ანტიერეტიკონი - იოსებ ვოლოკოლამელი - განმანათლებელი - 1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი
 
განმანათლებელი
წმიდა სამება


სიტყვა ნოვგოროდელ ერეტიკოსთა: დეკანოზ ანდრიას, მღვდელ დენისის, თევდორე კურიცინისა და სხვათა ახალი მწვალებლობის შესახებ
 
უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა წლწებში და სხვადასხვა დროში ეშმაკმა, მის მსახურ უსჯულო ერესიარქთა მეშვეობით მრავალი მწვალებლობა დათესა და ღმრთითსაწინააღმდეგო სწავლებათა ღვარძლი მთელ ქვეყნიერებაზე განაბნია, რათა დაემახინჯებინა და დაენგრია ჭეშმარიტი სარწმუნოება. ყველა ეს მწვალებელი და მათი უსჯულოება საღმრთო და სამოციქულო ეკლესიამ ანათემას გადასცა. ამ მწვალებლობათა შესახებ ბევრს წერდნენ წმიდა და ღმერთშემოსილი ჩვენი მამები, და, ვინც მათგან სწავლობს საღმრთო წერილს, მართლმადიდებლობის ნათლით განათლებულები ცნობენ ძველ მწვალებლობებს და ანათემას გადასცემენ მათ. კეთილად ჩავთვალე მეც დამეწერა იმ მწვალებლობათა შესახებ, რომლებიც ეშმაკმა უღმრთო ერეტიკოსთა მეშვეობით ჩვენს დროში დათესა, რათა უარვყოთ იგი და წმიდა სიძულვილით მოვიძულოთ მათი სწავლება.
 
ჩემი სიტყვა ასეთია.
 
ძველად რუსეთის დიდი მიწა-წყალი დაუოკებელი კერპთაყვანისმცემლობის სიბნელით იყო მოცული და ყოველივე უკეთურ და უღვთო საქმეებში იყვნენ შებილწულნი.
 
მაგრამ, მხოლოდშობილმა ძემ ღვთისამ, მამის წიაღში მყოფმა, ვერ ითმინა, როგორც ემონებოდა ცოდვას მისი ქმნილება, და ჩამოვიდა მასთან თავისი უდიდესი მოწყალებით; ის ჩვენს გამო განკაცდა, და გახდა ისეთივე, როგორც ჩვენ, გარდა ცოდვისა, - რათა ავეყვანეთ ზეცად, აღვედგინეთ ძველი დაცემის შემდეგ და ცოდვისგან გათავისუფლებულები ადრინდელივით შვილ ღმრთისა შევქმნილიყავით.
 
ისე, რომ არ დაუტოვებია მამის წიაღი, შესახლდა ქალწულში, შეიმოსა ხორცი - როგორც ჩვენი, ივნო ჯვარზე, განიცადა სიკვდილი, რითაც საიდუმლოდ შეაერთა მიწიერი ზეციერთან, და აღდგა მკვდრეთით, რის შემდეგაც დიდებით ამაღლდა ზეცად, და დაჯდა რა მარჯვენით მამის დიდებისა, როგორც თავის მოწაფეებს, მისი მიწიერი ცხოვრების თვითმხილველებს შეჰპირდა, ცეცხლოვანი ენების სახით წარმოაგზავნა სულიწმიდა, ნუგეშისმცემელი. ამის შემდეგ მან ყველა ხალხებთან წარაგზავნა მოციქულები, რათა განათლებულიყვნენ უმეცრების ბნელში მსხდომნი და მონათლულიყვნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
 
ერთნი მან აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ გაგზავნა, სხვები - დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით და დაავალა შეესრულებინათ მის მიერ მიცემული მცნებები.
 
იმ დროს წმიდა ანდრია, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი, უფლის მოწაფე, მთავარმოციქულ პეტრეს ძმა, იერუსალიმიდან სინოპში ჩამოვიდა, სინოპიდან - ხერსონში, ხერსონიდან კი დნეპრს აუყვა და მთების წინ, ნაპირებთან გაჩერდა. დილით რომ ადგა, მასთან მყოფ მოწაფეებს უთხრა: "ხედავთ ამ მთებს? მათზე ღმრთის მადლი გაიბრწყინვებს, და იქნება დიდი ქალაქი, რომელშიც უფალი აღმართავს მრავალ ეკლესიას" (Повесть временных лет. Памятники литературы Древней Руси. XI – нач. XII вв. М., 1978. С. 27). ამის შემდეგ, ავიდა ამ მთებზე, აკურთხა ისინი, დადგა იქ ჯვარი, ილოცა ღმრთისადმი და ჩამოვიდა იმ მთებიდან, რომელზეც დღეს გაშენებულია ქალაქი კიევი. ამის შემდეგ ის დნეპრს აუყვა და მივიდა ადგილამდე, სადაც დღეს არის ქალაქი დიდი ნოვგოროდი, იქიდან კი ვარიაგებთან (სკანდინავიელებთან - "აპოკ. რედ.) გადავიდა, შემდეგ კი რომს მიაშურა.
 
ხოლო ღმრთის სიტყვის ქადაგება რუსეთის მიწაზე მოციქულს სულიწმიდამ აუკრძალა, რომლის განგება - "უფსკრულივითაა" (შეად. ფსალმ. 35:7), ამიტომაც, არ ძალგვიძს მისი გაგება. ყველა სხვა ქვეყანაში გაისმა ცხონების სახარებისეული ხმა, ყველა ადამიანი გათავისუფლდა კერპთაყვანისცემის ბნელეთისგან და ღვთისშემეცნების ნათლით გაბრწყინდა. მხოლოდ რუსეთის ქვეყანა იყო ჩაბნელებული კერპთაყვანისცემის ბნელით და მთლიანად უწმინდური საქმეებით იყო შებილწული.
 
მხოლოდშობილი ძის ზეცად ამაღლებიდან დიდი დრო გავიდა, უკვე ათასი წელი შესრულდა, ხოლო სამყაროს შექმნიდან - 6500 წელი. მაგრამ, წმიდამ, ნეტარმა და თაყვანსაცემმა სამებამ არ ისურვა თავისი ქმნილების გაწირვა და აღმოსავლეთი მაღლით ჩვენც გვეწვია. მან ღმრთისშემეცნების ნათლით, რწმენით, ღვთისმოსაობით, სიბრძნით და გონიერებით გაანათა მთელი რუსეთის მიწა-წყლის თვითმპყრობელი და მეფე ვლადიმირი, ძე სვიატოსლავისა, იგორისა და ნეტარი ოლგას შვილიშვილი, რიურიკის შვილთაშვილი. მოუბრუნდა მას ყოვლისმხედველი თვალი და გაანათლა იგი საღმრთო ნათლისღებით, და გახდა იგი ძე ნათლისა. ვლადიმირმა არა მარტო საკუთარი თავის ცხონება სცადა, არამედ იღვაწა დანარჩენთა გადასარჩენადაც და განკარგულება გასცა მონათლულიყვნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
 
იმ დროიდან სახარების მზე დაანათებს ჩვენს მიწა-წყალს, და მოციქულთა ქუხილმა ჩვენც გაგვანათლა; აქ მრავალი ღმრთის სადიდებელი ტაძარი და მონასტერი აღიმართა, გაჩნდა მრავალი მღვდელმთავარი, ღირსი მეუდაბნოვე, სასწაულმოქმედი და სქემმონაზონი, და როგორც ძველ დროში რუსეთის მიწა ყველას აღემატებოდა თავისი უკეთურებით, ახლა, თითქოსდა ოქროს ფრთებშესხმული ცაში აიჭრაო, ყველას აღემატა ღვთისმოსაობით. და თუმც სხვა ქვეყნებში მრავლად იყვნენ ღვთისმოსავი და მართალი ადამიანები, მათ შორის უამრავი უკეთური და მწვალებლობის მქადაგებელი უღვთოც ცხოვრობდა.
 
რუსეთის მიწაზე კი არა მარტო უთვალავი სოფელი და დაბაა, არამედ ქალაქებიც უამრავია, და ყველანი ერთი მწყემსის - ქრისტეს ცხვრები არიან, აქვთ ერთი აზრი და ყველანი ადიდებენ წმიდა სამებას; მწვალებელი და უკეთური მათში არავის, არსად უნახავს. ეს ყველაფერი ასე გრძელდებოდა 409 წლის განმავლობაში. მაგრამ, იხილე რას იქმს სატანა და როგორია მისი საბრხენი, მზაკვარი ეშმაკი, რომელსაც სძულს სიკეთე, ყველაფრით შეეწევა ბოროტეულთა და ღვთითგანდგომილთ, ელტვის მთელი ქვეყნიერების წარწყმედას, არის გაუმაძღარი, ცისა და მიწის მოძულე და მწყურვალი მარადიული სიბნელისა!
 
იმ დროს ქალაქ კიევში ცხოვრობდა ვინმე იუდეველი სახელად სხარია, ეშმაკის ჭურჭელი. ის განსწავლული იყო ყოველგვარ ბოროტ საქმეში: ჯადოქრობასა და მაგიაში, ვარსკვლავთმრიცხველობასა და ასტროლოგიაში. მას იცნობდა იმ დროინდელი მმართველი სახელად მიქაელი, ძე ალექსანდრესი, ვოლგირდის შვილიშვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანულადვე აზროვნებდა. ეს თავადი მიქაელი 6979 წელს (1470 წ. - ქრ. შ.-დან), დიდი თავადის ივანე ბასილის ძის მმართველობის დროს, დიდ ნოვგოროდში ჩამოვიდა, მას თან იუდეველი სხარიაც ახლდა. იუდეველმა ჯერ მღვდელი დენისი აცდუნა და თავის იუდეველობას აზიარა; დენისმა კი მასთან დეკანოზი ალექსი მიიყვანა, რომელიც მაშინ მიხაილოვის ქუჩაზე მსახურობდა, და ესეც უბიწო და ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენას განუდგა.
 
შემდეგ ლიტვიდან სხვა იუდეველებიც ჩამოვიდნენ - იოსებ შმოილო-სკარაბეი და მოსე ხანუში. ხოლო ალექსი და დენისი ისე ცდილობდნენ იუდეველურ სარწმუნოებაში განმტკიცებას, რომ ყოველთვის იუდეველებთან ჭამდნენ და სვამდნენ, და იუდეველობას სწავლობდნენ; მათ არა მარტო თვითონ ისწავლეს, არამედ თავიანთ ცოლებსა და შვილებსაც ასწავლეს. მათ სურდათ იუდეველურად წინადაცვეთა, მაგრამ იუდეველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, და უთხრეს: თუკი ამის შესახებ ქრისტიანები შეიტყობენ და დაინახავენ, გამხილებენ; თქვენი იუდეველობა საიდუმლოდ შეინახეთ, გარეგნულად კი ქრისტიანები იყავით. სახელები კი შეუცვალეს: ალექსის აბრაამი, ხოლო მის ცოლს - სარა შეარქვეს.
 
შემდეგში ალექსიმ მრავალი აზიარა იუდეველობას: თავისი სიძე ივაშკა მაქსიმოვი, მისი მამა მღვდელი მაქსიმე და კიდევ მრავალი მღვდელმსახური, დიაკვანი და უბრალო ერისკაცი. მღვდელმა დენისმაც მრავალს აწავლა იუდეველობა: დეკანოზ გაბრიელ სოფიელს და გრიდია კლუჩს; გრიდია კლუჩმა იუდეველობა გრიგოლ ტუჩინს უქადაგა, ვის მამასაც ნოვგოროდში დიდი ძალაუფლება ჰქონდა. კიდევ ბევრნი აზიარეს მათ იუდეველობას - აი მათი სახელები: მღვდელი გრიგოლი და მისი შვილი სამსონი, გრიდია, ბორისოგლებელი დიაკვანი, ლავრეშა, მიშუკა სობაკა, დენისის სიძე ვასიუკ სუხოი, მღვდლები თეოდორე, ბასილი პოკროველი, იაკობ აპოსტოლსკი, იურკა სემენოვი, კიდევ აბდია და სტეფანე კლირიკოსები, მღვდელი ივან ვოსკრესენსკი, ევდოკიმ ლულიში, დიაკვანი მაკარი, დიაკვანი სამუხა, მღვდელი ნაუმი და მრავალი სხვა. ესენი ისეთ უსჯულოებებს აღასრუელბდნენ, რომლის მსგავსი ძველ მწვალებლებსაც კი არ უქნიათ.
 
ოჰ, ვინ შეძლებს ამ უბედურების გამოგლოვას, ვისი ენა აღწერს მათ საქმიანობას, ვისი სმენა შეძლებს ამ მონათხრობის მოსმენას? მათ ცრუ უწოდეს მამისგან ქრისტეს დაუსაბამო შობას და დასცინოდნენ ჩვენი ცხონებისთვის აღსრულებულ მის განკაცებას; ამბობდნენ, თითქოსდა ყოვლისმპყრობელ მამას არ ჰყავს არც მისი თანაარსი ძე და არც თანამოსაყდრე სულიწმიდა; თითქოსდა არ არსებობდეს წმიდა სამება. ხოლო, როდესაც წიგნებში ნათქვამია, რომ ყოვლისმპყრობელ მამა ღმერთს ჰყავს სიტყვა და სული, ეს ნიშნავს წარმოთქმად სიტყვას და სუნთქვას, რომელიც იხსნება ჰაერში. ის, ვისაც წერილი იესუ ქრისტეს უწოდებს, ძეს ღვთისას, ჯერაც არ შობილა; ხოლო როდესაც დაიბადება, იწოდება ძედ ღვთისად არა ბუნებით, არამედ მადლისმიერ, ისევე, როგორც მოსე, დავითი და სხვა წინასწარმტყველები. ხოლო ის, ვისაც ქრისტიანები ქრისტე ღმერთს უწოდებენ, - უბრალო კაცია, და არა ღმერთი: ის იუდეველებმა ჯვარს აცვეს და საფლავში გაიხრწნა. ამიტომაც ახლაც უნდა მივდევდეთ მოსეს სჯულდებას.
 
კიდევ ისინი ასეც ამბობენ: ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ეხსნა ადამი და მისი მოდგმა ჯოჯოხეთისგან, ნუთუ მას არ ჰყავდა ზეციერი ძალები, წინასწარმეტყველები და მართლები, რათა ისინი გამოეგზავნა თავისი ნების აღსასრულებლად, ნუთუ ის თვითონ უნდა ჩამოსულიყო გლახაკის სახით, განკაცებულიყო, ევნო და ამით უნდა ეძლია ეშმაკი? არ ეკადრება ღმერთს ასეთი მოქცევა.
 
კიდევ მრავალნაირად მგობდნენ და აძაგებდნენ საღმრთო ეკლესიას და ყოვლადპატიოსან ხატებს. ამბობდნენ, რომ არ უნდა ვცეთ თაყვანი კაცის ხელით შექმნილს, არ უნდა გამოვხატავდეთ ხის დაფებზე წმიდა სამებას, რადგან აბრაამმა ღმერთი ორ ანგელოზთან ერთად იხილა, და არა სამება. ისინი კრძალავდნენ საღმრთო ხატებისა და ჯვრისადმი თაყვანისცემას, ხატებს ბინძურ და უწმინდურ ადგილებში აგდებდნენ, ზოგიერთი ხატი კბილებით დაგლიჯეს, როგორც ცოფიანმა ძაღლებმა, ზოგი დაამტვრიეს, ზოგიც ცეცხლში ჩააგდეს და ამბობდნენ: დავცინოთ ამ ხატებს ისე, როგორც იუდეველები დასცინოდნენ ქრისტეს.
 
ო უკეთურო ენებო, ო, ბილწო და დამპალო ბაგეებო, რომლებმაც ეს ღმრთისმგმობი სიტყვები წარმოთქვა!
 
მაშინ მიიწურა მეშვიდე ათასწლეული სამყაროს შექმნიდან; მწვალებლები კი ამბობდნენ: შვიდმა ათასმა წელმა განვლო, პასქალია დასრულდა, ქრისტეს მეორედ მოსვლა კი ჯერაც არ არის, - მაშასადამე, ეკლესიის მამათა თხზულებები ყალბია და ისინიც უნდა დავწვათ. ისინი შეურაცხყოფდნენ არა მარტო მამათა თხზულებებს, არამედ მოციქულებსაც, და ამბობდნენ: რატომ არ მოხდა ქრისტეს მეორედ მოსვლა, უკვე ხომ დროა; განა მოციქულებმა არ დაწერეს, რომ ქრისტე "უკანასკნელ დროს" იშვა (1 პეტ. 1:20), უკვე ათას ხუთასი წელი გავიდა ქრისტეს შობიდან, მეორედ მოსვლა კი ჯერაც არ ჩანს, - მაშასადამე, მოციქულთა თხზულებებიც ყალბია.
 
კიდევ ისინი გმობდნენ წმ. ეფრემის თხზულებებს, და ამბობდნენ: მისი ნაშრომები ცრუა, რადგან ის წერდა, აი, უკვე მოდის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რათა განიკითხოს ცოცხალნი და მკვდარნი და, რომ დადგა აღსასრული, - მაგრამ მისი ნაწერების დროიდან ათასი წელი გავიდა, მეორედ მოსვლა კი არ დამდგარა. გმობდნენ ისინი არა მარტო წმიდა ეფრემის ნაშრომებს, არამედ მთელ წმიდა წერილსაც (სახარებებს და მოციქულთა წერილებს) და ეკლესიის მამათა ნაშრომებსაც (1).
 
_______________________
 
1. მოსკოვის სასულიერო აკადემიის ხელნაწერში 171-ე გვერდზე ამ სიტყვების შემდეგ მოდის ტექსტი: "ვერ ბედავდნენ რა ადამიანების წინაშე ეგმოთ სახარება და მოციქულთა წერილები, ისინი, აირჩევდნენ ვინმე განუსწავლელს, და პირისპირ წამლავდნენ მათ თავიანთი მწვალებლობის შხამით; ერეტიკოსები ყველაზე მეტად დასცინოდნენ სახარებებსა და მოციქულთა თხზულებებს, ხოლო ეკლესიის მამათა ნაშრომებს უშიშრად ხალხის წინაშეც ამასხარავებდნენ".
 
_______________________
 
ისინი შეურაცხყოფდნენ ბერ-მონაზვნობას და ასკეტურ ცხოვრებას. ისინი ამბობდნენ, რომ ბერებმა გადაუხვიეს წინასწარმეტყველურ, სახარებისეულ და მოციქულებრივ სწავლებას, თავისი ნებისამებრ მოფიქრეს ცხოვრების წეს და, მიატოვეს რა ღმრთის მცნებები, კაცობრივ დაწესებათა მიხედვით მიჰყვებიან თავიანთ ცხოვრებას. სხვა მწვალებლები კი ამბობდნენ, რომ ბერული ცხოვრება ღმრთივსათნო რომ ყოფილიყო, თვით ქრისტე და მოციქულები მიიღებდნენ მონაზვნურ სქემას, მაგრამ ქრისტესაც და მოციქულებსაც საერო სახით ხატავენ, და არა ბერ-მონაზვნური სახით.
 
სხვები კი ამბობდნენ, რომ ბერ-მონაზვნური სქემა, პახომის ანგელოზმა როდი მისცა. ეს რომ ღმრთის ანგელოზი ყოფილიყო, ის ნათელმოსილი იქნებოდა, პახომის კი შავი ანგელოზი ეჩვენა, ეს კი აშკარა დემონური მოქმედებაა. სხვა მწვალებლები რყვნიდნენ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომელსაც ის წერს ტიმოთეს: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ" (1 ტიმ. 4:1-3).
 
მწვალებლები ამბობდნენ, რომ წმიდა მოციქულმა პავლემ ეს თქვა ბერებზე, რადგან მათ ეკრძალებათ დაქორწინება და მიცემული აქვთ საჭმლისგან თავშეკავების მცნება; რომ თითქოსდა მათზე იყოს დაწერილი: "წყეულიმც იყოს ყოველი, ვინც თესლს არ აღადგენს ისრაელში" (შეად.: მეორე რჯლ. 25:5-9).
 
მაგრამ არც ამაზე შეჩერდნენ ბილწი და უკეთური მწვალებლები. ისინი თვრებიან და ძღებიან წმიდა და დიდი მარხვისას, და ასევე ყველა მარხვაშიც; ოთხშაბათ-პარასკევს კი ჭამენ ხორცს და მრუშობით იბილწებიან, შემდეგ ასე შებილწულები შედიან საღმრთო ტაძრებში და ატარებენ ლიტურგიას.
 
როგორ არ გაგვიკვირდეს, ო სიტყვაო ღმრთისავ, შენი გამოუთქმელი მრავლისმომთმენლობა, როგორ გადმოვცეთ შენი სახიერების გამოუთქმელი სიღრმე? ამ ბილწმა ენებმა გაბედეს და სხვა წმინდანებზეც გამოთქვეს უდიდესი და ცრუ ცილისწამებანი. მათ შეურაცხყვეს თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დიდი წინამორბედი იოანე, წმიდა მოციქულები, წმიდა მღვდელმთავრები, ღირსი და ღმერთშემოსილი ჩვენი მამები - და ეს ყველაფერი დიდ ნოვგოროდში მოიმოქმედეს სატანის პირმშოებმა ალექსიმ და დენისმა.
 
6988 წელს (1480 წ. ქრ. შ.-დან) დიდ ნოვგოროდს დიდი თავადი ივანე ბასილის ძე ეწვია. მაშინვე წაიყვანა მან მოსკოვში მღვდელი ალექსი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დეკანოზად დაანიშნინა, ასევე მღვდელი დენისი - მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში გაამწესებინა.
 
ვის შეუძლია ცრემლის გარეშე მოგითხროთ, თუ რა ჩაიდინეს ამ ბილწმა ქოფაკებმა თავიანთ ხელქვეითებთან ერთად? მოსკოვში, ამ დიდ და ხალხმრავალ ქალაქში ჩამოსვლისთანავე რაიმე უკადრისის ჩადენა ვერ გაბედეს, ამიტომ თავიდან მიყუჩებულები იყვნენ, როგორც გველია მიმალული თავის სოროში: ადამიანებს წმიდა და მორჩილ, მართალ და თავშეკავებულ მღვდლებად წარუდგებოდნენ, მაგრამ საიდუმლოდ უსჯულოების თესლს თესავდნენ და მრავალი სულიც წარწყმიდეს მიაქციეს რა იუდეველობისკენ, ასე რომ ზოგიერთი მორწმუნე განუდგა ეკლესიას და იუდაურად წინადაიცვითა; მათ შორის იყო საშკა შავი (ჩორნი), შავი, როგორც სახელით, ასევე საქმეებითაც და ეგნატე ზუბოვი, მისი თანამონაწილე.
 
6993 წელს (1484 წლის 12 დეკემბერს ქრ. შ.-დან) დიდი ნოვგოროდისა და ფსკოვის არქიეპისკოპოსად დაწესებულ იქნა უსამღვდელოესი გენადი: საღმრთო მსჯავრმა სასანთლეზე ანთებულ სანთლად დაადგინა იგი, რომელიც გამოვარდა წმიდა წერილის თასიდან და ლომივით ებდღვნა ბოროტმოქმედ იუდეველთ; როგორც არწივი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სწავლების მაღალ და მშვენიერ მწვერვალთაგან დაეცა თავს ამ მწვალებელთ და თავისი კლანჭებით გაგლიჯა მათი ბილწი და იუდეველური საწამლავით სავსე წიაღი.
 
მწვალებლებმა გაქცევით უშველეს თავს და მოსკოვს მიაშურეს, სადაც უკვე შემწეებად ჰყავდათ - დეკანოზი ალექსი და მღვდელი დენისი, რომელთაც უკვე მოესწროთ მრავალი ადამიანის შეცდენა და თავიანთი უსჯულო იუდეველური სარწმუნოების საქმეში ჩაბმა. ბერებიდან მათ აცდუნეს შეჩვენებული ზოსიმე - მე მას არქიმანდრიტს არ ვუწოდებ, არამედ შემბილწველს, რომელიც შეჰხარის კერპთმსახურების განავალს, პირველი მწვალებლის ზოსიმე შავის მსგავსად. შემდეგ მათ თავიანთი მწვალებლობისკენ მიდრიკეს ბერი ზაქარა, შემდეგ თევდორე კურიცინი დიდი თავადის კარიდან, უადგილო დიაკვნები ისტომა და სვერჩოკი, ვაჭრებიდან კი - სემიონ კლეონოვი. ხოლო თევდორე კურიცინმა, ისტომამ, სვერჩოკმა და სემიონ კლენოვმა სხვებსაც ასწავლეს იუდეველობა.
 
იმ დროს დეკანოზ ალექსის და თევდორე კურიცინს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდათ დიდ თავადზე, როგორც სხვას არავის. ისინი მისდევდნენ ასტრონომიას, ასტროლოგიას, ჯადოქრობას და მაგიას, ასევე სხვა ცრუ სწავლებებს. ამის გამო მათ მრავალი ადამიანი შეუერთდა, რომლებიც განდგომილების სიბინძურეში დაინთქნენ.
 
ასე მოვიდა მიწაზე უბილწესი სატანა - და მრავალში ჰპოვა მიწიერი სიამეებით მომლბარი და დაუმუშავებელი გული, აღსავსე სიამაყით, ვერცხლისმოყვარეობით, გემოთმოყვარეობით, უსამართლობით, და მათში იქედნეს ნაშიერთა - უსჯულო მკვლელთა და მწვალებელთა მიერ, თავისი უბილწესი თესლები ჩათესა. მათ გაბედეს ჩემი მოწყალე და ტკბილი უფლის გმობა. ოჰ, მიწავ და მზეო, როგორ ითმენთ ამას! რადგან არ არსებობს რაიმე გმობა და ლანძღვა, ამათ უკეთურ და ბილწ ენებს ღმრთის მხოლოდშობილ ძეზე, მის უწმიდეს დედასა და ყველა წმინდანზე რომ არ წარმოეთქვა.
 
ეს ყველაფერი მიტროპოლიტ გერონტის მღვდელმთავრობისას მოხდა. ის თვითონ, თუმც კი აღიარებდა ქრისტიანობას, სხვა ქრისტიანებზე ნაკლებად ზრუნავდა - ან თავისი უმეცრების, ან კიდევ დაუდევრობის გამო, შესაძლოა დიდი თავადისაც ერიდებოდა. ამ დროს ქრისტეს ცხვრების ფარა, ვაი რომ მწვალებლობისგან იღუპებოდა.
 
ძალიან მალე, 6997 წელს (1489 წ. ქრ. შ.-დან) გერონტის გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ, ალექსის მოწაფე დიაკვანი ისტომა, ეშმაკის თანამოაზრე, ჯოჯოხეთის ქოფაკი, ღმრთის რისხვამ განგმირა: მისი ბილწი გული, შვიდი მზაკვარი სულის საცავი, და მისი მუცელი დალპა. მან ვიღაც ექიმს მოუწოდა, და მანაც, რომ იხილა რა სჭირდა, უთხრა, რომ მისი სნეულება - ღმრთის რისხვაა, ამიტომაც ის ადამიანური ძალისხმევით არ განიკურნება. ისტომას უმძიმეს ტანჯვაში ამოხდა თავისი უწმინდური სული.
 
ძალიან მალე სატანის წყეულ თანამებრძოლსაც, ეშმაკის ველურ ტახს, რომელიც ველიდან გამოიქცა და ქრისტეს ვენახს ეძგერა, - ვამბობ დეკანოზ ალექსიზე - სული აღმოხდა და ეშმაკის ბრჭყალებში მოექცა. მასაც ღმრთის მსჯავრი ეწია: უმძიმესი სნეულებით დაავადდა და საღმრთო სამართლის მახვილით განადგურდა.
 
თავისი სიკვდილის წინ მან მოაჯადოვა დიდი თავადი, და მანაც დიდ სამღვდელმთავრო ტახტზე დასვა ეშმაკის ბილწი თანამებრძოლი, რომელიც ალექსიმ იუდეველობის შხამით მოწამლა, - უწმინუდრი ზოსიმე. მალე, 6999 წლის (1490 წ. ქრ. შ.-დან) 26 სექტემბერს, ზოსიმე მიტროპოლიტი გახდა.
 
გარკვეული დროის შემდეგ დიდი ნოვგოროდისა და ფსკოვის მაღალყოვლადუსამღვდელოესმა არქიეპისკოპოსმა გენადიმ დიდ თავადს და მიტროპოლიტ ზოსიმეს - რომლის ბოროტება და სულწაბილწულობა ჯერაც გამჟღავნებული არ იყო - გამოუგზავნა მრავალი ჭეშმარიტი მოწმობა ნოვგოროდელ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც ნოვგოროდში იყვნენ და მოსკოვში გაიქცნენ; ასევე ამცნო მათ იმ გმობასა და მკრეხელობებზე, რასაც ეს მწვალებლები ხატებისა და პატიოსანი ჯვრების მიმართ ჩადიოდნენ.
 
6999 წლის (1490 წ. ქრ. შ.-დან) 17 ოქტომბერს, შეიკრიბნენ ეპისკოპოსები: როსტოველი არქიეპისკოპოსი ტიხონი, სუზდალის ეპისკოპოსი ნიფონტი, სიმეონ რიაზანელი, ვასიან ტვერელი, პროხორე სარელი, ფილოთეოს პერმელი - ასევე არქიმანდრიტები, იღუმენები და რუსული მიტროპოლიის მთელი წმიდა კრება. მათ, როდესაც ისინი მიტროპოლიტ ზოსიმეს ეახლნენ, ჯერაც არ უწყოდნენ, რომ სწორედ ზოსიმეა მწვალებელთა მეთაური და მოძღვარი.
 
ხოლო ზოსიმემ, თავი მოკატუნა რა ქრისტიანად, განკარგულება გასცა დაეწყევლათ მწვალებლები: ნოვგოროდელი დეკანოზი გაბრიელი - რადგან ხორციელად უკვე მკვდარი იყო სულიერად კიდევ უფრო ადრე მკვდარი დეკანოზი ალექსი, - მღვდელი დენის არხანგელსკელი, მღვდელი მაქსიმე ივანოველი, მღვდელი ბასილი პოკროველი, დიაკვანი მაკარი ნიკოლსკელი, დიაკვანი გრიდა ბორისოგლებელი, ვასკა, დენისის სიძე, სამუხა, ნიკოლსკელი დიაკვანი და ყველა მათი სწავლების მიმდევარი მწვალებელი.
 
ზოგიერთები თავადმა დიდ ნოვგოროდში არქიეპისკოპოს გენადისთან გააგზავნა. იმავე თავადმა ბრძანა ისინი ქალაქიდან ორმოცი სარბიელის (60 კმ.) დაშორებით შეესვათ ცხენებზე, სასაპალნე უნაგირებზე უკუღმა, ზურგით ცხენის თავისკენ, რათა ეყურებინათ დასავლეთით მათთვის გამზადებული ცეცხლისთვის, ტანისამოსიც კი უკუღმა ჩააცვეს, ხოლო თავზე წამახვილებული ჩაფხუტები დაეფარებინათ, თითქოსდა დემონები იყვნენ; ჩაფხუტის კეფაზე მიმაგრებული იყო ნიშნები. ჩაფხუტებზევე ედგათ თივაგარეული ჩალის გვირგვინები, ხოლო თვით მუზარადზე ეწერა: "Вот сатанинское войско" ("აი, სატანის ლაშქარი"). ამის შემდეგ არქიეპისკოპოსმა ბრძანა ისინი მოეტარებინათ მთელ ქალაქში, სადაც ყველა შემხვედრს უნდა შეეფურთხებინა მათთვის და ეთქვა: "ესენი არიან ღმრთის მტრები და ქრისტიანთა მგმობარები". ამის შემდეგ კი ბრძანა დაეწვათ მათ თავზებზე ჩამოფარებული ჩაფხუტები.
 
ასე მოიქცა ეს კეთილი მწყემსი, რათა დაეშინებინა უკეთური და უღმრთო მწვალებლები - და არა მარტო დაეშინებინა, არამედ ყველასთვის ეჩვენებინა სანახაობა, აღსავსე საშინელებებითა და შიშით, რათა მნახველები განმტკიცებულიყვნენ მართალ სარწმუნოებაში. სხვა მწვალებლები კი თავადმა საპყრობილეში ჩაამწყვდია და გადაასახლა.
 
მღვდელი დენისი შეჩვენებისა და გადასახლების შემდეგ მიეცა მასში ჩასახლებულ ეშმაკს: ერთი თვის განმავლობაში ის მხეცების, პირუტყვების, ჩიტებისა და ქვეწარმავლების ხმით ყიოდა, და საშინელ ტანჯვაში დალია თავისი მწვალებლური სული. ასევე საშინელი სიკვდილით მოკვდა ზაქარ ბერი, რომელიც იუდეველობას მისდევდა. ჯოჯოხეთის ამ ქოფაკთა და წარწყმედის ძეთა აღმოკვეთისა და განადგურების შემდეგ  კიდევ რჩებოდა ეშმაკის დამცველი, სოდომური ცეცხლის ლუკმა, მრავალათასთავიანი გველი, ახალი არიოზი და მანესზე უარესი, სატანის პირმშო, უბილწესი ბოროტმოქმედი ზოსიმე - ის, როგორც უკვე ადრე ითქვა, წმიდა ტახტზე იყო შემომჯდარი.
 
მალე მანაც ვერ გაუძლო იუდეველობის შხამს თავის უკეთურ გულში და, გადმოღვარა იგი მრავალზე, რითაც შებილწა დიდი სამღვდელმთავრო ტახტი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ეს ტაძარი შეიძლება იწოდოს ზეცად დედამიწაზე: ის, როგორც დიადი მზე, საოცრად გამშვენებული, სასწაულთმოქმედი ხატებითა და წმინდანთა ნაწილებით ბრწყინავს მთელი რუსეთის შუაგულში.
 
ასე რომ, ღმერთს თავის ქმნილებაში ცხოვრება რომ ესურვებინა, იქ იცხოვრებდა, და არა სხვაგან. ხოლო ზოსიმე, იმყოფებოდა რა ამ ტაძარში, როგორც შავი ყვავი თვალებს ჩორკნიდა წუთისოფლის ამაო ცხოვრების სიამტკბილობას მიცემულთა და სულიერი სიკვდილით გარდაცვლილებს. რადგან გაფრინდნენ ჩვენგან კეთილხმოვანი მგალობლები, საკვირველი ბულბულები, ტკბილად მოჟღურტულე მერცხლები - ღვთაებრივი წმინდანები და დიდი საკვირველთმოქმედნი პეტრე, ალექსი და სხვა მართლმადიდებელი წმინდანები, რომლებიც საეკლესიო ბაღის შუაგულში მართლმადიდებლური სწავლებით ატკბობდნენ მსმენელთა ყურებს. გაფრინდნენ ფრთოსანი არწივები, თავიანთი ბრჭყალებით თვალებს რომ თხრიან ქრისტეს განკაცებაზე უსამართლოდ ამხედრებულებს, ქრისტეს მიაშურეს მათ, ვინც თავიანთი ფრთებით იფარავდა მრავალ ერთგულს, მართლმადიდებელს, და დედამიწაზე მყოფნი დაგვაობლეს.
 
საძაგელი და მოძღვრის სამოსს ამოფარებული კერპთაყვანისმცემელი მგელი, იუდეველობის შხამით წამლავდა მის ირგვლივ მყოფ ლიტონ ქრისტიანებს, სხვებს კი ეს წარწყმედელი გველი სოდომური გარყვნილებით ბილწავდა. მუცელღმერთი და ლოთი, ღორივით ცხოვრობდა და ყველანაირად არცხვენდა უბიწო ქრისტიანულ სარწმუნოებას, რადგან მასში მრავალი ზიანი და საცდური შეჰქონდა. ის გმობდა ჩვენს უფალს იესუ ქრისტეს, და ამბობდა, რომ თითქოსდა ქრისტემ თვითონ უწოდა საკუთარ თავს ღმერთი; ბევრ გმობას ანთხევდა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზეც; ღვთაებრივ ჯვრებს უწმინდურ ადგილებში აგდებდა, წვავდა წმიდა ხატებს და მათ კერპებს უწოდებდა. მან უარყო სახარებისეული სწავლება, მოციქულთა დადგენილებები და ყველა წმინდანთა თხზულებები. მათ შესახებ კი ამბობდა: არც ცათა სასუფეველი არსებობს, არც მეორედ მოსვლა, არც მკვდართა აღდგომა, თუკი ვინმე მოკვდა, მაშასადამე - საერთოდ მოკვდა, მანამდე კი მხოლოდ სულდგმულობდაო. მასთან ერთად სხვებიც - დეკანოზ ალექსისა და მღვდელ დენისის მოწაფეები: თევდორე კურიცინი, დიდი თავადის დიაკვანი, ვერჩოკი, ივაშკო მაქსიმოვი, სემიონ კლენოვი და მრავალნი სხვანი, საიდუმლოდ მხარს უჭერდნენ მრავალგვარ მწვალებლობას, - ასწავლიდნენ იუდეველობას მოსეს დეკალოგის მიხედვით, მიჰყვებოდნენ სადუკეველთა და მესალიანელთა მწვალებლობებს და მრავალი შფოთი შეჰქონდათ მორწმუნეთა გულებში.
 
მაგრამ იუდეველობისკენ მათი მიქცევა, ვინც კეთილგონიერი და წმიდა წერილში გარკვეული იყო, არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცრუდ განმარტავდნენ ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის ზოგიერთ ადგილებს, თავიანთი მწვალებლობისკენ მრავალ გულუბრყვილოს იზიდავდნენ. ასწავლიდნენ ათასგვარ სიცრუეს და ვარსკვლავთმრიცხველობას: როგორ განისაზღვროს ვარსკვლავებით და მოეწყოს ადამიანის დაბადება და ცხოვრება, - წმიდა წერილზე კი ასწავლიდნენ, რომ ფუჭია და არასაჭირო. უფრო ნაკლებად განსწავლულ ადამიანებს კი პირდაპირ იუდეველობას უქადაგებდნენ. ყველა როდი მიიქცა იუდეველობისკენ, მაგრამ მრავალმა სწორედ მათგან ისწავლა წმიდა წერილის გმობა, და საკუთარ სახლებსა თუ მოედნებზე, ყველგან, სარწმუნოებაზე დავობდნენ და სხვებსაც აეჭვებდნენ.
 
ისეთი მშფოთვარება გაჩნდა ქრისტიანთა შორის, როგორიც არ ყოფილა იმ დროიდან, რაც რუსეთის მიწაზე გაიბრწყინა ღვთისმოსაობის მზემ. მრავალი ბერ-მონაზონი, მონასტრებსა და უდაბნოებში მცხოვრებნი, ასევე ღვთისმოსავი და ქრისტესმოყვარე საერო ადამიანი გულით წუხდა ამგვარ მდგომარეობაზე. ვერ იტანდნენ რა მკრეხელობათა დამღუპველ ქარიშხალს, ისინი ცხელი ცრემლებით ევედრებოდნენ ღმერთს, რათა შეეწყვიტა იუდეველობის ეს წარმწყმედელი ზამთარი, ერთარსი სამების ხსომებით გაეთბო ადამიანთა გულები, ჭეშმარიტებით გაენათლებინა მათი გონება და აღმოენთო ღვთისმოსაობის ნათელი. თითოეული მათგანი საკუთარი ძალისამებრ ცდილობდა აღმოეფხვრა იუდეველობის დამღუპველი სარეველა თავის საძაგელ მთესველ ზოსიმესთან ერთად. და მათაც ამხილეს მისი განდგომა და სოდომური სიბილწე.
 
მანაც სასტიკი ომი გააჩაღა მათ წინააღმდეგ: ზოგს ღვთაებრივი ზიარება მოაკლო, მღვდლებსა და დიაკვნებს ხარისხი აჰყარა, ამბოდა, რომ არ შეიძლება არც მწვალებლის და არც განდგომილის განკითხვა. ის ასევე ამბობდა: თუნდაც ეპისკოპოსი ან მღვდელი მწვალებლები იქნებიან და ვინმეს განკვეთენ ან არ აკურთხებენ, საღმრთო სამსჯავროზეც ასევე დარჩებაო. უმეცრები და წმიდა წერილში გაურკვეველნი ერიდებოდნენ მისი განდგომილების მხილებას; ხოლო ვინც წმიდა წიგნებს კითხულობდა, იცოდა, რომ არა მარტო უნდა დავგმოთ მწვალებლები და განდგომილები, არამედ შევაჩვენოთ კიდეც, და არა მარტო შევაჩვენოთ, არამედ სასტიკ სასჯელებსაც დავუქვემდებაროთ. ისინი არ წყვეტდნენ მიტროპოლიტის მხილებას და ყველას უყვებოდნენ მისი მწვალებლობისა და ბინძური საქმეების შესახებ, მიტროპოლიტი კი ცილს სწამებდა მათ დიდი თავადის წინაშე.
 
მალე თავადმა უდანაშაულოთა დევნა დაიწყო, მათ მრავალი შეჭირვება გადაიტანეს: ბორკილები, საპყრობილეები, ქონების დატაცება. სხვები მათთან ერთად, მართალია, არ იტანჯებოდნენ დევნულებით, მაგრამ წერილებით ამხნევებდნენ მათ და ყოველი საჭირო ნივთით ეხმარებოდნენ; წმიდა წიგნებიდან არჩევდნენ მწვალებელთა სამხელ ადგილებს და უგზავნიდნენ დევნილთ, ამხნევებდნენ მათ ერეტიკოსთა წინააღმდეგ.
 
ამ უბედურების გამო ამოვარჩიე მეც წმიდა წერილიდან და წმიდა მამათა თხზულებებიდან ზოგიერთი მხილება მწვალებელთა წინააღმდეგ. და თუმც უმეცარი ვარ და განუსწავლელი, მე, ჩემი ძალისამებრ, უნდა ვიზრუნო მწვალებელთა სამხილებლად. ასე, მაგალითად, ანტიოქოსი, რომელიც წმიდა საბას ლავრაში ცხოვრობდა, გამხეცებული სპარსელების თავდასხმის მოწმე გახდა, ამაში კი დაინახა მიზეზი, რათა წმიდა წიგნებიდან გაკეთებული ამონაწერების დიდი წიგნი შეედგინა. ასევე წმიდა ნიკონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა, შავ მთაზე, ხედავდა რა უღმრთო თურქების დაუოკებლობას, მრავალი მოწმობა შეჰკრიბა წმიდა წიგნებიდან, მკითხველთა სასარგებლოდ. ახლა კი არა სპარსელები ან თურქები, არამედ თვით ეშმაკი და მისი მხედრობა უტევს ქრისტეს ეკლესიას, თითქოსდა ველური მხეცები არიანო, თუმც კაცთა ხორცს არ ჭამენ და სისხლს არ სვამენ, მაგრამ ღუპავენ სულებს, რომელთა ღირსი არ არის მთელი ქვეყანა.
 
დაე ნურავინ განმიკითხავს იმისთვის, რომ ყოველ სიტყვაში მე ვიმეორებს მწვალებელთ სახელებს, რომლებიც აღიარებდნენ იუდეველობას: მე ვლაპარაკობ დეკანოზ ალექსიზე, თევდორე კურიცინზე, მღვდელ დენისზე და სხვებზე. რადგან ზუსტად ასევე ჩვენი წმიდა მამები წერდნენ რა ძველი დროების პირველ მწვალებლებზე, მრავალგზის იმეორებდნენ მათ სახელებსა და მწვალებლობებს, რათა მომავალი თაობებისთვის ცნობილი ყოფილიყო, რომ ეს სწავლებები - ეშმაკის გამონაგონია.
 
მე ერთად შემოვკრიბე ადგილები სხვადასხვა წმიდა წიგნთაგან, რათა ვინც იცის, წაიკითხავს რა, გაიხსენოს, ხოლო ვინც არ იცის, წაიკითხოს და გაიგოს. ყოველი, ღმრთის მადლით, მარტივად იპოვის ქვემოთჩამოთვლილ თავებში ყოველივე საჭიროს მწვალებელთა სამხილებლად. ეს თავები ასეთია:
 
1. სიტყვა ნოვგოროდელ ერეტიკოსთა ახალი მწვალებლობის შესახებ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა ყოვლისმპყრობელ მამა რმერთს არ ჰყავს არც ძე, არც წმიდა სული, მისი თანაარსნი და თანამოსაყდრენი, და რომ წმიდა სამება არ არსებობს. აქ კი წმიდა წერილდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ყოვლისმპყრობელ მამას ჰყავს ძე და სულიწმიდა, მისი თანაარსნი და თანამოსაყდრენი, და რომ წმიდა, ცხოველმყოფელი და ყოვლისშემძლე სამება ჯერ კიდევ ძველ პატრიარქთაგან, წინასწარმეტყველთაგან და მთელი წმიდა წერილის მიერ იყო დამოწმებული.
 
2. სიტყვა ნოვგორედელ მწვალებელთ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტეს ჯერაც არ დაბადებულა, არამედ მოვა დრო, როდესაც იშვება; ხოლო ის, ვისაც ქრისტიანები ქრისტე ღმერთს უწოდებენ, - უბრალო კაცია, და არა ღმერთი. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ქრისტე ღმერთია ის, ვინც იშვა იუდეის ბეთლემში ქალწულ მარიამისგან იუდეველთა მეფის ჰეროდეს დროს და ჩვენი ცხოვნებისთვის ნებაყოფლობით იტვირთა ჯვარცმა, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და კვლავ მოვა განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა.
 
3. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა მივდევდეთ მოსეს რჯულს, დავიცვათ იგი, აღვასრულოთ მსხვერპლშეწირვანი და წინადავიცვითოთ. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია განმარტებანი იმისა, რომ მოსეს რჯული მოცემული იყო ქრისტეს მოსვლამდე; რადგან ღმერთს თავიდანვეც არ ენება მსხვერპლშეწირვა და ის მხოლოდ აუცილებლობის გამო დაუშვა, თანაც არა ყველგან, არამედ მხოლოდ ერთ, იერუსალიმის ტაძარში; ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ კი მოსეს რჯული შეჩერდა, მსხვერპლშეწირვები და წინადაცვეთანი კი გაუქმდა.
 
4. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ: "განა ღმერთს არ შეეძლო ეხსნა ადამი და მისი მოდგმა, ნუთუ მას არ ჰყავდა ზეციური მხედრობა, წინასწარმეტყველები, მართალნი, რათა საკუთარი ნების აღსასრულებლად წარეგზავნა, - მაგრამ არა, თვითონ გადმოვიდა ღატაკის სახით, განკაცდა, ევნო და ამით ეშმაკი დაამარცხა? - არ ეკადრება ღმერთს ასე მოქცევა!" აქ კი წმიდა წერილიდან შეკრებილია მოწმობები იმისა, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია, და არავის ძალუძს შეეწინააღმდეგოს მის ძალაუფლებას; მაგრამ თავისი სიბრძნის სიღრმიდან და კაცთმოყვარეობიდან, ჩვენი ცხოვნებისთვის მან თვითონ ინება განკაცება, ვნება, ჯოჯოხეთში შთასვლა, მკვდრეთით აღდგომა და ჯოჯოხეთიდან ადამისა და მისი მოდგმის ამოყვანა, - ასე სძლია ეშმაკს ღმრთის სიბრძნემ, იხსნა ქვეყნიერება და დღემდე იხსნის.
 
5. სიტყვა ნოვგოროდელი მწვალებლების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა წმიდა ხატებზე არ უნდა გამოვსახავდეთ წმიდა და ერთარს სამებას, რადგან წერილში ნათქვამია, რომ აბრაამმა იხილა ღმერთი ორ ანგელოზთან ერთად, და არა სამება. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მტკიცებულებანი იმისა, რომ აბრაამმა იხილა წმიდა სამება და, რომ საჭიროა უპატიოსნეს ხატებზეც გამოვსახავდეთ მას.
 
6. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთ წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა არ უნდა ვეთაყვანებოდეთ ხელთქმნილ საგნებს. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მოწმობები იმისა, რომ ძველ აღთქმაშიც ეთაყვანებოდნენ ადამიანები ხელთქმნილ საგნებს, რომელთა შექმნა ღმერთმა თავის სადიდებლად ბრძანა; ჩვენს დროში კი მითუმეტეს საჭიროა თაყვანს ვცემდეთ ხელთქმნილ საგნებს, ანუ წმიდა ხატებს, პატიოსან და ცხოველმყოფელ ჯვარს და სხვა საღმრთო და წმიდა საგნებს, რომელთა შექმნა ბრძანა ჩვენმა უფალმა და ღმერთმა იესუ ქრისტემ თავის სადიდებლად.
 
7. წმიდა წიგნთა მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ მართებთ ქრისტიანთ საღმრთო ხატებისა და უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა და პატივისცემა; რომ ასევე თაყვანს უნდა ვცემდეთ წმიდა სახარებას, პატივს მივაგებდეთ უპატიოსნეს საღმრთო საიდუმლოთ, და წმიდა ჭურჭლებს, რომლებშიც საღვთო საიდუმლოებანი ტარდება, წმინდანთა პატიოსან ნაწილებს, და ღმრთის ეკლესიებსაც; ასევე იმის შესახებ, როგორ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, და როგორ უნდა მივაგებდეთ პატივს მეფეს ან თავადს და ვემსახურებოდეთ მათ; ასევე, როგორ გვმართებს დღეს ღმრთის თაყვანისცემა და მხოლოდ მისდამი მსახურება.
 
8. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ სამყაროს შექმნიდან გავიდა შვიდი ათასი წელი და პასქალიაც დასრულდა, ქრისტეს მეორედ მოსვლა კი ჯერაც არ არის, - შედეგად, წმიდა მამათა წერილი ცრუა. აქ კი მოტანილია საღმრთო წერილის მოწმობები იმის შესახებ, რომ წმიდა მამათა თხზულებები ჭეშმარიტია, რადგან ისინი თანხმიერნი არიან წინასწარმეტყველებისა და მოციქულებისა.
 
9. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ: "რატომ არ მოხდა ქრისტეს მეორედ მოსვლა, თუმცა მისი მოსვლის დრო უკვე დადგა? ხომ წერდნენ მოციქულები, რომ ქრისტე ბოლო ჟამს იშვა, და უკვე სამიათას ხუთასი წელი გავიდა ქრისტეს შობიდან, მეორედ მოსვლა კი ჯერაც არ ჩანს, - შედეგად, მოციქულთა წერილი ცრუა". აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მოწმობები იმისა, რომ წმიდა მოციქულთა წერილი ჭეშმარიტია, რადგან ისინი სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი.
 
10. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც გმობდნენ წმიდა ეფრემის თხზულებებს და ამბობდნენ, რომ მისი ნაწერები ცრუა. აქ კი წმიდა წერილიდან მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ წმიდა ეფრემის თხზულებები ჭეშმარიტია და შეესაბამებიან წინასწარმეტყველთა, სახარებათა და მოციქულთა სწავლებას.
 
11.1. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც გმობენ მონაზვნურ ცხოვრებას და ამბობენ, რომ ბერები განუდგნენ ღმრთის, წინასწარმეტყველთა, სახარებათა და მოციქულთა წერილის მცნებებს, თვითნებობით და თვითგანსწავლით მოაწყვეს საკუთარი ცხოვრება და ადამიანურ გადმოცემებს მიჰყვებიან.
 
11.2. სხვები კი ამბობენ, რომ მონაზვნური ცხოვრება ღმრთივსათნო რომ ყოფილიყო, მაშინ თვით ქრისტე და ღვთაებრივი მოციქულებიც მონაზვნურ წესში იქნებოდნენ, მაგრამ ამჯერად ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტე და წმიდა მოციქულებიც, საეროებად გამოისახებიან და არა მონაზვნური სახით.
 
11.3. მესამენი ამბობენ, რომ მონაზვნური სქემა პახომის წმიდა ანგელოზისგან არ მიუღია: ეს ღმრთის ანგელოზი რომ ყოფილიყო, მაშინ ის ნათელი იქნებოდა, ხოლო ვინც პახომის გამოეცხადა იყო შავი - ეს კი დემონური მოქმედების ნიშანია.
 
11.4. მეოთხენი რყვნიან წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომელიც მან ტიმოთეს მიწერა: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ" (1 ტიმ. 4:1-3). მწვალებლები ირწმუნებიან, რომ წმიდა მოციქული პავლე ამ ბერებს გულისხმობდა: ისინიც ხომ კრძალავენ ქორწინებას და საკვებისგან თავშეკავებას, - ამგვართა შესახებ კი თითქოსდა დაწერილია: "წყეულ არს ყოველი, ვინც არ აღადგენს თესლს ისრაელში" (შეად.: მეორე რჯლ. 25:5-9). აქ კი წმიდა წერილიდან ამოკრებილია სიტყვები, რომლებიც უარყოფენ და ამხელენ ამგვარ მწვალებლურ მსჯელობას.
 
12. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა თუკი ეპისკოპოსი მწვალებელი აღმოჩნდება და არ აკურთხებს ან არ წყევლის ვინმეს მართლმადიდებელთაგან, საღმრთო მსჯავრი მაინც მიჰყვება მას. აქ კი მოტანილია მოწმობები წმიდა წიგნებიდან, რომ მწვალებელი, ეპისკოპოსიც რომ იყო, და არ აკურთხებს ან დასწყევლის ვინმე მართლმადიდებელს, საღმრთო მსჯავრი არ დაამტკიცებს მსჯავრს ერეტიკოსისას.
 
13. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდა განვსჯიდეთ არც მწვალებელს და არც განდგომილს. აქ კი შემოკრებილია მოწმობანი წმიდა წიგნებიდან იმის შესახებ, რომ გვმართებს არა მარტო განსჯა მწვალებლისა და განდგომილისა, არამედ მათი შეჩვენებაც, ხოლო მეფეებს, თავადებსა და მსაჯულთ მარტებთ მათი შეპყრობა, საპყრობილეებში ჩამწყვდევა და სასტიკად დასჯაც.
 
14. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდა გამოვიკითხოთ და გამოვიძიოთ მწვალებელთა და განდგომილთა შესახებ, თუკი ისინი თვითონ არ აღიარებენ საკუთარ მწვალებლობასა და განდგომილებას. აქ კი წმიდა წიგნთაგან შეკრებილია მოწმობანი იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტეს მოყვარე ადამიანს მართებს ყოველი ძალ-ღონის გამოყენება, და კეთილგონივრული მოხერხება, რათა გამოააშკარავოს მწვალებელი, გამოიძიოს და გამოიკვლიოს მათი საქმიანობა, ხოლო როდესაც შეიტყობს - არ დამალოს; ვინც მწვალებლის დაფარვას ცდილობს - თანამოაზრეა მწვალებლისა.
 
15. სიტყვა ნოვგოროდელ მწვალებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ თუკი მწვალებელი ან განდგომილი შეინანებს, მას მალევე უნდა მიეცეს წმიდა ეკლესიაში შესვლის უფლება და საღმრთო საიდუმლოთა ზიარება. აქ კი წმიდა წიგნთაგან შეკრებილია მოწმობანი იმის შესახებ, თუ რომელ მწვალებელთ და ურწმუნოთ, თუკი ისინი შეინანებენ, შეეძლებათ მალევე ეკლესიაში შესვლა და ქრისტეს საიდუმლოებათა ზიარება, და რომელ მწვალებელთა და განდგომილთ არ ექნებათ ამისი უფლება, სანამ მათზე არ აღსრულდება ყოველივე, რასაც ასეთი შემთხვევისთვის აწესებენ საღმრთო კანონები; ასევე იმის შესახებ, რომ დღეს გამოჩენილი ნოვგოროდელი მწვალებლები და განდგომილები - უბოროტესი და უბილწესი ერეტიკოსები არიან ცისქვეშეთში.
 
16. სიტყვა ნოვგოროდელი მწვალებლების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ თუკი ერეტიკოსი ან განდგომილი, რომლებიც თავიანთ მწვალებლობაში იმხილნენ და განსჯილ იქნენ, შეინანებენ, ისინი სინანულზე უნდა შეიწყნარონ და შეიწყალონ. აქ კი მოტანილია წმიდა წიგნთა მოწმობა იმის შესახებ, რომ თუკი მწვალებელი ან განდგომილი შეინანებს არა თავისი ნებით, არამედ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მხილებულ და გაკიცხულ იქნა, ასეთი სინანულის მიღება დაუშვებელია; რადგან ქურდები, ავაზაკები და მკვლელები, საფლავთა მთხრელები და სხვა ბოროტმოქმედებიც ვითომ ნანობენ თავიანთ საქციელს, როდესაც გამოაშკარავებულნი არიან ბოროტმოქმედებაში და განკითხულნი არიან, - მათი სინანული არ მიიღება.



წყარო: Просветитель / Преподобный Иосиф Волоцкий ; предисл. митр. Иоанн (Снычев), отв. ред., авт. послесл. О.А. Платонов. – Москва : Институт русской цивилизации, 2011.

პუბლიკაცია რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2023 წ.
Назад к содержимому