Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში ნათლისღების შესრულების მართლმადიდებლური შეფასება - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ნეოპროტესტანტულ მწვალებლობებში
ნათლისღების შესრულების მართლმადიდებლური შეფასება
საღვთისმეტყველო ასპექტი
(ნაწილი II)
სამყაროს შექმნა
ავტორი: რომან მიხეილის ძე კონი
 
ღვთისმეტყველების კანდიდატი, მირქმის სასულიერო აკადემიის დოცენტი.
 
 
ანოტაცია

მოცემული სტატია მეორეა პუბლიკაციათა იმ სერიაში, რომელიც ეძღვნება ნეოპროტესტანტულ სექტებში დანერგილ სწავლებასა და პრაქტიკას და მისდამი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებას, ის გაყოფილია ორ ნაწილად. მასში გაანალიზებულია ნეოპროტესტანტული წარმოდგენა ნათლობაზე ცხონების იურიდიულ გაგებასთან კავშირში, ასევე ნათლობის როლი და მნიშვნელობა მორწმუნეთა მიერ ცხონების მოპოვების პროცესში. ამ თემებთან კავშირში განიხილება ნათლისღების ფორმულისა და დანიშნულების ვარიატულობა და ნათლობის წესის სიმბოლური აზრი ნეოპროტესტანტიზმში (ბაპტიზმის, ადვენტიზმის და ორმოცდაათიანელობის მაგალითზე).

სტატიაში ნაჩვენებია განსხვავება ნათლისღების შესახებ სწავლების პრინციპულ საკითხებში მართლმადიდებლურ და ნეოპროტესტანტულ გაგებას შორის, კერძოდ, - ცოდვათა მიტევებაზე, მორწმუნის აღორძინებაზე ახალი ცხოვრებისთვის, წყლის დანიშნულებაზე ამ საიდუმლოში, ღმერთთან მორწმუნის შეერთების შესაძლებლობასა და ბუნებაზე.

ნეოპროტესტანტულ სწავლებას ნათლისღების შესახებ ეძლევა შეფასება ცხონების წმიდა მამებისეული გაგების კონტექსტში. ასევე სტატიაში კრიტიკულად არის გამოკვლეული მთელი რიგი რუსი ნეოპროტესტანტების მცდელობა ახსნან ნეოპროტესტანტული წარმოდგენის შეუსაბამობის პრობლემა ნათლისღებაზე, ბიბლიური გამოცხადებისა და ბიბლიური საკრამენტალიზმის პრიზმაში. აქვე იხსნება მოცემული მიდგომის უსაფუძვლობა.


***


2. ნათლობის შესახებ ნეოპროტესტანტული სწავლების ანალიზი მართლმადიდებლური სოტერიოლოგიის კონტექსტში
 
 
2.1. ხსნა, როგორც განღმრთობა და მისი კავშირი ნათლობასთან
   
ნათლობის შესახებ სწავლებას მართლმადიდებლობაში, ნეოპროტესტანტიზმისგან განსხვავებით, სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს, რამეთუ მართლმადიდებლური აღქმა ხსნისა არ შემოიფარგლება ადამიანთა სამართლებრივი განთავისუფლებით მამა ღმერთის რისხვისა და სასჯელისაგან, არამედ მდგომარეობს ჩვენი ბუნების გათავისუფლებაში პირველმშობელთა ცოდვის შედეგებისგან და მის განღმრთობაში.
 
პეტრე მოციქულის მოწმობის თანახმად, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ხელთუქმნელი მადლით ვიქცეთ საღმრთო ბუნების თანამოზიარეებად (θείας κοινωνοι φύσεως) (2 პეტრ. 1:4). ამისათვის განკაცდა ღმერთი და იესუ ქრისტე შუამავალი გახდა ღმერთსა და კაცთა შორის (1 ტიმ. 2:5), რათა, თავის იპოსტასში ორი ბუნების შეერთებით, ჩვენთვის მოეცა ღვთაებრივ ცხოვრებასთან თანაზიარების შესაძლებლობა და ღვთაებრივი მადლით გაეცოცხლებინა ჩვენი ბუნება: "რამეთუ ვიყვენით ჩვენ შეცოდებითა და ბრალეულობით მკუდარნი, ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი)" (ეფეს. 2:5).
 
გამოთქმა "ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა" წმიდა მამათა მიერ აღიქმება, როგორც ჩვენი გაცოცხლება უფალ იესუ ქრისტეს მიერ, და მასში ორ მნიშვნელობას გამოყოფენ: პირველი — კაცობრივი ბუნების გაცოცხლება ღმერთკაც იესუ ქრისტეს იპოსტასში, და მეორე — მორწმუნის გაცოცხლება ქრისტეს გაცოცხლებულ კაცობრივ ბუნებასთან თანაზიარებით. პიროვნული გაცოცხლება აღესრულება ნათლობაში, რომელშიც ნათლული (სულიერად) კვდება ცოდვილი ცხოვრებისათვის და ცოცხლდება ღვთის მადლის შეწევნით (თეოფანე დაყუდებული, მოციქულ პავლეს ეპისტოლეს განმარტება ეფესელთა მიმართ. მ., 2004. გვ. 177).
 
 
2.1. ცხონების მოპოვება: ნათლობა — როგორც ეკლესიაში შესვლა
 
ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის ნაყოფთა შეთვისება აღესრულება ეკლესიაში, როგორც ქრისტეს მისტიურ სხეულში, რომელსაც მორწმუნე ნათლობის საიდუმლოებით უერთდება. ამ საიდუმლოში ის ზეგარდმო იბადება ახალი ცხოვრებისთვის სულიწმიდის მადლით, ერთდება ღმერთთან, მადლით იქცევა ღვთის ძედ, ესე იგი შვილად ექმნება ღმერთს, და ცოდვები მიეტევება.
 
ამ საიდუმლოში მონაწილეობის პირობას წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებათა შეთვისება, საკუთარი ცოდვილიანობის გაცნობიერება და ცოდვათა გამო მონანიება. ნათლობა წარმოადგენს მორწმუნის ზიარებას ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის ნაყოფებთან (გიორგი (დანილოვი), ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოთა ღვთისმეტყველებრივი ასპექტები // მართლმადიდებლური სწავლება საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის V საერთაშორისო ღვთისმეტყველებრივი კონფერენცია: [3 ტომად]. მ.: სინოდის ბიბლიურ-ღვთისმეტყველებრივი კომისია, 2009. ტ. 1: საიდუმლონი ზოგადად. ნათლობა და მირონცხება. ევქარისტია: ლიტურგიკული ასპექტები. გვ. 183).
 
   
2.2.1. ნათლობის ფორმულა: "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა" (მათ. 28:19).
 
მართლმადიდებლურ ტრადიციაში ნათლობის ფორმულად მიღებულია უფალ იესუ ქრისტეს სიტყვები ნაბრძანები მოციქულთა მიმართ ნათელ-სცენ ხალხებს: "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა" (მათ. 28:19), და არა ქრისტეს სახელით, არა ქრისტეს სიკვდილში და არა წმიდა სამების პირთა ცალკეული სახელებით. ამ სწავლების საფუძველს წარმოადგენს ნათლობის აღქმა, როგორც ნათლულის თანაზიარებისა წმიდა სამების ღვთაებრივ ცხოვრებასთან. მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, სამ ღვთაებრივ იპოსტასში ერთი ღვთაებაა (ერთი ღვთაებრივი არსებაა), ამიტომ სამთა შორის "ერთი ძალაა, ერთი ნებაა, ერთი მოქმედებაა და ერთი ხელმწიფებაა, <...> სამი იპოსტასის ერთი და იგივე მოძრაობაა" (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры I, 8 // Источник знания. М., 2002. С. 172-173), და ერთი (ერთიანი) განწმედა ებოძება მორწმუნეებს მათგან: "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება წმიდისა სულისა თქვენ ყოველთა თანა" (2 კორ. 13:13; შეად.: 1 კორ. 12:4-6; 1 პეტრ. 1:1-2; საქ. 2:32-33; 7:55; რომ. 1:1, 3-4; 15:15-16, 30; 1 კორ. 6:11; 2 კორ. 1:19, 21-22; გალ. 4:6; ეფეს. 2:13-18; ტიტ. 3:4-6).
 
რადგან სამ პირს საერთო არსება და მოქმედება აქვს, ხოლო სიტყვა "ღმერთი" ბუნების ერთობას აღნიშნავს (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры III, 11 // Ис¬точник знания. М., 2002. С. 252), წმიდა მამათა (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმ. გრიგოლ პალამას) აზრით, სამივეს ერთი საერთო სახელი აქვს (ὄνομα κοινόν) — ღმერთი (Григорий Богослов, свт. Слово 40, 45 //Творения. СПб, 1912. Т. 1. С. 573), ხოლო მართლმადიდებელ მორწმუნეებს ერთი სარწმუნოება აქვთ მათ მიმართ, როგორც ერთადერთი ღვთისა (Григорий Палама, свт. Омилия 38. На 1-е утреннее воскресное Евангелие // Беседы. Монреаль, 1985. Ч. 1. С. 226).
 
თუმცა ნათლობის დროს მოუწოდებენ არა წმიდა სამების საერთო სახელს "ღმერთი", არამედ ღვთის იპოსტასთა სახელებს, რამეთუ ჩვენი ხსნა წმიდა სამების თითოეული იპოსტასის საქმეა. წმ. ნიკოლოზ კაბასილასის სწავლების მიხედვით, თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული მოქმედებით შეუწყო ხელი კაცთა ხსნის საქმეს, ისევე როგორც მონაწილეობდა მათ შექმნაში: "მამა შეურიგდა, ძემ შეარიგა, ხოლო სულიწმიდა ნიჭად ექმნა უკვე სხვად ქცეულთ. ერთმა გაგვათავისუფლა, მეორე — საფასურია, რომლითაც გამოსყიდულნი ვართ, ხოლო სული — თავისუფლებაა <...> ერთმა შექმნა, მეორის მიერ ვართ შექმნილნი, ხოლო სული ცხოველჰყოფს, ამიტომაც პირველ ქმნილებაში სამება თითქოსდა ჩრდილში იქნა გამოხატული. ერთი ქმნიდა, მეორე ხელი იყო შემოქმედისა, ხოლო ნუგეშისმცემელი — სული სიცოცხლის შთამბერველისა <...> და ამრიგად, მათ, ვინც იღებს წმიდა ხელახალ ქმნილებას, რომელმაც ერთადერთმა აჩვენა ღმერთი განყოფილად, ღვთაებრივ საბანელთან უნდა მოუწოდონ ღმერთს, განყოფენ რა იპოსტასებს (სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა)" (Николай Кавасила, св. прав. Семь слов о жизни во Христе. Слово 2. Какое содействие оказывает ей Божественное крещение, 46 // О жизни во Хри¬сте. М., 2006. С. 31-32).
 
ნეოპროტესტანტიზმში თავდაპირველი, მართლმადიდებლური აღქმა ხსნისა, რომელიც წმიდა სამების მიერ აღესრულა, დამახინჯებულია, რამეთუ მისი მიმდევრები ქრისტეს პირად მაცხოვრად მოიხსენიებენ, და ამით, თეოფანე დაყუდებულის თანახმად, ქრისტეს სახით თითქოს იფარება წმიდა სამების სხვა იპოსტასთა მონაწილეობა ჩვენს ხსნაში, რომელიც მისი განუყოფელი მოქმედებით აღესრულება (Конь Р. М. Сектоведческая тематика в трудах святителя Феофана Затворника // Русская патрология. Материалы академической конференции. Сергиев Посад, 2009. С. 293). ამ მიზეზით, როგორც ჩანს, ისინი თანასწორმნიშვნელოვნად მიიჩნევენ ნათლობის სხვადასხვა ფორმულას: იესუ ქრისტეს სახელით აღსრულებულსაც და წმიდა სამების სახელით აღსრულებულსაც.
 
ნათლობის ფორმულათა ვარიატულობა ერთი მწვალებლობის ფარგლებში აუფასურებს მათ შინაარსს, ამიტომ ის ნეოპროტესტანტებიც კი, რომლებიც წმიდა სამების სახელით ნათლავენ, ამ ფორმულას სწორად მიიჩნევენ არა იმიტომ, რომ სწამთ წმიდა სამების ყველა პირის მონაწილეობა ჩვენს ხსნაში, და არა სოტერიოლოგიური არგუმენტაციის საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ ეს ქრისტეს მცნებაა, და მისი მორჩილების გამო ასრულებენ მას, თუმცა არ ესმით, რატომ და რისთვის დაადგინა უფალმა ეს სიტყვები ნათლობის ფორმულად.
 
ამრიგად, საეკლესიო ნათლობა აღესრულება მხოლოდ ერთი და სამიპოსტასოვანი ღვთის სახელით, "არა [სახელით] ვიღაც ერთისა <...>, არამედ <...> თითოეულის სახელით და თითოეულის პირით ცალ-ცალკე" (Тертуллиан. Против Праксея, 26 // Альфа и Омега. 2001. № 28. С. 71), არც იესუ ქრისტეს სახელით და არც იესუ ქრისტეს სიკვდილით. ნათლობის ფორმულა ერთი, მაგრამ სამპიროვანი ღვთის სახელით, გამორიცხავს იმ ვარაუდს, თითქოსდა ნათლობა აღესრულებოდეს სამ ღმერთში, ან თითქოსდა ყველა პირი არ იყოს ღვთაებრივი, ან თითქოს ისინი წარმოადგენენ ღვთის შემთხვევით (ცვალებად) მოდუსებს ან ძალებს, ან კიდევ თითქოსდა ხსნის საქმე მთელ წმიდა სამებას არ ეკუთვნის.


2.2.2. გამოთქმის "ვინც მოვინათლეთ იესუ ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით" (რომ. 6:3) მნიშვნელობა.
 
მოციქულ პავლეს სიტყვების "ვინც მოვინათლეთ იესუ ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით" (რომ. 6:3) წეს-ჩვეულებით, სიმბოლურ და დოგმატურ მნიშვნელობას, კერძოდ, წმინდა იოანე დამასკელი განმარტავს. იგი აღნიშნავს, რომ მოციქულ პავლეს ამ გამოთქმაში არც ერთი სიტყვა არ წარმოადგენს ნათლისღების ფორმულას (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры IV, 9 // Источник знания. М., 2002. С. 293).
 
ამ სიტყვების სიმბოლური მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ნათლისღება ქრისტეს სიკვდილს ემსგავსება, ანუ წყალში სრული შთაფლვა სიმბოლურად გამოხატავს ცოდვისთვის სიკვდილს და ქრისტეს აღდგომის ძალასთან (მადლთან) ზიარებას (Иоанн Златоуст, свт. Беседа 1, 4 на Послание к Римлянам // Творения. СПб., Т. 9. Кн. 2. С. 600; Феодорит Кирский, блж. Толкование на Послание к Римлянам 6, 8–9 // Творения. М., 2003. С. 132–133. Феофилакт Болгарский, блж. Толкование на Послание к Римлянам. Гл. 6. С. 32; Феофан Затворник, свт. Толкование Послания апостола Павла к Римлянам. М., 2006. С. 440), ხოლო სამგზისი შთაფლვა სრულდება სამი დღის განმავლობაში საფლავში ქრისტეს ყოფნის ნიშნად. მართალია, მოციქულ პავლეს შთაფლვათა რაოდენობა მითითებული არ აქვს, მაგრამ ამბობს: "იესუ ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით" (რომ. 6:3). მიუხედავად ამისა, მოციქული არ ამბობს, რომ ნათლისღების დროს მოწოდება სწორედ ამ სიტყვებისგან უნდა შედგებოდეს слов (Иоанн Дамаскин, прп. Точное изложение православной веры IV, 9 // Источник знания. М., 2002. С. 293).
 
ნათლისღების სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ქრისტესადმი რწმენით წყალში შთაფლვაში მდგომარეობს, მაგრამ ქრისტესადმი რწმენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მიიღებს სწავლებას წმინდა სამების შესახებ. ამიტომაც უფალმა მცნებად დაგვიდო ნათლისღება "მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მთ. 28:19) (იქვე). ანალოგიურ სიმბოლურ განმარტებას გვთავაზობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელიც (Феофилакт Болгарский, блж. Толкование на Евангелие от Луки // Феофилакт Болгарский, блж. Благовестник. 3-е изд. В 4 тт. Т. 3. М., 2013. С. 506–507).
 
რომ. 6:3-4-ის ტრიადოლოგიურ განმარტებას უფრო ადრე წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვთავაზობს. ის მოწმობს სრულიად ეკლესიურ პრაქტიკაზე: ნათლისღება აღესრულება "მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მთ. 28:19). თუმცა, თეორიულად რომ დავუშვათ, თითქოსდა ვინმე "ქრისტე იესუში" მონათლულიყოს, ეს მაინც "სათანადო ფარგლებს არ გასცდება". ამის მიზეზი წმინდა სამების პირთა ბუნების იგივეობაა: როდესაც ერთი პირი სახელდება, ამით ყველა პირი მოიაზრება. ამიტომ გამოთქმა "ვინც მოვინათლეთ იესუ ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით" (რომ. 6:3) წარმოადგენს წმინდა სამების სახელით ნათლისღების შემოკლებულ აღსარებას, მაგრამ არა ნათლისღების ფორმულას (Кирилл Александрийский, свт. Толкование на Послание к Римлянам (из катен). Пер. иером. Феодора (Юлаева) // Библия и христианская древность. 2019. № 1 (1). С. 60)..
 
ამრიგად, ნეოპროტესტანტთა მცდელობას რომაელთა მიმართ ეპისტოლეს 6:3-ში მოცემული სიტყვები ნათლისღების ფორმულად მიიჩნიონ (Сипко Ю. Разные ли крещения во имя триединого Бога и во имя Христа? URL: https://baptist.org.ru/read/article/94639), წმინდა მამათა ეგზეგეზაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
 
 
2.2.3. გამოთქმების: "იესუ ქრისტეს სახელით ნათლისღება" ან "უფალ იესუს სახელით ნათლისღების" მნიშვნელობა.
 
მართლმადიდებლურ ეგზეგეზაში გამოთქმებს: "იესუ ქრისტეს სახელით ნათლისღება" (საქმ. 2:38; 10:48) ან "უფალ იესუს სახელით ნათლისღება" (საქმ. 8:16; 19:5) შემდეგი ისტორიულ-თეოლოგიური განმარტება აქვს. პირველ რიგში, ეს ციტატები არ წარმოადგენს ნათლისღების ფორმულას და ისინი ტრიადოლოგიურ კონტექსტში უნდა განიმარტოს, როგორც წმინდა სამებისადმი რწმენის აღსარება, "რადგან ქრისტეს სახელწოდება ყოველივეს აღსარებაა" (Василий Великий, свт. О Святом Духе к св. Амфилохию, епископу Иконийскому 12, 28// ТСОРП. Ч. 3. Кн. 2. М., 1846. С. 272), ანუ ღვთაებრივი არსების იგივეობის გამო ერთი პირის სახელწოდებაც კი გონებით ყველა ღვთაებრივ პირზე მიუთითებს.
 
მეორე მხრივ, გამოთქმის "ქრისტეს სახელით ნათლისღება" მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიური ნათლისღების დაწესებას დროში წინ უძღოდა იოანეს ნათლისღება სინანულისთვის და მომავალი მესიის მოლოდინისთვის. მაგრამ ეკლესიის დაფუძნების შემდეგ მორწმუნეებს, წმინდა ევლოგი ალექსანდრიელის სწავლების თანახმად, უკვე ქრისტეს მიერ დადგენილი წესით ნათლისღებისკენ მოუწოდებენ. სწორედ ასე ესმოდა მას სიტყვები "იესუ ქრისტეს სახელით ნათლისღება" (Малиновский Сильвестр, архим. Опыт православного догматического богословия. Т. IV. СПб, 2004. С. 377) — წმინდა სამების სახელით, როგორც ეს მითითებულია მთ. 28:19-ში, და არა იოანეს ნათლისღებით. ასევე, საქმ. 19:4-5-ში მოხსენიებულნი არიან ეფესელი მორწმუნეები, რომლებმაც თავდაპირველად იოანეს ნათლისღება მიიღეს, მაგრამ შემდეგ შეხვდნენ მოციქულ პავლეს, მისგან შეიტყვეს წმინდა სამების სახელით ნათლისღების შესახებ და ქრისტეს მცნების შესაბამისად მოინათლნენ. ამიტომ ეს ტექსტები (საქმ. 2:38; 8:16; 10:48 და 19:5) უნდა გავიგოთ როგორც მოციქულთა მითითება იმაზე, რომ ნათლისღება აღესრულოს თავად უფალ იესუ ქრისტეს მიერ დადგენილი მცნების შესაბამისად და განვასხვავოთ იგი იოანეს ნათლისღებისგან.
 
 
2.2.4. კერძო მოსაზრებები იესუ ქრისტეს სახელით საეკლესიო ნათლისღების შესაძლებლობის შესახებ.
 
თავდაპირველად ეკლესიაში ნათლისღების ფორმულა წმინდა სამების სახელის მოხმობაში მდგომარეობდა (მთ. 28:19). პროფ. ა. ი. ალმაზოვი თავის წიგნში "История чинопоследований крещения и миропомазания" V საუკუნის ჩათვლით საეკლესიო მწერლობის მოწმობების ისტორიულ მიმოხილვას გვთავაზობს და აჩვენებს, რომ ამ საიდუმლოს აღსრულებისას ეს ფორმულა ალტერნატივის გარეშე გამოიყენებოდა (Алмазов А. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань, 1884. С. 329–338).
 
თუმცა, საეკლესიო მწერლობიდან ცალკეულ ფრაგმენტებზე დაყრდნობით, იგი ვარაუდობს, რომ ზოგჯერ, როგორც ჩანს, ამ ფორმულიდან გადახვევა დაიშვებოდა და იესუ ქრისტეს სახელით ნათლისღებაც კანონიერად მიიჩნეოდა (Там же. С. 345).
 
უპირველესად, ის იმოწმებს რომის პაპის, წმინდა სტეფანეს (†257 წ.) გამონათქვამს: "ქრისტეს სახელი დიდ საქმეებს აღასრულებდა, ასე რომ, ვინც გინდ ყოფილიყო და რომელ ქვეყანაშიც გინდ ეცხოვრა, თუ ამ სახელით მოინათლებოდა, იესუ ქრისტეს მადლს მიიღებდა" (Цит по: Алмазов А. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань, 1884. С. 345. Киприан Карфагенский, свт. Письмо 62. К Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни // Письма. Ч. 1. Киев, 1879. С. 334). რომის პაპის, წმინდა სტეფანეს ეს სიტყვები მოცემულია კესარია კაპადოკიის ეპისკოპოს ფირმილიანეს პასუხში წმინდა კვიპრიანე კართაგენელისადმი გაგზავნილ წერილზე.
 
ეპისკოპოსი ფირმილიანე ამ წერილში ნათლისღების ფორმულად "ქრისტეს სახელით" სიტყვების გამოყენებას უარყოფს. იგი ასევე განიხილავს პაპ წმინდა სტეფანეს სხვა მოსაზრებასაც, "თითქოს მოციქულები კრძალავდნენ ერესიდან მოქცეულთა ნათლისღებას და ეს წესი შემდგომი თაობებისთვის დასაცავად გადასცეს" (Киприан Карфагенский, свт. Письмо 58. К Квинту, о крещении еретиков. // Письма. Ч. 1. Киев, 1879. С. 327). როგორც ჩანს, "ქრისტეს სახელით" ნათლისღების ეს ფორმულა უფრო ერეტიკოსთა პრაქტიკაში გამოიყენებოდა, ვიდრე ეკლესიის მიერ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, რადგან ეპისკოპოს ფირმილიანეს პასუხში გნოსტიკოსებიც არიან მოხსენიებულნი. ამ დასკვნის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ წმინდა კვიპრიანესთვის ცნობილი იყო გნოსტიკოსთა მიერ ნათლისღების ამ ფორმულის გამოყენება (Киприан Карфагенский, свт. Письмо 60. К Юбаяну, о крещении еретиков // Письма. Ч. 1. Киев, 1879. С. 294).
 
ეკლესიაში "ქრისტეს სახელით" ნათლისღების დასაშვებობის შესახებ მოსაზრებას ეწინააღმდეგება კართაგენის კრების 68-ე კანონიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეკლესია აღიარებს მხოლოდ წმინდა სამების სახელით აღსრულებულ ნათლისღებას. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ ნოვატიანთა მიერ აღსრულებული ნათლისღება არ უნდა ყოფილიყო დაბრკოლება წმინდა ხარისხებში დასადგენად, თუკი იგი წმინდა სამების სახელით იყო აღსრულებული.
 
პროფ. ა. ი. ალმაზოვის ვარაუდი კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. იგი წმინდა ბასილი დიდის თხზულების "სულიწმიდის შესახებ", მე-3 თავში, ხედავს საფუძველს იმის ვარაუდისთვის, რომ გამოთქმა "ქრისტეს სახელით" შესაძლოა ნათლისღების ფორმულად ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა ამ მონაკვეთის განხილვისას წმინდა ბასილი პირდაპირ მიუთითებს მთ. 28:19-ში გადმოცემულ ნათლისღების ფორმულაზე (Василий Великий, свт. О Святом Духе к св. Амфилохию, епископу Иконийскому // ТСОРП. Ч. 3. Кн. 2. М., 1846. С. 267, 273). წიგნში "სულიწმიდის შესახებ" ცალკე მე-12 თავიც არის, სახელწოდებით "პასუხი მათ, ვინც ამტკიცებს, რომ საკმარისია ნათლისღება მხოლოდ უფლის სახელით". წმინდა ბასილი ამ თავში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით მოციქულ პავლეს სიტყვები ქრისტეს სახელით ნათლისღების შესახებ: "ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3:27); "ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით" (რომ. 6:3), თითქოს ამ დროს მამისა და სულიწმიდის სახელების მოხმობა საჭირო არ იყოს. იგი აღნიშნავს, რომ მართალია, მოციქული პავლე "ხშირად დუმს" წმინდა სამების სხვა პირებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი სახელების მოხმობა საჭირო არ არის, რადგან "ქრისტეს სახელდება ყოველივეს აღსარებაა; იგი მიუთითებს როგორც მაცხებელ ღმერთზე, ისე ცხებულ ძეზე და სულის ცხებაზე".
 
თავისი მსჯელობის საილუსტრაციოდ წმინდა ბასილი იმაზეც მიუთითებს, რომ მოციქული პავლე ზოგჯერ მხოლოდ სულიწმიდით ნათლისღებას ახსენებს: "ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად" (1 კორ. 12:13); "იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით" (საქმ. 1:5); "ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით" (ლკ. 3:16). თუმცა ამ სიტყვებიდან, წმინდა ბასილის განმარტებით, არ გამომდინარეობს, რომ ნათლისღებისას მხოლოდ სულიწმიდის სახელის მოხმობა იყოს საკმარისი, რადგან "არავინ უწოდებს სრულყოფილს ნათლისღებას, რომლის დროსაც მხოლოდ სულის სახელი იქნა მოხმობილი" (Василий Великий, свт. О Святом Духе к св. Амфилохию, епископу Иконийскому // ТСОРП. Ч. 3. Кн. 2. М., 1846. С. 272).
 
ამრიგად, წმინდა ბასილის ამ მსჯელობაში უფრო მეტად ჩანს ის პრინციპი, რომ მოციქულთა მიერ ნათლისღების შესახებ გამოყენებული შემოკლებული გამოთქმები არ უნდა განვიხილოთ ნათლისღების სრული ფორმულის პირდაპირ გამოხატულებად. ამ თვალსაზრისით, ალმაზოვის მიერ მოყვანილი ადგილი "ქრისტეს სახელით" ნათლისღების ფორმულის არსებობის დასადასტურებლად, პირდაპირ და ცალსახა მოწმობად ვერ გამოდგება.
 
პროფ. ა. ი. ალმაზოვი მიუთითებს პრესვიტერ გენადი მარსელელზე (V-VI სს.), რომელიც აფრიკელი ბერის ურზინის მოსაზრებას გადმოსცემს: "კანონიერი და ღვთივსათნო საქმე არ არის იმათ ხელახლა ნათლისღება, რომლებიც მოინათლნენ ან მხოლოდ ქრისტეს, ან მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, თუნდაც ეს მათ არასწორი გაგებით ჰქონდეთ მიღებული, რადგან ქრისტესა და წმინდა სამების უბრალო აღსარების შემდეგ მათი ცხონებისთვის საკმარისია მღვდლის მიერ ხელის დადება". თუმცა ეს ცნობა ვერ ადასტურებს ეკლესიაში "ქრისტეს სახელით" ნათლისღების აღსრულების პრაქტიკას და ვერც ამ ფორმულის აღიარებას ეკლესიის მიერ, რადგან თავად პრესვიტერი გენადი მარსელელი მოწმობს, რომ ნათლისღება "ეკლესიაში აღესრულება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით" (Фокин А. Р. Геннадий Марсельский // ПЭ. Т. 10. С. 616–620).
 
პროფ. ა. ი. ალმაზოვის კიდევ ერთი ვარაუდი ქრისტეს სახელით ნათლისღების შესაძლო აღსრულების შესახებ ემყარება წმინდა ამბროსი მედიოლანელის წიგნიდან "სულიწმიდის შესახებ" მოყვანილ ციტატებს. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ახსენებს კანდაკიის დედოფლის საჭურისის "ქრისტეში" ნათლისღებას (საქმ. 8:36-38) და აღნიშნავს, რომ მან ამ ნათლისღებით "საიდუმლოს სისრულე მიიღო" (Амвросий Медиоланский, свт. О Святом Духе I, 3, 41 // Собрание творений. T. VI. М., 2016. С. 61). ამ შემთხვევაში ნათლისღების სისრულის საფუძვლად წმინდა ამბროსი მიიჩნევს იმას, რომ "ერთი პირის მოხმობა მთელ სამებას აღნიშნავს" (იქვე. I, 3, 44 // Собрание творений. T. VI. М., 2016. С. 63). ამის შემდეგ იგი იმავე მსჯელობის ფარგლებში განიხილავს სულიწმიდის სახელით ნათლისღებას და აღნიშნავს, რომ საიდუმლოს სისრულე არც ამ შემთხვევაში ირღვევა, რადგან უფალმა თავად თქვა: "მოინათლებით სულიწმიდით" (საქმ. 1:5) (იქვე. I, 3, 45 // Собрание творений. T. VI. М., 2016. С. 63).
 
აქედან ალმაზოვი ასკვნის, რომ ნათლისღება შესაძლოა წმინდა სამების თუნდაც ერთი პირის სახელის მოხმობით აღესრულოს, ოღონდ აუცილებელი პირობაა წმინდა სამებისადმი რწმენა. თუმცა, წმინდა ამბროსის ეს მოსაზრება უფრო კერძო შეხედულებას წარმოადგენს.
 
როგორც ი. ი. ადამოვმა აჩვენა, წმინდა ამბროსი მედიოლანელის ღვთისმეტყველებაზე ძლიერი და განსაკუთრებული გავლენა კაპადოკიელ წმინდა მამათა სწავლებამ მოახდინა, თუმცა ის ყველა საკითხში არ მიჰყვება მათ სწავლებას. წმინდა ამბროსის ღვთისმეტყველების ეს თავისებურება ნათლად ჩანს ნათლისღების ფორმულის შესახებ მის მსჯელობაში, რომელიც გადმოცემულია თხზულებაში "სულიწმიდის შესახებ". ი. ი. ადამოვის აზრით, ეს თხზულება წმინდა ბასილი დიდის ამავე სახელწოდების წიგნზეა დამოკიდებული (Адамов И. И. Святитель Амвросий Медиоланский. Сергиев Посад, 2006. С. 437). მიუხედავად ამისა, წმინდა ამბროსი თავის თხზულებაში "სულიწმიდის შესახებ" დასაშვებად მიიჩნევს ნათლისღებას წმინდა სამების ერთი პირის სახელით, მაშინ როდესაც სხვა თხზულებებში ის წმინდა სამების სახელით ნათლისღების აუცილებლობაზე საუბრობს. წმინდა ბასილი დიდი კი წმინდა სამების ერთი პირის სახელით ნათლისღებას დასაშვებად არ მიიჩნევს.
 
წმინდა ბასილი დიდის წიგნში "სულიწმიდის შესახებ", მე-12 თავში, "პასუხი მათ, ვინც ამტკიცებს, რომ საკმარისია ნათლისღება მხოლოდ უფლის სახელით", მოცემულია გაფრთხილება, რომ მოციქულ პავლეს სიტყვები ქრისტეს სახელით ნათლისღების შესახებ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი და მცდარი მნიშვნელობით, თითქოს ისინი ნათლისღების ფორმულას წარმოადგენდეს: "ქრისტეში ნათელღებულებმა ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3:27); "ქრისტე იესუში ნათელღებულებმა, მის სიკვდილში ნათელვიღეთ" (რომ. 6:3). წმინდა ბასილი დიდი აღნიშნავს, რომ მოციქული პავლე ნათლისღებაზე საუბრისას "ხშირად დუმს" წმინდა სამების სხვა პირებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს სახელდება მთელი სამების აღსარებას გულისხმობს, აქედან არ გამომდინარეობს, "რომ არ არის საჭირო მათი სახელების მოხმობის დაცვა". ასევე, როდესაც მოციქული პავლე ნათლისღებას მხოლოდ ერთი პირის, სულიწმიდის, ხსენებით აღწერს: "ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად" (1 კორ. 12:13); "მოინათლებით სულიწმიდით" (საქმ. 1:5); "ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით" (ლკ. 3:16), მხოლოდ ამის საფუძველზე არ უნდა მივიჩნიოთ ეს სიტყვები ნათლისღების ფორმულად. წმინდა ბასილი მიიჩნევს, რომ "ვერავინ იტყვის ნათლისღებას სრულყოფილად, თუკი მხოლოდ სულის სახელს მოუხმობს" (Василий Великий, свт. О Святом Духе к св. Амфилохию, епископу Иконийскому 12, 28 // ТСОРП. Ч. 3. Кн. 2. М., 1846. С. 272). ამიტომ ნათლისღება, გადმოცემის თანახმად, რწმენის შესაბამისად უნდა აღესრულოს: "როგორც გვწამს მამის, ძის და სულიწმიდის, ასევე ვინათლებით მამის და ძის და სულიწმიდის სახელით" (Там же. С. 273).
 
წმინდა ამბროსი მედიოლანელი, სულიწმიდით ნათლისღების შესახებ იმავე ტექსტებზე დაყრდნობით (საქმ. 1:5; ლკ. 3:16), რომლებსაც წმინდა ბასილი დიდი იყენებს, მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ნათლისღება წმინდა სამების მხოლოდ ერთი პირის სახელის მოხმობით, რადგან "ერთი პირის მოხმობა მთელ სამებას აღნიშნავს" (Амвросий Медиоланский, свт. О Святом Духе I, 3, 44 // Собрание творений. T. VI. М., 2016. С. 63).
 
წმინდა მამათა მიერ ნათლისღების ფორმულის გაგებაში ეს განსხვავება მათი ღვთისმეტყველების მეთოდოლოგიური თავისებურებებით შეიძლება აიხსნას. წმინდა ბასილი დიდის ღვთისმეტყველების მეთოდოლოგია თეოლოგიურ არგუმენტად "ეკლესიის ცნობიერებისა და პრაქტიკის" მოწმობის გამოყენებას გულისხმობს (Адамов И. И. Святитель Амвросий Медиоланский. Сергиев Посад, 2006. С. 224), ანუ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით არსებულ გადმოცემას. ასე, მაგალითად, სულიწმიდის ღვთაებრიობას წმინდა ბასილი ნათლისღების ფორმულით, მთ. 28:19-ით ასაბუთებს, რომელსაც, მისი სწავლების თანახმად, უფლისგან მომდინარე გადმოცემად (Василий Великий, свт. Против Евномия III, 5 // Василий Великий, свт. Творения. М., 2008. Т. 1. С. 264) და სამოციქულო გადმოცემად მიიჩნევს (Василий Великий, свт. О Святом Духе 27, 2 // ТСОРП. Ч. 3. Кн. 2. М., 1846. С. 332). ხოლო წმინდა ამბროსის შემთხვევაში, როგორც ი. ი. ადამოვი წერს, ეს მეთოდოლოგია თითქმის არ ჩანს და "ეკლესიის გადმოცემის მტკიცებითი ძალა მის [წმინდა ამბროსის] ცნობიერებაში ძალიან სუსტად ვლინდება" (Адамов И. И. Святитель Амвросий Медиоланский. Сергиев Посад, 2006. С. 225).
 
წმინდა ამბროსის სხვადასხვა თხზულებაში ნათლისღების ფორმულის შესახებ განსხვავებული ფორმულირებები გვხვდება. ერთ შემთხვევაში იგი საუბრობს წმინდა სამების სახელით ნათლისღებაზე (Амвросий Медиоланский, свт. О вере I, 6 // Собрание творений. Т. V. М., 2015. С. 47), რასაც ი. ი. ადამოვიც აღნიშნავს თავის კვლევაში (Адамов И. И. Святитель Амвросий Медиоланский. Сергиев Посад, 2006. С. 437). სხვა ადგილას კი წმინდა ამბროსი წმინდა სამების მხოლოდ ერთი პირის სახელის მოხმობით ნათლისღების შესაძლებლობაზე საუბრობს: "თუ შენი ენა მხოლოდ ერთს — მამას, ან ძეს, ან სულიწმიდას — მოიხსენიებს, მაგრამ შენი რწმენა არც მამას, არც ძეს და არც სულიწმიდას არ უარყოფს, მაშინ საიდუმლო რწმენის სისრულეს ინარჩუნებს" (Амвросий Медиоланский, свт. О Святом Духе I, 42 // Собрание творений. T. VI. М., 2016. С. 61). იმავე აზრს გამოხატავს მისი სხვა გამონათქვამიც: "როგორც ქრისტეს სახელით ნათლისღების საიდუმლო სრულად აღესრულება, ასევე არაფერი აკლებს მის სისრულეს, თუკი მხოლოდ სულიწმიდა მოიხსენიება" (Там же. I, 44 // С. 63). ამგვარად, წმინდა ამბროსის აღნიშნულ გამონათქვამებში განსხვავებული მიდგომა იკვეთება. თუმცა, ი. ი. ადამოვი თავის კვლევაში ამ განსხვავებას არ აღნიშნავს.
 
მიუხედავად ამისა, პროფ. ა. ი. ალმაზოვი მიიჩნევს, რომ აშკარა სამებისმეტყველებითი ერესის არარსებობის შემთხვევაში ეკლესია, რომელიც არ აღიარებდა ერეტიკოსთა მიერ მხოლოდ ერთი უფლის სახელით აღსრულებულ ნათლისღებას, "უშვებდა სწავლებას, რომელიც, როგორც ჩანს, აშკარად ეწინააღმდეგებოდა ნათლისღების სავალდებულო ფორმულის შესახებ ჩვეულებრივ სწავლებას" (Алмазов А. История чинопоследований крещения и миропомазания. Казань, 1884. С. 347). თუმცა, ამ მოსაზრების დასასაბუთებლად ალმაზოვს მსგავსი პრაქტიკის კონკრეტული მაგალითები არ მოჰყავს. იგი მხოლოდ ვარაუდობს, რომ ასეთი შემთხვევები შესაძლოა ზემოთ განხილული ტექსტებიდან გამომდინარეობდეს.


გაგრძელება იქნება.


წყარო: Конь Р. М. Православная оценка крещения в неопротестантских ересях: богословский аспект (Часть I) // Диакрисис. 2024. № 1 (21).

მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому