Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - ანკირიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები (1-25) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ანკირიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები
ქრისტეს მოციქულები
1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила святых апостол и святых отец с толкованиями. Москва. 1876 г.

2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.

3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский монастырь. 2019 г.


კანონი 1
 
 
იმ მღვდლების შესახებ, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი შესწირეს, შემდეგ განაახლეს ღვაწლი სარწმუნოებისთვის, და ამასთან, არა რაღაც ქვენა განზრახვით (მოსაჩვენებლად), არამედ ჭეშმარიტად; წინასწარ არ მომზადებულან და არავისთან შეთანხმებულან იმისთვის, რომ სხვების თვალში მრავალი ტანჯვის დამთმენელად გამოჩენილიყვნენ, რომ თითქოს ტანჯვის შედეგად განუდგნენ ეკლესიას, და ამ მიზნით თავისთვის სათვალთმაქცო სატანჯველი არ მოუწყვიათ, - განვაჩინებთ: შეუნარჩუნდეთ მათ დასაჯდომელის პატივი, მაგრამ ჩამოერთვათ წირვის, დამოძღვრისა და , საერთოდ, რაიმე სამღვდელო მოქმედების უფლება.
   
 
განმარტებანი:
 
ზონარა. მათგან, რომლებიც დევნის ჟამს ემორჩილებოდნენ მტანჯველებს და კერპთა მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ, ზოგიერთი დამარცხდა და უარყო სარწმუნოება, რადგან ძლიერ იტანჯებოდნენ და მათი ძალისა და სისასტიკისადმი ბოლომდე წინააღმდეგობა ვერ შეძლეს; ხოლო სხვები სულის სისუსტის გამო დანებდნენ მანამდეც, ვიდრე სატანჯველს განიცდიდნენ; მაგრამ, რომ არ გამოჩენილიყო, კერპთა მსხვერპლშეწირვა საკუთარი ნებით რომ აღასრულეს, ფულით ან თხოვნით არწმუნებდნენ მტანჯველებს მკაცრად მოქცეოდნენ და ხილულად ეტანჯათ ისინი, რათა გამოჩენილიყო, რომ ამგვარად კერპთადმი მსხვერპლშეწირვით უარყვეს მათ ქრისტე, რადგან ძალადობით დამარცხდნენ და არა სულმოკლეობით.
 
ამრიგად, კრებას ენება, რათა ისინი, რომლებიც ჭეშმარიტად იტანჯნენ და გარკვეული დროის განმავლობაში აიტანეს მისი სისასტიკე, მაგრამ აუტანელი სატანჯველის გამო დამარცხდნენ და მსხვერპლი შესწირეს სამსხვერპლოზე, – შემდგომ კვლავ განაახლეს ღვაწლი სარწმუნოებისთვის, ესე იგი, სინანულით დაამარცხეს და დაამხეს მტერი, რომელმაც ისინი საცდურში ჩააგდო, და მტანჯველთა წინაშე თავიანთი სარწმუნოება კვლავ აღიარეს, – თუ ხუცესები იყვნენ, საჯდომლის პატივი დარჩენოდათ, მაგრამ არ აღესრულებინათ მსხვერპლშეწირვა და არ ექადაგათ, ესე იგი, არ ესწავლებინათ, და საერთოდ არ ემსახურათ, ანუ არავითარი სამღვდელმსახურო უფლებით არ ემოქმედათ.
 
ბალსამონი. ქრისტიანთა დევნის ჟამს ზოგიერთ მღვდელ კერპთადმი მსხვერპლშეწირვას აიძულებდნენ. მათგან ზოგიერთმა, სიკვდილამდე ნაწამებმა, მოწამეობის გვირგვინი მოიპოვა; სხვებმა კი, რაკიღა ბოლომდე ვერ აიტანეს სატანჯველი, დამარცხდნენ, უარყვეს სარწმუნოება და კერპებს მსხვერპლი შესწირეს; ზოგიერთი კი მანამდეც დანებდა, ვიდრე რაიმე სატანჯველს განიცდიდ. მაგრამ, რომ არ გამოჩენილიყო კერპთა მსხვერპლშეწირვას საკუთარი ნებით რომ აღასრულებდნენ, ფულით, ან თხოვნით, ან სხვა რაიმე გზით აღწევდნენ იმას, რომ მათ დიდი სატანჯველებით დამუქრებოდნენ.
 
ამრიგად, მამებმა განსაზღვრეს, რომ მხოლოდ ისინი, რომლებმაც ჭეშმარიტად განიცადეს ტანჯვა, მაგრამ სატანჯველის სისასტიკის გამო სრულყოფილების გვირგვინის მოპოვება ვერ შესძლეს და მსხვერპლი შესწირეს, თუმცა შემდგომ კვლავ განაახლეს ღვაწლი სარწმუნოებისთვის, და სძლიეს სატანა, რომელმაც ისინი განსაცდელში ჩააგდო, და სუფთა აღსარებით შეინანეს, – მიიღონ დასაჯდომელის პატივის შენარჩუნებით; ოღონდ არ აღასრულებენ მსხვერპლშეწირვას, არ ქადაგებენ, ესე იგი არ ასწავლიან, და არ აღასრულებენ არც სხვა რაიმე საღვდელმსახურო საქმეს. ამის საპირისპიროდ, სხვები, რომლებიც, ამ პირთაგან განსხვავებით, არა ჭეშმარიტად, არამედ მოჩვენებითად მოიშველიებდნენ სატანჯველს და ღმერთს უარყოფდნენ, არ უნდა ყოფილიყვნენ ღირსნი არც პატივისა და არც დასაჯდომლისა. მაშ რა? თუ ისინი ცრემლით ინანიებენ და აღიარებენ თავიანთ ცოდვას, უბრალო ქრისტიანებად უნდა იქნენ მიღებულნი? ჩემი აზრით, ასე უნდა იყოს; რადგან არ არსებობს ცოდვა, ღვთის კაცთმოყვარეობას რომ ძლევდეს. თუმცა როგორც ესენი, ისე ისინიც, რომლებიც მხოლოდ პატივის შენარჩუნებით მიიღებიან, უნდა დაექვემდებარონ ეპიტიმიებს იმ წესების მიხედვით, რომელთა შესახებაც ვიტყვით.
 
 

სხვა განმარტებანი:
 
 
პიდალიონი

 
კანონი 1
 
 
იმ მღვდლების შესახებ, რომლებმაც მსხვერპლი შესწირეს კერპს, შემდეგ მოიქცნენ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად, და კი არ ცდილობენ დაარწმუნონ ვინმე, თითქოს ტანჯვის შედეგად მოიმოქმედეს ეს, და არ ფარავენ, რომ თავისი ნებით შესწირეს მსხვერპლი, ჯეროვნად მიგვაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ საჯდომელის პატივი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ შეწირვის, ერის დამოძღვრისა და ყოველგვარი სამღვდელო მსახურების უფლება.
 
 
 
განმარტება:
 
იმ ქრისტიანთაგან, რომლებიც დევნის ჟამს განუდგებოდნენ სარწმუნოებას და კერპთა მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ, ზოგიერთი, სატანჯველს დაქვემდებარებული, ვერ უძლებდა წამების სისასტიკეს და უარყოფდა ქრისტეს სახელ; სხვები კი ჯერ კიდევ სატანჯველამდე ღალატობდნენ ღვთისმოსაობას, მაგრამ, მათი სულმოკლეობა და ნებაყოფლობითი უარყოფა რომ არ გამოჩენილიყო, ფულით ან თხოვნით იოლად ითანხმებდნენ მტანჯველებს, რათა ეწამებინათ ისინიც – ოღონდ არა ჭეშმარიტად, არამედ მოჩვენებით. ამ გარემოებათა გარკვევის შემდეგ, ის ხუცესნი, რომლებიც ჭეშმარიტად და ნამდვილად, ყოველგვარი მოტყუებისა და პირმოთნეობის გარეშე იტანჯებოდნენ, და, ვერ აიტანეს რა წამება, თავდაპირველად შესწირეს მსხვერპლი, ხოლო შემდგომ, შეინანეს, დაუბრუნდნენ სარწმუნოების აღსარებას და გაიმარჯვეს, უნდა ფლობდნენ გარეგან პატივსა და ხუცესის დასაჯდომელს (ესე იგი, პატივი უნდა მიეგოთ როგორც მღვდლებს და ისხდნენ მღვდლებთან ერთად. იხ. ანტიოქ. 1 და შენიშვნა VI მსოფლიო კრების 26-ე განაწესზე), თუმცა არ უნდა ჰქონდეთ არც მღვდელმოქმედებისა და არც სწავლების უფლება, და არც სხვა რაიმე საღვდელო მოქმედებასაც უნდა აღასრულებდნენ (1). იხილე აგრეთვე მოციქულთა 62, I მსოფლიო კრების 1 კანონები.
 
 
 
შენიშვნები:
 
1. ცხადია, რომ, პირიქით, ის ხუცესნი, რომელნიც სატანჯველს მიეცნენ არა ჭეშმარიტად, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ანდა ჯერ კიდევ სატანჯველამდე უარყვეს სარწმუნოება, არც გარეგანი პატივის ღირსნი არიან და არც ხუცესის დასაჯდომელისა.


წყაროები: 1) azbyka.ru // 2) pravenc.ru

მასალები ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому