ანტიერეტიკონი - იოსებ ვოლოკოლამელი - განმანათლებელი - 0 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
 
განმანათლებელი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი

ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის (1440–1515) თხზულება "განმანათლებელი" შედგა იუდეველთა მწვალებლობასთან ბრძოლის პროცესში, რომელიც არყევდა რუსეთს XV – XVI საუკუნეების მიჯნაზე. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ეს მოცულობითი კრებული მწყობრ სისტემაში აერთიანებს წმიდა წერილისა და წმიდა მამათა თხზულებების ფრაგმენტებს, ეპიზოდებს წმინდანთა ცხოვრებიდან და ეკლესიის ისტორიიდან. პოლემიკურად მძაფრი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ღრმა, ცოცხალი და მკაფიო ეს ნაწარმოები საუკუნეთა განმავლობაში რჩებოდა იდეური ბრძოლის იარაღად. მართლმადიდებლურ სწავლა-მოძრვრებაზე თავდასხმები, რომლების მოგერიება უწევდა ღირს იოსებს XVI საუკუნეში, დღესაც ახალი ძალით მეორდება უამრავი სექტის, მწვალებლობებისა და "ახალი" რელიგიური თუ არარელიგიური სწავლებების მხრიდან, ამიტომაც "განმანათლებელი", რომელიც პირველად ითარგმნება ქართულად, დღესაც აქტუალურია.

 
***

 
წინასიტყვაობა

ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი (ერში იოანე სანინი) დაიბადა 1440 წლის 12 ნოემბერს სოფ. იაზვიშჩე-პოკროვსკოეში ქ. ვოლოკო ლამის ახლოს (დღეს ვოლოკოლამსკი), იოანესა და მარინას ღვთისმოსავ ოჯახში. შვიდი წლისა იოანე სასწავლებლად ვოლოკოლამის ჯვრისამაღლების მონასტრის ბერ არსენს მიაბარეს. ოცი წლისამ, მოიძულა რა წუთისოფლის ამაოება, იოანემ ბერ-მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია. ტვერის საბას მონასტრის მხცოვნის ბარსონუფის კურთხევით ის გადავიდა ბოროვსკში, ღირ. პაფნუტის სავანეში († 1478; ხს. 1 მაისს), რომელმაც ის იოსების სახელით ბერად აკურთხა.
 
ღირ. იოსების აღკვეცამ და შემდგომიმა მონაზვნურმა ღვაწლმა მადლმოსილი ნაყოფი გამოიღო მთელი მისი ოჯახისთვის. წუთისოფლის ამაოებიდან მონაზვნად განშორების შემდეგ მისი მამა, იოანე, მძიმედ დაავადდა - ის პარალიზებულ იქნა. ღირ. პაფნუტიმ ის დაუყოვნებლივ მიიღო თავის მონასტერში, იოანიკეს სახელით ბერად აღკვეცა და შვილის მზრუნველობას მიანდო, რომელიც მამა 15 წლის განმავლობაში უვლიდა, ვიდრე აღსასრულამდე. საკუთარ დედას ღირ. იოსებმა მიწერა დამრიგებლური სიგელი, სადაც ურჩევდა მას აერჩია მონაზვნური ცხოვრების წესი; დედამაც მიიღო მონაზვნობა და აღიკვეცა ვოლოკო ლამის ვლასის დედათა სავანეში (სახელით მარიამი). მშობლების შემდეგ ბერებად აღიკვეცნენ ღირ. იოსების ძმებიც.
 
თვრამეტი წელი დაჰყო იოსებმა ღირ. პაფნუტის მორჩილებაში, პატიოსნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მძიმე ღვაწლს სამზარეულოში, პურის საცხობში და საავადმყოფოში.
 
1478 წ-ს ღირ. პაფნუტის გარდაცვალების შემდეგ სავანის მმართველობა ღირ. იოსებზე გადავიდა. რადგან მას ძმათა სრულყოფილი და სრული საერთო საცხოვრებელი მოწყობა სურდა, ღირ. იოსები სხვა მონასტრებში გაემგზავრა ბერ-მონაზვნური ცხოვრების მოწყობის შესასწავლად. წეს-რიგი, რომლის დამყარებაც მას სურდა თავის საძმოში, ღირსმა მამამ კირილო-ბელოეზერის სავანეში იპოვა, სადაც სისრულესა და სიმკაცრეში ფაქიზად იყო დაცული საზოგადო ცხოვრების განაწესი, რომელიც მონასტერს ღირ. კირილემ დაუტოვა. მაგრამ პაფნუტის მონასტრის მრავალმა ძმამ უარი განაცხადა საზოგადო ცხოვრების მკაცრ განაწესზე, და მაშინ ღირ. იოსებმა ჩაიფიქრა დაეფუძნებინა სრულიად ახალი მონასტერი დაუსახლებელ, ჯერაც აუთვისებელ ადგილზე. თანამოაზრე ძმათა მცირე რაოდენობასთან ერთად ის ვოლოკო ლამის ახლოს ტყეში განმარტოვდა და იქ, კირილეს მონასტრის დარად, თავისი სავანე დააფუძნა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პირველი ტაძარი 1479 წლის 15 აგვისტოს იკურთხა.
 
თანდათანობით სულიერი მოძღვრის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. ღირსმა მამამ მოაწყო მკაცრი და სრულყოფილი საერთო საცხოვრისი. სავანის განაწესი, რომელიც ღირ. იოსებმა მოგვიანებით გადმოსცა (წეს-განგება გამოქვეყნებულია იოსებ ვოლოკოლამელის ეპისტოლეთა წიგნში: Послания Иосифа Волоцкого. М.-Л., 1959. С. 296–321), შემოგვინახა მონასტრის განწესებანი. სავანის ცხოვრების საფუძველს წარმოადგენდა საკუთარი ნების მოიკვეთა, სრული უპოვარება, განუწყვეტელი შრომა და ლოცვა. საძმოში ყველას ყველაფერი საერთო ჰქონდა: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, საკვები, სასმელი; მოძღვრის კურთხევის გარეშე არავის ჰქონდა უფლება თავის სენაკში რაიმე ნივთი წაეღო; არავის უნდა დაელია ან ეჭამა სხვა ძმებისგან განცალკევებით.
 
საჭმელი ძალიან მარტივი ჰქონდათ, ყველა ატარებდა უბრალო ტანისამოსს, სენაკების კარებს საკეტები არ გააჩნდათ. ჩვეულებრივი მონაზვნური წესების გარდა, ყოველი ბერი დღეში ათას და მეტ მეტანიას ასრულებდა. საღმრთო წირვაზე ზარების პირველივე დარეკვისთანავე მიდიოდნენ, და თითოეული მათგანი ტაძარში მისთვის მკაცრად განკუთვნილ ადგილს იკავებდა; მსახურების დროს ადგილიდან ადგილზე გადასვლა და ლაპარაკი მკაცრად იკრძალებოდა.
 
მსახურებიდან თავისუფალ დროს ბერები საზოგადო შრომას ეწეოდნენ ან თავიანთ სენაკებში ხელსაქმობდნენ. სხვადასხვა საქმესთან ერთად მონასტერში დიდი ყურადღება ეთმობოდა საღვთისმსახურებო და წმიდა მამათა ლიტერატურას. მწუხრის ლოცვების შემდეგ ბერებს შორის ყოველგვარი ურთიერთობა წყდებოდა და ყველანი საკუთარ სენაკში მიდიოდა. სავალდებულო იყო აღსარება, რომელსაც ბერები ყოველ საღამოს თავიანთ მოძღვარს აბარებდნენ. ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდნენ, ძილს მხოლოდ მცირედი დროით ეძლეოდნენ, ზოგი ამ დროს იჯდა, ზოგი კი - იდგა. ქალებს და ბავშვებს მონასტერში შესვლა მკაცრად ეკრძალებოდათ, ხოლო საძმოს მათთან ლაპარაკის უფლებაც კი არ ჰქონდა. ამ კანონს თვით ღირ. იოსებიც ემორჩილებოდა. ერთხელ მან საკუთარ მოხუც მონაზონ დედასთან შეხვედრაზეც კი უარი თქვა.
 
ღირ. იოსები ყველაფერში ნიმუში იყო თავისი საძმოსთვის: ის ყველას თანასწორად შრომობდა, ღამეს ლოცვაში ატარებდა და ღატაკივით იმოსებოდა. სულიერი დარიგებებისთვის ღვთითშემოსილ იღუმეს მრავალი ერისკაცი აკითხავდა, მათ შორის იყვნენ მდიდარი და წარჩინებული ადამიანებიც. შიმშილობის წლებში სავანე მრავალ მიუსაფარს აპურებდა.
 
რუსეთის ეკლესიისთვის მძიმე დღეებში უფალმა ღირ. იოსები მწვალებელთა წინააღმდეგ აღმართა, როგორც  მართლმადიდებლობისა და საეკლესიო-სახელმწიფოებრივი ერთობის დამცველი. ღირ. იოსები - ერთ-ერთი სულისჩამდგმელია წმიდა რუსეთის იდეისა, რომელიც არის მიმღები და დამცველი უძველესი საყოველთაო ღვთისმოსაობისა: "და როგორც ძველად რუსეთის მიწა ყველას აღემატებოდა თავისი უკეთურებით, ასევე ახლა... ის ყველას აღემატება ღვთისმოსაობით", - წერს ის "განმანათლებლის" შესავალში.
 
ღირ. იოსების მიმდევარმა, ელეაზარის მაცხოვრის სახელობის მონასტრის მხცოვანმა ფილოთეოსმა განმარტა რუსეთის, როგორც იმ დროისთვის დედამიწაზე უკანასკნელი საყრდენის მნიშვნელობა: "ყველა ქრისტიანული სამეფო თავის დასასრულს მიუახლოვდება და ერთ სამეფოში შეკავშირდება. წინასწარმეტყველური წიგნების მიხედვით, ეს რუსეთის სამეფო იქნება: რადგან ორი რომი (რომი და კონსტანტინოპოლი - რედ.) დაეცნენ, ხოლო მესამე (მოსკოვის - რედ.) ჯერაც დგას, მეოთხე კი აღარ იქნება" (См.: Малинин. Старец Спасо-Елеазарьевского монастыря Филофей и его послания. Киев, 1901).
 
ღირ. იოსებმა თავისი სული უფალს ცხოვრების 76-ე წელს მიაბარა. ის 1515 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მან დიდი სქემა შეიმოსა. ღირსი მამის ნაწილები მისივე სავანის კრებით ტაძარში ინახება. წმინდანის ზოგადსაეკლესიო თაყვანისცემა დაწესდა 1591 წელს, პატრიარქ იობის დროს. ღირ. იოსების მრავალი მოწაფე და მიმდევარი შემდეგში ასევე რუსეთის ეკლესიის წმინდანთა დასში ჩაირიცხნენ, ისინი რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრები გახდნენ; თვით მონასტერი მრავალი ასწლეულის განმავლობაში სულიერი განათლების ცენტრი იყო (Публикация Волоколамского Патерика, содержащего житие прп. Иосифа: Богословские труды. Сборник десятый. М., 1973. С. 175 - 222).
 
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის უდიდესი ღვაწლი გამოიხატა მის დაუღალავ ბრძოლაში იუდეველთა მწვალებლობის წინააღმდეგ. იმის შემდეგ, რაც მოციქულთასწორმა თავადმა ვლადიმერმა უარყო იუდაური რწმენის საცდური, რომელიც აქ ხაზარმა მქადაგებლებმა შემოიტანეს, და რუსეთი ნათლისღების მადლით განათლდა, "დიდი რუსეთის მიწა 470 წლის განმავლობაში მართლმადიდებლური იყო, სანამ ცხონების მტერმა, ყოვლადმზაკვარმა ეშმაკმა, დიდ ნოვგოროდში უბილწესი ებრაელი არ ჩამოიყვანა", - წერს თავის "განმანათლებელში" ღირ. იოსები.
 
ღირ. იოსები მცირედითაც კი არ აჭარბებს, როდესაც, განიხილავს რა იუდეველურ მწვალებლობას, მას უდიდეს საშიშროებას უწოდებს, რომელსაც ოდესმე დაქვემდებარებია რუსეთი, რუსული მართლმადიდებლობა და რუსული სახელმწიფოებრიობა. ამ მწვალებლობას მართლაც ყოვლისმომცველი ხასიათი ჰქონდა: ის შეეხო სწავლა-მოძღვრების ყველა მხარეს, დაუფლა საზოგადოების ყველა ფენასა და წოდებას, შეაღწია საეკლესიო და სახელმწიფო ხელისუფლების მაღალ წრეებში იმდენად, რომ რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარი, და დიდი თავადიც კი მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ, ხოლო მართლმადიდებლურ რუსეთში ხდებოდა ენით აუწერელი უღვთოება, რაც დიდი წუხილით აღწერს ღირ. იოსების მიერ თავის "განმანათლებელში".
 
მაგრამ ღმერთი არ შეურაცხიყოფა, და მოვლენები, რომლებიც კაცთა მოდგმის მტერმა მიმართა ადამიანთა წარსაწყმედად, ღმრთის დიდებად და კაცთა ცხონებად შემობრუნდა. საღმრთო განგების გამოუთქმელ სიბრძნეზე, "ღვთაებრივ ხრიკზე" წერს ღირ. იოსები თავისი "განმანათლებლის" მე-4 სიტყვაში; ღმრთის განგების ეს ძალა გამოვლინდა რუსეთის ისტორიაშიც იუდეველთა მწვალებლობაზე გამარჯვებისას, - გამარჯვებაში, რომელიც სულიწმიდით იყო შთაგონებული და, რომელსაც მეთაურობდა რუსეთის ეკლესიის ორი მნათობი: წმიდა გენადი ნოვგოროდელი († 1505, ხს. 4 დეკ.) და ღირ. იოსებ ვოკოლოლამელი.
 
გადმოვცემთ ამ ბრძოლისა და გამარჯვების არსსა და ძირითად მომენტებს.
 
1470 წელს ნოვგოროდელებმა მთავრად მოიწვიეს ლიტველი თავადი მიქაელ ოლელკოვიჩი († 1482 г.). თავადაზნაურთა ამალას კიევიდან მოჰყვა ებრაელი სქარია. "ეს იყო ეშმაკის იარაღი, - წერს ღირ. იოსები, - მას ნასწავლი ჰქონდა ყოველგვარი ბოროტი გამოგონება: ჯადოქრობა და შავი წიგნები, ვარსკვლავთმრიცხველობა და ასტროლოგია".
 
ისარგებლა რა ზოგიერთი კლირიკოსის რწმენის უძლურებით, სქარიამ, უფრო ზუსტად კი, სატანამ მისი მეშვეობით, დაიწყო იუდეველობის ჩანერგვა ჩვენს ეკლესიაში. სქარიას მისიას წარმატება მოჰყვა, მითუმეტეს, რომ ძალიან მალე ლიტვიდან მას დამხმარედ კიდევ რამოდენიმე იუდეველი შემოემატა.
 
დამღუპველი მწვალებლობის საშიშროება მდგომარეობდა მის დაფარულ ხასიათში. ეს არ იყო იუდაური რელიგიის ღია და ქადაგებითი დანერგვა; მართლმადიდებლობაში აღზრდილი ადამიანის მწვალებლად გარდაქმნა და ქრისტიანობის საფუძვლების უარყოფა თანდათანობით და ფარულად მიმდინარეობდა.
 
სქარიასა და მისი სწავლების პირველი მიმდევრები აღმოჩნდნენ მღვდლები, რომელთა მეშვეობითაც მწვალებლობა განსაკუთრებული დამღუპველობითა და საშინელებით გავრცელდა. პირველი მათგანი იყო მღვდელი დიონისე, შემდეგ ნოვროგოდელი დეკანოზი ალექსი და კიდევ სხვები. ეს მღვდლები და მათ მიერ შეცდენილი კლირიკოსები, ასევე ერისკაცები, როგორც ღირ. იოსები მოწმობს, "ისეთ უკეთურებებს ჩადიოდნენ, რომელიც ძველ მწვალებლებსაც კი არ მოფიქრებიათ".
 
გარეგნულად მწვალებლობის მიმდევრები მართლმადიდებელ ქრისტიანებად ჩანდნენ და ინარჩუნებდნენ გარეგან ღვთისმოსაობას. რწმენით მტკიცე ადამიანებს ისინი თავს მართლმადიდებლობის დამცველებად მოაჩვენებდნენ, ამხელდნენ და წყევლიდნენ ცრუსწავლებებს. საიდუმლოდ კი თვითონვე იქმოდნენ სიბილწეებს.
 
მათ დაიწყეს იქიდან, რომ სულმოკლეებსა და მცირედმორწმუნეებში აღძრეს ეჭვები წმიდა წერილის ზოგიერთ ადგილთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა ახალი აღთქმის ნაწილში; აცდუნებდნენ მათ ეკლესიის მიერ "აკრძალული" წიგნების, ანუ დაგმობილი წიგნების მეშვეობით, მოძღვრავდნენ საიდუმლო "მეცნიერებებითა" და წმიდა წერილის დამახინჯებული კოდექსებით; სარგებლობდნენ იუდაური შავწიგნეულობისა და ჯადოქრობის ყველა მისაწვდომი საშუალებით, რათა ეცდუნებინათ გამოუცდელთა სულები. ნაბიჯ ნაბიჯ ცდუნებული ადამიანი მწვალებლური სწავლების სისრულეს ეზიარებოდა.
 
იუდეველური მწვალებლობის მქადაგებლები უარყოფდნენ წმიდა სამებას, გმობდნენ ღმრთის ძეს და სულიწმიდას. ისინი უარყოფდნენ მაცხოვრის ღვთაებრიობას და მის განკაცებას, არ შეიწყნარებდნენ ქრისტეს მაცხოვნებელ ვნებებს, არ სწამდათ მისი ბრწყინვალე აღდგომისა; ისინი არ აღიარებდნენ მკვდართა საყოველთაო აღდგომას, უარყოფდნენ ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლას და მის საშინელ სამსჯავროს. ისინი უარყოფდნენ სულიწმიდას, როგორც ღვთაებრივ იპოსტასს.
 
მწვალებლები უარყოფდნენ მოციქულთა და წმიდა მამათა თხზულებებს და ყველა ქრისტიანულ დოგმატს, ასწავლიდნენ მოსეს სჯულის დაცვას, შაბათის დაცვას და იუდაური პასექის ზეიმობას. ისინი უარყოფდნენ საეკლესიო დადგენილებებს: საიდუმლოებებს, იერარქიას, მარხვებს, დღესასწაულებს, ტაძრებს, ხატთაყვანისცემას, ყველა წმიდა საგანს, მსახურებებსა და წეს-ჩვეულებებს. განსაკუთრებით სძულდათ და გმობდნენ ისინი ბერ-მონაზვნობას.
 
იუდეველი მწვალებლები გმობდნენ პატიოსან ჯვარს, წმიდა ხატებს და წმინდანთა ნაწილებს, შეურაცხყოფდნენ მათ ისე, რომ მართლმადიდებლურ რუსეთში აღზრდილ ადამიანს ამისი წარმოდგენაც კი არ შეეძლო. "განმანათლებლის" მოწმობით, ისინი, როდესაც სიწმიდეებს შეურაცხყოფდნენ, ამბობდნენ: "შეურაცხვყოთ ეს ხატები ისე, როგორც იუდეველებმა შეურაცხყვეს ქრისტე".
 
ყოველი სიწმიდის ამგვარ შეურაცხყოფას დაემატა სიძვა და გარყვნილება. მოიუდეველო მღვდლები საღმრთო ლიტურგიას ასრულებდნენ ნაჭამ-ნასვამ მდგომარეობაში, სიძვის შემდეგ, მკრეხელურად დასცინოდნენ ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს, აღასრულებდნენ სხვა შებილწვებს, რომელთა შესახებაც, ღირ. იოსების თქმით, "წერაც კი დაუშვებელია".
 
იუდეველთა მწვალებლობა ერთდროულად წარმოადგენდა ქრისტიანობის საფუძვლების შეურიგებელ და ფარულ უარყოფას. ეს უ არყოფა იყო მთელი მისი აზრი და შინაარსი. ამიტომაც მასში ადვილად შეიმჩნევა არა მარტო იოლად წასაკითხი იუდაური საფუძველი, არამედ მრავალრიცხოვანი გადაძახილი სხვადასხვა ანტიეკლესიურ და ანტიქრისტიანულ სწავლებასთან.
 
მკაცრი აზრით - და ამას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ღირ. იოსები - "იუდეველთა მწვალებლობა" იყო არა მწვალებლობა, არამედ ქრისტიანული ჭეშმარიტების თვითნებური დამახინჯება, განდგომილება - ქრისტიანობის სრული უარყოფა და მისი სრული წინააღმდეგობა; ის, რომ ეს უარყოფა ღიად და ცხადად არ დეკლარირდებოდა, მხოლოდ აღრმავებდა საშიშროებას.  
 
როდესაც მწვალებლობის დამთესველი იუდეველები დარწმუნდნენ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების ნგრევის საქმე მათკენ მიქცეულთა მონდომების წყალობით მყარ საფუძველზე დადგა, ისინი გაშორდნენ რუსეთის მიწაწყალს. მათი მოწაფეები კი აგრძელებდნენ თავიანთ დანაშაულებრივ საქმიანობას. 1480 წ-ს დიდი თავადი ივანე III ეწვია ნოვგოროდს, სადაც მას ესმა ორი უმთავრესი მწვალებლის, დიონისესა და ალექსის, "ღვთისმოსაობასა და სიბრძნეზე"; შედეგად ორივე მოსკოვის კრემლის სამღვდლო მსახურებაში აიყვანეს: ალექსი - დეკანოზად დანიშნეს მიძინების ტაძარში, ხოლო დიონისე - მღვდლად მთავარანგელოზისაში.
 
ასე შეიჭრა მწვალებლობა რუსული მართლმადიდებლობის გულში. აქედან ორივე მღვდელი, რომლებიც ხალხს წარუდგებოდნენ, როგორც თავმდაბალი, მართალი, თავშეკავებული ადამიანები, სინამდვილეში ფართოდ ავრცელებდნენ დამღუპველ ცრუსწავლებას და დიდი თავადის გარემოცვიდან ერთგული თანამოაზრეებიცა და თანამზრახველებიც მოიპოვეს. მათ შორის იყვნენ: დიდ თავადთან განსაკუთრებულად დაახლოვებული დიაკონი ფედორ კურიცინი და მისი ძმა ივანე, რომელსაც ზედსახელად "მგელი" შეარქვეს, ასევე იოანე III-ის საცოლე მოლდაველი ქალი ელენე, სიმონის მონასტრის არქიმანდრიტი ზოსიმე და მრავალი სხვა. უმეტეს ხელსაყრელ ნიადაგს და დროებას მწვალებლობის გასავრცელებლად მწვალებლები ვერც კი წარმოიდგენდნენ.
 
წარმწყმედელი ცრუსწავლება სწრაფად გავრცელდა, ამავდროულად ის დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო სულიერ და საერო ხელისუფალთაგან: რადგან აღმსარებლობის საიდუმლო ხასიათი, ცრუ ფიცები, უარზე დგომა (გამოუტხელობა), პირმოთნეობა მწვალებელთა პრინციპული მეთოდები გახლდათ.
 
ღმრთის განგებით მწვალებელთა უკეთურება გამჟღავნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი ნოვგოროდის სამღვდელმთავრო კათედრაზე, რომელიც მანამ მწვალებლობის აკვანი იყო, უფალმა მართლმადიდებლობის მცველი - მაღალყოვლადუსამღვდელოესი გენადი აიყვანა (დიდი ნოვგოროდის არქიეპისკოპოსად მას ხელი დაასხეს 1484 წლის 12 დეკემბერს).
 
1487 წელს, მწვალებლობის დაწყებიდან 17 წლის შემდეგ, ნოვგოროდში მთვრალმა მწვალებლებმა, წმიდა ხატები შეურაცხყვეს და მართლმადიდებელთა წინაშე თავიანთი უკეთურება გამოააშკარავეს. მთავარეპისკოპოსმა გენადიმ მოიკვლია ეს საქმე, რამოდენიმე მწვალებელი ამხილა და მათ შესახებ დიდ თავადს მოახსენა; მალე მწვალებლები მოსკოვში გაიქცნენ, სადაც მათ მძლავრი მფარველები ჰყავდათ. წმიდა გენადის მცდელობით მწვალებლები მაინც იპოვეს და წკეპლით გაროზგეს.
 
წმიდა გენადი დიდი მოშურნეობით ეძებდა მწვალებლებს და ძირფესვიანად თხრიდა მწვალებლობის ნარჩენებს. ახალაღმოჩენილი იუდეველები, თუკი ისინი გულწრფელად შეინანებდნენ, ეპითიმიებს ექვემდებარებოდნენ, ხოლო ჯიუტებს დასასჯელად საერო ხელისუფალთ გადასცემდნენ.
 
მწვალებლობასთან ბრძოლაში წმ. გენადი რჩევას განსწავლულ მხცოვნებთან - ღირ. ნილოს სორელთან († 1508, ხს. 7 აპრილს) და პაისი იაროსლაველთან (მოგვიანებით, 1490 წ-ს, ისინი მწვალებელთა საწინააღმდეგოდ მოწვეულ კრებაშიც მონაწილეობდნენ), მონასტრებში ეძებდა წიგნებს, რომლებიც იუდეველობასთნ საბრძოლველად იყო საჭირო, საზოგადოებაში ავრცელებდა თხზულებებს, რომლებიც მართლმადიდებლურ რწმენას და ეკლესიას მწვალებელთა თავდასხმებისგან იცავდნენ (მრავალი დოკუმენტი, რომელიც იუდეველთა მწვალებლობას ეხება, მათ შორის წმ. გენადის ეპისტოლეები, გამოქვეყნებულია წიგნში: Н. А. Казакова, Я. С. Лурье. Антифеодальные еретические движения на Руси XIV - начала XVI века. М.-Л., 1955).
 
ნოვგოროდში მწვალებლები ასე თუ ისე მოთოკეს; მაგრამ წმ. გენადის მიერ მოსკოვში გაგზავნილი მოთხოვნები, საბოლოოდ დაეგმოთ მწვალებლები, უპასუხოდ რჩებოდა: მწვალებლებს იქ გავლენიანი მფარველები ჰყავდათ. 1490 წ-ს, მიტრ. გერონტის გარდაცვალების († 1489 წ.) შემდეგ, პირველ მღვდელმთავრის კათედრაზე დაწესებულ იქნა სიმონის მონასტრის არქიმანდრიტი ზოსიმე, იუდეველთა საიდუმლო მომხრე. ახლა რუსეთის ეკლესიის სათავეში მწვალებელი იდგა. რუსეთს მომაკვდინებელი საშიშროება დაემუქრა.
 
1490 წლის ოქტომბერში წმ. გენადიმ მიტროპოლიტს ანტიერეტიკული ეპისტოლე გაუგზავნა, შემდეგ კი - იგივე ეპისტოლეები დაუგზავნა როსტოვის, სუზდალის, ტვერის და პერმის მღვდელმთავრებს, სადაც არწმუნებდა მათ, რომ გადაუდებლად საჭირო იყო კრების მოწვევა და მწვალებელთა ყველაზე მკაცრი გასამართლება: "ეს მწვალებლები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ: აშკარა მწვალებლებს ადამიანები გაურბიან, ამათგან კი როგორ დაიცავ თავს? ისინი ხომ ქრისტიანებად ასაღებენ თავს და გონიერთა წინაშე ინიღბებიან, ხოლო გულუბრყვილოთ - შეჭამენ. ამიტომაც მათ ორმაგი სასჯელი და წყევლა ეკუთვნით. რწმენის შესახებ კი ჩვენ გვემცნო არაფერი მივამატოთ და მოვაკლოთ მას, მოციქულის სიტყვისამებრ: "ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8). ხალხის ძალიან გულუბრყვილოა ჩვენში, არ შეუძლიათ ჩვეულებრივ წიგნებზე მსჯელობა - ასე რომ უმჯობესია მათთან რწმენაზე არანაირი დავა არ გავმართოთ. კრების მოწვევა კი საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რათა მწვალებლები დაისაჯონ - კოცონზე დაწვან ან ჩამოახრჩონ! მწვალებლები ჩემთან სრულად ინანიებდნენ, ეპითიმიასაც იღებდნენ, - შემდეგ კი დატოვეს ყველაფერი და გაიქცნენ. საჭიროა გამოიკითხონ ისინი, თუ ვინ შეაცდინეს, - სხვაგვარად, თუმც ამოძირკვავ მათ, ფესვები მაინც დარჩება. ასე რომ, ნუ დამარცხდებით, მტკიცედ იდექით, რათა ღმრთის რისხვა არ გვეწვიოს, როგორც კაცთმაამებლებს, ქრისტეს გამცემლებს და იუდასთან ერთად დავისაჯოთ! ისინი ხომ ხატებს ხვრეტენ, ჭრიან, ქრისტეს შეურაცხყოფენ - ჩვენ კი მათ არაფერს ვეუბნებით და მათ ნებას დავყვებით. ცალსახად საჭიროა მათი დასჯა და დაწყევლა".
 
მალე, იმავე თვეს, სასულიერო დასის საერთო თხოვნით კრება გაიხსნა. მწვალებლები დაგმეს და დაწყევლეს, ზოგიერთი საპყრობილეში ჩაამწყვდიეს, სხვები კი დასასჯელად ნოვგოროდში არქიეპისკოპოს გენადისთან გააგზავნეს (სასჯელები, რომლებსაც ეს მწვალებლები დაექვემდებარნენ, აღწერილია "განმანათლებელში"). მაგრამ ამით მწვალებლობა მაინც არ მოდრკა და კვლავ ვრცელდებოდა: რუსეთის სამღვდელმთავრო ტახტზე ხომ მწვალებელი იჯდა, ხოლო დიდი თავადის კარზე იუდეველები თავიანთ პირვანდელ პოზიციებს ინარჩუნებდნენ.
 
მწვალებელთა კადნიერება განსაკუთრებით გაძლიერდა სამყაროს შექმნიდან მეშვიდე ათასწლეულის ბოლოს (1492 წ.), როდესაც მრავალი ცრუმორწმუნეობრივად სამყაროს აღსასრულს ელოდა. იუდეველებმა მართლმადიდებელთა დაცინვა დაიწყეს: "შვიდი ათასი წელი გავიდა და თქვენი პასქალია დასრულდა, მაშ, რატომ არ მოვიდა ქრისტე თავისი დიდებით, თქვენი მოლოდინისამებრ?" შეშფოთებული ადამიანების ცნობერება რომ დაემშვიდებინა, 1492 წლის კრებამ დააწესა პასქალია მერვე ათასწლეულისთვისაც დაეწერათ, რაც გააკეთა კიდევაც წმიდა გენადიმ.
 
ამ დროისთვის (დაახლ. 1493 წ.), ნოვგოროდელი მღვდელმთავრის მოწოდებით, იუდეველობასთან ბრძოლაში მთელი თავისი მხურვალე რწმენითა და მოშურნეობით ებმება ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი. ის ხედავდა, რომ წმ. გენადის მოწოდება უმაღლესი ხელისუფლებისადმი, აღმოეფხვრა მწვალებლობა, უშედეგო იყო, ამიტომ სხვა გზა არჩია: ის მიმართავდა ეპისკოპოსებს, ბერებს, ღვთისმოსავ ერისკაცებს მოწოდებით წინ აღდგომოდნენ ბოროტმოქმედთ, "ვნებულიყვნენ ქრისტესთვის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვის".
 
სუზდალის ეპისკოპოს ნიფონტს, რომელსაც "ყოველთა თავს" უწოდებდა, რადგან მწვალებელი ზოსიმე მას არ შეეძლო მთელი რუსული ეკლესიის მეთაურად მიეჩნია, ღირ. იოსები წერს: "... საკვირველთმოქმედ პეტრესა და ალექსისა და სხვა ქებულ მღვდელმთავართა საყდარზე ამჯერად მოკალათებულა მოძღვრის სამოსში მორთული ბოროტი მგელი, ხარისხით მღვდელმთვარი, საქმით კი იუდა გამცემი და დემონთა თანაზიარი... მისი მსგავსი ძველ მწვალებელთა და განდგომილთა შორისაც კი არ მოიძებნება... თუ ამ მეორე იუდას არ აღმოვფხვრით - ნელ-ნელა განდგომილება ყველა ადამიანს დაეუფლება..."
 
ღირ. იოსების ხმა არ დარჩა მარტოდ, ეპისკოპოსმა ნიფონტმა და სხვა მღვდელმთავრებმა მას მხარი დაუჭირეს და 1494 წლის 17 მაისს ზოსიმე იძულებული გახდა სამღვდელმთავრო საყდარი დაეტოვებინა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იუდეველთა გავლენა ადრინდელივით გამსჭვალავდა დიდგვაროვანთა მთელ ამალას.
 
ამასთან წმიდა გენადიმ დიდი ძალები მოახმარა მრევლის განათლებას; ეს ამოცანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა იუდეველური მწვალებლობის გამხრწნელი მოქმედების ფონზე. მწვალებლობებთან საბრძოლველად და მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საჭირო იყო განათლებული მოძღვრები, და ნოვგოროდელმა მღვდელმთავარმა პირველმა დაიწყო ლაპარაკი სასულიერო დასისთვის სპეციალური სასწავლებლის მოწყობის აუცილებლობაზე. მაგრამ წმიდა გენადის უმთავრეს ღვაწლს, უდავოდ, წარმოადგენდა მისი შთაგონებით ბიბლიურ წიგნთა პირველი რუსული თარგმანის გამოჩენა, რომელიც რუსული კულტურის ისტორიაში "გენადიევური ბიბლიის" სახელწოდებით შემორჩა. აქამდე რუსეთში წმიდა წერილის წიგნთა სრული კრებული არ არსებობდა, მიუხედავად ამისა, როგორც წმ. გენადი იოასაფ როსტოველისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, იუდეველები დამახინჯებული წყაროებით სარგებლობდნენ. უდავოდ, გრანდიოზული შრომის აღსრულებაში, რაც გულისხმობდა წმიდა წერილის გასწორებულ ხელნაწერთა თავმოყრას და საეკლესიო სლავურ ენაზე ბიბლიის არარსებულ ტექსტთა თარგმნას დაუზიანებელი წყაროებიდან, - საგანგებო როლი ითამაშა იუდეველურ მწვალებლობებთან ბრძოლამ.
 
იმავე ბრძოლის სხვა ნაყოფი, რომელსაც დღემდე შუქმფენი როლი გააჩნია რუსეთის ეკლესიისა და კულტურისთვის (და არა მარტო - "აპოკ." რედ.), გახლდათ ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის ნაშრომი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო საბოლოო და საოცრად ზუსტად შერქმეული სახელწოდება "განმანათლებელი" (რუს.: "Просветитель").
 
როგორც ოდესღაც წმიდა მამებმა და ძველი საყოველთაო ეკლესიის მოძღვრებმა, - რომლებიც წინ აღუდგებოდნენ მწვალებლობებს და თავიანთ მრევლს იცავდნენ ღმრთითმბრძოლ ძალთა გამრყვნელი გავლენებისგან, - გადმოსცეს მართლმადიდებლობის დოგმატები, - ასევე წმიდა იოსებს ღმრთით ეუწყა წინ აღდგომოდა ქრისტესმოძულე იუდეველთა ახალ ცრუსწავლებას და შეედგინა პირველი რუსული კრებული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა.
 
იუდეველურად მოაზროვნეთა უარყოფისას, ღირ. იოსები შეეხო მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების ყველა უმნიშვნელოვანეს მხარეს. "განმანათლებელმა", რომელიც საზოგადო პოლემიკურ ამოცანას მისდევდა, ერთ მთლიანობად შეკრა წმიდა წერილისა და წმიდა მამათა თხზულებების ფრაგმენტები, ეპიზოდები წმინდანთა ცხოვრებიდან და ეკლესიის ისტორიიდან. "განმანათლებლის" ხანგრძლივი ცხოვრება, რომელიც არასოდეს ხდება "მივიწყებულ წიგნად" და ჩვენამდე უამრავი ხელნაწერის სახით მოვიდა, მოწმობს ავტორის სიმართლეზე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ამ წიგნში "ყოველი, ღმრთის მადლის შეწევნით, იოლად შეძლებს ყოველივე აუცილებელის პოვნას მწვალებელთა სამხილებლად; ამ მიზანს ემსახურებოდა "განმანათლებელი" თითქმის ხუთასი წლის განმავლობაში, მასვე ემსახურება ახლაც, ახალ რუსულ თარგმანში (ამიერიდან კი ახალქართულ თარგმანშიც - "აპოკ." რედ.).
 
განუხრელმა გამბედაობამ, სიმტკიცემ, მართლმადიდებლობის დოგმატებისადმი ერთგულებამ, რომელიც წმ. გენადიმ, ღირ. იოსებმა, ერთგულმა მღვდელმთავრებმა, მღვდლებმა ბერებმა და რუსეთის ეკლესიის რიგითმა ერისკაცებმა გამოიჩინეს იუდეველურ მწვალებლობასთან ბრძოლაში, თავისი ნაყოფი გამოიღო. ღვთის წყალობით მწვალებელთა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. ძალთა პოლიტიკური წყობა მალევე შეიცვალა, როგორც კი დიდი თავადი, გაცივდა რა პატარძალ ელენე სტეფანეს ასულისა და შვილიშვილ დიმიტრისადმი, რომლებიც მწვალებლობაში იყვნენ გახვეულნი,  1499 წელს თავის ცოლს სოფია თომას ასულს შეურიგდა; 1500 წელს პოლიტიკური არენიდან წავიდა ფედორ კურიცინიც, რომელსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი ეპყრა და მეფის ყურადღებას ადუნებდა მით, რომ არწმუნებდა, თითქოსდა არავითარი იუდეველური მწვალებლობა არ არსბობდა, არამედ იყო მხოლოდ "უწყინარი" ვარსკვლავთმრიცხველობა და მისი მეშვეობით ბედზე მკითხაობა.
 
1503 წელს იოანე III-მ მწვალებლებისადმი ადრინდელი ლმობიერება შეინანა და სასულიერო პირებს პატიება სთხოვა. ანდრონიკეს მონასტრის არქიმანდრიტ მიტროფანესადმი მიწერილ წერილში ღირ. იოსები მოგვითხრობს, როგორ უპასუხა მან დიდი თავადის პატიების თხოვნას: "მეფეო! განა მე უნდა მოგიტევო... თუკი აღიძვრები ამჟამინდელი მწვალებლების წინააღმდეგ, ღმერთი მოგიტევებს ადრინდელ ლმობიერებასაც".
 
1504 წლის მიწურულს მწვალებელთა წინააღმდეგ ახალი კრება მოიწვიეს. ღირ. იოსები მასზე უმთავრეს მამხილებლად გამოვიდა. წმინდანის მხურვალე, ღმრთის სიტყვისა და წმიდა მამათა თხზულებების ძლიერებით გამსჭვალული გამოსვლა დაუნდობლად ამხელდა და ამხობდა იუდეველთა უკეთურებას. დიდმა თავადებმა - იოანე III-მ და მისმა ძემ ბასილმა - "ერთობლივად, თავიანთ მიტროპოლიტ სიმონთან ერთად, გაჩხრიკეს მწვალებლები და ყველაზე ბოროტთ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს".
 
1504 წლის კრებამ მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგებაში ყველა მწვალებლის ანათემირება შეიტანა. მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკის წეს-განგებაში, რომელიც კრემლის მიძინების ტაძრის წიგნშია შეტანილი (XV – XVIII სს.) ასეთი წყევლაც არსებობს: "ახალი მწვალებლები, რომლებსაც არ სწამთ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, და ასევე არ სწამთ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა; გმობენ წმიდა მამათა შვიდივე მსოფლიო კრებას, კერძოდ: კასიანე იურიევის მონასტრის არქიმანდრიტი, ივაშკო მაქსიმოვი, ნეკრას რუკავოვი, "მგელი" კურიცინი, მიტია კონოპლევი და მათი ერესიარქი რუსულ მიწაზე, ყველა მათი თანამებრძოლი და თანამოაზრე, მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების გამხრწნელნი, დე იყვნენ წყეულნი".
 
ჩვენი ეკლესია დღესაც საჭიროებს მყარ იარაღს მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა წინააღმდეგ. ასეთ იარაღს კი წარმოადგენს ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის სიტყვა, რომელიც თავის "განმანათლებელში" არა მარტო ამხელს XV ს-ის კონკრეტულ მწვალებლობას, არამედ, იცავს რა მართლმადიდებლობას, იძლევა ნიმუშს ნებისმიერი არამართლმადიდებლური სწავლებისადმი მიდგომისა, - იქნებიან ესენი ლათინები, პროტესტანტები, ექსტრასენსები თუ "ახალი რელიგიური ცნობიერების" ნებისმიერი გამოვლინებანი.


გაგრძელება >>>>

წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва : Институт русской цивилизации, 2011.

პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2023 წ.
Назад к содержимому