აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მარადიული საიქიო საიდუმლონი
გარდაცვლილთა ცხოვრება და მათი კავშირი ცოცხლებთან, მათი ნეტარება და სატანჯველნი
წმიდა წერილისა და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებითწინათქმა
ღვთისმოსავო მკითხველო! ყურადღება მიაქციე სიბრძნის ამ სიტყვას. მათში მოცემულია რჩევა უდმივად, არა ჩვენს მარტო ყოველგვარ საქმიანობაში, არამედ ყოველ სიტყვაში გვახსოვდეს ჩვენი აღსასრული - იმისთვის, რათა არ ვცოდოთ.
მაგრამ რაოდენ მცირედნი ფიქრობენ ამ აღსასრულზე. უმრავლესობა მას მხოლოდ მაშინ იხსენებს, როდესაც დადგება ეს უკანასკნელი დღეები, როდესაც მთელი ცხოვრება თითქმის გავლილია, ზოგჯერ ხანმოკლედ, ზოგჯერ ხანგრძლივად, მაგრამ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ეს ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს უძღვნიან წუთისოფლის ამაოებას.
ექიმები ავადმყოფთა განკურნების პირობად მათ მიერ გაწერილი დანიშნულების შესრულებას მიიჩნევენ. ისინი სნეულთ უწერენ წამლებს, უნიშნავენ დიეტას, რომლის დაცვასა და შესრულებაზეა დამოკიდებული მათი ხორციელი ჯანმრთელობა. და აი, ღმერთმაც, როგორც ჩვენი სულების გამოცდილმა მკურნალმა, დაგვიწესა პირობები, - ცოდვებითა და მისი შედეგებით მოწყლულთ. დიახ, ჩვენ ყველანი სნეულები ვართ ცოდვებით, ჩვენი სულები და სხეულები ატარებენ და ავითარებენ ცოდვათა საშინელ წყლულებს.
მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ცოდვის საზღაური სიკვდილია" და კიდევ: "როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში" (რომ. 5:12; 6:23). ამრიგად, ცოდვა არის სიკვდილის მიზეზი; და არა მარტო ხორციელისა, არამედ სულიერისაც, ანუ იმგვარისა, როდესაც ცოდვებში სრულად ჩაფლული სული, კარგავს ღმრთის ხატებასა და მსგავსებას და, ამგვარი სახით, თითქოსდა კვდება მარადიული ნეტარებისთვის, რომელიც მას მისმა ღმერთმა და შემოქმედმა განუწესა.
ცოდვილი, ბიწიერი ცხოვრების და, მის მიერ სულიერი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, უფალი გვირჩევს ჩვენი "აღსასრულის" ხსომებას. ღმრთის შეწევნით, სწორედ ამ უკანასკნელი დღეების შესახებ ვაპირებ მეც თქვენთან საუბარს, ღვთისმოსავო მკითხველო, რადგან ისე არაფერი განაწყობს წმიდა და სათნო ცხოვრებისკენ, როგორც ფიქრი "აღსასრულზე", რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ: 1) ხორციელი სიკვდილი, როგორც ადამიანური ცხოვრების საზღვარი; 2) ჩვენი უკვდავი სულის საიქიო ცხოვრება საყოველთაო სამსჯავროს დადგომამდე; 3) ჩვენი საყოველთაო აღდგომა და 4) მეორე და დიდებით მოსვლა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც მოჰყვება საყოველთაო საშინელი სამსჯავრო თავისი შედეგებითურთ.
I
ხორციელი სიკვდილი, როგორც ადამიანური სიცოცხლის საზღვარი
"ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ...
როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი,
ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა"
რომ. 6:23; 5:12.
1. ხორციელი სიკვდილის მიზეზი
როდესაც ქვეყნიერებაზე არ იყო ცოდვა, არც სიკვდილი არსებობდა; თითქოსდა არ იყო სიკვდილზე ფიქრის საჭიროება. მაგრამ, თვით ღმერთმა მცნებად მისცა უბიწო პირმშოს ეფიქრა სიკვდილზე. როგორც კი შეიყვანა ადამიანი ედემის ბაღში, უთხრა: "ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით" (დაბ. 2:16, 17).
ამრიგად, რისთვის სჭირდებოდა ყველაზე უბიწო, უდანაშაულო და უკვდავ ადამს სიკვდილის შეხსენება? მას, ვისაც ჯერაც სულში არანაირი ცოდვითი აზრი არ ჰქონია, რატომ უნდა ეფიქრა ხრწნილებაზე? ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ადამიანს, როგორც ქმნილებას, შეიძლება და უნდა ჰქონდეს შიში; რადგან სიკვდილის შიშს თავისი კეთილი მოქმედება აქვს იქ, სადაც არ წარემატება სიყვარული, ან სიცოცხლის დაპირება.
კარგი იქნებოდა სიყვარულით აღძრულ ადამიანს თავისი უფლის მორჩილება შეძლებოდა, რათა ყოველთვის თავისუფალი ყოფილიყო და ადვილად შეესრულებინა თავისი უფლის მცნებები, მაგრამ თავისუფლება საკუთარ თავში შეიცავს მერყეობისა და დაცემის შესაძლებლობასაც, ამიტომ, თავისუფლება უფრო ძლიერით გამყარებას საჭიროებს, რომელიც შეაკავებს ბოროტებისკენ მიდრეკილებას, - ასეთი ძალა კი სიკვდილის შიშია.
მაგრამ, სანამ სიკვდილის შიშზე ვილაპარაკებდეთ ვიტყვით, - რა არის თვით სიკვდილი. წმიდა წერილი ასეთი სიტყვებით გვაძლევს სიკვდილის ზუსტ განსაზღვრებას: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7). მაშასადამე, სიკვდილი ეს არის სულის გაყრა სხეულისგან. როდესაც სული სხეულს გაცილდება, მაშინ ამგვარ ადამიანს ჩვენ მკვდარს (მიცვალებულს) ვუწოდებთ. მხოლოდ სხეული სულის გარეშე არ წარმოადგენს სრულ ადამიანს, ის - გვამია, და არა ადამიანი; ზუსტად ასევე სული სხეულის გარეშე მხოლოდ სულია, და არა კაცი.
ადამიანის სხეული, თავისთავად, სულის გარეშე - მკვდარია; მის გარეშე ის ექვემდებარება ხრწნილებას და, ამგვარად, აკლდება სიცოცხლესა და ქმედითობას. წმ. იოანე ოქროპირი სხეულის კვდომაზე ასე მსჯელობს: "ჩვენი სხეული თიხის ჭურჭელს წააგავს. როგორც ცეცხლის მიერ შემტკიცდება თიხა, ასევე ჩვენი სხეულიც სულის მხურვალების მიერ შემტკიცდება. როგორც თიხის ჭურჭელი, თუკი დაეცა, მცირე ნაწილებად დაიშლება, ასევე ჩვენი სხეულიც, სიკვდილის მიერ დაცემული, მცირე ნაწილებად ცალკევდება: ცალკე რჩება ძვლები, როგორც მყარი ნაწილები სხეულისა, და ცალკე რბილობი" (წმ. იოანე ოქროპირი. მე-6 ჰომილია ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეზე. თ. 2).
დროს სულის სხეულისგან გაყრისა ვიდრე დედამიწაზე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე წმ. წერილი "სიკვდილის აჩრდილს" (ფსალმ. 22:4) უწოდებს. როგორც კი ადამიანის სხეული შევა ამ "სიკვდილის აჩრდილში" ის მიწას დაუბრუნდება ვიდრე მთავარანგელოზის უკანასკნელი საყვირის ჩაბერვამდე და დაემსგავსება მიწაში ჩათესილ მარცვალს, რათა აღდგომისას შემძლე გახდეს მომავალ ნაყოფთა გამოღებისა. თესლი, ანუ მარცვალი, თუ კი დალპება (მოკვდება) მრავალ ნაყოფს გამოიღებს.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Вечный загробные тайны (1908). Составил игумен Антоний. Репринт. Москва 1999.
წიგნი ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023 წ.