აპოკალიფსისი > განმარტება
რაზედ მოწმობენ ბაბილონის მოოხრების სახეები?
(გამოცხ. 18:22-23)
"მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში. აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი" (გამოცხ. 18:22-23).
მას შემდეგ, რაც მოწმობს, რომ ბაბილონი ზღვაში ჩაგდებულ წისქვილის ქვას დაემსგავსება (გამოცხ. 18:21), ანუ მაცდურთა სამსჯავროთი უფსკრულში იქნება დამხობილი (შეად. – მათ. 18:6, 7), ანგელოზი საიდუმლოთა მხილველს აუწყებს სხვადასხვა ყოფითი მოვლენის ნიშანდობლივ "ათობით" რიგს, რომლებიც მივიწყებულ ბაბილონში აღარასოდეს აღესრულება.
და რადგან სწორედ ასეთი ეპიზოდებისაგან შედგებოდა ნებისმიერი მიწიერი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება, ერთი შეხედვით ყველაფერი ისე წარმოჩნდება, თითქოს ანგელოზის მიერ მოხაზულ პანორამებს ყველაზე ჩვეულებრივი, ყოფითი აზრი ჰქონდეთ. და შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტყვასიტყვითი და "ამქვეყნიური" აზრები არ არის დამახასიათებელი გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველურ მოწმობათათვის (რომლებიც სწორედ თავიანთი უჩვეულობისა და განმარტების სირთულის გამო იწვევენ გაკვირვებასა და შეცბუნებასაც კი), ღვთისმეტყველთა უმრავლესობა გამოცხ. 18:22, 23-ში მხოლოდ პოეტურ და ემოციურ ასპექტს ხედავს, რომელიც ახასიათებს ძველაღთქმისეულ გლოვას ბაბილონზე ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან, და გლოვას დიდ ტვიროსა და ეგვიპტის მეფეზე ეზეკიელის წიგნიდან, ასევე ისრაელზე გლოვას იერემიას წიგნიდან და ა. შ.
მიუხედავად ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ადამიანთა დასახლებების ჩვეულებრივი ცხოვრების თითოეული სახე, გამოკვეთილი ძლიერი და დიდებული ანგელოზის მიერ, სულაც არ ეძღვნება ადამიანის თვალისთვის ხილულ მიწიერ საქმიანობას, არამედ იმ შინაგან სულიერ ცხოვრებას, რომელიც კეთილდღეობის ჟამს ისრაელის ერისთვის იყო დამახასიათებელი და რომელიც ყოველთვის დამახასიათებელი იყო და იქნება ახალი აღთქმის ეკლესიისათვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქნარზე დამკვრელებში", "მომღერლებში" და "სალამურზე დამკვრელებში" იგულისხმებიან არა ქუჩის ჩვეულებრივი მგალობლები და მუსიკოსები, არამედ მღვდელ-ლევიტელთა მსახურება (1 პარ. 9:33, 15:16, 25, ფსალმუნთა წიგნი და ა.შ.), რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული გამოცხადების წიგნის ახალაღთქმისეულ მოწმობებთან (გამოცხ. 5:8, 14:2, 15:2, 3, 4 და ა.შ.).
(ამასთან, სიმებიანი და სასულე საკრავთა ყოველი ბიბლიური ხსენება ხაზს უსვამს ამჟამად აღსრულებულ მოვლენათა მასშტაბსა და მნიშვნელობას, ხოლო მგალობელთა სახე გულთა სიხარულსა და უფალში მყოფთა სულის ზეიმზე მოწმობს, შეად. "...აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!", ის. 65:14; "აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო..... იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა. ", ოს. 2:14, 15, შეად. – 1 სამ. 10:5, 6, 1 სამ. 16:23, 2 ნეშტ. 5:12, 13, 14, 2 ნეშტ. 20:27, 28, 29, ის. 30:29, ნეემ. 12:27, 28, 29, 30 და ა.შ.).
საყვირზე დამკვრელთა სახე უშუალოდ არის დაკავშირებული კარავში აარონის წესის მღვდელთა საყვირის მსახურებასთან, რომლებიც საყვირებს მხოლოდ განსაკუთრებული წინასწარმეტყველური განწესებით იყენებდნენ და ერს უაღრესად ნიშანდობლივ დროებსა და მოვლენებს აუწყებდნენ (რიცხვ. 10:1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და ა.შ.), აგრეთვე მხილველთა და წინასწარმეტყველთა მსახურებასთან, რომელიც, ისევე როგორც სამეფო მღვდელმთავრობის მისია, ახალი აღთქმის ჟამს მთელს ქრისტეს ეკლესიას მიენდო (ეზეკ. 33:1, 2, 3, 4, 5, იერ. 6:16, 17, გამოცხ. 8:1, 2, 3, 4, 5, 6 და ა.შ.).
ხელოვანთა და ხელოვნებათა სახე სათავეს იღებს ხელთქმნილი კარვისა თვით უფლისაგან შთაგონებულ ძველაღთქმისეულ მშენებელთაგან (გამ. 31:1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, გამ. 35:30, 31, 32, 33, 34, 35, 2 ნეშტ. 2:13, 14) და ახალი აღთქმის განგებულების ჟამს უმშვენიერესი ხელთუქმნელი ტაძრის აღშენების დროებით წარმოადგენს (შეად. – ეფ. 2:20, 21), რომლის ხელოვანი და მშენებელი, უმაღლესი გაგებით, არის უფლის სიბრძნე (შეად. – "ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი", ებრ. 11:10; იგავ. 8:27, 28, 29, 30, 31 და ა.შ.).
შესაბამისად, წისქვილის ქვათა ხმაურიც მოხსენიებულია არა იმ მიზნით, რომ მკითხველს ჩვეულებრივი ფქვილის დამზადების წესი და აუცილებლობა შეახსენოს, არამედ როგორც მითითება იმ ხსნის მომხვეჭ ღვაწლზე, რომელთაც საკუთარ თავზე აღასრულებენ ადამიანნი, ხორციელად ბაბილონში მყოფნი, მაგრამ უფლის მოწოდებათა მორჩილნი: "გამოვედ მისგან, ერო ჩემო" (გამოცხ. 18:4), "იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგან" (საქმ. 2:38, 39, 40, 41, 42) და ა.შ., ანუ მაცხოვრის მორწმუნენი და ისინი, ვინც ირჩევენ იცხოვრონ არა ხორცისამებრ, არამედ სულისამებრ (რომ. 8:1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, გალ. 5:16, გალ. 6:7, 8).
რაც შეეხება "სასანთლის ნათელს", — ამ სახეში აღნიშნულია სამყაროსადმი მიმართული ახალი აღთქმის მოწმობა (გამოცხ. 11:3, 4, ლუკ. 8:16, 17, მათ. 5:13, 14, 15, 16, ფილიპ. 2:15 და ა.შ.), ხოლო "სიძისა და პატარძლის ხმა" უშუალოდ არის დაკავშირებული სახარებისეულ იგავებთან საქორწინო ლხინის შესახებ და მიუთითებს ქრისტესა და მისი საყვარელი ეკლესიის უდიდეს სულიერ საიდუმლოზე ("საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა", ეფ. 5:32; იოველ. 2:15, 16, გამოცხ. 21:9 და ა.შ.).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხ. 18:22, 23-ში მოხსენიებულ ყველა წინასწარმეტყველურ სახეთა ალეგორიული ერთიანობა ნიშნავს, რომ საყოველთაო ბაბილონის წიაღიდან უფლის ერთგულთა სრული გამოსვლისა და ბაბილონელი მეძავის საბოლოო დამხობის შემდეგ, ძველი კაცობრიობა საბოლოოდ განეკვეთება ზეციერი იერუსალიმის სულიერ ცხოვრებას, შეად.:
"რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: "დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! — ამბობს უფალი, უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ" (2 კორ. 6:16-17).
"ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო" (ზაქ.8 :3-4).
(სხვათა შორის, ზოგიერთი სექტანტიც გამოცხ. 18:22, 23-ის სახეებში ტრადიციულ ეკლესიას ხედავს, მაგრამ, საკუთარი ცრუმოძღვრებებით დაბრმავებულნი, ბაბილონის მოოხრებასა და მივიწყებას სრულიად საპირისპირო აზრით განმარტავენ და საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საკრავებზე დამკვრელნიც, მომღერალნიც, ხელოვანნიც, ხელოვნებანიც, სანთლებით მოსიარულენიც, წისქვილზე მფქველნიც და თუნდაც სიძენიცა და პატარძალნიც ბაბილონს მეძავად აქცევდნენ, ამიტომ ყველა მსგავსი გამოვლინება დაიგმობა და განადგურდება. ამასთან, სწორ და დაუგმობელ საქციელად ასეთი კომენტატორები, როგორც ჩანს, მხოლოდ მძიმე დუმილს მიიჩნევენ, რომელიც არც სიმღერას გულისხმობს, არც ქნარზე და სალამურზე დაკვრას, არამედ ბიბლიის კითხვას მოწყენილი სახეებით ნახევრად ბნელ სათავსებში, სადაც არც სანთლებია და არც ხელოვანებს არ უშვებენ, რადგან ხელოვანებმა შეიძლება გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და სხვები აღაფრთოვანონ, რაც ძნელად თუ მოეწონება სექტანტურ ღმერთს, რომელიც უფერულობასა და სიცარიელეს ნერგავს.
უფრო მეტიც, თუ საკრავებზე დამკვრელნიც, მომღერალნიც, ხელოვანნიც და სიძენიცა და პატარძალნიც "ცუდნი" იყვნენ და რაღაც მომენტში გაქრებიან, მაშინ თავად მეძავისთვის ეს სასჯელი კი არა, განკურნება იქნება, რის შედეგადაც ის "შეწყვეტს მეძავობას" და თავად სექტანტებისგან განურჩეველი გახდება, რომელთა გარემოცვაშიც ასევე არაფერია ამისგან და ისინი ამით ძალიან ამაყობენ... მაგრამ ამ მარტივ და მათთვისვე მამხილებელ დასკვნამდე სექტანტებიდან ვერავინ მიდის.
ასეა თუ ისე, გამოცხადების მოწმობებში სამოციქულო ეკლესიის ბიბლიურ სახეებს სულაც არ უპირისპირდება წარმოსახვითი "ჭეშმარიტი ქრისტიანები", არამედ "მიწიერი ვაჭრები და დიდებულები", რომლებიც უსამართლო სულიერ ვაჭრობას ეწეოდნენ, ანუ ტექნოლოგიურ და სულიერ ჯადოქრობას მისდევდნენ და ცდუნებაში შეჰყავდათ ყველა ერნი.
შედეგად, საკუთარი უმეცრების დასაკმაყოფილებლად უარყოფენ რა ჭეშმარიტი ეკლესიის მოქმედებასა და მსახურებას, სექტანტი "ღვთისმეტყველები" თავადვე გაუთანაბრდებიან იმ მიწიერ ვაჭრებს, რომლებიც არ აბრუნებდნენ წისქვილის ქვებს, ერიდებოდნენ სანთლების ნათელს, არ სურდათ სიძისა და პატარძლის ხმის გაგონება, ვაჭრობდნენ ცდუნებებით, სიცრუითა და ადამიანთა სულებით, და ამისთვის უკუნითი უკუნისამდე დარჩებიან საქორწინო ლხინზე მგალობელთა და დამკვრელთა გარეშე, შეად.: "შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!" (იოველ. 2:16), იოელ. 2:16; "...ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი", მათ. 25:30).
გარდა ამისა, გამოცხადების წიგნში წარმოდგენილი წინასწარმეტყველური სახეები მოწმობს იუდეველთა შესახებ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების საყოველთაო მასშტაბით აღსრულებას, რომლებსაც იერემია წინასწარმეტყველი ზუსტად იმავე სავალალო ხვედრს უწინასწარმეტყველებდა; თანაც ისრაელის მიწის გავერანება სწორედ ჩრდილოეთიდან, ანუ სიტყვასიტყვითი ბაბილონის მხრიდან მოდიოდა, შეად.:
"სიტყა, რომელიც იყო იერემიას მიმართ მთელს იუდას ერზე ... აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ... ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ. აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს" (იერ. 25:1-10).
(ამასთან, სავსებით ნათელია, რომ ეს წინასწარმეტყველება სრულად მხოლოდ მთელი, ძველი სამყაროს სამსჯავროზე აღსრულდება უგამონაკლისოდ, რამეთუ ბაბილონის ბუკვალურმა ტყვეობამ ბუკვალური ისრაელის "სრული განადგურება" და "საუკუნო მოოხრება" ვერ გამოიწვია).
უფრო მეტიც, ბაბილონზე ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების თანახმად, ეს ქალაქი უდაბნოდ უნდა ქცეულიყო, — თუმცა მისი საბოლოო ხვედრი "ზღვაში ჩაძირვას" ემსგავსება, რაც ზუსტად შეესაბამება გამოცხადების წიგნის ახალაღთქმისეულ მოწმობებს, შეად.:
"ნანგრევებად იქცევა ბაბილონი, ცურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად, და არავინ იცხოვრებს იქ. ... ზღვა აღდგა ბაბილონზე, მისმა ბობოქარმა ზვირთებმა შთანთქეს იგი. მისი ქალაქები უდაბნოდ იქცა, ხრიოკ მიწად და ტრამალად, სადაც კაციშვილი არ ცხოვრობს და ადამის ძეს არ გაუვლია. ... გაერიდე მას, ჩემო ერო, თავს უშველე უფლის რისხვისაგან" (იერ. 51:37-45).
ხოლო ვაჭართა და "მიწის დიდებულთა" სახეებისადმი მორიგი მიმართვით, გამოცხადების წიგნი დიდი ბაბილონის სამსჯავროს სახეებს უერთებს მოწმობას ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან დიდ ქალაქ ტვიროსზე სამსჯავროს საყოველთაო მასშტაბით აღსრულების შესახებ:
"ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი? ცაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი" (ეს. 23:8-9).
(შეად. – "რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას!'", გამოცხ. 18:7)