Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება_გამოსვლათა წიგნი - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
წმიდა წერილის რთული ადგილების განმარტება
ავტორი: ნეტ. თეოდორიტე კვირელი (V ს.).


 
გამოსვლათა წიგნის განმარტება
 
 
კითხვა 1. როგორ უნდა გავიგოთ ნათქვამი: "გამრავლდნენ" (გამოსვლ. 1:7)?
 
"ისრაელის ძენი აღორძინდნენ და გამრავლდნენ, მრავალრიცხოვანნი იქმნეს და ფრიად განძლიერდნენ. განამრავლდებდა მათ ქვეყანა" (გამოსვლ. 1:7).
 
მოსემ ეს თქვა არა ისრაელიანთა შესარცხვენად, როგორც ზოგიერთმა იგულისხმა, არამედ გამოხატა მათი სიმრავლე, ანუ ისე გამრავლდნენ, რომ თითქოსდა მოედვნენ მთელ ქვეყანას. ასე თარგმნა აკვილამაც. იგივე ჩანს შემდგომიდანაც, რადგან ნათქვამია: "განამრავლდებდა მათ ქვეყანა" (გამოსვლ. 1:7), და რამდენიმე სიტყვის შემდეგ: "რაც უფრო ჩაგრავდნენ მათ, იმდენად უფრო მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ ფრიად" (გამოსვლ. 1:12).


კითხვა 2. რას ნიშნავს ნათქვამი: "ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და მათაც აიშენეს სახლები" (გამოსვლ. 1:21)?
 
ფარაონმა ბრძანა გაეჟლიტათ მამრობითი სქესის ყველა ყრმა; მათ კი ღმრთისმოშიშების გამო არ ისურვეს ყრმათა მკვლელობის შესახებ დადგენილების აღსრულება. ამიტომ ღმერთმა, მათი დასაჯილდოვებლად მათ სიკეთეთა სიუხვე მიანიჭა.
 
 
კითხვა 3. რის მიხედვით შეიცნო ფარაონის ასულმა, რომ ყრმა ებრაელი იყო (გამოსვლ. 2:5)?
 
"ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა" (გამ. 2:5).
 
ამას წინადაცვეთა აჩვენებდა. აქედან ჩანს, რომ იმ დროს ეგვიპტელები ჯერ არ წინადაიცვითებოდნენ, ხოლო შემდგომში, ებრაელთადმი შურის გამო, მიიღეს რჯული წინადაცვეთისა. ამიტომაც ბრძანა ყოვლისმპყრობელმა იერემიას პირით: "დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად - ეგვიპტეს, იუდას, ედომს..." და ა. შ. (იერ. 9:25–26).
 
 
კითხვა 4. რისთვის იქორწინა მოსემ უცხოტომელზე (გამოსვლ. 2:21)?
 
"დაემკჳდრა მოსე ამ კაცთან, და მისცა სეფორა, თავისი ასული, მოსეს ცოლად" (გამოსვლ. 2:21).
 
ის იყო უფალ ქრისტეს ხატება, რომელმაც, ხორციელად წარმოშობილმა იუდეველთაგან, საცოლედ დაასახელა ეკლესია წარმართთაგან.
 
 
კითხვა 5. ზოგი ამბობს, რომ მოსეს მაყვლოვანში ანგელოზი ეჩვენა, მართალია?
 
ამ ადგილის საკითხავიც აჩვენებს, ვინ ეჩვენა. ნათქვამია: "გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში" (გამოსვლ. 3:2), და რამდენიმე სიტყვის შემდეგ: "დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან" (გამ. 3:4), და კიდევ რამდენიმე სიტყვის შემდეგ: "უთხრა: მე ვარ აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი" (გამ. 3:6); და ამის შემდეგვე ითქვა: "სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა" (იქვე); და კვლავ ითქვა: "ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი" (გამ. 3:7) და ა.შ., და კიდევ: "უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (გამ. 3:14).
 
მთელი ეს ადგილიც აჩვენებს, რომ მოსეს ვინც გამოეცხადა ღმერთია. მაგრამ მოსემ მას ანგელოზი უწოდა და ამით გვაცნობებს, რომ ეს გამოცხადებული არ არის მამა ღმერთი (რადგან ვისი ანგელოზი იქნება მამა?), არამედ მხოლოდშობილი ძე, დიდი რჩევის ანგელოზი, რომელმან წმიდა მოწაფეებს უთხრა: "გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან" (იოან. 15:15).
 
მაგრამ მოსემ, როგორც ანგელოზის სახელი მისცა მას, არა რაიმე მსახურებითი მნიშვნელობით, არამედ მხოლოდშობილის პიროვნებაზე მიუთითა, რითაც კვლავ იუწყა მისი ბუნება და ძალმოსილება და თქვა, რომ თავად ბრძანა: "მე ვარ, რომელიც ვარ. ... ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამ. 3:14-15).


6. რა გამოისახება იმით, რომ ალმოდებული მაყვალი არ იწვის (გამ. 3:2)?
 
"გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი" (გამ. 3:2).

ამით ცხადდება ღვთის ძლიერება და ღვთის კაცთმოყვარეობა, რამეთუ ჩაუქრობელმა ცეცხლმა არ მოსპო ხმელი მაყვალი. მაგრამ, ვფიქრობ, ამით სხვა რამაც გამოისახა, კერძოდ ის, რომ ისრაელი, რომლის წინააღმდეგაც ბოროტს იზრახავდნენ ეგვიპტელები, არ მოისპობოდა, არამედ სძლევდა მტრებს; ასევე ისიც, რომ მხოლოდშობილი, განკაცებული და ქალწულებრივ საშოში დამკვიდრებული, ხელუხლებელად შეინარჩუნებდა ქალწულებას. სხვები კი ამბობენ, რომ ღმერთი მაყვალში გამოცხადდა და არა სხვა მცენარეში, რადგან მაყვლისგან შეუძლებელია ღვთის გამოთლა. რამეთუ, სავარაუდოდ, იუდეველნი ამასაც გაბედავდნენ, ღმერთი სხვა მცენარეში რომ გამოცხადებულიყო.
 
 
კითხვა 7. რისთვის ებრძანა მოსეს ფეხსაცმლის გახდა (გამ. 3:5)?
 
"უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა" (გამ. 3:5).
 
სხვები ამბობენ: იმისთვის, რათა განეშორებინა თავისგან წუთისოფლის საზრუნავი, რომელიც მოკვდავ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, რამეთუ მკვდარია ფეხსაცმლის ტყავი. კიდევ სხვები კი ამბობენ: იმისთვის, რათა ფეხშიშველს გაეწმიდა მიწა. მე კი არც ერთს ვიზიარებ და არც მეორეს; უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მოსე ჯერ კიდევ არ იყო ხელდასხმული არც მღვდელმთავრად და არც წინასწარმეტყველად; და ამასთანავე, რადგან ღმერთმა უკვე განწმიდა ეს ადგილი და წმიდა უწოდა მას, ამაოდ მიმაჩნია მტკიცება, თითქოსდა მოსემ ფეხებით განწმიდა იგი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამით შემდეგი რამ გამოისახება: უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ამ სიტყვით თვით მოსეს შთააგონებს კრძალულებას, რათა შიშით დაუკვირდეს ნაბრძანებს, ხოლო შემდეგ წინასწარ გაკვეთილს იძლევა იმისა, თუ როგორ უნდა აღასრულონ მღვდლებმა მსახურება კარავში. რამეთუ ისინიც ფეხშიშველნი აღასრულებდნენ მღვდელმსახურებასა და მსხვერპლშეწირვას.
 
 
კითხვა 8. რატომ არ დასაჯა ღმერთმა ფარაონი თავიდანვე, თუმცა წინასწარ ხედავდა მის ურჩობას?
 
რაც ღმერთმა წინასწარ იცოდა ის აჩვენა, რადგან ამბობს: " ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა. მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით" (გამ. 3:19, 20). მაგრამ, რადგან კეთილი და კაცთმოყვარეა, მხოლოდ წინასწარხედვის საფუძველზე დასჯა არ ნებავს, არამედ ელოდება საქმეთა აღსასრულს და ყველას აჩვენებს სასჯელის სამართლიანობას. მეორე მხრივ კი, გაცილებით უფრო სამართლიანი იქნებოდა გამოვლენილიყო ფარაონის ბოროტება და მზაკვრობა, ვიდრე დამკვიდრებულიყო აზრი, თითქოსდა ღმერთი უმოწყალოა. ხოლო თუკი მხილებამდე დასჯიდა, სასტიკიც გამოჩნდებოდა და უსამართლოც. ახლა კი ღვთის სულგრძელებაც დამტკიცებულია და ფარაონის უღმრთოებაცა და მხეცობაც გამოაშკარავებულია.

 
კითხვა 9. რატომ მისცა ღმერთმა პირველ სასწაულად კვერთხის გველად ქცევა (გამ. 4:3)?
 
"უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე" (გამ. 4:3).

რადგან ფარაონი, რომელსაც გონიერი ბუნება ჰქონდა, სასტიკად მოეპყრო ებრაელებს და ღვთის მსგავსი ხატება მხეცურით შეცვალა, ამიტომ ღმერთმა უბრძანა გველად გარდაექმნა ის კვერთხი, რომლითაც მას სჯიდა, რათა გამოეაშკარავებინა მისი მხეცობა და გამოესახა მისი ბოროტგანზრახვა. რამეთუ გველის წყევლას ღმერთმა ესეც მიამატა: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის" და ა. შ. (დაბ. 3:15).
 
 
კითხვა 10. რას ნიშნავს ხელის გაკეთროვნება (გამ. 4:6)?
 
"კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი" (გამ. 4:6).

იაკობის მოდგმა ღვთისმოსაობით აღზრდილი შევიდა ეგვიპტეში, მაგრამ იქ ეგვიპტელთაგან ისწავლა უღმრთოება; ხოლო ეგვიპტური მონობისგან გათავისუფლებულმა ყოვლის შემოქმედი ღმერთი შეიმეცნა. ამიტომაც ხელის ცვალებადობით ღმერთმა მათი კეთროვნება გამოხატა, ხოლო შემდეგ – განწმენდა. გარდა ამისა, უფალი ღმერთი სხვა რამესაც განაგებს. რაკიღა აპირებდა კეთროვანთა შესახებ კანონის დაწესებასა და კეთროვანთა არაწმიდად გამოცხადებას (რამეთუ არაფერი უნებლიე არ არის არაწმიდა; და ამ კანონებს იგი აწესებდა განგებულებითად, რასაც, ღვთის შეწევნით, ავხსნით წმიდა წერილის შესაბამის ადგილებამდე რომ მივალთ), ამიტომაც კეთრით დაფარა სჯულის დამწესებლის ხელი, რათა ამით სრულყოფილად განსწავლულთათვის ესწავლებინა, რომ არაფერი მსგავსი არ არის არაწმიდა. რამეთუ მარჯვენა ხელი, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა, თავდაპირველად კეთროვანი იყო, შემდგომ კი ღვთიურ სასწაულთა გამოვლენას ემსახურა და სტიქიებს გარდაქმნიდა. ამით კი სჯულის დამდგენელსაც შთააგონებს ღმერთი, რათა თავი არ აიმაღლოს, არამედ შეიმეცნოს საკუთარი ბუნება, და ახსოვდეს თავისი კეთროვანი მარჯვენა.


კითხვა 11. რატომ ქმნა ყოვლის შემოქმედმა ღმერთმა მოსე მეტყველებაში ნაკლოვანად და ენაბრგვილად, თუკი ის მსახურებისთვის აირჩია (გამ. 4:10)?
 
"უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ" (გამ. 4:10).
 
იმიტომ, რომ ამით უფრო მეტად წარმოჩინდა საღვთო ძალა. როგორც მეთევზეები, მებაჟეები და ტყავის მკერავები დააყენა ჭეშმარიტების მქადაგებლებად და კეთილმსახურების მოძღვრებად, ასევე სუსტი ხმითა და ენაბლუ ენით მოსემ ეგვიპტელი ბრძენკაცები შეარცხვინა.
 
 
კითხვა 12. როგორ უნდა გავიგოთ ნათქვამი: "გულს გავუსასტიკებ ფარაონს" (გამ. 4:21)?
 
"უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს" (გამ. 4:21).
 
ღმერთს ძალიან ადვილად შეეძლო, ფარაონის პირველი ურჩობის შემდეგ საბოლოო დაღუპვისთვის გაეწირა, მაგრამ, გამოუთქმელი სულგრძელობის გამო, მას ზომიერი შეგონებები მისცა. ამან კი თავისი გული გაასასტიკა. ფარაონი ფიქრობდა, რომ ღმერთს არ შეეძლო მისთვის უმკაცრესი სასჯელი დაეკისრებინა და ამიტომ, მსუბუქ სასჯელებს არაფრად აგდებდა. მართლაც რომ ასე მოხდა, ამას ისტორიაც გვასწავლის.
 
თავდაპირველად, როდესაც ღვთის ეს სიტყვები მოისმინა: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში", მან ეჭვით თქვა: "ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ" (გამ. 5:1-2).
 
შემდეგ, როდესაც კვერთხი გველად იქცა, საღვთო წერილი ამბობს: "გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს" (გამ. 7:13); და მაშინვე დასძენს: "და უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე" (გამ. 7:14).
 
ორივე ეს გამოთქმა - "გაუსასტიკდა გული ფარაონს " და "გული გაუქვავდა ფარაონს" - თავისუფალ თვითნებობაზე მიანიშნებს, რადგან გული მძიმდება, როდესაც იგი ბოროტებით არის გატაცებული.
 
ამას ნათლად გვასწავლის ნეტარი დავითი: "უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა" (ფს. 37:5).
 
ზაქარიამაც იხილა უსჯულოება, რომელსაც ტყვიის ტალანტი ჰქონდა პირზე დადებული (ზაქ. 5:8). ხოლო გულზე, რომელსაც უკიდურესი უგუნურება მართავს, ნათქვამია, რომ იგი გასასტიკდა, რადგან უფალ ღმერთს ეწინააღმდეგება და ამპარტავნულად ფიქრობს, რომ მისი ძალის დაძლევა შეუძლია. ხოლო ღვთისმოშიში გული, წინასწარმეტყველის შეგონების თანახმად, მორჩილია, როგორც ნათქვამია: "დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას" (ფს. 36:7), ხოლო ჯიუტი და თითქოს გაქვავებული გული სასტიკდება. ამიტომ ყოველთა ღმერთმა წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით იუდეველთა შესახებ თქვა: "ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან" (ეზეკ. 11:19).
 
ამიტომ ნეტარმა მოსემაც, როდესაც ფარაონისა და ეგვიპტელების წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას საგალობლით ადიდებდა, თქვა: "ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში" (გამ. 15:5), და კიდევ: "ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში" (გამ. 15:10). რაკიღა დაამძიმეს თავიანთი გულები, "ტყვიასავით ჩაიძირნენ"; ხოლო რადგან გაქვავდნენ და გაჯიუტდნენ, "ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში".
 
ხოლო გულის სიჯიუტე და გაქვავება ჩვენგანვე რომ მომდინარეობს, ადასტურებს საღვთო მოციქული, რომელიც ამბობს: "ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ? შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას" (რომ. 2:4-6).
 
ამასთან ერთად, არც ის უნდა დავივიწყოთ, ფარაონი რომ ბუნებით ბოროტი ყოფილიყო, თავის განწყობას ვერ შეიცვლიდა. ახლა კი ვხედავთ, რომ შეგონება მას არბილებს, ხოლო სულგრძელობა აჯიუტებს.
 
სასჯელით შეგონებული ის სჯულმდებელს სთხოვს და ეუბნება: "შეევედრეთ უფალს" (გამ. 8:8), და კიდევ: "მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა" (გამ. 9:27). მაგრამ როგორც კი სასჯელი წყდება, ფარაონი კვლავ ჯიუტდება და ღვთის ბრძანებებს ეწინააღმდეგება.
 
როდესაც ბუზანკალი მოევლინა, მან ბრძანა ეგვიპტეშივე შეეწირათ მსხვერპლი ღმრთისთვის. ხოლო როდესაც ღვთაებრივმა მოსემ უთხრა, რომ ეგვიპტელთა გამო ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან მსხვერპლად უნდა შეეწირათ ის, რასაც ეგვიპტელები აღმერთებდნენ, და ამის გამო ქვებით ჩაქოლავდნენ, მაშინ ფარაონი დათანხმდა, წასულიყვნენ უდაბნოში და მსხვერპლი იქ შეეწირათ.
 
მაგრამ როგორც კი წინასწარმეტყველმა ილოცა და ბუზანკალი გაქრა: "ამჯერადაც გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი" (გამ. 8:32).
 
ასე მოხდა საქონლის ჭირის შემდეგაც. ნათქვამია: " გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი" (გამ. 9:7).
 
ამრიგად, ყოველივე ამაში მან თავისი თვითნებობა გამოავლინა. მოსემაც, მას შემდეგ, რაც აღწერა, თუ როგორ მოევლინა ეგვიპტელებს ჩირქოვანი წყლულები და როგორ დაატყდა ეს სენი მოგვებს, რომლებიც "ვერაფერს გახდნენ მოსესთან" (გამ. 9:11), რადგან რცხვენოდათ წყლულებით გამოჩენა და არ შეეძლოთ საკუთარი თავის დახმარება, დასძინა: "გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს" (გამ. 9:12).
 
ცოტა ხნის შემდეგ ღმერთმა თვით ფარაონს უთხრა: "მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას" (გამ. 9:16).
 
რამდენიმე მუხლის შემდეგ, ნათქვამია: "დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს" (გამ. 9:34-35).
 
სიტყვები "როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს" ღვთის წინასწარმცოდნეობას გვიჩვენებს; ამით ერთგვარად ნათქვამია: "ყოველივე ეს არ იყო უცნობი ყოველთა ღმერთისთვის, არამედ მან ეს თავიდანვე იწინასწარმეტყველა".
 
ეს ყველაფერი მოსემ იმ განზრახვით აღწერა, რომ ეჩვენებინა, ფარაონი რომ ბუნებით ბოროტი არ იყო და უფალ ღმერთს მისი ნება სასტიკი და ჯიუტი არ უქმნია. რადგან ის, ვინც ხან ერთისკენ იხრება და ხან მეორისკენ, ამით თავის თავში თვითნებური არჩევანის თავისუფლებას ავლენს.
 
მაგრამ ეს საგონებელიც გარკვეული მსგავსების მოშველიებით განვმარტოთ. მზე თავისი სითბოს მოქმედებით ცვილს ადნობს, ხოლო ტალახს აშრობს; პირველი რბილდება, მეორე კი მაგრდება. ამიტომ, როგორც მზე ერთი და იმავე მოქმედებით საპირისპირო შედეგს წარმოშობს, ასევე ყოველთა ღმერთის სულგრძელებისგან ზოგი სარგებელს იღებს, ზოგი კი ზიანს; ზოგი რბილდება, ზოგი კი ჯიუტდება. ეს თვით უფალმაც გამოხატა წმინდა სახარებაში, რადგან ამბობს: "განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ" (ინ. 9:39).
 
მაგრამ ამ სიტყვებით მეუფის მოსვლის მიზანი არ ცხადდება; ის იმისთვის არ მოსულა, რომ მხედველნი ბრმებად ექცია, არამედ, პირიქით, აქ ნაჩვენებია თავად შედეგი, რადგან უფალს "ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (1 ტიმ. 2:4). მაგრამ რადგან ადამიანის ბუნება თავისუფალია, მორწმუნეებმა ცხონებას მიაღწიეს, ხოლო ურწმუნონი თავად ხდებიან საკუთარი წარწყმედის მიზეზნი.
 
ასე იყო იუდასთანაც: ის ხედავდა, რადგან მოციქული გახლდათ, მაგრამ შემდგომ დაბრმავდა; ხოლო ღვთაებრივი პავლე თავდაპირველად ბრმა იყო, შემდეგ კი თვალი აეხილა.
 
ასევე, მაცხოვრის მოსვლით იუდეველთაგან მრავალნი დაბრმავდნენ, წარმართებმა დაინახეს. მაგრამ რადგან ზოგიერთი არ ირწმუნებდა, ჩვენი მაცხოვრის ხორციელი განკაცება არ უნდა აღსრულებულიყო? ამით ხომ მთელ სამყაროს ცხონება მოაკლდებოდა.
 
ვინაიდან მეუფე ღმერთი ერთთა მიერ თავს აჩვენებს სამართლიანად დამსჯელად, ხოლო სხვათა მიერ — სათნოების მოღვაწეთა ყოველგვარი მზრუნველობისა და განგებულების ღირსად მყოფად.
 
ასევე, ყოვლადღვთაებრივმა სვიმეონმაც თქვა: "აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად" (ლკ. 2:34). მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთა ღმერთმა ეს აწმყო ცხოვრება ადამიანთათვის ასპარეზად აქცია, რათა მასზე მოღვაწეებმა გამოავლინონ საკუთარი ნება. მომავალ ცხოვრებაში კი, სამართლიანი სამსჯავროს აღსრულებისას, ზოგიერთს, როგორც გამარჯვებულ მოღვაწეს, გვირგვინს დაადგამს, სხვებს კი, როგორც ცოდვის მოქმედთ, დასჯის.
 
მაგრამ რადგან ყველას არ სწამს მომავალი ცხოვრების, ყოველთა ღმერთი თავისი უდიდესი სიბრძნით ზოგიერთს სწორედ ამ ცხოვრებაში სჯის, კერძოდ, მათ, ვინც მანკიერად ცხოვრობდა, ხოლო სხვებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზრუნავდნენ კეთილმსახურებაზე, ადიდებს.
 
ამიტომაც ღვთაებრივმა პავლემ ზოგიერთს "რისხვის ჭურჭელი", ხოლო სხვებს "წყალობის ჭურჭელი" უწოდა (რომ. 9:22-23), რადგან მეუფე ღმერთი ზოგიერთის მეშვეობით საკუთარ თავს ცხადყოფს, როგორც სამართლიანად დამსჯელი, ხოლო სხვათა მეშვეობით - როგორც სათნოების მოღვაწეთათვის ყოველგვარი მზრუნველობისა და განგებულების აღმასრულებელი.
 
ასევე, როგორც ექიმები მრავალი ადამიანის თანდასწრებით უკურნებელი სენით შეპყრობილთა სხეულზე კვეთას ასრულებენ, არა იმდენად მათთვის დახმარების გასაწევად, რადგან იციან, რომ მათი სენი განუკურნებელია, არამედ მოწაფეთათვის მკურნალობის წესის საჩვენებლად, ასევე ღმერთმა ყოველთა, ფარაონს, რომელმაც უმკაცრესი და მხეცური ხასიათი გამოავლინა, ყოველგვარი სასჯელი მოუვლინა, რათა ამით საერთოდ ყველა ადამიანს ესწავლებინა, რომ თავად მართავს ქმნილებას, სამართლიანად მიაგებს შურს ჩაგრულთათვის და მკაცრად სჯის მჩაგვრელთ.
 
ეს თვით ფარაონსაც უთხრა: "ამიტომ დაგინდვე, რათა შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა და რათა ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე იქადაგოს" (გამ. 9:16).
 
ხოლო ის, რომ ფარაონზე აღსრულებულის ხსოვნამ ყველგან შეაღწია, მოწმედ გვევლინება მეძავი რახაბი, რომელმაც მზვერავებს უთხრა: "თქვენმა შიშმა და ძრწოლამ შეგვიპყრო, რადგან გავიგეთ, რომ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენ წინაშე გააშრო მეწამული ზღვა" (იესო ნავეს ძე 2:9-10).
 
ამას მოწმობენ ფილისტიმელებიც, რომლებმაც კიდობანი შორიდან დაინახეს და შეჰღაღადეს: "ვაი ჩვენ, ეს არის ის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტე დაამარცხა" (1 მეფ. 4:8).
 
შეიძლება აგრეთვე იხილო, რომ ხორციელი მკურნალნიც იყენებენ გაკვეთასა და ამოწვას, გარეთ გამოაქვთ დაფარული ლორწო, რომლითაც მძიმე სენი წარმოიქმნება, და ფარულ ხრწნილებებს აშკარას ხდიან. ასევე ყოველთა ღმერთი განზრახვათა ბოროტებას სასჯელებით ამჟღავნებს. ეს მან მეორე რჯულშიც უთხრა ისრაელიანებს: " გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს. გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას..." (რჯლ. 8:2, 3).
 
და კვლავ, ვითარც მკურნალნი მრავალთა თანდასწრებით განკვეთენ უკურნებელ ავადმყოფთ, არა მათთვის დახმარების გასაწევად, რადგან იციან, რომ მათი სენი განუკურნებელია, რამდენადაც მოწაფეთათვის მკურნალობის ხერხის საჩვენებლად, ისე ყოველთა ღმერთმა ფარაონსაც, რომელმაც უმკაცრესი და მხეცური ზნე გამოავლინა, ყოველგვარი სასჯელი მოუვლინა,
 
რითაც ყველა ადამიანს საზოგადოდ ასწავლა, რომ თვით იგი განაგებს ქმნილებას, სამართლიანად იძიებს შურს შეურაცხყოფილთათვის და მკაცრად სჯის შემაწუხებელთ. ეს უთხრა მან თვით ფარაონსაც: "მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას" (გამ. 9:16). ხოლო ის, რომ ფარაონზე აღსრულებულის ხსოვნამ ყველგან შეაღწია, მოწმობს მეძავი რააბი, რომელმაც მზვერავებს უთხრა: "მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით..." (იეს. ნავ. 2:9, 10). მოწმობენ ფილისტიმელებიც, რომლებმაც შორიდან რომ დაინახეს კიდობანი, შესძახეს: "ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით" (1 მეფ. 4:8).


კითხვა 13. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ (ისრაელის) ხალხს ეს ყოველივე დაეთმინა?
 
იმისთვის, რათა ამდენი ტანჯვის შემდეგ მათ შესძულებოდათ არა მხოლოდ ეგვიპტელები, არამედ მათი ღმერთებიც; მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ეგვიპტიდან გასვლის ბრძანებას მიიღებდნენ, მას დამორჩილებულიყვნენ. მართლაც, თუ ამ ყველაფრის შემდეგაც კი ეგვიპტის ფუფუნება ახსენდებოდათ და არაერთხელ ცდილობდნენ იქ დაბრუნებას, ვინ დაარწმუნებდა მათ, დაეტოვებინათ ეგვიპტე, ეგვიპტელთაგან ტანჯვა რომ არ გამოევლოთ?
 
 
კითხვა 14. რატომ დააპირა ანგელოზმა მოსეს მოკვლა (გამ. 4:24)?
 
"გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფლის ანგელოზი და მოკვლა დაუპირა" (გამ. 4:24).
 
მოსეს ცოლს ეგონა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთი მისი ვაჟი ებრაული რჯულის თანახმად წინადაცვეთილი არ იყო, ამიტომ დაუყოვნებლივ წინადასცვეთა იგი. სხვათა განმარტებით კი, მიზეზი ის იყო, რომ მოსემ, რომელსაც თავისი თანამემამულეების გასათავისუფლებლად აგზავნიდნენ, ცოლი თან გაიყოლა.
 
აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ მოსე იძულებული გახდა, ცოლი შეერთო, რათა სიმამრი დაერწმუნებინა, რომ მას არ უგულებელყოფდა და სხვა ქალს არ ამჯობინებდა. თუმცა ამით მას ღვთის ბრძანების შესრულებისთვის თავი არ აურიდებია. ამიტომ ანგელოზის მუქარა საბაბად გამოიყენა და ცოლს დაუყოვნებლივ უბრძანა, თავისიანებთან დაბრუნებულიყო.
 
ამას ადასტურებს შემდგომი თხრობაც. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ისრაელიანებმა მეწამული ზღვა გადალახეს და სინაის მთას მიუახლოვდნენ, მოსესთან მისი სიმამრი და ცოლი მივიდნენ. წერილი ასე მოგვითხრობს: "წამოიყვანა იოთორმა, მოსეს სიმამრმა, სეპფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს.  მისი ორი ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სახელად გერსამი, რადგან თქვა: მდგმური ვიყავიო უცხო ქვეყანაში. ... და მივიდა იოთორი, მოსეს სიმამრი, მოსეს ცოლითა და მისი შვილებითურთ, მოსესთან უდაბნოში, სადაც ბანაკად იდგა იგი ღვთის მთასთან" (გამ. 18:2-3, 5).
 
გარდა ამისა, ანგელოზმა სხვა რამეც მიანიშნა მოსეს: შიშველი მახვილი უჩვენა. დიდ მოსეს ფარაონისა ეშინოდა და ეს შიში არაერთხელ გამოავლინა. იგი ამბობდა: "მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?" (გამ. 3:11), ან კიდევ: "გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე" (გამ. 4:13), და კვლავ: " ხმაწვრილ და ენამძიმე ვარ მე" (გამ. 4:10).
 
ამიტომ ანგელოზი მას სასჯელით ემუქრება და შიშის შიშით განდევნას ცდილობს: უფრო დიდ შიშს აღუძრავს, რათა მცირე შიში დაძლიოს. მახვილის გაშიშვლებით თითქოს ასე ეუბნება: "თუ ფარაონისა შეგეშინდა, მით უფრო ჩემი უნდა გეშინოდეს, რადგან შემიძლია უხილავად მოგაყენო დარტყმა".
 
 
კითხვა 15. რას ნიშნავს ნათქვამი: "ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის" (გამ. 6:3)?
 
"მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის" (გამ. 6:3).
 
მოსე აუწყებს, რა პატივისა და კეთილგანწყობის ღირსი გახადა იგი ღმერთმა. სახელი, რომელიც ღმერთმა პატრიარქებს არ გაუცხადა, მას გაუმჟღავნა, რადგან უთხრა: "მე ვარ მყოფი" (გამ. 3:14).
 
ებრაელები ამ სახელს გამოუთქმელს უწოდებენ. მისი წარმოთქმა აკრძალულია, თუმცა იგი ოთხი ასოთი იწერება, რის გამოც ოთხასოიან სახელსაც უწოდებენ. ეს სახელი ამოტვიფრული იყო ოქროს ფირფიტაზე, რომელიც თავსაბურავზე მაგრდებოდა და მღვდელმთავარს შუბლზე ედებოდა. სამარიტელები მას "იავეს", ხოლო იუდეველები, — "აიას" წარმოთქმით კითხულობენ.


გაგრძელება იქნება.

მასალა თარგმნილია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 26 წ.

Блаженный Феодорит Кирский (сочинения : пер. с греч.) - М.: Изд. совет Рус. православ. церкви, 2003 (Творения святых отцов и учителей церкви) / Т. 1. Изъяснение трудных мест Божественного Писания. - 2003 / Толкование на книгу Исход.

URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie-na-knigu-iskhod/#0_1
Назад к содержимому