აპოკალიფსისი > განმარტება
შვიდი უკანასკნელი წყლულება, რომლითაც მთავრდება ღმრთის რისხვა
(გამოცხ. 15:1)
"და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა" (გამოცხ. 15:1).
წარმოადგენს რა შვიდი ანგელოზის ხილვას, რომლებიც მსოფლიოზე გადმოღვრიან "შვიდ უკანასკნელ წყლულებას", გამოცხადების იდუმალთმხილველი მეორედ უწოდებს მის წინაშე გახსნილ პანორამას "დიად ზეციურ ნიშანს" (შეად. გამოცხ. 12:1), რაც იმთავითვე გამოჰყოფს 15-ე თავის დასაწყისს იმ ხატებათაგან და მოვლენათაგან, რომლებითაც მთავრდებოდა 14-ე თავი, და რომლებშიც ძველი სამყაროს ისტორია აღწერილია დროთა დასასრულამდე და სრულ წინასწარმეტყველურ დასრულებამდე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 15-ე თავის დასაწყისში მეორდება არა მარტო იდუმალთმხილველის მიმართვა "დიადი ნიშნის" ცნებასთან, არამედ ამგვარი მიმართვის მიზეზიც, რადგან გამოცხადების წიგნის პირველი "დიდი ნიშანი" (ანუ "ქალი, რომელსაც ემოსა მზე") მსგავსადვე გამოჰყოფდა 12-ე თავის დასაწყისს ზეციური ტაძრის გამოცხადებისგან, რომელიც შეესაბამებოდა მიწიერი ისტორიის დასასრულს და მაცხოვრის მეორედ მოსვლას (გამოცხ. 11:19).
ზუსტად ასეთივე აზრი აქვს დახასიათებას "სხვა", რომელიც ახლავს შვიდი ანგელოზის ხილვას თასებით, და მოწმობს იმაზე, რომ უკანასკნელ წყლულებათა წინასწარმეტყველური პანორამა გამოცხადებისთვის ხატებათა ახალ ხაზს მიმართავს.
გარდა ამისა, იდუმალთმხილველის თვალწინ გადაშლილი "დიდი ზეციური ნიშნის" აღწერას თან ახლავს ეპითეტი "საკვირველი", ამიტომაც უეჭველია, რომ ყველა წინა ხატებათა და ხილვათა ფონზეც კი შვიდი ანგელოზი უკანასკნელი წყლულებებით "დიადად" და "საკვირველად" გამოიყურებიან.
მეტიც, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესოდენ განსაკუთრებული შეფასება განპირობებულია არა მარტო მიმდინარე მოვლენის მასშტაბითა და მნიშვნელობით. ასე, მაგალითად, დიდი ზეციური ნიშანი "ქალისა, რომელსაც მზე ემოსა", არანაკლებ საკვირველი იყო, - და, ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ მასაც უპრეცედენტო წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ის პანორამები, რომლებიც იდუმალთმხილველს 12-ე თავში ეხსნება, მოწმობდნენ სულიერ რეალობაზე, რომელიც წინ უძღოდა ღმრთის განკაცებას და ახალი აღთქმის დამტკიცებას, ხოლო შემდეგ აღწერილ იყო მოვლენები, რომლებიც თვით იოანე მოციქულის "თვალწინ", მისი უშუალო მონაწილეობით სრულდებოდა, - ასე რომ მას არა თუ "გონებრივად" შეგნებული ჰქონდა ეს ყოველივე, არამედ "გამოცდილებითაც" განიცდიდა.
მაგრამ რადგან "ქვეყნიერების უკანასკნელი მოწყვლა", რომლითაც, როგორც ითქვა "მთავრდებოდა ღვთის რისხვა" (გამოცხ. 15:1), წარმოადგენენ მსოფლიოს საბოოლო სამსჯავროს, რომელიც ყვეყნიერებაზე უკანასკნელ დღეებში გადმოიღვრება, - თვით თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი ამ მოვლენებს აღიქვამს არა მარტო, როგორც "დიადს", არამედ როგორც "საკვირველს".
გარდა ამისა, "ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი", 17-ე თავში იდუმალთმხილველს აჩვენებს "მეძავისა და მხეცის სასჯელს" და აღუწერს საღმრთო სასჯელთა კიდევ ერთ ხატობრივ სურათს, შემდეგ კი აჩვენებს " ქალს, სასძლოს კრავისას", ანუ მომავალ საუკუნის რეალიებში გაბრწყინვებულ ზეციურ იერუსალიმს" (გამოცხ. 21:2; 9-23; 22:1-6), - ხოლო ესოდენ საპატიო მისია შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ანგელოზთა უმაღლეს დასს.
ამიტომაც 15-ე თავის ხილვებში, ზეციური ტაძრიდან შვიდი უზენაესი ანგელოზის გამოსვლა თავიანთი წესისა და განგების შესაბამისია და იდუმალთმხილველს მრისხანე და დიად ანგელოზებად წარმოუდგებიან.
რაც შეეხება მეტაფორულ მნიშვნელობებს, რომლებიც "წყლულების" ცნებასთან არის დაკავშირებული, - ის სრულიად განსაკუთრებული "მსოფლიო წყლულები", რომლებიც ნახსენებია გამოცხადების წიგნის 15-ე და 16-ე თავებში, გულისხმობენ არა უბრალოდ "კანის გამონაყარს", არამედ "დარტყმებისგან მიყენებულ წყლულებს", ან "დაზიანებებს" (ბერძნ. πληγὰς), რომლებიც "ცეცხლისგან" ან "მახვილით" მიყენებული დაზიანებების ტოლფასია და, რომელიც თან ახლავს მთელ ბიბლიურ მოწმობას ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეთა შესახებ (შეად.: ფსალმ. 20:10; ეს. 66:16; ეზეკ. 16:40-42; გამოცხ. 19:21; 20:9 და სხვა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვა "წყლულის" შესატყვისობა ბერძნულ სიტყვა πληγὴ - თან არც ისე ზუსტია, და არ უსვამს ხაზს აზრობრივ და წინასწარმეტყველურ კავშირს "შვი უკანასკნელ წყლულებებსა" და ბუკვალურ ჭრილობებს შორის (როგორიცაა, მაგალითად, ჭრილობა - πληγὴ "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ერთ თავზე (გამოცხ. 13:3). მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძველი აღთქმის მიხედვით წყლულებები და ღია ჭრილობები განაცალკევებდნენ მოწყლულთ საზოგადოებისგან და ყველაზე ბუკვალური აზრით მათ "მფლობელებს" ართმევდნენ შესაძლებლობას მიახლოვებოდნენ საკრებულოს კარავს (ლევ. 13), ცნება "წყლულთან" მიმართებით თარგმანში ხაზი ესმება სხვა აზრობრივ ასპექტს, კერძოდ იმათ უკიდურეს უწმიდურებას, ვისზეც გადმოიღვრება "უკანასკნელი შვიდი დარტყმა" (შეად.: "... უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ადას და სელას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა წყლულებად და ყმაწვილი - საგვემელად ჩემდა" (დაბ. 4:23)).
ხოლო რადგან უკანასკნელი წყლულები წარმოდგენილია რიცხვით "შვიდი" და მოწმობენ "უწმინდურების სისავსეზე", მათ, ვისი მისამართითაც არის განკუთვნილი ეს წყლულები, - ამგვარი "შვიდგზისი" დაზიანების შემდეგ მსოფლიოში არაფერი უწმინდური და "მოუწყლავი" არ დარჩება, არამედ ღმრთის რისხვა ამით "დაოკდება", შეად.:
"ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი" (ეზეკ. 6:13).
გარდა ამისა, საკმარისად ცხადია, რომ "შვიდი უკანასკნელი წყლულება" გარკვეული მსგავსებით დაკავშირებულია წინასწარმეტყველურ ხატებებთან, რომლებიც შვიდი ზეციური საყვირის ქვეშ გამოვლინდა (გამოცხ. 8 – 9). მაგრამ ეს მსგავსებანი მათ შორის არსებულ აშკარა განსხვავებებზე მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომაც "შვიდი საყვირის" და "შვიდი უკანასკნელი წყლულების" აღქმა იმგვარ მოწმობად, რომლებიც თითქოსდა ერთი და იგივე მოვლენაზე მოგვითხრობენ, არასწორი იქნებოდა.
ასე, მაგალითად, პირველი ოთხი საყვირი, რომელიც ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში გაისმა იუწყებოდა მიწის, ზღვის და ა. შ. ნაწილობრივ დაზიანებას, - ხოლო შვიდივე საყვირის ერთობლიობით აღწერილია მთელი ახალაღთქმისეული დროება ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე და ძველი სამყაროს ბედი "იერიქონის შვიდდღიან შემოვლას" მიამსგავსა.
ხოლო ღმრთის მრისხანების უკანასკნელი შვიდი წყლულება ძველ სამყაროს ამსგავსებს "ეგვიპტის მახვილით მოწყვლას" და "ბაბილონს, რომელმაც შურისგების თასი დალია", - ამიტომაც უეჭელია, რომ ისინი შეესაბამებიან ძველი ქმნილების უკანასკნელ დღეებს, თანაც ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში აღსრულდება, ხოლო შვიდი წყლულებისგან მიყენებული ჭრილობები იქნება არა ნაწილობრივი, არამედ სრული, შეად.:
"... მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან" (გამ. 7:4).
"გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ... უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, ერთიანად გაუდაბურდება ყველა, ვინც ჩაუვლის ბაბილონს, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მის წყლულების შემხედვარე" (იერ. 50:8-13).
შესაბამისად, თუკი "ზეციურ საყვირებში" წარმოდგენილია ახალაღთქმისეული დროების მთელი სისავსე, მაშინ ის არაშემთხვევითი (კანონზომიერი) უბედურებები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ეხსნებოდა იდუმალთმხილველს პირველი ექვსი საყვირის სახით, არ შეიძლება იწოდონ "უკანასკნელად", - მაშინ როდესაც თითოეული "შვიდი უკანასკნელი წყლულებიდან" აღწერენ ძველი სამყაროს ყველაზე უკანასკნელი დღეების მოვლენებს, აქედან გამომდინარე, შვიდი თასი, პირობითად, უკანასკნელ და "საბოლოო" ზეციურ საყვირს შეესაბამება.
(ცალკე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ანგელოზის მღვდელმოქმედება, რომელიც შვიდი ზეციური საყვირის წინ ოქროს სამსხვერპლოზე დებს "ზეციურ საკმეველს", შემდეგ კი მიწაზე გადმოღვრის ცეცხლს ოქროს სასაკმევლედან (გამოცხ. 8:3-5), არანაირად არ არის დაკავშირებული ბოლო მრისხანების შვიდი თასის გადმოღვრასთან.
გამოცხადების წიგნის მე-8 თავში ანგელოზი ავსებს ოქროს სასაკმევლეს არა "მრისხანების ცეცხლით", არამედ "სამსხვერპლოს ცეცხლით", ანუ წმიდა ცეცხლით", და დედამიწაზე აღანთებს ახალაღთქმისეული ეკლესიის მსოფლიო ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოს, რომელიც "ინათებს და არ ჩაქრება" მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში, ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. ხოლო შვიდი უკანასკნელი წყლულება შეესაბამება "ღია ჭრილობებს", რომლებითაც აღინიშნება მათი ადრესატების "რიტუალური" უწმიდურება და ამ წყლულებათა "მიმღებთა" საბოლოო გამოცალკევება ღმრთისგან და მისი ერისგან).
ნიშანდობლივია ის ვითარებაც, რომ უკანასკნელ საღმრთო მსჯავრთა წარმოდგენა ქვეყანაზე განსაკუთრებულ "ზეციურ თასთა" გადმოღვრის სახით, მრავალ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებასაც ახასიათებს.
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველ ამბაკუმის წიგნში სწორედ "უფლის მარჯვენის თასი", რომელიც იღვრება "მსოფლიო მედიდურ ადამიანზე", შეესაბამება საბოლოო სამსჯავროს ძველ სამყაროზე და მთელ მსოფლიო უკეთურებაზე:
"მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. ... ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება" (ამბ. 2:2-16).
უკანასკნელი სამსჯავროს ასეთივე აღწერაა მოცემული ფსალმუნთა წიგნშიც, თანაც ეს საბოლოო სამსჯავრო ერთდროულად "უკანასკნელი მრისხანების თასებს" წააგავს, - და ძველაღთქმისეულ მოვლენებსაც, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქალაქების - სოდომისა და გომორას განადგურებასთან, ანუ ძველი სამყაროს კიდევ ერთ ხატებასთან, რომელიც გამოცხადების წიგნშია ნახსენები (გამოცხ. 11:8), შეად.:
"უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი. წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიაღვარისა - ნაწილი სასუმელისა მათისა" (ფსალმ. 10:5-6).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.