სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
რომელმაც ქრისტე შეიყვარა.
იობის წიგნის წმიდა მამებისეული განმარტება
ავტორი: პ. ი. მალკოვი, ღვთისმეტყველების კანდიდატი.
III. "მაშინ გახსნა იობმა ბაგე" ... იობისა და მისი მეგობრების სიტყვები
(იობ. 3:1–31,40)
________________________
* გაახალქართულებული ტექსტი შედარებულია ძველქართულ ტექსტს და მისდევს მას. ამის გამო კერძო და გეოგრაფიული სახელები, ასევე ტექსტის შინაარსი აღებულია ძველქართული ტექსტებიდან. წყარო: ბიბლია. ძველი აღთქმა. წიგნი II. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი 2017 წ. – "აპოკ." რედ.
________________________
იობის პირველი მონოლოგი (იობ. 3:1–26), შემდგომი კამათი იობსა და მის მეგობრებს შორის (იობ. 4:1–27:23) და იობის მონოლოგების დასასრული (იობ. 28:1–28; 29:1–31:40): წმიდა მამათა ინტერპრეტაციის თავისებურებანი
ახლა ვიწყებთ საუბარს იობის წიგნის იმ ნაწილზე, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ როგორც თეოლოგიური, ისე ზნეობრივი. შემდგომში საუბარი იქნება იობის კამათზე თავის მეგობრებთან.
ამ ბიბლიური ტექსტის ნაწილი თეოლოგიურად შეიძლება ჩაითვალოს იმიტომ, რომ იობისა და მისი მეგობრების მონოლოგებში ასახულია მრავალი უმნიშვნელოვანესი დოგმატური თემა, რომლებიც ეხება ღვთის შესახებ მოძღვრებას – მის შემოქმედებით და განგებულებით მოღვაწეობას, აგრეთვე – ბიბლიურ კოსმოლოგიას, ანთროპოლოგიასა და ესქატოლოგიას.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აღსავსეა იობის წიგნის ამ ნაწილის ტექსტი მომავალ მესიასთან დაკავშირებული წინასახეობრივ-წინასწარმეტყველებითი მითითებებით და მისი მომავალი მაცხოვნებელი ღვაწლის აქ წარმოდგენილი ტიპებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ მართლმადიდებელ ეგზეგეტთა გაგების შესაბამისად, აქ განსაკუთრებით ნათლად იკვეთება ქრისტეს ღმერთკაცობისა და მის მიერ აღსრულებული გამოსყიდვის თემა.
იობის წიგნი ასევე ეხება მნიშვნელოვან თეოლოგიურ პრობლემას – თეოდიცეას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კითხვასთან ქვეყნად ბოროტების წარმოშობის შესახებ, და ასევე, ბიბლიურ მოძღვრებასთან ბოროტების როლზე ადამიანის ცხოვრებაში. ეს თემა პირდაპირ მიგვიყვანს იობის წიგნის ამ ნაწილის მეორე უმნიშვნელოვანეს და სპეციფიკურ თავისებურებასთან, კერძოდ, აქ მოცემულ და ნათლად გამოხატულ ზნეობრივ სწავლებასთან.
ამ ბიბლიური ტექსტის ზნეობრივი შემადგენელი, ერთის მხრივ, სრულად ასახავს ძველი აღთქმის ადამიანის მდგომარეობას, რომელიც დაცემულ, ცოდვილ წუთისოფელში ჯერ კიდევ ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა, თუმცა, მეორე მხრივ, წინასწარ მიუთითებს მართალი იობის სასოებაზე, რაც უკვე ახალაღთქმისეულ რეალობას, კერძოდ, ქრისტიანულ მცნებებს უკავშირდება, რომლებიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთობის არაძველაღთქმისეულ და აბსოლუტურად განსხვავებული ხატებამდე მიგვიყვანენ.
ამასთან ერთად, ჩვენთვის იობის წიგნის ამ ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმიდა მამათა განმარტება და ამ ბიბლიური წიგნის ძირითადი მოქმედი პირების – ტანჯული იობისა და მისი მეგობრების – ურთიერთობის ხასიათის გაგება. სწორედ აქ იშლება მათი სახეები უდიდესი სისრულით, წარმოაჩენენ მათ ნამდვილ სიღრმისეულ მისწრაფებებს, სურვილებს, აზროვნების ჭეშმარიტ გამოხატულებას, თეოლოგიურ პოზიციას: ყველაფერს იმას, რაც – უკვე წიგნის დასასრულ ნაწილში – მიგვიყვანს ღვთის მიერ იობის გამართლებამდე და მისი მეგობრების სიტყვების დაგმობამდე.
ამრიგად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ძველი ეგზეგეტების მიერ იობის წიგნის ამ ნაწილის განმარტების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მისი ტიპოლოგიური ინტერპრეტაცია. ამის შესაბამისად, იობი და მისი მეგობრები, როგორც ჭეშმარიტად ძველაღთქმისეული წმიდა ისტორიის მოქმედი პირები, ამავდროულად, აღიქმებიან როგორც ახალაღთქმისეული რეალობის "ცოცხალი ტიპები". ამ გაგებით, ჩვენ მოგვიწევს დაკვირვება ხასიათების, ქმედებების, სიტყვებისა და აზრების თუ რომელ თვისებებსა და თავისებურებებში იკვეთება მომავალი ახალაღთქმისეული სინამდვილის მკაფიო ნიშნები – ღვთისაგან პასუხის მომლოდინე იობსა და მასთან მოდავე მეგობრებში. როგორც გვახსოვს, წმიდა მამათა ტრადიცია იობში ხედავს ერთდროულად თვით ქრისტეს ტიპს და, ამასთან, მისი ეკლესიისას, მართალის მეგობრებში კი – ერეტიკოსთა გამოხატულებას. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება დანახვა იმისა, თუ როგორ ჰპოვეს ამ იდეებმა კონკრეტული ასახვა წმიდა მამათა განმარტებებში.
იობის პირველი მონოლოგი (იობ. 3:1–26). "დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი..."
ამრიგად, მივმართოთ იობის წიგნის მე-3 თავის დასაწყისს. აღვნიშნავ, რომ მთელი ეს თავი წარმოადგენს იობის მონოლოგს. ეს მონოლოგი იწყება იმით (იობ. 3:1–19), რომ იობი გმობს იმ წამს, რომელშიც იგი ჩასახულ იქნა, და იმ მომენტს, როდესაც იშვა ქვეყანაზე. ის ნანობს, რომ ჯერ კიდევ დედის საშოში არ მოკვდა, – მაშინ ხომ იმწამსვე გადასახლდებოდა ქვესკნელში და არ განიცდიდა ყველა იმ ტანჯვასა და გასაჭირს, რომელთაც ამჟამად იტანს:
"მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე. ალაპარაკდა იობი და თქვა: დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!" (იობი 3:1-3).
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, სადაც მხოლოდ ტანჯულის უხმო გლოვა და მისი გასაჭირის თანამგრძნობ მეგობართა ცრემლები ჩანს, იობი ბოლოს და ბოლოს ალაპარაკდება, და აღმოჩნდება, რომ მისი სიტყვები თამამი და საშინელია. მართალი ამჟამად მადლობას კი არ უძღვნის ღმერთს ყველაფერ იმისთვის, რაც მის თავს ხდება, როგორც ამას ადრე აკეთებდა და ამბობდა: "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო, კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობ. 1:21). ამჟამად ის, პირიქით, მწარედ და სასოწარკვეთილად შესძახებს და თავის სიტყვას იწყებს არა მადლიერებით, არამედ წყევლით.
რა თქმა უნდა, იობი აქ წყევლის არა ღმერთს, არამედ ქვეყანაზე საკუთარი გაჩენის დღეს. თუმცა, როგორც ჩვენ გვესმის, ყოველი ადამიანისათვის შობის დღე დგება ღვთის განგებულებით, რომელსაც ყველა ჩვენგანი შემოჰყავს ქვეყნიერებაში. მაშ, ხომ არ არის ტანჯულის მიერ საკუთრი ჩასახვისა და შობის დღეთა ასეთი წყევლა თავისი შემოქმედის მრისხანე უარყოფა? არის თუ არა იგი – სიძულვილის სიტყვა, რომელიც მიმართულია ამქვეყნად მისი მოსვლის მიზეზისადმი – ღმრთისადმი?
უნდა ვაღიაროთ, რომ წმიდა მამები, იობის სასოწარკვეთილებით აღვსებული ბიბლიური სიტყვების განმარტებაში, ზოგჯერ მაინც გარკვეულწილად ამრგვალებენ "მკვეთრ კუთხეებს" და მათ მეტაფორული ან ზნეობრივ-ალეგორიული, ან კიდევ – ზუსტად საპირისპირო მნიშვნელობით გადააზრებას ცდილობენ. ასე, მაგალითად, წმიდა იოანე ოქროპირი არაერთგზის ამტკიცებს, რომ "იობი არსად ამბობს, რომ უსამართლოდ იტანჯება და არა აქვს ცოდვები..." (Святитель Иоанн Златоуст. Commentaire sur Job. Т. I. SC. 346. 11. 2. S. 326. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 74), მიუხედავად იმისა, როგორც ამას არაერთგზის ვიხილავთ შემდგომში, რაოდენ მტკიცედ და ხაზგასმით აღნიშნავს ტანჯული იობი ბიბლიური ტექსტის ფურცლებზე საკუთარ უბიწოებას.
თუმცა ეგზეგეტები ხშირად მაინც იძულებულნი არიან აღიარონ იობის სიტყვების უკიდურესი სიმკვეთრე და მრისხანე პირდაპირობა შემოქმედის მიმართ. ასე, მაგალითად, ღვთისადმი მიმართული იობის სიტყვების კომენტირებისას, რომელთაც იგი წარმოთქვამს უკვე მეგობრებთან კამათის დასასრულისთვის – "მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი" (იობ. 30:21), – წმიდა გრიგოლ დიდი პატიოსნად აღიარებს (თუმცა შემდეგ ცდილობს ეს ყველაფერი განმარტოს მეტაფორულად), რომ იობი აქ პირდაპირ ღმერთს ბრალს სდებს სისასტიკეში (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. XX. 62. PL. 76. Col. 174BC).
წმიდა მამათა რწმენით, კერძოდ, წმიდა გრიგოლ დიდის მიხედვით, იობმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ყველა უბედურება მას მისდევს ეშმაკის ბოროტი ნებით, რომ მას ეხება არა უფლის მარჯვენა, არამედ ღვთისმბრძოლი სატანის ხელი. მაგრამ ამასთან ერთად, ის შემთხვევით როდი ამბობს თავის ერთ-ერთ სიტყვაში: "ღვთის ხელი შემეხო" (იობ. 19:21). იობს ესმის, რომ ეშმაკმა მიიღო ხელმწიფება ყოველივე ამაზე თვით ღმერთისგან (შეადარეთ: იობ. 1:11) (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. XIV. 59. PL. 75. Col. 1069C-1070A). ამასთან, იობს შეგნებული არა აქვს თავისი მრავალი ჭირის ჭეშმარიტი მიზეზი (ოლიმპიოდორეს თქმით, იობმა "არ იცოდა თავის გასაჭირთა მიზეზი Олимпиодор. Kommentar zu Hiob. 26. PTS. 24. S. 331)), ხედავს მათში მხოლოდ სასჯელს, მისთვის გამოგზავნილს ღმერთისგან, რომელიც, როგორც მას ეჩვენება, მოსდევს მას იმ ცოდვების გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ამგვარად, წმიდა გრიგოლის თქმით "ნეტარი იობი მართლაც ამბობდა, რომ ისჯებოდა ყოველგვარი დანაშაულის გარეშე" (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. XXIII. 30. PL. 76. Col. 269A). ამით, იობის შეგნებაში მაინც იმყოფებოდა აზრი, რომ მისი ჭირ-ვარამის წყაროა თვით უფალი. აქედან – ასეთი მცდარი რწმენის გამო – არის ყველა ის მწარე სიტყვა საყვედურისა, რომელიც მიმართული შემოქმედისადმი.
ამრიგად, წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ამას წარმოთქვამს "არა უკეთური, არამედ ტანჯული" (Святитель Иоанн Златоуст. In Justum et Beatum Job. 4. 2. PG. 56. Col. 578. Русский перевод: Святитель Иоанн Златоуст. О праведном и блаженном Иове. 4. 2. // Творения. Т. 6. Кн. 2. С. 936).
ამასთან ერთად, იობის პირადი ტრაგედიის გარეგანი საფარველისა და მისი საჩივრების მიღმა ღვთაებრივი სისასტიკის შესახებ, ეძებენ ტანჯულის ასეთი გამონათქვამების სიღრმისეულ, წინასწარმეტყველურ და თეოლოგიურ აზრს. წმიდა მამები მათში უპირველეს ყოვლისა ხედავენ იმ საყოველთაო სასოწარკვეთილების ასახვას, რომლითაც ძველაღთქმისეულ ხანაში იყო მოცული კაცთა მთელი მოდგმა – პირველქმნილი ცოდვით დაცემისა და ღმრთისგან ჩამოშორების გამო.
იობის მწარე სიტყვები – ეს არის თავის შემოქმედთან შეხვედრის იმ წყურვილის გამოხატულება, რომელიც ყველა დროებაში ტანჯავდა ადამიანს ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე; ეს არის – ძიება ღმერთთან ზიარების იმ სიხარულისა, რომლისგანაც განძარცვული იქნა კაცობრიობა ცოდვით დაცემის გამო.
რა თქმა უნდა, იობი აქ გმობს საკუთარ ბედსაც: გასაჭირს, ტანჯვას, განცდილ დამცირებებს, ბოლოს, ღვთის მიერ მიტოვების მდგომარეობას; და ამასთან ერთად, ის სთხოვს უფალს გამოეხმაუროს არა მხოლოდ მას, ევედრება მოვიდეს არა მარტო იობთან. ტანჯული ამავე დროს სასოწარკვეთილად მოუხმობს მომავალ ქრისტეს, თითქოს მთელი კაცთა მოდგმის ბაგეებით მეტყველებს და წინასწარმეტყველურად განჭვრეტს ყოველ ჩვენთაგანთან ქრისტეს, ჩვენი საერთო მაცხოვრისა და გამომსყიდველის მომავალ მოსვლას. ის მოუხმობს ღმერთს ერთდროულად და საკუთარ თავთანაც და მთელ კაცობრიობასთანაც.
იობის მიერ მისი პირველი გამოსვლის დასაწყისში წარმოთქმული სიტყვების სიღრმისეულ აზრზე და ხასიათზე საუბრისას, წმიდა გრიგოლ დიდი ხაზს უსვამს, რომ იობი აქ არავითარ შემთხვევაში არ მიმართავს თავის წყევლებს უფლის მიმართ, და ამას აკეთებს არა მრისხანე ვნებით აღტყინებაში, არამედ ზუსტად ისე, როგორც ეს ახასიათებს წინასწარმეტყველს. ამასთან, თვით წყევლა აქ მომდინარეობს არა იმდენად ტანჯულისგან (მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის წარმოთქვამს ყველა ამ სიტყვას), რამდენადაც თვით ღმერთისგან. ვინაიდან ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს ხშირად უწევდათ წარმოეთქვათ წყევლის სიტყვები, რომლებიც მათი შუამავლობით მომდინარეობდნენ ღმრთისგან, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაჟღერება წყევლის წარმომთქმელი ადამიანის პირით ხდებოდა.
იობის ამ სიტყვების პარალელურად, წმიდა გრიგოლი იხსენებს წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვას: ასევე, "იერემიამაც, როცა იხილა, რომ მისი ქადაგების საქმე ძნელდებოდა მსმენელთა (სულიერი) გულქვაობის გამო, წარმოთქვა წყევლა: "წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული! წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)" (იერ. 20:14–15) (См.: Святитель Григорий Великий. Moralia in Job. IV. Praefatio. PL. 75. Col. 634B-637B). ჩვენ ვხედავთ: იობიც და იერემიაც გმობენ თავიანთი გაჩენის დღეს, ამ სიტყვებს წინასწარმეტყველური აზრით აღავსებენ და გვიცხადებენ, რომ სწორედ ცოდვაში კაცთა შობით – რომელიც დაცემულ და ღმრთის მოწინააღმდეგე წუთისოფელში აღესრულება – ეს ცოდვა ეუფლება ადამიანებს, ბატონობს მათზე და აუძლურებს მათ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო იობისა და იერემიას ბაგეებით, ადამიანთა პირველქმნილი ცოდვა იწყვევლება თვით ღმრთის მიერაც, რომელიც თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით მეტყველებს.
სწორედ იობის მიერ წარმოთქმული სიტყვების ასეთი წინასწარმეტყველური სულისა და აზრის წყალობით, წმიდა გრიგოლი ავლებს პარალელს "პირგახსნილ" იობსა (შეადარეთ: იობ. 3:1) და მას შორის, ვის შესახებაც ბევრად გვიან სახარებაში ითქმის: "განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა" (მათ. 5:2), ანუ თვით ქრისტეს შორის, რომლის წინასახეობრივი ხატებაც არის იობი. მაშინ, უკვე ახალ აღთქმაში, თავის პირს განაღებს თვით ხორცშესხმული უფალი; ხოლო აქ – ძველ აღთქმაში – ის თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით მეტყველებს (См.: Святитель Григорий Великий. Moralia in Job. IV. 1. PL. 75. Col. 637C-638A).
რაზე წინასწარმეტყველებს აქ იობი? ჩვენ გვესმის, რომ წინასწარმეტყველება ხშირად არის არა მხოლოდ მომავლის წინასწარ გაცხადება, არამედ წინასწარმეტყველის მიერ ღვთის განგებულების გზათა სიღრმისეული სულიერი გაგება და აწმყოში ან თუნდაც წარსულში მათი ხილვა. სწორედ ასეთ "წარსულსა და აწმყოზე" წარმოითქმის აქ წინასწარმეტყველება იობის მიერ.
იობის წინასწარმეტყველურ ძალას ეხსნება აზრი და არსი იმ დამღუპველი სულიერი რეალობისა, რომელმაც ადამიანი თავისი შემოქმედისგან განაცალკევა. მართალი "წინასწარმეტყველებს წარსულზე", შეიგნებს ცოდვით დაცემის სულიერ შედეგებს, იმ საშინელი ცოდვითი უფსკრულის ზღვარს, რომელიც ადამის დანაშაულის შედეგად ღმერთსა და ადამიანს შორის წარმოიქმნა. და აქ, ის გმობს სწორედ ამ აწმყო მდგომარეობას – ადამიანის მონობას ცოდვისადმი, ადამის დანაშაულთა შედეგებს.
ასე, მაგალითად, წმიდა გრიგოლ დიდის მიხედვით, იობი აქ არავითარ შემთხვევაში არ ამბობს: "დაიქცეს ის დღე, როცა მე შემქმნეს", არამედ: "დაიქცეს ის დღე, როცა მე ვიშევ" (იობ. 3:3). იობი საერთოდ არ გმობს ღვთის მიერ ადამიანის შექმნას, როგორც ასეთს (რაც უკვე მძმე ამბოხება იქნებოდა შემოქმედის წინააღმდეგ), არამედ გმობს იმ ჩვენს დამორჩილებულობას ცოდვისადმი, რომლითაც დაცემულ ქვეყანაზე ვიბადებით. ამასთან, დიალოგოსი (დიდი გრიგოლი) აქ ერთმანეთს უპირისპირებს ორ ცნებას: "შექმნას" და "შობას". პირველი ადამიანისთვის – ადამისთვის – მისი შექმნა იყო სიმართლის დღე, მაგრამ ამჟამად – ცოდვით დაცემის შემდეგ – ადამიანები იბადებიან უკვე "ბრალის ჟამს"; ვინაიდან "ადამი იქმნა, ხოლო კაენი იყო პირველი ადამიანი, რომელიც იშვა ქვეყანაზე" – ვნებითი ჩასახვითა და შობით (Святитель Григорий Великий. Moralia in Job. IV. 4. PL. 75. Col. 640A). მსგავსადვე მსჯელობს ამ იობის პირველ სიტყვათა აზრზე ღირსი ევსუქი იერუსალიმელი: "დაიქცეს ის დღე, როცა მე ვიშევ" (იობ. 3:3), – არა დღე, რომელშიც შევიქმენი, არამედ დღე, რომელშიც დავიბადე... ჭეშმარიტად, ღმერთი მე მქმნის კეთილად, ხოლო ევამ, რომელმაც დაარღვია (მცნებას), ჩამსახავს მე მწუხარებისთვის. და თავად დავითც ასე მიიჩნევდა, შეიგნო რა ეს სულიწმიდით; ის წინასწარმეტყველურ ფსალმუნში ამბობს: "ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფსალ. 50:7). რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ევამ ჩასახვა და შობა დაიწყო სამოთხეში ცოდვით დაცემის შემდეგ" (Преподобный Исихий Иерусалимский. Homelies sur Job: version armenienne. 6.3.3. PO. 42. 1. 190. S. 170. Русский перевод: Библейские комментарии. Книга Иова. С. 18).
ამასთან, რა თქმა უნდა, ჩვენი შობის დღის მნიშვნელობის ასეთი ინტერპრეტაცია, როგორც ადამიანის ცოდვისადმი დამონების მომენტისა, უნდა განვასხვაოთ თვით შობისგან, როგორც ასეთისგან, რომელიც ყოველთვის აღესრულება ღვთის წმიდა ნებითა და მისი კეთილი განგებულების შესაბამისად. ამგვარად, ბრმა დიდიმეს გაგებით, იობი აქ, არსებითად, გმობს არა საკუთარი შობის დღეს, არამედ მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც დაცემულ წუთისოფელში ყოველი ადამიანის დაბადებას ახლავს თან: "იობი გმობს არა დღეს, რომელიც არის დროის მონაკვეთი, არამედ იმას, რაც მოხდა ამ დღეს, ვინაიდან წერილი ჩვეულებისამებრ დღეს უწოდებს მასში მომხდარ მოვლენებს" (Дидим Слепец. Υπόμνημα εις Ιώβ. 3. 3–5. ΒΕΠΕΣ. Т. 47. Σ. 37).
რას გმობს კონკრეტულად აქ იობი, დიდიმეს აზრით? ეგზეგეტის რწმენით, ტანჯული აქ მეტყველებს უპირველეს ყოვლისა კაცთა მოდგმის ცოდვისადმი დამონებაზე და ჩვენს უძლურებაზე – შობის წამიდან – ეშმაკის წინაშე. ამრიგად, როგორც დიდიმე წერს, იობი აქ "ლაპარაკობს მთელ კაცთა მოდგმაზე... წმიდას... თავის სიტყვა აჰყავს ყოველგვარ ჭირთა პირველმიზეზამდე. და როგორც ვინმე კაცთმოყვარე ექიმი, რომელიც ხედავს უწესობით გასაჭირში ჩავარდნილ მრავალ ადამიანს, გმობს ამ უწესობას; ასეა ეს ნეტარიც, კურნავს და სარგებელს ანიჭებს რა დაცემულთ, გმობს ადამიანთა დაცემის დღეს, და სიტყვას ამ დღეზე განაზოგადებს" (Дидим Слепец. Υπόμνημα εις Ιώβ. 3. 3–5. ΒΕΠΕΣ. Т. 47. Σ. 39).
ამასთანავე, დიდიმეს მიხედვით, იობის წიგნის მე-3 თავის მთელი ტექსტი, რომელიც შეიცავს ტანჯულის სასოწარკვეთილებით აღვსილ მრავალ სიტყვას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ როგორც მისი წუწუნი განცდილი ჭირ-ვარამისა და უბედურებების წინააღმდეგ. ბრმა დიდიმეს აზრით, იობის წიგნის მე-3 თავი მთლიანად არის მწარე და საშინელი ლოცვა, რომელსაც მართალი და წინასწარმეტყველი მთელი კაცთა მოდგმის პირით წარმოთქვამს – ეშმაკის მონობისგან გათავისუფლებაზე, ღვთის მიერ მიტოვებული მდგომარეობის შეწყვეტაზე, ღვთისგან შეწყალებასა და მასთან შეხვედრაზე. როგორც დიდიმე წერს, "ეს არის ლოცვა ყოველივე მომხდარის მიზეზის გადაწყვეტის შესახებ: ბოროტების შეწყვეტისა იმათთვის, რომელთაც თავისთავად შეაბიჯეს ყოფიერების გზაზე, და სნეულებების შეწყვეტისა მათთვის, ვინც სხვათა მეშვეობით მიიღეს (ცხოვრება). (ამასთან იობს) სურს, რომ წყევლას დაექვემდებაროს ჭეშმარიტად წყევის ღირსი მიზეზი ადამიანის დაცემისა – ეშმაკი" (იქვე. Σ.41).
როგორც შემდგომში ვიხილავთ, სატანის ხატი, რომლის მეშვეობითაც მოხდა ადამიანის დაცემა, კიდევ არაერთხელ გამოჩნდება მე-3 თავის ტექსტში. ამრიგად, იობი აგრძელებს თავის მწარე ლოცვას:
"დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგარდმო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა. მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!" (იობი. 3:4-5).
გაგრძელება იქნება.
ყველა თავი იხ. სარჩევში.
წყარო: П.Ю. Малков. Возлюбивший Христа. Святоотеческие толкования на книгу Иова. М.: Изд-во Сретенского монастыря, 2014. – 880 с. რეკომენდირებულია გამოსაცემად რმე-ს საგამომცემლო საბჭოს მიერ.
ნაშრომის ქართული თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2026 წ.
