აპოკალიფსისი > განმარტება
"და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში"
(გამოცხ. 15:5-7)
"შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში. გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი. ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი" (გამოცხ. 15:5-7).
ჩვენს პირველ პუბლიკაციებში უკვე ვლაპარაკობდით იმაზე, რომ წმ. წერილის ბოლო წიგნი ეს არის უდიადესი და უსრულყოფილესი ახალაღთქმისეული მოწმობა, რომელიც აღგვიწერს ზეციურ რეალობას ბიბლიურ სიმბოლოებში, რომლებიც დაკავშირებულია ძველაღთქმისეულ ღვთისმსახურებასთან მოსეს ხელთქმნილი კარვის პერიოდში. ამიტომ, როდესაც გამოცხადების წიგნის წინა თავებში ერთიმეორის მიყოლებით მოიხსენიება ხელთუქმნელი ზეციური კარავი და განსაკუთრებული "სატაძრო" ატრიბუტები (ანუ ზეციური საყდარი (ტახტი), სამსხვერპლოები, სასაკმევლეები და ა. შ.), - ყოველ ამ მოხსენიებას აქვს არა მარტო და არა იმდენად აღწერილობითი, რამდენადაც საღვთისმეტყველო აზრი, რომლის გარეშე გამოცხადების წინასწარმეტყველური მოწმობანი უბრალოდ არ გაიხსნება.
ამასთან ეკლესიისთვის უცხო "კომენტატორები", რაკიღა დადუმების შესაძლებლობა არა აქვთ (რადგან ეს საკუთარი უძლურების აღიარება იქნებოდა), უუნარონი არიან იაზროვნონ მსგავს მნიშვნელობათა ჩარჩოებში (რადგან ამისთვის აუცილებელია გამოცხადების მოწმობათა განხილვა ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლების შუქზე), - რის გამოც იძულებულნი არიან "ჩართონ წარმოსახვა" და თავიანთი განმარტებების მრავალრიცხოვანი "თეთრი ლაქები" აავსონ ვარაუდებითა და ფანტაზიებით, რომელთა უმრავლესობა იმდენად წინააღმდეგობრივი და უმეცრულია, რომ მათი სერიოზული აღქმა უბრალოდ შეუძლებელია.
(რა თქმა უნდა, თვითშემოქმედ კომენტატორთა შორისაც გვხვდებიან ფრთხილი ადამიანები, რომლებიც "განმარტებას" საკუთარი სიტყვებით გადმოცემულ ნაწერებს უწოდებენ, მაგრამ საკუთარ მტკიცებულებებსა და დასკვნებს არ აჟღერებენ, - თუმცა, ამგვარი ამოცანის შესრულებაც ეკლესიის ფარგლებს გარეთ მყოფთათვის შეუძლებელია, რადგან სწორად გადმოსცე ის, რაც არ გესმის, თანაც ისე, რომ არ დაამახინჯო ჭეშმარიტი ბიბლიური მოწმობა, ჯერ არავის განუხორციელებია).
ასეა თუ ისე, გამოცხადების "სატაძრო" სიმბოლოებს თუკი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური აზრით განვიხილავთ, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ 15-ე თავში ნაუწყები მოვლენები და ზეციური ხელთუქმნელი კარვის ახსნა პირდაპირ შეესაბამება 11-ე თავში მოცემულ მოწმობას, სადაც ნათქვამია: "მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში", თანაც ამ მტკიცებულებათა წინასწარმეტყველური ერთობა ბევრად ფართე და ღრმაა, ვიდრე მათი ფორმალური მსგავსება.
ასე, მაგალითად, "ზეციური ტაძრის გახსნა" და "აღთქმის კიდობნის გამოცხადება" 11-ე თავში აღსრულდება უკანასკნელი საყვირის დროს, როდესაც "ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა" (გამოცხ. 11:15), რის შემდეგაც გაისმის სიტყვები "მოვიდა ჟამი შენი რისხვისა" (გამოცხ. 11:18), - ამიტომაც უეჭველია, რომ ეს მოვლენები შეესაბამებიან მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რომელიც ბოლოს მოუღებს უკეთურების მსოფლიო სამეფოს სახელგატეხილ ისტორიას.
ზუსტად ასეთივე აზრია დახატული 15-ე თავში, ცაში გაღებული ზეციური ტაძრიდან შვიდი ანგელოზის საზეიმო გამოსვლაში, რომელთაც ხელში თასები უჭირავთ, - რადგან ეს ბრწყინვალე ანგელოზები ქვეყნიერებაზე დასთხევენ ღმრთის უკანასკნელ რისხვას, რაც თავისთავად გულისხმობს ძველი ქვეყნიერების საბოლოო დაცემას და წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები "ჟამთა აღსასრულის" დადგომას (ფსალმ. 109:5; ეს. 13:13; სოფ. 1:18; გამოცხ. 6:17 და სხვა). თანაც ეს აზრი გრძელდება "სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსელის" ხატებაში და ტაძრიდან გამომავალი ანგელოზების "ოქროს სარტყელებში" (გამოცხ. 15:6), რადგან ლაპარაკია არა ოდენ საზეიმო ზეციერ შესამოსელზე, არამედ მღვდელმთავართა რიტუალურ შესამოსელზე (გამოცხ. 28:8; გამ. 39:5 შეად. დან. 10:5; გამოცხ. 1:13), რომლებიც ხელთქმნილი კარვის წეს-განგების მიხედვით მხოლოდ ტაძრის შიგნით უნდა გამოყენებულიყო (ანუ ძველაღთქმისეული მღვდლები ასეთ სამოსელში ხელთქმნილი კარვიდან არ გამოდიოდნენ, შეად.: გამ. 28:39-43; ლევ. 6:10-11; 23-24; ეზეკ. 44:19 და სხვა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შვიდი უზენაესი ანგელოზის ხილვა, რომლებიც შემოსილნი იყვნენ ძველაღთქმისეულ მღვდელმთავართა სამღვდლო შესამოსელით, რომლებიც გამოვიდნენ ზეციური ღია ტაძრიდან ოქროს "სატაძრო" თასებით ხელში (შეად.: გამ. 25:29; 37:16), მოწმობს "დიდ და საკვირველ" (გამოცხ. 15:1), ანუ თავისი მასშტაბით უნიკალურ და არაჩვეულებრივ მოვლენაზე, რომლის მსგავსი ადრე არასოდეს მომხდარა.
რადგან შვიდ ზეციერ ხელმწიფებათ ოქროს თასებს აძლევს ოთხი "სატახტო" ცხოველიდან ერთ-ერთი, - ეს ვითარება მიგვანიშნებს მთელი "სატაძრო" ხაზის სიმბოლიზმის აზრობრივ სისავსეზე, რომელიც დასაბამს იღებს მე-4 თავიდან, სადაც ზეციური საყდრისა და მასზე მჯდომის წინაშე იმყოფებოდნენ მხოლოდ ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი მხცოვანი, და მთავრდება ის ზეციური კრებულის სისავსითა და მოწმობებით ზეციური ტაძრის გაღების შესახებ მთელი სამყაროსათვის.
(რა თქმა უნდა, თუკი ვიხელმძღვანელებთ ოდენ ფორმალური ლოგიკით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზეციური ტაძარი სხვადასხვა დროს ორჯერ გაიღება, - მაგრამ ასეთივე ფორმალური ლოგიკის თანახმად მეშვიდე საყვირის დაცემისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ, რომელიც მონიშნულია 11-ე თავში, "უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის" გადმოღვრა 15-ე თავში შეუძლებელი გახდება, რადგან ასეთი სცენარის შემთხვევაში მრისხანების ეს თასები უკეთურების სამეფოზე კი არ გადმოიღვრება, არამედ ქრისტეს სამეფოზე (გამოცხ. 11:15).
ხოლო შვიდი თასის გადმოღვრა მეშვიდე საყვირამდე და მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე დიდი ხნით ადრე არ ტოვებს მრისხანებას უკანასკნელი დღისა და სამსჯავროსთვის, რადგან მრისხანებს ეს თასები ხომ "უკანასკნელად" იწოდება და წარმოდგენილია რიცხვით "შვიდი". "მრისხანების შვიდეული სისავსის" შემდეგ არც სასჯელები და არც სამსჯავროები უკვე აღარ აღსრულდება).
ამასთან შეიძლება აღინიშნოს, რომ არც "მრისხანება", არც "გაშმაგება" ხატოვანი აზრით არ საჭიროებენ რაიმე სპეციალურ ჭურჭლებს, - რადგან შვიდ "აღვსილ" ჭურჭელში უნდა იყოს რაღაც "ხილული" და ერთდროულად "სატაძრო" შიგთავსი, რომელსაც აქვს არა მარტო სიმბოლური, არამედ საკმაოდ ბუკვალური აზრიც.
რადგან მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება უკანასკნელი მრისხანების გადმოღვრას უკავშირებენ "ცეცხლოვან სამსჯავროს", - არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შვიდი ოქროს თავისი "ხილული შიგთავსი" წარმაოდგენს არა რაღაც "აბსტრაქტულ მრისხანებას", არამედ ზეციდან გადმოღვრილ მწველ ცეცხლს, შეად.:
"რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი" (ეს. 66:15-16).
"ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ. შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა" (ფსალმ. 20:10-11).
"ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს" (სოფ. 1:18).
"ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა" (სოფ. 3:8).
ამიტომაც სწორედ ასეთი აღქმის მიღებას გვთავაზობს პროფ. ლოპუხინიც ზეციერი თასების "ბუკვალურ" შიგთავსთან დაკავშირებით:
"რადგან ღმრთის რისხვა, რომლითაც აღსავსენი იყვნენ თასები, წმიდა წერილში თითქმის ყოველთვის გამოიხატება ცეცხლის სახით (ფსალმ. 78:6; იერ. 10:25), უნდა ვივარაუდოთ, რომ ანგელოზთა თასებიც ასევე ცეცხლით იყვნენ აღვსილნი".
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ გამოცხადების წიგნის 15-ე თავში შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი მეორეჯერ იწოდება "უკუნითი უკუნისამდე ცოცხალ" ღმერთად, რაც - პირველი ასეთი ხსენების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ანგელოზის ფიცთან გამოცხ. 10:5-7-ში, და ასეთივე ფიცთან დანიელის წინასწარმეტყველების წიგნიდან, - პირდაპირ მოწმობს შვიდ თასში წმ. წერილის ორივე ფიცის იგივეობას, დამტკიცებულთ და აღთქმულთ მარადიული ღვთაებრივი სახელით, შეად.:
"უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო? სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დან. 12:6-7).
ხოლო რადგან ფიცი გამოცხადების წიგნის 10-ე თავიდან იუწყებოდა, რომ "... უკვე აღარ იქნება დრო, არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:6-7), - ყოვლისმპყრობელის ხელმეორედ წოდება "უკუნისამდე ცოცხალ" ღმერთად იმ დროს, როდესაც ტაძრიდან გამოდიან შვიდნი ანგელოზნი თასებით ხელში, უკანასკნელი რისხვის ამ თასებს უკავშირებს ბოლო, მეშვიდე საყვირს და იუწყება არა უბრალოდ მსოფლიო უბედურებას, არამედ იმ უკანასკნელ სამსჯავროს, რომლითაც დაასრულებს თავის არსებობას მთელი ძველი ქმნილება.
(მომდევნო პუბლიკაციებში განხილულ იქნება
კიდევ ერთი მოწმობა, რომელიც წარმოადგენს ღმრთის მრისხანების გადმოღვრას არა
"დროში გაწელილს", არამედ იმგვარს, რომელიც მოხდება "ღვთის რისხვისა
და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღეს, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს
მიაგებს ყველას" (რომ. 2:5 შეად.: ფსალმ. 109:4-5; ეს. 13:13; სოფ.
1:15-18; გამოცხ. 6:17 და სხვა).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.