აპოკალიფსისი > განმარტება
მეშვიდე თასი: სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი,
ყველა კუნძული გაიქცა და გაუჩინარდნენ მთები...
(გამოცხ. 16:19-20)
"სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა. ყველა კუნძული გაიქცა და გაუჩინარდნენ მთები" (გამოცხ. 16:19-20).
უკანასკნელი არნახული მსოფლიო მიწისძვრის აღწერა, რომელიც ხდება "ჰაერზე" უკანასკნელი რისხვის მეშვიდე თასის გადმოღვრის დროს, ეჭვს არ ტოვებს იმაში, რომ წმიდა ტექსტებში მოხსენიებულ ყველა"დიდ ქალაქს" შეესაბამება მთელი ძველი ქვეყნიერების ერთიანი წინასწარმეტყველური ხატება. რადგან სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას, გამოცხადების იდუმალთმხილველი ერთი მტკიცებულების ჩარჩოებში ჯერ რატომ მოწმობს იმის შესახებ, რომ რომელიღაც "დიდი ქალაქი" დაიყო სამ ნაწილად, შემდეგ კი იუწყება დედამიწის ყველა წარმართული ქალაქის დაცემას, - ფრაზას კი იმით ამთავრებს, რომ "ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა" იღვრება უკვე წინა თავებში მოხსენიებულ "დიდ ბაბილონზე".
ყველა ეს მოწმობა ერთმანეთს შეესაბამება მხოლოდ იმ პირობით, რომ სწორედ "ხატოვანი (სიმბოლური) ბაბილონი" აერთიანებდა ერთ ცნებად მიწისძვრის დროს დაცალკევებულ "დიდ ქალაქს", ყველა (გამონაკლისის გარეშე) "წარმართულ ქალაქსა", და მთელ ძველ სამყაროს მთლიანობაში (შეად. იმავე მოვლენებს მეშვიდე საყვირის დაცემის პერიოდში (გამოცხ. 11:13-19)).
ამასთან სრულიად აშკარაა, რომ "მძვინვარებისა და რისხვის ღვინის" განსაკუთრებული თასი, რომელიც გამზადებულია "მსოფლიო ბაბილონისთვის", არ შემოიფარგლება საღმრთო რისხვის მეშვიდე თასით (გამოცხ. 16:17-18) (ადრე უკვე აღვნიშნავდით, რომ უკანასკნელ წყლულებათა ყველა თასი ბუკვალურად აღსავსეა ცეცხლით, ხოლო ამ თასებისგან მოყენებული წყლულები წარმაოდგენენ "გამანადგურებელ დარტყმებს").
რადგან "მძვინვარების რისხვის ღვინოს" ბაბილონის თასის სიმბოლოში მონიშნულია შურისგება პრინციპით "თასი თასის წილ", რომლის გარდაუვალობაზე მოწმობდა სამიდან ერთ-ერთი ანგელოზი, რომელიც "ფრენდა შუა ცაში" (გამოცხ. 14:6-8), - უკანასკნელი ღვთაებრივი სამსჯავროს ერთიანი თასი მოიცავს მრისხანების მთელ სისავსეს, რომელიც გადმოიღვრება ძველ ქვეყნიერებაზე ზეციური ტაძრის გაღების შემდეგ (გამოცხ. 15 - გამოცხ. 16), შეად.:
"მახე დაგიგე და გაები კიდეც, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი, მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი. გახსნა უფალმა თავისი საგანძური და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი; რადგან სამსჯავრო საქმე აქვს უფალს, ცაბაოთ ღმერთს, ქალდეველთა ქვეყანაში. შედით იქ ქვეყნის ყოველი კუთხიდან, გახსენით მისი ბეღლები, ძნასავით გალეწეთ და ააოხრეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს!" (იერ. 50:24-26).
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი აზრობრივი დისტანცია, რომელიც "დიდ ქალაქს", სამ ნაწილად რომ დაიყო, აცალკევებს "წარმართული ქალაქებისგან" და "დიდი ბაბილონისგან", ამ დაუსახელებელ ქალაქზე მიანიშნებს, როგორც სიმბოლურ იერუსალიმზე, რომელიც სწორედ ასე, არა-ბუკვალურად, იხსენიება გამოცხადების წიგნის 11-ე თავში (შეად.: "მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:8))
რაც შეეხება მოწმობას "სიმბოლური იერუსალიმის" დაშლაზე არა "მცირე ნაკუწებად", არამედ "სამ ნაწილად", - ეს ვითარება ტოვებს შესაძლებლობას მეშვიდე თასის გადმოღვრის შედეგები აღვიქვათ ყველაზე ბუკვალური და "გამიწიერებული" აზრით. ასე, მაგალითად, ზოგიერთი კომენტატორი შენიშნავს, რომ უკვე დრეს იერუსალიმი გაყოფილია ორ - იუდაურ და მუსლიმურ ნაწილებად (ხოლო იქ არსებული ქრისტიანული სიწმიდეების გათვალისწინებით - სამ ნაწილადაც), - შემდეგ კი ივარაუდება, რომ ეს ქალაქი "საბოლოოდ გაიყოფა" სამად ახალი ბუკვალური კატაკლიზმის (მაგალითად, მძლავრი მიწისძვრის) შედეგად.
მაგრამ ამგვარი სცენარის შემთხვევაში მიწიერი იერუსალიმის სამი ნაწილიდან ერთ-ერთს "ბედი" უნდა სწყალობდეს, რაც არანაირად არ შეესაბამება შვიდი უკანასკნელი წყლულების პანორამას, რომელიც გულისხმობს "დიდი ქალაქის" სამივე ნაწილის დანგრევას და სრულ დავიწყებას.
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "სიმბოლური იერუსალიმის" სამივე ნაწილის ერთდროული და საბოლოო დაცემა თითქმის ბუკვალურად აღასრულებს ეზეკიელის წიგნის წინასწარმეტყევლებას, რომლის თანახმადაც "დაყოფილი დიდი ქალაქის" ვერც ერთი ნაწილი ვერ გადარჩება, არამედ დაექვემდებარება ცალკეულ (განსაკუთრებულ) მსჯავრს.
ამავე წინასწარმეტყველებაში ლაპარაკია "წყლულებზე" და "მახვილზე", და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, "დიდი იერუსალიმის" დასჯაში საღმრთო რისხვის მთელი სისავსით დაკმაყოფილებაზე, რომელიც გამოცხადების წიგნის თანახმად უნდა "დარწყულდეს" სწორედ უკანასკნელი რისხვის მეშვიდე თასის გადმოღვრით, შეად.:
"შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე. ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი. ... მოგივლენთ შიმშილს და სასტიკ მხეცებს და შვილმკვდარნი იქნებით; ჭირი და სისხლი ჩაივლის შენში და მახვილს მოვიღებ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას" (ეზეკ. 5:12-17).
(სხვათა შორის, "გლობალური იერუსალიმის"
ბუკვალური ხატება, რომელმაც ზურგი აქცია მაცხოვარს და უკეთურების ქალაქი გახდა, რომაელმა ლეგიონერებმა დაანგრიეს
არა
"ორი მესამედით", არამედ მთლიანად).
მეტიც, იერუსალიმის მომავალი დაცემის წინასწარმეტყველური პანორამები ეზეკიელის წიგნიდან შემთხვევით როდი გრძელდება "სიტყვაში ისრაელის მთებზე" (ეზეკ. 6), - შემდეგ წინასწარმეტყველებაში დედამიწის საბოლოო ხვედრზე (ეზეკ. 7), სადაც ასევე მოცემულია "უკანასკნელი სამმაგი მსჯავრის" ხატება (შეად.: ეზეკ. 6:10-11; 7:15-16).
ამავე აზრით შეიძლება განვიხილოთ და აღვიქვათ მოწმობანი მეორე რჯულის წიგნიდან, რომლის შესაბამისადაც ისრაელის მიწა დაყოფილია სამ ნაწილად, თანაც თითოეულ ნაწილში გათვალისწინებული იყო ცალკეული ქალაქი-თავშესაფარი "შემთხვევითი" (ანუ უნებლიე) მკვლელთათვის (მეორე რჯლ. 19:1-3). მაგრამ ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს, როდესაც "... მიწა გამოაჩენს წინასწარმეტყველთა სისხლს და აღარ დაფარავს მიწაზე დახოცილებს" (ეს. 26:21), გაიხსნება ყოველგვარი "დროებითი თავშესაფრები", ასე რომ მკვლელები "მიწის სამივე ნაწილიდან" მიუხედავად მათი დანაშაულის სიმძიმისა იძულებულნი იქნებინა წარდგნენ საბოლოო და უკანასკნელ სამსჯავროზე (შეად.: გამოცხადების წიგნის მოწმობას "დიდ ბაბილონზე": "და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი" (გამოცხ. 18:24))
შესაბამისად, წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ "მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე", უნდა გავიგოთ არა გამარტივებული აზრით, როდესაც წარსულიდან გაიხსენებენ უკვე გარდასულსა და უმნიშვნელო რამეს, - არამედ, როგორც მტკიცებულება, რომ ღმერთი არასოდეს არაფერს ივიწყებს, ელოდება თავის დროს და მის საბოლოო განსაზღვრებას (ანუ სისხლისღვრის დანაშაულთან მიმართებაში შურისგება სწორედ უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის გადმოღვრისას აღსრულდება).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა (გამონაკლისის გარეშე) ბიბლიურ "დიდ ქალაქთა" ხვედრი ერთია და საზოგადო: უკანასკნელი დღის მოვლენებში ყველა მათგანი "სამ ნაწილად დაიყოფა", რათა არარად იქცნენ და ადგილი დაუთმონ "ერთად შეკრულ" წმიდა ქალაქს, რომელიც ზეციდან ჩამოდის (ფსალმ. 121:1-5; გამოცხ. 3:12; 21:2, 10 და სხვა), - ხოლო გამოცხ. 16:19-ში "მსოფლიო ბაბილონის" ხსენება მოწმობს არა შორეული წარსულის მოვლენებზე, არამედ ადრე (და წინასწარ) ნაუწყები საღმრთო განსაზღვრების აღსრულებაზე, რომელიც მთელი ძველი ქვეყნიერების ხვედრს ეძღვნება (შეად.: "დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა" (გამოცხ. 14:8; ინ. 3:19 და სხვა).
რაც შეეხება "მთებისა" და "კუნძულების" ბიბლიურ ხატებას, - გამოცხადების წიგნის მე-6 თავში მეექვსე ბეჭდის მოვლენებში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ახალი აღთქმის დამყარებისას "ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ" (გამოცხ. 6:14). და აი ახლა, ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს, ყველა "მთა" და ყველა "კუნძული" წყვეტს თავის არსებობას, - ანუ უბრალოდ ადგილიდან კი არ იძრნენ, როგორც ეს თეორიულად შეიძლება მოხდეს ბუკვალურად მძლავრი მიწისძვრის დროს, არამედ ისე "გარბიან", რომ უკვე "აღარ ჩანან" (ბერძნ. εὑρίσκω – "პოვნა", "შემჩნევა", "მოძიება").
მეტიც, ის ვითარება, რომ მიწის პირიდან "გარბიან ყოველნი კუნძულნი", ირიბად მოწმობს იმაზე, რომ ეს მოხდება ბიბლიური ზღვის გაქრობის მიზეზით (შეად.: "... ზღვა აღარ არის" (გამოცხ. 21:1), - ხოლო ყოველგვარი "მთების" და "მაღლობების" დანგრევაში აისახება ძველი ქვეყნიერების ყველა ძალისა და ხელმწიფების საბოლოო დამხობა (შეად.: 1 კორ. 15:24; ზაქ. 14:10 და სხვა).
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი გლობალური კატაკლიზმები უეჭველად შეარყევენ "ფიზიკურ მიწასაც", 16-ე თავის მოწმობები დედამიწიდან ზოგიერთი ბუკვალური წყალსაცავისა და მთის მასივების გაქრობით არ უნდა შემოვფარგლოთ.
უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის მოვლენები ამთავრებს ძველი დედამიწის ისტორიას არა მარტო ბუკვალური, არამედ ბიბლიური აზრითაც (2 პეტ. 3:7-12),- ასე რომ ამ მომენტში მიმდინარე რყევები ყველა აზრით აღემატებიან იმ გონებით საცნაურ დონეს, სანამდეც შეუძლია გამიწიერებულ ლოგიკას "მიწვდეს", შეად.:
" რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი. ... ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას; დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ წარმართულ სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით" (ანგია ს2:6-22).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.