პუბლიკაციები - ესაიას წინასწარმეტყველება ქრისტეს ეკლესიის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ესაიას წინასწარმეტყველება ქრისტეს ეკლესიის შესახებ
წმ. წინასწარმეტყველი ესაია
ზემოთ ფოტოზე: წინასწარმეტყველი ესაია (მხატვ. - მარტენ ვან ჰემსკერკი)
 
 
ძნელია ერთ სტატიაში მოიცვა ყველა ის სიმბოლო, რომელსაც წინასწარმეტყველი ესაია იყენებს თავის წინასწარმეტყველებებში.
 
მათი უმრავლესობა წმიდა მამებმა ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრების ყოველდღიურობაში შეიტანეს და ღვთისმსახურებაში გამოიყენება.
 
ყველაზე უკეთესია ესაიას წინასწარმეტყველება წავიკითხოთ ლოცვითი მღვიძარების სიჩუმეში და ვიფიქროთ მასზე, როდესაც პირისპირ ვდგავართ ღმერთთან.
 
სწორედ ამ მომენტში შეიძლება მოხდეს ის, რაც ლუკას სახარებაში გვეუწყება: "მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი" (ლკ. 24:45).
 
ამ და სხვა სტატიებში განვიხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებს ესაიას წინასწარმეტყველებებიდან, - ეს კეთდება იმისთვის, რათა უფრო ღრმად ჩავწვდეთ იმას, რაც ჩვენი სულიერი ცხოვრების ნაწილია და, რომელიც ფართოვდება და ღრმავდება ჩვენი გაეკლესიურებისდა კვალად.
 
განვიხილოთ პირველი სიმბოლო - მთა უფლისა.
 
ამ სიმბოლოს წინასწარმეტყველი ესაია მრავალგზის იმეორებს:
 
"უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" (ეს. 2:2-3).
 
უფლის მთა - ეს არის ქრისტეს ეკლესია.
 
თუკი მხატვრულად წარმოვიდგენთ, მიწიდან აღიმართებიან გორაკები, მთები, მაღალი კლდეები და მწვერვალები, მაგრამ ყველა ამ მთიან ქედებზე მაღლა უფლის უმაღლესი მთა - ეკლესიაა.
 
წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ როდესაც, უკანასკნელ დღეებში აღმოცენდება ეს მწვერვალი, ის ყველა ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს და უთვალავი ერი დაიძრება მისკენ, რადგან საკვირველება გულგრილს არც ერთ ადამიანს დატოვებს.
 
აშკარაა, რომ ეკლესია - ღმრთის ეს ქმნილება, ზებუნებრივი მოვლენაა და სწავლება, რომელსაც ის გვთავაზობს, ყოველგვარ რელიგიურ სწავლებაზე უმაღლესია.
 
როგორც წინასწარმეტყველი ესაია მოწმობს:
 
"რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე" (ეს. 55:8-9).
 
ასევე ქრისტეს ეკლესია ყოველ რელიგიაზე, ორგანიზაციაზე და ადამიანურ საზოგადოებაზე შეუდარებლად მაღლაა.
 
რა თქმა უნდა, ის რელიგიები, და ის ფილოსოფიური სისტემები, რომლებიც ქრისტეს ეკლესიამდე, ამ მთის აღმოცენებამდე იყვნენ, თავიანთ სწავლებებში შეიცავდნენ (და დღემდე შეიცავენ) მრავალ კეთილსა და სასარგებლო სწავლებას.
 
ეს სწავლებები და დოქტრინები არიან, როგორც გორაკები და მთები, უდავოდ უფრო უმჯობესნი, ვიდრე ცოდვის ჭაობი და სიცრუის ქვესკნელნი.
 
ისინი ეხმარებიან ადამიანებს ამაღლდნენ პრობლემების ბუნდოვანებიდან და გათავისუფლდნენ ამაოების საკვრელებიდან.
 
ტრადიციული ადამიანური რელიგიები და ზნეობრივი აღზრდა ამ რელიგიათ ასისტემაში - ღმრთის მიერ უარყოფილი როდია, რადგან ისინი აღამაღლებენ ადამიანს და მის მზერას მიწიდან ზეცას მიაპყრობენ.
 
მაგრამ, როდესაც აღმოცენდა და ამაღლდა მთა უფლისა, მისი სიმაღლიდან გამოჩნდა, ეს გორაკები და მთები რაოდენ პატარა და უმნიშვნელოა.
 
მართლაც, ისინი ადამიანს გარკვეულწილად მხარს უჭერენ, რათა ჭაობში არ ჩაიხრჩოს, მაგრამ ვერ აჰყავთ იგი ზეცად.
 
შეიძლება დიდხანს ვადაროთ ერთმანეთს და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბევრი კარგია სხვადასხვა რელიგიებში, რომლებიც ქრისტემდე იყვნენ და მერეც არსებობდნენ... მაგრამ ღმერთმა ადამიანებს ნიშნები მისცა და უნდა მივიღოთ, რომ ქრისტეს ეკლესია, როგორც მთა უფლისა, შეუდარებლად მაღალი რელიგიია ყველა დანარჩენ რელიგიებთან, კონფესიებთან და ეკლესიებთან მიმართებით. და ის კაცი, ვინც მართლა ეძებს უფალს, ვისაც ნამდვილად სწყურია მასთან ურთიერთობა, ისწრაფვის ნათლისკენ, სიკეთისკენ და ჭეშმარიტებისკენ, უნდა ელტვოდეს მხოლოდ ამ მთას, როგორც ნათქვამია: "ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. ... გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ..." (ეს. 2:2-3).
 
სხვა ადგილას კი წინასწარმეტყველი ესია წერს:
 
"შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება" (ეს. 5:26).
 
ეს წინასწარმეტყველური სიტყვები არ გულისხმობენ, რომ მთელი კაცობრიობა გამონაკლისის გარეშე მიიღებს ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებას. მაგრამ ყოველი ერის წიაღში, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ირწმუნებენქრისტეს, როგორც თავიანთ  მაცხოვარს და შევლენ ეკლესიაში, რადგან არ შეუძლია ადამიანს, თუკი მთელი გულით ეძიებს ჭეშმარიტებას, სიკეთეს, მშვენიერებას და სიმართლეს, გვერდი ჩაუაროს უფლის ამ მთას და არ გაუკვირდეს მისი სიდიადე და მშვენიერება, რადგან ის აქ უფლის აღმართულია.
 
თავის წინასწარმეტყველურ წიგნში ესაია წერს, რომ ბოლოს და ბოლოს (წმიდა გადმოცემის მიხედვით - ეს იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ), იუდეველებიც კი ქრისტესკენ მოექცევიან.
 
"ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს!" (ეს. 10:21).
 
წმიდა წერილის სხვა წიგნებშიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ წინასწარმეტყველებანი, რომ კაცობრიობის ისტორიის დასავალს, ყოველი ადამიანი თაყვანს სცემს ქრისტეს და შეიგნებს, რომ მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაშია აბსოლუტური ჭეშმარიტება.
 
ასე, მაგალითად, მოციქული პავლე წერს: "ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა" (ფლპ. 2:9-11).  
 
ოღონდ ეგაა, რომ ზოგი ადამიანისთვის ქრისტეს თაყვანისცემა სასიხარულო და მაცხოვნებელი იქნება, დანარჩენებისთვის კი - სამწუხარო და ტრაგიკული, რადგან ისინი იძულებით აღიარებენ იესუ ქრსიტეს ღმერთად, რომელიც უბრალო ადამიანი, წინასწარმეტყველი, ერთ-ერთი უდიდესი სულიერი მოძღვარი და ბოლოს ზღაპრული მითიური გმირი ეგონათ. ვიღაცას კი მის მიმართ პირდაპირ დაუფარავი ზიზღი და სიძულვილი ამოძრავებდა.
 
ყველა ამგვარი ადამიანისთვის ქრისტეს თაყვანისცემა მტკივნეული აღმოჩნდება და ისინი ქედს მოიდრეკენ უფლის დიდებულების წინაშე, რადგან სხვა გზა მათ არ ექნებათ, თუ არა აღიარონ ღმერთად ის, ვისი აღიარებაც არასოდეს სურდათ.
 
ცხონდება მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც უყვარს ქრისტე და მის მცნებებს იცავს, და არა დაუმორჩილებელი - ღმრთისადმი ულოცველი.
 
გარდა ამისა, ესაიას წინასწარმეტყველებაში უფლის მთის შესახებ კიდევ ნათქვამია: "რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" (ეს. 2:3).
 
აშკარაა, რომ დედამიწის ყველა ხალხს აქვს თავისი რელიგიური სისტემა, თავისი სარწმუნოებრივი სწავლება, რომელთაც მიზნად ადამიანის გადარჩენა დაუსახავთ. რადგან მარადისობა ყველას სურს - წარმართსაც, ბუდისტსაც და ქრისტიანსაც...
 
მაგრამ ესაია ამბობს: ცხონება იერუსალიმიდან გამოვა. ის, რასაც ელიან და რაც სურთ ხალხებს, უკვე მოვიდა წმიდა ქალაქიდან, წმიდა მიწიდან.
 
წინასწარმეტყველ ესაიას ეს სიტყვები ადასტურებენ ქრისტეს საღმრთო განგებულების საყოველთაოობას და გლობალურობას, ანუ იმას, რაც მან მთელი კაცობრიობისთვის გააკეთა.
 
უფალი მარტო ებრაელებთან როდი მოვიდა, არამედ ყოველი ეროვნების თითოეულ ადამიანთან, რომელიც თავის გზაზე ცდებოდა,მაგრამ მაცხოვრის მოპოვების სასოება არ დაუუკარგავს.
 
და აჰა, მაცხოვარი ქვეყნიერებას იერუსალიმიდან მოევლინა.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.
Назад к содержимому