Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - სულის მახვილი - 6 - VI. წმინდა წერილის კითხვის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
სულის მახვილი
 
სექტანტურ ცრუსწავლებათაგან თავდასაცავად
ქრისტეს წმიდა ეკლესია


VI. წმინდა წერილის კითხვის შესახებ

ავტორი: დეკ. იოანე სმოლინი.

წმინდა წერილის განმარტება უმთავრესად იმ პირთა მოვალეობაა, რომლებიც ამისთვის საგანგებოდ არიან დადგენილნი. თუმცა წმინდა წერილის კითხვა, საკუთარი ცხონებისა და სულიერი აღშენებისთვის, თითოეული ადამიანისთვისაც სასარგებლო და აუცილებელია. გაუგებარი ადგილების გასარკვევად უნდა მივმართოთ იმ ადამიანთა ხელმძღვანელობასა და დარიგებას, რომელთაც ეს თავად უფალმა განუცხადა და რომლებიც ჩვენი განსწავლისთვის არიან დადგენილნი (იხ. წმინდა წერილის განმარტება).
 
ბიბლიის კითხვისას აუცილებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ სწორი მეთოდებით. ტექსტის ჭეშმარიტი მნიშვნელობის მოსაძიებლად შემდეგი მეთოდები თავად უფალმა და წმინდა მოციქულებმა გვიჩვენეს:
     
  1. აუცილებელია ტექსტის თითოეული სიტყვის გაგება მისი ზუსტი მნიშვნელობით, ვინაიდან ერთსა და იმავე სიტყვას      შეიძლება სხვადასხვა აზრი ჰქონდეს (იხ. გალ. 3:16; ეფ.      4:8-9; ებრ. 12:26-27).
  2.  
  3. აუცილებელია მოცემული ადგილის განხილვა წმინდა წერილის საერთო მსვლელობისა      და მსჯელობის თანმიმდევრობის (კონტექსტის) გათვალისწინებით (იხ. ებრ.      10:3-10).
  4.  
  5. მოცემული ადგილის გასარკვევად უნდა შევკრიბოთ წმინდა წერილის იმ ადგილების      ერთობლიობა, რომელთაც იგივე მნიშვნელობა აქვთ (იხ. რომ. 15:8-12;      3:19-18).
  6.  
  7. მოცემულ ადგილს უნდა შევუდაროთ შინაარსით მასთან მონათესავე ან საპირისპირო      ადგილები      (იხ. ებრ. 1:13-14).
  8.  
  9. ზოგჯერ აუცილებელია ისტორიული ცნობების გათვალისწინება (იხ. საქმ. 2:24-35;      13:34-37).
  10.  
  11. ისტორიული თხრობები აუცილებლად უნდა გავიგოთ პირდაპირი აზრით (იხ. მარკ. 2:25-26); ხოლო      იგავები აუცილებლად უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით (იხ. მთ.      13:18-23, 36-43).
 
ამრიგად, წმინდა წერილის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასაგებად აუცილებელია მთელი წმინდა წერილისა და მთელი საღვთო სწავლების საფუძვლიანი შესწავლა. წმინდა ტექსტის დამოუკიდებლად კითხვისას, შეცდომის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საკუთარი გაგება შევამოწმოთ იმ ადამიანთა განმარტებებით, რომლებიც უფლის მიერ არიან დადგენილნი (იხ. ეფ. 4:11-12). ხოლო თუ ადამიანი ღვთის სიტყვიდან რაიმეს ვერ გაიგებს, მაშინ "ნუ გაიგებს" (1 კორ. 14:37-38), რადგან მან საერთოდ არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმას, რაც მის ძალებსა და გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება (სირ. 3:21-24; 38:24-25).
 

წმინდა წერილის იმ ადგილთა მოკლე განმარტება, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული აზრის მქონენი ამახინჯებენ წმინდა წერილის კითხვასთან და გაგებასთან დაკავშირებით

 
მთ. 4:4. "ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (რჯლ. 8:3).
 
განმარტება. თუკი თვით იესუ ქრისტესაც მოშივდა (მთ. 4:2-3), მაშინ არ შეიძლება უარვყოთ ნივთიერი პური; ასევე არ შეიძლება ცხონების საქმეში მხოლოდ წმინდა წერილის კითხვას დავეყრდნოთ — საჭიროა მასთან თანხმობაში მყოფი საქმეებიც: რომ. 2:13; იაკ. 1:22. ბუნებრივი პურისა და წმინდა წერილის გარდა არსებობს კიდევ სიცოცხლის პური: ინ. 6:48-55.
 
 
ინ. 1:12-13. "ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ".
 
განმარტება. აქ იგულისხმებიან ისინი, ვინც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა მისი სახელით: გალ. 3:26, და იცავს მის მცნებებს: ინ. 15:10. ხოლო ვინც, მართალია, ირწმუნა და ღვთის სიტყვასაც კითხულობს, მაგრამ არ ასრულებს იმას, რასაც უფალი ბრძანებს, მოისმენს: "რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?" (ლკ. 6:46).
 
 
ინ. 12:48. "ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს".
 
განმარტება. ღვთის მადლი მხოლოდ ღვთის სიტყვის კითხვით არ მოგვეცემა, რადგან ღვთის სასუფეველი სიტყვაში კი არა, ძალაშია: 1 კორ. 4:20. უფალმა მოგვცა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ, არა ასოსი, არამედ სულისა, რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს: 2 კორ. 3:6; იაკ. 2:22-26. წმინდა წერილის კითხვაც გააზრებული უნდა იყოს: 2 კორ. 2:17; სირ. 3:21-24; 38:24-25.
 
 
იაკ. 1:5. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა".
 
განმარტება. აქ საუბარია არა იმ სიბრძნეზე, რომელიც წმინდა წერილის გაგებას წარმოადგენს: 1 კორ. 14:38; სირ. 3:21-24, არამედ ზნეობრივ სიბრძნეზე, ანუ ჭეშმარიტად ქრისტიანულ ცხოვრებაზე, რომელიც ეფუძნება ქრისტიანული მოწოდების აღმატებულებისა და დანიშნულების სწორ ცოდნას: იაკ. 3:13-15. აი, ჭეშმარიტი სიბრძნე, რომელიც გვჭირდება და რომელიც ღმერთს უნდა ვთხოვოთ: იაკ. 3:17; ეფ. 5:15-16; კოლ. 4:5, მაგრამ არსებობს ცრუ სიბრძნეც, რომელიც ღვთის წინაშე არაფერია: 1 კორ. 1:25.
 
 
2 კორ. 3:14-16. "მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი".
 
განმარტება. "უფლისკენ მოქცევაში" უნდა ვიგულისხმოთ ქრისტეს რწმენისკენ მოქცევა. ხოლო როდესაც ნათქვამია, რომ საბურველი ქრისტეს მიერ იხსნება, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ქრისტეს უშუალო მოქმედება: იგი ძველი აღთქმიდან საბურველს ხსნის ახალი აღთქმის წერილით, სამოციქულო გადმოცემით, ეკლესიის მწყემსთა განმანათლებლობით, სახელმძღვანელო დარიგებებითა და მოქმედებების საშუალებით, რადგან ეკლესია არის ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე: 1 ტიმ. 3:15; 4:12-13.
 
აქ არ გამოითქმის ის აზრი, თითქოს უფლისკენ მოქცეულ ყოველ ადამიანს წმინდა წერილის სრული და ჭეშმარიტი აზრი ეხსნებოდეს: სირ. 38:24-25; 1 კორ. 14:38. აქ მხოლოდ "ისრაელის ძეთა" გონებისა და გულის დაბნელებაზეა საუბარი: ლკ. 24:25, 27.
 
 
ფილ. 3:15. "ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც".
 
განმარტება. მოციქული აქ სიმართლესთან დაკავშირებულ აზრებს გულისხმობს და, მაცხოვრის, ქრისტეს დამსახურებებთან შედარებით, საკუთარი საქმეების არარაობის შესახებ თავმდაბალ აზროვნებას რწმენაში განმტკიცებული ყველა ადამიანის საერთო წესად წარმოადგენს: მუხ. 7-9; რომ. 3:22. მათ, ვინც ეკლესიის ხელმძღვანელობის გარეშე წმინდა წერილის ასოს ცოდნით იქადის, უნდა ახსოვდეთ მოციქულის სიტყვები: "ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს" (1 კორ. 8:2), იხ. ასევე: 2 კორ. 3:6; 2 ტიმ. 3:7;
 
 
2 ტიმ. 3:16. "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად".
 
განმარტება. ძველ აღთქმასთან მიმართებით აუცილებელია, რომ მისი კითხვა ქრისტეს შემეცნებასთან იყოს დაკავშირებული; ახალ აღთქმასთან მიმართებით კი არანაკლებ აუცილებელია, რომ მისი კითხვა წაკითხულის სწორ გაგებასთან იყოს დაკავშირებული: 2 პეტ. 3:16. მაგრამ ვის შეუძლია წმინდა წერილის სწორ გაგებაში გაუძღვეს ადამიანს და ცრუ განმარტებებისგან დაიცვას იგი? წაიკითხე: საქმ. 8:31-35. სახარების ქადაგება მხოლოდ ამისთვის წარგზავნილებს შეუძლიათ: რომ. 10:15. ამრიგად, ქრისტიანის სრულყოფილება დამოკიდებული არ არის მხოლოდ წმინდა წერილზე, არამედ ქრისტეს მიერ მოცემული მოძღვრების მასწავლებელთა ხელმძღვანელობაზეც: ეფ. 4:11. ისინი, ფილიპეს მსგავსად, ქადაგებენ სახარებას და "იწყებენ წერილიდან".
 
 
რჯლ. 8:3. "გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი".
 
განმარტება. ღვთის სიტყვით რომ ვიცხოვროთ, მისი შესრულებაა საჭირო: რომ. 2:13; იაკ. 1:23. ხოლო ღვთის პირიდან გამოვიდა სიტყვაც იმის შესახებ, რომ აუცილებელია ქრისტეს ხორცითა და სისხლით კვება: ინ. 6:53-54. ადამიანმა მხოლოდ სხეულის გაძღომაზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ სულზეც უნდა იზრუნოს და მასაც მისცეს ნუგეში, რომელიც გულისხმობს, როგორც ზიარების საიდუმლოს, ისე ღვთის სიტყვის შემეცნებას.
 
 
სწავლულობის შესახებ
 
ლკ. 10:21. "მაშინ გაიხარა იესუმ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ".
 
განმარტება. "ბრძენთა და გონიერთა" ქვეშ უფალი აქ გულისხმობს მათ, ვინც საკუთარ სიბრძნეზე ისეა მინდობილი, როგორც, მაგალითად, მდიდრები თავიანთ სიმდიდრეზე: მარკ. 10:24-25. ასეთ "ბრძენებად" შეიძლება უგუნური და ბრმა ადამიანებიც გვევლინებოდნენ: მთ. 23:7. "ჩვილებში" იგულისხმებიან ისინი, რომლებიც, მოციქულთა მსგავსად, გულწრფელად ეძიებენ ღვთის სიბრძნეს და საკუთარი გონებით არ მედიდურობენ: 2 კორ. 10:5. ჭეშმარიტ სიბრძნესა და სწავლულობას უფალი არ უარყოფს: მთ. 23:34; საქმ. 22:3.
 
 
შემეცნების შესახებ
 
ფილ. 1:9-10. "და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში, რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს".
 
განმარტება. აქ ერთმანეთისგან განირჩევა ცოდნა და გრძნობა, როგორც შემეცნების თეორიული და პრაქტიკული უნარები. პირველს შეიძლება ვუწოდოთ შემეცნება, მეორეს კი — კეთილგონიერება: შეად. იგავ. 1:2-4. ამ უნარებით კი არავინ უნდა იქადოდეს: სირ. 10:29-30; 1 კორ. 8:2; 2 ტიმ. 3:7.
 
 
რწმენის საკითხებში ზედმეტი ცნობისმოყვარეობის შესახებ
 
რომ. 4:20-21. " არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც".
 
განმარტება. მართალი აბრაამი, როდესაც ღვთის ხელიდან აღთქმას იღებდა, არ უყურებდა არც საკუთარ, უკვე მკვდარ სხეულს და არც სარას მკვდარ საშოს, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთის უტყუარ სიტყვას: ლკ. 1:37. და რადგან ამ დროს იგი მხოლოდ ერთ ღმერთს უყურებდა, რომელსაც ქვებისგანაც კი შეუძლია შვილთა აღდგინება: მთ. 3:9, რწმენაში არ დაუძლურებულა; აღთქმის სიტყვის გაგონებისთანავე ირწმუნა (მუხ. 20).
 
რით განმტკიცდა აბრაამი? იმით, რომ ყველაფერი რწმენას მიანდო და არა გონებას: მუხ. 18. აქედან წმინდა იოანე ოქროპირი ასკვნის: "ამრიგად, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის არქონა ღვთის დიდებას ნიშნავს, ხოლო ზედმეტი ცნობისმოყვარეობა — ღვთის წინაშე ცოდვას". იგავ. 3:5.


წმინდა წერილის კითხვასთან დაკავშირებული ძირითადი ადგილები, რომლებიც აუცილებელია ზეპირად ვისწავლოთ.
 
 
ინ. 5:39. "წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის"
 
ებრ. 4:12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.
 
2 პეტ. 3:16. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.
 
ხოლო თუ ადამიანი წმინდა წერილიდან რაიმეს ვერ გაიგებს, "ნუ გაიგებს" (1 კორ. 14:37-38), რადგან მან საერთოდ არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმას, რაც მის ძალებსა და გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.
 
ზირ. 3:21-24. რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება. შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.
 
ზირ. 38:24-25. წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.  როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე?

გაგრძელება იქნება

გამოცემა: Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений / Сост. и изд. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : Типо-лит. "Свет", 1910.
 
წყარო: azbyka.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому