Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში ნათლისღების შესრულების მართლმადიდებლური შეფასება - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში
ნათლისღების შესრულების მართლმადიდებლური შეფასება
საღვთისმეტყველო ასპექტი
(ნაწილი II)
სამყაროს შექმნა
ავტორი: რომან მიხეილის ძე კონი
 
ღვთისმეტყველების კანდიდატი, მირქმის სასულიერო აკადემიის დოცენტი.
 
 
ანოტაცია

მოცემული სტატია მეორეა პუბლიკაციათა იმ სერიაში, რომელიც ეძღვნება ნეოპროტესტანტულ სექტებში დანერგილ სწავლებასა და პრაქტიკას და მისდამი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებას, ის გაყოფილია ორ ნაწილად. მასში გაანალიზებულია ნეოპროტესტანტული წარმოდგენა ნათლობაზე ცხონების იურიდიულ გაგებასთან კავშირში, ასევე ნათლობის როლი და მნიშვნელობა მორწმუნეთა მიერ ცხონების მოპოვების პროცესში. ამ თემებთან კავშირში განიხილება ნათლისღების ფორმულისა და დანიშნულების ვარიატულობა და ნათლობის წესის სიმბოლური აზრი ნეოპროტესტანტიზმში (ბაპტიზმის, ადვენტიზმის და ორმოცდაათიანელობის მაგალითზე).

სტატიაში ნაჩვენებია განსხვავება ნათლისღების შესახებ სწავლების პრინციპულ საკითხებში მართლმადიდებლურ და ნეოპროტესტანტულ გაგებას შორის, კერძოდ, - ცოდვათა მიტევებაზე, მორწმუნის აღორძინებაზე ახალი ცხოვრებისთვის, წყლის დანიშნულებაზე ამ საიდუმლოში, ღმერთთან მორწმუნის შეერთების შესაძლებლობასა და ბუნებაზე.

ნეოპროტესტანტულ სწავლებას ნათლისღების შესახებ ეძლევა შეფასება ცხონების წმიდა მამებისეული გაგების კონტექსტში. ასევე სტატიაში კრიტიკულად არის გამოკვლეული მთელი რიგი რუსი ნეოპროტესტანტების მცდელობა ახსნან ნეოპროტესტანტული წარმოდგენის შეუსაბამობის პრობლემა ნათლისღებაზე, ბიბლიური გამოცხადებისა და ბიბლიური საკრამენტალიზმის პრიზმაში. აქვე იხსნება მოცემული მიდგომის უსაფუძვლობა.


***


2. ნათლობის შესახებ ნეოპროტესტანტული სწავლების ანალიზი მართლმადიდებლური სოტერიოლოგიის კონტექსტში
 
 
2.1. ხსნა, როგორც განღმრთობა და მისი კავშირი ნათლობასთან
   
ნათლობის შესახებ სწავლებას მართლმადიდებლობაში, ნეოპროტესტანტიზმისგან განსხვავებით, სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს, რამეთუ მართლმადიდებლური აღქმა ხსნისა არ შემოიფარგლება ადამიანთა სამართლებრივი განთავისუფლებით მამა ღმერთის რისხვისა და სასჯელისაგან, არამედ მდგომარეობს ჩვენი ბუნების გათავისუფლებაში პირველმშობელთა ცოდვის შედეგებისგან და მის განღმრთობაში.
 
პეტრე მოციქულის მოწმობის თანახმად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ხელთუქმნელი მადლით ვიქცეთ საღმრთო ბუნების თანამოზიარეებად (θείας κοινωνοι φύσεως) (2 პეტრ. 1:4). ამისათვის განკაცდა ღმერთი და იესუ ქრისტე შუამავალი გახდა ღმერთსა და კაცთა შორის (1 ტიმ. 2:5), რათა, თავის იპოსტასში ორი ბუნების შეერთებით, ჩვენთვის მოეცა ღვთაებრივ ცხოვრებასთან თანაზიარების შესაძლებლობა და ღვთაებრივი მადლით გაეცოცხლებინა ჩვენი ბუნება: "რამეთუ ვიყვენით ჩვენ შეცოდებითა და ბრალეულობით მკუდარნი, ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი)" (ეფეს. 2:5).
 
გამოთქმა "ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა" წმიდა მამათა მიერ აღიქმება, როგორც ჩვენი გაცოცხლება უფალ იესუ ქრისტეს მიერ, და მასში ორ მნიშვნელობას გამოყოფენ: პირველი — კაცობრივი ბუნების გაცოცხლება ღმერთკაც იესუ ქრისტეს იპოსტასში, და მეორე — მორწმუნის გაცოცხლება ქრისტეს გაცოცხლებულ კაცობრივ ბუნებასთან თანაზიარებით. პიროვნული გაცოცხლება აღესრულება ნათლობაში, რომელშიც ნათლული (სულიერად) კვდება ცოდვილი ცხოვრებისათვის და ცოცხლდება ღვთის მადლის შეწევნით (თეოფანე დაყუდებული, მოციქულ პავლეს ეპისტოლეს განმარტება ეფესელთა მიმართ. მ., 2004. გვ. 177).
 
 
2.1. ცხონების მოპოვება: ნათლობა — როგორც ეკლესიაში შესვლა
 
ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის ნაყოფთა შეთვისება აღესრულება ეკლესიაში, როგორც ქრისტეს მისტიურ სხეულში, რომელსაც მორწმუნე ნათლობის საიდუმლოებით უერთდება. ამ საიდუმლოში ის ზეგარდმო იბადება ახალი ცხოვრებისთვის სულიწმიდის მადლით, ერთდება ღმერთთან, მადლით იქცევა ღვთის ძედ, ესე იგი შვილად ექმნება ღმერთს, და ცოდვები მიეტევება.
 
ამ საიდუმლოში მონაწილეობის პირობას წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებათა შეთვისება, საკუთარი ცოდვილიანობის გაცნობიერება და ცოდვათა გამო მონანიება. ნათლობა წარმოადგენს მორწმუნის ზიარებას ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის ნაყოფებთან (გიორგი (დანილოვი), ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოთა ღვთისმეტყველებრივი ასპექტები // მართლმადიდებლური სწავლება საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის V საერთაშორისო ღვთისმეტყველებრივი კონფერენცია: [3 ტომად]. მ.: სინოდის ბიბლიურ-ღვთისმეტყველებრივი კომისია, 2009. ტ. 1: საიდუმლონი ზოგადად. ნათლობა და მირონცხება. ევქარისტია: ლიტურგიკული ასპექტები. გვ. 183).
 
   
2.2.1. ნათლობის ფორმულა: "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა" (მათ. 28:19).
 
მართლმადიდებლურ ტრადიციაში ნათლობის ფორმულად მიღებულია უფალ იესუ ქრისტეს სიტყვები ნაბრძანები მოციქულთა მიმართ ნათელ-სცენ ხალხებს: "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა" (მათ. 28:19), და არა ქრისტეს სახელით, არა ქრისტეს სიკვდილში და არა წმიდა სამების პირთა ცალკეული სახელებით. ამ სწავლების საფუძველს წარმოადგენს ნათლობის აღქმა, როგორც ნათლულის თანაზიარებისა წმიდა სამების ღვთაებრივ ცხოვრებასთან. მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, სამ ღვთაებრივ იპოსტასში ერთი ღვთაებაა (ერთი ღვთაებრივი არსებაა), ამიტომ სამთა შორის "ერთი ძალაა, ერთი ნებაა, ერთი მოქმედებაა და ერთი ხელმწიფებაა, <...> სამი იპოსტასის ერთი და იგივე მოძრაობაა" (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры I, 8 // Источник знания. М., 2002. С. 172-173), და ერთი (ერთიანი) განწმედა ებოძება მორწმუნეებს მათგან: "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება წმიდისა სულისა თქვენ ყოველთა თანა" (2 კორ. 13:13; შეად.: 1 კორ. 12:4-6; 1 პეტრ. 1:1-2; საქ. 2:32-33; 7:55; რომ. 1:1, 3-4; 15:15-16, 30; 1 კორ. 6:11; 2 კორ. 1:19, 21-22; გალ. 4:6; ეფეს. 2:13-18; ტიტ. 3:4-6).
 
რადგან სამ პირს საერთო არსება და მოქმედება აქვს, ხოლო სიტყვა "ღმერთი" ბუნების ერთობას აღნიშნავს (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры III, 11 // Ис¬точник знания. М., 2002. С. 252), წმიდა მამათა (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმ. გრიგოლ პალამას) აზრით, სამივეს ერთი საერთო სახელი აქვს (ὄνομα κοινόν) — ღმერთი (Григорий Богослов, свт. Слово 40, 45 //Творения. СПб, 1912. Т. 1. С. 573), ხოლო მართლმადიდებელ მორწმუნეებს ერთი სარწმუნოება აქვთ მათ მიმართ, როგორც ერთადერთი ღვთისა (Григорий Палама, свт. Омилия 38. На 1-е утреннее воскресное Евангелие // Беседы. Монреаль, 1985. Ч. 1. С. 226).
 
თუმცა ნათლობის დროს მოუწოდებენ არა წმიდა სამების საერთო სახელს "ღმერთი", არამედ ღვთის იპოსტასთა სახელებს, რამეთუ ჩვენი ხსნა წმიდა სამების თითოეული იპოსტასის საქმეა. წმ. ნიკოლოზ კაბასილასის სწავლების მიხედვით, თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული მოქმედებით შეუწყო ხელი კაცთა ხსნის საქმეს, ისევე როგორც მონაწილეობდა მათ შექმნაში: "მამა შეურიგდა, ძემ შეარიგა, ხოლო სულიწმიდა ნიჭად ექმნა უკვე სხვად ქცეულთ. ერთმა გაგვათავისუფლა, მეორე — საფასურია, რომლითაც გამოსყიდულნი ვართ, ხოლო სული — თავისუფლებაა <...> ერთმა შექმნა, მეორის მიერ ვართ შექმნილნი, ხოლო სული ცხოველჰყოფს, ამიტომაც პირველ ქმნილებაში სამება თითქოსდა ჩრდილში იქნა გამოხატული. ერთი ქმნიდა, მეორე ხელი იყო შემოქმედისა, ხოლო ნუგეშისმცემელი — სული სიცოცხლის შთამბერველისა <...> და ამრიგად, მათ, ვინც იღებს წმიდა ხელახალ ქმნილებას, რომელმაც ერთადერთმა აჩვენა ღმერთი განყოფილად, ღვთაებრივ საბანელთან უნდა მოუწოდონ ღმერთს, განყოფენ რა იპოსტასებს (სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა)" (Николай Кавасила, св. прав. Семь слов о жизни во Христе. Слово 2. Какое содействие оказывает ей Божественное крещение, 46 // О жизни во Хри¬сте. М., 2006. С. 31-32).
 
ნეოპროტესტანტიზმში თავდაპირველი, მართლმადიდებლური აღქმა ხსნისა, რომელიც წმიდა სამების მიერ აღესრულა, დამახინჯებულია, რამეთუ მისი მიმდევრები ქრისტეს პირად მაცხოვრად მოიხსენიებენ, და ამით, თეოფანე დაყუდებულის თანახმად, ქრისტეს სახით თითქოს იფარება წმიდა სამების სხვა იპოსტასთა მონაწილეობა ჩვენს ხსნაში, რომელიც მისი განუყოფელი მოქმედებით აღესრულება (Конь Р. М. Сектоведческая тематика в трудах святителя Феофана Затворника // Русская патрология. Материалы академической конференции. Сергиев Посад, 2009. С. 293). ამ მიზეზით, როგორც ჩანს, ისინი თანასწორმნიშვნელოვნად მიიჩნევენ ნათლობის სხვადასხვა ფორმულას: იესუ ქრისტეს სახელით აღსრულებულსაც და წმიდა სამების სახელით აღსრულებულსაც.
 
ნათლობის ფორმულათა ვარიატულობა ერთი მწვალებლობის ფარგლებში აუფასურებს მათ შინაარსს, ამიტომ ის ნეოპროტესტანტებიც კი, რომლებიც წმიდა სამების სახელით ნათლავენ, ამ ფორმულას სწორად მიიჩნევენ არა იმიტომ, რომ სწამთ წმიდა სამების ყველა პირის მონაწილეობა ჩვენს ხსნაში, და არა სოტერიოლოგიური არგუმენტაციის საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ ეს ქრისტეს მცნებაა, და მისი მორჩილების გამო ასრულებენ მას, თუმცა არ ესმით, რატომ და რისთვის დაადგინა უფალმა ეს სიტყვები ნათლობის ფორმულად.
 
ამრიგად, საეკლესიო ნათლობა აღესრულება მხოლოდ ერთი და სამიპოსტასოვანი ღვთის სახელით, "არა [სახელით] ვიღაც ერთისა <...>, არამედ <...> თითოეულის სახელით და თითოეულის პირით ცალ-ცალკე" (Тертуллиан. Против Праксея, 26 // Альфа и Омега. 2001. № 28. С. 71), არც იესუ ქრისტეს სახელით და არც იესუ ქრისტეს სიკვდილით. ნათლობის ფორმულა ერთი, მაგრამ სამპიროვანი ღვთის სახელით, გამორიცხავს იმ ვარაუდს, თითქოსდა ნათლობა აღესრულებოდეს სამ ღმერთში, ან თითქოსდა ყველა პირი არ იყოს ღვთაებრივი, ან თითქოს ისინი წარმოადგენენ ღვთის შემთხვევით (ცვალებად) მოდუსებს ან ძალებს, ან კიდევ თითქოსდა ხსნის საქმე მთელ წმიდა სამებას არ ეკუთვნის.


გაგრძელება იქნება.


წყარო: Конь Р. М. Православная оценка крещения в неопротестантских ересях: богословский аспект (Часть I) // Диакрисис. 2024. № 1 (21).

მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому