Перейти к контенту

აპოლოგეტიკა - ნეტ. ავგუსტინე. ღვთის ქალაქის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
ნეტ. ავგუსტინე

ღვთის ქალაქის შესახებ

(რჩეული ადგილები ნეტ. ავგუსტინეს შრომიდან "საღვთო ქალაქის შესახებ")
ზეციური ქალაქი იერუსალემი
ნეტარი ავრელიუს ავგუსტინეს აპოლოგია "ღვთის ქალაქის შესახებ" (22 წიგნად) დაწერილია 413-426 წლებში. ეს არის პასუხი წარმართებისთვის, რომლებიც ვესტგოთების მიერ რომის აოხრების მიზეზს ხედავდნენ იმაში, რომ ქრისტიანების ღმერთმა ვერაფრით დაიცვა მარადიული ქალაქი, რომელსაც ძველთაგანვე იცავდნენ რომაელი ღმერთები. მათი აზრით, უბედურებები მოხდა იმ ღმერთების ნებით, რომლებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ ახალი რელიგიის გავრცელებით.
 
წიგნის ერთ-ერთი თემაა ბრძოლა მწვალებლობების წინააღმდეგ. ნეტარი ავგუსტინე ამართლებს რეპრესიულ ღონისძიებებს მწვალებლების მიმართ და იძულებით მოქცევას ქრისტიანობისკენ.
 
აპოლოგია შედგება ორი ნაწილისგან: აპოლოგეტური (წიგნები I-X) და სამოძღვრო (წიგნები XI-XXII). I-V წიგნებში უარყოფილია ცრურწმენული წარმოდგენები წარმართულ ღმერთებზე. VI-X წიგნებში წარმოებს პოლემიკა წარმართ ფილოსოფოსებთან მონოთეიზმისა და პოლითეიზმის, მკითხაობისა და წინასწარმეტყველებების, ანგელოზებისა და დემონების შესახებ და, ასევე, სხვა საკითხებზე. XI-XIV წიგნებში განხილულია, თუ როგორ წარმოიშვნენ ღვთის ქალაქი და მიწიერი ქალაქი. XV-XVIII წიგნებში განხილულია მათი ზრდა და განვითარება, ხოლო XIX-XXII წიგნებში – მათი საბოლოო დანიშნულება.
 
ნაწარმოები იწყება რომაული ჩვეულებებისა და წარმართული რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენების კრიტიკით. ნეტარი ავგუსტინე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმართული ღმერთები არ იყვნენ რომაელთა განსაკუთრებული მფარველები და საერთოდ არ ზრუნავდნენ ზნეობაზე. ცოდვის დასაბამად ის მიიჩნევს არა ხორცს, არამედ ბოროტ ნებას, რომელსაც სიამაყე უძღვის.
 
ნეტარი ავგუსტინე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დაფუძნებულია სამართლიანობის იდეაზე, რომლის გარეშეც ის "ავაზაკთა ბრბოდ" იქცევა. პოლიტიკაში ის განარჩევს ტრიადას: ოჯახი – ქალაქი – სახელმწიფო. ადამიანთა შორის უთანხმოების მიზეზი ენათა განსხვავებულობაა.
 
ავტორი ავითარებს საკუთარ ისტორიოსოფიურ კონცეფციას: ისტორია წარმოადგენს კაცობრიობის პროგრესულ მოძრაობას, რომელიც შედგება ორი ქალაქ-სახელმწიფოსგან: ღვთის ქალაქისგან (ანგელოზები და ადამიანები, რომლებიც რჩეულნი არიან ღვთის მადლით) და ეშმაკის ქალაქისაგან (დემონები და მოუნანიებელი ცოდვილები). პირველთა ხვედრია "მარადიული მეფობა ღმერთთან ერთად", ხოლო მეორეთა – "ეშმაკთან ერთად მარადიული ტანჯვა". ღვთის ქალაქისა და ეშმაკის ქალაქის პირველი წარმომადგენლები დედამიწაზე არიან აბელი და კაენი.
 
კაცობრიობის ისტორიული ცხოვრების ექვსი პერიოდი (ადამიდან ნოემდე, წარღვნიდან აბრაამამდე, აბრაამიდან დავითამდე, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე, ტყვეობიდან ქრისტეს მოსვლამდე, ქრისტედან ქვეყნის აღსასრულამდე) შეესაბამება ქმნილების ექვს დღეს. მართალი ცხოვრების სათავეები მითითებულია ძველ აღთქმაში, ხოლო ქრისტეს გამოცხადებით ისინი თავმოყრილია ეკლესიაში, რომელიც იცავს მის აღთქმებს მთელი კაცობრიობისათვის. ნეტარი ავგუსტინე მკაცრად უარყოფს ქმნილების "თანამარადისობას" შემოქმედის მიმართ.
 
"ამ საუკუნის" განმავლობაში ღვთის ქალაქი და ეშმაკის ქალაქი ბოლომდე ერთმანეთისაგან განურჩეველია და შერეულად არსებობს. ისინი განირჩევიან და გაიყოფიან მხოლოდ საშინელი სამსჯავროს დღეს.
 
ნეტარი ავგუსტინეს თანახმად, ყველა სამეფო, მათ შორის რომის იმპერიაც, ღვთის განგებით იმართება (წიგნი V). ადამიანური ძალისხმევით შექმნილი სახელმწიფოები განწირულნი არიან დაღუპვისთვის. ხოლო უბედურებანი, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, სასარგებლოა, რადგან მიუთითებენ, თუ სად უნდა ეძიოს ხსნა.

ნეტარი ავგუსტინე გმობს ქილიასტებს. ქრისტეს სამეფო არის თვით ახლანდელი ეკლესია. მკვდართა პირველი აღდგომა, რომელზეც ნათქვამია აპოკალიფსში, სხვა არაფერია თუ არა სულიერი აღდგომა (წიგნი XX).
 
 
წყარო: Блаженный Августин. Творения. Сост. и подгот. текста к печати С.И. Еремеева. Санкт-Петербург. Алетейя. Киев: УЦИММ-пресс, 1998. / Т. 3: О граде Божием (Кн. 1-13). 1998. Т. 4: О граде Божием (Кн. 14-22).
 
მასალა ითარგმნა და ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.


საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ჩვენი საიტის მკითხველს ვთავაზობთ ამონაწერებს ნეტ. ავგუსტინეს შრომიდან: "საღვთო ქალაქის შესახებ". წინამდებარე თარგმანი განვიზრახეთ არა იმ მიზნით, რათა მთლიანად გვეთარგმნა ნეტ. ავგუსტინეს ხსენებული ნაწარმოები (ამ ღვაწლს, ალბათ, ღვთის წყალობით, მომავალში შევუდგებით), არამედ იმ მიზნით, რათა ხსენებული თხზულებიდან მკითხველისთვის წარმოგვედგინა ამ აპოლოგეტური ნაშრომის ზოგიერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ადგილები. ვფიქრობთ, მკითხველში დიდ ინტერესს გამოიწვევს ნეტ. ავგუსტინეს სწავლებანი მთელ რიგ ცხოვრებისეულ საკითხთა საღვთისმეტყველო გააზრებაში და გარკვეულწილ მოამზადებს მას მთლიანი ნაშრომის აღსაქმელად.
 
ნეტ. ავგუსტინეს შესახებ ჩვენს საიტზე ("აპოკალიფსისი") შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ სტატიებს:
 
1. ალექსანდრე ბუზდალოვი. დაკნინებული წმინდანი.
   
 
 
სარჩევი:
 
   
 
წინასიტყვაობა
 
წინამდებარე ნაწარმოების მიზნისა და შინაარსის შესახებ
 
თავი I. ქრისტეს სახელის მტრების შესახებ, რომლებიც ბარბაროსებმა რომის აოხრებისას ქრისტეს გულისთვის შეიწყალეს.
 
თავი 2. იმის შესახებ, რომ არასოდეს ჩატარებულა ისეთი ომი, სადაც დამპყრობლებს დამარცხებულები დაენდოთ იმათი ღმერთების გულისთვის, ვინც დაამარცხეს
 
თავი 7. იმის შესახებ, რომ ყოველივე სასტიკი, რაც რომის აოხრებისას მოხდა, ომის ჩვეულებისამებრ მოხდა; ხოლო რაც შემწყნარებლურად კეთდებოდა, ქრისტეს სახელის ძლიერებისგან იყო.

Назад к содержимому