Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - ანკირიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ანკირიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები

(314 წ.)
ქრისტეს მოციქულები
1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила святых апостол и святых отец с толкованиями. Москва. 1876 г.

2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.

3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский монастырь. 2019 г.


ანკირიის კრების კანონები:

ანკირის ადგილობრივი კრების შესახებ
 
 
მაქსიმინეს მიერ ქრისტიანთა დევნის შემდეგ, როდესაც მშვიდობა დამყარდა, მრავალი ქრისტიანი, რომელნიც შიშის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით განდგნენ სარწმუნოებისგან, ახლა დაჟინებით ითხოვდნენ ეკლესიაში მიღებას. საკითხი იმისა, საჭირო იყო თუ არა მათი მიღება და (როგორი უნდა ყოფილიყო) თვით მიღების წესი იმ გარემოებების შესაბამისად, რომელთა გამოც ისინი განდგნენ, საერთოდ არ იყო ნათელი ეპისკოპოსთათვის. ამიტომ მოწვეულ იქნა კრება, რომელსაც უნდა წარმოეთქვა თავისი განსჯა ამ საკითხზე. კრება შედგა 314 წელს გალატიის ანკირაში; მასში მონაწილეობდა დაახლოებით 18 ეპისკოპოსი მცირე აზიიდან და სირიიდან, ანტიოქიის ეპისკოპოს ვიტალის თავმჯდომარეობით. კრებამ გამოსცა 25 კანონი, რომელთაგან პირველი ცხრა და მე-12 კანონი ეხება მთავარ საკითხს, ხოლო დანარჩენი საუბრობს საერთო საეკლესიო დისციპლინაზე.


პიდალიონი

 
ანკირის ადგილობრივი კრების შესახებ

 
წმიდა ადგილობრივი კრება, რომელიც მოწვეულ იქნა ანკვირაში, გალატიის საარქიეპისკოპოსოში, ჩატარდა, მის აღმწერელთა თანახმად, 315 წელს ქრისტეს შობიდან. თუმცა მილიასი "სინოდიკონის" მე-2 ტომში აღნიშნავს, რომ ის 314 წელს შეიკრიბა. კრებაზე დამსწრე მამათა რიცხვი იყო თვრამეტი, რომელთაგან უპირატესნი იყვნენ: ვიტალი, სირიის ანტიოქიის პატრიარქი; აგრიკოლაოსი, კაპადოკიის კესარიის მიტროპოლიტი; მარკელოზი, თავად ანკვირის მთავარეპისკოპოსი, და მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი. მათ განსაზღვრეს ეს ოცდახუთი წესი იმათ შესახებ, რომელთაც ტირან მაქსიმეს (1) დროს უარყვეს ქრისტე და კერპთა მსხვერპლშეწირვა აღასრულეს, ხოლო შემდგომ კვლავ მიმართეს ეკლესიას. ეს კანონები ცხადად დამტკიცებულია VI მსოფლიო კრების მე-2 კანონით, ხოლო ირიბად – IV მსოფლიო კრების 1-ლი და VII მსოფლიო კრების 1-ლი განწესებებით. ამ დამტკიცების წყალობით ისინი გარკვეულწილად მსოფლიო კრებათა კანონების ძალას იძენენ. ანკვირის კრების შესახებ, მის ჩატარებამდე 53 წლით ადრე, წინასწარმეტყველურად აღნიშნა ღვთივსულიერმა გრიგოლ ნეოკესარიელმა თავის მე-8 კანონში (იხილეთ ამ კრების შესახებ: დოსითეოსი. თორმეტწიგნეული. გვ. 976) (2).

_______________

1. სავარაუდოდ, იგულისხმება მაქსიმიანე დაია (დაზა), სირიის, პალესტინისა და ეგვიპტის მმართველი 305–313 წლებში.
 

2. იხილე აგრეთვე წინამდებარე კრების მე-9 კანონის შეთანხმება.

_______________


მართლმადიდებლური ენციკლოპედია

უძველესი ეკლესიის ადგილობრივ კრებათაგან, რომელნიც ქალაქ ანკვირაში ტარდებოდა, ყველაზე მეტად ცნობილია შემდეგი: 314 წლის კრება, რომელიც პირველ მსოფლიო კრებამდე ჩატარდა; მისი განწესებები შეტანილია ათი ადგილობრივი კრების განწესებათა რიცხვში და მთელი ეკლესიის მიერ არის მიღებული. კრებას ესწრებოდა თვრამეტი ეპისკოპოსი მცირე აზიიდან და სირიიდან. კრებაზე უპირატესები იყვნენ: ვიტალი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, აგრიკოლაოსი, კაპადოკიის კესარიის ეპისკოპოსი, და მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი; თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსი ვიტალი. კრება მოწვეულ იქნა იმპერატორ მაქსიმის მიერ ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ, რათა განეხილათ საეკლესიო ზიარებაში დაცემულთა დაბრუნების შესაძლებლობის საკითხი, ანუ იმათი, ვინც შიშის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო განუდგნენ ეკლესიას და დევნის შეწყვეტის შემდეგ ითხოვდნენ მორწმუნეთა თემში კვლავ მიღებას. იერარქთათვის ბუნდოვანი იყო მიეღოთ თუ არა ისინი თანაზიარბაში და თვით ამ შესაძლო მიღების წესი. ეს საკითხი ქრისტიანულ თემში პირველი დევნის დასრულებისთანავე იქცა განხილვის საგნად. ძირითადად ორი თვალსაზრისი გამოითქმოდა: დაცემულნი, მაგრამ მონანიენი, ეკლესიაში მიეღოთ როგორც წარმართნი, და მათზე ნათლისღების საიდუმლო აღესრულებინათ; ან მიეღოთ დადგენილი ვადის განმავლობაში გამოცდის და მათ მიერ სინანულის მიღების შემდეგ. მოციქულთა 62-ე კანონის თანახმად: "თუ ვინმე კლირიკოსთაგანმა, იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელი უარყოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, კლირიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს, როგორც ერისკაცი". ხელმძღვანელობენ რა იკონომიის პრინციპით, კრების მამები აღიარებენ ყველასთვის სინანულის არსებით შესაძლებლობას და არ სჯიან იმათ, ვინც თავი აარიდა დევნას (კანონი 3).
 
კრებამ მიიღო ოცდახუთი კანონი. პირველი ცხრა და მე-12 უშუალოდ ეხება მთავარ თემას, ხოლო დანარჩენები საერთო საეკლესიო დისციპლინას განიხილავენ. განწესებები განსაზღვრავენ საეკლესიო ეპიტიმიებს დაცემულთა სხვადასხვა კატეგორიისათვის, მათი საქციელისა და იმ გარემოებათა შესაბამისად, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ. 1-ლი კანონი ავსებს მოციქულთა 62-ე განწესებას და იხსენიებს ხუცესთ, რომელთაც შეინანეს თავიანთი განდგომა, დაითმინეს სატანჯველი და აშკარად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, – ასეთ ხუცესთ შეუძლიათ შეინარჩუნონ სამღვდლო ხარისხი და ისარგებლონ სამღვდელო პატივით, მაგრამ, რადგან განდგომილებით შეიბილწნენ, წმიდა მსხვერპლის შესაწირვისა და რაიმე სამღვდლო მსახურების აღსრულებისთვის უღირსნი გახდნენ. 1-ლი კანონი ხაზს უსვამს, რომ ხუცესთ შეუძლიათ დარჩნენ სამღვდელო ხარისხში და ისარგებლონ პატივით, თუკი მათი სინანული გულწრფელი იყო, ოღონდ თუკი მათი მოწამეობა არ წარმოადგენდა მდევნელებთან ფარულ შეთანხმებას. მე-2 კანონი ყველაფერს, ხუცესთა მიმართ ნათქვამს, დიაკვნებზეც ავრცელებს.
 
განწესება რომელიც, ჩვეულებრივ, უკრძალავს მათ ოდესმე აღასრულონ დიაკვნის მსახურება, ეპისკოპოსს ანიჭებს უფლებას, ასეთ დიაკვნებთან საკუთარი შეხედულებისამებრ მოიქცეს, სარწმუნოებისადმი მათი გულმოდგინების შესაბამისად. მე-3 კანონი ყველას ავალდებულებს, დაუყოვნებლივ მიიღონ თანაზიარობაში (თუკი ზედმეტი სიფრთხილის გამო ისინი ჩამოშორებულნი იყვნენ მას) ისინი, ვისაც ძალით ჩაუდეს ხელში ან პირში რაიმე კერპთნაშეწირი, მაგრამ ამავდროულად ისინი აშკარად განაგრძობდნენ თავიანთი სარწმუნოების აღსარებას – ეს ეხება როგორც ერისკაცთ, ისე სამღვდელოთ; ასეთ შემთხვევაში ერისკაცთ ნებადართული აქვთ, მიიღონ საღვდლო ხარისხი. მე-4-დან მე-9-მდე კანონები აწესრიგებენ საეკლესიო სასჯელებს იმ პირთათვის, რომელნიც მოქმედებდნენ იძულებით ან იძულების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი სულმოკლეობით, და მხიარული სახითა და სადღესასწაულო სამოსით კერპებს მსხვერპლს სწირავდნენ (ექვსი წელი სინანული წმიდა ზიარების გარეშე), ანდა მწუხარებითა და სინანულით (თუკი არ შეუჭამიათ კერპთნაშეწირი – ორი წელი სინანული, რის შემდეგაც მიიღებიან ლოცვით თანაზიარობაში და მხოლოდ მე-4 წელს დაიშვებიან წმიდა ზიარებაზე; ხოლო თუ შეჭამეს – სამი წელი სინანული, რის შემდეგაც მიიღებიან ლოცვით თანაზიარობაში, მაგრამ კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში არ დაიშვებიან წმიდა ევქარისტიაზე) და ა.შ. ეს წესები ასახავს სინანულის პრაქტიკას უძველეს ეკლესიაში; მათში ჩამოთვლილია სინანულის საფეხურები, რომელთაგან უკანასკნელ საფეხურზე მყოფ მონანულთ შეეძლოთ დასწრებოდნენ ლიტურგიას ("ლოცვით თანაზიარობას"), მაგრამ არ დაიშვებოდნენ ზიარებაზე (ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მიღებაზე).
 
კრების დანარჩენი კანონები ეხება შიდა საეკლესიო მოწყობას, ასევე სხვადასხვა ზნეობრივ და დისციპლინარულ დარღვევებს.


წყაროები: 1) azbyka.ru // 2) pravenc.ru

მასალები ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому