აპოკალიფსისი > განმარტება
რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები:
"აჰა, მოვალ, როგორც მპარავი, : ნეტა მას, ვინც ფხიზლობს..."
(გამოცხ. 16:15)
"აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (გამოცხ. 16:15).
ახალაღთქმისეული კანონის წმიდა ტექსტებში მტკიცებულება "მოვალ, როგორც მპარავი" არაერთხელ გვხვდება, და ყველა შემთხვევაში (გამონაკლისის გარეშე) ის დაკავშირებულია მაცხოვრის მეორედ მოსვლასთან (შეად.: "ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი ღამით, ..." (2 პეტ. 3:10); "გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ" (გამოცხ. 3:3) და სხვა).
რადგან ნამდვილი "მპარავები" მოქმედებენ მაქსიმალური სიჩუმით და ცდილობენ მოვიდნენ ისე, რომ მათი შესაძლო გამოჩენის დრო არავინ შეიტყოს, - გაფრთხილება "მოვალ, როგორც მპარავი" ნიშნავს, რომ უფლის დღე მოვა აბსოლუტურად მოულოდნელად და ძველ სამყაროს ბუკვალურად მოულოდნელად "დაატყდება", შეად.:
"ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ" (1 თესალონიკ. 5:1-3).
ამასთან იმის გათვალისწინებით, რაც ითქვა სულ ახლახან გაჟღერებულ მოწმობაში სამი უწმინდური სულისა და მსოფლიო უკეთურ მხედრობაზე, რომელიც გამოვა ნათლის ძალებთან შესაბრძოლებლად (გამოცხ. 16:13-14), გამოცხადების სიტყვები "მოვალ, როგორც მპარავი" უკვე აღარც არის "გაფრთხილება მომავალზე", არამედ ის უკვე "აწმყოს იუწყება", ანუ მაცხოვრის მოულოდნელ მოსვლას, კერძოდ უფლის დღის დადგომას, უკეთურების დამარცხებას და უკანასკნელ სამსჯავროს მთელ ძველ ქვეყნიერებაზე (შეად.: "... რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს" (გამოცხ. 16:14).
რაც შეეხება უკეთური მხედრობის "შემადგენლობას", რომელიც განადგურებული იქნება საღმრთო დიდების ბრწყინვალებით შემოსილი უფლისა და მაცხოვრის გამოცხადებით, - შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ბნელეთის სხვადასხვა "მეომარნი", რომლებიც წარმოადგენენ ძველი ქვეყნიერების ხელისუფლებსა და ძალებს, ჩვეულებრივი მიწიერ არმიად არ იქნებიან ორგანიზებულნი, რომელიც მიუწვდომელი სახით შეიკრიბება ყველა კონტინენტიდან ადრიდანვე დათქმულ დროსა და ადგილას, და იქ საბრძოლო მწყობრში ან საბრძოლო ბანაკში ჩადგებოდა.
(ცხადია, რომ თუკი მივყვებით ვერსიას, რომლის თანახმადაც "უკეთურების მეომართა" შეკრება მოხდება ბუკვალურად, ხოლო ამ შეკრების დროს განსაზღვრავენ სამი უწმინდური სული, პირველ რიგში თვით ეშმაკ-ურჩხული, - ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეშმაკი დააწესებს იმ "დღესა და საათს", რომელიც საიდუმლოდ დარჩება თვით ქრისტეს ეკლესიისთვისაც, შეად.: "... იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მკ. 13:32; მთ. 24:36)).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან მსოფლიო უკეთურ მხედრობაში გაწვეული მეომრები საცდურში იმყოფებიან და ვერ შეუგნიათ მიმდინარე მოვლენის ჭეშმარიტი აზრი და მასშტაბი, - მომზადება უკანასკნელი ბრძოლისთვის ხდება ქვეყნიერებისთვის დაფარული სახით, ხოლო გაფრთხილება "მოვალ, როგორც მპარავი" და მოწოდება "იფხიზლეთ" აქტუალური რჩება თვით აწინდელი საუკუნის უკანასკნელ საათებშიც კი, შეად.:
"მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე მპარავივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის სასოების მუზარადი. რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ" (1 თეს. 5:4-10).
(აქ აზრი აქვს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი შებრძოლების რეალიებთან მიმარტებაში ქრისტიანები "ნათლის შვილებად" და "დღის შვილებად" იწოდებიან იმიტომაც, რომ მხეცის სამეფო მეოთხე საყვირის შემდეგ იმყოფება სულიერ ბნელში, ანუ უკუნ სიბნელეში (1 თესალონიკ. 5:4-5), ხოლო უფლის მხედრობა საბრძოლველად გამოდის "მზის აღმოსავალით" (გამოცხ. 16:12)).
ასეა თუ ისე, ერთი მხრივ "მღვიძარების" და "სამოსის დაცვის" სიმბოლოები, და მეორე მხრივ "სულიერი სიშიშვლის" ცნება, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი იმ ვითარებასთან, რომ ჩვეულებრივი პირობებში ადამიანები, როდესაც დასაძინებლად მიდიან ტანისამოსს იხდიან. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არა მარტო დღე, არამედ მაცხოვრის მეორედ მოსვლის საათი არავნ იცის სამყაროში, - და თვით მაცხოვარიც და მისი მოციქულებიც დაბეჯითებით ასწავლიან არ "განიმოსონ" ტანისამოსი არც დღით და არც ღამით, ანუ იმღვიძარონ გულში და აზრებში მაშინაც კი, როცა სძინავთ (1 თესალონიკ. 5:9-10), შეად.: "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მთ. 24:42; 25:13); "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ" (მკ. 13:32-37).
გარდა ამისა, მრავალი ახალაღთქმისეული მოწმობა მეორედ მოსვლის შესახებ ხაზს უსვამს იმ მომენტს, რომ მიუხედავად ამ მოვლენის წინმსწრები გლობალური კოსმიური რყევებისა, უკუნ ბნელში მყოფნი მაინც ვერ მოიაზრებენ უკანასკნელი დღის მოალოვების ვერანაირ ნიშანს, შეად.:
"და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მთ. 24:37-39).
ეს კი ნიშნავს, რომ უკეთურები და ურჯულოები იძულებულნი იქნებიან წარდგნენ უკანასკნელი დღის სამსჯავროზე გულისა და აზრების ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს არა თუ არა აქვს "საქორწილო სამოსი" (რომელშიც შეხვდება მაცხოვარს მისი ეკლესია (მთ. 22:1-14), არამედ ჩვეულებრივი სამოსიც კი, რომლის მიერაც შეძლებდა დაეფარა საკუთარი შინაგანი სირცხვილი (იუდ. 1:13 და სხვა).
რაც შეეხება იმათ, ვისაც "ყური აქვს სმენად" და ესმის მაცხოვრის სახარებისეული გაფრთხილება (გამოცხ. 13:8-10),- ისინი ცდილობენ "იფხიზლონ" და "სიწმიდეში დაიცვან თავიანთი სამოსი", ანუ მზად იყონ ღმრთის წინაშე წარსადგომად ბუკვალურად ნებისმიერ მომენტში, შეად.:
"გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3:18).
"ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლკ. 21:34-36).
ასე რომ შედეგად ძველი სამყაროს "ღამის საათში" არ დაიძინებენ მხოლოდ "გონიერნი ქალწულნი", რომლებიც შესაბამის მომენტში მაცხოვარს შეხვდებიან "საქორწილო შესამოსელით" (მთ. 22:11-12) და "სავსე იქნება მათი ლამპრები ზეთით") (მთ. 25:1-13), შეად.:
"დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (ლკ. 12:35-40).
(შეად.: "... მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ" (გამოცხ. 2:5)).
სწორედ ასე მსჯელობს სულიერ სიფხიზლეზე ანდრია კესარიელიც:
"მღვიძარება და სამოსის დაცვა ნიშნავს იყო ფხიზელი და განუწყვეტლივ ზრუნავდე კეთილ საქმეებზე, რომელიც სამოსივითაა წმინდანთათვის; ვისაც ის არ ექნება შერცხვენილ იქნება, როგორც შიშველი და სიბილწეებით აღვსილი... აქედან ნათელია, რაოდენ დამღუპველია სათნოებათა სამოსთაგან განძარცვა, რადგან ჩვენ, როგორც სახარებისეული იგავიდან ვიცით, ვისაც არ ჰქონდა საქორწილო სამოსი გაგდებულ იქნა ქორწილიდან (მთ. 22:13), ასევე მოციქულის სიტყვებიდან, როდესაც ის, მსჯელობს რა უხრწნელებაზე, ამბობს: "მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი" 2 კორ. 5:3) კეთილ საქმეთაგან. ამიტომაც გულითადად ვევედროთ ჩვენს უფალს, რათა აქ განბანოს ჩვენი სულები, რათა, ფსალმუნის თქმით, "უმეტეს თოვლისა განვსპეტაკნეთ" (ფსალმ. 50:9) და არ მოვისმინოთ: "მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი?" და არ ვიქნეთ შეკრული და ჩაგდებული უკუნ ბნელში (მთ. 22:12, 13); მაგრამ იმისთვის, რათა ყოველთვის სპეტაკი სამოსი გვეცვას, ბრძენი სოლომონის თქმით, უნდა ვატარებდეთ თანაგრძნობისა და სათნო ცხოვრების ბრწყინვალე ლამპრებს, რათა ქრისტემ, ჩვენი სულების წმიდა და უბიწო სიძემ, აგვიყვანოს ზეცად თავის სავანეში. მას ეკუთვნის დიდება და პატივი მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ).
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "მოწმობა მღვიძარების შესახებ" ირიბად უთითებს უკანასკნელი, ანუ ეგვიპტურ სასჯელთაგან მეათეს მოახლოვებას, როდესაც ძველაღთქმისეული გამოსვლის ღამეს მოხდა ეგვიპტის პირმშოთა დახოცვა, რომლებიც დაცულნი არ იყვნენ პასქალური კრავის სისხლით (გამ. 12), - ხოლო ღმრთის ერს, რომელიც ემორჩილებოდა მოსეს, ამ ღამეს არ ეძინა, არამედ შემოსილი იყო ტანისამოსით და შემოსარტყლული, მეტიც, ფეხებზეც კი ეცვათ, შეად.:
"ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს. მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ" (გამ. 12:11-13).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის პასქალური დადგენილებები ხალხს მიეცა, როგორც მარადიული დაწესეება, ასე რომ სულიერი აზრით ისინი აქტუალობას არ კარგავენ ახალაღთქმისეულ დროებაშიც, შეად.: გამ. 12:14.
ხოლო გამ. 12:11-12-ის სიმბოლოთა და სიტყვების "დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული" ურთიერთშესატყვისობა მოწმობენ არა მარტო მორწმუნეთა სულიერ მდგომარეობაზე მაცხოვრის მოლოდინში, არამედ მომავალ გამარჯვებაზეც არმაგედონის ბრძოლის დროს, რომელიც "ანთებულიკანდლების" სიმბოლოსთან ერთად განხილული იქნება მომდევნო პუბლიკაციაში).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.