აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის "ორი წინასწარმეტყველი" და ორი ზეთისხილის სასანთლე
ზაქარიას წიგნში
რადგან გამოცხადების წიგნის 11-ე თავში იდუმალთმხილველი «ორ მოწმე-წინასწარმეტყველზე» ლაპარაკობს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს წარმოადგენენ (არსებითად, და არა უბრალოდ) «ორ ზეთისხილს», და «ორ სასანთლეს» («ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე… » (გამოცხ. 11:4)), - სრულიად ცხადია, რომ ეს ახალაღთქმისეული სიმბოლო პირდაპირ არის დაკავშირებული «ზეთისხილის ცოცხალ სასანთლესთან» რომელსაც ვხედავთ ზაქარიას წინასწარმეტყველებაში, შეად.:
«მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა ... ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ» (ზაქ. 4:2-3).
თანაც ზაქარიას მიერ აღწერილი ოქროს შვიდსასანთლიანი ლამპარის საფუძვლად გამოდიან არა რაღაც "აბსტრაქტული" ზეთისხილები, არამედ ზეთიხილის ხის ორი ტოტი, - და ეს აზრი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წინასწარმეტყველმა მანამდე ვერ მიიღო პასუხი მისთვის გამოცხადებული ხილვის მნიშვნელობაზე, სანამ პირდაპირ არ დააასხელა ის, რასაც ხედავდა, ანუ "ზეთისხილის ორი ტოტი":
"მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ? მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება? მითხრა: არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი (Зах.4:11-14).
იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი ახალაღთქმისეული მოწმობა ღმრთის ეკლესიას ასევე ორ ცოცხალ ტოტს ადარებს (იხ.: მთ. 24:32; მკ. 4:31-32; ინ. 15:5 და ა. შ.), - ზაქარიას სასანთლის ორი ხელთუქმნელი ზეთისხილის რტო წარმოადგენს მთელი ახალაღთქმისეული ეკლესიის ხატებას და სიმბოლოს, სადაც მისი ორივე ტოტი, "ბუნებრივიც" (მორწმუნეები ისრაელიანთაგან) და "ველურიც" (მორწმუნენი წარმართთაგან), შეერთებულნი არიან და გაცოცხლებულნი საერთო "წმიდა ფესვის" მიერ, რომელიც თვით უფალი და მაცხოვარია (ეს. 6:13; რომ. 11:16-24; გამოცხ. 22:16 და სხვა).
ზუსტად იგივე ახალაღთქმისეული მნიშვნელობები იხსნება ზაქარიას ოქროს სასანთლის "მოწყობისა" და ძველაღთქმისეული შვიდსანთლიანი სასანთლის (მენორას) შედარებისას, რომელიც თავის დროს მოსეს კარავში იდგა (გამ. 25:31-39).
ასე, მაგალითად, ხელთქმნილი კარვის სასანთლეს ჰქონდა მხოლოდ ერთი "ღერო", და ის არ იყო "ზეთისხილის" (გამ. 37:17-23), - ხოლო ამ სასანთლის ლამპრებს არ ჰქონდათ მილები ზეთისთვის. და რადგან მათში მუდმივად ზეთის ჩასხმა იყო საჭირო, - ასეთი სასანთლე საჭიროებდა ძველაღთქმისეულ მღვდელთა მუდმივ მომსახურეობას (გამ. 27:20).
ხოლო ზაქარიას ახალაღთქმისეული სასანთლისა და გამოცხადების წიგნის სასანთლის საფუძველს წარმოადგენენ ზეთისხილის ცოცხალი რტოები, ამიტომაც მან თვითონ უნდა გადმოადინოს საკუთარი თავისგან ოქრო, რომელიც ავსებს შვიდ ანთებულ სასანთლეს (შეად.: ზაქ 4:12). ასე რომ, ახალაღთქმისეული ეკლესიის სიმბოლოები "ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე", ჩაუქრობლად ანათებენ ღმრთის წინაშე (გამოცხ. 11:4), - ხოლო მოწმეთა და წინასწარმეტყველთა სახით დედამიწაზე ატარებენ ნათელს ყოველი "ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის" (გამოცხ. 11:9) წინაშე, შეად.:
"თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული" (მთ. 5:14).
(ერთიანი ახალაღთქმისეული სასანთლის მხოლოდ ასეთი ერთდროულად
ზეციური და მიწიერი მდგომარეობით არის დაცული ბიბლიური პრინციპი, რომლის თანახმადაც
სარწმუნო მოწმობისთვის ადამიანი უნდა იყოს იმის რეალური მონაწილე, რასაც ის ყველას
გასაგონად იუწყება. ხოლო საჯარო მოწმობა იმის შესახებ, რისი თანამოზიარეც მოლაპარაკე
(ქადაგი) არ არის, არსებითად არის ცრუმოწმობა და ცრუწინასწარმეტყველება).
სხვა სიტყვებით რომ თქვათ, საღმრთო ნათელი ქვეყნად შეიძლება ატაროს მხოლოდ ქრისტეს ეკლესიამ, რომელსაც "ორი ზეთისხილის სასანთლის" სახით აქვს ორი იპოსტასი, მიწიერი და ზეციერი, - და ამიტომაც თანაზიარია თავისი ფესვის ქრისტესი არა მარტო ადამიანური ბუნებით, არამედ ზეციური ტაძრის სულიერი რეალობის მხრივაც.
ამასთან იმისთვის, რათა ახალაღთქმისეული მოწმობა ქვეყნიერებაზე დამტკიცდეს, როგორც ჭეშმარიტი, მოწმეები ორზე ნაკლები არ უნდა იყვნენ (იხ. პუბლიკაციები: "სანდო მოწმობის ბიბლიური თავისებურებები" და "ძველი ქვეყნიერების წარწყმედის წინასწარმეტყველური სიმბოლოები"), - ხოლო ამგვარმა მოწმობამ "ნაყოფი რომ გამოიღოს", ქრისტეს ეკლესიამ უნდა "დაამუშაოს მიწა", ანუ გამოვიდეს "გარეთა ეზოში" და ქვეყნიერებაზე იქადაგოს, რომელიც დრომდე "მიეცა" წარმართთ (შეად.: გამოცხ. 11:2; ეს. 42:6-7; საქმე 13:46-47).
შესაბამისად, გამოცხადების წიგნის სიმბოლოებში ახალაღთქმისეული ეკლესია წარმოდგება არა მარტო "ზეთისხილის ორი რტოსა" და "დედამიწის უფლის წინაშე მდგომი ორი სასანთლის სახით", - არამედ ორი ზეციური მოწმის სახითაც, რომლებიც ზეციური ტაძრის "გარეგან ეზოში" ახალაღთქმისეულ ჭეშმარიტებებს იუწყებიან (გამოცხ. 11:3-6).
ამავე მნიშვნელობებზე ამახვილებს მოციქული პავლე თავის მსმენელთა ყურადღებასაც:
"ამიტომ იესუც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა. ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, მომავალს ვეძებთ" (ებრ. 13:12-14).
მეტიც, რადგან ქების ჭეშმარიტი მსხვერპლი ხელთქმნილ კარავში არის სიტყვიერი დიდება, რომელიც გამოდის მიწიერი და ზეციერი ეკლესიისგან და მიმართულია შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელისადმი, - სწორედ ქრისტეს ეკლესიის ლოცვითი ღვაწლია ის დაუშრეტელი ოქროს ზეთი, რომელიც განუწყვეტლად იღვრება ახალაღთქმისეული "სატაძრო" სასანთლის ზეთისხილის ორი რტოდან (შეად.: "რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ... საიდანაც ოქრო იღვრება?" (ზაქ. 4:12), შეად.:
"ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს" (ებრ. 13:15).
ახალაღთქმისეული ეკლესიის მიწიერი მისიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ "ორი ზეთისხილი" იმყოფება გარეთა ეზოში, "ძაძით მოსილნი" (გამოცხ. 11:3), ანუ მუქი და ძალიან უხეში ქსოვილით, რომელიც არანაირად შეესაბამება სამეფო მღვდლობის შესამოსელს.
(ძველაღთქმისეული
სატაძრო დადგენილებების თანახმად მღვდლობას უნდა ეტარებინა სელის თეთრი შესამოსელი,
შეად.: "შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ
შემოსილნი..." (ეზეკ. 44:17; გამოცხ. 6:11; 15:6 და სხვა). ხოლო მეორედ მოსვლის
მოვლენებისთვის ზეციური სამღვდელოების შესამოსელი გარდაიქმნება "წმიდა და ნათელ
ბისონად", ანუ საზეიმო "სამეფო" შესამოსელად, შეად.: გამოცხ.
19:7-8; 19:11, 14).
ეს კი ნიშნავს, რომ "წუთისოფელში" ეკლესიის ახალაღთქმისეული მოწმობა შეიმოსება დაკნინების, სინანულისა და თავგანწირვის "ძაძებით", რომელიც შეესაბამება თვით ძველი სამყაროს "დიდებას" და "სიწმიდეს", შეად.:
"გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და ... სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით" (ეზეკ. 44:19).
"... ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან სანახაობად გავხდით სოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც. ... და გავხდით განახვეტი სოფლისა, ყველაფრის ნაგავი აქამდე" (1 კორ. 4:9-13).
თანაც ახალაღთქმისეულ მსახურთა ესოდენ "უსახელო" შესამოსელი არა მარტო ასახავს და გამოხატავს ქრისტიანთა უკიდურესად მოკრძალებულ და სინანულის გამომხატველ მდგომარეობას ღმრთის წინაშე, არამედ მოწმობს წმინდანთა მხილებაზეც, რომელთაც ქვეყნად აქვთ უდიდესი სულიერი ძალაუფლება (გამოცხ. 11:3-6) ამხილონ ყველა მათგანი, ვისაც ჭეშმარიტი სულიერი სიდიადის უმცირესი ნაწილიც კი არ გააჩნია, საკუთარ თავს ძვირფასი შესამოსელით მოსავს, თავმომწონეობს და ასეთ სამოსელს ამშვენებს ხრწნადი ქვეყნიერების ყოველგვარი "ძვირფასეულობით", შეად.:
"ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული..." (გამოცხ. 17:4).
"და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო" (გამოცხ. 18:16).
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ყოველ აზრობრივ დეტალში, რომელიც დაკავშირებულია ზეციური ტაძრის "ცოცხალ სასანთლესთან", მონიშნულია ახალაღთქმისეული ეკლესიის სამქადაგებლო მისიის ყველაზე არსებითი ასპექტები.
რაც შეეხება მომავლის საუკუნის რეალიებს - როდესაც თვით უფალი მამის საყდარზე თავისი ღვთაებრივი დიდებით განაცხოველებს და აკურთხებს ყოველ ახალ ქმნილებას ("ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი" (გამოცხ. 21:23; შეად.: ეს. 60:19-20, გამოცხ. 21:24-25; 22:3-5), სამყაროში არ დარჩებიან ისინი, ვინც "გარეშეთაგან" საჭიროებს მოწმობას შემოქმედზე, ანუ "დამატებით" სასანთლეს, რომელიც საღმრთო ნათელს მიიტანდა "ტომებთან, ენებთან და ხალხებთან".
(ამავე კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ იდუმალთმხილველის მიერ აღწერილს ზეციურ პანორამებში ათი "მარტივი" სასანთლის არარსებობა, რომლებიც ხელთქმნილ კარავში არ იკავებდნენ ცენტრალურ ადგილს და იდგნენ "ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს" შიდა საწმიდარის კედლებთან, შეად.: 3 მეფ. 7:19; 2 პარ. 4:7.
რადგან ეს სასანთლეები ასრულებდნენ "ფიზიკური" განათების ფუნქცია, - არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ხელთუქმნელ ზეციურ ტაძარში, სადაც არ არის სიბნელე, რადგან მთელი "სივრცე" ზეციური საყდრით არის განათებული, ასეთი სასანთლეები არც არის ნახსენები.
მიუხედავად ამისა, ხელთქმნილი კარვის სწორედ ათი მცირე სასანთლე იყო "საბაზისო" მაცხოვრის ერთი იგავისთვის, რომელსაც ეწოდება "იგავი ათ ქალწულზე" (მთ. 25:1-13)).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.