გააჩნია პეიორატიული მნიშვნელობა: "კვანტის დამდები", ანუ ხრიკების მომწყობი, მატყუარა, ინტრიგანი - მთარგმნ. შენ.
8. მთ. 10:23. სინოდ. თარგმანშია: "როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს" (მთ. 10:23)
9. რომ. 12:19; შეად. ლევ. 19:18; მეორე რჯლ. 32:35.
10. ანუ, ქრისტე. - მთარგმნ. შენ.
__________________
ექვთიმე ზიგაბენი (11-ე ს. მართლმადიდებელი ბერი):
იყო ჩვეულება გვარტომობა შედგენილ ყოფილიყო მხოლოდ მამაკაცთა მხრიდან. კაცი ასხამს თესლს, და ის არის ყრმის ფუძე და დედაკაცის თავი; ხოლო ქალი, რომელიც ათბობს, ჰკვებავს და ზრდის თესლს, მამაკაცს შემწედ ებოძა. მახარობელმა იუდა იაკობის ძეთაგან სხვებზე მაღლა დააყენა, რადგან მისი ტომიდან წარმოიშვა ქრისტე. გენეოლოგიის ცხრილში ყოველთვის მოიცემოდა ერთი მემკვიდრე ყველასთვის, ამიტომ საჭირო იყო დაკვირვება, თუ როდის მოიცემოდა უფრო მეტი, რადგან ამაოდ როდი კეთდება ასეთი შემატება, არამედ გარკვეული მიზეზის გამო; მაგალითად, აქ მახარობელმა ახსენა იუდას ძმები, რადგან იყო ერთი ისრაელის ერი, რომელიც ადიოდა თორმეტ ფესვამდე, იაკობის თორმეტ ძემდე. როგორც ჩანს, ისინი იწოდებიან სწორედ ქრისტეს წინაპრებად, რადგან იყვნენ ისრაელი ხალხის ტომთა მეთაურები, რომელთაგანაც დაიბადა ქრისტე (აბრაამი ნიშნავს ხალხთა მამას; ისააკი - სიხარულს, სიცილს).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი:
აქ თანმიმდევრობა ისეთია, სადაც წინაპრები მისდევენ შთამომავალს; მაგრამ მახარობლისთვის აუცილებელი იყო გაეკეთებინა ცვლილება. მართლაც, თუკი მან ჯერ დააყენა დავითი, შემდეგ კი - აბრაამი, მაშინ მას კვლავ მოუწევდა აბრაამს ხსენება, რათა ეჩვენებინა წარმომავლობის თანმიმდევრობა. აი რატომ გამოტოვა მან დანარჩენები, და მაცხოვარი პირველად მხოლოდ ამ ორის ძედ გამოაცხადა, რადგან მხოლოდ ამ ორს მიეცა აღთქმა ქრისტეს შესახებ, - კერძოდ: აბრაამს ეუბნება: "იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი" (დაბ. 22:18) და დავითს: "... ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა" (ფსალმ. 131:11).
წმ. იოანე ოქროპირი:
რა კითხვა დგას ამჟამად ჩვენს წინაშე? ის, თუ რისთვის წარმოგვიდგენს მახარებელი გენეოლოგიას იოსებისას, რომელიც არ ყოფილა მონაწილე ქრისტეს შობისა? ერთი მიზეზი უკვე ვთქვით. საჭიროა ავხსნათ მეორეც, რომელიც პირველზე უმეტესად საიდუმლო და დაფარულია. რა მიზეზია ეს? მახარებელს არ სურს, რომ იუდეველებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ ქრისტე ქალწულისგან იშვა. ნუ შეშფოთდებით, თუკი ჩემი ნათქვამი უცნაურად მოგეჩვენებათ. მე აქ საკუთარ სიტყვებს კი არ ვამბობ, არამედ ჩვენი მამებისას, რომლებიც საოცარი და სახელგანთქმული ადამიანები იყვნენ.
თუკი უფალიც კი თავდაპირველად ბევრ რამეს ფარავდა და საკუთარ თავს ძე კაცისას უწოდებდა; თუკი იგი ყველგან არ აცხადებდა თავს თანასწორად მამისა, მაშ, რაღად უნდა გვიკვირდეს, თუკი ის გარკვეულ დრომდე ფარავდა თავის შობას ქალწულისგან? მართლაც, საოცარი და დიდებული საქმეა. რა არის აქ საოცარი? - იკითხავ შენ. ის, რომ ქალწული დაცული და გათავისუფლებულია ყოველგვარი ბოროტი ეჭვისგან.
სხვაგვარად, თუკი ეს იმთავითვე გაცხადდებოდა იუდეველთა წინაშე, ისინი სიტყვას საპირისპირო მხრიდან განმარტავდნენ; ქვებით ჩაქოლავდნენ და გაასამართლებდნენ ქალწულს, თუკი ისინი ასეთ შემთხვევებშიც კი, - როგორი შემთხვევებიც ხშირად ხვდებოდათ მათ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, - ასე ააშკარავებდნენ საკუთარ ურცხვობას (მაგალითად, უწოდებდნენ ქრისტეს ეშმაკეულს, როდესაც იგი ეშმაკებს განდევნიდა; შერაცხავდნენ მას ღმრთის წინააღმდგომად, როდესაც შაბათობით კურნავდა სნეულებს, მიუხედავად იმისა, რომ თვით შაბათიც მათ მიერ უკვე მრავალგზის იყო დარღვეული), - მაშ, რაღას არ იტყოდნენ ისინი, ეს რომ გაეგოთ? მათ სასარგებლოდ მეტყველებდა ის, რომ მანამდე მსგავსი არაფერი აღსრულებულიყო. თუკი მრავალრიცხოვანი სასწაულის შემდეგ ისინი ქრისტეს მაინც იოსების ძეს უწოდებდნენ, მაშ ჯერ კიდევ ამ სასწაულთა აღსრულებამდე როგორ ირწმუნებდნენ ისინი, რომ ქალწულისგან იშვა? აი, რატომ აღიწერება იოსების გენეოლოგია და რატომ იწინდება მასზე ქალწული.
მაშინ, როდესაც თვით იოსები, კაცი მართალი და საკვირველი, იმისთვის, რომ ეს მოვლენა ერწმუნა, მრავალ მტტკიცებულებას საჭიროებდა, - როგორღა შეიწყნარებდნენ ასეთ აზრს იუდეველები, უხეში, გარყვნილი და ქრისტესადმი ესოდენ მტრულად განწყობილი ხალხი? უეჭველია, რომ მათ უკიდურესად შეაშფოთებდა ასეთი უჩვეულო და ახალი მოვლენა, როდესაც მათ არც კი სმენოდათ, რომ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა მათ წინაპრებში. ვინც ერთხელ უკვე ირწმუნა, რომ იესუ არის ძე ღმრთისა, ის უკვე აღარასოდეს დაეჭვდებოდა ამაში, მაგრამ ის, ვინც მას ცრუდ და ღვთის მოწინააღმდეგე მიიჩნევს, ამ ფაქტით კიდევ უფრო მეტად როგორ არ ცდუნდება და როგორ არ დარწმუნდება ზემოთხსენებული ეჭვის მართებულებაში?!
აი, რატომაა, რომ მოციქულები დასაწყისშივე არ საუბრობენ მის შობაზე ქალწულისგან. პირიქით, ისინი ხშირად და ბევრს ლაპარაკობენ ქრისტეს აღდგომაზე, რამდენადაც აღდგომის მაგალითები, თუმცა არა ასეთი, გარდასულ დროში უკვე არსებობდა; ხოლო მის შობაზე ქალწულისგან იშვიათად ამბობდნენ. თვით დედამაც კი მისმა ვერ გაბედა ამის შესახებ განეცხადებინა. შეხედეთ, რას ეუბნება ქალწული თვად ქრისტეს: "მე და მამა შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ!" (ლკ. 2:48). ქალწულისგან შობილად რომ მიეჩნიათ, მას უკვე აღარ უწოდებდნენ დავითის ძეს. ხოლო აქედან კიდევ მრავალი ბოროტება წარმოდგებოდა. სწორედ ამიტომ აუწყეს ანგელოზებმა ამის შესახებ მხოლოდ მარიამსა და იოსებს. ხოლო, როდესაც ისინი უკვე მწყემსებს აუწყებდნენ შობის ამბავს, ეს აღარ უხსენებიათ. მაგრამ, რატომ მოხდა, რომ მახარებელმა როდესაც აბრაამი მოიხსენია და თქვა, რომ მან შვა ისააკი, ისააკმა კი იაკობი, არ ახსენა ამ უკანასკნელის ძმა, მაშინ, როცა იაკობის შემდეგ იხსენიებს იუდასაც და მის ძმებსაც?
ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე - წინაპართაგან. მაგრამ მე ამას არ ვიტყოდი: ეს თუ ასეა, მაშინ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესუ ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობით და სიმდაბლით. მაღლისთვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისგან წარმოდგება, არაფერი ჰქონდათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესუს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: "იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები". აქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტ. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. მესამე ჰომილია მათეს სახარებაზე. თბ. 2016. გვ. 27-29).
არქიმანდრიტი ლეონ (ლუი) ჟილე (XX ს. - მართლმადიდებელი):
ქრისტეს გვარტომობით იწყება სახარება. ეს არის იუდაური სახელების გრძელი სია. რაზე მიანიშნებს ის? ებრაელთათვის - აუცილებლობას ხაზი გაესვას მესიის წარმომავლობას დავითისგან. მაგრამ აქვს სხვა მნიშვნელობაც: ამ გვარტომობაში ნახსენებნი არიან მკვლელები, მეძავები, სისხლაღრეულები. თუკი ქრისტე იბადება ჩემს სულში, ის იქ იბადება ჩემს მიერ დაგროვილ ცოდვათა შორის და მათდა მიუხედავად. მათ მიერ ის იკვლევს თავის გზას და ერთი მეორის მიყოლებით ძლევს მათ. მისი გავარტომობა - ჩემშია. ეს არის მის მიერ გაკვალული გზა, გაბრწყინებული მისი მოწყალებით, მისი სიყვარულით და ძალით (Монах Восточной Церкви. Иисус очами простой веры. Никея, 2019. - С. 9).
ეპისკოპოსი მიხაელი (ლუზინი):
ქრისტეს გენეოლოგია აბრაამისგან ასეთია: აბრაამმა შვა ისააკი; ამის შესახებ მოგვითხრობს დაბადების წიგნი - დაბ. 21:2 და შემდგ. მახარობლის მიერ ჩამოწერილ გვარტომობაში შედის მხოლოდ ორი მოდგმის მეთაური, რომელთაგანაც უნდა წარმოშობილიყო მესია, და არა გვარის ყველა წევრი. ამიტომაც აქ ლაპარაკია მხოლოდ ისააკის შობაზე, და არა აბრაამის სხვა შვილებზე; შემდეგ ლაპარაკია ისააკისგან მხოლოდ იაკობის შობაზე; იაკობის შვილებიდან ნახსენებია მხოლოდ იუდა და ა. შ.
ისააკმა შვა იაკობი: იხ. დაბ. 25:26.
იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. იხ. დაბ. თ. 29-30, შეად. დაბ. 49:8 და შემდგ. "იმის შემდეგ, რაც ახსენა აბრაამი და თქვა, რომ მან შვა ისააკი, ისააკმა კი იაკობი, რატომ არაფერი თქვა მახარობელმა ამ უკანასკნელის ძმაზე, მაშინ როდესაც იაკობის შემდეგ ახსენებს იუდას და მის ძმებს? ამის მიზეზად ზოგიერთ მიაჩნია ესავის ბოროტზნეობა, იგივეს ამბობენ ზოგიერთ სხვა წინაპარზეც. მაგრამ მე ასე ვერ ვიტყვი: ეს რომ ასე იყოს, მაშინ ცოტა ქვემოთ რატომ არიან ნახსენებნი არაკეთილი ზნის მქონე ქალები? მიზეზი ისაა, რომ სარაცინებსა და ისმაილიტებს, არაბებსა და ყველას, რომლებიც წარმოიშვნენ იმ წინაპართაგან, არაფერი ჰქონდათ საერთო ისრაელის ხალხთან. ამიტომაც დაიდუმა მათზე და პირდაპირ მიმართავს იესუს წინაპრებს იუდეველთაგან" (ოქრ.)
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი:
მახარობელი გვარტომობას აბრაამისგან იწყებს, რადგან ის იყო ებრაელთა მამას, და იმიტომაც, რომ მან პირველმა მიიღო აღთქმა, რომ "მის მოდგმის მიერ იკურთხებოდა ყველა ხალხი". ამრიგად, ჯეროვანი იყო ქრისტეს გვარტომობა მისგან ყოფილიყო დაწყებული, რადგან ქრისტე არის თესლი აბრაამისა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიკურთხენით, რადგან ვიყავით წარმართები და წყევლის ქვეშ ვიმყოფებოდით. აბრაამი თარგმანში ნიშნავს "წარმართთა მამას", ხოლო ისააკი - "სიხარულს", "სიცილს". მახარობელი არაფერს ამბობს აბრაამის უკანონოდ შობილ შვილებზე, მაგალითდ, ისმაელზე და სხვებზე, რადგან იუდეველები მათგან კი არ წარმოიშვნენ, არამედ ისააკისგან. ხედავ, რომ იუდა და მისი ძმები მათემ ახსნა იმიტომ, რომ მისგან წარმოიშვა ისრაელის თორმეტი ტომი.
წყაროები: ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. ტ. 16. მათეს სახარება. თბილისი. გამომც. პალიტრა. 2020 წ. // ekzeget.ru/
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.
(ძვ. ქართ.: აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი).
წმ. ამბროსი მედიოლანელი:
"17. ბევრს უკვირს, რატომ ჩათვალა საჭიროდ მათემ უფლის გვარტომობაში მოეხსენიებინა თამარი, ქალი, რომელიც, როგორც მათ ეჩვენებათ, ცუდი რეპუტაციისა იყო, რატომ არის ნახსენები რუთი და ქალი, რომელიც იყო ურიას ცოლი, ქმრის მოკვლის შემდეგ კი გახდა დავითის ცოლი, და განსაკუთრებით რატომ არსად არიან მოხსენიებულნი წმიდა ქალები: სარა, რებეკა და რაქელი. დაწერილია ასე: "აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან..." (მთ. 1:2-3). შემთხვევით როდი ჩასვა მახარობელმა აქ თამარის სახელი, და ის ახლა იმსახურებს განსაკუთრებულ განხილვას.
18. უპირველეს ყოვლისა, თუკი დააკვირდებით მოვლენათა არსს, ის სულაც არ არის ცუდი რეპუტაციის ქალი, არამედ წმინდანი უფროა. მას არ უძებნია დროებითი ვნების დაკმაყოფილება, არამედ სურდა მოდგმის გაგრძელების ნიჭი. შვილთა არყოლა სამარცხვინო იყო, და ამისთვის სამოქალაქო კანონით საზღაურიც კი იყო დაწესებული. იუდა შეჰპირდა მას, რომ მიათხოვებდა თავის შვილს, მაგრამ აჭიანურებდა ქორწინებას, ამასობაში სიძე გარდაიცვალა.
ქრისტეს მოსვლამდე ჯერ კიდევ არ იყო არც ქალწულების მადლი და არც ქვრივობისა. დადარდიანებული იმით, რომ შვილების გარეშე დარჩა, მან შთამომავლობის მისაღებად ხერხი იხმარა და მისით გამოიჭირა იუდა, რომელსაც მთელი თავისი სილამაზით ეახლა მას მერე, რაც მისი ცოლის გარდაცვალების ამბავი გაიგო.
ხედავ, რომ ამ ქალმა ყველაფერში ღირსება დაიცვა: მას არ მიუტაცია სხვისი სარეცელი, მრუშობითი მოსაზრებით არ გაულამაზებია თავი მეძავთა მსგავსად; ის არ გამოჰკიდებია წუთიერ სიამოვნებებს, არამედ, მამამთილის დაპირებით მოტყუებულმა ხრიკი მისავე წინააღმდეგ გამოიყენა, ისურვა რა შთამომავლობის ნაყოფი იმავე მოდგმიდან, რომელიც აირჩია. ვინ უფრო უმწიკვლოა: ის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ელოდა დაპირებულს, თუ ის, ვინაც ვერ უძლო შემოთავაზებულ სიყვარულს? ის, ვისაც არ უღალატია სიძის ოჯახისთვის, თუ ის, ვინც თამარი მეძავად მიიჩნია? ის, ვინც უფლება არ მისცა მსურველებს შეხებოდნენ მის სხეულს, თუ ის, ვინაც თავიდან ცოდვილი მოსურვებით აღიძრა, შემდეგ კი, თამარის უმწიკვლოების წყალობით, მიიღო შთამომავლობის მადლი? ის, რომელსაც არ ჰყავდა შვილები და ეშინოდა, რომ ქორწინების შეჩერების გამო დაკარგავდა დროს, რომელიც ხელსაყრელია ჩასახვისთვის, და ამისთვის აირჩია ხანდაზმული ადამიანი, თუ ის, ვინც მისი ახალგაზრდობით მოიხიბლა? მან თვითონვე აღიარა ეს: "მართალია თამარი, - არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს" (დაბ. 38:26).
მას სურდა გამოეცადა ზნეობის ეს დამცველი, რომელიც მისგან სიწმიდეს ითხოვდა. თამარს ამის შემდეგ არასოდეს უცვნია მამაკაცი და შეერთების შემდეგ ქვრივობის სამოსით შეიმოსა, მან კი ერთი საათიც ვერ მოითმინა, თუმცა ახალგაზრდა ქალისგან წლების განმავლობაში უბიწოების დაცვას ითხოვდა; განიგდო მწუხარება, შეიცვალა სამოსი, შეიჭრა თმები, დატოვა სამგლოვიარო კოცონი და სასიყვარულო სარეცელზე ავიდა.
19. მაგრამ იმისთვის კი არ ვიცავთ მას, რომ განვიკითხოთ იგი - არა, ჩვენ ორივეს ვამართლებთ, და არა უფრო ჩვენ, რამდენადაც საიდუმლო, რომელიც გამოავლინა მათი შეერთების ნაყოფმა: თამარმა შვა ტყუპები, ფარეზი და ზარა. ამაოდ როდი ახსენებს მათე ორივეს, თუმცა გვარტომობისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ფარეზის ხსენება, რადგან "ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი" (მთ. 1:3), - და შემდეგ თანმიმდევრობის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ისააკმა შვა ორი ძე, იაკობმა მრავალი, ხოლო წერილი, უფლის გვარტომობის ჩამოთვლისას, მათგან მხოლოდ თითო-თითოს ახსენებს, აქ ორივე რატომ ახსენა? ხომ არ არის ამაში დაფარული რაიმე საიდუმლო?
20. ჩვენ ავხსენით მორალური აზრი: თამარი არანაირად არ მოქმედებდა როგორც მეძავი, არამედ მან შვილთა გაჩენის ნიჭი აირჩია. ახლა ყურადღებით განვიხილოთ ისტორიული მხარე და ვპოვებთ საიდუმლო მნიშვნელობასაც, რადგან შეუძლებელია საიდუმლო აზრი არ იდოს იმაში, რომ მან მიიღო ბეჭედი, მძივი და კვერთხი (იხ. დაბ. 38:18, 25). უბრალო ადამიანი როდი ხდება ღირსი მიიღოს მორთულობა, ბეჭედი და ძალაუფლება: ბეჭედი თავის საქმეთათვის, მორთულობა მკერდისთვის და ნიშანი სამეფო თავისუფლებისა.
ამრიგად დავიწყოთ თამარის მშობიარობის თხრობიდან. შენ წაგიკითხავს, რომ ერთ-ერთმა ჩვილმა პირველმა გამოჰყო ხელი საშოდან, ბებიაქალმა მას მეწამული ძაფი შეაბა, და თქვა: "ეს გამოვიდა პირველად" (დაბ. 38:29). როგორც კი ჩვილმა ხელი უკან შეაბრუნა, იმწამსვე დაიბადა მისი ძმა, და ბებიაქალმა თქვა: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?" (დაბ. 38:29), - და მას სახელად ფარეზი უწოდა. ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე მეწამული ძაფი ჰქონდა შებმული, და მან მას ზარა უწოდა. ხედავ, რამდენი იდუმალი მოვლენა უთითებს საიდუმლო მნიშვნელობაზე: გამოვიდა ხელი, მას შეაბეს მეწამული ძაფი, ბებიაქალის სიტყვებს კი აქვთ ორმაგი მნიშვნელობა: ერთი პირველი გამოვა, მეორე კი ზღუდეს დაარღვევს.
21. რატომ გამოჰყო ერთმა ჩვილმა ხელი საშოდან, მეორემ კი ქვეყნად გაჩენაში დაასწრო მას? ტყუპების საიდუმლო მოქმედებაში ორი ხალხის ცხოვრება აღიწერება: ერთისა, რომელიც რჯულის თანხმიერად ცხოვრობდა, მეორისა კი - რწმენის თანახმად, პირველი - ასოს მიხედვით, მეორე კი - მადლისმიერად. მადლი აღემატება რჯულს, რწმენა კი - ასოს. და ხელი, რომელიც ადრე გამოჩნდა, წინამოასწავებს მადლს, რადგან მადლის მოქმედება ადრე იობში, მელქისედეკში, აბრაამში, ისააკში, იაკობში აღესრულა, რომლებიც რჯულამდე რწმენით ცხოვრობდნენ, რადგან "ირწმუნა აბრაამმა ღმრთისა და შეერაცხა მას სიმართლედ" (დაბ.: 15:6). წმიდა მელქისედეკმაც მსხვერპლშეწირვით წინასახეობრივად მადლი მოასწავა (იხ. დაბ. 14:18). წმიდა პატრიარქები, რომლებიც რჯულამდე ცხოვრობდნენ და მისი საკვრელებისგან თავისუფლები იყვნენ, ჩვენი სახარების მსგავსი მადლისეული თავისუფლებით ბრწყინავდნენ.
22. ამ ძმებიდან უმცირესი - ეს მადლის მეორე საფეხურია; პირველი პატრიარქებში იყო, მეორე - მეფეებსა და წინასწარმეტყველებში. ისიც და სხვა ცხოვრებაც - ღმრთისმიერია. ღვთისმოსაობით და ერთგულად, მოსეს რჯულის მიხედვით ცხოვრება ასევე არ არის მოკლებული მადლსა და პატივს, მაგრამ ღვთისმოსაობის პირველი ნაყოფი უპირველესად მშობლებში ვლინდება, შემდეგ კი შთამომავლობაში. პირველი გაჩნდა ზარა, რომლის სახელი ასე ითარგმნება: "აღმოსავლეთი", რადგან ღვთისმოსაობის ნათელი - ეს არის ჭეშმარიტი აღმოსავლეთის გამობრწყინება, იმისა, ვინც საკუთარ თავზე თქვა: "აღმოსავალი სახელი მისი" (ზაქ. 6:12). მისი სხივი ჯერ პატრიარქებში გამობრწყინდა, მათ პირველებმა აღასრულეს საკუთარი ცხოვრების საქმენი ამ ქვეყანაზე, მათმა ხელებმა წინაგამოსახეს ჩვენი ქმედებანი, როგორც მთელი სხეულისა, რომელიც დრომდე დაფარული იყო დამბადებელი ბუნების წიაღში. მაგრამ რჯულის დაცვა გახდა წინაღობა, და წინაპართა ცხოვრება გადაიკვეთა - ამას წერილში მეტაფორულად გვამცნობს ბებიაქალი, რომელიც სიმართლის წინასახეა და მიგვიღო ჩვენ დედა-ბუნების წიაღიდან: "ეს გამოვიდა პირველად" (დაბ. 38:28). და მართლაც საოცარი იყო ღვთისმოსაობის ეს საფეხური, რომელიც აღბეჭდილი იყო არა მოსეს მიერ და არა რომელიმე კაცის მიერ, არამედ თავისუფლად გადმოღვრადი სიბრძნის მიერ.
23. ამრიგად, ღვთისმოსაობის პირველი სკოლა - სახარებაა, რადგან ჩვენ გვწამს ჯვრისა და ქრისტეს სისხლის მიერ: "აბრაამმა იხილა და გაიხარა" (ინ. 8:56); მის მადლს, რომელიც ეკლესიის წინასახეში გამოვლინდა, ნოე სულიერი გულისხმაყოფით გრძნობდა; ის (ქრისტე) მორჩილად წარმოაჩინა მსხვერპლშეწირვისას ისააკმა; მას სცა თაყვანი იაკობმა, როდესაც ბრძოლაში სძლია; მისი მეწამული სამოსები იხილა ესაიამ (იხ. ინ. 8:56; დაბ. 6:14-21; დაბ. 22:1-14; 32:24-30; ეს. 63:2), რადგან წინასწარმეტყველთა ცხოვრებაც სახარებას ემორჩილებოდა. მეძავი რააბის სახეც (შეად. მთ. 1:5; ნავ. 2:1-21; 6:17-24) იდუმალად გამოხატავდა ეკლესიას; მან აჩვენა, რომ მისი სისხლი მოიტანს საყოველთაო ხსნას დამსხვრეულ ქვეყანაზე. ის უარს არ ეუბნებოდა შეერთებაში მრავალ მომსვლელს, და რაც უფრო მჭიდროდ უერთდებოდა მრავალთ, მით უფრო განმიწმინდებოდა, უმწიკვლო, ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე (შეად. ეფეს. 5:27), წუნდაუდებელი სიმორცხვეში, ყველასთვის მისაწვდომი სიყვარულში, წმიდა მეძავი, უნაყოფო ქვრივი, ნაყოფიერი ქალწული: წმიდა მეძავი - რადგან მრავალნი მოდიან მასთან, სიყვარულით მიზიდულნი, მაგრამ დანაშაულებრივად არ იბილწებიან - რადგან "ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება" (1 კორ. 6:16); უნაყოფო ქვრივი (შეად. ეს. 54:1) - რადგან ქმრის არყოფნაში არ შეეძლო ეშვა, მაგრამ მოვიდა ქმარი - და დაიბადა ეს ერი და ეს სიმრავლე; ნაყოფიერი ქალწული - რადგან მან ვნების გარეშე შვა ეს სიმრავლე, როგორც ნაყოფი სიყვარულისა.
24. მაგრამ დავუბრუნდეთ თხრობას. რაზე მიანიშნებდა ბებიაქალის სიტყვები: "ეს გამოვა პირველად" (დაბ. 38:28)? სავარაუდოდ იმას, რომ ყრმა მოგვიანებით მომავალი შობის წინასახეა, რომელიც ძალითა და ჭეშმარიტებით ადრეც იყო და ამით მიიღო პირველობის უფლება. ამიტომაც თქვა იოანემ: "ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო" (ინ. 1:30). რაზე მიანიშნებს ის, რომ მან (ბებიაქალმა) ხელზე წითელი ძაფი შეაბა? სავარაუდოდ იმას, რომ ის იყო ქრისტეს, ჯვრისა და მის მიერ დაღვრილი სისხლის წინასახე, რომელმაც აკურთხა კაცთა საქმენი. როდესაც ზარამ ხელი უკან შეაბრუნა, თითქოსდა დარღვეული ზღუდის გავლით მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მოციქულმა ზღუდის ანუ კედლის წინაშე მდგომი უწოდა (შეად. ეფეს. 2:14).
ფარეზი ასე იმ ნახვრეტის ანუ ნარღვევის გამო იწოდა, რადგან მისი სახელი ნიშნავს "გაყოფას". ამ სიტყვიდან მიიღეს ფარისევლებმაც თავიანთი სახელწოდება, რადგან ისინი თავს განყოფდნენ საზოგადო უმრავლესობისგან. არადა, ბევრად უკეთესი და უმშვენიერესი იქნებოდა, ეს წინაღობა რომ არ დარღვეულიყო, არამედ ისეთივე ერთიანი და განუყოფელი დარჩენილიყო. ასე მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი იმ სიცოცხლეს, რომელმაც პირველად გამოყო ხელი, ანუ გამოავლინა თავისი მოქმედება, მისი შესაბამისი მოღვაწეობრივი ცხოვრება მიჰყოლოდა. ბევრად უმჯობესი იქნებოდა, წინადაცვეთილ ხალხს ჰქონოდა წინაპართა მიბაძვის სურვილი, აი, მაშინ გაჩნდებოდა ერთი ზღუდე, ერთი კედელი, ერთი ნაგებობა, რომლებიც წინაპრებისა და მათი შთამომავლების მიერ იქნებოდა აგებული.
მაგრამ გვიანდელი ცხოვრების უძლურებას არ შეეძლო გატოლებოდა ადრინდელის სისავსეს, ამიტომაც ეს ღმრთითშექმნილი ზღუდე, ანუ კედელი დაინგრა, და გაჩნდა შუაკედელი; ასე დაირღვა ეს წინაღობა, ანუ სათნოებებისა და კეთილზნეობის უწყვეტი და მუდმივი შექმნა. ასეთი სახის ზღუდე აკრავს ნაყოფიერ მინდორს, რომელიც მას ქურდების თავდასხმებისგან იცავს; ის აკრავს დამუშავებულ მიწას, განყოფს რა მას უდაბნოსგან. კედელი ამაგრებს სახლსაც: თუკი დგას ღობე, სახლი უსაფრთხოდაა. ამაოდ როდია ნათქვამი: "ღობეს მოვურღვევ (ვენახს), რომ გაპარტახდეს" (ეს. 5:5).
25. ამრიგად, მოდი ვითხოვოთ, რათა უვნებელი იყოს ჩვენი სახლის, სულიერი სახლის (1 პეტ. 2:5) გალავანი, რომელიც ჩვენში კაცმა კი არ ააშენა, არამედ ცოცხალმა ღმერთმა, რომელმაც თქვა: "ზღუდე შემოვავლე" (ეს. 5:2). ამ გალავნის დამანგრეველები მოაკლდნენ ცხონებას. დაე დარჩეს ეს ზღუდე, დაე დარჩეს ეს კედელი! გინდა იცოდე, რაოდენ სასარგებლოა იგი? "ეკლით მოზღუდე შენი ყურები და უკეთურ ენას არ უსმინო" (ზირ. 28:27,29); აი ასე გიცავს შენი ზღუდე ცოდვისგან.
26. უფალმა იესუმ, ქვეყნად განკაცებულმა, აღადგინა ამ კედლის სამაგრები და მიგვმართა წინაპართა საქმეებისკენ, რწმენის უძველესი უბრალოებისკენ. ამიტომაც თქვა მისთვის წინასწარმეტყველმა: "დაგერქმევა ზღუდის ამშენებელი" (ეს. 58:12). მან მოგვაცილა ის დაბრკოლება, რომელიც ჰყოფდა სულისა და სხეულის ერთობას და მარტივი ცხოვრების მთლიანობას, და თვითონ "იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი" (ეფეს. 2:14).
შუაში მდგომი ეს ზღუდე, მოციქულის თქმით, ხორცის მტრობაა. ეს მტრობა განაქარვა უფალმა და დააბრუნა მშვიდობა, "გააუქმა აღთქმათა რჯული - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში" (შეად. ეფეს. 2:15).
შაბათის უფალმა გააუქმა ხორციელი შაბათის პატივისცემა, თითქოსდა რჯულის შუაკედელს ანგრევსო, რომელიც დადგენილებათა სიმძიმის გამო დაბრკოლება გახდა ჩვენთვის საღვთო სათნოებათა გზაზე. მოსეს რჯულით წარმართი ხალხებისთვის შეუძლებელი იყო ღმრთისმსახურება, რადგან იუდეველთა ცარიელი გარეგანი ღვთისმოსაობა ხელს უშლიდა წმიდა სულის წარმართებს გადაეღოთ ღმრთის თაყვანისცემა. მაშ რა, რჯული უსარგებლოა? არა! (შეად. რომ. 3:31). ის მცირედმორწმუნეთათვის იყო სასარგებლო, აუცილებელი იყო უძლურთათვის, თავისი მაცხოვნებელი მცნებების სიმკაცრით აკავებდა მერყევთა და ცდომილთ და იცავდა მათ, აიძულებდა რა მცნებათა დაცვას. რჯული კეთილია, რადგან სულიერია (შეად. რომ. 7:12, 14; 1 ტიმ. 8-11). ის კეთილი არ არის მისთვის, ვინც მას სულიერად არ მიიჩნევს, ვინც დაწვრილმანებულია და სულით გამიწიერებული, ვისაც რჯულზე მაღლა მყოფის, ანუ ქრისტეს სიდიადის ხილვა არ ძალუძს. ეს არის დიდება ღმრთისა, რომლის მაღალი სახლი ვითარც კედლის ზემოდან იხილა ესაიამ (იხ. ეს. 6); ეს დიდება ჩანს მთებზე, და არა ველებზე (იხ. 3 მეფ. 20:28).
27. ეკლესიამ ქებათა ქებაში გვასწავლა, რომ კედელი შეუძლებელია წინაღობა იყოს ჩვენი უფლის იესუ ქრისტესთვის და იმისთვის, ვინც მას მისდევს. ეკლესია ამბობს: "აჰა, გაისმის ხმა ჩემი ძმისწულისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე. ვამსგავსე ძმისწული ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის. მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი! რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა. ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გასხვლისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში" (ქება 2:8-12).
ყვავილები - მოციქულები არიან, გასხვლის ჟამი - ქრისტეს ნაყოფია, გვრიტის ხმა კი - ხმა ეკლესიის. მაშასადამე, სამართლიანად ინება ძემ ღმრთისამ თავად გადმოსულიყო, რათა განექარვებინა რჯულის კედელი, ანუ სიმძიმე და ამაოება ხორციელი შემეცნებისა, რადგან იხილა, რომ მიწიერი ადამიანები ვერ ადიან ზეცად და შებოჭილნი არიან ხორციელი საკვრელებით - "არავინ არის სიკეთის მქმნელი, ერთიც არ არის" (ფსალმ. 13:3). ეს კედელი თითოქსდა ამძიმებდა და აბნელებდა ხალხთა გულებს. მაშასადამე, უმჯობესია ზღუდე, ვიდრე კედელი. საშიშია თეთრად შეფეთქილი კედელი, და ასე ამაოდ როდი იწოდება მღვდელმთავარი (იხ. საქმე 23:3) - ის დაბრკოლება იყო ვითარც შუაკედელი, რომელიც უფალმა იესუმ განაქარვა როგორც საკმაოდ მძიმე ვალდებულება, და გადმოღვარა უფრო ნათელი ღმრთისთაყვანისცემა, რათა ამიერიდან არა მხოლოდ რჯულის ხორციელ დადგენილებათა ტყვეობაში მყოფი იუდეველები, არამედ ყველა ხალხი ყოფილიყო სახარების მიერ ღმერთის თაყვანისცემად მოწოდებული.
28. ამრიგად, ორი ტყუპი - ეს ცხოვრების ორი მსგავსი წესია, ორი მსგავსი მსახურებაა, მაგრამ პირველი შემდეგ გამოჩენილზე უკეთესია, და ამიტომაც აღდგა ის, რაც უკეთესია. ხოლო ვინ არ დაეთანხმება იმას, რომ სახარება აღემატება რჯულს? რჯული კეთილია, თუკი გონებას ასოზე აამაღლებ, რადგან "ასო კლავს" (2 კორ. 3:6). რა სარგებელი იქნებოდა ამ ისტორიაში, თუკი მასში უდიდესი საიდუმლოს ნათელს ვერ დავინახავდით? წმიდა მოციქულმა გვასწავლა მარტივ თხრობაში გვეძება დაფარული ჭეშმარიტება და ის, რაც გასაგებია ასოს მიხედვით გაუგებარი განსჯის მიმართ გამოგვეყენებინა:
"მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს? ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისგან და მეორე თავისუფლისგან. მაგრამ რომელიც მხევლისგან იყო, ის ხორციელად შობილი იყო, ხოლო რომელიც თავისუფლისგან - აღთქმის თანახმად. ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა..." (გალატ. 4:21-24); და შემდეგ: "ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია" (გალატ. 4:26).
29. ზენა იერუსალიმისკენ ვილტოდეთ გონების სიმაღლით, რომლისგანაც განცალკევება ვერ მოახერხა შუაში მდებარე კედელმა. ძველი აღთქმის კედელი უკვე განქარვებულია, რომელიც გასაგები იყო ხორციელი აზრით; "განდევნილია მხევალი" (იხ. დაბ. 1:10; გალატ. 4:30), დარჩა თავისუფალი. ჩვენ თავისუფლები ვართ, რადგან თავისუფლისგან ვიშვით, თავისუფალია ეკლესია, განდევნილია სინაგოგა (იუდეველი ხალხი ხომ ტყვეობაში აღმოჩნდა); განქარვებულია მონობის უღელი, რომელიც ჩვენი სულის ქედს აწვებოდა (იხ. საქმე 15:10) ისე, რომ არ შეგვეძლო ადრინდელი ცხოვრების კედელს მიღმა გაგვეხედა. ჩვენი უღელი საამოა, და ტვირთი - მსუბუქი (შეად. მთ. 11:30). ასეთია ჩვენი უფალი, რომლის წინასახეც იყო ზარა, რადგან ხორციელად უფალი იესუ წარმოიშვა ამ ზარას ტომიდან და თესლიდან, იშვა რა არა მარტო ქალწულისგან, არამედ რჯულქვეშაც იყო, რათა თავისი სისხლის ფასად გამოესყიდა ისინი, ვინც რჯულ ქვეშ იყვნენ (იხ. 1 პეტ. 1:19; გალატ. 4:4). ზარას ხელი მისი (ქრისტეს) მომასწავებელი იყო, გაგვიცხადა რა, რომ მოვიდოდა ის, ვინც დააბრუნებდა ცხოვრების ძველ წესს და აღადგენდა უკანასკნელ ადამში (შეად. 1 კორ. 15:45) თავისუფლებას, რომელიც მიენიჭა პირველ ადამს, - და ამიერიდან კაცთა მოდგმა აღარ იქნებოდა მონობის რჯულს დაქვემდებარებული" (Амвросий Медиоланский свт. Изъяснение Евангелия от Луки. Книга 3. М.: ПСТГУ, 2019. С. 202-217).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი:
"აუცილებელია ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ მაცხოვრის გვარტომობაში არ არის მითითებული არც ერთი წმიდა დედაკაცი, არამედ მოხსენიებულნი არიან მხოლოდ ისინი, ვისაც კიცხავს წმიდა წერილი, რათა აჩვენოს, რომ ცოდვილთათვის მოსული, წარმოსდგა ცოდვილთაგან, და აღხოცა ყველას ცოდვანი. ამიტომაც მომდევნო მუხლებში მითითებულია მოაბიტელი რუთი და ბერსაბე (Bethsabee), ურიას ცოლი".
წმ. იოანე ოქროპირი:
"2. რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლისშერევის ისტორიას რომ გვახსენებ? რა არის ამაში? მოგვიგებს იგი. რომელიმე ჩვეულებრივი ადამიანის წინაპრების ჩამოთვლა რომ დაგვეწყო, მაშინ კარგს ვიზამდით, თუ ამგვარ საქმეზე არაფერს ვიტყოდით. მაგრამ განკაცებული ღმერთის გენეალოგია არა თუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინო. იგი იმისთვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისთვის, რომ გაენადგურებინა იგი. ისევე, როგორც განსაკუთრებულად ის კი არ გვაკვირვებს, რომ ქრისტე მოკვდა, არამედ ის, რომ იგი ჯვარს ეცვა (მართალია ეს შეურაცხმყოფელიცაა, მაგრამ, რაც უფრო შეურაცხმყოფელია, მით უფრო ააშკარავებს მის კაცთმოყვარებას), იგივე შეიძლება ითქვა მის შობაზე: ქრისტე უნდა გვაკვირვებდეს არა მხოლოდ იმით, რომ მან ხორცი შეისხა და განკაცდა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანები ღირსჰყო მისი ნათესავები ყოფილიყვნენ და ჩვენი ცოდვების გამო ოდნავადაც კი არ შერცხვენია.
ამგვარად, იმთავითვე, როდესაც იშვა, მან გვაჩვენა, რომ ჩვენი არაფერი ეთაკილება და ამით გვასწავლა, არც ჩვენ გვრცხვენოდეს საკუთარი წინაპრების ავზნიანობა, არამედ მხოლოდ ერთი - სათნოებები ვეძიოთ. სათნომყოფელ ადამიანს, თუნდაც იგი უცხოტომელისგან იყოს დაბადებული, თუნდაც მეძავისა ან სხვა სახის ცოდვილისგან იყოს შობილი, ამის გამო არაფერი ევნება. მაშინ, როცა თვით მეძავსაც კი, თუკი იგი შეიცვლება, წარსული ცხვორება არანაირად არ შეარცხვენს, მაშ მითუმეტეს სათნომყოფელ კაცს, თუ იგი მეძავის ან მრუშის მიერ არის დაბადებული, ოდნავადაც კი არ არცხვენს მშობლების უწმინდურობა.
თუმცა, ქრისტე ამგვარად მხოლოდ ჩვენს განსასწავლად არ მოქცეულა, არამედ იუდეველთა ამპარტავნების შესამუსრავადაც. რამდენადაც ისინი, არად აგდებდნენ სულიერ სათნოებებს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში აბრაამით იწონებდნენ თავს და ეგონათ, რომ წინაპართა კეთილი საქმეებით გამართლდებოდნენ. ასე რომ, უფალი იმთავითვე აჩვენებს, რომ წარმოშობით კი არ უნდა განიდიდებდე თავს, არამედ საკუთარი დამსახურებებით. გარდა ამისა, მას იმის ჩვენებაც სურს, რომ ყველა, თვით მამამთავრებიც კი ცოდვილნი არიან. რომ თვით პატრიარქი, რომლის სახელიც იუდეველ ხალხს ეწოდა, არცთუ მცირედ მცოდველი აღმოჩნდა: თამარი ააშკარავებს მის სიძვის ცოდვას. დავითმაც მეძავი ქალისგან შვა სოლომონი. თუკი ასეთი დიდებული ადამიანები არ აღასრულებდნენ სჯულს, მითუ უმეტეს - ისინი, ვინც მათზე დაბლა იდგა. და თუკი არ აღასრულდებდნენ, გამოდის, რომ ყველანი სცოდავდნენ და ქრისტეს მოსვლა აუცილებელი იყო. სწორედ იმისთვის მოიხსენია მახარებელმა თორმეტი პატრიარქი, რომ დაემდაბლებინა ის იუდეველები, სახელგანთქმული წინაპრებით რომ ქედმაღლობდნენ. პატრიარქთაგან მრავალი ხომ სწორედ მხევლისგან იშვა და მიუხედავად ამისა, მშობელთა შორის განსხვავებას არ გამოუწვევია განსხვავების წარმოშობა შობილთა შორის. ისინი თანასწორად იყვნენ, როგორც პატრიარქები, ასევე მოდგმათა მამათმთავრები. სწორედ ამაში მდგომარეობს ეკლესიის უპირატესობა; ამაში მდგომარეობს ჩვენი კეთილშობილების თავისებურება, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში რომ ჩაისახა. თუნდ მონა იყავი და თუნდ თავისუფალი, თავისთავად ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბოროტება. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: ნება და სულიერი განწყობილება.
3. აქ თქმულის გარდა არის კიდევ მიზეზი, რის გამოც მახარებელმა იუდას სისხლის შერევის ისტორია გაიხსენა. ფარეზთან ზარა უმიზნოდ როდია ნახსენები. თითქოსდა ფარეზის მერე, საიდანაც ქრისტეს გენეოლოგია უნდა წამოსულიყო, სრულიად ამაო და ზედმეტი უნდა ყოფილიყო ზარას ხსენება. მაშ, რაღად მოიხსენიეს? როდესაც თამარს მათი შობის დრო დაუდგა და ტკივილები დაეწყო, ზარამ პირველმა გამოყო ხელი. ეს რომ ბებიაქალმა დაინახა, იმისთვის, რომ პირველშობილი აღენიშნა, ხელი წითელი ძაფით გადაუხვია. ხელის გადახვევის შემდეგ ყრმამ ხელი შემალა და ამის შემდეგ იშვა ფარეზი, შემდეგ კი ზარა. ამის შემხედვარე ბებიაქალმა თქვა: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?" (დაბ. 38:29). ხედავ ამ საიდუმლო წინასახეს? უმიზეზოდ როდი დაწერილა ეს ჩვენთვის, - თორემ აბა რა სალაპარაკო იქნებოდა, რა თქვა ბებიაქალმა და იმის მოყოლა, რომ მეორედ შობილმა ხელი პირველზე უწინარეს გამოყო. მაშ, რას ნიშნავს ეს წინასახე?
ჯერ ერთი ამ საკითხს გადაჭრის ყრმის სახელი - ფარეზი, რაც განყოფასა და განბნევას აღნიშნავს. მეორეც, თავად მოვლენა: არაბუნებრივი მოვლენა იყო თავად ის, რომ პირველადგამოჩენილი ხელი და ძაფით გადახვეული კვლავ დაიმალა. აქ არ იყო არც ცნობიერი მოქმედება, არც ბუნებრივი თანმიმდევრობა. შესაძლოა, მეორის დაბადება მაშინ, როცა ერთმა უკვე ხელი გამოყო, ბუნებრივია, მაგრამ მისი ისევ შემალვა, რომ მეორეს მისცეს გზა - ეს უკვე აღარ შეესაბამება შობის კანონებს. არა, აქ მყოფობდა მადლი ღმრთისა, რომელმაც განაგო ყრმათა შობა და ამით ზოგიერთი შემდგომი მოვლენა წინასწარ გამოსახა ჩვენთვის. და კერძოდ რა? ისინი, ვინც გულმოდგინედ ჩასწვდნენ ამ მოვლენას, ამბობენ, რომ ეს ყრმები განასახიერებდნენ ორ ხალხს.
შემდეგ იმისთვის, რათა იცოდე, რომ მეორე ერის არსებობა წინ უსწრებდა პირველის წარმოშობას, ყრმა მთლიანად კი არ ჩნდება, არამედ, მხოლოდ ხელს გამოყოფს, მაგრამ მაშინვე მალავს მას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ძმა სრულად მოევლინება ქვეყანას, ისიც გამოდის. ეს მოხდა ამათუიმ ერთან დაკავშირებით. თავდაპირველად, აბრაამის დროში გაჩნდა ეკლესიური ცხოვრება, შემდეგ, როდესაც ის გაუჩინარდა, წარმოდგა იუდეველი ხალხი - სჯულისმიერი ცხოვრებით. ხოლო ამის შემდეგ უკვე გაჩნდა მთლიანი ახალი ერი თავისი კანონებით. სწორედ ამიტომ ამბობს ბებიაქალი: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?" შემოსულმა რჯულმა შეწყვიტა ცხოვრების თავისუფლება. როგორც წესი, რჯულს წერილიც ზღუდეს უწოდებს: ამგვარადვე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: "აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი" (ფსალმ. 79:12)? ხოლო პავლე ამბობს: "მისი ზღუდის შუაკედელი დახსნა" (ეფ. 2:14).
4. სხვები ირწმუნებიან, რომ სიტყვები: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?" ნათქვამია ახალ ხალხზე, რამდენადაც მან თავისი მოვლინებით გააუქმა რჯული. ხედავ, რომ არცთუ მცირე და უმნიშვნელო მიზეზების გამო უხსენებია მახარებელს იუდას ისტორია?!
ამისთვისვე მოიხსენიებიან რუთი და რექაბი, რომელთაგან პირველი უცხოტომელი იყო, მეორე კი მეძავი. ანუ, იმისთვის, შენ რომ გცოდნოდა, რომ მაცხოვარი მოვიდა ჩვენი ყოველგვარი ცოდვის გასანადგურებლად, მოვიდა, როგორც ექიმი და არა როგორც მსაჯული. ისევე, როგორც ამათ ცოლად მეძავები შეირთეს, ასევე ღმერთმა შეიერთა ცოდვილი ბუნება. წინასწარმეტყველები უწინ ამას სინაგოგასაც მიაწერდნენ; მაგრამ მან თავისი მეუღლისადმი უმადურობა გამოავლინა. და პირიქით, მამათა ცოდვებისგან ერთხელ გათავისუფლებული ეკლესია საქმროს გვერდში დარჩა. იმასაც დააკვირდი, რითაც რუთის თავგადასავალი ჩვენსას ემსგავსება. ის უცხოტომელი და უკიდურეს სიღატაკემდე მისული იყო, მაგრამ, როდესაც იგი ბოოსმა იხილა, არ შეურაცხყო მისი სიღატაკე და არ შეეპუა მის მდაბიო წარმოშობას. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტემ, რომელმაც ეკლესიაში უცხოტომელები და უღატაკესები მიიღო და მისი წევრები უდიდესი სიკეთის მონაწილეებად აქცია. და როგორც რუთი, რომელიც ამგვარ მეუღლეობაში ვერასოდეს შევიდოდა, უწინარეს ამისა მამა რომ არ დაეტოვებინა, რომ არ უგულებელეყო სახლი, გვარი, მამული და ნათესავები, ასევე, როდესაც ეკლესიამ მამათა ჩვეულებები უარყო, მის შემდეგ გახდა სასურველი სასიძოსთვის. სწორედ ამის შესახებ ამბობს წინასწარმეტყველი ეკლესიასთან მიმართებაში: "დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა" (ფსალმ. 44:10, 11). ასე მოიქცა რუთი და ამით გახდა იგი დედა მეფისა, ისევე, როგორც ეკლესია, რადგანაც მისგან გამოვიდა დავითი.
ამგვარად მახარობელმა შეადგინა გენეოლოგია და იქ შეიყვანა ეს ქალები იმისთვის, რომ ამ მაგალითებით შეერცხვინა იუდეველები და ქედმაღლობისგან განრიდება ესწავლებინა მათთვის. რუთი უდიდესი მეფის წინაპარი იყო და დავითს ამისი არ რცხვენოდა.
შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელია, რომ წინაპართა ცოდვებისა თუ სათნოების საშუალებით იყო პატიოსანი ან უპატიოსნო, სახელოვანი ან სრულიად უსახელო. პირიქით, მინდა გითხრათ, რომ, შესაძლოა, ჩემი სიტყვები უცნაურადაც მოგეჩვენოთ, - სწორედ იგია მეტად აღმატებული და სახელოვანი, ვინც სახელოვანი მშობლებისგან არ იშობა და სიკეთეს მიაღწევს. ასე რომ დაე, ნურავინ იამაყებს წინაპრებით, არამედ მაცხოვრის წინაპრების მაგალითის შემხედვარემ გვერდზე გადადე ყოველგვარი ამპარტავნება და საკუთარი დამსახურებებით იამაყე, ან ჯობს, არც მათით იამაყო. საკუთარი თავის განდიდებამ ფარისეველი მეზვერეზე უარესად გამოაჩინა.
თუკი უდიდესი სათნოებები გსურს გამოავლინო, თავს ნუ აიმაღლებ და მაშინ უდიდესად წარმოჩინდები. ნუ იფიქრებ, რომ თუკი რაღაც აღასრულე, ამით ყველაფერი გააკეთე. თუკი ჩვენ ვმართლდებით მაშინ, როდესაც ცოდვილები ვართ და საკუთარ თავს იმად მივიჩნევთ, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ, როგორც ეს მეზვერის შემთხვევაში მოხდა, მაშ, რამდენად აღმატებულია ის, რომ მართალი საკუთარ თავს ცოდვილად შერაცხავს?! თუკი სიმდაბლე ცოდვილს მართლად აქცევს, თუნდაც ეს არც იყოს სიმდაბლე, არამედ - გულწრფელი აღიარება. და თუკი გულწრფელ აღიარებს ესოდენი ძალა მოეპოვება ცოდვილ ადამიანში, მაშ, ნახე, რას არ იზამს მართალთა სიმდაბლე!
ამგვარად, ნუ დაღუპავ საკუთარ შრომას; ისე ნუ იზამ, რომ ოფლი შენი ამაოდ იღვრებოდეს და შენ ათასობით ასპარეზის განლევის შემდეგ ყოველგვარ ჯილდოს მოაკლდე. უფალმა შენზე გაცილებით უკეთ იცის შენი დამსახურებები. ვიმეს რომ ერთი ჭიქა ცივი წყალი მიაწოდო, ის ამასაც კი არ უგუებელყოფს. ერთ ამოოხვრას, ერთ სულთქმასაც კი იგი უდიდესი წყალობით მიიღებს, გაიხსენებს და უდიდესი ჯილდოთი მოგიზღავს. რისთვის განიხილავ საკუთარ კეთილ საქმეებს და ყველას დასანახად გამოფენ?! თუ არ იცი, რომ, თუკი თავს იქებ, უფლისგან ქებას ვეღარ მიიღებ?! და შესაბამისად, თუკი თავს იმდაბლებ, იგი ყველას წინაშე განგადიდებს. მას არ სურს შენი შრომის ჯილდოს რამე მოაკლდეს. აბა, რას ვამბობ: მოაკლდეს?! იგი ყოველივეს ისე აკეთებს და აწყობს, რომ მცირესთვისაც კი გვირგვინით შეგამკოს და ყოველგვარ პირობას ეძებს, რომ გეენიისგან გიხსნას.
5. აი, რატომაა, რომ მიუხედავად იმისა მხოლოდ თერთმეტი საათის განამვლობაში შრომობ მთელი დღის მანძილზე, უფალი ჯილდოს სრულად მოგაგებს. "თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, - იტყვის იგი, - არამედ წმიდავყოფ ჩემს დიდ სახელს" (შეად. ეზეკ. 36:22-32). უბრალოდ რომ ამოიოხრო, თვალს რომ ცრემლი მოგადგეს, ის მაშინათვე გამოიყენებს ამას, როგორც შენი ცხონების შესაძლებლობას. ამგვარად, ნუ ავიმაღლებთ თავს, საკუთარ თავს ყოვლადუსარგებლო ვუწოდოთ, რათა ვიყოთ სასარგებლონი. თუკი საკუთარ თავს მიიჩნევ საქებრად, ყოვლად უსარგებლო იქნები, სინამდვილეში მართლაც საქებარი რომ იყო. და პირიქით, თუკი თავს უსარგებლოდ მიიჩნევ, სასარგებლო შეიქმნები, რომც არ იმსახურებდე ქებას. აი, რატომაა საჭირო საკუთარი კეთილი საქმეების დავიწყება.
მაგრამ შენ იტყვი: როგორ შეიძლება არ იცოდე ის, რაც თავისთავად ცხადია?! აბა რას ამბობ? შენ გმუდმებით შეურაცხჰყოფ ღმერთს, განცხრომაში და მხიარულებაში ცხოვრობ და არ უწყი ის, რაც შესცოდე, ყოველივე ამას ივიწყებ, საკუთარი კეთილი საქმეების დავიწყება კი არ შეგიძლია? თუმცა შიში გაცილებით ძლიერია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი საპირისპიროდ გვემართება: ყოველდღე შეურაცხვყოფთ ღმერთს და ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ, ხოლო თუ ღარიბს უბრალო მონეტა მივეცით, ამით გამუდმებით ვიმაღლებთ თავს. ეს უდიდესი უგუნურება და დიდი დანაკარგია მისთვის, ვინც შეიკრებს.
საკუთარი კეთილი საქმეების დავიწყება მათთვის ყველაზე უსაფრთხო საუნჯე იქნებოდა. როგორც ჩვენს მიერ სავაჭროზე გამოფენილი ტანსაცმელი და ოქრო უამრავი ავისმზრახველის ყურადღებას იპყრობს, ხოლო თუკი ამ ყოველივეს სახლში ვინახავთ და ვმალავთ, საიმედოდაა დაცული. ასევე, თუკი საკუთარ კეთილ საქმეებს მეხსიერებაში ვინახავთ, განვარისხებთ უფალს, მტერს ჩვენს წინააღმდეგ აღვჭურვავთ და მის წარსატაცებლად აღვძრავთ. ხოლო, თუკი მის შესახებ არავის არაფერი ეცოდინება, გარდა იმისა, ვინც უნდა იცოდეს, მაშინ ისინი უსაფრთხოდაა დაცული.
ასე რომ, გამუდმებით ნუ იქებ თავს შენი კეთილი საქმეებით, რომ ვინმემ არ წაგართვას ისინი. რომ შენც იგივე არ დაგემართოს, რაც მოუვიდა ფარისეველს, რომელსაც ისინი გამუდმებით ენაზე ეკერა, საიდანაც წარსტაცა კიდეც ეშმაკმა. თუმცა იგი მადლობით იხსენიბდა მათ და ყოველივეს ღმერთს უმადლოდა. მაგრამ მას არც ამან უშველა, იმიტომ, რომ ის ვინც ღმერთს მადლობს, სხვებს აღარ უნდა ამცირებდეს. მრავალთა წინაშე არ უნდა გამოფენდეს, საკუთარ უპირატესობას არ უნდა აჩვენებდეს ყოველთა თვალწინ და ცოდვილთა წინაშე თავს არ უნდა აიმაღლებდეს. თუკი ღმერთს მადლობ, მხოლოდ ამით დაკმაყოფილდი, ნუ ლაპარაკობ ხალხის წინაშე და ნუ განიკითხავ მოყვასს, იმიტომ, რომ ეს უკვე მადლიერება აღარ იქნება.
გინდა იცოდე, როგორ უნდა გამოხატავდე მადლიერებას? უსმინე რას ამბობენ სამნი ყრმანი: "ცოდვა ჩავიდინეთ და უკანონოდ მოვიქეცით" (დან. 3:29); "რადგან ყველაფერში მართალი ხარ (უფალო), რაც კი ჩვენთვის გაგიკეთებია" (27). "რაც გვიყავი, ჭეშმარიტი სიმართლის მიხედვით მოგვიზღე" (31).
საკუთარ ცოდვათა აღიარება არის სწორედ მადლიერება ღმრთისა. იგი, ვინც თავის ცოდვებს აღიარებს, ამით აჩვენებს, რომ ის მრავალრიცხოვან ცოდვებშია დამნაშავე და მხოლოდ შესაფერისი სასჯელი არ მიუღია. სწორედ ამიტომ უმეტესად მადლიერია ღმრთისა.
ამგვარად, მოვერიდოთ თავის ქებას საკუთარი კეთილი საქმის გამო, რადგანაც ეს ხალხისთვისაც საძულველს გვხდის და ღვთის წინაშეც საძაგელს. ამიტომ, რაც უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, მით უფრო ნაკლებად ვილაპარაკოთ ამაზე. სწორედ ამგვარად შევძლებთ, მოვიხვეჭოთ უდიდესი ქება, როგორც ღვთის, ისე - ადამიანებისგან. უფრო სწორად, - არა მხოლოდ ქება ღვთისგან, ასევე - ჯილდოც და ყოველგვარი მისაგებელიც. ამგვარად, ნუ ითხოვ ჯილდოს, რათა ჯილდო მოიპოვო. აღიარე, რომ შენ ცხონდები მადლით, რათა ღმერთმა შენს მოვალედ ჩათვალოს თავი, არამ მხოლდო შენს კეთილ საქმეთა გამო, არამედ შენი მადლიერებისთვის. როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, იგი ჩვენი მოვალე ხდება მხოლოდ ჩვენს საქმეთა გამო; ხოლო, როდესაც არც კი ვფიქრობთ, რომ რაღც სიკეთე აღვასრულეთ, იგი ჩვენს მოვალედ რჩება, ჩვენი ამგვარი განწყობის გამო და ამასთან უფრო მეტადაც, ვიდრე - საქმეებისთვის.
ამგვარად, ჩვენი ასეთი განწყობა თვით სათნოებათა აღსრულებას უთანაბრდება. მის გარეშე კი თვით საქმეებიც არაფერს ნიშნავს. სწორედ ამგვარად გამოვხატავთ ჩვენც მადლიერებას ჩვენი მსახურების მიმართ, როდესაც ისინი, ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სიამოვნებისთვის და ამავე დროს ფიქრობენ, რომ ჩვენთვის ჯერაც არ გაუკეთებიათ რაიმე მნიშვნელოვანი.
ამგვარად, თუკი გსურს, რომ შენი კეთილი საქმეები განდიდდეს, დიდად ნუ შერაცხავ მათ. სწორედ ამგვარადვე ამბობდა ასისთავი: "არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური" (მთ. 8:8). და სწორედ ამის გამო გახდა ღირსეული და ყველა იუდეველზე უმეტესად განსაცვიფრებელი. ასევე ამბობდა პავლე: "არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი" (1 კორ. 15:9), და ამით ყოველთა შორის უპირველესი შეიქმნა. ამას ამბობდა იოანეც: "მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი" (ლკ. 3:16), და ამიტომაც იყო მეგობარი სიძისა და ის ხელი, რომელსაც იგი იმის ღრისადაც არ რაცხავდა, რომ მის ფეხსაცმელებს შეხებოდა, ქრისტემ თავზე დაიდო. ასევე ამბობდა პეტრე: "გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ" (ლკ. 5:8). და ამისთვის ექმნა იგი ეკლესიას საძირკვლად, და ჭეშმარიტად, არაფერი ისე სათნო არ არის ღმრთისთვის, როგორც ის, რომ ვინმე საკუთარ თავს უდიდეს ცოდვილად შერაცხავს. ესაა ყოველგვარი სიბრძნისმოყვარების დასაწყისი.
მდაბალი და გულშემუსვრილი არასოდეს იქნება არც ამპარტავანი, არც მრისხანე, არ შეშურდება მოყვასის, ერთი სიტყვით, მისი სული არცერთ ვნებას არ განიცდის. როგორც გინდ ვეცადოთ, მოტეხილი ხელის მაღლა აწევას მაინც ვერ შევძლებთ; თუკი ამგვარადვე შევიმუსრავთ სულს, ათასობით ვნების შებერვისასაც კი აღარ ამაღლდება იგი. თუკი იგი, ვინც ცხოვრებისეულ საგანთა გამო ტრიის, განდევნის ყოველგვარ სულიერ სნეულბას, საკუთარ ცოდვებზე მოტირალი მით უფრო გახდება სიბრძნისმოყვარე.
შენ მეტყვი, მაშ ვის ძალუძს საკუთარი გულის ამგვარად შემუსვრაო? უსმინე დავითს, რომელიც განსაკუთრებულად სწორედ ამით განდიდდა, იხილე შემუსვრილება მისი სულისა, როდესაც იგი, უკვე მრავალი ღვაწლის აღსრულების შემდეგ დადგა საშიშროების წინაშე, რომ თავის მამულს, სახლსა და თვით სიცოცხლესაც დაკარგავდა და უბედურების წუთებში ნახა, რომ ყველაზე მდაბალი და საძაგელი მეომარი ილანძღებოდა მის მიმართ და ამცირებდა მას, არა მხოლოდ ლანძღვა-გინებით არ მიუგო მას, არამედ, მხედართმთავარს, მის მოკვლას რომ აპირებდა, აუკრძალა ეს საქმე და თქვა: "თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია" (2 მეფ. 16:11). ხოლო მეორედ, როდესაც მღვდელმთავრებმა სთხოვეს, ებრძანებინა, რომ კიდობანი მის კვალდაკვალ ეტარებინათ, იგი არ დათანხმდა და რა თქვა: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი, - ამბობს იგი, - და თუკი უფალი მიხსნის ამჟამინდელი უბედურებისგან, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს, თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, მიყოს, რაც ენებოს" (2 მეფ. 15:25). ხოლო ის, რაც საულთან მიმართებაში გააკეთა, არა ერთხელ, ორჯერ, არამედ - მრავალგზის, მისი სიბრძნის რა საოცარ სიმაღლეზე მეტყველებს!
ასეთი მოქმედება ძველ სჯულზე მაღლა იდგა და მოციქულთა ქადაგებას უახლოვდებოდა. ამიტომ იგი ყოველივეს სიყვარულით იღებდა უფლისგან, არ გამოიძიებდა მის თავზე გარდამხდარს, არამედ, მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ დამორჩილებოდა და მიჰყოლოდა მის მიერ მოცემულ კანონს. და ესოდენ დიდებულ ღვაწლთა აღმასრულებელი, როდესაც თავის კუთვნილ სამეფოს მტანჯველების, მამისმკვლელების, ძმათამკვლელების, მჩაგვრელების, შემპყრობლების ხელთ ხედავდა, არა მხოლოდ არ ცდუნდა, არამედ ამბობდა: თუკი სათნოა ღვთისთვის, რომ დევნილი ვიყო, ვმწირობდე და გავრბოდე, ჩემი მტერი კი პატივით იყოს მოცული, სიყვარულით მივიღებ ამას; და ვმადლობ მას მრავალრიცხოვანი უბედურებების გამო. იგი იმგვარად კი არ მოქცეულა, როგორც მრავალი ურცხვი და კადნიერი, რომელთაც მისი ღვაწლის მცირე ნაწილიც კი არ აღუსრულებიათ და სხვას რომ მეტ-ნაკლებ კეთილდღეობაში ნახავენ, საკუთარ თავზე კი უმცირეს მწუხარებას გამოსცდიან, ურიცხვი გმობით ღუპავენ საკუთარ სულებს.
ამგვარი არ ყოფილა დავითი, არამედ ყველაფერში სიმშვიდეს იჩენდა. ამიტომაც თქვა ღმერთმა: "ვპოვე დავით, მონა ჩემი და საცხებელი წმიდა ჩემი ვცხე მას" (ფსალმ. 88:21). შევეცადოთ, ჩვენც ასეთივე სული ვიქონიოთ და რაც გინდ შეგვემთხვეს, სიმშვიდით გადავიტანოთ, აქაც, სასუფევლის დამკვიდრებამდე სიმდაბლის ნაყოფი შევიკრიბოთ. "ისწავლეთ ჩემგან, - ამბობს უფალი, - ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს" (მთ. 11:29).
ამგვარად, იმისთვის, რათა აქაც და იქაც სიმშვიდით ვნეტარებდეთ, ყოველი ძალისხმევით დავნერგოთ ჩვენს სულებში დედა ყოველთა სათნოებათა - სიმდაბლე. ამ სათნოების შემწეობით ჩვენ შევძლებთ, უღელვოდ გადავცუროთ ამ ცხოვრების ზღვა და მივაღწიოთ მყუდრო ნავთსაყუდელს, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და ხელმწიფება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2016 წ. გვ. 29-36).
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი:
იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს აბრაჰამის თესლისგან შვილების ყოლა ძლიერ უნდოდა, ქვრივის სამოსი გაიხადა, ვითარცა მეძავი, ისე შეიმოსა და თავის მამამთილს შეერთო, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა.
როცა მშობიარობის ჟამი დადგა, ერთ-ერთმა ბავშემა საშოდან ხელი გამოყო, თითქოს პირველად ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა გამოყოფილ ხელზე მყისვე წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა პირველი რომელი დაიბადებოდა, მაგრამ მან ხელი უკანვე წაიღო და ჯერ მეორე ბავშვი დაიბადა, ხოლო შემდეგ უკვე ის, რომელმაც ხელი პირველმა გამოყო. ამიტომაც პირველად დაბადებულს ფარეზი ეწოდა, რაც, "მეყოვნებას" ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკან შეყო - ზარა.
ეს ისტორია ერთგვარ საიდუმლოზეც მიგვანიშნებს. ვითარცა ზარამ ხელი ჯერ გამოაჩინა, ხოლო შემდეგ ისევ უკან წაიღო, ასეთივეა ქრისტესმიერი მოქალაქეობა. იგი წმინდანებში ჯერ კიდევ რჯულამდე და წინადაცვეთამდე გამოჩნდა, რადგან ისინი არა რჯულისა და მცნებათა დაცვით, არამედ იმით, რომ სახარებისმიერი მოქალაქეობით იცხოვრეს, განმართლდნენ. შეხედე აბრაამს, ვინც მამა და სახლი ღმრთის გამო დატოვა და ბუნებას განუდგა. შეხედე იობს, მელქისედეკს! რჯულის მოსვლით ამგვარი ცხოვრება დაიფარა, მაგრამ ვითარცა იქ, შემდგომად ფარეზის შობისა, მოგვიანებით კვლავ ზარა გამოვიდა, ასევე სახარებისეული ცხოვრებაც, რჯულის მოცემის შემდეგ, მოგვიანებით განბრწყინდა, ნითელი ძაფით ანუ ქრისტეს სისხლით აღბეჭდილი.
მახარებელმა ეს ორი ყრმა იმიტომაც ახსენა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა, თუმცაღა თამარი, რომელიც იმის გამო, რომ მამამთილს ჭეერთო, ალბათ, ქებას არ იმსახურებს, მახარებელმა მაინც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა, უფრო ზუსტად: იგი თვითონ იშვა მათგან, რათა განეწმინდა, რადგან მოვიდა წოდებად არა მართალთა, არამედ ცოდვილთა (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - მათეს სახარების განმარტება (http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=547%3A2013-06-06-10-51-21).
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
(ძვ. ქართ.: არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი:
როგორც "რიცხვთა" წიგნიდან ვიგებთ, ნაასონი იუდას შტოს მამამთავარია (რიცხვ. 1:7).
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum) (IV ს):
ნაასონმა შვა სალმონი. სალმონი თარგმანში ნიშნავს "მიიღე ჭურჭელი" (11). ამ სალმონმა ცოლად შეირთო რააბი (იხ. ის. ნავ. 2:1, 3; 6:16, 22, 24; იაკ. 2:25; ებრ. 11:31). ხოლო ეს რააბი, როგორც ამბობენ იერიქონელი მეძავი იყო და ისრაელის ძეთაგან გაგზავნილ მსტოვრებს მფარველობდა. როდესაც იერიქონელი მეფის ხალხი მათ მოსაკლავად ეძებდნენ, რააბმა თავიანთ სახლში შეიფარა ისინი და გადააარჩინა, რადგან მას სმენოდა ისრაელის ძეთა საქმეებზე და შეიყვარა ისრაელი საკუთარ ხალხზე მეტად. და ეს მე ორმაგად სანდოდ მიმაჩნია.
ჯერ-ერთი, მიუხედავად იმისა, რომ სალმონი იყო იუდას ტომიდან, წარჩინებული ისრაელის ძეთა შორის, და მეთაურის შვილი გახლდათ (12), მან დაინახა, რომ ეს მართალი რააბი იმდენად მოექცა სიკეთისკენ და ღმერთმა იმდენად შეიყვარა, რომ ღმრთის ნებით გაყვანილ იქნა იერიქონიდან, შერაცხილ იქნა ისრაელის ქალიშვილთა შორის და ერთ-ერთი მათგანი გახდა, თანაც იმდენად დიდი, რომ სალმონმა ის ცოლად შეირთო.
__________________
11. სხვა განმარტებით სალმონი ნიშნავს "მიიღე საფარველი". - რედ.
12. ნაასონი, სალმონის მამა, იუდას ტომის მეთაური იყო მოსეს დროს. - რედ.
__________________
მეორეც, როგორც ვფიქრობ, აქ სულიერი საიდუმლოც მოიაზრება, რადგან მეძავი რააბი, ეკლესიის წინასახეც გახლდათ, და თუმც ის მეძავი იყო წარმართი ხალხიდან და შებილწული იყო კერპთმსახურებით, მან თავის გულში იესუ ქრისტეს მსტოვრები, ანუ მოციქულები შეიწყნარა. მან დაიფარა ისინი (უფრო ზუსტად, მათი სიტყვები) ოთახში თავისი გონებისა, რათა ეშმაკს, წუთისოფლის თავადს, ვერ ეპოვა ისინი და ვერ წარეწყმიდა; სარკმლიდან გამობმული მეწამული თოკი (ის. ნავ. 2:15-21) უფლის მომავალი ვნების მინიშნებას წარმოადგენდა, ამ თოკით იქნა გამოხსნილ რააბი, გამოყვანილ იქნა წუთისოფლიდან, განიწმინდა და ქრისტეს პატარძალი გახდა.
სალმონი ნახსენებია მეათედ აბრაამიდან. ხოლო რიცხვი ათი ყოველთვის, როგორც რიცხვი სრულყოფილებისა, შეიცავს სრულყოფილი ქრისტეს საიდუმლოს. ამიტომაც ქრისტეს სახელის პირველი ასო, იოტა, ათიანს აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, რადგან სალმონი რიცხვთა საიდუმლოს მინიშნებით ქრისტეა, ხოლო რააბი საიდუმლოდ მიანიშნებს ეკლესიას, უსაფუძვლოდ როდი ვფიქრობტ, რომ რააბი იყო ეკლესია სალმონმა-ქრისტემ კი ის ცოლად აიყვანა.
შესაძლოა, სალმონი იმიტომაც ითარგმნება, როგორც "მიიღე ჭურჭელი", რომ სახელის შინაარსით მინიშნებულ იქნას საღმრთო განგებულება, რომლის მიერაც რააბი მიღებულ იქნა რჩეულ ჭურჭლად. როგორც პავლე, რომელიც, თუმც ქრისტიანთა მადევარი იყო, მოციქულთა დასში ჩარიცხვისა და ღმრთის რჩეულ ჭურჭლად ყოფნის ღირსი გახდა (საქმე 9:15), ასევე რააბიც, თუმც წარმართი და მეძავი იყო, ისრაელ ხალხს შეუერთდა და სალმონთან დაქორწინების ღირსი იქმნა; ან იმიტომაც, რათა შეერთებოდა ქრისტეს, რადგან მისი რჩეული ჭურჭელი გახდა (ამ საიდუმლოსთვის შესაფერისია ამ მეძავის ორივე სახელი, რადგან ადრე მას რააბი ერქვა, რაც ითარგმნება, როგორც "სივრცე" ან "გავრცელება"), ან კიდევ იმიტომ, რომ ის იწოდებოდა "ხალხთა სივრცედ", რამეთუ ეკლესია მოწოდებულია დედამიწის ყველა კუთხიდან; ან "გავრცელება", რადგან მთელ დედამიწაზე დამტკიცდა ეკლესია. და ეს რააბი, იმის შემდეგ რაც სალმონის ცოლი გახდა, იწოდა რაქაბად, რაც "აღმოსვლას" ნიშნავს.
ჭეშმარიტად, როგორც ის ძველაღთქმისეული რაქაბა ხორციელად ამაღლდა, რადგან ისრაელის ერთ-ერთი ქალიშვილთაგანი გახდა და ესოდენ წარჩინებული ქორწინების ღირსი იქმნა, ასევე ესეც ამაღლდა სულიერად, რომ ადრე კერპთაყვანისმცემელი ეკლესია (13) ანგელოზთა თანამეგზური, ქრისტეს პატარძალი და ღმრთის ქალიშვილი გახდა (PG 56:618).
__________________
13. იგულისხმება წარმართთაგან (ადრინდელ კერპთაყვანისმცემელთაგან) შედგენილი ეკლესია - რედ.
__________________
არქიმანდრიტი ლევ ჟილე (1892 - 1980):
იესუ ქრისტეს გენეოლოგია - ასე იწყება სახარება. ეს არის იუდაურ სახელთა გრძელი სია, და რაზე მიანიშნებს იგი? ებრაელთათვის - აუცილებლობას ხაზგასმულ იქნას მესიის წარმომავლობა დავითისგან. მაგრამ არის სხვა აზრიც: ამ გენეოლოგიაში ნახსენებნი არიან მკვლელები, მეძავები, სისხლაღრეულნი. თუკი იესუ იბადება ჩემს სულში, ის იქ ჩემ მიერ დაგროვილ ცოდვათა შორის და მათ საწინააღმდეგოდ იბადება. მათში იკვალავს ის გზას, ერთი მეორის მიყოლებით ძლევს რა ჩემს ბიწიერებას. მისი გენოლოგია - ჩემშია. ეს გზა, მის მიერ გაკვალული, განათებულია მისი სიყვარულით, მისი მოწყალებით და მისი ძლიერებით (Монах Восточной Церкви. Иисус очами простой веры. Никея, 2019. - С. 9).
5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი:
30. თუ ვაღიარეთ, რომ თამარი უფლის გენეოლოგიაში ნახსენებია საიდუმლო მნიშვნელობის გამო, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამავე მიზეზით არც რუთია დატოვებული განზე. შესაძლოა, წმიდა მოციქული მასზე ფიქრობდა, როდესაც სულით ჭვრეტდა სახარების მიერ წარმართთა მომავალ მოწოდებას: "რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთათვის" (1 ტიმ. 1:9). როგორ შეეძლო რუთს, უცხოტომელს, ცოლად გაჰყოლოდა იუდეველს? რა მიზეზით მიიჩნია საჭროდ მახარობელმა, რომ ეს ქორწინება, რომელიც რჯულით აკრძალულია (შედ. მეორე რჯლ. 7:3), იმსხურებდა მოხსენიებას ქრისტეს გენეალოგიაში? განა უფალი თავის მოდგმას არ აწარმოებს რჯულიერი კავშირისგან? ეს სამარცხვინო იქნებოდა, თუ არ გავიხსენებთ მოციქულის სიტყვებს, რომ "რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთათვის" (1 ტიმ. 1:9). მართალია, რუთი უცხოტომელი და მოაბიტელი იყო, ხოლო მოსეს რჯული განსაკუთრებულად კრძალავდა ასეთ ქორწინებას (იხ. გამ. 34:16) და გამორიცხავდა მოაბელებს თემიდან, რადგან წერილ არს: "ამანიტელი და მოაბელი ნუ შევლენ უფლის საკრებულოში მეათე თაობამდე და უკუნისამდე ჟამთა" (მეორე რჯლ. 23:3), - რუთი შევიდა საკრებულოში, რადგან ის წმიდა და უბიწო იყო ზნეობრივად (შეად. ეფეს. 5:27), და შეიქნა უმეტეს რჯულისა.
თუკი რჯული დადგენილია ურჯულოთა და ცოდვილთათვის, მაშინ, რა თქმა უნდა, რუთი, რომელიც აღემატა საზომს რჯულისა და შვიდა საკრებულოში, ისრაელიტი გახდა და ღირს იქნა ჩარიცხულ ყოფილიყო უფლის წინაპართა შორის. რადგან არჩეულ იყო სულიერი ნათესაობის, და არა ხორციელის მიხედვით, ამიტომაც გახდა ის ჩვენთვის უდიდესი მაგალითი, რადგან მასში გამოვლენილია ყოველი ჩვენთაგანის წინასახე, ყოველი შემოკრებილისა წარმართ ხალხთაგან რათა შევსულიყავით ეკლესიაში უფლისა. მაშ, მივბაძოთ მას! მსგავსად იმისა, როგორც მან, გადმოცემის თანახმად, თავისი ზნეობრივი თვისებების გამო მოიპოვა უფლება ჩარიცხულიყო რჩეულ ხალხში, ასევე ჩვენც უნდა ველტვოდეთ ჩვენი კეთილი საქმეებითა და ზნეობით ვეზიაროთ უფლის ეკლესიას.
31. ძველ დროში, "მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ. კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნოომინი" (რუთ. 1:1-2). "მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ურიფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი. და მოკვდნენ... დარჩა დედაკაცი ორივე შვილის გარეშე. და უქმროდ" (რუთ. 1:4-5).
როდესაც გაიგო, რომ ღმერთი ეწვია ისრაელს, ნოემინმა დასაბრუნებლად მზადება დაიწყო და თავისი შვილების ცოლებს მოუწოდა, რათა ისინიც თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ერთი რძალი დათანხმდა, რუთი კი დარჩა დედამთილთან ერთად. "დედამთილმა უთხრა რუთს: ხედავ, უბრუნდება შენი რძალი თავის ხალხსა და ღმერთებს. მიჰყევი შენს რძალს. რუთმა მიუგო: ნუ მაიძულებ დაგტოვო და დავუბრუნდე ჩემს ღმერთს; რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ იცხოვრებ, მეც იქ უნდა ვიცხოვრო. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია. სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და, და სადაც დაიმარხები მეც იქ უნდა დავიმარხო" (რუთ. 1:15-17).
ამრიგად, ორივენი ბეთლემში ჩავიდნენ. როდესაც დავითის პაპამ, ბოოსმა, შეიტყო რუთის ერთგულება ღმრთისადმი, კეთილზნეობა, მოწიწება დედამთილისადმი, გარდაცვლილი ქმრისადმი და მოსეს რჯულის თანახმად რუთი ცოლად შეირთო, რათა აღედგინა გარდაცვლილი ნათესავის თესლი (შეად. მეორე რჯლ. 25:5; მკ. 12:19; ლკ. 20:28).
32. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ, როდესაც მკის დროს მინდორში თავთავებს აგროვებდა, დედამთილისთვის ინახავდა და ამავდროულად მიჰყვებოდა არა ვინმე ყმაწვილთაგანს (შეად. რუთ. 2:17; 3:10), არამედ კაცს, სრულყოფილს. ამისთვის ის ღირს იქმნა მოესმინა ასეთი სიტყვები: "ძლიერი ქალი ხარ" (რუთ. 3:11) და კიდევ: "ეს უკანასკნელი კეთილი საქმე პირველზე უმეტესია" (რუთ. 3:10). უკანასკნელი კეთილი საქმე ეკლესიისა, ერთად შეკრებილი, პირველზე უმეტესია. აქ ჩვენ ამის შესახებ მოკლედ ვლაპარაკობტ, რადგან დეტალურად განვიხილეთ ის წიგნში "რწმენის შესახებ". შორეულმა ნათესავმა მიიზიდა იგი, რადგან ახლო ნათესავმა განიშორა, და ბოოსმა, რომელმაც ცოლად შეიწყნარა, ამ ნათესავის ფეხსაცმელი მიიღო. ასეთი იყო ჩვეულება: თუკი უახლესი ნათესავი არ ისურვებდა ცოლად მიეღო თავისი ნათესავი, ის ფეხზე იხდიდა და სხვას აძლევდა. ამაში არცთუ მცირე საიდუმლოა: უცხოტომელის ცოლად ამყვანი ხარების ძალაუფლებას იღებს.
33. მხცოვანთა კურთხევაც ადასტურებს, რომ ეს ქორწინება მომავლის წინასახე იყო: "ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რაქელივით და ლიასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი და ქმნეს სიქველე ეფრათაში. განთქმულ იყოს შენი სახელი ბეთლემში. გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეზისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან. წაიყვანა ბოოსმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი" (რუთ. 4:11-13), და შვა იობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა (შეად. რუთ. 4:17).
თავის სახარებაში, მოუწოდებს რა წარმართებს ეკლესიისკენ, მათე საკმაოდ დროულად ახსენებს, რომ უფალმა, დაიწყო რა ხალხთა შეკრება, ხორციელად თავის გენეოლოგიაში მიიღო უცხოტომელებიც, რითაც უკვე მაშინ მიანიშნებდა, რომ ეს მოდგმა წარმოშობდა ხალხთა შემკრებს და ყველა ჩვენგანი, წარმართთაგან შეკრებილნი, მივყვებოდით მას, დავტოვებდით მამისეულ წარსულს და ვეტყოდით უფლისკენ ჩვენს მომწოდებელს, მაგალითად, პავლეს ან ნებისმიერ ეპისკოპოსს: "შენი ხალხი ჩემი ხალხია, და შენი ღმერთი ჩემი ღმერთია" (რუთ. 1:16). ამრიგად, რუთმა, ისევე, როგორც ლიამ და რაქელმა, დაივიწყა "თავისი ხალხი და მამამისის სახლი" (შეად. ფსალმ. 44:11), გაარღვია რჯულის საკვრელები და შევიდა ეკლესიაში.
34. ხოლო ვინც არ შეიწყნარებს ეკლესიას, მან გაიხადა თავისი ფეხსაცმელი. მოსესაც უთხრეს: "გაიძრე ფეხსამოსი" (გამ. 3:5), რათა ეკლესიის სიძედ არ მიეჩნიათ იგი. მხოლოდ ჭეშმარიტი სიძე არ იხდის ფეხზე! ამიტომაც თქვა იოანემ: "მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი" (ლკ. 3:16). მაშასადამე, მან საკუთარი თავით წარმოაჩინა წინასახე და ისრაელის სახლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
35. რამდენად აუცილებელი იყო უფლის გენეოლოგიაში ამ ხაზის მოხსენიება, აჩვენებს კიდევ უფრო ღრმა საიდუმლო - წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ამ მოდგმიდა ეფრათაში იშვებოდა ქრისტე: "ქმნეს სიქველე (ბერძნ.: δύναμιν - ძალა, ძლიერება, ძალაუფლება - "აპოკ." რედ.) ეფრათაში. განთქმულ იყოს შენი სახელი ბეთლემში" (რუთ. 4:11). რა ძალაა ეს, თუ არა ის, რომ ქრისტეში შეკრიბა წარმართი ხალხები? და რა სახელია ეს, თუ არა ის, რომ უფლის ხორციელ სამშობლოდ, სადაც ის იშვა გახდა ბეთლემი? წინასწარმეტყველება იუწყება: "და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს" (მთ. 2:6; შეად. მიქ. 5:2).
ამრიგად, ჩვენ ვხედავტ, რომ ამ ქალების ხსენება შეესაბამება წმიდა წერილის ისტორიულ, ზნეობრივ და საიდუმლო მნიშვნელობას (Свт. Амвросий Медиоланский. Изъяснение Евангелия от Луки. Книга 3. М.: ПСТГУ, 2019).
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum) (IV ს.):
"იმ სალმონმა, "ჭურჭლის მიღებას" რომ ნიშნავს (იხ. ზემოთ - "აპოკ." რედ.), რომელი ძე გააჩინა რაქაბისგან? ბოოსი, რომელიც ნიშნავს "ძალას", ან "ძალაა მასში", ან კიდევ "განსაკუთრებულად ძლიერს", და ვინაც, საღმრთო განკარგულების თანახმად, ცოლად რუთი შეირთო, რომელიც მისთვის ღმრთითგანკუთვნილი იყო. მან შვა ძენი ძალაში, რომლებიც თვითონაც ფლობდნენ ძალას და სხვებზე ძლიერები იყვნენ. მაგრამ ისინი ეშმაკის შთაგონებით ირთავდნენცოლებს, ანუ არა რელიგიური მოსაზრებით, და თავიანთი სულიერი უძლურებით ურწმუნო შვილები გააჩინეს, რომლებმაც ვერაფერში გამოავლინეს ვერც ძალა, ვერც გმირობა, მხოლოდ ბოროტების ქმნაში იჩინეს თავი; როგორც ჩანს, თავიანთი უკეთურების სასჯელად. არა სასიხარულოდ და არა ნუგეშისცემად შვეს მათ ძენი.
ამრიგად, ბოოსმა ცოლად შეირთო მოაბელი ქალი სახელად რუთი (იხ. რუთ. 4 (რუთ. 4:13)). ვფიქრობ, ზედმეტია თხრობა იმისა, თუ როგორ მოხდა ეს, რადგან წმიდა წერილის ტექსტიდან ყველასთვის ცნობილია იგო. ჩვენ მხოლოდ ერთს ვიტყვით: რუთი ბოოსის ცოლი გახდა თავისი რწმენის წყალობით, რადგან მან, აირჩია რა ისრაელი, უარყო თავისი ხალხი, მიწა და მოდგმა, არ იუკადრისა ქვრივობა და მწირობა თავისი დედამთილისა და უფრო ილტვოდა მისი ხალხისკენ, ვიდრე თავისისკენ.
მან უარყო წინაპართა ღმერთები და შეიყვარა ცოცხალი ღმერთი, რადგან ასე უთხრა თავის დედამთილს: "ნუ მაიძულებ დაგტოვო და დავუბრუნდე ჩემს ღმერთს; რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ იცხოვრებ, მეც იქ უნდა ვიცხოვრო. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია. სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და, და სადაც დაიმარხები მეც იქ უნდა დავიმარხო" (რუთ. 1:15-17). შედეგად, ბოოსმა თავისი რწმენის დამსახურებად მიიღო ის ცოლად, რათა ასეთი წმიდა ქორწინებიდან დასაბამი მისცემოდა სამეფო მოდგმას (PG 56:618-19).
პროფ. ა. ვ. ივანოვი (XIX-ე ს.):
ძველი აღთქმის წიგნებში რაქაბი არსად იხსენიება, როგორც სალმონის ცოლი და დედა ბოოსისა, მაგრამ იოანე ოქროპირის და სხვა კომენტატორთა აზრით, ეს ის რაქაბია, რომელმაც დაიფარა და გადაარჩინა ისრაელის მსტოვრები, რადგან ნაასონი - მამა სალმონისა - მოსეს და იესუ ნავეს თანამედროვე იყო (რიცხვ. 2:3; რუთ. 4:20).
მიტრ. ილარიონ ალფეევი (XXI ს.):
მათეს მიერ ნახსენები ქალებიდან ყველაზე დიდ გამოცანას რაქაბი წარმოადგენს. მრავალი მკვლევრის მიერ ის გაიგივებულია მეძავ რაქაბთან, რომელიც იესუ ნავეს წიგნშია ნახსენები (ნავ. 2:1-24; 6:16). მაგრამ ძველ აღთქმაში არსადაა ნათქვამი, რომ რაქაბი ცოლად გაჰყოლოდა სალმონს. შესაძლოა, მათე ეყრდნობოდა რაიმე სხვა, არაბიბლიურ წყაროებს, და მხედველობაში ჰყოლოდა არა ის რაქაბი, რომლის შესახებაც ბიბლია საუბრობს (Митрополит Волоколамский Иларион. Четвероевангелие. Учебник в трех томах. Т.1. М.: 2017).
დეკ. იოანე ბუხარევი (XX ს.):
იესუ ქრისტეს გენეოლოგიაში, როგორც შემდეგაც ვნახავთ, გვხვდებიან არა მარტო იუდას და სოლომონის სახელები, რომლებიც სცოდავდნენ, არამედ უკეთურ იუდეველ მეფეთა სახელებიც: აქაზის, მანასეს და სხვათა (მ. 9-10), და თვით უცხოტომელი ქალებიც, როგორებიც იყვნენ რაქაბი, ქ. იერიქონის მცხოვრები, რომელმაც დაიფარა იესუ ნავეს მიერ წარგზავნილი მსტოვრები, და რუთი მოაბელი (მ. 5). ქრისტეს გენეოლოგიაში ყველა ამგვარი პიროვნების მოხსენიებით წმიდა მახარობელი გვამცნობს, რომ იესუ ქრისტე მოვიდა არა როგორც მსაჯული, არამედ, როგორც მაცხოვარი - რათა მოუწოდოს ცოდვილთ სინანულისკენ, და არა მხოლოდ ერთ, რჩეულ ებრაელ ერში, არამედ ყველა ტომსა და ხალხში (გალატ. 3:28).
მეორე მხრივ ამით ნაჩვენებია, რომ ყველანი, თვით პირველწინაპარნი და პატრიარქნი, თავისუფალნი არ იყვნენ ცოდვისგან და საჭიროებდნენ მაცხოვარს. გარდა ამისა, უცხოელი ქალები იესუ ქრისტეს გენეოლოგიაში მოთავსებულნი არიან იმისთვის, რათა მათი მაგალითით შეარცხვინოს იუდეველნი და ამხილოს მათი ქედმაღლობა (თეოფილ.) (Иоанн Бухарев свящ. Толкование на Евангелие от Матфея. М., 1899. Зач. 1).
ორიგენე (III ს.):
მათე, რომელიც აღწერს იესუს, როგორც ციდან ჩამომავალს, ახსენებს არა რომელიღაც ქალებს, არამედ ცოდვილებს და მათ, ვისაც წერილი კიცხავს. ხოლო როდესაც ის მოგვითხრობს ნათლობაზე, ქალებს საერთოდ არც ახსენებს. რადგან მათესთან, როგორც უკვე ვამბობდით, ნახსენებია თამაირ, რომელიც მოტყუებით დაწვა მამამთილთან, და რუთი მოაბელი, რომელიც არ იყო სრაელის მოდგმისგან, და მეძავი რაქაბიც, რომელიც არც კი ვიცი საიდანაა, და ურიას ცოლი, რომელმაც ქმრის სარეცელი დაარღვია. რადგან ჩვენი უფალი და მაცხოვარი ჩვენთან მოვიდა, რათა მიეღო კაცთა შეცოდებანი და "ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად იქცა" (2 კორ. 5:21). ამიტომაც, ჩამოვიდა რა ქვეყნად, ცოდვილთა და ბიწიერ ადამიანთა სახე მიიღო და ისურვა დაბადებულიყო სოლომონის ფესვისგან, რომლის ცოდვებიც აღწერილია, და რობოამისგან, რომლის დანაშაულობებსაც გვამცნობენ, და სხვათაგან, რომელთაგან მრავალნი პირდაპირ ღმრთის წინაშე იქმდა ბოროტებას (Ориген. Гомилии на Евангелие от Луки 28.2)
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI ს.):
ზოგიერთი ფიქრობს, რომ რექაბი ის მეძავია, რომელმაც იესუ ნავეს ძის მსტოვარნი (მზვერავნი) შეიწყნარა, ისინიც გადაარჩინა და თვითონაც გადარჩა. მათემ რექაბი გაიხსენა იმის ჩვენების მიზნით, რომ მის მსგავსად წარმართთა მთელი კრებულიც მეძავი იყო, რადგან თავისი საქმეებით მეძავობდა. მაგრამ წარმართები, რომელთაც იესუ ნავეს ძის მზვერავები, ანუ მოციქულები შეიწყნარეს და მათი სიტყვები ირწმუნეს - გადარჩნენ.
რუთი სხვა ტომიდან იყო, მაგრამ ბოოსს მაინც შეეუღლა. ამგვარადვე, წარმართების ეკლესიამაც (რომელიც სხვა იყო, რომელსაც არც აღთქმანი ჰქონდა მიცემული) თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა და თავისი მამა - ეშმაკი დაივიწყა და ღვთის ძის მიერ სასძლოდ იქნა შეწყნარებული.
5-6. იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.
წმ. ამბროსი მედიოლანელი:
13. მათემ აუცილებლობად ჩათვალა გენეოლოგია ეწარმოებინა სოლომონისგან, ლუკამ - ნათანისგან; პირველი ხაზს უსვამდა ქრისტეს მოდგმის სამეფო ღირსებას, მეორე კი - მის სამღვდლო წარმომავლობას (2 მეფ. 8:18 Vetus Latina – "დავითის ძენი მღვდლები იყვნენ"). არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი მახარობელი მეორეზე უფრო სანდოა; რწმენასა და ჭეშმარიტებაში ისინი ორივენი ურთიერთთანხმიერნი არიან. ქრისტე ხორციელად მართლაც სამეფო და სამღვდლო მოდგმისაგან იყო, მეფე მეფეთაგან, მღვდელი მღვდელთაგან. წინასწარმეტყველება წარმოითქმება არა ხორციელის, არამედ სულიერის შესახებ; მეფე იხარებდა ღმრთის ძალით, და სამართალი გადასცა მას (შეად. ფსალმ. 20:1; 71:2). ის არის სამარადისო მღვდელი, როგორც წერია: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით" (ფსალმ. 109:4). ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე მახარობელი ჭეშმარიტების ერთგულნი დარჩნენ: მათე მის მოდგმას მოჰყვებოდა მეფეთა ხაზით, ხოლო ლუკა, თანმიმდევრობას მოჰყვება ღმრთიდან ვიდრე ქრისტემდე მღვდელთა ხაზით, რითაც მისი წარმომავლობის სიწმიდეს იუწყებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ ლუკა გამოიხატება ხარის სახით (იხ. გამოცხ. 4:7): ის ყოველთვის საჭიროდ მიიჩნევდა მიეთითებინა მღვდლობის საიდუმლოზე.
36. მართალია მე ვიცავ თამარსა და რუთს, არ უარვყოფ, რომ უფლის წინაპართა შორის ჩამოთვლილნი იყვნენ ცოდვილებიც. რადგან მათი მოხსენიების თავიდან აცილება სურდა, წმმიდა ლუკამ გენეოლოგია სხვა თანმიმდევრობით ჩამოაყალიბა და საჭიროდ არ ჩათვალა ეხსენებინა არც აქაბი, არც იექონია, არც, ბოლოს და ბოლოს, ურიას ცოლი, რადგან მას სურდა გენეოლოგიის სამღვდლო ხაზი უბიწოდ და უზადოდ წარმოედგინა. მისი განზრახვა ეყრდნობოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე სამართლიანი იყო წმიდა მათეს განზრახვა: ის ახარებდა, რომ უფალი იშვა ხორციელად, რათა თავის თავზე აეღო ყველას ცოდვა (1 პეტ. 5:8), ამიტომაც დაექვემდებარა კიცხევას და განიცადა ვნება; მახარობელმა განსაჯა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჩვენება ამგვარი წყალობის არმქონედ, რომელმაც აიძულა იგი მიეღო წარმომავლობა არცთუ უბიწო წინაპართაგან; ეკლესიასაც არ შერცხვება, რომ ის შედგენილია ცოდვილთაგან, თუკი ცოდვილები უფლის წინაპართა შორისაც იყვნენ. ანუ მათემ თავისი თხრობა გამოსყიდვის წყალობაზე დაიწყო ქრისტეს წინაპრებით, რათა არავინ იფიქროს, რომ მისი არცთუ უბიწო წარომავლობა შეიძლება რაიმე დაბრკოლება გახდეს სათნოებათათვის; ასევე მედიდურებმა თავი არ შეიქონ თავიანთი დიდგვაროვნობით, სხვებს კი მეტისმეტი თავმდაბლობით არ შერცხვეთ წინაპართა დანაშაულობებისა, როდესაც თავიანთ წარმომავლობას დაამშვენებენ სათნოებებით.
37. ბევრ რამეს წმიდა დავითის ცხოვრებიდან წინასახეობრივი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ნუთუ ის უმეტესი ვერ გახდა იმის გამო, რომ საკუთარ თავს აღიარებდა ადამიანად, და წაართვა რა ცოლი ურიას, საჭიროდ არ ჩათვალა სინანულის ცრემლებით ჩამოებანა ჩადენილი ცოდვა, რითაც გვიჩვენა, რომ არავინ უნდა დაეფუძნოს საკუთარ სათნოებებს? მტერი ძლიერია, და საღმრთო მოწყალების გარეშე მის ძლევას ვერ შევძლებთ. ზოგჯერ, როდესაც ვიგებთ მძიმე ცოდვათა შესახებ, რომლებიც სახელგანთქმულ და მართალ ადამიანებს ჩაუდენიათ, შენ უნდა გესმოდეს, რომ როგორც ადამიანები ისინიც ექვემდებარებოდნენ საცდურებს და ამიტომაც არ უნდა ვეფუძნებოდეთ ზეადამიანურ ღვთისმოსაობას. და თუკი დავითი, საკუთარ ღვთისმოსაობაში დაიმედებული, ამაყად აცხადებს: "თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე" (ფსალმ. 7:5), და სხვა ადგილას: "და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე" (ფსალმ. 29:7), მან ახსენა იმის შესახებაც, რომ იმწამსვე განიცადა სასჯელი თავისი ქედმაღლობისთვის: "გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი" (ფსალმ. 29:8). თუკი თვით უფლის მოდგმის მეთაურმა დააშაავა თავისი ქედმაღლობით, მითუმეტეს ჩვენ, ცოდვილნი, რომელთაც არანაირი დამსახურება არ გაგვაჩნია, უნდა ვერიდებოდეთ ქედმაღლობის წყალქვეშა ლოდებს, რომლებზეც შეიძლება დაიმტვრეს კეთილი საქმეები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ უდიდესმა ადამიანმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვასწავლა და უფლის გულის მოსალბობად წარმოთქვა სინანულის საგალობელი: "უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი" (ფსალმ. 130:1); "წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა" (ფსალმ. 15:8), - რადგან მან შეიგნო, რომ დაეცა, როდესაც საკუთარ თავზე იმედოვნებდა. დავითმა აჩვენა, რომ ადამიანი თავისთავად არაფერია, თუკი მან ღმერთი არ უწყის: "უფალო, რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისა, რამეთუ შეჰრაცხე იგი?" (ფსალმ. 143:3). თუკი დავითი კიცხავს ქედმაღლობას და თავმდაბლობით იმოსება, ურიის ცოლის ისტორიაში სწორი იქნება ვეძებოთ თავმდაბლობის აუცილებლობის გაკვეთილი.
38. და მაინც, თუკი ამ ქალისგან იშვა სახელგანთქმული მშვიდობისმყოფელი სოლომონი (იხ. 2 მეფ. 12:24; 1 პარ. 22:9), ვნახოთ, ხომ არ არის საიდუმლო აზრი იმაში, რომ ეკლესია დაქორწინდა სხვა კაცზე, ჭეშმარიტ დავითზე, როდესაც შორს წავიდა ის, ვინც ადრე თავის უფლებებს აცხადებდა ქორწინებაზე წარმართ ხალხებთან. ქრისტე ხომ დავითად იყო წოდებული თავისი წინაპრის სახელის მიხედვით, როგორც ადრე ითქვა: "ვპოე დავით, მონაჲ ჩემი" (ფსალმ. 88:21). მას შეეუღლა ეკლესია და, მიიღო თესლი სიტყვისა და სული ღმრთისა, შვა ქრისტეს სხეული, ანუ ქრისტიანული ერი.
ამრიგად, "გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან" (რომ. 7:2); ამიტომაც მოკვდა მისი ქმარი, რათა მას არ ჩაედინა სიძვა, როდესაც სხვა ქმარს შეეუღლა. ასე რომ, საიდუმლო განმარტებაში ჩვენ ვხედავთ წინასახეს, ისტორიული აზრით - ცოდვას; ადამიანი ჩადის დანაშაულს, სიტყვის მიერ კი აღსრულდება საიდუმლო. რადგან ამ ისტორიის შესახებ ჩვენ უფრო ვრცლად სხვა ადგილას ვილაპარაკეთ, აქ საკმარია თვალის გადავლებაც. წმიდა დავითმა ამ მოვლენების შესახებ დაწერა საიდუმლო ორმოცდამეათე ფსალმუნი, როდესაც ბერსაბესთან დაქორწინებაზე ლაპარაკობდა: "უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე" (ფსალმ. 50:4). თუკი ღმრთის მეგობარი აღიარებს თავის ურჯულოებას, რადგან ხედავს როგორ აუძლურებს დანაშაული მოღვაწებას, თუკი ის ღმრთის წინაშე აღიარებს თავის ცოდვას, რატომ გრცხვენია შენ აღიარო საკუთარი დანაშაული? სამარცხვინო დანაშაულის ჩადენაა, და არა მისი აღიარება!
39. ამრიგად, თუკი დავითმა ფსალმუნებში ხსენების გარეშე არ დატოვა ბერსაბესთან მომხდარი ამბავი, ან იმისთვის, რათა მოეთხრო ჩვენთვის საიდუმლო, ან კიდევ ესწავლებინა ჩვენთვის სინანული, მაშინ ბერსაბე სამართლიანად არის ნახსენები უფლის გვარტომობაში, როგორც თავად დავითი, რომელმაც ის ცოლად შეირთო, და უფლის ხორციელ წინაპართა შორის იქნა მოხსენიებული (იხ. მთ. 1:6). როგორც უკვე ვთქვით, დავითს განსაკუთრებული ნიჭი მიეცა, რათა ამ საიდუმლოში ეხილა ეკლესიის დასაბამი და მიიღო აღთქმა, რომ მისი მოდგმიდან წარმოიშვებოდა ქრისტე. ეკლესიის შესახებ ის ამბობს: "ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა" (ფსალმ. 131:6). და განსაკუთრებულ აღთქმას იძლევა უფლის განკაცების შესახებ, იუწყება რა მის ნათელ წინასწარმეტყველებაზე: "... ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა ჩემთა" (ფსალმ. 131:11). ნუ უგულებელყოფ ესოდენ დიად აღთქმას! ის მოცემულია პირობით: თუკი დაიცავ მას და უფლის გამოცხადებას, რომლებიც სახარებაშია აღთქმული, მაშინ მარადიულ საყდარს დაიმკვიდრებ (შეად. ფსალმ. 131:12). ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გვეთქვა ურიას ცოლის შესახებ (Амвросий Медиоланский свт. Изъяснение Евангелия от Луки. Книга 3. М.: ПСТГУ, 2019. С. 198-199, 224-229).
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum)
იესემ შვა მეფე დავითი. კიდევ რა შეიძლება დავამატოთ მეფეთა წიგნში ნათქვამს დავითის შესახებ? ამიტომაც, სხვაზე დავიდუმებთ და მხოლოდ ერთს ვიტყვით: დავითი იყო იესუ ქრისტეს წინასახე. დავითი ხომ "საყვარელს" ნიშნავს, როგორც ქრისტე. ის მედგარი იყო ბრძოლაში, მძლავრი და საყვარელი მამისთვის; საქმეებშიც და მოწყალებაშიც, წინასწარმეტყველება იყო ქრისტესი. და რაღა ვილაპარაკო მის მართალ საქმეებზე ან მის უსამართლო მისწრაფებებზე? თავის ყველაზე უარეს ცოდვაშიც (2 მეფ. 11) ის განახორციელებდა ქრისტესა და ეკლესიის საიდუმლოს. როგორც დავითმა, როდესაც თავისი სახლის სხვენზე იმყოფებოდა, დაინახა, როგორ იბანდა ტანს მშვენიერი ბერსაბე, ისურვა იგი და შეირთო, თუმცა ის უკვე სხვა ადამიანის, ურია ხეთელის ცოლი იყო (იხ. 2 მეფ. 11:3). ასევე ქრისტემაც, იყო რა მაღლა და ხარობდა რა თავისი ღვთაებრიობით, იხილა წარმართთა გულით მშვენიერი ეკლესია, მაგრამ ამაზრზენი ცდომილებათა უწმიდურებისა და კეთილ საქმეებში უძლურების გამო, რადგან მაშინ ის (ეკლესია) ეშმაკის ცოლი იყო; მან (ქრისტემ) იხილა იგი, ისურვა და ჯერ კიდევ ადრიდანვე მიიღო.
მეფე დავითმა შვა სოლომონი. ხოლო სოლომონი ითარგმნება, როგორც "მშვიდობიანი". ის ასე იწოდა იმიტომ, რომ მისი მეფობა მშვიდობიანი იყო ყველა მეზობელი ხალხისთვის: მათთვისაც, ვისთანაც მშვიდობა ჰქონდა, და მათთვისაც, ვინც მას ხარკს უხდიდა; ასე რომ სხვადასხვა ხალხის მეშვეობით მან აღუმართა ტაძარი ღმერთს. რადგან ჩვენი მშვიდობისმყოფელი ქრისტეს წინასახე იყო, რომელსაც მშვიდობიანი მეფობა ჰქონდა ყველა ხალხისთვის, ვინც კი მას რწმენით მიმართავდა და სულიერ ხარკს უხდიდა კეთილი საქმეებით; ასე რომ მან (ქრისტემ) ღმერთს აღუმართა ცოცხალი ტაძარი ცოცხალი ქვებისგან, არა მარტო იუდეველებისგან, არამედ ყველა წარმართი ხალხისგან (PG 56:620).
ნეტ. თეოფილაქტე (ბულგარელი):
ურიას ცოლს მათე აქ იმ მიზნით ახსენებს, რათა აჩვენოს, რომ არ უნდა გვრცხვენოდეს წინაპრების, არამედ უფრო ვეცადოთ განვადიდოთ ისინი საკუთარი სათნოებებით, რადგან ღმერთისთვის ყველა სათნოა, თუნდაც ისინი წარმოშობით მეძავისგან იყვნენ, მაგრამ არიან ღვთისმოსავები (https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-1/stih-6/).
არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი (მცირე პერიფრაზირებით):
კითხვა: რატომ იწყებს წმინდა მოციქული და მახარებელი მათე იესუ ქრისტეს გენეალობიას დავითიდან და სოლომონის ხაზით, ხოლო წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა - დავითიდან ნათანის ხაზით?
პასუხი: ვარაუდი 1-ლი: წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა როდესაც იესუ ქრსიტეს ხორციელ წინაპრებს, ე. ი. იოსებისა და მარიამის (რომლებიც დავითის შთამომავლები იყვნენ) საერთო წინაპრებს ასახელებს, მაგრამ ნათანის ხაზით, ამით არღვევს ეროვნული ჩარჩოებით შემოზღუდულ იმ შეხედულებას ქრისტეზე, რომლის მიხედვითაც იგი მხოლოდ იუდეველთა მხსნელად უნდა მოვლენილიყო.
ვარაუდი მე-2: ამ ორი გენეალოგიური სიის განსხვავებულობას საფუძველად უდევს ძველი აღთქმის კანონი თესლის აღდგენის შესახებ, რომლის მიხედვითაც, უშვილოდ დარჩენილი ქვრივი ქალი ცოლად უნდა შერთვოდა ქმრის ძმას ან უახლოეს ნათესავს შთამომავლობის აღდგენის მიზნით. ამ ქორწინების შედეგად შობილნი გარდაცვლილი ქმრის შვილებად ითვლებოდნენ. ასეთი კანონით ერთსა და იმავე პირს ორი მამა ეყოლებოდა: ერთი, რომლის მიერაც იშვა და მეორე, რომელსაც ეშვილა (არქიმანდრიტი მარკ პეტროვცკი, ახალი აღთქმის წმინდა წიგნები. 1984, გვ. 17) (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. გამომცემლობა "პალიტრა". 2020 წ.).
(შდრ.: წმ. იოანე დამასკელი: "ამასთან, საჭიროა იმის ცოდნაც, რომ არსებობდა შემდეგი რჯულდება: როდესაც ძმა უშვილოდ აღესრულებოდა, მის ძმას გარდაცვლილის ცოლი უნდა შეერთო და თესლი აღედგინა ძმისთვის. ვინც ამ გზით იშვებოდა, ბუნებითად მეორისა, ანუ მშობლისა იქნებოდა, მაგრამ რჯულდების თანახმად - გადაცვლილისა").
წმინდა გადმოცემის თანახმად, იოსების ორი გენეალოგია შემდეგი მიზეზით გაჩნდა: ისოები იშვა დედამისის მეორე ქორწინებიდან. წმინდა ლუკა მახარებლის გენეალოგიის მიხედვით, ელი, იოსების რჯულდებითი მამა, მოკვდა ისე, რომ შვილი არ ჰყოლია, ხოლო წმიდა მათე მახარობლის გენეალოგიის მიხედვით, იაკობმა, იოსების ბუნებითმა (ნამდვილმა, ხორციელმა) მამამ, თესლის აღდგენის მიზნით, ცოლად შეირთო ელის ქვრივი და ამ ქორწინებისგან იშვა იოსები. ასე რომ, იოსები არის იაკობის ბუნებითი (ნამდვილი, ხორციელი) შვილი, ხოლო ელისი - რჯულდებითი შვილი (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. გამომცემლობა "პალიტრა". 2020 წ.).
ხრისტოს კარაკოლისი:
მათე მახარებელი დავითის შემდეგ ასახელებს სოლომონს, რომ შეგვახსენოს დავითის ცოდვა და ცოდვის წილ სინანული ცოდვის მისატევებლად. ხოლო ლუკა მახარებელი გადმოსცემს გენეალოგიას ბუნებითი წესით, ამიტომ დავითის შემდეგ მისი შვილის - ნათანის ხაზით განაგრძობს შთამომავლობას" (ხრისკოს კარაკოლისი, განმარტებითი წერილები. თბ. 2013, გვ. 10 // (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. გამომცემლობა "პალიტრა". 2020 წ.).
პროფ. ალექსანდრე ლოპუხინი:
იესეს რვა ვაჟიდან უმცროსი დავითი იყო. იესესგან დავითის წარმომავლობის აღნიშვნისას მახარებელი დასძენს, რომ "იესემ შვა მეფე დავითი"... მან საკმარისად ჩათვალა მეფედ მხოლოდ დავითის მოხსენიება იმის ჩვენების მიზნით, რომ სწორედ მისგან დაედო დასაბამი მაცხოვრის წინაპარ მეფეთა თაობას. სხვა შვილებთან ერთად, დავითს ჰყავდა ორი ძე - სოლომონი და ნათანი. მათე მახარებელი გენეალოგიური ნუსხის სოლომონისეულ ხაზს მიჰყვება, ხოლო ლუკა (3:31) - ნათანისეულს. სოლომონი იყო დავითის ძე ურიას ცოლისგან. მათე მახარებელი ბერსაბეს საკუთარი სახელით არ მოიხსენიებს, მაგრამ ნუსხაში მისი შეყვანით აღნიშნავს გენეალოგიაში არსებულ ცდომილებას, რამდენადაც დავითის ქორწინება ბერსაბეზე უკანონო იყო (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. გამომცემლობა "პალიტრა". 2020 წ.).
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
ანონიმი კომენტატორი (Opus Imperfectum):
სოლომონი საიდუმლოდ მიანიშნებდა ქრისტიან ხალხზე, რომელიც მართალი გზის დასაწყისშია, ხოლო რობოამი საიდუმლოდ - იმ ხალხს, რომელიც უსამართლო გზის დასასრულშია. რადგან იმის მიხედვით, როგორც სოლომონი სცოდავდა რა სიბერეში, უფალმა მის წინააღმდეგ აღმართა სატანა და ნაწილობრივ ჩამოაჭრა მას სამეფო, ასევე რობოამის დროსაც, რომელმაც უარყო მხცოვანთა დარიგებები და მიჰყვა მასთან ერთად გაზრდილ ყრმათა რჩევას, მისი სამეფო სრულიად დაიშალა ისე, რომ ათ ტომად დაცალკევდა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი მეფე ჰყავდა, და მხოლოდ ორი ტომიღა შერჩა რობოამს (იხ. 3 მეფ. 12; 2 პარ. 10) (1 PG 56:621).
პროფ. ა. პ. ლოპუხინი:
სოლომონმა 40 წელიწადი იმეფა (ქრ. შ.-მდე 1015-975 წწ.); მის დროს იერუსალიმში აიგო ტაძარი. მისი ძე რობოამი იუდეაში მეფობდა მხოლოდ "იუდეის ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე"; იგი გამეფდა 41 წლის ასაკში და იმეფა 17 წელიწადი (975-957 წწ.); მის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა მისი ძე აბია სამი წლით (957-955), აბიას შემდეგ კი გამეფდა მისი ძე ასა (955-914) (ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. ტ. 16. გამომც. "პალიტრა". თბილისი 2020 წ. გვ. 20-21).
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.
წმ. ამბროსი მედიოლანელი:
45. ზოგიერთები დიდი ხნით ცხოვრობენ და შვილებსაც მოგვიანებით აჩენენ, ზოგიერთები კი სულაც უშვილოდ რჩებიან, ასე რომ სამეფო მმართველობა არ არის თაობათა ტოლი. ამ მიზეზით მათემ გამოტოვა ისინი, ვისზეც მიიჩნია, რომ დაკავშირებულნი არ იყვნენ გენეოლოგიასთან. მათეს წინაშე რომ მდგარიყო მეფეთა ჩამოთვლის ამოცანა, მაშინ სამართლიანად გავიკვირვებდით, რომ მეფეთა წიგნებში და პარალიპომენონში ნათქვამია, - იერობოამის შემდეგ მართავდა ოქოზია, იოდამი (1) და ამასია, ამასიას მემკვიდრე კი იყო ოზია (იხ. 4 მეფ. 8:24; 11:2; 12:21; 15:1; 2 პარ. 22:1; 2 პარ. 24:1; 25:1; 26:1), ხოლო წმიდა მათემ გამოტოვა სამი მეფე: ოქოზია, იოდამი და ამასია, - და მაშინათვე, იორამის შემდეგ იოსაფატი დააყენა. მაგრამ მან ის დააყენა არა მმართველობის თანმიმდევრობისდა მიხედვით, არამედ გვარტომობის შესაბამისად, როგორც თვითონვე თქვა, რომ ჩამოთვლით თაობებს. შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ იორამს ძე შეძენოდა საკმაოდ გვიან, ხოლო იოსაფატს გვიან მიეღო მეფობა, და ამიტომაც იორამმა მამისგან ვერ მიიღო მემკვიდრეობად ძალაუფლება, თუმცა მისი მემკვიდრე იყო შობის მიხედვით.
_________________
1. მეფე იყო იოასი. იოდაი მღვდელმთავარი და მეფის დამრიგებელი გახლდათ.
წყარო: Амвросий Медиоланский свт. Изъяснение Евангелия от Луки. Книга 3. М.: ПСТГУ, 2019. С. 234-237
ექვთიმე ზიგაბენი:
მაგრამ ამ ნაწილის შუაში რანაირად გამოტოვა მახარობელმა სამი მეფე, კერძოდ, ოქოზია, იორამის ძე, იოასი, ძე ოქოზიასი და ამასია, იოასის ძე? ამასიამ, მეფეთა მეოთხე წიგნის მიხედვით, შვა აზარია, რომელმაც პარალიპომენონის მეორე წიგნმა ოზია უზოდა, რადგან მას ორი სახელი ჰქონდა. ამრიგად, რანაირად ამბობს მათე, რომ იორამმა შვა ოზია? როგორც ჩანს, იორამმა ოზია შვა, როგორც საკუთარი შთამომავალი, და არა როგორც ძე. დღემდე არავის მიუთითებია მიზეზი, თუ რატომ გამოტოვა მახარობელმა, როგორც უკვე ითქვა, სამი მეფე; ჩვენი თანამედროვეების განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან არავის წინამორბედთაგან ეს საკითხი არ გადაუჭრია.
პროფ. ა. ვ. ივანოვი:
შენიშვნა: ზოგიერთი წინაპრის სახელთა გამოტოვება ჩვევად ჰქონდათ წმიდა მწერლებს (შეად.: 1 ეზრა 7:1-5; 1 პარ. 6:4-13), და მახარობელ მათესთანაც ის შეიძლება ეფუძნებოდა რომელიღაც ძველ საგვარტომო სიას ან, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, იმას, რომ გამოტოვებული მეფეები წარმომავლობით იყვნენ ისრაელის მეფე აქაბის უკეთური და უარყოფილი სახლიდან, ტუმცა მათგან იოასი და ამასია უფლის თვალში სათნო საქმეებს იქმოდნენ (4 მეფ. 8:26, 27; 4 მეფ. 12:2; 4 მეფ. 14:3). უფრო სწორი იქნება ვივარაუდოთ, რომ მათეს ყველგან სურდა დაეცვა განსაზღვრული რიცხვი 14 (2x7), და რაც ზედმეტი იყო გამოტოვა. მაცხოვრის გვარტომობა ნათლად გვიჩვენებს, რომ მის გენეალოგიაში შედიან არა ისინი, ვინც ხორცითა და სისხლით აბრაამის თესლისგან ან აღთქმული მოდგმისგან იყო, არამედ ისინი, ვინც მასთან რწმენისა და სულის საკვრელებით იყვნენ კავშირში. იესუს პირდაპირი წინაპრები - ოქოზია, იოასი და ამასია - ღმრთის ძის გვარტომობაში არ არიან ნახსენებდი, ხოლო მორწმუნე წარმართი ქალები ჩართულნი არიან ღმერთკაცის წინაპარ ქალებს შორის, ხოლო მართალ იოსებს პატივად ღმრთის ძის მიწიერი მამის სახელი ერგო (Профессор Александр Васильевич Иванов. Руководство к изучению книг Священного Писания Нового Завета: обозрение Четвероевангелия, Книги деяний апостольских, апостольских посланий и Апокалипсиса / сост. инспектор Владимирской духовной семинарии А. В. Иванов. – Изд. 8-е, испр. и дополн. – Санкт-Петербург: Воскресение, 2002 // https://azbyka.ru/otechnik/Aleksandr_Ivanov/rukovodstvo-k-izucheniyu-knig-svjashennogo-pisanija-novogo-zaveta/3#source).
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი:
მეფეთა მეოთხე წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იორამმა შვა ოქოზია, რომლის სიკვდილის შემდეგ იოსაბემ, მეფე იორამის ქალიშვილმა და ოქოზიას დამ, მოიტაცა იოასი, თავისი ძმის შვილი, და სიკვდილს გადაარჩინა, რომელსაც მას გოთოლია უმზადებდა (4 მეფ. 11). იოასისგან იმემკვიდრა სამეფო მისმა ძემ ამასიამ, რომლის შემდეგ მეფობდა მისი ძე აზარია, რომელსაც ასევე ოზია ერქვა ან - ოქოზია, რომლის მემკვიდრე იყო მისი ძე იოათამი. ამრიგად, შენ ხედავ, რომ გარდასულ მოვლენათა უეჭველი მოწმობის თანახმად შუაში კიდევ სამი მეფე იყო, რომლებიც მახარობელმა გამოტოვა, რადგან იორამმა შვა არა ოზია, არამედ ოქოზია, ასევე დანარჩენები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ეს უეჭველად მოხდა იმიტომ, რომ მახარობელს განზრახული ჰქონდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში სამგზის თოთხმეტი მოდგმა წარმოეჩინა, ხოლო იორამის მოდგმას მიეტმასნა უკეთური იეზაბელის მოდგმა; ამიტომაც მისი მოდგმა მესამე თაობამდე მივიწყებულია, რათა ჩართულ არ ყოფილიყო წმიდა შობაში მონაწილეთა შორის (Блаж. Иероним Стридонский. Четыре книги толкований на Евангелие от Матфея).
მიტრ. ილარიონი (ალფეევი):
მათეს სახარებაში გადმოცემული გენეალოგიისა და იუდეველ მეფეთა ბიბლიური ისტორიის შედარებისას ყურადღებას იპყრობს ის, რომ მათემ თავის ჩამონათვალში არ ჩართო სამი მეფე, რომლებიც მეფობდნენ იორამიდან ოზიამდე, კერძოდ, - ოქოზია, იოასი და ამასია. აშკარაა, რომ ეს გაკეთდა წმიდა რიცხვის 14-ის მისაღწევად დავითსა და ბაბილონის ტყვეობას შორის თაობათა ჩამოთვლის დროს. მათესთვის რიცხვთა სიმბოლიზმს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე სახელთა ისტორიულ თანმიმდევრობას (თუნდაც ეს თანმიმდევრობა სხვა წიგნების მეშვეობით ცნობილი ყოფილიყო) (Митрополит Волоколамский Иларион. Четвероевангелие. Учебник в трех томах. Т.1. М.: 2017).
ეპისკოპოსი მეთოდე (კულმანი):
დავითიდან იწყება მეფეთა რიგი ბაბილონის ტყვეობამდე. ძველი აღთქმის წმიდა წერილიდან ჩანს, რომ იორამს ჰყავდა ძე ოქოზია, ოქოზიას - იოასი, იოასს - ამასია, ხოლო ამ ამასიას უკვე - ოზია. ფიქრობენ, რომ მახარობელმა სამი მეფე გამოტოვა ხსოვნის გასამარტივებლად, რათა გვარტომობის ცხრილის დამახსოვრება უფრო მარტივი ყოფილიყო, თუკი მათ დაითვლიდნენ ზუსტად სამგზის თოთხმეტ-თოთხმეტი სახელის მიხედვით. ამიტომაც მან ეს სამი სახელი გამოტოვა. ხოლო წმ. იოანე ოქროპირი ამ გარემოებას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს და ამიტომაც მის გადაწყვეტას საჭიროდ არ თვლის.
გაგრძელება იქნება.
წყაროები: ბიბლია განმარტებებით. ახალი აღთქმა. ტ. 16. მათეს სახარება. თბილისი. გამომც. პალიტრა. 2020 წ. // ekzeget.ru
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ. "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.