Перейти к контенту

განმარტება - უკანასკნელი მრისხანების მეშვიდე თასი, ჰაერის დაზიანება და უკანასკნელი მსოფლიო მიწისძვრა (გამოცხ. 16:17-18) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
უკანასკნელი მრისხანების მეშვიდე თასი,
ჰაერის დაზიანება და უკანასკნელი მსოფლიო მიწისძვრა

 (გამოცხ. 16:17-18)
"მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. ასეთი მიწისძვრა, ასეთი დიდი" (გამოცხ. 16:12).
 
 
ზეციური ხმა "აღსრულდა!", რომელიც გაისმა ზეციური ტახტიდან ქვეყნიერებაზე უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის გადმოღვრის შემდეგ, მიანიშნებს არა რაიმე შუალედურ "აღსრულებას", არამედ ძველი ქმნილების ისტორიის სრულ და საბოლოო დამთავრებას, რომელსაც მოსდევს ყველა ადრე ნაუწყები საღმრთო აღთქმების აღსრულება (შეად.: "რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მთ. 5:18)).
 
პროფ. ლოპუხინი: "სიტყვა "აღსრულდა" გვახსენებს იმ სიტყვას, რომელიც გაისმა ჯვარზე მომაკვდავი უფლის ბაგეთაგან. როგორც ის სიტყვა იყო მიმანიშნებელი ძველი აღთქმის დასრულებისა, ზუსტად ასევე ღმრთის ხმა 17-ე მუხლში არის ნიშანი ახალი აღთქმის დასრულებისა. და აქ "აღსრულდა" ეხება არა მარტო მეშვიდე თასს, არამედ მთელ წინამორბედ სასჯელებსაც, კაცთა მოდგმის ცხონების მთელ ახალაღთქმისეულ განგებულებას.
 
მეტიც, რადგან ნიშანდობლივი ზეციური ხმა გაისმის ღვთიური რისხვის უკანასკნელი მეშვიდე თასის გადმოღვრისას, - ის პირდაპირ შეესაბამება მთავარანგელოზის ხმას, რომელიც უკანასკნელი საყვირის დაცემისას გაისმა, რის შესახებაც მოწმობს მოც. პავლეც (იხ. 1 თეს. 4:16-17) და ანგელოზი გამოცხადების წიგნის 10-ე თავიდან, ირიბად კი გამოცხ. 11:15-იც, შეად.:
 
"არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ".
 
"მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 11:15).
 
მეშვიდე საყვირისა და მეშვიდე თასის ხატებათა მსგავსება აერთებს 16-ე თავის პანორამებს იერიქონის დანგრევის ძველაღთქმისეულ ხატებასთან, როდესაც მთელი ერის მრისხანე დაქუხებით, რომელიც შვიდი დღის განმავლობაში სრული მდუმარებით, საიუბილეო საყვირებითა და აღთქმის კიდობნით გარს უვლიდა უკეთურების ამ ქალაქს (შეად. გამოც> 11:19 და გამოცხ. 16:12), იერიქონის მიუდგომელი კედლები დაინგრა და ყოველგვარი ხილული ზემოქმედების გარეშე საფუძვლამდე გაცამტვერდა.
 
"მეორე დღესაც ერთგზის შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში. ასე აკეთებდნენ ექვს დღეს. მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდგზის შემოუარეს ქალაქს; მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს შვიდჯერ ქალაქს. მეშვიდე ჯერზე, როცა ეკი დააყვირეს მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი! უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა. ... ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი" (ნავ. 6:13-19).
(შეად. ძველაღთქმისეულ წინასახეებს, რომლებიც ნახსენებნი იყვნენ გამოცხ. 16:16-ის კომენტარებში, როგორც დაკავშირებულნი არმაგედონთან: "ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისა და გედეონისა!" (მსაჯ. 7:20)).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ მრისხანების უკანასკნელი თასი იღვრება "ჰაერზე", - ხოლო ჰაერი, ბოლო ოთხი მსოფლიო სტიქიონიდან, წინა თასების გადმოღვრისას ხელუხლებელი რჩებოდა (ანუ პირველი თასის გადმოღვრისას დაზიანდა მიწა; მეორისა და მესამისას - ზღვა და მდინარეები; მეოთხისას - მზე, ანუ ცეცხლის სიტიოქნი; ხოლო მეხუთისას - უფსკრული, ანუ "სატანური სიღრმეები (გამოცხ. 16:1-11). თანაც საბოლოო დაზიანება ჰაერიზა სიმბოლური აზრით წააგავს მსოფლიო წარღვნის მოვლენას, როდესაც სიცოცხლე წაერთვა ყველა ხორციელს, რომელსაც ჰქონდა "სიცოცხლის სულის სუნთქვა თავის ნესტოებში", იმათ გარდა, ვინც მაცხოვნებელ კიდობანში შეძლო თავის შეფარება, შეად.:
 
"მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში. ... მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი" (დაბ. 7:19, 21-23).
(შეად. უკანასკნელი სამსჯავროს მაცხოვნებელ კიდობანს, რომელიც არის ზეციური ურყევი კარავი: "და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი" (გამოცხ. 15:8).
და აქ იდუმალთმხილველი მოწმობს ელვაზე, ქუხილზე, ხმებზე და "დიდ მიწისძვრაზე", რომელიც იმსახურებს მაქსიმალურად მნიშვნელოვან ეპითეტებს ("რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად"), - ამიტომაც უეჭველია, რომ მეშვიდე თასთან ერთად ხდება სამყაროს ის უკანასკნელი შერყევა, რომლის დროსაც ნაცარტუტად იქცევა არა მარტო ხილული სამყარო, არამედ მთელი ქმნილი სამყაროს უხილავი საფუძვლები, შეად.:
 
"ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: "კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც". ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი" (ებრ. 12:26-27).
 
სხვა სიტყვებით, მიწისძვრა ბოლო თასის გადმოღვრისას არ შემოიფარგლება "მიწის შერყევით", არამედ მას ყოვლიცმომცველი აზრი გააჩნია და მოწმობს უკეთურების საყოველთაო სამეფოს საბოლოო დანგრევაზე, - თანაც სწორედ ამ მომენტში "შვიდი საყვირისა" და "შვიდი თასის" აზრობრივი ხაზები აღწევენ ერთიან და საზოგადო დასრულებას, რომელიც შეესაბამება უკანასკნელ დღეს და ძველი სამყაროს უკანასკნელ გაელვებას.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому