აპოკალიფსისი > განმარტება
"მესაჭეთა და მეხომალდეთა" გლოვა ბაბილონელ მეძავზე
(გამოცხ. 18:17-19)
"რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა; და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს? თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა" (გამოცხ. 18:17-19).
გამოცხადების წიგნის მე-18 თავის თითქმის ყველა კომენტარს, რომელსაც სხვადასხვა ფსევდოქრისტიანი კომენტატორი გვთავაზობს, თან ახლავს საკმაოდ ვრცელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ იტირებენ დაცემულ მეძავს მიწიერი მეფენი, რომლებშიც ისინი მიწიერი ხელისუფლების უშუალო წარმომადგენლებს გულისხმობენ; და მხოლოდ იმისი განსაზღვრა უჭირთ, თუ ხელისუფლებრივი უფლებამოსილების რომელ საფეხურამდე შეიძლება გავრცელდეს ცნება "მეფე" ამა თუ იმ თანამედროვე მმართველის ხსენებისას (თანაც ეს საკითხი აქტუალურია არა იმდენად მცირერიცხოვან ნამდვილ მონარქებთან დაკავშირებით, რამდენადაც სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემათა პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან, ასევე გუბერნატორებთან და პარლამენტის თავმჯდომარეებთან მიმართებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქების მერებზე, ტერიტორიული წარმონაქმნების ხელმძღვანელებზე, დეპუტატებზე და ა. შ.).
ასეთი კომენტატორები გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ მიწიერ ვაჭართა სახეს, რადგან თანამედროვე სამყაროში კლასიკური ვაჭრები აღარ არსებობენ, ხოლო თუ ვაჭრებს უწოდებენ ბაზრობებზე დახლებთან მდგომ მოვაჭრეებს, ან მსხვილი კომპანიების სავაჭრო აგენტებს, ან მარკეტოლოგებს, ან სავაჭრო ქსელების აქციების მფლობელებს, მსმენელებმა შეიძლება ეჭვი შეიტანონ და ზურგი აქციონ ასეთ "კომენტატორს" მისი აშკარა შეუსაბამობების გამო.
თუმცა მე-18 თავის იდუმალი სახეები არ შემოიფარგლება არც "მიწიერი მეფეებით" და არც "მიწიერი ვაჭრებით", არამედ მეძავზე მომტირალთა საზოგადოებას უერთებს "მესაჭეებსაც", "მეხომალდეებსაც", "ზღვაზე მოვაჭრეებსაც" და თუნდაც უბრალოდ გემებით მცურავებსაც, რაც არანაირად აიხსნება არც ბუკვალური და არც "ასოციაციური" განმარტებებით (როგორც ეს შესაძლებელია "მეფის" ან "ვაჭრის" ცნებებებთან მიმართებაში, როდესაც ბიბლიური სახე სიმართლითა თუ სიცრუით თანამედროვე რეალობებს ერგება).
(ცხადია, რომ თანამედროვე სამყაროში საზღვაო ტრანსპორტი სულაც არ არის ერთადერთი, და თუ მეძავზე არა მხოლოდ უშუალო გემთმფლობელები იტირებენ, არამედ შტურმანები, ბოცმანები, ტანკერების კაპიტნები და ოკეანური ლაინერების მგზავრებიც, მაშინ იგივე რეაქციაა მოსალოდნელი მძიმეტვირთიანი ავტომობილებისა და ავტობუსების მძღოლებისაგან, რკინიგზელებისგან, პილოტებისგან, საჰაერო მოძრაობის დისპეჩერებისგან და ყველა იმისგან, ვინც სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობს. ხოლო თუ მათგან არცერთს არ ეხება მე-18 თავის წინასწარმეტყველებანი, — იმის ახსნას, თუ რით "გამოირჩნენ" სწორედ ისინი, ვინც გემებით ზღვაში დაცურავენ, ვერცერთი თვითნასწავლი კომენტატორი უბრალოდ ვერ შეძლებს).
ასეა თუ ისე, მრავალრიცხოვან მცდელობებს შორის, განემარტათ, თუ ვინ და რატომ გლოვობს ბაბილონელ მეძავს, გამოცხ. 18:17, 18-ში მოხსენებული სახეები (ანუ "ყველა მეხომალდე", "ყველა გემით მცურავი", "ყველა მენავე" და "ყველა ზღვაზე მოვაჭრე") უკიდურესად იშვიათად მოიხსენიებიან, ხოლო თუ მოიხსენიებიან, ყოველგვარი კონკრეტული მტკიცებულებებისა და დასკვნების გარეშე. შედეგად, განხილვის ველში მხოლოდ "მიწიერი მეფეები" და "დიდი მეძავი" რჩებიან, ხოლო თავად კომენტატორები, როგორც მათ ჰგონიათ, რაღაც ნეიტრალურ "ექსპერტულ" სივრცეში გადაინაცვლებენ, საიდანაც უცრემლოდ შეძლებენ თვალყური ადევნონ როგორც დაცემულ მეძავს, ისე მტირალ მიწიერ მეფეებსა და რომელიღაც მოთქმით მგლოვიარე ვაჭრებსა და მენავეებს, რომელთა ვინაობა გაურკვეველია, მაგრამ ნამდვილად არა თავად კომენტატორები (რადგან ისინი არ არიან შემოსილნი არანაირი ხელისუფლებით, არ არიან დაკავებულნი საბითუმო ვაჭრობით და ზღვაში თუნდაც გასაბერი მატრასებითაც კი არ გადიან).
მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ პირველი პუბლიკაციების თემებს და აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის მოწმობანი ექსკლუზიურად ქრისტიანებისკენ არის მიმართული და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც "აქვს ყურები", ანუ ვისაც შეუძლია იაზროვნოს არა ამქვეყნიური, არამედ ბიბლიური მნიშვნელობებით (ხოლო ასეთნი წინამდებარე საიტის ავტორს მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ არ შეხვედრია და მათი არსებობისა არც სწამს).
ამასთან, როგორც ქრისტიანები ბიბლიური გაგებით არიან არა მხოლოდ ერთ მისტიკურ სხეულად შეკრულნი და ქრისტეს სასძლონი (1 კორ. 12:12, 13, 14), არამედ სამეფო სამღვდელონი, ცხებულნი წინასწარმეტყველების სულით (1 პეტ. 2:9, გამოცხ. 19:10), — ასევე მეძავი წარმოადგენს ერთ სხეულად შეკრებილ "მიწიერ მეძავებს", "მიწიერ მეფეებს", "მიწიერ ვაჭრებსა" და "უსჯულო მეხომალდეებს", რომლებიც მთელი უსჯულო კაცობრიობის გლობალურ კრებით სახეს წარმოადგენენ და რომლის მეშვეობითაც გამოცხადების მოწმობებში:
• სულიერ ხელმწიფებას უპირისპირდება ხორციელი ხელმწიფება (ანუ "მიწიერი მეფენი");• ახალი აღთქმის სამღვდელოების სულიერ, უანგარო მემსხვერპლეობას უპირისპირდება ყიდვა-გაყიდვა, რომელიც დამახასიათებელია ყველა "მხეცის რიცხვითა" და "ნიშნით" აღბეჭდილისთვის, ანუ "მიწიერი ვაჭრებისთვის";• იესუს მოწმობას, რომელიც წინასწარმეტყველების სულიდან არის, უპირისპირდებიან მეხომალდენი, მესაჭენი, გემით მცურავნი და ზღვაზე მოვაჭრენი, ანუ ყველა შესაძლო ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუმოძღვრები: "მეხომალდენი" და "მენავენი", ცრუმოწმეები და მაცდურები: "ზღვაზე მოვაჭრენი", აგრეთვე ყველა მათი მიმდევარი (ანუ "გემით მცურავნი").
შესაბამისად, ცნება "ზღვა" ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ არა ბუკვალური, არამედ ბიბლიური გაგებით, როგორც ის დიდი ზღვა, სადაც იბრძოდა "ოთხი ქარი", და საიდანაც გამოვიდა ოთხი მხეცი დანიელის ხილვებიდან და მხეცი გამოცხადების წიგნის მე-13 თავიდან (დან. 7:2, 3, 4, 5, 6, 7, გამოცხ. 13:1, 2, 3, 4, 5), და რომლის ჯერ მესამედი ნაწილი იქცა სისხლად (გამოცხ. 8:8, 9), შემდეგ კი მთლიანად (გამოცხ. 16:3); და რომელიც აღარ იქნება მომავალ საუკუნეში (შეად. – "და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რამეთუ პირველი ცა და პირველი მიწა წარხდა, და ზღვა აღარ არის", გამოცხ. 21:1).
უფრო მეტიც, თუ "ზღვის" ცნებაში ბიბლიურ ცისქვეშა წყლებს ვიგულისხმებთ, რომლებიც ერთად შეიკრიბა, რის შედეგადაც გამოჩნდა ხმელეთი (ხოლო მიწა სწორედ ხმელეთს ეწოდა, დაბ. 1:9, 10), რის შემდეგაც წარმოვიდგენთ, რომ "მიწა და ყოველივე მასზე არსებული საქმე დაიწვება" (2 პეტ. 3:10, შეად. – "...და დაიწვება ცეცხლით...", გამოცხ. 18:8; "...იხილავენ მისი ხანძრის კვამლს...", გამოცხ. 18:9; გამოცხ. 18:18 და ა.შ.), — ყველა, ვინც ხმელეთისგან მოშორებით რჩება, ხილული სამყაროს ნგრევას აღიქვამს როგორც საყოველთაო კატასტროფას, რომლის შედეგადაც ისინი კარგავენ ყველაფერს, რაც მათ არა მხოლოდ არსებობის, არამედ უმრავალფეროვანესი წარმავალი ფასეულობებით გამდიდრების საშუალებას აძლევდათ (შეად. – "ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა", გამოცხ. 18:19).
თუმცა "განზე დგომის" მსგავსი მდგომარეობა ძალიან ხანმოკლე იქნება, რამეთუ შემდეგ მოვა უკანასკნელი სამსჯავრო და აღსრულდება ის, რაზეც მოწმობდნენ სამი ანგელოზნი მე-14 თავიდან, კერძოდ:
"და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი. მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა. მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე..." (გამოცხ. 14:6-11).
ასე რომ, მე-18 თავში მოხსენიებულ ყველა "გლოვასა" და "ტირილს" თან ახლავს უაღრესად მნიშვნელოვანი ეპითეტები ("შეჰკივლეს", "თავზე ფერფლი დაიყარეს", "გლოვითა და ქვითინით ღაღადებდნენ" და ა.შ.) არა იმიტომ, რომ მიწიერი მეფეები, მიწიერი ვაჭრები და ზღვაზე მოვაჭრენი მტირალები არიან, არამედ იმიტომ, რომ მსგავსი რეაქცია ასახავს იმათ მდგომარეობას, ვინც დამოკიდებულნი არიან მეძავობის ღვინოზე და აღბეჭდილნი არიან მხეცის რიცხვით, რომელნიც მოულოდნელად აღმოჩნდებიან ისეთ რეალობაში, სადაც საკუთარი ხორციელი და სულიერი ვნებების დაკმაყოფილება შეუძლებელია (შეად. – "...იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა...", მათ. 24:48, 49, 50, 51 და ა.შ.).
და ამავე კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ ცნება "ამ სოფლის" თავისებურებანი, რომელიც პირველწყაროში აღინიშნება ბერძნული სიტყვით κόσμος (ბუკვალურად - "კოსმოსი") და აქვს განსაკუთრებული აზრობრივი ელფერი, რომელიც ხილულ სამყაროს "სამკაულს", "სამკაულებსა" და "ძვირფასეულობას" ამსგავსებს, რაც კარგად ხსნის როგორც "დიდი ბაბილონის" სამოსისათვის დამახასიათებელ უზომო ფუფუნებას (შეად. – გამოცხ. 17:4, გამოცხ. 18:16), ისე იმ უამრავი ძვირფასი საქონლის ნუსხას, რომლით ვაჭრობითაც გამდიდრდნენ ბაბილონელ მეძავზე მოთქმით მტირალნი (შეად. – გამოცხ. 18:11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ წარმოვიდგენთ, რომ ბიბლიური ხმელეთი აღარ არსებობს, ხოლო ბიბლიური ცისკიდე, ანუ ცა, მოულოდნელად გაიხსნება, როგორც ამაზე მოწმობენ ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებანი, — ამ მოვლენის შედეგად ცისქვეშა და ზეციური წყლები უკანასკნელ დაპირისპირებაში შეებმებიან ერთმანეთს (შეად. – "დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან" (ეს. 5:30; ლუკ. 21:25, 26, 27 და ა. შ.)), თანაც სწორედ ორი "ცხენოსანი ლაშქრის" დაპირისპირება (და არა ბუკვალური მნიშვნელობით მიწიერი არმიების შეტაკება, რომლებიც ერთი მხრივ შეიარაღებულნი არიან ტანკებით, ვერტმფრენებითა და ბალისტიკური რაკეტებით, ხოლო მეორე მხრივ - მაცხოვრის ცხენოსანთა ზეციური ლაშქარი, შეად. – გამოცხ. 19:11, 12, 13, 14) იქცევა იმ უკანასკნელ ბრძოლად, რომელშიც საბოლოოდ დამარცხდება საყოველთაო ბოროტება (გამოცხ. 16:13, 14, 15, 16).
(აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენათა გამარტივებისა თუ დეტალიზაციის ნებისმიერი მცდელობა თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, რამეთუ ეს უკანასკნელი საყოველთაო შეძრწუნებანი ადამიანური წარმოსახვის საზღვრებს გარეთაა.
გარდა ამისა, გამოცხ. 18:17, 19-ში კვლავაც ცხადდება, რომ ძველი სამყაროს საბოლოო დაცემა უსწრაფესად აღსრულდება, სიტყვასიტყვით, "ერთ საათში" (შეად. – გამოცხ. 3:10, 14:6, 7, 17:12), ისე რომ გამოფხიზლებისა და სინანულისთვის დრო არც ერთ ურწმუნოს არ შერჩება).
ასეა თუ ისე, სავსებით ნათელია, რომ გამოცხადების წიგნის მე-18 თავში გრძელდება და მთავრდება დიდ ტვიროსზე გლოვის ძველაღთქმისეული სახეები ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან, სადაც ეს ქალაქი თავდაპირველად წარმოგვიდგება ზღვათა გულში დამკვიდრებულად (ეზეკ. 27:4), შემდგომ კი ტალღთაგან იმსხვრევა და წყალთა უფსკრულში ეფლობა, შეად.:
"შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი. გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან. შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენს გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ. თავს გადაიპარსავენ შენს გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ. გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში? როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი. როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად" (ეზეკ. 27:28-34).
თანაც ეს მოწმობა სრულად შეესაბამება დიდ ბაბილონზე უკანასკნელი სამსჯავროს სახეებს, სადაც საყოველთაო მეძავს ანგრევენ და "ამსხვრევენ" სწორედ ის წყლები, რომლებზეც იგი იჯდა (შეად. ზღვიდან ამომავალ მხეცს, გამოცხ. 13:1; "მრავალ წყალზე" მჯდომარე მეძავს, გამოცხ. 17:1, — და იმ გარემოებას, რომ "ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას", გამოცხ. 17:16).
უფრო მეტიც, ეზეკიელ წინასწარმეტყველი მოწმობს, რომ დიდი ქალაქი ტვიროსი დამღუპველ წყლებში მისმავე მენიჩბეებმა შეიყვანეს, რომელთა გამოც იგი აღმოსავლეთის ქარისაგან დაიმსხვრევა და "შუაგულ ზღვაში" დაეცემა, შეად.:
"ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში. შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს" (ეზეკ. 27:26-27).
მეორე მხრივ, ძველი სამყაროს უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველურ პანორამებს წმიდა წერილში თან ახლავს უაღრესად ამაღლებული მოწმობანი საღვთო აღთქმათა უცვალებელობისა და ურყევობის შესახებ, რომლებიც განუზომლად უფრო მყარნი არიან, ვიდრე ნებისმიერი წარმოსადგენი თუ წარმოუდგენელი კოსმიური კატაკლიზმები:
"ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. ... ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა (უზენაესმა) - გაქრა ქვეყანა. ... შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე" (ფსალმ. 45:2-11).
