სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
რითი განსხვავდება თანამედროვე ადამიანთა მარხვა მარხვის ბიბლიური არსისგან
ამ სტატიით ვიწყებთ სტატიების ციკლს წინასწარმეტყველ დანიელზე, უფრო ზუსტად - მისი წიგნის ზოგიერთი ისტორიული და წინასწარმეტყველური მომენტის განხილვას.
დანიელის წინასწარმეტყველების წიგნს მთელი რიგი დიდი წინასწარმეტყველების გვერდით განსაკუთრებული ადგილი უპყრია და გამსჭვალულია შესანიშნავი სიმბოლოებით, ალეგორიებით და ხატებებით, რომელთა განმარტება ზოგჯერ ძალზედ ძნელია.
დანიელის წინასწარმეტყველებები მეტყველებენ ღმრთის განკაცების ზოგიერთ დეტალზე, ქვეყნად მესიის მოვლინების ვადებზე და კაცობრიობის უკანასკნელ ჟამზე.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ამ წიგნის ისტორიულ ასპექტს.
ამრიგად, იუდეველთა მეფის იოაკიმეს მმართველობის დროს, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის არმიამ ალყა შემოარტყა იერუსალიმს და ქალაქი დასცა.
დატყვევებულ იქნენ მეფე იოაკიმე და ისრაელის მთელი ელიტა, მათ შორის, მეფისა და თავადაზნაურთა მოდგმის შვილები, ანუ ახალგაზრდა ადამიანები უმდიდრესი და კეთილშობილი ოჯახებიდან.
აღმოსავლეთში ასეთი პრაქტიკა ჰქონდათ: ტყვედ აჰყავდათ ელიტარული ახალგაზრდობა და მათგან ზრდიდნენ დიდებულებს, მეცნიერებს, მხედართმთავრებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ დაინტერესებულნი იყვნენ მათი სახელმწიფოს დამამარცხებელი იმპერიის გაძლიერებაში.
ახალგაზრდა ტყვეეებს შორის აღმოჩნდნენ მომავალი წინასწარმეტყველი დანიელი და მისი მეგობრები: ანანია, მისაელი და აზარია.
ამ ყმაწვილებმა თავიანთი სილამაზითა და გონიერებით მოხიბლეს ბაბილონის მეფე, და მანაც ბრძანა ისინი სამეფო კარზე დაეტოვებინათ; 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა მათ მეცნიერებებს და ქალდეველთა ენას, რათა შემდეგში ისინი მეფის კარის მსახურები და დიდებულები ყოფილიყვნენ.
მეფემ მათ მიმართ გამოიჩინა უდიდესი მოწყალება და ყოველდღიურად სამეფო სუფრიდან სურსათ-სანოვაგე დაუნიშნა, სასმელად კი მიართვა მათ ღვინო, რომელსაც თვითონვე სვამდა.
მაგრამ დანიელმა და მისმა მეგობრებმა უარი თქვეს ამ საკვებზე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ შეიძლებოდა ყოფილიყო უწმინდურ ცხოველთაგან დამზადებული საჭმლები, რომლებიც ებრაული რჯულით არაქოშერულ საჭმლად მიიჩნეოდა, არამედ უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ბაბილონში, ყოველი სამეფო ტრაპეზა იწყებოდა შეფუცვებითა და მსხვერპლშეწირვებით, რომლებიც წარმართ ღვთაებებს ეძღვნებოდა.
ამ რიტუალის შემდეგ საჭმელს სამსხვერპლო პირუტყვის სისხლს მოაპკურებდნენ, ხოლო ხორცი პირდაპირ სამსხვერპლოდან აიღებოდა.
ამიტომაც, არ ინებეს რა საკუთარი თავის შებილწვა, დანიელმა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა მეფის სუფრიდან არაფერი ეჭამა.
მათ თავიანთი გადაწყვეტილება მეფის ზედამხედველ მსახურს ამცნეს და ითხოვეს, რათა მათთვის მხოლოდ წყალი და ბოსტნეული მიერთმიათ.
ერთი შეხედვით ამაში არაფერი იყო აღმაშფოთებელი, ზედამხედველი შეაცბუნა მხოლოდ იმან, რომ ისინი ამგვარი მწირი საჭმლის გამო შეიძლებოდა გამხდარიყვნენ და გარეგანი მომხიბლაობა დაეკარგათ იმ ყმაწვილებთან შედარებით, რომლებიც სამეფო სანოვაგით იკვებებოდნენ და მაშინ მეფე მკაცრად დასჯიდა მას.
მაშინ დანიელმა შესთავაზა მას გამოეცადათ იგი თავის მეგობრებთან ერთად ათი დღის განმავლობაში, რომელთა გასვლის შემდეგ, ზედამხედველს შესაძლებლობა ექნებოდა შეედარებინა მათი მდგომარეობა სხვა ყმაწვილებთან, რომლებიც მეფის მიერ შეთავაზებულ ხორცსა და ღვინოს სვამდნენ.
ამის შემდეგ, დანიელი და მისი მეგობრები, ღმრთისადმი რწმენითა და სასოებით, ათი დღე მხოლოდ წყალს სვამდნენ და ოდენ ბოსტნეულს ჭამდნენ.
გამოცდის შემდეგ, როდესაც შეამოწმეს და შეადარეს, აღმოჩნდა, რომ დანიელისა და მისი მეგობრების სახე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა, ხოლო მათი სხეულები ძალით იყო სავსე იმ ყრმებთან შედარებით, რომლებიც სამეფო სუფრიდან იკვებებოდნენ.
და მაშინ, მათი სწავლების პერიოდში, მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში, ზედამხედველი მათთვის გამოყოფილ საკვებს და ღვინოს თავისთვის იტოვებდა, ხოლო მათ მხოლოდ სამარხვო საჭმელს აჭმევდა.
ამრიგად, ნიშანდობლივია ის, რომ დანიელმა თავის მეგობრებთან ერთად სამეფო ტრაპეზზე უარი თქვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ კერპშენაწირი საკვებით არ შეებილწა თავი, არამედ იმითაც, რომ მთელი თავისი იმედი და სასოება დაამყარა ყოვლისშემძლე ღმერთზე, რომელსაც ძალუძს თვითონაც ჰკვებოს თავისი შვილები საკუთარი მადლით, თუნდაც ისინი გაძლიერებულად მარხულობდნენ.
"მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო" (დან. 1:17).
წმიდა წერილში ბევრია მართალ ადამიანთა მაგალითები, რომლებმაც თავიანთი სასოება მხოლოდ ღმერთს დაამყარეს. ეს არის სწორედ ადამიანური სიმართლის პირველსაფუძველი.
მაგრამ სიმართლის ჩვენეული გაგება განსხვავდება ბიბლიური სიმართლისაგან იმით, რომ თანამედროვე ადამიანები კაცს მხოლოდ იმიტომ მიიჩნევენ მართლად, რომ ის არაფერ ცუდს არ აკეთებს, არანაირ ბოროტებას არ ჩადის და მავნე ჩვევების გარეშე ცხოვრობს.
მაგრამ ღმრთის სიტყვის მიხედვით მართალი - ეს არის ის, ვინც ყველგან და ყოველ დროს მხოლოდ ღმერთს არის მინდობილი.
ეს არის ის ადამიანი, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმეებსი, რუტინულ მომენტებსა და საშინაო საზრუნავში, აღიარებს და სწამს ღმერთის, როგორც გარეგანი და შინაგანი სიკეთის წყაროსი, ანუ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებას ასეთი ადამიანი თავისთვის დიდ სიკეთედ მიიჩნევს, ასევე ყოველ კეთილ საქმეს და თავისი სულიდა და სხეულის მდგომარეობას - ღმრთისგან გამომავალ სიკეთედ აღიარებს.
ამრიგად, დანიელი, ანანია, მისაელი და აზარია იწყებენ მარხვას, რომელიც, პირველად, სხვათა შორის, ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში მისცა მცნებად ადამსა და ევას: "ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით" (დაბ. 2:16-17).
მარხვის ფუძემდებლური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ბანალურად კი არ ცვლის ერთ საჭმელს მეორეთი, არამედ ცდილობს შეგნებულად შეზღუდოს თავისი სურვილები და შეამციროს თავისი აპეტიტები.
მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები ასწავლიან, რომ მნიშვნელოვანია სწორედ საკვების შემცირება, და არა მარტო მისი ხარისხის შეცვლა ან ცვლილებების შეტანა საკვების რაციონში.
ზოგჯერ მმარხველს არამმარხველი ადამიანები აფრთხილებენ, რომ მარხვის დაცვით ის დაიზიანებს ჯანმრთელობას და დასნებოვნდება, მაგრამ ხშირად მმარხველსაც მოსდის აზრად, რომ მან შეიძლება დაკარგოს თავისი ფიზიკური ფორმა, დაუძლურდეს და ვერ შეძლოს მძიმე სამუშაოს შესრულება, ასევე სიცოცხლით სრულფასოვანი ტკბობა.
მაშინ ადამიანი ხდება მერყევი, არათავდაჯერებული, მასში შედის ეჭვი და შიში, რის შედეგადაც ის ვერ იღებს მარხვის იმ კეთილ ნაყოფს და იმ მადლისმიერ სარგებლობას, რომელსაც იღებდნენ წმიდა მართლმადიდებელი მამები. რადგან წმიდა მოსაგრეები როდესაც საკვებისგან თავს იკავებდნენ არა მარტო თავიანთ ვნებებს ებრძოდნენ და თოკავდნენ, არამედ ამ შრომაში ღმრთის იმედით და სასოებით იღვწოდნენ. ისინი მთელ თავიანთ იმედს ამყარებდნენ ღმერთზე, რომელმაც თქვა: "ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო; ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი" (ლკ. 12:22-23).
თავიანთი სასოების წყალობით წმიდა მამები უფლისგან იღებდნენ მადლს, რომელიც განამტკიცებდა მათ ჯანმრთელობას და ანიჭებდა ძალას ემსახურათ ღმრთისა და მოყვასისთვის.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ადამიანები საკუთარი ცხოვრების წყაროდ სრულფასოვან კვებას მიიჩნევენ და, ფიქრობენ, რომ ადამიანის ცხოვრება ამ მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული.
ხოლო საეკლესიო მარხვა ჩვენში ზრდის და კვებავს ნებას და ხელს უწყობს მას, რომ საკუთარი ცხოვრებისეული დამოკიდებულება საჭმელზე გადავიტანოთ ღმერთზე (რა თქმა უნდა, ეს ხშირად სრულყოფილად ვერ სრულდება, რადგან ჩვენ ხშირად სულმოკლეობას ვიჩენთ და ღმერთზე სასოებაში ვუძლურდებით).
მაგრამ ყოველ კაცს, ვინც კი მკაცრ მარხვას იცავს შეუძლია გარკვეული ზომით იგრძნოს, თუ რა შეემთხვა უდაბნოში იესუ ქრისტეს:
"ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს. ხოლო იესუმ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით" (ლკ. 4:2-4).
ჭეშმარიტად გამსჭვალვა გრძნობით, რომ ცხოვრობ ღმერთით, შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელმაც არა უბრალოდ შეცვალა არასამარხვო საჭმელი სამარხვოთი, არამედ ღმრთისადმი სასოებით შეიზღუდა საკუთარი თავი საჭმელში. თანაც იმ რწმენით, რომ არა საკვები, არამედ თვით უფალი ზრდის თავისი მადლით (ენერგიით) და ანიჭებს ჯანმრთელობას ადამიანებს, რათა აღასრულონ მცნებები და ემსახუროს მოყვასთ.
ამრიგად, დანიელი ღმრთისადმი სასოებით იცავს მკაცრ მარხვას და ღმრთისგან იღებს სიბრძნესა და წინასწარმეტყველების ნიჭს.
ოთხმა ებრაელმა ყრმამ თავიანთი აღმსარებლობითი ღვაწლისა და ღმრთისადმი სასოების ძალით, რომელიც წინასწარმეტყველ დანიელის წიგნშია აღწერილი, მოიპოვეს სიბრძნე, სხვადასხვა ენების ცოდნა და მეფის დახელოვნებულ კარისკაცთა გამოცდილბა. მათი სიბრძნე - ეს მხოლოდ მარხვის ნაყოფი არ არის, ეს ღმრთისადმი სასოების ნაყოფია.
მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
