Перейти к контенту

განმარტება - რატომ ბინადრობენ "დაცემულ ბაბილონში" ასეთი საზარელი არსებები? (გამოცხ. 18:1-3) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
რატომ ბინადრობენ "დაცემულ ბაბილონში" ასეთი საზარელი არსებები?
 
(გამოცხ. 18:1-3)
შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით. შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით (გამოცხ. 18:1-3).
 
 
გამოცხადების წიგნის მე-18 თავში, რომელიც მთლიანად ეძღვნება დიდი ბაბილონის მეძავის მხილებას, წარმოჩენილია აზრობრივი სიმფონიის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა მთელ რიგს ერთიან და თანმიმდევრულ ახალაღთქმისეულ ჟღერადობას ანიჭებს.
 
ამასთან, თუ წინა ხილვების განხილვისას მუდმივად აღინიშნებოდა, რომ გამოცხადების სიმბოლურ მოვლენებში ერთი შეხედვით სხვადასხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებანი თითქოსდა ერთდროულად აღსრულდება, — მე-18 თავი, პირველი მუხლიდან უკანასკნელამდე, ბაბილონის მეძავზე ლაპარაკობს ესაიას, ნაუმის, აბაკუმის, ეზეკიელისა და იერემიას სიტყვებით; და ნინევიის, იერუსალიმის, ბაბილონისა და ტვიროსის ბიბლიურ ისტორიებში უღვთო კაცობრიობისა და მთელი ძველი სოფლის უსახელო აღსასრულის ერთიან წინასწარმეტყველურ ხატს წარმოაჩენს.
 
ამასთან, მე-18 თავი იწყება ზეცით გარდამომავალი დიდებული ანგელოზის შესახებ მოწმობით, რომლის დიდებამაც მთელი დედამიწა გაანათა, რაც პირდაპირ შეესატყვისება გამოცხადების წიგნის იმ თავების დასაწყისს, სადაც წინასწარმეტყველურ პანორამათა მონაცვლეობა ხდება, ხოლო შემდგომი თხრობა დასრულებულ ახალაღთქმისეულ სიუჟეტს წარმოადგენს (შდრ. ზეცით გარდამომავალ ანგელოზთა აღწერილობანი გამოცხ. 10:1-სა და გამოცხ. 20:1-ში). ამიტომ მე-18 თავის თხრობაც ნაწილობრივ გამიჯნულია მე-17 თავისგან, რომელიც დასრულდა იმის მტკიცებით, რომ რომ უფსკრულიდან ამოსული მხეცის ათმა რქამ "ერთ საათში" "გააშიშვლა" და "შთანთქა" (ან: "შეჭამა") მწუხარების არმცნობი ბაბილონის მეძავი (გამოცხ. 17:16–17). (გამოცხ. 17:16-17).
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე-18 თავში უკვე არც თავად წითელი მხეცი და არც მისი ხატის გამგრძელებელი "თავები" და "რქები" აღარ მოიხსენიებიან, - ხოლო მსოფლიო ბაბილონი დრომდე აყვავებულ სავაჭრო ქალაქად წარმოჩინდება; ამით გამოცხადების მოწმობა უკავშირდება სხვადასხვა მიწიერ ქალაქზე ზეციურ სამსჯავროთა ძველაღთქმისეულ სახეებს რომელთაგან თითოეული უაღრესად ფართო და წარმატებულ ვაჭრობას ეწეოდა და გარშემო მყოფ ხალხებში სიმდიდრითა და ფუფუნებით იყო სახელგანთქმული.
 
გარდა ამისა, შესამჩნევია, რომ ზეციდან ჩამომავალი ანგელოზის პირველივე მტკიცება პირდაპირ აგრძელებს ესაიას წინასწარმეტყველებას ("დაეცა, დაეცა ბაბილონი, დიდი მეძავი", შდრ. ეს. 21:9, გამოცხ. 14:8), რომელიც ბუკვალური გაგებით მიმართული იყო არა მხოლოდ ბაბილონისკენ, არამედ ედომისკენაც (ე.ი. მიმართული იყო არა მხოლოდ ისრაელის მიწის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, არამედ სამხრეთითაც); ხოლო ყველაზე ფართო, მასშტაბური მნიშვნელობით წინასწარ აუწყებდა ღვთის სამსჯავროებს მთელ დასახლებულ სამყაროს, შდრ.:
 
"ბაბილონს - სამეფოთა მშვენებას, ქალდეველთა დიდების სამკაულს, დააქცევს უფალი როგორც სოდომსა და გომორას. არასოდეს დასახლდება და გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ. არამედ უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას. ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება" (ძველ ქართულშია: "განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ. და ვირკინტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა" - "აპოკ." რედ.) (ეს. 13:19-22).
 
"ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა! რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა. მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან. დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად. უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოსორში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე. კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი. რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის. მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ. ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს. ... მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად. ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს. აქ მოიკალათებს მფრინავი გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ" (ეს. 34:1-15).
 
თანაც ბაბილონის, ედომის ქვეყნისა და ედომის ქალაქ ბოსორის უკიდურესი გაუკაცრიელების პანორამები ალეგორიულად მოწმობს, რომ ეს დაცემული ქალაქები მყისიერად არ ნადგურდება: ისინი არსებობას თითქოს განაგრძობენ, თუმცა მათ მკვიდრებად უკვე არა ჩვეულებრივი მცხოვრებლები, არამედ ძალზე უცნაური და კიდეც შემზარავი არსებები ხდებიან: "ოჩოკოჩები", "ტყის სულები", "ღამის მოჩვენებები" და კიდეც "მფრინავი გველი", რომლებიც დაცემულ ქალაქებში პირდაპირი მნიშვნელობით თავს გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, შდრ.: "იქ დაიბუდებს მფრინავი გველი, კვერცხებს დებს და თავის ნაშიერებს გამოჩეკს..." (ეს. 34:15).
 
რა თქმა უნდა, ასეთ "ზღაპრულ" სახეებს შეიძლება მოვეკიდოთ მხოლოდ როგორც წინასწარმეტყველურ ეპითეტებს, რომლებიც არა რეალურ პერსონაჟებს, არამედ საყოველთაო და სრული გაუკაცრიელების აბსტრაქტულ პანორამას ხატავს. მაგრამ რადგან გამოცხადების წიგნში დაცემული ბაბილონი წარმოდგენილია "ეშმაკთა სამკვიდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად" (გამოცხ. 18:2), — ეჭვის არავითარი საფუძველი არ რჩება, რომ შესაბამის ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებში ჩამოთვლილია არა რაღაც ფანტაზიური "ბნელი პერსონაჟები", არამედ სრულიად რეალური არაწმინდა ძალები, რომლებიც "ადამიანურ სახლებში" ბინადრობენ — იმ სახლებში, რომლებმაც საკუთარი თავი განაშორეს ღვთის მადლს.
(ცხადია, მსგავსი ხატებების რეალობასთან შეზავება ძალზე და ძალზე რთულია, რადგან ჩვეულებრივი ადამიანური მზერა ვერ ხედავს ძველი კაცობრიობისთვის დამახასიათებელ სულიერ გაუკაცრიელებას; ხოლო "გარედან" დიდი მეძავი არც ბნელი ჩანს და არც მიტოვებული — პირიქით, ძვირფასი და მკვეთრი სამეფო სამოსითაც კი არის შემოსილი (გამოცხ. 17:4; გამოცხ. 18:16).

მიუხედავად ამისა, თუ ამ ხატის მასშტაბს შევამცირებთ და ცალკეული ადამიანის სულამდე დავიყვანთ, რომელიც უღმერთობაში იმყოფება ან ცრუმოძღვრებებით არის გატაცებული, — გამოცხადების წიგნის 17-ე და 18-ე თავების მოწმობა უფრო მარტივად აღსაქმელ მნიშვნელობას შეიძენს; ეს მნიშვნელობა შენარჩუნდება მაშინაც, როცა "დიდი ბაბილონის მეძავის" ცნებას მის შესაბამის "ზოგადსაკაცობრიო" მასშტაბამდე გავაფართოებთ; შდრ. — მათ. 12:43–45).
ამასთან, მეძავისგან გამდიდრებულთა ხატებები (გამოცხ. 18:3; 18:11; 18:15) პირდაპირ უკავშირდება ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს სავაჭრო ქალაქების — ტვიროსისა და სიდონის — დამარცხების (დაცემის) შესახებ ეს. 23-დან; ხოლო მეძავობის ღვინისა და მიწიერ მეფეთა ხატებანი, რომლებიც მეძავთან გარყვნილებას ეწევიან (და ეს ზუსტად იგივე მოწმობაა, რაც გამოცხ. 17:2-ში), — ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს იერუსალიმისა და სამარიის შესახებ (ეზეკ. 23), და წინასწარ უწყებულ განადგურებას "დიდი ნინევიისას" (ე.ი. დრომდე აყვავებული ასურეთის სამეფოს დედაქალაქისა) როგორც წინასწარმეტყველ ნაუმის წიგნშია ნათქვამი, შდრ.:
 
"ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცულია ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?" (ნაუმი 3:4-7)?
 
ზოგადად კი შეიძლება აღინიშნოს, რომ როგორც ცაში მფრინავი მეორე ანგელოზის სიტყვა — "დაეცა, დაეცა ბაბილონი, დიდი ქალაქი" (გამოცხ. 14:8) — მიმართული იყო არა მხოლოდ "დიდი ბაბილონის" მომავალი საბოლოო განადგურებისკენ, არამედ იმ უცვლელი, დაცემული მდგომარეობის აღსანიშნავადაც, რომელშიც ეს სიმბოლური ქალაქი ძალზედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება, — ასევე მე-18 თავშიც ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, ესაიას წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით მოწმობს, რომ ბაბილონის სულიერი გაუკაცრიელება სათავეს იღებს ღვთის მახვილის ზეციდან მიწაზე დაშვებიდან (ეს. 34:1–5), ანუ მაცხოვრის ამაღლების მომენტიდან, ცათა განწმენდისა და მთელი ძველი სამყაროს მიმართ ახალაღთქმისეული სამსჯავროების გახსნიდან; და მხოლოდ ჟამთა აღსასრულს დადგება საბოლოო სამსჯავრო "მეძავ-ნინევიაზე", რომელიც უფლისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლას წინ უძღვის.
 

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური.წყაროების.მიხედვით. 2026 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому