Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - სულის მახვილი - 5 - V. ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
სულის მახვილი
 
სექტანტურ ცრუსწავლებათაგან თავდასაცავად
ქრისტეს წმიდა ეკლესია


V. ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ

ავტორი: დეკ. იოანე სმოლინი.

უფალი თავის განკარგულებებს ისე არ ცვლის, როგორც ადამიანი (იაკ. 1:17; რიცხ. 23:19). ამიტომ სარწმუნოების მოძღვრება და ჩვენთვის აუცილებელი დარიგებანი უნდა ამოვიღოთ მთელი წმინდა წერილიდან, როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმიდან (2 ტიმ. 3:15-16).
 
უფალსა და მოციქულებს არ გაუუქმებიათ მთელი ძველი აღთქმის რჯული, არამედ დაამტკიცეს იგი (მთ. 5:17; რომ. 3:30-31); ამასვე გვასწავლიდა თავად მაცხოვარი თავის იგავებში (ლკ. 16:29). ძველი აღთქმის დადგენილებებიდან მნიშვნელობა დაკარგა და სხვა რამით შეიცვალა მხოლოდ ის, რასაც წინასახეობრივი ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, ხორციელი წინადაცვეთა და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი ნათლისღებით (საქმ. 15:24; კოლ. 2:11-12), ხოლო სისხლიანი მსხვერპლნი ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მსხვერპლით შეიცვალა (ებრ. 10:4-9; 1 კორ. 11:26).
 
სხვა დანარჩენი ძველი აღთქმის დადგენილებებიდან კვლავ ინარჩუნებს ძალას; მაგალითად, ნათესაობის იმ ხარისხთა ზუსტი ჩამონათვალი, რომლებშიც ქორწინება აკრძალულია, ახალ აღთქმაში არსად არის ნაჩვენები, თუმცა იგი ძველი აღთქმის საფუძველზე კვლავ ინარჩუნებს თავის სავალდებულო ძალას (ლევ. 18:6-8), და ასევე მრავალი სხვა რამ. აქედან ვასკვნით: სარწმუნოების მოძღვრება და სხვადასხვა ცნობები ღვთის წინაშე ჩვენი მოვალეობების შესახებ უნდა შევისწავლოთ მთელი წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან (2 ტიმ. 3:15-16; მთ. 13:52; ლკ. 24:25-27; საქმ. 24:14; ეფ. 2:20; 2 პეტ. 1:19; ინ. 5:45-46; მთ. 22:29; ინ. 5:39).
 
ძველი აღთქმის წმინდა წერილიდან მნიშვნელობა დაკარგა მხოლოდ იმან, რასაც წინასახეობრივი ხასიათი ჰქონდა (ებრ. 7:18; საქმ. 15:24, 28-29; ებრ. 10:4, 6-8).
 
ძველი აღთქმის სხვა დადგენილებანი კი კიდევ უფრო გაფართოვდა (მთ. 5:21-22, 27-28, 38-39).
 
ამიტომ ძველი აღთქმის წმინდა წერილის მთელი დანარჩენი ნაწილი (გარდა წინასახეობრივისა) ინარჩუნებს თავის ძალას (რომ. 3:31; მთ. 5:17-18; 2 პეტ. 1:21).

 
წმინდა წერილის იმ ადგილთა მოკლე განმარტებანი, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებულად მოაზროვნენი ამახინჯებენ ძველი და ახალი აღთქმის საკითხში

 
მთ. 13:51-52. "ჰკითხა მათ იესუმ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო. ხოლო იესუმ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც"
 
განმარტება. აქ თუ ნათქვამია, რომ მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევევლის მიმართ განისწავლა, თავისი საგანძურიდან "ახალსა და ძველს" გამოიტანს, ამით მხოლოდ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ იესუ ქრისტე არ მოსულა რჯულის დასარღვევად (მთ. 5:17). მოციქულ ტიმოთეს აქებენ იმისთვის, რომ მან ბავშვობიდან იცის წმინდა წერილი, მაშასადამე, ძველი აღთქმის წმინდა წერილიც (2 ტიმ. 3:15-16); და ყველა პირველი ქრისტიანი განმტკიცებული იყო არა მხოლოდ ახალი აღთქმის, არამედ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე (ეფ. 2:20; რომ. 3:31).
 
 
ინ. 12:46-47. "მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.  თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად".
 
განმარტება. ქრისტეს სიტყვა ისევე ღვთაებრივი და წმინდაა, როგორც თავად მისი პიროვნება; ამიტომ მისი სიტყვა იქნება ადამიანის მსაჯული უკანასკნელ დღეს. რა თქმა უნდა, თავად ქრისტე განსჯის (ინ. 5:22), მაგრამ განსჯის იმის მიხედვით, მიღებული და დაცული იყო თუ არა მისი სიტყვა, მისი მოძღვრება, იქცეოდა თუ არა ადამიანი მისი მოძღვრების შესაბამისად (ინ. 3:19-20; 7:17-19).

 
2 კორ. 3:4-6. "ასეთი სასოება გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი; არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს"
 
განმარტება. აქ ლაპარაკია წმინდა მოციქულთა (და არა ერისკაცთა) უნარზე, რომ ქრისტეს წერილი გულის ფიქალებზე აღბეჭდონ: მე-3 მუხლი: მოციქული თითქოსდა ასე ამბობს: ქრისტიანული გამოცხადება სრულიად არ არის დამოკიდებული მქადაგებლის ღირსებაზე; მე-5 მუხლი: მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს გამოცხადება თავად განადიდებს თავის მქადაგებლებს; მე-6-10 მუხლები: ახალი აღთქმაც გარკვეული აზრით ასოა, რადგან იგი წმინდა წერილშია გადმოცემული, მაგრამ მას ასო არ ეწოდება, რადგან იგი მხოლოდ წერილობით გადმოცემული კი არ არის, არამედ წმინდა დადგენილებებსაც მოიცავს, რომლებშიც ადამიანისთვის სიცოცხლის წყაროა ბოძებული (ინ. 5:39; 2 ტიმ. 3:16).
 
 
გალ. 3:22: "მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესუ ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ".
 
განმარტება. ძველი აღთქმის რჯულის მსგავსად, წმინდა წერილმა ადამიანები ცოდვის ქვეშ მოამწყვდია: 23-ე მუხლი, მაგრამ ამის გამო მას არ შეუწყვეტია ხილულ და წმინდა წერილად ყოფნა (2 ტიმ. 3:16). სხვა სიტყვებით: ქრისტეს მორწმუნისთვის მოსეს სარიტუალო რჯულის აღსრულება უსარგებლოა (გალ. 2:16; რომ. 8:2).
 
რჯლ. 12:32: "ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ".
 
განმარტება. უფალი მოსეს მეშვეობით აფრთხილებდა ებრაელებს  არ გადახრილიყვნენ კერპთაყვანისმცემლობისკენ, ბაალ-ფეგორისკენ (რჯლ. 4:3), მოლოქისკენ (ლევ. 18:21; ფს. 105:37) და სხვა მიმართ თაყვანისცემისკენ. სამყაროს მაცხოვრის შესახებ ღმერთის მიერ ნათქვამია: "წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან... ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ" (რჯლ. 18:18).
 
მაგრამ განა ქრისტე სიტყვასიტყვით იმავეს ამბობდა, რასაც მოსე? დაბოლოს, მოსეს განწესებანიც, მაგალითად, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, ახალი დადგენილებებით შეავსეს უფლის სახლის მგალობელთათვის წინასწარმეტყველებმა გადმა, ნათანმა და დავითმა (2 ნეშტ. 29:25; 1 ნეშტ. 24:19; 25:16). დღესასწაულები და მარხვებიც მოსეს შემდეგ იქნა დადგენილი (ესთ. 9:20-28).

 
წმინდა წერილის ღმრთივსულიერება
 
ინ. 14:26: "ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით".
 
განმარტება. ეს აღთქმა წმინდა მოციქულებზე აღსრულდა სულთმოფენობის დღეს (საქმ. 2:1-4); მაშინ მოციქულებს სრულად გაეხსნათ ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტება; აქედან გამომდინარეობს ახალი აღთქმის წმინდა წერილის ღმრთივსულიერების უცილობელი მოწმობა, რომელშიც მოციქულებმა გადმოსცეს და განმარტეს ქრისტეს მოძღვრება (2 კორ. 2:17; 4:2).
 
 
წმინდა წერილის შემეცნების შესახებ
 
ინ. 1:1. "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა".
 
