Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ვინ არის "ნეტარი კაცი"? (ფსალმ. 1:1-2) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ვინ არის "ნეტარი კაცი"?
წმ. დავით ფსალმუნთმგალობელი
"ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა, და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე".
 
(ფსალმ. 1:1-2).
 
 
 
ვინ არის "ნეტარი კაცი"? და რატომ მხოლოდ კაცი და არა ქალი?
 
 
თუ ვიტყვით უბრალოდ, ჩვენს ენასთან ყველაზე მიახლოებითი მნიშვნელობით, ნეტარება არის ბედნიერება, რაშიც შეიძლება ვგულისხმობდეთ როგორც გარეგნულ, მიწიერ კეთილდღეობას, ისე მარადიულს, ანუ სულიერსა და ზეციურ ნეტარებას.
 
ხოლო თუ უფრო ღრმა მნიშვნელობით ვიტყვით, ნეტარი, საკუთრივ, მხოლოდ ღმერთია, ეს თვისება მხოლოდ მას ახასიათებს. მაგრამ რადგან ღმერთმა მოგვცა უფლება, საკუთარ თავს ვუწოდოთ მადლისმიერი ღმერთები, სახელწოდება "ნეტარი" ჩვენც გვეკკუთვნის.
 
ბერძნულ ენაზე "ნეტარი" იკითხება როგორც "მაკარიოსი". ღირსი მაკარი დიდი და ყველა ჩვენი მაკარი სწორედ ამ სიტყვისაგან წარმოდგებიან. ევთიმე ზიგაბენის აზრით, "მაკარიოსი" ნიშნავს უკვდავს, ანუ სიკვდილისგან თავისუფალ ადამიანს, რადგან "კიროსი" ბერძნულად არის სიკვდილი, ტანჯვა, ხოლო ამ სიტყვის წინ დგას უარყოფითი ნაწილაკი "არა".
 
ამგვარად, ნეტარება არის უკვდავება, ეს არის მარადიული ყოფნა ღმერთთან, რაც არის კიდეც ჭეშმარიტი ბედნიერება. მოდი, გავიხსენოთ ეს.
 
 
"ნეტარ არს კაცი". რატომ მხოლოდ კაცი, განა ქალები მოკლებულნი არიან ამ სიხარულს? რა თქმა უნდა, არა! ქალები არ არიან მოკლებულნი ამ სიხარულს.
 
ღვთის სიტყვა აქ "კაცის" ქვეშ გულისხმობს ზოგადად ადამიანს, ანუ, როგორც მამაკაცს, ისე ქალს.
 
როგორ მიიღწევა ეს ნეტარება ან ბედნიერება, რომლისკენაც ჩვენ ყველანი ასე მივისწრაფვით?
 
ამ მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს აზრს: ნეტარ არს კაცი, რომელიც არ არღვევს ღვთის რჯულს.
 
დავითმა, როგორც ღვთითშთაგონებულმა პოეტმა, ეს აზრი მეტაფორულად გამოხატა, გზებსა და სიარულს შეადარა. სიარული, დგომა და ჯდომა - ეს არის ბოროტებისკენ გადახრის სამი ხარისხი.
 
ბოროტეულთა რჩევებზე სიარული - ბოროტებისკენ გადახრის საწყისი ხარისხია, რომელიც მისკენ მიმართული შინაგანი, გონებრივი და გულისმიერი მიდრეკილებებით ვლინდება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ბოროტებისადმი მუდმივი ლტოლვა.
 
ცოდვილთა გზაზე დგომა - ეს არის ბოროტებაში დამკვიდრება, როდესაც მას ვეთანხმებით არა მხოლოდ აზრით, არამედ გარეგანი მოქმედებებითაც.
 
 
ხოლო გარყვნილთა კრებულში ჯდომა - ეს არის სრული გადახრა, ბოროტებასთან შეზრდა, რომელიც მიდის გარეგან და შინაგან ბრძოლამდე ღმერთის წინააღმდეგ; ეს არის ბრძოლა საღვთო სწავლების, საერთოადამიანური მორალისა და ზნეობის წინააღმდეგ. სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებს წერილი გარყვნილებს.
 
ამრიგად, იმისთვის, რათა არ ვისხდეთ გამრყვნელებთან, საჭიროა არც კი მივიდეთ მათთან რათა საბოლოოდ არ გავიხრწნათ; სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შინაგან სამყაროს - ჩვენს გულსა და გონებას. ასეთია მეფე დავითის მეტაფორა.
 
მეორე წესი, რომელზეც დავითი მსჯელობს ასეთია: საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ არ ვაკეთებდეთ ბოროტებას, საჭიროა ვიქმოდეთ სიკეთეს. და როგორც ბოროტება ჩვენს გულსა და გონებაში იწყება, ასევე სიკეთეც, უპირველეს ყოვლისა, ჩვეში, შინაგანად იქმნება. ამიტომ ჩვენი გონება უნდა მივმართოთ სწორი საქმიანობისკენ და მისი ყურადღება სწორ აზრებს დავუთმოთ.
 
 
საიდან ავიღოთ ისინი?
 
მეფე დავითი ამბობს: "შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" ("უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ") (ფსალმ. 1:2).
 
 
ჩვენი გონება არასოდეს არის უმოქმედო, ღამითაც კი, როცა ჩვენი სხეული და მრავალი ორგანო ისვენებს, ის განუწყვეტლივ განაგრძობს მუშაობას, აკონტროლებს სასიცოცხლო ფუნქციებს და აგრძელებს აზრების წარმოქმნას. და დარწმუნებული იყავით, თუ დღისით ვიფიქრებთ ღვთის რჯულზე, ღამითაც, ძილის დროს, ღვთის სიტყვა დაიკავებს ჩვენს გონებას. ამისი შესანიშნავი მაგალითია დიმიტრი მენდელეევი, რომელიც განუწყვეტლივ ფიქრობდა ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაზე, და საბოლოოდ იგი სწორედ ძილში დაესიზმრა.
 
 
მაშ, შევაჯამოთ ნათქვამი:
 
პირველ რიგში, ნუ მისცემ უფლებას შენს გონებასა და ფიქრებს დაფუძნდნენ ბოროტებაში, დაიცავი შენი გზები თავიდანვე, რათა შეუმჩნევლად არ გაირყვნე და არ დაკარგო ნეტარება.
 
ხოლო მეორე მხრივ, განუწყვეტლივ, დღედაღამ აიძულე შენი გონება იფიქროს ღვთის რჯულზე, მის სიტყვაზე.
 
მაგალითად, დილით წაიკითხე სახარება და დღის განმავლობაში იფიქრე წაკითხულზე. თუ რაიმე ვერ გაიგე იხილე განმარტება, მოძებნე ინტერნეტში. ასე ეძებდა დავითიც მის დროინდელ წყაროებში, ასე ეძებდა ყველა წმინდანიც: ისინი თავს დასტრიალებდნენ და სწავლობდნენ ღვთის სიტყვას - როგორც დღისით, ისე ღამით, როგორც დასვენების ჟამს, ისე შრომის დროსაც.
 
ამრიგად, განვეშოროთ ბოროტებას და ჩვენი გონება მივაპყროთ ღვთის რჯულს - ეს არის ფსალმუნთა წიგნის პირველი სიტყვები, რადგან სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველი.
 
 
პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსი". 2026 წ.
Назад к содержимому