Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - რატომ უწოდებდნენ ქრისტეს ნაზარეველს? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
რატომ უწოდებდნენ ქრისტეს ნაზარეველს?
მაცხოვრის ჯვარცმა
მათეს სახარების მეორე თავში მოთხრობილია იოსებისა და მარიამის მოგზაურობაზე ღვთაებრივ ყრმასთან ერთად ბეთლემიდან ეგვიპტესა და ნაზარეთში. ამ სახარებისეულ მონაკვეთში აღსანიშნავია ის, რომ ქრისტე "ნაზარეველად" იწოდება. კერძოდ მათე მახარებელი წერს:
 
"რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო" (მთ. 2:23).
 
სიტყვა "ნაზარეველი" უთითებს არა მარტო იმ ქალაქზე, რომელშიც ქრისტე ცხოვრობდა. წმიდა მამათა განმარტებებს თუ მივმართავთ დავინახავთ, რომ ეს წინასწარმეტყველება და სახელწოდება უთითებდნენ მის განსაკუთრებულ სულიერ დანიშნულებასა და ბუნებაზე. ასე, მაგალითად, წმ. ქრომატიუს აკვილეველი წერს:
 
"ნაზარეველად ჩვენი უფალი და მაცხოვარი იწოდა, როგორც ადგილისგან, ანუ ქალაქ ნაზარეთისგან, ასევე რჯულის საიდუმლოსგან. რადგან რჯულით ნაზარეველებად იწოდებოდნენ ისინი, ვინც თავისი უბიწოება მიუძღვნა ღმერთს (და დებდა) უჩვეულო აღთქმას, იზრდიდა თმას თავზე, რათა საღმრთო რჯულის მიხედვით მსხვერპლად შეეწირა ისინი. ხოლო რადგან უფალი ქრისტე არის ყოველი სიწმიდისა და უბიწოების შემოქმედი, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ამბობს: "წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ" (1 პეტ. 1:16), ის უსაფუძვლოდ როდი იწოდება ნაზარეველად, რადგან მართლაც, რჯულის განწესების მიხედვით - შეპირებული მსხვერპლია მამა ღმერთისადმი, მან საკუთარი სხეული მსხვერპლად გაიღო ჩვენს საცხოვნებლად".
 
იგივეს ვკითხულობთ ნეტ. იერონიმე სტრიდონელთან:
 
""ნაზარეველი" ნიშნავს წმიდას. ხოლო უფალი რომ წმიდაა ამაზე მთელი წმიდა წერილი მეტყველებს. ჩვენ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ებრაული ტექსტის მიხედვით იმავე სიტყვებით ესაიასთან ნათქვამია: "ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს" (ეს. 11:1).
 
მაგრამ რომელი წინასწარმეტყველები უწოდებდნენ მას ნაზორეველს?
 
ნეტ. იერონიმეს მოჰყავს წინასწარმეტყველი ესაია. მაგრამ ესაიას წინასწარმეტყველება განსხვავდება იმისგან, რომელიც დაიმოწმა მახარობელმა მათემ: "ნაზარეველად იწოდებისო" (მთ. 2:23). მოციქულმა მათემ არ მიუთითა ამ სიტყვების ზუსტი ავტორობა, და მრავლობით რიცხვში დაწერა: "თქმული წინასწარმეტყველთა მიერ".
 
ამ წინასწარმეტყველების ზუსტი ავტორობის დადგენა შეუძლებელია. ცნობილია, რომ მრავალი წინასწარმეტყველური წიგნი ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე დაიკარგა. ამის შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ, მაგალითად, ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელთან:
 
"დღეს ვერ ვპოულობთ, რომელმა წინასწარმეტყველმა თქვა ეს, რადგან ებრაელთა დაუდევრობისა და მათი მუდმივად ტყვეობაში ყოფნის გამო მრავალი წიგნი დაიკარგა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს წინასწარმეტყველება იუდეველებს ზეპირად (ჩაუწერლად) გადმოეცათ. ნაზარეველი "წმინდას" ნიშნავს. რამდენადაც ქრისტე წმინდაა, ალბათ ნაზარეველიც ამიტომ ეწოდა. "ისრაელის წმინდა" ხომ უფალს მრავალ წინასწარმეტყველთან ეწოდება.
 
 
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
Назад к содержимому