განმარტება - "მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ,..." (გამოცხ. 12:15-16) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ,..."

(გამოცხ. 12:15-16)
გველი-ურჩხული ეკლესიის წინააღმდეგ
"მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან" (გამოცხ. 12:15-16).
 
 
მოწმობა იმის შესახებ, რომ ციდან გადმოგდებული ურჩხულის ნაცვლად წყალს პირიდან უშვებს "გველი", საკმაოდ მოულოდნელად ჟღერს, - მაგრამ ცოტა ადრე, გამოცხ. 12:9-ში მოც. იოანემ მიგვანიშნა "დიდი წითელი ურჩხულის" სახელწოდებათა სხვადასხვა ვარიანტები; წარმოადგინა იგი, როგორც "ძველი გველი", "სატანა" და "ეშმაკი". თანაც ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ ამ უწმინდური პერსონაჟის პიროვნებასთან მიმართებაში შესაძლებელია სხვადასხვაგვარი წაკითხვები, არამედ იმისთვის, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, თუ როგორი კავშირი აქვს კაცთა მოდგმის მტრის ყოველ სახელს მის წარსულ და აწმყო ზრახვებთან და მოქმედებებთან.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელწოდებები "ურჩხული", "გველი", "ეშმაკი" და "სატანა" ყოველ შემთხვევაში ზუსტად შეესაბამებიან აღწერილ მოქმედებებს და გვიჩვენებენ ამ საქმეთა თანხმლებ "დამატებით" მნიშვნელობებს.
 
ასე, მაგალითად, იმ დროს, როდესაც ძალითა და ხელმწიფებით აღვსილი ურჩხული, რომელსაც ჯერაც არ დაკარგვოდა "მთელი ქვეყნიერების ცდუნების" შესაძლებლობა (იხ. გამოცხ. 12:9), ის მოქმედებდა, როგორც "მოწინააღმდეგე", ანუ როგორც "სატანა", რომელიც იყენებდა "ეშმაკურ" ცილისწამებას და "გველურ" მზაკვარებას, რათა შეწინააღმდეგებოდა საღმრთო ჩანაფიქრს და დაემხო საღმრთო განსაზღვრებანი ადამიანთან და სამყაროში მის როლთან დაკავშირებით.
 
როდესაც გამოცხ. 12:12-ში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ დედამიწაზე "ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი", - სახელწოდების ასეთი ცვლილება ხაზს უსვამს, რომ დედამიწაზე ჩამოგდებულ იქნა ის, ვინც განკითხულ იქნა, როგორც "ბრალმდებელი" (შეად.: "... დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით" (გამოცხ. 12:10)).
 
მაგრამ, რადგან მხოლოდ ცილისმწამებელი ეშმაკია მიწაზე გადმოგდებული, - ის კვლავ იწოდება "ურჩხულად" (გამოცხ. 12:13), ანუ ყოფილ მფრინავ გველად, რომელიც ფრთების დაკარგვის შემდეგ მიეკრო მიწას "არა იმით, რომ აკრძალა ფრენა", არამედ თვით თავისი დაცემული ბუნებით (ადრე უკვე აღინიშნა, რომ ეშმაკი ფრთების გარეშე არის "ჩვეულებრივი" გველი, რომელიც მუცელზე დახოხავს).
 
ხოლო, რადგან ადამიანის შეცდენისთვის გველს "მუცელზე ხოხვა" (დაბ. 3:14) დაუწესდა, - შემდგომ მუხლებში "ურჩხული" წარმომავლობით და "ეშმაკი" უკეთური საქმეების გამო, პირდაპირ იწოდება "გველად" (გამოცხ. 12:15). ის იძულებულია თავისი შემდგომი ზრახვები და მოქმედებები დააფუძნოს არა ურჩხულის დაკარგულ შესაძლებლობებს, არამედ მასთან "თავიდანვე" დარჩენილ მზაკვარებას (რაც ნაწილობრივ იმეორებს ედემში ადამიანის ცდუნების სახეებს (დაბ. 3:1-13)).
 
მიუხედავად ამისა, გველის "ახალ იარაღს" წარმოადგენს არა "შეფარვითი ცდუნება" (შეად.: "მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?" (დაბ. 3:1), არამედ წყლის მძლავრი ნაკადი, რომელსაც ის თავისი პირიდან უშვებს "დედაკაცის კვალდაკვალ", რაც გულისხმობს საკმაოდ არსებითი უკეთური ძალის გამოვლინებას, - ასე რომ 12-ე თავის ბოლო მოწმობებში გველ-ეშმაკი კვლავ "ურჩხულად" იწოდება.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად "წინასწარმეტყველურ უდაბნოში" ყოფნისა,სადაც მიწიერ უდაბნოთა მსგავსად ცოტა წყალია ან საერთოდ არ მოიპოვება, "ქალი" იქ არანაირ ნაკლებობას არ განიცდის (გამოცხ. 12:6, 14). ამიტომაც გველ-ურჩხულის გამობრძმედილი ჩანაფიქრი არ ვარაუდობს მისგან გაქცეული ქალის "დარწყულებას" "შხამიანი წყლით", რომელიც აღმოუშვა თავისი პირიდან.
 
რა თქმა უნდა, "ჩვეულებრივი" გველისგან უპირველეს ყოვლისა უნდა ველოდოთ "შხამის აღმონთხევას", - მაგრამ გველის შხამი ძნელია შეადარო მდინარეს, რადგან ის (ანუ გველის შხამი) მცირე დოზებით გამოიყოფა და მოქმედებს არა როგორც მდინარის ნაკადი, არამედ აღწევს სისხლში ნაკბენი ადგილიდან, შეად.: რიცხვ. 21:8-9; გამოცხ. 9:19 და სხვა.
 
გარდა ამისა, ბერძნული სიტყვა ποταμοφόρητος ბუკვალურად ნიშნავს "მდინარის მიერ წაღებულს", - ამიტომაც სრულიად აშკარაა, რომ მდინარე, რომელსაც თავისი პირიდან ანთხევს გველ-ურჩხული, შხამს სულაც არ წააგავს, რომელიც მოწოდებული იქნებოდა "მოეწამლა" ქალი და, არამედ წარმოადგენს ერთგვარ გლობალურ მზაკვარ ძალას, რომელიც ცდილობს "შეიპყროს" ქალი და ჩვეულებრივი მდინარეების მსგავსად "წარიტაცოს" იგი ბიბლიურ ზღვაში, შეად. - გამოცხ. 13:1).
მეტიც, რადგან 12-ე თავის წინასწარმეტყველური პანორამები შეესაბამებიან ძველაღთქმისეული გამოსვლის მოვლენებს, საკმაოდ ნიშანდობლივად გამოიყურება ის ვითარება, რომ წინასწარმეტყველ იერემიას წიგნში "უკეთურ მდინარედ" წარმოდგება წარმართული ეგვიპტე, რომელიც ცდილობს "დატბოროს" ბუკვალურად მთელი დედამიწა, შეად.:
 
"უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე - ეგვიპტეზე და ფარაონ ნექოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზე, ... ვინ არის ნილოსივით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს? ეგვიპტე მოდიდდა ნილოსივით და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს" (იერ. 46:1-8).
 
ხოლო წინასწარმეტყველი ესაია საკმაოდ მსგავს ვითარებებში მდინარის ნაკადს ადარებს უკეთური ასირიელი მეფის ჯარს, რომელიც "გადმოვიდა ნაპირებიდან" და "მთელ დედამიწას" მოედო:
 
"ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ (ეს. 8:7-8)!"
 
(შეად.: "... წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი" (გამოცხ. 17:15); "... გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკს..." (გამოცხ. 20:7-8).
 
თანაც წინასწარმეტყველი ესაია ბუკვალურად იქვე მოწმობს იმ უკეთურ ზრახვათა აბსოლუტურ უნაყოფობაზე, რომლითაც თუხთუხებს და ბორგავს ღმრთის ერის წინააღმდეგ უკეთურად აბობოქრებული ეს "ყოვლისწამლეკველი მდინარე":
 
"დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი (ემანუელი) რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა მტკიცე ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით. და მითხრა: ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგზარავთ. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი" (ეს. 8:9-13).
 
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რადგან წინასწარმეტყველი იერემიაც და წინასწარმეტყველი ესაიაც "მდინარის ნაკად" ადარებენ მრავალრიცხოვან წარმართ ხალხებს, - სრულიად ნათელია, რომ გამოცხადების წიგნის სიმბოლოებში ასეთი მდინარე ურჩხულის პირიდან ამოინთხევა და წარიმართება ქალზე, მაგრამ ვერ მიაღწევს თავის უკეთურ მიზანს, რადგან "მიწა შეეწევა ქალს" და "შთანთქავს მდინარეს" (შეად.: "... ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19); "ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები" (ფსალმ. 145:4)).

მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო შეფარდება "უკეთურ მდინარესა" და მიწიერ ხალხთა ურჯულო ქმედებებს შორის აღწერილია ძველაღთქმისეული გამოსვლის მოვლენებში, - ურჩხულის პირიდან გამომავალი მდინარე ხომ "ფარაონის ჯარივით" მოქმედებს, ანუ ბუკვალური აზრით უდაბნოში მისდევს ღმრთის ერს, რომელიც მაცხოვარმა ცოდვის მონობისგან გაათავისუფლა.
(გამოცხადების 12-ე თავისა და ძველაღთქმისეული გამოსვლის ანალოგიათა კონტექსტში საკმაოდ ნიშანდობლივად გამოიყურება ის ვითარება, რომ "მაცხოვნებელი სტიქიონი", რომელმაც ისრაელის ხალხი იხსნა ფარაონისა და მისი მრავალრიცხოვანი მხედრობისგან, ერთი შეხედვით წარმოგვიდგება "ორად გაყოფილი ზღვა".
 
მაგრამ ისრაელს ჭეშმარიტი გადარჩენა უბოძა არა ზღვამ, არამედ მიწამ - რადგან ისრაელი ფარაონს გაექცა სწორედ მიწაზე, ანუ "ხმელზე" (შეად.: "ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ" (პარაკლისი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა. გალობა 1-ლი. ძლისპირი - "აპოკ." რედ.).

რაც შეეხება ზღვას - ის იძულებული გახდა გაწეულიყო, რათა გაეთავისუფლებინა გზა ისრაელისთვის, და გარკვეული დრო "კედელივით იდგა" მაცხოვნებელი გზის მარჯვნივ და მარცხნივ. ისრაელის გავლის შემდეგ გაწეული წყლები კვლავ შეერთდნენ და ჩაყლაპეს თვით ფარაონი, და მთელი მისი მხედრობა, ასე რომ, "ზღვა" წარმოადგენს "დამღუპველ" და არა "გადამრჩენელ" სტიქიას).
გარდა ამისა, "გველის მდინარედ" შეიძლება გავიგოთ მრავალგვაროვანი საზრუნავები, საცდურები და განსაცდელები, რომლებიც მუდმივად დასდევენ ღმრთის ერს და ცდილობენ მის ჩათრევას "დამღუპველ ზღვაში" (სადაც, როგორც ადრე უკვე აღინიშნა, ბინადრობს "ზღვის ურჩხული" (ფსალმ. 103:26; ეს. 27:1; ამოსი 9:3; გამოცხ. 13:1 და სხვა). მაგრამ რადგან არც საცდურები, არც განსაცდელები "შეუძლებელია მოწყდნენ მიწას", - ისინი ვერ აღწევენ "საარწივე" სიმაღლეს, სადაც ბინადრობს ქალი და იძულებულნი არიან დაბრუნდნენ იქ, საიდანაც, არსებითად, იყვნენ წარმომდგარნი (ანუ "მიწიერ მტვერში").
 
ანდრია კესარიელი წერს: "როდესაც ეკლესია გაიქცევა უწყლო და მაცდურისთვის მიუღწეველ ადგილებში, ის უკან გაეკიდება მას, როგორც მდინარე, რათა სძლიოს; სხვაგვარად - მისგან (ურჩხულისგან) გამოვლენ მრავალნი ბოროტნი დემონნი ან საცდურნი".
 
ხოლო ყველაზე გლობალური აზრით 12-ე თავში აშკარავდება ეშმაკის უკეთური ძალისხმევის დაპირისპირება დიდ წარღვნასთან, რომელიც მართალი ნოეს დროს მოაწია უფალმა უკეთურ კაცობრიობას. მაგრამ თუკი მიწის განმწმენდელი წარღვნისთვის ამოვიდნენ არა მარტო "დიდი უფსკრულის წყაროები", არამედ "გაიხსნენ ცათა სარკმელები", და ამ წყლებმა შეძლეს აევსოთ დედამიწა (დაბ. 7:11); ურჩხულის მცდელობა გაიმეოროს ანალოგიური და წალეკოს ქალი (ეკლესია) აღმოჩნდება, რომ მას ემორჩილებიან მხოლოდ "უფსკრულის წყაროები" (გამოცხ. 9:2-3), ანუ ის "წყლები", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი პირიდან მოედინება.
 
ამასთან უფალი ქალის გადასარჩენად "მიწის პირს გააღებს", - და მიწა იქვე დაეხმარება დედაკაცს, რომელიც რაიმე ხილული ძალისხმევის გარეშე შთანთქავს ყველაფერს, რაც კი შეუძლია თავისი პირიდან ამოაფრქვიოს გველ-ურჩხულმა (შეად.: რიცხვ. 16:30-33).
 
პროფ. ლოპუხინის განმარტებით: "ეს უთითებს იმაზე, რომ ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, მისი მტრის ეშმაკის ძალისხმევის მიუხედავად, ივლის თავისი გზით, რომელიც მას ღმერთმა მოუნიშნა. თვით ცხოვრებისეული პირობები, რომლებშიც ეკლესია აღმოჩნდება ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ გადატრიალებებში, ბუნებრივად და სარწმუნოდ გადაურჩება უბედურებათა უკიდურესობებს, შეჭირვებებსა და ძალადობას".


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. "აპოკალიფსისის" რედ. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому