სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
ნეტ. ავგუსტინე
ღვთის ქალაქის შესახებ
(რჩეული ადგილები ნეტ. ავგუსტინეს შრომიდან "საღვთო ქალაქის შესახებ")
წიგნი I
წინასიტყვაობა
წინამდებარე ნაწარმოების მიზნისა და შინაარსის შესახებ
შენ მიერ ჩაფიქრებულ ამ თხზულებაში, უსაყვარლესო ჩემო შვილო მარცელინუს, ჩემ მიერ ნაკისრი აღთქმისა და ვალდებულების ძალით, ამოცანად დავისახე დამეცვა ღვთის ქალაქი – ყოვლად სახელოვანი, როგორც დროის ამ მდინარებაში, როცა ის მოგზაურობს უღვთოთა შორის და "ცოცხლობს რწმენით" (ამბაკ. 2:4), ასევე იმ მარადიულ ცხოვრებაში, რომელსაც იგი ამჟამად "მოთმინებით ელის" (რომ. 8:25), – იმ რწმენით, რომ "სამართალი სიმართლესთან დაუბრუნდება" (ფს. 93:15), რომელსაც ის უთუოდ მიიღებს მისი უდავო უპირატესობის ძალით; დამეცვა იმათ წინაშე, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ამ ქალაქის დამაარსებელზე მაღლა აყენებენ. დიდი და მძიმეა ეს შრომა, მაგრამ "ღმერთია ჩვენი შემწე" (ფს. 61:9).
ვიცი, რა ძალებია საჭირო ამაყთა დასარწმუნებლად, როგორი დიდია თავმდაბლობის ღირსება, რომლის წყალობითაც ყველა მიწიერ სიდიადეს, რომელიც დროის ცვალებადობით ირყევა, აღემატება არა ადამიანური ქედმაღლობით მითვისებული სიმაღლე, არამედ ის, რომელიც საღვთო მადლით არის ბოძებული. რამეთუ ამ ქალაქის, რომელზეც ჭეშმარიტების თქმა ჩავიფიქრეთ, მეფემ და დამაარსებელმა თავის წმინდა წერილში ერებს გამოუცხადა საღვთო კანონის განჩინება, რომელშიც ნათქვამია: "ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს" (იაკ. 4:6; 1პეტ. 5:5). მაგრამ ამაყი სულის ქედმაღლობა ღმრთის საკუთრების მითვისებას ცდილობს და უყვარს, რათა სადიდებლად შერაცხონ მისთვის: "მოწყალეა მორჩილთა მიმართ, ამაყთ კი ამხობს" (Virg. A_Eneid, 6, v. 853).
ამიტომ, რამდენადაც მოითხოვს ამას ჩემ მიერ წამოწყებული შრომა და რამდენადაც ამის საშუალება არსებობს, არ შეიძლება დუმილით ავუაროთ გვერდი მიწიერ ქალაქსაც, რომელიც ბატონობისკენ მიისწრაფვის, თავად კი – იმ ვნების ბატონობის ქვეშ იმყოფება, რომელსაც ექვემდებარებიან ხალხები.
თავი I. ქრისტეს სახელის მტრების შესახებ, რომლებიც ბარბაროსებმა რომის აოხრებისას ქრისტეს გულისთვის შეიწყალეს.
სწორედ ამ ქალაქიდან გამოდიან ის მტრები, რომელთაგანაც უნდა დავიცვათ ღვთის ქალაქი. მათგან ბევრი, თავისი უღვთო ცდომილების გამოსწორებით, მთლიანად ამ ქალაქის ღირსეულ წევრად იქცა, მაგრამ ბევრნი ისეთი სიძულვილით არიან ანთებულნი მისდამი და ისეთი უმადურები არიან მისი გამომსყიდველის აშკარა საქმეებისადმი, რომ დღემდე აღმართავენ თავიანთ ენებს მის წინააღმდეგ თუნდაც იმიტომ, რომ, მტრის მახვილს გამოექცნენ, და თავიანთი სიცოცხლე, რომლითაც ამაყობენ, სწორედ მის წმიდა ადგილებში იხსნეს (1).
______________
1. აქ და შემდეგაც ლაპარაკია 410 წ-ს რომის აღებასა და მის გაძარცვაზე ვესტგოთების მიერ, რომელთაც მეთაურობდა ალარიხი. უმეტესწილად იყვნენ რა ქრისტიანები, ვესტგოთებმა ხელი არ ახლეს ქრისტიანულ სიწმიდეებს და დაინდეს იქ შეფარებული მოქალაქეები.
______________
განა სწორედ ის რომაელები არ არიან მტრულად განწყობილნი ქრისტეს სახელის მიმართ, რომლებიც ბარბაროსებმა ქრისტეს გულისთვის შეიწყალეს? ამას მოწმობს მოწამეთა ადგილები და მოციქულთა ბაზილიკები, რომლებმაც რომის აოხრებისას შეიფარეს, როგორც თავისიანები, ისე უცხოებიც. მათ ზღურბლამდე მძვინვარებდა სისხლისმსმელი მტერი; იქ ჩერდებოდა მკვლელის მრისხანება; მოწყალე მტრებს იქ მიჰყავდათ ისინი ვინც ამ ადგილების გარეთ შეიბრალეს, რათა სხვები არ დასხმოდნენ თავს – კერძოდ ისინი, ვისაც მსგავსი თანაგრძნობა არა გააჩნდათ. იმათშიც კი, ვინც სხვაგან, მტრის ჩვეულებისამებრ, კლავდა და მძვინვარებდა, მას შემდეგ, რაც მივიდოდნენ იქ, სადაც აკრძალული იყო ომის ნებადართული სისასტიკე, მთელი მრისხანება იკლებდა და ქრებოდა სამხედრო ნადავლის მოპოვების სიხარბე.
ასე გადარჩნენ მრავალნი, რომლებიც ახლა ლანძღავენ ქრისტიანულ დროებას, და ყველა იმ გასაჭირს, რაც მათმა ქალაქმა გადაიტანა, ქრისტეს აბრალებენ, ხოლო ყოველგვარ ცხოვრებისეულ კეთილდღეობას, რომელიც ქრისტეს საპატივცემოდ მიეცათ, არა ჩვენს ქრისტეს, არამედ – თავიანთ ფატუმს მიაწერენ.
მაგრამ, მათში საღი აზროვნების მარცვალიც რომ არსებობდეს, ვალდებულნი იქნებოდნენ, ყოველივე, რაც მკაცრი და სასტიკი მტრისგან განიცადეს, საღვთო განგებისთვის მიეწერათ, რომელიც, ადამიანთა გარყვნილ ზნეობას, ჩვეულებრივ, ომებით ასწორებს და ასუფთავებს, ხოლო მოკვდავთა სამართლიან და საქებარ ცხოვრებას ამ წარუმატებლობებით სცდის და გამოცდის შემდეგ ან უკეთეს სამყაროში გადაჰყავს ისინი, ან კიდევ ამ ქვეყნად სხვათა სასარგებლოდ აყოვნებს.
ხოლო მათ, – ომის ჩვეულების საწინააღმდეგოდ, სისხლისმსმელმა ბარბაროსებმა ქრისტეს სახელის გულისთვის მისდამი მიძღვნილ ადგილებში რომ შეიწყალეს – ქრისტიანული ჟამისთვის უნდა მიეწერათ თავიანთი გადარჩენა და ამისთვის ღმრთის მადლობელნი უნდა ყოფილიყვნენ, დრათა თავი აერიდებინათ მარადიულ ცეცხლისთვის და ჭეშმარიტად მიმხრობოდნენ მის სახელს – იმ სახელს, რომელიც ბევრმა მზაკვრულად გამოიყენა, თავიდან რომ აერიდებინა გარდაუვალი აღსასრული. რადგან იმათ შორის, რომლებიც ასე თავხედურად და უსირცხვილოდ დასცინიან ქრისტეს მონებს, ბევრია ისეთი, ვინც ვერ აიცილებდა ამ წარწყმედასა და განადგურებას, სიყალბით ქრისტეს მონებად რომ არ წარმოეჩინა თავი; და აჰა, უმადური სიამაყითა და უკეთური უგუნურებით, მარადიულ ბნელში დასასჯელად, თავიანთი გარყვნილი გულით გამოდიან მისი სახელის წინააღმდეგ – იმ სახელის წინააღმდეგ, რომელსაც ცრუ ბაგეებით მიმართეს, დროებითი ნათლით რომ ესარგებლათ!
თავი 2. იმის შესახებ, რომ არასოდეს ჩატარებულა ისეთი ომი, სადაც დამპყრობლებს დამარცხებულები დაენდოთ იმათი ღმერთების გულისთვის, ვინც დაამარცხეს.
არაერთი ომია აღწერილი, როგორც რომის დაარსებამდე, ისე მის შემდეგ, იმპერიის ხანაშიც: მოძებნონ და თქვან, აუღიათ თუ არა უცხოტომელებს რომელიმე ქალაქი ისე, რომ მტრებმა, რომლებმაც ის აიღეს, შეიბრალეს ისინი, ვინც საკუთარი ღმერთების ტაძრებს თავი შეაფარეს; ან ბარბაროსთა რომელიმე ბელადს ებრძანოს, ქალაქში შეჭრისას, არავინ მოეკლათ, ვინც ამა თუ იმ ტაძარს შეაფარებდა თავს? განა არ იხილა ენეოსმა, როგორც პრიამუსმა საკურთხეველზე, "რამეთუ ამის შემდეგ თავისი სისხლით შეღება ცეცხლი წმიდათა შესაწირავთა" (Virg. A_Eneid 2, v. 502)? ან განა დიომიდემ და ოდისევსმა არ მოიპარეს უწმიდესი ხატება, ჯერ წმიდა ტაძრის მცველები რომ დახოცეს; ხელები კი სისხლით შეიღებეს, და გაბედეს ქალღმერთის წმიდა კვართს შეხებოდნენ" (Ibid, v. 166–168).
და მაინც, ის იყო სიცრუე, რაზეც მოგვითხრობენ: ამის შემდეგ, შეირყა რა, შესუსტდა აქეველთა იმედი – რადგან მას შემდეგ მათ გაიმარჯვეს; ამის შემდეგ მათ ტროა ცეცხლითა და მახვილით ააოხრეს; ამის შემდეგ პრიამუსს, რომელიც საკურთხეველს აფარებდა თავს, თავი მოჰკვეთეს. რა დაკარგა მინერვამ მანამ, რომ დაიღუპა? განა საკუთარი მცველები არ დაკარგა? მართლაც, ქანდაკების წაღება მხოლოდ მათი დახოცვის შემდეგ შეიძლებოდა. რადგან ქანდაკება კი არ იცავდა ხალხს, არამედ ხალხი იცავდა ქანდაკებას. მაშ, რისთვის ევედრებოდნენ მას, რათა დაეცვა სამშობლო და მოქალაქენი, თუკი არ ძალუძდა საკუთარი მცველების შენარჩუნებაც?
თავი 7. იმის შესახებ, რომ ყოველივე სასტიკი, რაც რომის აოხრებისას მოხდა, ომის ჩვეულებისამებრ მოხდა; ხოლო რაც შემწყნარებლურად კეთდებოდა, ქრისტეს სახელის ძლიერებისგან იყო.
ამდენად, ყოველი ეს აოხრებანი, მკვლელობანი, ძარცვანი, ხანძრები, ტანჯვანი, რომლებიც რომის უკანასკნელი დამარცხების დროს აღსრულდა – წარმოშვა ომის ჩვეულებამ. ხოლო ის, რაც მოხდა ახალი ჩვეულებისამებრ: კერძოდ, ომისთვის უჩვეულო წესით მოთვინიერდა ბარბაროსული აღვირახსნილობა; რომ თავშესაფარი იმ ხალხისათვის, რომელიც უნდა დაენდოთ, გამოირჩა და ფართო ბაზილიკები მიეთითათ, სადაც არავინ მოუკლავთ, საიდანაც არავინ დაუტყვევებიათ, სადაც მოწყალე მტრებმა მრავალი მიიყვანეს გასათავისუფლებლად, საიდანაც ტყვედ არავინ გაუყვანიათ მათგან ყველაზე სასტიკებსაც კი – ეს ყოველივე უნდა მივაწეროთ ქრისტეს სახელს; ეს ყოველივე უნდა მივაწეროთ ქრისტიანულ ჟამს. ვინც ამას ვერ ხედავს, ის არის ბრმა. ვინც ხედავს, მაგრამ არ აქებს, ის არის უმადური. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება მაქებელს, ის გიჟია. გონიერი კაცი არავითარ შემთხვევაში არ განმარტავს ამას მტრების ველურობით. სისხლისმსმელი და სასტიკი სულები სწორედ მან (ქრისტემ) შეაშინა, მან შეაკავა, საკვირველად მან მოალბო, ვინც ამაზე დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა წინასწარმეტყველის მიერ: "განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი; ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა" (ფს. 88:33–34).
გაგრძელება იქნება.
წყარო: Блаженный Августин. Творения. Сост. и подгот. текста к печати С.И. Еремеева. Санкт-Петербург. Алетейя. Киев: УЦИММ-пресс, 1998. / Т. 3: О граде Божием (Кн. 1-13). 1998. Т. 4: О граде Божием (Кн. 14-22).
