უსჯულოების საიდუმლო - ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს..."
ბნელ ძალთა კრება ჯოჯოხეთში
"ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ,სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას"
(2 თესალონიკ. 2:7)


ნეტ. ავგუსტინე იპონიელი: "ვაღიარებ, რომ ვერ ვიგებ ამ სიტყვებს. თუმცა, ვერ დავმალავ იმ ადამიანურ ვარაუდებს, რომლებიც მსმენია ან წამიკითხავს.
 
ზოგიერთის აზრით, ამ შემთხვევაში ლაპარაკია რომის ძალაუფლებაზე და, რომ მოციქულ პავლეს არ სურდა ამის შესახებ ღიად დაეწერა, რათა ქრისტიანები დევნულებას არ დაქვემდებარებოდნენ თავიანთი არაკეთილგანწყობითი დამოკიდებულების გამო იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ზოგიერთები მარადიულად მიიჩნევდნენ. ასე რომ, როდესაც ამბობს: "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს", ამით თითქოსდა გულისხმობს ნერონს, რომლის მოქმედებები მას ანტიქრისტეს მოქმედებებს მოაგონებდნენ. ამიტომაც ვარაუდობდნენ, თითქოსდა ნერონი მკვდრეთით აღდგებოდა და გახდებოდა ანტიქრისტე. სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ის კი არ მოკლეს, არამედ დამალულია, რათა მოკლულად მიიჩნიონ; ამასთან, ის იმალება ისე, რომ თავის ასაკს ინარჩუნებს, და ასე იქნება მანამ, სანამ თავის დროს არ გამოჩნდება და კვლავ არ აღადგენს სამეფოს. მაგრამ ასეთი ვარაუდები საკმაოდ უცნაურად მეჩვენება.
 
რაც შეეხება მოციქულის სიტყვებს: "მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას", მასში უსაფუძვლოდ როდი გულისხმობენ რომის ხელუსუფლებას, თითქოსდა ასე ყოფილიყოს ნათქვამი: "მბრძანებელმა ჯერაც იმბრძანებლოს, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას", ანუ სანამ არ გაიყვანება წრიდან.
 
სხვები კი ფიქრობენ, რომ მოციქულის სიტყვებიც "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს" ეხება ეკლესიაში მყოფ ბოროტებსა და პირმოთნეებს, რომლებიც მანამ იქნებიან, სანამ არ გამრავლდებიან იმ რაოდენობამდე, რომ ანტიქრისტესთვის დიდ ხალხს შეადგენენ; რომ სწორედ ეს არის "ურჯულოების საიდუმლო", რადგან დაფარულია დრომდე. ხოლო მორწმუნეებს მოციქული მოუწოდებს მტკიცე რწმენისკენ და ამცნებს: "მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას", ანუ სანამ ეკლესიის წრიდან არ გამოვა უსჯულოების საიდუმლო, რომელიც დღეისთვის დაფარულია. ფიქრობენ, რომ ამ საიდუმლოს ეხება ის, რასაც ამბობს იოანე მახარობელი თავის ეპისტოლეში: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 იოანე 2:18-19).
 
ამრიგად, ამბობენ, რომ აღსასრულამდე, - როგორც იმ ჟამს, იოანე უკანასკნელს რომ უწოდებს, ეკლესიიდან გამოვიდნენ მრავალნი მწვალებელნი, რომლებსაც ის მრავალ ანტიქრისტედ სახელდებს, - ასევე გამოვლენ ყველანი, რომლებიც ეკუთვნიან არა ქრისტეს, არამედ უკანასკნელ ანტიქრისტეს. მაშინ გამოჩნდება თვითონაც ("საღმრთო ქალაქის შესახებ. წიგნი 20. რა მიწერა მოციქულმა პავლემ თესალონიკელებს და ანტიქრისტეს გამოჩენის შესახებ, რომლის შემდეგაც მოვა ქრისტე)".
 
 
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი): ""ღვთისმოსაობის საიდუმლოს" საპირისპიროდ, რაც ღმრთის განკაცებაში მდგომარეობს (1 ტიმ. 3:16), შეიძლება დავასკვნათ, რომ "ურჯულოების საიდუმლოს" აქ მოციქული უწოდებს სატანის დაფარულ და მზაკვრულ ძალისხმევას ადამიანებში შეარყიოს და დააბნელოს რწმენა ჩვენი მაცხოვრისა და უფლის, იესუ ქრისტეს ღმერთკაცობისადმი და ყოველგან ურწმუნოების გავრცელებით მთელი კაცობრიობა მიიყვანოს სრულ ზნეობრივ გარყვნილებამდე. ჯერ კიდევ მოციქული და მახარობელი იოანე ამბობდა: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18). წმიდა იოანე აქ განასხვავებს "ანტიქრისტეს" და "ანტიქრისტეებს". პირველი ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ გამოჩნდება, ხოლო ისინი, როგორც მისი წინამორბედნი, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან გამოდიან ასპარეზზე და ქრისტიანობის ყველა დროში გამოჩნდებიან, როგორც ანტიქრისტიანული სულისა და მიმართულების წარმომადგენლები.
 
ესენი არიან ყოველი ჯურის ცრუმოძღვრები, რომლებიც ყოველთვის ჩნდებოდნენ და გამოჩნდებიან ქრისტიანულ ეკლესიაში და მის გარეთაც; მათში ხორციელდება ყოველთვის ანტიქრისტიანული სული. ნეტ. თეოდორიტე წერს: "ვფირობ მოციქულმა ამით აღნიშნა მწვალებლობები, რადგან მათი მეშვეობით ეშმაკს მრავალი ჭეშმარიტებისგან განდგომილებამდე მიჰყავს. ხოლო "უსჯულოების საიდუმლო" უწოდა იმიტომ, რომ მათში დაფარულია ქსელი უსჯულოებისა. სწორედ ამიტომ უწოდა მოციქულმა ცოტა ზემოთ ანტიქრისტეს მოსვლას "გამოჩენა". რადგან რასაც ყოველთვის ამზადებდა საიდუმლოდ, მაშინ ღიად და აშკარად იქადაგებს".
 
იგივეს ბრძანებს წმ. იოანე დამასკელიც: "უსჯულოების საიდუმლოს მოციქული უწოდებს მწვალებელთა სწავლებებს და მათ ცრუ დოგმატებს. რადგან ისინი წინ უძღვიან ანტიქრისტეს, გზას უკვალავენ მას და საცდურის დროებას ამზადებენ". რამდენ მწვალებელს, სექტანტს, ცრუფილოსოფოსს და ანარქისტს ვხედავთ დღეს, რომელიც ავტორიტეტული კანონიერი ხელისუფლების დამხობას ცდილობს! მათი ერთობლივი გამხრწნელი მუშაობიდან ადამიანებს შორის ყალიბდება კიდეც "უსჯულოების საიდუმლო", რომელმაც უნდა შეამზადოს ვითარება, რომელიც მსოფლიოში ანტიქრისტეს გამოჩენას ხელს შეუწყობს.
   
სიტყვები: "სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა" არ ნიშნავს: განადგურდება, მოისპობა, არამედ განყენებულ იქნება, შეწყვეტს თავის შემკავებლურ საქმიანობას. "უკვე" ნიშნავს არა მარტო მოციქულის დროებას, არამედ ყველა დროს, ვიდრე ითქმოდეს "დღესო" (ებრ. 3:13). ამით მოციქული მოიცავს ყველა დროებას, სანამ "შემკავებელი" უსჯულოების საიდუმლოს შეაკავებს" (ეპ. თეოფანე) (Руководство к изучению Священного Писания Нового Завета." Второе Послание к Фессалоникийцам).
   
***
 
წმიდა მამები "შემკავებელში" გულისხმობდნენ რომის იმპერიას, ხოლო "ძალაში" - რომის იმპერატორებს; სიტყვის ვრცელი მნიშვნელობით ამ გამონათქვამებში იგულისხმება სახელმწიფო წესრიგი მთელ დედამიწაზე და მისი წარმომადგენლები - კანონიერი ხელისუფლები, რომლებიც დედამიწაზე ბოროტების განვითარებას აკავებენ. ("Придет ли Антихрист и когда?").
 
 
ამბროსიასტე: ""უსჯულოების საიდუმლო" უკვე მოქმედებს. შემკავებელი მას ჯერაც აკავებს, სანამ "შუაგულით არ აღიხოცება". უსჯულოების საიდუმლო დაიწყო ნერონის მმართველობით, რომელმაც, თავისი მამის, ეშმაკის წაქეზებით, კერპთადმი სიყვარულის გამო მოკლა მოციქულები, და გრძელდება ვიდრე დიოკლეტიანამდე (1) და უახლოეს დროებამდე - ივლიანემდე (2), რომელმაც თავისი ხასიათის ზოგიერთი თვისებისა და საკუთარი უძლურების გამო ვერ შეძლო განეხორციელებინა დაწყებული დევნულება, რადგან ამისი ნება მას არ მისცა საღვთო განგებამ. სატანა მათ (იმპერატორ-მდევნელებს) მსახურებად იყენებს, რათა მრავალღმერთობიდან ერთღმერთობის გამოცხადებით ადამიანები მანამდე ამყოფოს ცდომილებაში (3), სანამ რომის იმპერია იარსებებს. აი რას ნიშნავს, სიტყვები: "სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა".
 
_______________

შენიშვნები:

 
1. იმპერატორი გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანე (284-305). 303 და 304 წლებში მან გამოაქვეყნა ოთხი ედიქტი ქრისტიანთა წინააღმდეგ და ქრისტიანობის ისტორიაში შევიდა, როგორც ეკლესიის ყველაზე უსასტიკესი მდევნელი.
 
2. იმპერატორი ფლავიუს კლავდიუს ივლიანე (361~363) ცდილობდა იმპერიაში აღედგინა ტრადიციული ("ელინური", "წარმართული") რელიგია და შეეზღუდა ქრისტიანობის გავლენა, რისთვისაც ქრისტიანმა ისტორიკოსებმა მას "განდგომილი" უწოდეს.
 
3. საკმაოდ ბუნდოვანი ფრაზაა. მისი აზრი შეიძლება ასეთი იყოს: კერპთაყვანისმცემლობა რომ დაიცვან, სატანის მსახურები (= იმპერატორები) იმაზეც კი წავლენ, რომ მრავალი წარმართული ღვთაების ნაცვლად ერთი რომელიმე ვითომცდა ჭეშმარიტ ღმერთად აღიარონ. შესაძლოა, ამბროსიასტეს აქ მხედველობაში ჰქონდა რომაელ იმპერატორთა კულტი, რომელსაც ანტიქრისტეს კულტის წინასახედ განიხილავდა. ასევე შესაძლოა, აქ იგულისხმებოდეს ზოგიერთი იმპერატორის მცდელობა (მაგალითად, ჰელიოჰაბალის (218~222) მცდელობა დაემყარებინა ოფიციალური ერთღმერთობა.

_______________
 
წმ. იოანე ოქროპირი: "ყველას სამართლიანად შეუძლია დასვას კითხვა: რა არის ის ძალა, "რომელიც ხელს უშლის მას" (შდრ. 2 თესალონიკ. 2:7), და შემდეგ გაუჩნდეს სურვილი, გაარკვიოს, თუ რატომ საუბრობს პავლე ასე ბუნდოვნად ამის შესახებ? რა არის ის ძალა, რომელიც "ხელს უშლის იმაში, რომ გამოჩნდეს", ანუ აბრკოლებს? ზოგი ამბობს, რომ ეს არის სულიწმიდის მადლი, ზოგიც კი - რომაული სახელმწიფო; ამ უკანასკნელს მე უფრო ვეთანხმები. რატომ? რადგან, თუ მოციქულს სურდა სულის შესახებ საუბარი, ის ბუნდოვნად არ გამოთქვამდა ამას, არამედ გარკვევით იტყოდა, რომ ახლა სულიწმიდის მადლი, ანუ სასწაულებრივი ნიჭები, აბრკოლებს მის გამოჩენას. გარდა ამისა, ის უკვე უნდა მოსულიყო, თუ მაშნი მართებდა მოსულიყო, როდესაც სასწაულებრივი ნიჭები დაიშრიტება, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია დაიშრიტა. მაგრამ, რადგან მოციქული ამას ამბობს რომის სახელმწიფოზე, გასაგებია, თუ რატომ მიანიშნებს ამას და ამ დრომდე ფარულად საუბრობს. მას არ სურდა, გადამეტებული მტრობა და უსარგებლო საფრთხე შეექმნა საკუთარი თავისთვის... "რადგან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს" - აქ ის მიუთითებს ნერონზე, როგორც ანტიქრისტეს პროტოტიპზე, რადგან მას სურდა, რომ ის ღმერთად ეღიარებინათ. კარგად თქვა მან - "საიდუმლო", რადგან ნერონი ასე აშკარად და უსირცხვოთ როდი აცხადებდა თავს ღმერთად, როგორც ამას იზამს ანტიქრისტე.
 
ამრიგად, ჯერ კიდევ იმ დრომდეო, ამბობს, გამოჩნდა კაცი, რომელიც ბოროტებაში მცირედით თუ უთმობდა ანტიქრისტეს, რა იქნება გასაკვირი იმაში, თუკი დროთა განმავლობაში გამოჩნდება ნამდვილი ანტიქრისტე? ასე დაფარულად კი იმიტომ ამბობდა, რომ არ სურდა პირდაპირ მიეთითებინა ნერონზე, არა შიშის გამო, არამედ იმისთვის, რათა ესწავლებინა ჩვენთვის არ გამოვიწვიოთ ჩვენზე უზომო მტრობა, როდესაც ამას არავინ გვაიძულებს.
 
ასევე ზუსტად ამბობს ის: "მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის (4) მას" (2 თესალონიკ. 2:7). ანუ, ანტიქრისტე მოვა მაშინ, როდესაც შეწყდება რომის სახელმწიფოს არსებობა. და სამართლიანადაც, - რადგან მანამ, სანამ ყველას ეშინია ამ სახელმწიფოსი, ვერავინ ასე უცებ ვერ დაემორჩილება მას (ანტიქრისტეს); მაგრამ იმის შემდეგ, რაც ის დაინგრევა, გამეფდება უწესივრობა, ისიც ეცდება მიიტაცოს ყოველგვარი - კაცობრივი და ღვთაებრივი - ძალაუფლება. მსგავსად იმისა, როგორც ადრე დაანგრიეს სამეფონი, კერძოდ: მიდიელთა - ბაბილოვნელებმა, ბაბილონისა - სპარსელებმა, სპარსეთისა - მაკედონიანელებმა, ხოლო მაკედონიანელთა - რომაელებმა, ასევე ამ უკანასკნელს დაანგრევს ანტიქრისტე, ხოლო თვითონ მას (ანტიქრისტეს) ქრისტე დაამარცხებს და უკვე ვეღარ იმეფებს. ამ ყველაფერს დიდი სიცხადით გადმოგვცემს დანიელ წინასწარმეტყველი".
 
_______________
   
4. უფრო ზუსტი თარგმანია ò κατέχων - შემკავებელი - "აპოკ." რედ.
 
_______________
 
 
წმ. კირილე იერუსალიმელი: ""ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს". "მაშინებს სახალხო ბრძოლანი, მაშინებს საეკლესიო განხეთქილებანი, მაშინებს ძმის სიძულვილი ძმისადმი. დაე ეს მხოლოდ ნათქვამად დარჩეს; ღმერთმა დაგვიფაროს, ეს პირდაპირ აღსრულდეს ჩვენს დროს. მაგრამ, მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს".
 
 
ტერტულიანე: "ჩვენ ასევე განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს, რომ იმპერატორებისა და რომის იმპერიისთვის ვილოცოთ. ჩვენ ვიცით, რომ რომის იმპერიის არსბობის გამო გადაიდება სამყაროს აღსასრული, ყველა იმ საშინელებითურთ, რაც მას ახლავს თან. ამიტომ, ვლოცულობთ ამ საშინელი ორომტრიალის აღსაკვეთად, ასევე ვლოცულობთ რომის იმპერიის დღეგრძელობისთვის" (Апологетик 32, TLG 2040.004, 139.1.13-21; 1.22-2.2; 2.6-9.13).


ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "ღვთის განგებულება არ რთავს ანტიქრისტეს გამოჩენის ნებას ახლა. მე ვფიქრობ, რომ ეს გამონათქვამი სხვა მნიშვნელობასაც შეიცავს. ვინაიდან საღვთო მოციქულმა იცოდა უფლის ნათქვამი, რომ სახარება უნდა ქადაგებულიყო ყველა ერისთვის. "და მაშინ მოიწევა აღსასრული" (მთ. 24:14), მაგრამ ის ასევე ხედავდა, რომ კერპების მსახურება კვლავ ჭარბობდა, მისდევდა რა უფლის სწავლებას. მან თქვა, რომ ჯერ ცრურწმენის სახელმწიფო დაეცემა და ყველგან გაბრწყინდება მხსნელი ქადაგება, შემდეგ კი გამოჩნდება ჭეშმარიტების წინააღმდგომი... სხვები ამტკიცებდნენ, რომ ნერონს უწოდა მოციქულმა "ურჯულოების საიდუმლო", მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოციქულმა ასე უწოდა ახალგამოჩენილ ერესებს".
 
 
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული: "ურჯულოება და ცოდვა კაცთა მოდგმაში ადამის დაცემის დროიდან მოქმედებს, თუმცა მისი წარმომავლობა არც ისე გასაგებია, განსაკუთრებით ადამიანთა ცდუნების მხრივ, მაგრამ ყველამ უკვე განიცადა და შეიმეცნა, რაოდენ დიდი ბოროტებაა იგი. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ სიტყვებში უსჯულოების საიდუმლო მოციქული რაღაც განსაკუთრებულს გულისხმობს.
 
სატანას თავისი სიღრმეები გააჩნია (აპოკ. 2:24), თავისი დაფარული ზრახვები და გეგმები, ცხადია, ეს ყველაფერი სატანური სულისკვეთებით. მისი დამღუპველი შედეგები კარგად ჩანს, ხოლო მისი შორეული გეგმები დაფარულია. მოციქული თითქოსდა მიანიშნებს: ის, თუ რისკენაც ილტვოდა სატანა - ცხადი იყო, უკვე გამომჟღავნდა. მაგრამ, რა აქვს ჩაფიქრებული ახლა, ჯერაც არ ჩანს.
 
საიდუმლო იმაშია, რომ მისი ჩანაფიქრები ჯერაც არ გამოააშკარავებულა. ადრე ისე ასე იქცეოდა, ახლა - სხვაგვარად, მაინც როგორ? - ჯერ არ ჩანს. სხვაგვარად ის ამოქმედდა იმიტომ, რომ ღმერთმაც სხვაგვარად იმოქმედა კაცთა მოდგმაზე უფალ იესუ ქრისტეს მიერ. ქრისტეს მოსვლამდ ეშმაკი უკვე მიეჩვია ადამიანების შეცდენას, ახლა კი, ხედავს, როგორც ავიწროვებს მას ქრისტეს ჯვარი, და მისი მზაკვარებანი ირღვევა. თუ მხედველობაში მივიღებთ "ღვთისმოსავობის საიდუმლოს", რომლის შესახებაც მსჯელობს იგივე მოციქული სხვა ადგილას, მაშინ მის საპირისპიროდ შეგვიძლია ჩავწვდეთ, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს უსჯულოების საიდუმლო. ღვთისმოსაობის საიდუმლო ღმრთის განკაცებაშია: "უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიმ. 3:16), - ანუ ის, რომ იესუ ქრისტე, ანუ სიტყვა ღმერთი, განკაცდა. ამისადმი რწმენა ანგრევს სატანის სამეფოს.
 
ურჯულოების საიდუმლო, რომელიც სატანამ მოიფიქრა, იქნება ამ რწმენის ძირის გამოთხრა და შერყვნა. ამიტომ აკავებდა ის წარმართებს ხიბლში ქრისტიანობის წინაშე, და წარმოუდგენდა ქრისტეს ყველაზე დამამცირებელი სახით, როგორც ჯვარცმულს. მოწამეთა შესახებ გადმოცემებში ეს ყოველთვის პირველი არგუმენტია რწმენის წინააღმდეგ და მორწმუნეთა დამცირება წარმართული ცნობიერების მხრიდან. ხოლო მათში, ვინც ქრისტეში ხედავდა არა უბრალო ადამიანს, და მას მიმართავდა, როგორც ღმერთს, ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობდა დაებნელებინა და შეერყვნა ღმრთის სიტყვის განკაცების საიდუმლო. სწორედ ამის კეთებას მიჰყო ხელი მან იუდაურ ჩვეულებებს მიდევნებულ ქრისტიანებში, ებიონებსა და სექტებში. ეშმაკი არც შემდეგ გაჩერდა, არამედ ყოველ საუკუნეს ახალ ახალ ხრიკებს იგონებს მორწმუნეთა შესაცდენად და დასაუძლურებლად, ან მათში ღმრთის განკაცების რწმენის შესარყვნელად.
 
დღეისთვის დასავლეთი სავსეა ქრისტეს მოწინააღმდეგეებით, და ყველა ისინი, რაც გინდ განსხვავებულნი იყონ თავიანთ შეხედულებებში, ერთ რამეში თანხმდებიან, - სიტყვა ღმერთის, იესუ ქრისტეს განკაცებისადმი ურწმუნოებაში. ეს ბოროტება თანდათანობით გაიზდება, და "ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" (ლკ. 18:8). აი როგორი საიდუმლო გამჟღავდება მაშინ და გაცხადდება!...
 
უსჯულოების საიდუმლო, რა თქმა უნდა, ვარაუდობს ზნეობრივ გახრწნილებასაც. მისი გავრცელება ბოლო დროს აპოკალიფსისში წარმოდგენილია დიდი მეძავი ქალის სახით, რომელსაც შუბლზე აწერია: "საიდუმლო" (გამოცხ. 17:5); მაგრამ ქრისტიანებში ზნეობრივი გახრწნილება ვლინდება გარეგნულად, ხოლო შინაგანად ეს არის - ურწმუნოება ღმრთისადმი.
 
ზნეობრივ გახრწნილებამდე ისინი მიდიან ურწმუნოებით; როდესაც ურწმუნოება გულს დაეუფლება, მაშინ გახრწნილების მოძალებას უკვე ზღვარი არა აქვს. ურწმუნოება - ეს ურჯულოების დაფარული და მამოძრავებელი ძალაა, მასში დაფარული საიდუმლოა. ასე ესმით ურჯულოების საიდუმლო ჩვენს ძველ კომენტატორებს. ნეტ. თეოდორიტე წერს: "ვფიქრობ, მოციქულმა ამ სიტყვით მწვალებლობებზე მიანიშნა, რადგან სწორედ მათით ახერხებს ეშმაკი მრავალთა განდგომას ჭეშმარიტებისგან". "ურჯულოების საიდუმლო" მათ იმიტომ ეწოდებათ, რომ მათშია დაფარული ურჯულოების ქსელი. რადგან ანტიქრისტეს მოსვლას ზემოთ მოციქულმა "გამოჩენა" უწოდა. რადგან ყოველთვის, რასაც საიდუმლოდ იქმოდა, მაშინ ღიად და აშკარად იქადაგებს".
 
იგივეს ბრძანებს წმ. იოანე დამასკელიც: "უსჯულოების საიდუმლოს მოციქული უწოდებს მწვალებელთა სწავლებებს და მათ ცრუ დოგმატებს. რადგან ისინი წინ უძღვიან ანტიქრისტეს, გზას უკვალავენ მას და საცდურის დროებას ამზადებენ". რამდენ მწვალებელს, სექტანტს, ცრუფილოსოფოსს და ანარქისტს ვხედავთ დღეს, რომელიც ავტორიტეტული კანონიერი ხელისუფლების დამხობას ცდილობს! მათი ერთობლივი გამხრწნელი მუშაობიდან ადამიანებს შორის ყალიბდება კიდეც "უსჯულოების საიდუმლო", რომელმაც უნდა შეამზადოს ვითარება, რომელიც მსოფლიოში ანტიქრისტეს გამოჩენას ხელს შეუწყობს. მწვალებლობები კი ქვეყანაზე გამოჩნდნენ მოციქულთა დროიდან. ამის მსგავსად ამბობს იოანე მახარობელიც: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, ..." (1 ინ. 2:18), და ამ ანტიქრისტეებში მწვალებლებს გულისხმობს".
 
"ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს", - უთითებს იმაზე, რომ ეშმაკის მზაკვრობები უკვე მოქმედებაშია, უკვე გამოჩნდნენ წინამორბედი-ანტიქრისტეები. მოციქულს ამით სურს მოგვცეს აზრი: შეიძლებოდა მოსულიყო მთავარი ანტიქრისტეც, მაგრამ არის ვინმე, ვინც მას აკავებს. ვინ? - ღმერთი და უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. მის განკაცებას ჯერაც არ დაუსრულებია თავისი საქმე. მისი მაცხოვნებელი ძალა მხოლოდ დაიწყო სულიწმიდის გარდამოსვლით. მას დრო უნდა მიეცეს, რათა ყველგან შეაღწიოს და განაცხოველოს ყველა მისი მაცხოვნებელი ძალის მიღების შემძლე.
 
როდესაც ის დაასრულებს თავის საქმეს, მაშინ წარწყმედის ძეს ნება მიეცემა გამოვიდეს. ეს მომენტები დაფარულია საღმრთო განგებულების მიერ. ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, რომ ღმრთის ეს განგება და განსაზღვრება აკავებს სწორედ ანტიქრისტეს".
 
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. ""ურჯულოების საიდუმლოს" მოციქული უწოდებს ნერონს, რომელიც ანტიქრისტეს პროტოტიპი იყო. ის ასევე ურჯულო კაციც იყო და სურდა ღმერთი ეწოდებინათ მისთვის. მოციქული კარგად ამბობს: "საიდუმლო". მოციქულის ნათქვამს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ვიდრე ანტიქრისტეს ჟამი დადგება, არის სხვა ადამიანი, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება მას. რა არის გასაკვირი, თუ უკვე არსებობს ანტიქრისტე? მოციქული დაფარულად საუბრობს ნერონზე, არა მონური შიშის გამო, არამედ იმისთვის, რომ გვასწავლოს, რომ ზედმეტი სიძულვილი არ დავიტეხოთ თავს, როდესაც ამას არაფერი გვაიძულებს.
 
"ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო" (2 თესალონიკ. 2:7, 8). - ანუ, როდესაც აღიხოცება რომის სახელმწიფო, მაშინ მოვა ის. რადგან სანამ ამ სახელმწიფოს შიში ექნებათ, ანტიქრისტეს მალე არავინ დაემორჩილება. როდესაც იგი განადგურდება, მაშინ გაბატონდება ანარქია და ის შეეცდება ადამიანური და საღვთო ძალაუფლების მიტაცებას.
 
ისევე, როგორც ამ სახელმწიფოზე ადრე განადგურებულ იქნა სამეფოები, კერძოდ: მიდიელების სამეფო ბაბილონელთა მიერ, ბაბილონელებისა - სპარსელების მიერ, სპარსელებისა - მაკედონელთა მიერ, მაკედონელებისა - რომაელთა მიერ; ასევე, ეს უკანასკნელიც ანტიქრისტეს მიერ განადგურდება. და ამას უფრო გარკვევით გადმოგვცემს დანიელი  (დან. 2:37 და შემდგომი).
 
ზოგიერთი განმმარტებელი გამოთქმაში "ხელს უშლის" კერპთაყვანისმცემლობას გულისხმობდა: როდესაც, - ამბობენ ისინი, - შეწყდება ცდომილება, რაც ხელს უშლის მას, განადგურდება კერპთაყვანისმცემლობა, მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე, როგორც ერთხელ თქვა უფალმა - "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მთ. 24:14).
 
სხვები სიტყვებში - "ხელს უშლის" ღვთის განგებულებას გულისხმობს: როდესაც, - ამბობენ ისინი, - აღსრულდება ღვთის განგებულება, რომელიც ახლა "ხელს უშლის" ანტიქრისტეს მოსვლას და დადგება მისთვის განსაზღვრული დრო, მაშინ გამოჩნდება იგი. ზოგიერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამტკიცებდა, რომ ანტიქრისტეს ”ხელს უშლის" სულიწმიდა: როდესაც ღმერთი, ადამიანური ცოდვების გამო, განგვეშორება, მაშინ ურჯულოს თავისუფალი ადგილი მიეცემა საკუთარი თავის გამოსავლენად".
 
 წყარო: https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-k-fessalonikijcam-ap-pavla/glava-2/stih-7/

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому