აპოკალიფსისი > განმარტება
"მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი..."
(გამოცხ. 13:5-6)
მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის განმავლობაში. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი (გამოცხ. 13:5-6).
რადგან მხეცის მზვაობარი და ღმრთისმგმობი პირი მიეცა მას დიდ მიწიერ ძალაუფლებასთან ერთად მხოლოდ დროებით, და არ წარმოადგენს მის სუვერენულ საკუთრებას, - ცხადია, რომ ნამდვილ მფლობელად "მხეცური" პირისა იყო და რჩება ციდან გადმოგდებული ეშმაკი.
(პირის "წარმომავლობა", რომელიც "მზვაობრად და ღვთისმგმობელად" მეტყველებდა, განისაზღვრება არა მარტო ამ დემონური ბიწიერებით, ანუ ამპარტავნებით, არამედ იმის შესაბამისადაც, თუ რა გამოდის ამ პირიდან, ეშმაკის უკეთური სახელებით, რომელიც არის "ცილისმწამებელი", ანუ διάβολος ("დიაბოლოს") და "მგმობარი".
ხოლო რადგან "მეტყველების" და "მოქმედების" ძალაუფლება, რომელიც მიეცა ზღვიდან ამომავალ მხეცს, შეზღუდულია განსაზღვრული დროით, - უეჭველია, რომ ამ დროის ამოწურვის შემდეგ ეშმაკის პირი კვლავ თავის ნამდვილ მფლობელს "დაუბრუნდება").
შესაბამისად, ადრესატი ბოროტმეტყველებისა, რომელიც ქვეყნად იღვრება მხეცისთვის გადაცემული დემონური პირისგან, ხდება ყველაფერი ის, რაც ეშმაკმა დაკარგა (სიტყვებით "ღმრთის სამკვიდრო" ბერძნულად გადათარგმნილია, როგორც σκηνή, ანუ "კარავი", - ასე რომ მხეცი გმობს არა მარტო ღმერთსა და ღმრთის სახელს, არამედ ეშმაკისთვის მიუწვდომელ ზეციურ კარავს, და მის ყველა ბინადარს, შეად.: "... რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:6)).
ეს კი ნიშნავს, რომ ეშმაკის პირი საბოლოო ჯამში ემსახურება არა იმდენად მხეცს, რამდენადაც თავის ნამდვილ მფლობელს, და ანთხევს გმობას ყველაფერზე, რაც კი შეიძლება ადასტურებდეს მის ყოფილ ზეციურ მდგომარეობაზე და მის საშინელ დამამცირებელ დაცემაზე.
(აქ უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა
თანამედროვე სექტა, ჩამოთვლიან რა მართლმადიდებლობის მოჩვენებით "ცდომილებებს"
ცრუდ მოწმობენ იმის შესახებაც თითქოსდა ცაში ადამიანები არ ბინადრობდნენ, - ხოლო მათ,
ვისაც ეკლესია ადიდებს, როგორც ცის ბინადართ, მსგავს ვითომცდა ქრისტიანულ კრებულებში
უკეთეს შემთხვევაში "ეგრეთ წოდებულ წმინდანებს" უწოდებენ. მაგრამ გამოცხადების
წიგნის მოწმობა არა მარტო უარყოფს ამ ერესს, არამედ გვიხსნის ამგვარ "ქადაგებათა"
ჭეშმარიტად დემონურ არსს, შეად.: "... განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი
სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:6), "ხარობდეთ
მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი
მოჰკითხა მას" (გამოცხ. 18:20 და ა. შ.).
ამასთან ქვეყნად დაგდებულ ყოველ ღმრთისმგმობ სიტყვას ეშმაკისთვის სრულიად ხელშესახები გამორჩენა მოაქვს. ასე, მაგალითად, საკმაოდ აშკარაა, რომ ღმრთისმგმობელობისკენ მიდრეკილება გააჩნია თითქმის ყველა ურწმუნო ადამიანს, თუმცა, თუკი კაცი დარწმუნებულია, რომ "ღმერთი არ არსებობს", არც ცნება "ღმრთისმგმობელობას", არც ღმრთის გმობის წარმოთქმას მისთვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, ურწმუნოების მიზეზთა და გამართლებათა შორის ხშირად ახსენებენ "რაციონალურ განსჯას" და "პრაქტიკულობას", რაც არანაირად შეესაბამება არც იმ ძალისხმევას, რომელსაც ურწმუნოები ხარჯავენ თავიანთი ურწმუნოების დასამტკიცებლად, და არც მსგავსი პოზიციიდან გამომავალ შეურაცხყოფებსა და ღმრთისმგმობელობას.
ასეა თუ ისე, მრავალი ურწმუნო მზადაა აღიაროს, რომ ისინი თავიანთ ურწმუნოებას ისე პატიოსნად რომ მისდევდნენ, როგორც მორწმუნენი მისდევენ თავიანთ რწმენას, მსოფლიოში ვერავინ იტყოდა ღმრთის მგმობ ერთ სიტყვასაც კი, - მაგრამ ნაკლებად დასაჯერებელია ვინმე მათგანი დაეთანხმოს მტკიცებულებას, რომ ის მისდევს თავისი ურწმუნოების ლოგიკას იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ "პატიოსანი ურწმუნოება" უბრალოდ არც არსებობს.
ხოლო რადგან ყოველგვარი ურწმუნოების მიღმა დგას არა ჩვეულებრივი ადამიანური, არამედ დემონურ ძალთა მაცდური და მზაკვრული ლოგიკა, ღმრთისმგმობელობის ცოდვაც უნდა შევაფასოთ იმისი გააზრების პრიზმაში, რაც ძველი აღთქმის კანონებით, როგორც ღმრთის ან მისი სახელის, ან ღმრთის ტაძრის გმობა, დაუყოვნებლივი სიკვდილით ისჯებოდა (შეად.: ლევ. 24:16; 3 მეფ. 21:13; მკ. 3:28-29 და სხვა). ასევე უნდა გავიაზროთ ის, რომ ურწმფუნოებისთვის დამახასიათებელი მკრეხელობებით, რაც ღმრთის გმობაში გამოიხატება, "ბნელეთის მმართველი ძალები" იძენენ არა მარტო "მორალურ დაკმაყოფილებას", არამედ ეუფლებიან იმ უგუნურ პირებსაც, რომლებიც წარმოთქვამენ ამ უგუნურებას (ხოლო პირთან და სხეულთან ერთად, თავსაც, და მათ მფლობელთა სულებსაც).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ღმრთის მგმობელობამდე ეცემა, არსებითად თვითონ აქცევს თავს მტვრად და ბუკვალური ლუკმა ხდება ეშმაკისა (შეად., რაც გველს უთხრა ღმერთმა: "... მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:14), - და ასევე ადამიანს უთხრა: "მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19)).
(ამ აზრით ძველი წარმართებიც კი, რომლებიც იმყოფებოდნენ უმეცრების ბნელში და არ იცოდნენ, ვის ეთაყვანებიან, ბევრად ფრთხილნი იყვნენ თანამედროვე ღმრთისმგმობელებთან შედარებით, და უმიზეზოდ უცხო ღმერთებს არ ლანძღავდნენ. რადგან "უცხო" ღმერთები შეიძლებოდა "გაბრაზებულიყვნენ" და "შური ეძიათ", - ასე რომ მსგავსი ღონისძიება ცრუმორწმუნე წარმართთათვის არა თუ წამგებიანად გამოიყურებოდა, არამედ უკიდურესი რისკის შემცველადაც).
გარდა ამისა, საჯარო ღმრთისმგმობელობით ბოროტების ძალნი იღებენ "გრძელვადიან ირიბ გამორჩენასაც". ჯერ-ერთი, რადგან მსგავსი ქმედებები უცებ არ ისჯება და ასეთი მკრეხელობის წარმომთქმელს "მეხი არ ატყდება" ციდან, ეს დემონურ ძალებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ მცირედმორწმუნეთა ცდუნება (შეად.: 2 პარ. 32:13-21, 4 მეფ. 18:31-35 და ა. შ.), - მეორეც, ყველა ქრისტიანი, რომელიც ამგვარი ბოროტსიტყვაობის მოწმე ხდება და ხმას არ აღიმაღლებს მის წინააღმდეგ, არღვევს ერთგული მოწმობის პრინციპსა და კანონს, თვითონაც ამ მკრეხელობის თანამონაწილე ხდება და ნაწილობრივ იზიარებს ცრუმოწმეთა "პირად" დანაშაულს (შეად.: ლევ. 5:1; მეორე რჯლ. 19:16-19; ტიტ. 1:11 და სხვა).
შესაბამისად, "ორმოცდა ორი თვე", რომლის განმავლობაშიც ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც ეძლევა ხელმწიფება "მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის განმავლობაში", - ეს გარკვეულ მოვლენათა ბუკვალური ხანგრძლივობა კი არ არის, არამედ ახალაღთქმისეული სულიერი ბრძოლის ყოველდღიური რეალობა, რომელიც მორწმუნეებისგან ითხოვს არა მდუმარე მოლოდინს იმ დროისა, სანამ წუთისოფლის მკრეხელები მიაღწევენ თავიანთ კულმინაციას, არამედ დროულ და გადამჭრელ ქრისტიანულ რეაქციას (შეად.: "იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით. ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ" (2 ტიმ. 4:2-4)).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.