სწავლანი > ანტიერეტიკონი
სულის მახვილი
სექტანტურ ცრუსწავლებათაგან თავდასაცავად
ავტორი: დეკ. იოანე სმოლინი.
ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ, თავისი საზოგადოებრივი მსახურების დასაწყისშივე, ყველა ხალხისთვის მის შესახებ ქადაგების მიზნით მოციქულები აირჩია: "აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი" (მკ. 3:14). " და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:15-16). " მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მთ. 28:19).
მაგრამ თავად მოციქულებს არ შეეძლოთ ქრისტეს მოძღვრება ყველა ხალხისთვის გადაეცათ და ამიტომ ყოველ საეკლესიო თემში ხელს ასხამდნენ ხუცესებსა და ეპისკოპოსებს: " ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი, - ნათქვამია მოციქულთა საქმეების წიგნში, - და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს" (საქ. 14:23). მოციქულთა მიერ ხელდასმულ ეკლესიის მწყემსებს კი ასე შეაგონებდნენ: "მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ" (საქ. 20:28). "ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის. გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც" (1 ტიმ. 4:14-16). "იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით" (2 ტიმ. 4:2). "და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც" (2 ტიმ. 2:2).
აქ, ერთგულ ადამიანებში, უეჭველად ხუცესები იგულისხმებიან, როგორც დადგენილი მოძღვრები. და ბოლოს, მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად" (1 კორ. 12:28). ამრიგად, საეკლესიო სწავლების საკითხზე მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრების არსი შემდეგია:
ა) თავისი სწავლების გასავრცელებლად და დასამტკიცებლად, რომელიც აუცილებელია ადამიანთა ხსნისთვის და რომელიც ქრისტემ გადასცა მორწმუნეებს, მაცხოვარმა კეთილად ინება განსაკუთრებული პირების - მოციქულების - არჩევა;
ბ) მოციქულები იმავე მიზნით ადგენდნენ ეპისკოპოსებს, რომლებსაც ანიჭებდნენ ხუცესთა ხელდასმის უფლებას და ავალებდნენ მათ ღვთის სიტყვის ქადაგებას;
გ) აქედან გამომდინარე, მოციქულთა შემდეგ საეკლესიო სწავლების უფლება მემკვიდრეობით ეპისკოპოსებსა და ხუცესებზე გადავიდა;
დ) სწავლება, რომელიც არ ხელმძღვანელობს ეკლესიის ხმით, რომელიც გამოხატულია წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებებსა და მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა განჩინებებში, არის თვითნებური და შეუძლია მხოლოდ მწვალებლობათა და განხეთქილებათა წარმოშობა.
ამას კიდევ ისიც უნდა დაემატოს, რომ საეკლესიო მოძღვრების საგანი უნდა იყოს: 1) საღვთო წერილის განმარტება, 2) დოგმატური და ზნეობრივი ჭეშმარიტებანი, 3) ძველი და ახალი აღთქმის ბიბლიურ-ისტორიული ჭეშმარიტებანი, 4) საეკლესიო-ლიტურგიკული და საწესჩვეულებო ჭეშმარიტებანი; საეკლესიო მოძღვრების წყაროს კი წარმოადგენს საღვთო წერილი და საღვთო გადმოცემა.
უცილო ჭეშმარიტებაა, რომ მაცხოვარი ქრისტე არის პირველი და უმაღლესი მოძღვარი, რომელმაც დედამიწაზე მოიტანა თავისი ამაღლებული ღვთაებრივი სწავლება, რომელიც სახარებაშია მოცემული; მხოლოდ მან მოიტანა ციდან ასეთი ამაღლებული მოძღვრება. მაგრამ ის სულაც არ ამბობს იმას, რომ ეკლესიაში არ უნდა იყვნენ განსაკუთრებულად დადგენილი მოძღვრები; პირიქით, მან თავად გააგზავნა მოციქულები ხალხთა სასწავლებლად და დააწესა ისინი მოძღვრებად, მოციქულებმა კი - თავიანთი მემკვიდრეები დააწესეს: "რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად" (1 კორ. 12:28).
ამ მოძღვრებზე ბევრია ნათქვამი ღვთის სიტყვის სხვა ადგილებშიც. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე მოციქული პავლე წერს: "მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად" (ეფ. 4:11).
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე წერს: "რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე" (რომ. 12:7); ბრძანებს, იყო მოძღვრებაში და არ მიატოვო იგი, როგორც მაცხოვრის, ერთადერთი მოძღვრის შესახებ მისივე სწავლების შეუსაბამო.
ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში ის განსაკუთრებულად საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც სარწმუნოების მოძღვარზე: "მე, - ამბობს ის, - დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით" (1 ტიმ. 2:7).
ზუსტად იმავეს ამბობს ის მეორე ეპისტოლეშიც ტიმოთეს მიმართ: "ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი" (2 ტიმ. 1:11); და თავად ტიმოთეს ურჩევს, ან უფრო სწორად, ამცნებს: "იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით" (2 ტიმ. 4:2); "გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკვიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც" (1 ტიმ. 4:16).
არის სხვა მსგავსი ადგილებიც უფლის სიტყვაში. ახლა კი მიუკერძოებლად უნდა ვიმსჯელოთ, სამართლიანად თუ იქცევიან ისინი, ვინც, აღდგომილნი არიან ეკლესიის მწყემსთა და მოძღვართა წინააღმდეგ, და თავად ისაკუთრებენ ამ, მათთვის არმიცემულ უფლებას.
საღვთო წერილის საეკლესიო მოძღვრობასთან დაკავშირებული და მართლმადიდებლური ეკლესიისაგან განდგომილთა მიერ დამახინჯებული ადგილების მოკლე განმარტება:
მკ. 4:11, 25. "და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება... რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს"
განმარტება. უფლის ამ გამონათქვამებით უარყოფილ იქმნება ის მცდარი წარმოდგენა, რომლის თანახმადაც ფიქრობენ, თითქოს ქრისტემ თავისი მოძღვრება ისე გადმოსცა, რომ ის ყველასთვის ერთნაირად ნათელია. მოციქულებს "მიენიჭათ ღვთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა": მკ. 3:14; 4:10, 34); ისინი და მათი მემკვიდრეები დადგენილ არიან უფლის ეკლესიის მწყემსებად: საქ. 20:28; 1 კორ. 12:28, და მათ მიმართ ნათქვამია: "იქადაგე ... ამხილე, შერისხე, შეაგონე..." (2 ტიმ. 4:2).
მკ. 9:38-39: "მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. ხოლო იესუმ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს".
განმარტება. ეშმაკთა დამორჩილება აჩვენებს, რომ განმდევნელები გულწრფელად მორწმუნენი იყვნენ იესუ ქრისტეს ღვთაებისა, თორემ მათაც ის ბედი ეწეოდათ, რაც სკევას ძეთ: საქ. 19:13-16. საქადაგებლად და სამოძღვროდ მოვლინება დადგენილია უფლის მიერ: ეფ. 4:11-13; 1 კორ. 12:29; ტიტ. 1:5.
მკ. 13:37. "ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ".
განმარტება. უფალი აქ საუბრობს მხოლოდ სიფხიზლის მცნებასა და მასთან (ქრისტესთან) შესახვედრად მუდმივ მზადყოფნაზე, და ეს მცნება ერთნაირად ეხება როგორც მწყემსებს, ისე სამწყსოს: ლკ. 12:40-41. საეკლესიო მოძღვრობის უარყოფისთვის კი აქ არავითარი მცირედი საბაბიც არ არსებობს, რამეთუ ამ მოძღვრობაზე ნათელი განკარგულებები არსებობს: მთ. 28:19-20.
ლკ. 12:8-9. "ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე".
განმარტება. უფლის აღსარება და საეკლესიო მოძღვრების საქმე ორი სხვადასხვა რამეა: პირველი სავალდებულოა ყოველი ქრისტიანისთვის: მკ. 8:38; 1 ინ. 4:15; ხოლო მეორე — მათთვის, ვინც ამისთვის არის დადგენილი: 1 კორ. 12:28-29; და არა იმისთვის, ვინც თავისით იტაცებს მისთვის არბოძებულ პატივს: ებრ. 5:4.
იაკ. 3:1. "ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ".
განმარტება. არათუ ყველა ვერ იქნება მოძღვარი, არამედ ისინი ბევრნიც არ უნდა იყვნენ: ლკ. 22:31; ხოლო ცრუ და არმოწოდებულ მოძღვართა გამრავლება ნაწინასწარმეტყველევია მოციქულის მიერ იმ ჟამისთვის, როდესაც ჯანსაღ სწავლებას არ მიიღებენ... და "ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას" - 2 ტიმ. 4:3-4.
1 პეტ. 5:10. " ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ".
განმარტება. სიტყვებში "ყოველი მადლი" იგულისხმება ღვთისგან გარდამომავალ ნიჭთა ერთობლიობა: იაკ. 1:17; 1 კორ. 12:4-7; მაგრამ აქ ერისკაცთაგან არავის ენიჭება, მაგალითად, საეკლესიო მოძღვრების ან მწყემსობის უფლება, რამეთუ ეს უფლება ენიჭება განსაკუთრებით რჩეულ პირებს და ხელდასმით: რომ. 15:1-5; 1 კორ. 12:28-29; ეფ. 4:11; საქ. 14:23.
1 ინ. 2:12-14. " ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი".
განმარტება. იოანეს ამ სიტყვებიდან ვრწმუნდებით, რომ ერთი ეკლესიის წევრები ასაკობრივად იყოფიან: "შვილნო, ჭაბუკნო, მამანო"; აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ქრისტეს ეკლესიაში ყველას არა აქვს ცოდნა, არამედ მხოლოდ მამებს, და, მაშასადამე, არიან ისინიც, ვისაც სხვათაგან სწავლა სჭირდება, და არიან ისინიც, ვინც ვალდებულნი არიან თავიანთი ცოდნა სხვებს გაუზიარონ (მოციქულ პეტრეს სიტყვისამებრ: "ემსახურეთ ერთმანეთს იმ ნიჭით, რომელიც თითოეულმა მიიღო": 1 პეტ. 4:10; და მოციქულ პავლესი: რომ. 12:6-8).
1 ინ. 2:20, 27. "თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი... თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ, კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით".
განმარტება. აქ ლაპარაკია განსაკუთრებულ სულიერ ნიჭებზე, რომლებიც ღვთაებრივი განსაკუთრებული მიზნებისათვის მიემადლებოდათ მოციქულთა საუკუნის ქრისტიანებს: 1 კორ. 12:28-30. სიტყვებში: "არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ", ცხადია, იგულისხმება გაფრთხილება არ მიიღონ სხვა სახარება. გალ. 1:6; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ ცრუწინასწარმეტყველთაგან სწავლება: 2 პეტ. 2:1-3; არამედ რაც მოციქულთაგან ისწავლეს, სწორედ იმაში უნდა დამკვიდრდნენ (მუხ. 27). ამიტომ, ვინც განეშორება მწყემსებს, ის განეშორება ეკლესიასაც და თვით უფალსაც, რომელმაც ბრძანა: "თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს" (ლკ. 10:16).
რომ. 2:17, 18, 21, 24. "აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს, ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს... კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?... ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის"
განმარტება. მოციქულის ამ სიტყვებში ცოდვად არ ითვლება არც სხვათა სწავლება: მუხ. 21; არც ღმერთით ქება: მუხ. 17; არც მისი ნების ცოდნა, უკეთესის გულისხმისსაყოფად: მუხ. 18; მაგრამ დიდ ცოდვად ეთვლება იმას, ვინც ღვთის ნების მცოდნეა, ღმერთით ტრაბახობს და სხვებს ასწავლის, თავად კი დანაშაულს სჩადის: მუხ. 22. არ უქმდება მოძღვრება: 1 კორ. 12:28-29; არამედ მოძღვრებს ევალებათ, თავად იყვნენ მათ მიერ ნაქადაგები კანონის პირველი შემსრულებელნი: მთ. 5:19; რომ. 10:14-15.
1 კორ. 14:26-27, 30-31. " მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.
თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.
ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.
რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს".
განმარტება. ის, რომ ეკლესიაში ყველას არ შეუძლია ასწავლოს, ვინც კი თავს ამის უნარიანად თვლის, ნათლად ჩანს ამავე ეპისტოლედან: 1 კორ. 12:28-29; და ეფ. 4:11. იგივე მოციქული სხვა ადგილას ამტკიცებს, რომ ამ სამწყემსო პატივს არავინ იღებს თავისთავად: ებრ. 5:4. ხოლო ის, რომ მოძღვრობის უფლება ყველა ქრისტიანს არ ეკუთვნის, ცხადი ხდება მოციქულთა სხვა ეპისტოლეებიდანაც: იაკ. 3:1; 2 ტიმ. 4:2; 2 პეტ. 3:16; რომ. 10:15.
ფლპ. 1:15, 18. "თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. ... მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ".
განმარტება. აქ საუბარი არის არა იმაზე, რომ ყოველ ქრისტიანს აქვს ეკლესიაში მოძღვრობის უფლება, არამედ მხოლოდ თვით ქადაგების გავრცელებაზე, როდესაც მოციქული პატიმრობაში იმყოფებოდა. ქადაგების შესახებ მოციქული ამბობს, რომ ის მოვლინებული უნდა იყოს: რომ. 10:15; 1 კორ. 12:28-29. ზოგჯერ ეშმაკებიც აღიარებდნენ ქრისტეს ღვთის ძედ: მკ. 1:21-27; მთ. 8:29, მაგრამ ამით მათი ბუნება არ შეცვლილა და ისინი კვლავ სიცრუის მქადაგებლებად დარჩნენ: ინ. 8:44.
ქრისტიანი ღმერთს გულწრფელად უნდა ემსახუროს და არა თვალთმაქცურად: ინ. 4:23-24; თვალთმაქცური მსახურება, ისევე როგორც ფარისეველთა მსახურება, ღმერთს არ ესათნოვება: მთ. 13:14. თუმცა, თუ ვინმე თვალთმაქცურადაც ქადაგებდეს ქრისტეს, სიტყვით ავრცელებდეს ქრისტეს სარწმუნოებასა და მისდამი სიყვარულს, მაგრამ გულით არც ერთი გააჩნია და არც მეორე, და მხოლოდ თავისას ეძებს: ფლპ. 2:21, მოციქული ამაზეც ხარობს; ის ხარობს არა მქადაგებლის გამო, რომელიც ღვთისგან საზღაურს ვერ მიიღებს (იგი მას არც ეძებს), არამედ ქრისტეს გამო, რომლის დიდებაც ასეთი ქადაგებითაც ვრცელდება. აქ არის დარიგება მათთვის, ვინც ცდუნდება ეკლესიის ზოგიერთი მწყემსის უღირსი ცხოვრებით; ისინი მაინც ქადაგებენ ქრისტეს და ხელს უწყობენ მის დიდებას, და ამაზეც უნდა ვიხაროთ. უღირსი მწყემსების მოსმენაც თავად უფალმა ბრძანა: მთ. 23:3, ოღონდ მათი საქმეებისამებრ მოქცევა აკრძალა.
1 თეს. 4:9. "ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი".
განმარტება. ამ სიტყვებით სულაც არ მტკიცდება ერეტიკოსთა მცდარი სწავლება, რომლებიც უარყოფენ კაცობრივ დამოძღვრას და საკუთარ თავზე ფიქრობენ, თითქოს თავად ღმერთისგან იყონ განსწავლულნი. როგორც ამავე თავის 1-2 მუხლებიდან ჩანს, თესალონიკელებმა მოციქულთაგან მიიღეს დარიგება იმისა, თუ როგორ უნდა აამონ უფალს. ღვთის მადლის შეწევნით ძმათა სიყვარულში სრულყოფილნი, ისინი სხვა სათნოებებში იმდენად არ ყოფილან სრულნი, რომ მოციქულს არ ჰქონოდა ბიძგი, ეთხოვა მათთვის: მუხ. 1, არ დაეტოვებინა ისინი უმეცრებაში: მუხ. 13, და შეეფუცა: 1 თეს. 5:27; ერთი სიტყვით, რომ გამოეყენებინა მათ მიმართ თავისი ადამიანური მოძღვრება: შედ. 2 ტიმ. 2:2; 1 კორ. 12:28; რომ. 10:14.
ებრ. 3:13. "არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით".
განმარტება. აქ საუბარია კერძო, საოჯახო და მწყემსის კურთხევით წარმოებულ რელიგიურ საუბრებზე: 1 პეტ. 5:1-2, და არა საეკლესიო მოძღვრებაზე, რომელშიც მქადაგებელი მოვლინებული უნდა იყოს: რომ. 10:15; 1 კორ. 12:28-29.
ებრ. 8:8, 10-11. "ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: "აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს... აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები".
განმარტება. წინასწარმეტყველი იერემია, რომლის სიტყვებსაც მოციქული პავლე იმოწმებს, ამ ადგილას ახალი აღთქმის ჟამს ჭვრეტს; ამასთანავე, ის, რაც ახალ აღთქმაში თანდათან უნდა აღსრულდეს (აღსრულდა და მომავალშიც აღსრულდება), მის წარმოსახვაში ერთბაშად აღსრულებულად წარმოჩნდება. ის ამბობს: "ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე" (იერ. 31:33), თითქოს ყველამ ერთბაშად შეიცნო, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს შემეცნება ნელ-ნელა მიმდინარეობს. შემეცნებას საფუძველი თვით უფლის ქადაგებამ ჩაუყარა, ისევე როგორც მთესველმა ჩააგდო თესლი — ღვთის სიტყვა — ადამიანთა გულებში: მთ. 13:3-23. ხოლო თესვისა და დარგვის გაგრძელება მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს მიენდოთ: მთ. 28:19-20.
და აჰა, ეს საქმე საუკუნეთა განმავლობაში აღესრულება, ვიდრე ყველანი მივაღწევთ სარწმუნოებრივ ერთობასა და ღვთის ძის შემეცნებას: ეფ. 4:13. სრულყოფილი ღვთისშემეცნება, მოციქულის თქმით, მაშინ დადგება, როდესაც პირისპირ ვიხილავთ იმას, რასაც ახლა ნაწილობრივ ვიცნობთ, ანუ უფლის მეორედ მოსვლისას: 1 კორ. 13:8-12.
ადამიანური მოძღვრების გაუქმების შესახებ წინასწარმეტყველება მხოლოდ მაშინ აღსრულდება, როდესაც აღსრულდება უშუალოდ მისი წინამორბედი იერემიას წინასწარმეტყველება: ებრ. 8:10. ხოლო ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესახებ გამოცხადებაში ვკითხულობთ: გამოცხ. 21:1-3 (ახალი ცისა და ახალი მიწის შესახებ). აჰა ის ხალხი, რომელსაც ეხება იერემიას წინასწარმეტყველება: "ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე" (იერ. 31:33), და აჰა ის ჟამი, როდესაც აღსრულდება ის წინასწარმეტყველებაც: "აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო!" (იქვე). გამოცხადების სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ წმიდა ქალაქში, ახალ იერუსალიმში, აღარ დაგვჭირდება მოძღვრები. ახლა კი, სანამ მიწაზე ვცხოვრობთ, მოციქულ პავლეს თქმით, ღვთის რჯულთან ერთად, რომელიც ჩვენს გონებასა და გულშია ჩაწერილი, ცოდვის რჯული ჯერაც არსებობს: რომ. 7:22-23.
ეს. 54:13. "შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა".
განმარტება. "ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან..." — მხოლოდ ისინი, ვისაც ღვთის შეწევნით სურს ეს, თუმცა არა ადამიანთაგან ჩვეულებრივი სწავლების გარეშე. — უფალი ამბობს: "ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა" - ინ. 6:45. ამ სიტყვებში ნათქვამია, რომ ქრისტეს ეკლესიაში ღვთისშემეცნება ყველგან გავრცელდება. 1) უშუალოდ, ადამიანის სულის მადლით განათლება: იერ. 31:33. 2) შუალედური: ა) ქადაგებით: მთ. 28:19-20; საქ. 20:17, 28-31, და ბ) წერილით: ინ. 5:39; რომ. 10:14-15. უშუალო სწავლება ასეთია: "ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ": მთ. 16:17. თუმცა ასეთი მადლისმიერი სწავლება არ გამორიცხავს ადამიანურ შუამავლობას: ინ. 1:41.
საეკლესიო მოძღვრების საკითხზე საღვთო წერილის ძირითადი ადგილები, რომლებიც აუცილებლად ზეპირად უნდა ვიცოდეთ:
მთ. 28:19. " მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი..." (ეს მცნება მიეცა არა ერისკაცებს, არამედ მოციქულებს).
2 ტიმ. 4:2. "იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით" (მისწერა მოციქულმა პავლემ ტიმოთეს).
1 კორ. 12:28. "რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად".
გამოცემა: Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений / Сост. и изд. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : Типо-лит. "Свет", 1910.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