განმარტება. ის სიტყვა, რომელიც ხორცი იქმნა, ადამიანთა შორის დაემკვიდრა და მოციქულებს თავისი დიდება გამოუცხადა (მე-14 მუხლი), მათ მიერ ხილული და ხელშესახები იყო (1 ინ. 1:1-5). სიტყვა, ძე ღმრთისა, იესუ ქრისტე არ არის "შეცნობა" ან "მოძღვრება", არამედ ცალკე იპოსტასი, დამოუკიდებელი პირი, სიცოცხლის პური (ინ. 6:29, 51-58); მამა ღმერთის ერთარსი (ინ. 10:30); ხოლო ვინც არ აღიარებს მას ხორციელად მოსულს, ის არის ანტიქრისტე (1 ინ. 4:3).
 
 
ინ. 7:16-17: "მიუგი, იესუმ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ"
 
განმარტება. ქრისტეს გამონათქვამის საერთო აზრი აქ ასეთია: ჩემი მოძღვრება ღვთაებრივი მოძღვრებაა — და ეს არის პასუხი კითხვაზე: "როგორ იცის მან წერილნი, როცა არ უსწავლია?" — მე-15 მუხლი. მოკვდავი ადამიანებისთვის ქრისტეს ცოდნის თანასწორი ცოდნის მითვისება საქები არ არის, რადგან მათ შესახებ წმინდა წერილში ნათქვამია (1 კორ. 1:25; იაკ. 3:13; რომ. 10:14-17; სიბრძნ. ზირ. 38:24-25).
 
 
ინ. 17:22-24: "... იყვნენ ჩვენსავით ერთი, მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე".
 
განმარტება. მორწმუნეთათვის ერთობის გამოთხოვისას იესუ ქრისტე ამატებს: "ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე" (21-ე მუხლი), და კიდევ: "შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე" (23-ე მუხლი). აქ რწმენა და შეცნობა ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული, არამედ ერთი მეორეს ახლავს (რომ. 10:17).
 
მორწმუნენი იხილავენ ღმრთის დიდებას იმ აზრით, რომ მასში მიიღებენ მონაწილეობას (რომ. 8:17, 30); ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ, ოღონდ თუკი არ უარყოფენ მას (2 ტიმ. 2:12), ხოლო ვინც უარყოფს, მას უფალიც უარყოფს (მთ. 10:33).
 
 
მარტოდენ ღვთის სიტყვის მოსმენა არ აცხოვნებს
 
საქმ. 10:5-6: "მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას".
 
განმარტება. მარტოდენ პეტრე მოციქულის სიტყვები არ გამხდარა ასისთავი კორნელიოსისა და მისი სახლეულის ქრისტიანობაზე მოქცევის მიზეზი (რომ. 2:13), არამედ სულიწმიდის გარდამოსვლაც (44-ე მუხლი), ხოლო შემდეგ ნათლისღებაც (47-48-ე მუხლები); ამასთან, ქრისტიანობის მიღებამდეც კორნელიოსი იყო "კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (1-2-ე მუხლები).
 
 
ძველი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ
 
მთ. 5:17: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად".
 
განმარტება. იესუ ქრისტე მოვიდა არა რჯულის გასაუქმებლად, არამედ მის აღსასრულებლად. ის ასწავლიდა, რომ მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მიმართ განისწავლა, თავისი საგანძურიდან ახალსა და ძველს გამოიტანს (მთ. 13:52).
 
ლკ. 21:33: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ".
 
განმარტება. რომელ სიტყვებზეა აქ ლაპარაკი? რა თქმა უნდა, იმ სიტყვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნათქვამი (ფს. 101:27; ეს. 51:6); განა აქედან ნათლად არ ჩანს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების მოძღვრებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ არა მხოლოდ ახალი აღთქმის, არამედ ძველი აღთქმის წმინდა წერილიც (მთ. 13:52).
 
ლკ. 24:25: "იესუმ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!"
 
განმარტება. აი მტკიცე და ნათელი საფუძველი იმისა, რომ ცხონებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, ვკითხულობდეთ და აღვასრულებდეთ არა მხოლოდ ახალი აღთქმის, არამედ ძველი აღთქმის მცნებებსაც, რადგან სად არის წინასწარმეტყველთა ნაწინასწარმეტყველევი თუ არა ძველ აღთქმაში (დაბ. 3:15; ეს. 50:6; 53:3; გამ. 20:13). ამიტომაც, არ არის შემთხვევითი უფლის ნათქვამი (მთ. 13:52) და მოციქულებისაც (2 ტიმ. 3:15; ეფ. 2:20).
 
1 კორ. 15:3: "რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა".
 
განმარტება. ახალი აღთქმის წმინდა წერილის ჩამოყალიბება თანდათანობით დაიწყო, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შემდეგ; მაშასადამე, ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა ძველი აღთქმის წმინდა წერილის მიხედვით (ეს. 53:7; დან. 9:24); და მოციქულმა პავლემაც კორინთელ ქრისტიანებს "თავდაპირველად გადმოსცა", როგორც ჩანს, ზეპირი დარიგება, რომელიც ეფუძნებოდა ქრისტეს ცხოვრების და ვნების შესახებ არსებულ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს.
 
 
ძველი აღთქმის რჯულის შესახებ
 
გალ. 4:21, 30-31: " მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს?
 
მაგრამ რას ამბობს წერილი? "განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე" (დაბ. 21:10). ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა".
 
განმარტება. გაუქმდა მხოლოდ ძველი აღთქმის სარიტუალო რჯული (კოლ. 2:11-12; საქმ. 15:24, 28; ებრ. 10:4-9). მოსეს დოგმატური რჯული ძალაშია ახალ აღთქმაშიც (რომ. 3:31; მთ. 5:17-18; ინ. 5:39, 46). იმავე მოციქულის სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ ძველი და ახალი აღთქმების თანასწორობის შესახებაც (ეფ. 2:19-20).
 
 
ებრ. 7:12, 18-19: "ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს".
 
განმარტება. ეს სიტყვები შეზღუდვით, შემდეგ სიტყვებთან თანხმობაში უნდა გავიგოთ: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად" (მთ. 5:17). ამიტომ აუცილებელია განვასხვავოთ რჯულის დარღვევა და მისი შეცვლა. შეცვლა შეიძლება შეიცავდეს არა მხოლოდ რჯულის დარღვევას, არამედ, პირიქით, მის განმტკიცებასაც (რომ. 3:31). გაუქმდა და შეიცვალა არა მთელი ძველი აღთქმა, არამედ მხოლოდ ის, რასაც წინასახეობითი მნიშვნელობა ჰქონდა, შეად. მე-18 მუხლს და მე-10 თავის მე-5 მუხლს. თავად მაცხოვარი მიუთითებდა ძველ აღთქმაზე (მთ. 19:17-19; ლკ. 24:25-27). გარდა ამისა, თუკი ყოველივე ძველაღთქმისეული აღარ იყო საჭირო, როგორ უნდა გავიგოთ იესუ ქრისტეს სიტყვები: (რჯულის) "გასაუქმებლად კი არ მოვედი"... ან მთ. 13:52; 2 პეტ. 1:21?
 
 
ებრ. 10:9: "შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს".
 
განმარტება. წინა მე-5-8 მუხლებიდან ნათლად ჩანს, რომ აქ ლაპარაკია მრავალგზისი სისხლიანი მსხვერპლშეწირვების გაუქმებაზე, რაც თავად უფალმა ქრისტემ საკუთარი თავის ერთგზისი მსხვერპლშეწირვით აღასრულა. მაგრამ წმინდა მოციქულებიც სარგებლობდნენ არა მარტო ძველი აღთქმის კანონიკური წიგნებით, არამედ არაკანონიკურითაც; ამის დანახვა შეიძლება შემდეგი გამონათქვამების შედარებით: იაკ. 1:13; შეად. სიბრძნ. ზირ. 15:12; იაკ. 1:19; შეად. სიბრძნ. ზირ. 5:13. ამიტომ მოყვანილი ტექსტი არანაირად არ ამართლებს მოსაზრებას ძველი აღთქმის წმინდა წერილის გაუქმებაზე (მთ. 5:17).

 
წმინდა წერილის ძირითადი ადგილები ძველი აღთქმის შესახებ, რომლებიც ზეპირად უნდა ვისწავლოთ
 
მთ. 5:17-18: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება".
 
იაკ. 1:17: "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი".
 
2 ტიმ. 3:16. "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად"

გაგრძელება იქნება

გამოცემა: Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений / Сост. и изд. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : Типо-лит. "Свет", 1910.
 
წყარო: azbyka.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому