აპოკალიფსისი > განმარტება
"ქვეყნის ვაჭართა" გოდება ბაბილონის მეძავზე
(გამოცხ. 18:11-16)
"ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს, ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს, დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს" (გამოცხ. 18:11-13).
ბაბილონის დიდი მეძავის უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ მოწმობები გრძელდება პანორამებით, რომლებიც შეესაბამება ძველი აღთქმის სამსჯავროებს ქალაქ ტვიროსსა და სიდონზე წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნიდან, სადაც აღწერილია იგივე გლობალური ვაჭრობა და ჩამოთვლილია უაღრესად მრავალფეროვანი საქონლის იგივე უზარმაზარი სიმრავლე, რომელიც "დიდ ტვიროსში" ერთი კატეგორიის ვაჭრებისგან შემოდიოდა და სხვა კატეგორიის ვაჭრებზე იყიდებოდა, რაც ქალაქს უზარმაზარ მოგებას აძლევდა, შეადარე:
"თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ. იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში. თოგორმას სახლიდან ცხენებს, საბრძოლო რაშებს და ჯორებს გიგზავნიდნენ სანაცვლოდ. დადანელები შენი გამსაღებლები იყვნენ, ... სპილოს ეშვებს და ებანოზის ხეს გიბრუნებდნენ საფასურად. არამი ... იაგუნდს, ძოწეულს, ნაქარგებს, ბისონს, მარგალიტს და ბადახშს გაძლევდა სანაცვლოდ. იუდა და ისრაელის ქვეყანა შენი გამსაღებლები იყვნენ: მინითის ხორბალს, ნამცხვარს, თაფლსა და ზეთს, და ბალზამს გაძლევდნენ შენს საქონელში. დამასკო ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი და ბევრი დოვლათი გქონდა; ხელბონური ღვინო და ქათქათა მატყლი. დანი და იავანი უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელში. ... არაბები და კედარის ყველა მთავარი შენთან ვაჭრობდნენ; სანაცვლოდ ბატკნებს, ცხვრებსა და თხებს გიგზავნიდნენ. შებას და რაყმას მოვაჭრენი შენთან ვაჭრობდნენ; რჩეულ ნელსაცხებელს, ყოველნაირ ძვირფას ქვას და ოქროულობას გიგზავნიდნენ სანაცვლოდ. ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი, შენთან ვაჭრობდნენ; ძვირფას შესამოსელს, ლურჯ ნაქარგ მოსასხამებს, ყუთებში ჩაწყობილ ქემახს, თოკებით შეკრულს და შეფუთულს, შენი საქონელის სანაცვლოდ გიგზავნიდნენ" (ეზეკ. 27:12-24).
ამასთან, შესამჩნევია, რომ წინასწარმეტყველი ეზეკიელი "დიდი მოვაჭრე მეძავის" ნაწილად წარმოადგენს არა მხოლოდ ქალაქ ტვიროსს, არამედ "თარშიშს", "იავანს, თუბალსა და მეშექს" (შეადარე: "მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე..." ეზეკ. 38:2; გამოცხ. 20:7-8), აგრეთვე "თოგარმას", "დედანს", "ისრაელის ქვეყანას", "დამასკოს" და სხვათა, — ანუ იუდეიდან სახილველ მთელ სავაჭრო და მოვაჭრე სამყაროს.
მიუხედავად ამისა, ძველაღთქმისეული ქალაქი ტვიროსის მსგავსება იმ "ქვეყნის ვაჭრებთან", რომლებიც გლოვობენ მეძავს გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველურ პანორამებში, შემოიფარგლება მხოლოდ გლობალური და უწყვეტი ვაჭრობის სახეებითა და მრავალფეროვანი საქონლის ჩამონათვალით, ხოლო მრავალრიცხოვანი ქალაქები და გეოგრაფიული სახელწოდებები გამოცხადების მოწმობებში არ იხსენიება. ამიტომ არსებობს საფუძველი ვიმტკიცოთ, რომ მე-18 თავში მოცემული ყიდვა-გაყიდვის სახეები არ უნდა მივიღოთ პირდაპირი, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და, რომ ქვეყნის ვაჭართა და დაცემული მეძავის უსამართლო ვაჭრობას არანაირი ხილული საზღვრები არ გააჩნდა.
გარდა ამისა, ყველა ბიბლიური "გოდება" დაცემულ ქალაქებსა და ქვეყნებზე ("გოდება ბაბილონზე", "გოდება ტვიროსზე", "გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე", "გოდება ისრაელზე" და სხვ.) ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ბაგეთაგან ჟღერდა, წინასწარმეტყველთა ბაგეებში კი არასოდეს ყოფილა მზაკვრობა. ეს კი ნიშნავს, რომ ბუკვალურ ქალაქებსა და სამეფოებზე აღსრულებული მიწიერი სამსჯავროები, მიუხედავად ამ ქალაქთა თანდაყოლილი ურჯულოებებისა, ღვთის კაცთა შორის ყველაზე გულწრფელ მწუხარებას იწვევდა.
ამასთან, გამოცხადების წიგნში ბაბილონის მეძავზე "იტირებენ და იგლოვებენ" მხოლოდ მასთან მრუშობაში მონაწილე "ქვეყნის მეფენი" (გამოცხ. 18:9), "ქვეყნის ვაჭარნი", "მესაჭენი" და "მეხომალდენი", რომელთა გოდებაც თვალთმაქცურია ("...რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს...", გამოცხ. 18:11, 15, 19), ასე რომ მისი მოულოდნელი დაცემა მხოლოდ მათ დაამწუხრებს და დააღონებს, ვინც თავად ექვემდებარება მსგავს სამსჯავროს, ხოლო ღვთის ერი ამ სამსჯავროს სიხარულითა და მხიარულებით შეხვდება, შეადარე: "ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას" (გამოცხ. 18:20).
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიისგან გაუცხოებული კომენტატორები, გამოცხადების წიგნის შესაბამისი მტკიცებულებების განმარტებისას, ამას აკეთებენ თითქოსდა ზემოდან, "ჰპატიობენ" რა იდუმალთმხილველს ისეთ მოძველებულ ცნებებს, როგორიცაა "მეფენი", "ვაჭარნი", "მეხომალდენი" და მისთანანი, და მყისვე თავიანთი გაგებისა და მსოფლშეგრძნების მიხედვით განმარტავენ ამ ცნებებს, რის შედეგადაც წმიდა ტექსტის ნაცვლად განხილვის საგანი ხდება ამ ტექსტის თანამედროვე ტერმინებსა და ცნებებში გადმოცემა, რის საფუძველზეც შენდება ყველა შემდგომი მსჯელობა.
მაშინ როდესაც, გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველური პანორამები ასახავენ არა პირველი საუკუნის მიწურულის ადამიანურ ცოდნასა და ადამიანურ ლოგიკას, არამედ თვით უფლის მოწმობებს (გამოცხ. 1:1), — ამიტომ ასეთი მოწმობები შეუდარებლად უფრო მთლიანი და სრულყოფილია, ვიდრე ის მსჯელობები, რომლებთან მისვლაც თანამედროვე კომენტატორებს მხოლოდ საკუთარი გონებით შეუძლიათ, რომლებიც წიგნის შინაარსს ცვლიან თავიანთი პირადი რწმენებითა და მოლოდინებით, რაც მათი არცთუ გამორჩეული ინტელექტუალური დონის შესაბამისია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მე-18 თავში საუბარია "ქვეყნის მეფეებზე", "ქვეყნის ვაჭრებზე", "მესაჭეებზე", "მეხომალდეებზე" და "ზღვაზე მოვაჭრეებზე" (გამოცხ. 18:9-19), — ამ მოწმობის ჭეშმარიტი არსი სწორედ ამ ცნებებს ეყრდნობა, რომლებიც ამ შინაარსის გადმოსაცემად სულაც არ არის მოძველებული.
ასე, მაგალითად, წინა პუბლიკაციებში აღინიშნებოდა, რომ ძველი აღთქმის მოწმობანი ზოგიერთი ბუკვალური ქალაქის დაცემისა და გაუდაბურების შესახებ საკმაოდ უცნაურ სახეებს მიმართავდნენ. ეს სახეები შეიძლება ჩაითვალოს "შემწყნარებლობად" ორი ან სამი ათასწლეულის წინანდელი იუდეის მკვიდრთა მსოფლმხედველობისადმი და აღქმულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც მცდელობა გაეკვირვებინათ ვიღაცის საკმაოდ შეზღუდული წარმოსახვა.
(თანამედროვე კომენტატორთა წარმოსახვას კი ასეთი შედარებებით ვერ გააოცებ, რამეთუ თითოეული მათგანი საოცრად ჭკვიანი და ბრწყინვალედ განათლებულია, და, მაშასადამე, ძველ წინასწარმეტყველებზე უკეთ იციან, თუ რა იგულისხმებოდა სინამდვილეში).
თუმცა გამოცხადების ანგელოზი, რომელიც ბაბილონის მეძავის დაცემის პანორამებს ძველ წინასწარმეტყველებებთან აკავშირებს, მრუშ ბაბილონის მკვიდრთ "მოჩვენებებსა" და "ფრთოსან გველებს" კი არ უწოდებს, არამედ არაწმიდა სულებს ("დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი სულის საბუდრად იქცა", გამოცხ. 18:2), — ამიტომ ეჭვი არ არის, რომ ძველი აღთქმის თითოეულ წინასახეს მომავალი საყოველთაო ბაბილონის გაუდაბურების აღწერაში სწორედ ასეთი იგავური მნიშვნელობა ჰქონდა.
ამასთან, იმ ქრისტიანებმა, რომლებიც არ სცილდებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, უტყუარად უწყიან, რომ არაწმიდა სულები თავიანთ სამკვიდროდ მხოლოდ და მხოლოდ კაცთა სულებს მიიჩნევენ, ხოლო ყველა სხვა ადგილს აღიქვამენ სატანჯველისა და ხეტიალის ადგილებად, შეადარე:
"როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც" (მთ. 12:43-45).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცის გარეშე არაწმიდა სულებს არც თავშესაფარი აქვთ და არც საზრდო, და იძულებულნი არიან იხეტიალონ თავიანთთვის უწყლო ადგილებში და ეძებონ განსვენება არა ხატოვნად, არამედ უკლებლივ ბუკვალური მნიშვნელობით, რათა იპოვონ ისინი, ვინც "შეიფარებს" უსახლკარო ეშმაკს საკუთარი სულის ვნებებში.
და შედეგად, ყოველი კაცი, რომელიც ეკლესიის გარეთ იმყოფება, სხვადასხვაგვარი არაწმიდა სულის "საერთო საცხოვრებელს" წარმოადგენს, რომლებიც მას თავიანთ სახლად მიიჩნევენ და, ბუკვალური გაგებით, მისივე ხარჯზე ცხოვრობენ მასში; თავის მხრივ, ისინი აქეზებენ "მასპინძელს", ეძებოს სულ ახალი და ახალი საეჭვო სიამოვნებანი, რაც ეშმაკებს ყოველდღიური "მტვრით კვებას" უზრუნველყოფს (დაბ. 3:14).
ეს კი ნიშნავს, რომ დაცემული ბაბილონის წინასწარმეტყველური პანორამები, რომელიც არაწმიდა სულთა სადგურად იქცა, უნდა აღვიქვათ არა როგორც რაიმე აბსტრაქტული სახე, რომელიც თანამედროვე ტერმინებსა და ცნებებში "გადმოცემას" საჭიროებს, არამედ როგორც პირდაპირი ბიბლიური მოწმობა თავად კაცობრივი ბუნების დაცემული მდგომარეობისა, რომელიც კაცს აქეზებს მუდმივად ეძებოს ესა თუ ის უღმერთო და უსჯულო "შენაძენი", რომლის საფასურადაც იგი ეშმაკებს საკუთარ სულს სარგებლობაში აძლევს.
შესაბამისად, უკლებლივ ყოველი თანამედროვე განმარტება, სადაც "ქვეყნის ვაჭართა" სახისა და ცნების თანამედროვე ანალოგამდე და თავად კომენტატორთათვის გასაგებ ამქვეყნიურ აზრებამდე "დახვეწაა" შემოთავაზებული, მცდარია და ამახინჯებს ბიბლიურ მოწმობათა არსს (აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სამყაროში "ვაჭრის" ცნების სრული ანალოგი არ არსებობს, რამეთუ ვაჭრობის პრინციპები არსებითად შეიცვალა და ვეღარ ასახავს იმავე სიზუსტით ამ სახისთვის დამახასიათებელ წინასწარმეტყველურ აზრებს).
გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველურ პანორამათა ერთადერთი ჭეშმარიტი გაგება კი უნდა ეფუძნებოდეს იმას, რომ ვაჭართა სახესა და მათ მიერ გასაყიდი საქონლის ჩამონათვალს არა ამქვეყნიური, არამედ ბიბლიური მნიშვნელობა აქვს, თანაც გამოცხადებაში ნახსენები "ხორცისა და კაცთა სულთა" ყიდვა-გაყიდვა (გამოცხ. 18:13) მსგავს ვაჭრობებზე არა ხატოვნად, არამედ პრაქტიკულად ბუკვალურად აღესრულება.
უფრო მეტიც, ამ უღმერთო ყიდვა-გაყიდვას შეწყვეტს არა უკლებლივ ყველა საბანკო ბარათის მოულოდნელი განმაგნიტება და ან მსოფლიო სავაჭრო სისტემის რაიმე სხვა ტექნიკური ძვრები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხორცის საუფლოს საბოლოო დაცემა, როდესაც კაცს მფლობელობაში აღარც საკუთარი ხორცი და აღარც საკუთარი სისხლი შერჩება, და უმართლო სულიერი ვაჭრობა საკუთარ ვნებათა დასაკმაყოფილებლად მისთვის შეუძლებელი გახდება.
"შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ. ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ. და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო" (გამოცხ. 18:14-16).
ის გარემოება, რომ დიდი მეძავი სულის მქონედ წარმოგვიდგება, შეიძლება იგავურადაც აღვიქვათ, თუმცა სწორედ ბუკვალურად კაცთა სულებს, რომელნიც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი (შეადარე: "დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას", გამოცხ. 18:7), ახასიათებთ ლტოლვა "სიმსუქნისა და ბრწყინვალების" მიმართ, ანუ მათთვის საამო მატერიალურ და არამატერიალურ ფასეულობათა ძიებისა და მოხვეჭისკენ, რაც ამქვეყნიურ სიმდიდრესა და დიდებასთან არის დაკავშირებული, და რომელთა ფლობაშიც მეძავი სულები გარკვეულ კმაყოფილებას პოულობენ.
შესაბამისად, უკანასკნელი სამსჯავროს პანორამებიც, რომლის შედეგადაც დიდი მეძავი ამგვარი "სიმდიდრის" მოულოდნელი მიუწვდომელობის წინაშე აღმოჩნდება, ხატოვან მოწმობად უნდა აღვიქვათ იმ სამყაროს მსხვრევისა, სადაც უღმერთო სიამოვნებები ბატონობდნენ, ხოლო ამქვეყნიურ სიკეთეთა ფლობა სულის შინაგან თვისებებზე სულაც არ ყოფილა დამოკიდებული, არამედ მხოლოდ მსგავსი ფასეულობების ქონის წყურვილსა და ლტოლვას ემორჩილებოდა (შეადარე: "მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, ...", ლუკ. 12:29-30).
რაც შეეხება მეძავის სამოსელს, ის ზუსტად შეესაბამება მე-17 თავის მოწმობებს ("ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი", გამოცხ. 17:4), ოღონდ ახლა იგი წარმოდგენილია არა როგორც დედაკაცის სამოსელი, არამედ როგორც დიდი ქალაქის "შემოსილობა" ("…ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო…", გამოცხ. 18:16). თანაც სრულიად ნათელია, რომ მსგავსი შესამოსელის უზომო ფუფუნება არავითარ ღირსებას არ ასახავდა, არამედ მხოლოდ იმას ისახავდა მიზნად, რომ "შემთხვევით გამვლელთათვის" სატყუარა ყოფილიყო და ხორციელ და სულიერ მრუშობაში ჩაეთრია (გამოცხ. 18:4), შეადარე:
"და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი. ... მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი (იგავნი. 7:10-27).
