აპოკალიფსისი > განმარტება
მრისხანების პირველი თასი:
"სასტიკი და საზარელი წყლულები ხალხზე, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი..."
(გამოცხ. 16:1-2)
"და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა. წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს" (გამოცხ. 16:1-2).
რადგან ზეციური ტახტისკენ ამაღლების შემდეგ საღმრთო განგების აღმასრულებელი საკვირველი ანგელოზია, - "მგრგვინავი ხმა", რომელიც ზეციური ტაძრიდან გაისმის, ეკუთვნის ან თვით ღმერთს, ან ერთ-ერთ უმაღლეს ანგელოზთაგანს, რომლებიც სამყაროს მის წმიდა ნებას უცხადებენ (შეად.: გამოცხ. 5:2; 7:2; 10:1; 12:10; 14:15; 18:1-2; 19:17; 21:3 და სხვა).
რაც შეეხება ქვეყნიერებაზე უკანასკნელი რისხვის შვიდი თასის შედეგებს, - მათი ბუკვალური ან თითქმის ბუკვალური გამოვლინების შესაძლებლობის უარყოფის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, უკდურეს შემთხვევაში, ზოგიერთი იმათგანის მაინც, რომლებიც 16-ე თავშია აღწერილი.
ასე, მაგალითად, პროფ. ლოპუხინი, დასაშვებად მიიჩნევს რა გამოცხ. 16:1-20-ში მონიშნულ მოვლენათა მეტაფორულ გაგებას, გვაფრთხილებს "უკიდურესი სიმბოლურობით" არ მივუდგეთ პირველ თასს შვიდიდან, ანუ ამ "უკანასკნელი დარტყმებიდან". ის ამბობს:
"ამ სასჯელებში არ შეიძლება დავინახოდ მხოლოდ სიმბოლური ხატება. ამისი ნიმუშია ეგვიპტური სასჯელების ისტორიული მაგალითი, რომელიც თავდებად დადგება იმისთვის, რომ შესაძლებელია მისი განმეორება უფრო დიდი მასშტაბებით. ხოლო რადგან გამოსახული მოვლენა განეკუთვნება ბოლო დროებას, რომელიც ახლოსაა ქვეყნიერებაში მოსახდენ გადატრიალებასთან, სრულიად შესაძლოა და დასაშვებია განსაკუთრებული მოვლენები ადამიანთა ცხოვრებაში და ადამიანთა ბუნებაში, რომლის ანალოგები დღეს არსად გვხვდება".
მიუხედავად ამისა, მოსხდენი მოვლენების შემოფარგვლა ბუკვალური მნიშვნელობებით, მათში მხოლოდ ძველაღთქმისეული ამა თუ იმ მოვლენის "მასშტაბის გაზრდის" დანახვა, არასწორი იქნებოდა. ამიტომაც. ანდრია კესარიელი 16-ე თავის მოვლენებს განმარტავს არა ბუკვალურად, არამედ მეტაფორულად, ოღონდ გარკვეული შენიშვნებით, რომ არ შეიძლება ბუკვალური მოვლენების გამორიცხვაც, რომლებიც სულიერ სნეულებათა შვიდ თასს უკავშირდება:
""ფიალა", ისევე როგორც თასი აქ გამოიყენება დამსჯელი მოქმედების აღსანიშნად. როდესაც ის ანგელოზმა დაღვარა, გაჩნდნენ საზარელი წყლულებანი, რაც ნიშნავს მწუხარებას, რომლებიც ისადგურებს განდგომილთა გულებში და ტანჯავს მათ, როგორც გულისმიერი სიდამპლე, რადგან ზეგარდმო წყლულებით ღმრთითდასჯილნი ვერანაირ ნუგეშს მიიღებენ ანტიქრისტესგან, რომელსაც ისინი ღმერთად მიიჩნევდნენ. სავარაუდოა ასევე, რომ მათი სხეულებიც მოიწყლება პირმოთნე ანტიქრისტესგან და დემონური საცდურების ისრებით დასნებოვნდებიან".
მეტიც, სრულიად ცხადია, რომ ზოგიერთი შედეგი "უკანასკნელი რისხვის შვიდი თასისა" უბრალოდ შეუძლებელია ბუკვალურად იქნას განმარტებული. ასე, მაგალითად, მეხუთე თასის გადმოღვრისას მხეცის ტახტისა და სამეფოს დაზიანება, ისევე, როგორც "ჰაერის დაზიანება" მეშვიდე თასის გადმოღვრისას, არ გულისხმობენ, რომ ამ მოვლენების დანახვა შესაძლებელი გახდება ჩვეულებრივი ადამიანური მხედველობით, - ხოლო მეექვსე თასის გადმოღვრისას "მდინარე ევფრატში" ამოშრება წყალი, და არა სისხლი, რაც შეუძლებელი იქნებოდა, მესამე თასის გადმოღვრის დროს ევფრატის წყალი მართლაც ბუკვალურად სისხლად რომ გადაქცეულიყო (რადგან მესამე თასის დროს, რომელიც მეექვსეზე უადრეს უნდა გადმოიღვაროს, ნათქვამია: "მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა" (გამოცხ. 16:4).
შვიდი წყლულებიდან პირველის აღწერაც კი, რომელიც დასაშვებს ხდის ბუკვალურ გაგებას, მოწმობს იმაზე, რომ ჯერ დაზიანდებიან არა "ფიზიკური" ადამიანური სხეულები, არამედ მთელი დედამიწა, - და მხოლოდ ამის შემდეგ აისახება დედამიწის გლობალური დაზიანება ხალხისა "სასტიკი და საზარელი წყლულებით", "რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკანასკნელი მრისხანების შვიდი თასიდან ყოველის აღწერაში მოხსენიებულია მოვლენები, რომელთა მნიშვნელობა და შინაარსი ვერც ბუკვალური და ვერც "გამიწიერებული" განმარტებებით აიხსნება.
ყველაზე მთავარი, - 16-ე თავში აღწერილი მოვლენების დაყოფა სიმბოლურ და ბუკვალურ მნიშვნელობებად აზრს იძენს მხოლოდ იმ პირობით, თუ შვიდი უკანასკნელი წყლულება ახლოსაა "სამყაროში მოსახდენ უკანასკნელ გადატრიალებასთან" (პროფ. ლოპუხინი), მაგრამ თვითონ არ წარმოადგენენ ამ გადატრიალებას, რამეთუ ტოვებენ დროს და შესაძლებლობას იმ მოვლენათა აღსასრულებლად, რომელთაც კიდევ უფრო მეტად გლობალური მნიშვნელობა და მასშტაბები გააჩნიათ.
მაგრამ, თუკი სამყაროს საბოლოო გადატრიალება ამ "უკანასკნელ წყლულებებში" გამოიხატება, - მაშინ ცხადია, რომ 16-ე თავში აღწერილი მოვლენები დღევანდელი კაცობრიობისთვის სრულიად წარმოუდგენელი სახით მოხდება, ხოლო ამ მოვლენების ხილულ და წარმოსახვად ფორმებში "მოქცევის" ნებისმიერი მცდელობა იმთავითვე წარუმატებლობისთვის გაიწირება.
გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს, რომ შვიდი უკანასკნელი წყლულება ავსებენ და ამთავრებენ იმ აზრობრივ პანორამას, რომლებიც შვიდ ზეციურ საყვირს უკავშირდება, თანაც ეს პანორამა შესაქმის პირველ დღეთა შესახებ არსებულ ბიბლიურ მოწმობებთან სრულ შესაბამისობაში მთავრდება. პირველი "საბოლოო" საღმრთო წყლულებათაგან მიმართულია "მიწისკენ", ხოლო მისი მომდევნო წყლულება აზიანებს "ზღვას", "მდინარეებსა და წყაროებს", ასევე "მზეც" და სხვა. ასე რომ, "ღვთის რისხვა" გადმოიღვრება მთელ ქმნილ სამყაროზე გამონაკლისის გარეშე, რომლის სტიქიონები პირველი ოთხი საყვირის დროს გამოცხადების იდუმალთმხილველს წარმოუდგებოდა, როგორც "მესამედი დაზიანება", - ეს კი ნიშნავს, რომ უკანასკნელ წყლულებებს ექნებათ მასშტაბი და მნიშვნელობა, რომელიც სამყაროს შექმნის დროსა და მოვლენებს შეესაბამება (შეად. დაბ. 1:1-25).
მეტიც, "პირველი თასის" გადმოღვრის შედეგები გვკარნახობენ, რომ წყლულები მათზე "ვისაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს" უბრალო "კანის დაავადებები" კი არ არის, არამედ სამყაროს უკანასკნელი რყევის განუყოფელი ნაწილია, როდესაც მიწის დაზიანებით თვით ადამიანური ბუნებაც დაზიანდება (განსხვავებით ბერძნ. πληγή გამოცხ. 15:1-დან), ანუ უკანასკნელი ზეციური რისხვით გამოწვეული "ჭრილობებისგან" და "დარტყმებისგან", ანუ ადამიანებზე პირველი თასის გადმოღვრის შემდეგ, გაჩნდა "ჭრილობები", ანუ "ჩირქოვანი მუწუკები" (ბერძნ. έλκος, შეად. – 1 კორ.15:47-48).
ამასთან ახალი აღთქმის ყველა წმიდა წიგნი მოწმობს იმაზე, რომ გასცეს რა თავიანთი მაცხოვარი, "წუთისოფელმა" თავი განადგურებისთვის გაწირა, - ხოლო მოძველებული და გაწირული ქვეყნიერების ნაცვლად ზეციდან ჩამოდის ახალი და სრულყოფილი რეალობა (2 პეტ. 3;13; 1 ინ. 3:2; რომ. 8:18-21, შეად. – "აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს" (გამოცხ. 21:5).
ასე რომ უკანასკნელი რისხვის შვიდი თასისგან გამოწვეული რყევა ამ თვალსაზრისით გამოიყურება არა როგორც "შერჩევითი ზეციური სასჯელი", არამედ როგორც სრუილ და საბოლოო დამარცხების გლობალური პანორამა, როდესაც ყველაფერი ის, რაც კი "ქვეყნიერების სტიქიონებად" იქოდება, მთლიანად და სრულებით დაინგრევა (შეად.: "... მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, სტიქიონები (ბერძნ. στοιχεῖα – "აპოკ." რედ.) მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტ. 3:10-12)).
(ამ აზრით საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ქვეყნიერებაზე "შვიდი უკანასკნელი თასის" გადმოღვრის თითოეული შედეგი, მოსეს რჯულის მცნებათა გათვალისწინებით, მოწმობს მათი საბოლოო "ადრესატების" გამოუსწორებელ უწმინდურობაზე, თანაც ეს რიტუალური უწმინდურობა "საზარელი წყლულებითა" და "სისხლით", უკანასკნელი დრისთვის, გამომჟღავნდება არა მარტო ადამიანებში, არამედ მიწაზეც, ზღვაზეც, მდინარეებზეც და ა. შ., და მთლიანად, სრულიად აავსებს ქვეყნიერებას, ნარჩენების გარეშე.
ეს კი ნიშნავს, რომ არა თუ "ვერავინ", არამედ "ვერაფერი" ძველი ქვეყნიერების "შვიდი დარტყმისგან" დაზიანებულთაგან შეძლებს გადასვლას ახალ და სრულყოფილ სამყაროში, შეად.: "ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 21:27)).
ასეა თუ ისე, რადგან შვიდი ცეცხლოვანი წყლულება დააზიანებს
მთელ ძველ ქმნილებას, ხოლო ამ დროს გამოჩენილი ზეციური ტაძარი, რომელიც სავსეა
"ღმრთის დიდების კვამლით", იცავს მასში თავშეფარებულთ უკანასკნელი
ღვთაებრივი რისხვისგან, - არანაირი პრაქტიკული აზრი არ ექნება იმის განსჯას, თუ როგორი
იქნებიან უკანასკნელი წყლულებანი ადამიანის მხედველობისთვის (ისევე როგორც, არანაირი
მნიშვნელობა არ ექნება იმას, ეს ყველაფერი ერთი ასტრონომიული საათის განმავლობაში მოხდება,
ერთ დღეში თუ რამოდენიმე დღეში, ან დრო საერთოდ გაჩერდება თუ არა, რადგან ამგვარი დონისა
და მასშტაბის რყევას მატერიალური სამყარო დიდხანს ვერ დაიტევს).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.