წინასწარმეტყველებანი - წინასწარმეტყველი ესაია - ძველაღთქმისეული მახარობელი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
წინასწარმეტყველი ესაია - ძველაღთქმისეული მახარობელი
ესაიას წინასწარმეტყველებანი
დიდი მარხვის დღეებში ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძველი აღთქმის წიგნებს. ღვთისმსახურებაზე რეგულარულად იკითხება დაბადება, სოლომონის იგავები, იობი და წინასწარმეტყველი ესაია.
 
ძველი აღთქმის მრავალ წინასწარმეტყველთა შორის ესაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს - მას "ძველაღთქმისეულ მახარობელსაც" კი უწოდებენ.
 
მისი წიგნის წინასწარმეტყველურ სიმბოლოებში, რომელიც დაწერილია ქრისტეს შობამდე 7 საუკუნით ადრე, ასახულია ახალი აღთქმის მთავარი მოვლენები. მთელი ახალი აღთქმა სახარებიდან აპოკალიფსისამდე თითქოსდა ჩვენს თვალწინ წარმოსდგება, როდესაც ვკითხულობთ ამ უდიდეს და გასაოცარ წინასწარმეტყველს.
 

წმიდა და მართალი იოანე წინამორბედის ქადაგება
 
წინასწარმეტყველი ესაია, იუწყება რა იერუსალიმის დახსნას და ღმრთის სასუფევლის გამოჩენას, ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება... გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს ამას" (ეს. 40:2-5).   
 
700 წლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი, საკუთარ თავზე როცა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველის ამ სიტყვებს იმეორებდა: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში" (იოანე 1:23; ეს. 40:3). რას გვაუწყებს ეს ხმა წინასწარმეტყველური სწავლების თანახმად? იმას, რომ "ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს", ანუ მდაბალნი ამაღლდებიან, და "ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება", ანუ ყოველგვარი სიამაყე და ამპარტავნება გაუქმდება, ქედს მოიდრეკს, რადგან გამოცხადდება ღმრთის დიდება.
 
ქრისტეს შობა
                                           
წინასწარმეტყველ ესაიას წიგნი შეიცავს გასაოცარ და უზუსტეს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც დაკავშირებულია მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრეს დოგმატთან: ქალწულისგან ქრისტეს შობასთან.
 
"ამიტომ თავად მოგცემთ უფალი ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ სახელად ემანუელს" (ეს. 7:14).
 
მოციქული მათე, თავისი სახარების პირველ თავში, როდესაც იესუ ქრისტეს შობაზე მოგვითხრობს, იმოწმებს ამ წინასწარმეტყველურ სიტყვას. განსხვავება სახელებში ემანუელი და იესუ განიმარტება შემდეგი მიზეზით: სახელი იესუ ითარგმნება, როგორც მაცხოვარი, ანუ "ღმერთი იხსნის", ხოლო სახელი ემანუელი - ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი". წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ წინასწარმეტყველებაში ზმნა "უწოდებენ" დგას მრავლობით რიცხვში, ანუ მას ემანუელს ხალხები უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც იესუ მოევლინება სამყაროს, და ხალხები დაინახავენ, თუ რა აღასრულა მან, იტყვიან: "ჩვენთან არს ღმერთი". ამგვარად, ისინი თითქოსდა იღაღადებენ: "ემანუელი". ამრიგად, სახელი ემანუელი იესუს ეძლევა იმის აღსანიშნად, რასაც ის აღასრულებს ქვეყნად.


იესუ ქრისტეს ქადაგება გალილეაში

მათე მახარობელი, როდესაც აღწერს იესუ ქრისტეს ქადაგების დაწყებას, როდესაც ის მოვიდა და "დაემკვიდრა კაპერნაუმში, ზაბულონისა და ნეფთალემის საზღვრებში" (მათე 4:13), იმოწმებს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ესე ადრე სვი, სოფელო ზაბულონისო, ქვეყანავ ნეფთალემისო, და ზღვის პირას მცხოვრებნო, და სხვებმაც, იორდანეს მიღმა მყოფნო, გალილეავ წარმართულო. ხალხო, ბნელში მოარულო! იხილე ნათელი დიდი; დამკვიდრებულო ქვეყნად და სიკვდილის აჩრდილში მყოფო, - ნათელი გაბრწყინდება თქვენზედ" (ესაია 9:1-2).
 
წინასწარმეტყველი ლაპარაკობს არა უბრალო მზის ნათელზე, არამედ იმ ნათელზე, რომელიც განანათლებს ყოველ ადამიანს, ანუ ის გულისხმობს ქრისტეს განკაცებას.


ქრისტეს ვნებანი ჯვარზე

წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში ჩვენ ვხედავტ ქრისტეს ღვაწლის გარეგან მხარეს: მის სრულ დამცირებას, დასჯას ავაზაკებთან ერთად და მის დამარხვას.
 
ესაია გასაოცარი სიზუსტით აღწერს მაცხოვრის ჯვარზე ვნებას მთელი თანხმლები ვითარებებითა და მნიშვნელობებით: "მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე" (ეს. 53:4-7).
 
მართლის მიერ ნატვირთი ტანჯვა არ არის ცოდვის სასჯელი. ამ სიტყვებში ხაზგასმულია მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლი. ეს ნაწყვეტი ეკლესიაში იკითხება დიდ პარასკევს. ეს წინასწარმეტყველება - ერთ-ერთი უდიადესი მწვერვალია ძველაღთქმისეული გამოცხადებისა, რომელიც გაეხსნა ესაია წინასწარმეტყველს.
 

სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე და ეკლესიის დამტკიცება      
 
თავისი წიგნის მეორე თავში ესაია წერს: "უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში" (ეს. 2:2-3).
 
წმ. ბასილი დიდის თანახმად, უფლის სახლის მთა - ეს ქრისტეს ეკლესიაა, რომელიც "მთათა სათავეში დადგინდება" და "ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას". წინასწარმეტყველი გვაუწყებს ახალაღთქმისეული ეკლესიის დაბადებას, რომელიც სულთმოფენობის დღეს მოხდა. ქრისტეს ეკლესიისკენ მოწოდებულია ყველა ხალხი, მასში, მოციქულ პავლეს თქმით, "არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში" (კოლას. 3:11).
 
ესაია წინასწარმეტყველის წიგნი თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია ღმრთის მოწოდებით ყველა ხალხის მიმართ, რათა ღვთისმოსავმა ადამიანებმა თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს ჭეშმარიტ ტაძარში.


საშინელი სამსჯავრო და მკვდართა აღდგომა

მოგვითხრობს რა მომავალ საშინელ სამსჯავროზე (24-27 თავები), წინასწარმეტყველი ესაია ხაზს უსვამს, რომ ღმრთის მოქმედება ვრცელდება ყველა ხალხსა და ყველა სამეფოზე.
 
ამ განყოფილებას ზოგჯერ ესაიას აპოკალიფსისსაც უწოდებენ, რადგან წინასწარმეტყველება ხალხთა დასჯაზე გადადის სიკვდილისა და ეშმაკის დამარცხების აღწერაში, რაც მთავრდება საყოველთაო აღდგომით.
"აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ" (ეს. 24:1).
 
შემდეგ წინასწარმეტყველი უთითებს, რომ ქრისტეს განკაცებით, ჯვარცმით და აღდგომით სიკვდილი სამუდამოდ განადგურებულია. "შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა" (ეს. 25:8).
 
"გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას" (ეს. 26:19).
 
ღმრთის განგებულებით მოქმედებათა შედეგი იქნება ის, რისი მიღწევა ადამიანებს არ შეეძლოთ: ცოდვილთა გამოსწორება და მკვდრეთით აღდგომა. აღდგებიან მართალნი და გაიხარებენ ღმერთთან ერთად.
 
 
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". 2023.02.
Назад к содержимому