აპოკალიფსისი > განმარტება
წმიდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სამსჯავრო ბაბილონზე
(გამოცხ. 18:20-21)
"ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას" (გამოცხ. 18:20).
გამოცხადების წიგნის ერთმანეთის მონაცვლე პანორამებში, რომლებშიც, როგორც ეს საიტის მრავალ პუბლიკაციაშიც აღინიშნა, ძველი სამყაროს თითოეულ სახეს კვლავ და კვლავ უპირისპირდება ზეცა და ზეციური რეალობა, გრძელდება დიდი სიხარულის მოწმობა, რომელიც ცის მკვიდრთა შორის სუფევს დიდი ბაბილონის დაცემისთანავე.
თანაც, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ წმიდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიხარული წარმოადგენს იმ "მიწიერ მეფეთა", "მიწიერ ვაჭართა", "მეზღვაურთა" და "ზღვაზე მოვაჭრეთა" გოდების "ზეციურ ალტერნატივას", რომლებიც დიდი მეძავისაგან გამდიდრების შესაძლებლობის დაკარგვას დასტირიან.
მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი აზრი ცათა კრების უსაზღვრო ზეიმისა მდგომარეობს იმაში, რომ, როგორიც გინდ იყოს გარეგნულად მეძავის დაცემა, ეს მოხდება არა შემთხვევით გარემოებათა თანხვედრითა და სპონტანური გეოპოლიტიკური კატაკლიზმების გამო, არამედ ზეციური სამსჯავროს შედეგად, რომელშიც განხორციელდება ახალი აღთქმის ეკლესიის ნება და მრწამსი ("...ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას", გამოც. 18:20).
მეტიც, უცილობელია, რომ ბაბილონელი მეძავის საბოლოო დაცემის შესახებ მოწმობებში საუბარია არა რაიმე შეზღუდულ "შუალედურ" მოვლენებზე, რის შემდეგაც ბუნებრივი და სოციალური კატასტროფები კიდევ უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენებით გაგრძელდება, არამედ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მიერ მთელი ძველი სამყაროს წინასწარუწყებულ სირცხვილეულ აღსასრულზე. შეად.:
"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ" (ინ. 16:20).
"ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას" (1 კორ. 6:2).
"შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება" (დან. 7:26-27).
"და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა" (გამოცხ. 16:18-19).
(ცხადია, ჩვენს დროში საინფორმაციო სივრცე აღსავსეა მრავალი მცდარი და აშკარად ანტიქრისტიანული განმარტებებით, რომლებიც მსოფლიო ბაბილონზე სამსჯავროს წარმოაჩენენ, რაც გინდა იმად, ოღონდაც არა ძველი სამყაროს უკანასკნელ დღედ. თუმცა, ვინაიდან სწორედ ბაბილონელი მეძავი იწოდება ყველა მიწიერი მეძავისა და ყველა მიწიერი სიბილწის დედად (გამოც. 17:5), რომელიც იტვირთავს მსოფლიო სისხლისღვრის მთელ დანაშაულს (გამოც. 17:6, 18:24), — მასზე ზეციური ცეცხლოვანი სამსჯავროს აღსრულების შემდეგ ხილულ სამყაროში უბრალოდ აღარ დარჩება არც უსჯულოების წყაროები და არც ურჯულოების ჩადენის შესაძლებლობები, შეადარეთ: "მოვა უფლის დღე, ვითარცა ქურდი ღამით, და მაშინ ცანი ხმაურით გადავლენ, სტიქიები კი, ცეცხლმოდებული, დაიშლებიან, მიწა კი და ყველა საქმე მასზე დაიწვება" (2 პეტ. 3:10)).
"ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება" (გამოცხ. 18:21).
დიდი ბაბილონის სამსჯავროს ზღვაში გადაგდებულ წისქვილის ლოდთან შედარება, ერთი შეხედვით, საკმაოდ მოულოდნელი ჩანს, თუმცა ძველი აღთქმის ტექსტებში აღწერილია მოვლენები, როდესაც ქალაქ ბაბილონზე მოსალოდნელი უბედურებები წინასწარმეტყველმა იერემიამ განსაკუთრებულ წიგნში ჩაწერა, რომელიც უღმერთო მიმღებს მაცნის, სერაიას ხელით გაეგზავნა (ამასთანავე, იერემია და სერაია ავსებენ ორი ერთგული მოწმის ღირსშესანიშნავ ბიბლიურ რიგს):
"ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი, უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა. თქვი: უფალო, შენ გიბრძანებია ამ ადგილის გამო, რომ განადგურებ მას, ისე რომ არავინ დარჩება იქ ადამიანიდან პირუტყვამდე, რადგან სამუდამო უდაბნოდ იქცევა. როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე. თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი" (იერ. 51:60-64).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ იერ. 51:59-64-ში წარმოდგენილია იგავური სახარებისეული სიუჟეტი, რომელშიც აღბეჭდილია ახალი აღთქმის ჟამთა სისავსე).
ამასთანავე, ბაბილონისთვის წინასწარუწყებული "ზღვაში დახრჩობა" ზუსტად შეესაბამება როგორც დიდ ქალაქ ტვიროსზე გამოტანილ საბოლოო სამსჯავროს (შეადარეთ: "ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს" (ეზეკ. 27:27); "როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად" (ეზეკ. 27:34), ისე ეგვიპტელი ფარაონის, მის უღმერთო ლაშქართან ერთად, უფსკრულში დაცემას (შეადარეთ: "ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. უფსკრულმა დაფარა ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ სიღრმეში" (გამ. 15:1, 5)).
და ვინაიდან ზღვაში ძლიერი და დიდებული ანგელოზის მიერ გადაგდებული ქვა დიდ წისქვილის ლოდს ემსგავსება, ეს გარემოება მსოფლიო ბაბილონზე უკანასკნელ და საბოლოო სამსჯავროს ძველი აღთქმის ჟამთა ერთ-ერთ პირდაპირ-სახეობრივ დადგენილებას უკავშირებს, რომელზე დაყრდნობითაც მაცხოვარმა წინასწარ აუწყა ყველა შესაძლო ცრუმოწმისა და მაცდურის ერთიანი საბოლოო ხვედრი. შეადარეთ:
"ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მთ. 18:6, იგივე იხ. მკ. 9:42 და ლკ. 17:2).
"არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი" (მეორე რჯლ. 24:6).
"ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს, ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ... ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს" (გამოცხ. 18:11-13).
(ამჟამად წისქვილის ქვედა და ზედა ლოდების გირაოდ აღების ძველაღთქმისეული აკრძალვის განმარტების მცდელობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ყველაზე ცხადად ამ დადგენილების უშუალო, მიწიერი აზრი გამოიყურება, ვინაიდან წისქვილის ლოდებს მოკლებული სახლი, პირდაპირი გაგებით, კარგავდა საკუთარი თავის საზრდოთი უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
შესაბამისად, მსგავსი გირაო კაბალურად გამოიყურებოდა და აკრძალული იყო, როგორც სრულიად უზნეო.
ამასთანავე, ძველი აღთქმის თითოეულ დადგენილებაში იმალება ხატოვანი და გადატანითი მნიშვნელობებიც, და მოცემულ შემთხვევაში ეს მნიშვნელობები მდგომარეობს იმაში, რომ წისქვილის ზედა და ქვედა ლოდები სიმბოლურად გამოხატავენ ყოველი ადამიანის სულსა და ხორცს, ხოლო ადამიანისთვის მაცხოვნებელი "წისქვილის ზედა ლოდის ბრუნვა" განსაკუთრებულად აღესრულება სულის ზემოქმედებითა და შთაგონებით (შეადარეთ მეორე რჯ. 24:6-ს).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მორწმუნე ადამიანის სული მოწოდებულია "სულიერი ბრუნვისკენ", რის შედეგადაც იბადება "პური სიცოცხლისა", ანუ აღესრულება მთელი ადამიანის ხსნა, — ხოლო სულიერ მეძავთა სული "დედოფლად ზის" (გამოც. 18:7) და რწმუნებულია, რომ მთელი სამყარო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს (ეს. 47:10).
და ვინაიდან დიდი ბაბილონის თანაზიართა როგორც სულები, ისე ხორცი, სულიერი გაგებით უძრავი და უნაყოფო რჩება, ისინი წყალთა უფსკრულში გადაგდებულ წისქვილის ლოდებს დაემსგავსებიან, ანუ საკუთარი ცოდვათა სიმძიმის ქვეშ ჩაიძირებიან, შეადარეთ: "ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი. აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეებზე. ... შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს" (ეს. 47:1-3).
უფრო მეტიც, ცრუმოძღვრები და ცრუმოწმეები, ღვთისმბრძოლი სწავლებების დანერგვითა და "სიძვის ღვინისადმი" ხალხის შეჩვევით, არსებითად "უცხო წისქვილის ლოდებს" იღებენ გირაოდ, რომელთაგან თითოეული მათ ისედაც სავალალო ხვედრს კიდევ უფრო ამძიმებს).
