Перейти к контенту

განმარტება - გომბეშოს მსგავსი სამი უწმინდური სული, გადის ქვეყნიერების მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი უკანასკნელი ბრძოლისთვის (გამოცხ. 16:13-14) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
გომბეშოს მსგავსი სამი უწმინდური სული, გადის ქვეყნიერების მეფეებთან,
რათა შეკრიბონ ისინი უკანასკნელი ბრძოლისთვის

(გამოცხ. 16:13-14)
"და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი. ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს" (გამოცხ. 16:13-14).
 
 
უკანასკნელი რისხვის მეექვსე თასის მოწმობის შემდეგ, რომლითაც "გზა გაეხსნათ მეფეებს მზის აღმოსავალით", იდუმალთმხილველი ცალკე ახსენებს ურჩხულს, ცალკე "ზღვიდან ამომავალ მხეცს" და ცალკე ცრუწინასწარმეტყველს (ანუ "მხეცს, ამომავალს მიწიდან" (გამოცხ. 13:11), - მაგრამ წარმოადგენს მათ ერთიანი უკეთური მოქმედების თანამონაწილეებად, რომლის შედეგადაც მსოფლიოში გამოდის "გომბეშოს მსგავსი" სამი უწმინდური სული.
 
ამასთანავე სამი ზემოთხსენებული პერსონაჟის პირები, რომლებიდანაც გამოდის "სულიერი გომბეშოები" (ანუ უკეთური აზრები), გამოიყურება, როგორც ერთიანი პირი, რომელიც ეკუთვნის გველ-ურჩხულს (შეად. მოწმობებს "ზღვიდან ამომავალი მხეცისა" და ცრუწინასწარმეტყველის პირის შესახებ: "... და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. ... მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი" (გამოცხ. 13:2-5); "... ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული" (გამოცხ. 13:11).
 
ეს კი ნიშნავს, რომ ურჩხული, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან წინა თავებში "საკუთარი" სახეებით, ძველი ქვეყნიერების უკანასკნელი დღისთვის გამოვლენ "აღმოსავლეთის მეფეებთან" ერთად, როგორც ერთი მთლიანობა.
 
მეტიც, სამი უწმინდურისულის ზემოქმედების შედეგად "წუთისოფელში" მოხდება ყველა ღმრთისმბრძოლი მისწრაფების გაერთიანება, ხოლო ურჯულოები შეიკრიბებიან ერთ არმიად, რომელიც, ვერ ჰპოვებს რა მტრებს ხილულ ქვეყნიერებაში, თავის მიზნად დაისახავს მაცხოვრისა და მისი ეკლესიის სულიერი ძალის დამხობას (შეად.: "... გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა" (გამოცხ. 20:8).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ უწმინდური გომბეშო-სულები, რომლებიც გამოდიან ურჩხულის, მხეცის და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან, სრულ შესაბამისობაშია იმასთან, თუ როგორ გამოდიოდა ქვეყნად მდინარე, რომელიც ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში თავისი ხახიდან ამოუშვა ზეციდან გადმოგდებული გველ-ურჩხული (გამოცხ. 12:15-16).
 
ხოლო რადგან ეს მსგავსება სისრულემდე აგრძელებს "ეგვიპტის მეორე სასჯელის" ხატებას (შეად.: "იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად" (გამ. 8:7)), - მეექვსე საყვირის მოვლენათა გათვალისწინებით ათი "ეგვიპტური სასჯელიდან", რომლებიც ნახსენები არ არიან გამოცხადების წიგნში, რჩება მხოლოდ ნახირის მსოფლიო მოწყვლა (მეხუთე "ეგვიპტური სასჯელი" (გამ. 9:1-7)), რომელიც ხორციელდება საღმრთო რისხვის ყოველ უკანასკნელ წყლულებაში), და ყველა ეგვიპტელი პირველშობილის სიკვდილი (უკანასკნელი, მეათე "ეგვიპტური სასჯელი" (გამ. 12:12-15), რომელიც განხორციელდება არმაგედონში).
 
რაც შეეხება "გომბეშოს მსგავსი" სამი სულის ზემოქმედების ფორმებსა და მეთოდებს, - ისინი, როგორც "მიწიდან ამომავალი მხეცი", საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ არა "უხეშ ძალას", არამედ მაცდუნებელ ნიშებს და სასწაულებს.
 
მაგრამ, თუკი "მიწიდან ამომავალი მხეცი" აცდუნებდა "მიწის მკვიდრთ", რათა ყოველ მათგანს თაყვანი ეცა "ზღვიდან ამომავალი მხეცისთვის" და თავისთვის შეექმნა მისი ხატება, ანუ თვით დაენგრია თავისთვის პირველი და მეორე მცნებები (გამოცხ. 13:13-14), - დემონური გომბეშო-სულები "მიწის მეფეთაგან" შემოიკრებენ მომხრეებს და მათი ქვეშევრდომებისგან ქმნიან ერთიან მსოფლიო მხედრობას, რომელიც ღიად უნდა შეებრძოლოს არა მარტო წმინდანებს, არამედ თვით მაცხოვარს (აშკარაა, რომ "მიწიდან ამომავალი მხეცის", ანუ ცრუწინასწარმეტყველის ყველა წინა საცდურს ჰქონდა იგივე აზრი, რაც ბოლო დღეების საცდურებს, - ოღონდ ადრე "მიწიდან ამომავალი მხეცი" არ მოუწოდებდა და არ აიძულებდა მის მიერ ცდუნებულთ გამოსულიყვნენ საბრძოლველად, რომელიც ჭეშმარიტად იქნება საყოველთაო დონისა და მასშტაბის).
 
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხ. 16:13-14-ის მოწმობებში, მონიშნულია მთელი რიგი მნიშვნელოვანი დაპირისპირებანი, რომლებიც დამახასიათებელია გამოცხადების მთელი წიგნისთვის და გამოდიან "დამატებით" მაკავშირებელ რგოლად სხვადასხვა ხატებებსა და სიუჯეტებს შორის:
 
 
სამი უწმინდური სული, გომბეშოების მსგავსი, რომლებიც მიწაზე გამოდიან, ირიბად დაპირისპირებულნი არიან სამ ანგელოზს, რომლებიც ფრენენ "ცის შუაგულში" (გამოცხ. 14:6-12). თანაც ამ დაპირისპირების ჩარჩოებში პირველი ანგელოზის "მარადიული სახარება უპირისპირდება "გომბეშოს", გამომავალს ურჩხულის პირიდან, ცნობა ბაბილონის დაცემის შესახებ უპირისპირდება "ზღვიდან ამომავალი მხეცის" "გომბეშოს", ხოლო ცნობა მარადიული სატანჯველების შესახებ, რომლებიც გამზადებულია მხეცის თაყვანისმცემელთათვის, უპირისპირდება ცრუწინასწარმეტყველის პირს, რომელიც ამგვარი თაყვანისცემისკენ მოუწოდებს.
 
მაცდუნებელი ნიშნები, რომლებსაც იქმან დემონური სულები, ირიბად უპირისპირდებიან საღმრთო ნიშნებს ("მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს" (საქმე 2:19; გამოცხ. 12:1; 15:1 და სხვა).
 
"მთელი ქვეყნიერების" მეფეები, რომლებიც ცდუნებულნი იქნებიან ბნელეთიდან ამომავალი სამი უწმინდური სულის მიერ, მეხუთე თასის შემდეგ, გამონაკლისის გარეშე დაინთქნენ მხეცის სამეფოში, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება უფლის მხედრობის მეფეებს, რომლებიც უკანასკნელი ბრძოლისთვის გამოვლენ საღმრთო ნათლის ბრწყინვალებაში (ანუ "... მზის აღმოსავალით" (გამოცხ. 16:12)).
(რა თქმა უნდა, მოვლენათა განხილვის დროს, რომლებიც საღმრთო რისხვის უკანასკნელი თასების გადმოღვრაშია აღწერილი, ჩნდება "წარმოსახვის ჩართვის" საცდური და მცდელობა წარმოიდგინო, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი ადამიანის ჩვეულებრივი მხედველობისთვის.

მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენთვისჩვეული ქვეყნიერება იმდენად შეძრული იქნება, რომ ვერანაირი ადრე დაგროვილი ადამიანური გამოცდილება ვერ წარმოიდგენს მომავალ მოვლენათა არსსა და ბუნებას.

ამავე მიზეზით შეუძლებელია სრული განსაზღვრულობით ვამტკიცოთ, შეიგნებს თუ არა ბოლო დღეების უკეთური მხედრობა, რომ საბრძოლველად გამოდის თვით ღმერთის წინააღმდეგ (ეშმაკი-ურჩხული აქ მხედველობაში მისაღები არ არის, მას ყველაფერი ესმის), - ან მიწიერი უკეთურების აგრესია შემოიფარგლება ქრისტეს ეკლესიით და ადამიანური ყოფიერების ფუძემდებლური კანონებით, ხოლო ყველაფერ დანარჩენს, რაც ადამიანის მხედველობისთვის უხილავია, ეს უკეთური მხედრობა აღგვის, როგორც "ფანტაზიას".

მეტიც, თვით ყველაზე ფრთხილი ვარაუდებიც კი შეიძლება რეალობისგან შორს აღმოჩნდეს, რადგან მეძავის დაცემა, რომელიც ცოტა ადრე მოხდა, და უკანასკნელი რისხვის თასების გადმოღვრით გამოწვეული მსოფლიო რყევები, ქვეყნიერების უკუნ სიბნელეში მოქცევისა და იმ წარმოუდგენელი ტანჯვის ჩათვლით, რომლითაც აივსება მხეცის სამეფო მეხუთე თასის შემდეგ, შეიძლება იმდენად დამაბრმავებელი აღმოჩნდეს "მიწიერი მეფეებისა" და მათი მხედრობისთვის, რომ მათგან უბრალოდ ვერავინ შეძლებს ანგარიში მისცეს საკუთარ თავს საკუთარი მოქმედებების მოტივებსა და მიზნებში. ამიტომ, ერთადერთი ემოცია, რომელიც მათი მამოძრავებელი იქნება იმ დროს, აღმოჩნდება "ბრმა მძვინვარება" იმათ მიმართ, ვისაც ისინი დამნაშავედ ჩათვლიან თავიანთ ტანჯვა-წამებაში).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому